მანდატურის მანდატი

by December 21, 2019
16 აგვისტო, 2010
გამოქვეყნდა ჟურნალ „ლიბერალში“

ზოგადი განათლების კანონში მორიგი შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, მანდატურები სპეციალური დანიშნულების რაზმს დაემსგავსებიან. ახალი პროგრამა არა მხოლოდ არაეფექტურია, არამედ საზიანოც.
ოთხი წელია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლაში უსაფრთხოების პრობლემაზე ინტენსიურად მუშაობს. საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით ამ წლებში შემუშავდა მრავალი ახალი მიდგომა და დოკუმენტი, რომლებიც ეხებოდა მოსწავლეების ქცევის რეგულირებას, სკოლის ფსიქოლოგების მომზადებას, სკოლაში ევაკუაციისა და ზოგადად უსაფრთხოების გეგმების შემუშავებას. იყო ინიციატივები სკოლების ვიდეომეთვალყურეობისა და სხვა აღჭურვილობის შესახებ.
სკოლებში მანდატურების მივლინება ამ ინიციატივებიდან ყველაზე ახალია. თუმცა, როგორი კეთილშობილური მიზნებიც უნდა ამოძრავებდეს სამინისტროს, ეს პროგრამა თავისი შინაარსით, განხორციელების გზით და ეკონომიკური გათვლებით არა მხოლოდ არაეფექტურია, არამედ _ საგანმანათლებლო სისტემისთვის საზიანოც.
ახალი პროექტის მიხედვით, მანდატურები მთლიანად განათლების მინისტრს ექვემდებარებიან. მათ მინისტრი სპეციალური სააგენტოს საშუალებით მართავს, რომელსაც დაევალება, სკოლებში მისავლენად მანდატურები იქირაოს.
ცვლილებების მიხედვით, მანდატურებს იგივე ტიპის უფლებები და მოვალეობები აქვთ, როგორიც სასჯელაღსრულების დაწესებულების დაცვის თანამშრომელს, სააღმსრულებლო პოლიციელს ანდა სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელს.
მეტიც, კანონპროექტი ზოგ შემთხვევაში ერთი-ერთზე იმეორებს მუხლებს სახელმწიფო დაცვის სამსახურის, სასამართლო აღსრულებისა და პატიმრობის შესახებ კანონებიდან და ასევე მუხლებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დებულებებიდან. მაგალითად, მანდატურები ისევე, როგორც ადამიანები, რომელთაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი  ნორმატიული აქტი ეხებათ, თავიანთ სამსახურში სახელმწიფოს წარმოადგენენ და მათი მოთხოვნების შესრულება სავალდებულო ხდება ყველა ფიზიკური პირისთვის. როგორც ჩანს, მანდატურების პროგრამაზე ამ მუხლების მორგებისას, კანონპროექტის ავტორებმა ის გარემოება გაითვალისწინეს, რომ მანდატურები, სასამართლო აღმასრულებლის, სახელმწიფო დაცვისა და საპატიმროს თანამშრომლის მსგავსად, განსაკუთრებულ რეჟიმში და ტერიტორიაზე მუშაობენ.
სკოლის მანდატურის უფლებების აღწერა სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლის აღწერას ემთხვევა იმ მხრივაც, რომ მისთვის ხელის შეშლა, შეურაცხყოფის მიყენება, მუქარა და წინააღმდეგობის გაწევა დასჯადი ქმედებაა. მანდატურს ექნება ფიზიკური ძალისა და "სპეციალური საშუალებების" გამოყენების უფლებაც. იმ მუხლების წაკითხვისას კი, რომლებიც მანდატურების სოციალურ დაცვას ეხება, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, მათ მუშაობა ძალიან მაღალი რისკის ჯგუფებთან უწევთ და ამიტომ განსაკუთრებული დაცვაც სჭირდებათ. ამ მუხლებში საუბარია სამსახურებრივი მოვალეობის დროს დასახიჩრების, დაინვალიდებისა და გარდაცვალების შემთხვევებზე.
ასე სარისკო მართლაც არის ზოგიერთ ამერიკულ სკოლაში მუშაობა, სადაც პრობლემაა მოსწავლეებს შორის ცეცხლსასროლი იარაღის ტარება, განგსტერების მრავალრიცხოვანი დაჯგუფებები, ნარკოტიკების მასობრივი რეალიზაცია, მაგრამ ამ სასკოლო პრობლემებთან საქართველოს ყველაზე პრობლემატური სკოლებიც კი ახლოს ვერ მივა. ამიტომ ამერიკული გამოცდილება ქართულ სკოლებთან მიმართებაში არარელევანტურია. ამერიკაში ბევრია ქალაქის სკოლაც, სადაც მე-9-მე-12- კლასებში 5 000-მდე მოსწავლე სწავლობს. ჩვენთან კი ქალაქის დიდ სკოლებში საშუალოდ, იმავე ასაკის დაახლოებით 300 მოსწავლეა.
ამიტომ მანდატურების ქართული პროგრამის მსგავს ამერიკულ ინსტიტუტთან შედარება მცდარია. თანაც, ამერიკაში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები  მხოლოდ განსაკუთრებულად პრობლემურ სკოლებში გვხვდება და არა ყველა სკოლაში, როგორც ჩვენთან.
მანდატურების სისტემა არაეფექტური იქნება იმ პრობლემების გამოსავლენად, რაც საქართველოში არსებობს მოზარდების ძალადობასთან დაკავშირებით. 2007-08 წლებში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სკოლებში ხშირია ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები, როგორიცაა ბავშვის გარიყვა, შეურაცხყოფის მიყენება, ყვირილი. ძალადობის შემთხვევები დიდწილად ხდება სკოლისკენ ან სკოლიდან მიმავალ გზაზე და სკოლის შემდეგაც. ვიცით ისიც, რომ თბილისში ძალადობის პროცენტული გამოვლინება ნაკლებია, ვიდრე თბილისის გარეთ. მანდატურების ეს სისტემა კი ვერ პასუხობს კვლევით გამოვლენილ ამ პრობლემებს.
ამ ფორმით მანდატურების ინსტიტუტი საზიანო იქნება მთლიანად განათლების სისტემისთვისაც. სკოლაში გაჩნდება ადამიანი, რომელიც არ ექვემდებარება სკოლას და წარმოადგენს სხვა დაწესებულებას. დღეს სკოლის პერსონალის შერჩევაზე სკოლის დირექტორია პასუხისმგებელი, ის არის მათი დამქირავებელი და სამუშაოს ეფექტურობისა და კეთილსინდისიერების შემფასებელიც. თუ ის ხედავს, რომ თანამშრომელი სათანადოდ არ მუშაობს, მისი გათავისუფლება შეუძლია. რა შეიძლება გააკეთოს დირექტორმა მანდატურის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში? დირექტორს მხოლოდ ის შეეძლება, რომ დაუკავშირდეს სამინისტროს სპეციალურ სააგენტოს და სთხოვოს სკოლაში მომუშავე ადამიანის საქმის განხილვა.
მანდატურების სისტემა ისე რომ დაინერგოს, როგორც ეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების ინტერვიუებშია (ანუ სამი მანდატური საშუალოდ სკოლაზე), მხოლოდ თბილისში ამ სააგენტოს სკოლებისთვის დაახლოებით 600 თანამშრომელი ეყოლება გამოყოფილი. ამ რაოდენობის თანამშრომლის ეფექტურად მართვა კი ცენტრალიზებულად შეუძლებელია. როგორც წესი, არაეფექტურია სისტემები, როდესაც თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი ზემდგომ ინსტანციებში წყდება. დღევანდელ სისტემაში კი სამინისტრო თავს სწორედ სკოლების ზემდგომად მიიჩნევს და არა ზოგადად განათლების პოლიტიკის გამტარებლად.
სკოლა მანდატურებზე კონტროლის არარსებობასთან ერთად, არა მხოლოდ ავტონომიას კარგავს, არამედ პასუხისმგებლობასაც. მასწავლებლები ისედაც ხშირად ცდილობენ საკუთარი პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარებას, როდესაც ამის შესაძლებლობა არის. ასეა არა მხოლოდ ქართულ კულტურაში, არამედ ბევრ სხვა სისტემაშიც. თუ მასწავლებელს აქვს იმის შანსი, რომ მოსწავლეების ქცევის რეგულირებისას განცდილი წარუმატებლობა ადმინისტრაციის წევრს გადააბრალოს, ის ამ შანსს ხშირად იყენებს. მანდატურების ჩაცმულობას თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ მანდატური კონკრეტულ სკოლას სიმბოლურადაც კი არ ეკუთვნის. მის ფორმაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლოგოა გამოსახული და არა იმ სკოლის, რომელშიც ის მსახურობს. ამგვარ ვითარებაში ცდუნება, რომ მოსწავლის ქცევის რეგულირებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად სახელმწიფოს დააწვეს, დიდი იქნება.
თავისთავად ცხადია, რომ არსებული პრობლემების გათვალისწინებით, სკოლის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში ფულის გადახდა ღირს. თუმცა მნიშვნელოვანია, თუ როგორ დავხარჯავთ და რამდენს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, მანდატურის ხელფასი თვეში 400 ლარია. ითქვა ისიც, რომ სკოლებში საშუალოდ სამი მანდატური იქნება. მარტო ქალაქის სკოლებში მანდატურის ხელფასებს თუ დავიანგარიშებთ, წელიწადში დაახლოებით 7 მილიონი ლარს მივიღებთ. ეს კი იმაზე სამჯერ მეტია, რაც სახელმწიფომ 2009 წელს დახარჯა, მაგალითად, საქართველოს ყველა მასწავლებლის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე. დავამატოთ ამას ბიუროკრატიის შენახვის ხარჯები, რაც ახალი სააგენტოსა და მანდატურების მართვას უნდა მოხმარდეს და გავითვალისწინოთ ის თანხაც, რაც მანდატურების მომზადებას, აღჭურვასა და დაზღვევას სჭირდება. და დავსვათ კითხვა: ბევრია თუ არა ათამდე მილიონი ლარი განათლების სისტემის ამ ახალი ცვლილებებისთვის? შეადარეთ ამ ინიციატივის ბიუჯეტი განათლების სფეროში დახარჯულ სხვა თანხებს და მიხვდებით, რომ სამწუხაროდ, განათლების სისტემის მცირე ბიუჯეტისთვის ეს თანხა საკმაოდ დიდია.
მაშინ რა უნდა იყოს სახელმწიფოს მიდგომა? სახელმწიფომ ეს პროგრამა უნდა განახორციელოს მხოლოდ ისეთ სკოლებში, სადაც პრობლემის მოგვარება დამხმარე პერსონალის გარეშე რთულია. დამხმარე პერსონალი სკოლამ უნდა იქირაოს სახელმწიფოს ფინანსებითა და ინსტრუქციების მიხედვით. პერსონალი უნდა განიხილებოდეს არა როგორც პრობლემის მოგვარების მთავარი ინსტრუმენტი, არამედ როგორც ექსპერტი, რომელიც სკოლას პრობლემების მოსაგვარებლად ძალების მობილიზებაში ეხმარება. უსაფრთხოების ექსპერტი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც პოლიციელი, დაცვის სამსახურის თანამშრომელი, ან აღმასრულებელი. მისი მუშაობა უნდა იყოს დროებითი და მისი წარმატება უნდა იზომებოდეს იმით, რამდენად მოემზადა სკოლა ძალადობის შესამცირებლად. ამ პრინციპების გათვალისწინებით სავარაუდოა, რომ მანდატურების არსებობას მართლა ექნება მნიშვნელოვანი  გრძელვადიანი, მდგრადი და ეკონომიკურად მიზანშეწონილი ეფექტი მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის.

რა უნდა გავითვალისწინოთ PISA-ს კვლევის შედეგებზე საუბრისას?

by December 16, 2019

ახლახანს გამოქვეყნდა PISA 2018 კვლევის შედეგები, რაც საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. დაიწყო მსჯელობა თუ რა მდგომარეობაშია განათლების სისტემა, რისი ბრალია მისი წარუმატებლობები და როგორ უნდა ავხსნათ მისი წარმატებები. ამ დისკუსიებში ხშირია შეცდომები და უზუსტობები, რომელსაც ჟურნალისტები, შეწუხებული მოქალაქეები, პოლიტიკოსები და განათლების სფეროში ჩართული ადამიანებიც უშვებენ ხოლმე. ქვემოთ ჩამოვწერ გავრცელებულ მოსაზრებებს, რაც ამ კვლევის შესახებ გვესმის და იქვე შევეცდები მსჯელობისა და ზოგადად PISA-ს შედეგების გამოყენების ზოგიერთი პრობლემა განვიხილო.

ა) "საქართველო მსოფლიოს ბოლო ათეულშია წაკითხულის გააზრების, მათემატიკის ან ბუნებისმეტყველების საგნობრივი კომპეტენციების თვალსაზრისით"

ეს მსჯელობა არასწორია, რადგან დღეს არ არსებობს საერთაშორისო შედარებითი კვლევა, რომელშიც ყველა სახელმწიფო იღებს მონაწილეობას. PISA 2018-ში 79-მა სახელმწიფომ მიიღო მონაწილეობა გაეროს წევრი 193 სახელმწიფოდან. PISA-ს კვლევაში არ მიუღია მონაწილეობა მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით დაბალი შემოსავლების მქონე 31 სახელმწიფოს, ხოლო დაბალი-საშუალო შემოსავლების მქონე 47 სახელმწიფოდან მხოლოდ ვიეტნამმა და კოსოვომ მიიღეს მონაწილეობა.

მოსწავლეების შედეგებისა და სახელმწიფოების ეკონომიკური ვითარების ურთიერთკავშირის ანალიზი აჩვენებს, რომ საშუალოდ, რაც უფრო ძლიერია სახელმწიფოს ეკონომიკა, მით უკეთეს შედეგებს აჩვენებენ მისი სკოლის მოსწავლეები. ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველო, ისევე როგორც ეკონომიკურ რეიტინგში (საშუალო-მაღალი შემოსავლის ქვეყანა) ამგვარ კვლევაშიც საშუალო ადგილს დაიკავებდა მსოფლიოში, ამ კვლევაში ყველა სახელმწიფო რომ იღებდეს მონაწილეობას. ასევე სხვაგვარად შევხედავდით ამ კვლევას, არსებული მონაცემები რომ სხვაგვარად იყოს წარმოდგენილი.

ბ) "განათლების სისტემის სწორ რეფორმას თუ გავატარებთ ჩვენი რეიტინგული მდგომარეობა გაუმჯობესდება"

უნდა გავაცნობიეროთ, რომ რეიტინგში წინ წასაწევად, არ არის საკმარისი, რომ ჩვენი მოსწავლეების ქულები გაუმჯობესდეს. ეს ქულები უნდა გაუმჯობესდეს სხვა სახელმწიფოების მოსწავლეების შედეგებთან მიმართებაში. თუ შემდეგ კვლევაში იგივე სახელმწიფოები მიიღებენ მონაწილეობას და საქართველო რეიტინგში წინ წაიწევს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სისტემა სხვა სისტემებზე უფრო სწრაფად უნდა განვითარდეს. ეს კი სხვადასხვა სირთულესთანაა დაკავშირებული: ა) სხვა სახელმწიფოები არასათანადოდ უნდა ცდილობდნენ განვითარებას, ჩვენთან შედეარებით ბ) ჩვენ არა უბრალოდ ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე უნდა ვზრუნავდეთ, არამედ იმაზეც, თუ როგორ ვაჯობოთ სხვა სახელმწიფოებს განათლების სისტემების რეფორმირებაში - რაც გულისხმობს მუდმივ მონიტორინგს იმის, თუ რას აკეთებენ სხვა სახელმწიფოები, რომ მათ არ ჩამოვრჩეთ.

გ) "PISA-ს კვლევა განათლების სისტემების ერთმანეთთან შედარების ობიექტური საშუალებაა"

ამ კვლევას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს აკადემიურ წრეებში. კრიტიკოსები მიუთითებენ მეთოდოლოგიურ პრობლემებზე, რომელთა არ გათვალისწინება შედეგების ანალიზისას სურათის დამახინჯებას იწვევს. აქ რამდენიმე პრობლემას მიმოვიხილავ

მონაწილეთა მოტივაცია
მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყანაში ტესტირებებში განსხვავებული სერიოზულობით იღებენ მონაწილეობას. მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. მაგალითად აშშ-ში სკოლებსა და მოსწავლეებს PISA-ს ტესტირებაში მონაწილეობისთვის ფულს უხდიან. აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებში ხშირად მოსწავლეებს მოუწოდებენ, რომ მათი სახელმწიფოს სასახელოდ მაქსიმალურად სერიოზულად მიუდგნენ საკუთარ ნაშრომებს. როგორია ქართველი მოსწავლეების მოტივაცია, როდესაც ამ ტესტებს ავსებენ? ამის შესახებ რაიმე ანალიზი ჯერ არ გამოქვეყნებულა. თუმცა ამ კვლევაში ჩართული ადამიანები ყვებიან, რომ მოსწავლეების გარკვეული ნაწილი ტესტირებებში მონაწილეობის ვალდებულებას ინდიფერენტულად ან აგრესიითაც კი ხვდება. 

ტესტებისა და სასწავლო პროცესის თანხვედრა
მოსწავლეები სხვადასხვა სახელმწიფოში განსხვავებულად მომზადებული არიან ამგვარი ტესტირებებისთვის. არის სახელმწიფოები, სადაც განათლების სისტემები ცდილობენ მოერგონ კვლევის ინსტრუმენტებს. ასეთ დროს მასწავლებლები იღებენ წინა ჯერზე ჩატარებულ ტესტების ნიმუშებს და შემდეგ კვლევაში მონაწილე მოსწავლეებს სპეციალურად ავარჯიშებენ მოსალოდნელი ტიპის კითხვებისთვის. საქართველოში აქამდე ქართულ ენაზე PISA-ს საკითხები არ გამოქვეყნებულა, მაშინ როდესაც სხვა ენებზე შეგიძლიათ უხვად ნახოთ ლიტერატურა, რომელიც PISA-სთვის მომზადებას ეხება. 2018 წლის ტესტირება კომპიუტერულად ჩატარდა. ამგვარი ტესტების კომპიუტერების გამოყენებით გამოცდილება არა მხოლოდ ქვეყნებს შორის განსხვავდება, არამედ ქვეყნის შიგნითაც - თუ ტექნოლოგიები არათანაბრად არის სახელმწიფოში გადანაწილებული. ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ PISA 2018-ის კითხვის ნიმუში. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართველი მოსწავლეების ძალიან მცირე ნაწილს ჰქონდა ტესტის გაკეთებამდე ამგვარ ფორმატში მოცემული დავალებების კეთების გამოცდილება.

მონაწილეების შერჩევა
კვლევაში მონაწილე სახელმწიფოები განსხვავდება მოსწავლეების შერჩევის პრინციპიც. მაგალითად, ზოგიერთი სახელმწიფო მხოლოდ რამდენიმე რეგიონის მოსწავლის ტესტირებებს ატარებს. ასეთია მაგალითად ჩინეთ. ზოგ სახელმწიფოში თავად საგანმანათლებლო სისტემა რიყავს მოსწავლეებს სკოლებიდან მანამ, სანამ ტესტირებები ჩატარდება. ასეთი ვითარებაა მაგალითად ვიეტნამში, რომელიც მოულოდნელად მაღალ შედეგებს აჩვენებს. სასკოლო ასაკის ახალგაზრდების რაც უფრო ნაკლები წილი დადის სკოლაში, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ტესტირება შედარებით უფრო მოტივირებულებს და ასევე უფრო მეტად მომზადებულებს ჩაუტარდებათ. საქართველოშიც, ამ კვლევების პირველ ციკლის დროს მონაწილეობას მხოლოდ ქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები იღებდნენ. ბოლო კვლევაში, 2018 წელს უკვე არაქართულენოვანი სკოლებიც იყო ჩართული.

დ) "PISA-ს კვლევის შედეგებზე ორიენტაციას დადებითი შედეგები მოაქვს განათლების სისტემების განვითარებისთვის"

როდესაც 2000 წელს პირველად ჩატარდა პიზას კვლევა, შედეგებმა დიდი მღელვარება გამოიწვია გერმანიაში. ამას მოყვა ზოგადი და სკოლამდელი განათლების სისტემების რეფორმირების მცდელობები, გამოიცა ლიტერატურა, ჩატარდა უამრავი კონფერენცია და სხვ. გერმანიამ მართლაც გააუმჯობესა თავისი შედეგები. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ შედეგებმა გაუარესება დაიწყო. სკანდალები სხვა სახელმწიფოებშიც (მაგ. იაპონია) იყო, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მიღწევა ვერ მოხერხდა.

მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ PISA-ს კვლევას უარყოფითი გავლენაც მოაქვს განათლების სისტემებზე. როგორც განათლების ცნობილი მკვლევარი და მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის ავტორი, ჰოვარდ გარდნერი აღნიშნავს, პოლიტიკოსების ინტერესი ხდება რეიტინგული ადგილის გაუმჯობესება და არა იმ პრობლემების აღმოფხვრა, რომელიც სისტემას გააჩნია. ამას პიზას მოკლევადიანი ციკლებიც უწყობს ხელს. კვლევა სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და ამიტომაც ორიენტაცია კეთდება მოკლევადიან გეგმებზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შედეგების გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ, 2014 წელს რამდენიმე ათეულმა მეცნიერმა და განათლების ექსპერტმა PISA-ს კვლევების უფრო მეტი გამჭვირვალება და ციკლებს შორის დროის გახანგრძლივება მოითხოვა.

ე) "წინა კვლევასთან შედარებით გვაქვს მნიშვნელოვანი ვარდნა/წარმატება"
თუ სახელმწიფოში რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ ხდება, სამ წელიწადში განათლების სისტემის შედეგები მხოლოდ უმნიშვნელოდ იცვლება. ამას ქვემოთ მოცემულ ილუსტრაციაზეც ხედავთ.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ კვლევას, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ კვლევას ახასიათებს შერჩევის სტატისტიკური ცდომილება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქულების განსხვავება ნაწილობრივ ამ ცდომილებითაც აიხსნება. სხვაგვარად რომ განვმარტოთ, იმავე წელს რომ იგივე მეთოდოლოგიით რომ ჩაგვეტარებინა პიზას კვლევა, გარკვეული ალბათობით განსხვავებულ ქულებს მიიღებდნენ ჩვენი მოსწავლეები.

ვ) "ქართული სკოლა მოსწავლეს სათანადო განათლებას არ აძლევს"

პიზას კვლევა არაფერს არ ამბობს ინდივიდუალურ სკოლაზე. ამ კვლევის დროს წარმოებული მონაცემებით შეგვიძლია დავადგინოთ ქვეყნის საშუალო მონაცემი და ასევე საშუალო მონაცემები სკოლის ტიპების მიხედვით. ქვემოთ მოცემული ცხრილი გვაჩვენებს, რომ სხვადასხვა ტიპის დასახლების მოსწავლეების საშუალო შედეგები ერთმანეთისგან განსხვავდება. სკოლებს შორის მონაცემები კიდევ უფრო განსხვავებულია.

PISA 2018-ში, ჩვენი დიდი ქალაქების სკოლების მნიშვნელოვანი ნაწილის მოსწავლეების შედეგები ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნების მოსწავლეების საშუალო ქულას უახლოვდება. შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში გვაქვს მნიშვნელოვანი განსხვავება სკოლებს შორის. გვაქვს სკოლები, რომლებიც მოსწავლეებს სხვა სკოლებთან შედარებით, მათ შორის საერთაშორისო თვალსაზრისითაც, უკეთ უვითარებენ გარკვეულ უნარებს.

რეფლექსიის წყარო: საბოტაჟის სახელმძღვანელო

by July 19, 2019
მეორე მსოფლიო ომის დროს, აშშ სადაზვერვო სამსახურმა (CIA წინამორბედმა) გამოსცა საბოტაჟის სახელმძღვანელო, რომელიც ევროპის ქვეყნების მოსახლეობას უნდა დახმარებოდა წინააღმდეგობა გაეწია თავიანთი მთავრობებისთის. 

ჩემი ყურადღება მიიქცია რამდენიმე რჩევამ, რომლებიც ორგანიზაციებისა და კონფერენციების მუშაობას ეხება. მაშინვე გამახსენდა, როგორ მუშაობს განათლების სისტემა, სკოლები, უნივერსიტეტები... 

შეხვედრებთან და კონფერენციებთან დაკავშირებით, საბოტაჟის სახელმძღვანელოში წერია, რომ კარგი იქნება თუ:
  1. მუდმივად მოითხოვთ, რომ ყველაფერი გაკეთდეს დადგენილი წესების მიხედვით. არასოდეს არ მისცეთ უფლება, რომ მოკლე გზით იმოქმედონ.
  2. გამომსვლელი ისაუბრებს რაც შეიძლება ხანგრძლივად. საკუთარი მოსაზრების საილუსტრაციოდ კარგი იქნება გრძელი, დაუსაბუთებელი ამბების მოყოლა და პირადი ცხოვრებისეული მაგალითების მოყვანა.  არასოდეს თქვათ უარი რაიმე "პატრიოტული" კომენტარზე.
  3. ყოველთვის, როდესაც ეს შესაძლებელია, გადასცემთ საკითხს სპეციალურად შექმნილ კომიტეტებს "შემდგომი შესწავლისთვის". შეეცადეთ, რომ კომიტეტები რაც შეიძლება ფართო იყოს, არანაკლებ 5 ადამიანით დაკომპლექტებული. 
  4. ისაუბრებთ არარელევანტურ თემაზე, რაც შეიძლება ხშირად.
  5. მოითხოვთ წერილების, ოქმებისა და რეზოლუციების ტექსტების სიზუსტის დახვეწას.
  6. მოითხოვთ იმ საკითხების ხელახლა განხილვას, რომლებიც წინა შეხვედრაზე უკვე გადაწყდა. შეეცადეთ, რომ ეჭქვეშ დადგეს საკითხის დადგენილი გადაჭრის გზა.
  7. მოითხოვთ "სიფრთხილეს". იყავით "წინდახედული" და მოითხოვეთ თქვენი კოლეგებისგანაც "წინდახედულება". ითხოვეთ რომ არ იმოქმედონ ზედმეტად სწრაფად, რაც შეიძლება შემდგომში უხერხული ვითარების საფუძველი გახდეს. 
  8. იღელვებთ გადაწყვეტილების საფუძვლიანობის შესახებ. იკითხეთ, თუ რამდენად აქვს თქვენ ჯგუფს იმის იურიდიული საფუძველი, რომ ამ საკითხზე იმუშაოს. ხომ არ შეეწინააღმდეგება თქვენი გადაწყვეტილება თქვენი ზემდგომი ეშელონების შემუშავებულ პოლიტიკას?

ორგანიზაციების მუშაობასთან დაკავშირებით სხვა საინტერესო რჩევებიც არის. მაგალითად:
  • მოითხოვეთ მითითებები წერილობითი ფორმით.
  • მუშაობისას თავდაპირველად უმნიშვნელო საკითხები განიხილეთ. 
  • სულისკვეთების დასაცემად არაკომპეტენტურ მუშაკებს სამუშაო მოუწონეთ, დააწინაურეთ ისინი დაუმსახურებლად, დაჩაგრეთ კომპეტენტურები და გააკრიტიკეთ მათი ნამუშევარი.
  • დაგეგმეთ შეხვედრები და განხილვები მაშინ, როდესაც უფრო მნიშვნელოვანია საქმის კეთება. 
  • გაამრავლეთ ქაღალდის საქმე მაშინაც, როდესაც ეს აუცილებელი არ არის.
  • იმუშავეთ რაც შეიძლება ნელა. 
  • შექმენით შთაბეჭდილება, რომ ინსტრუქციები ზედმეტად რთულია.
  • იმუშავეთ დაბალი ხარისხით და დააბრალეთ წარუმატებლობა ცუდ აღჭურვილობასა და ინსტრუმენტებს.
  • არ გადასცეთ თქვენი გამოცდილება ნაკლებად მცოდნე მუშაკს. 
  • როდესაც გკითხავენ, რაც შეიძლება გრძელი და გაუგებარი ახსნა-განმარტებები მოიფიქრეთ.

საბოტაჟის სახელმძღვანელო შეგიძლიათ იხილოთ CIA-ს გვერდზე, ამ ბმულზე https://www.cia.gov/news-information/featured-story-archive/2012-featured-story-archive/simple-sabotage.html


Simon Janashia. Powered by Blogger.