ჯონ დიუი: ჩემი პედაგოგიური მრწამსი

by December 25, 2014

თარგმნა გიორგი მელიქაძემ
გამოქვეყნდა ჟურნალ მასწავლებელში (http://mastsavlebeli.ge/)

მუხლი პირველი: რა არის განათლება 

მე მჯერა, რომ ნებისმიერი სახის განათლება სათავეს ადამიანთა მოდგმის საზოგადოებრივ ცნობიერებაში ინდივიდის ჩართულობიდან იღებს. ეს პროცესი, გაუცნობიერებლად, თითქმის დაბადების მომენტიდან იწყება და თანდათანობით გამოკვეთს ინდივიდის ძალებს, ჟღინთავს მის ცნობიერებას, აყალიბებს ჩვევებს, ავარჯიშებს იდეებს და აღძრავს მასში გრძნობებსა და ემოციებს. ამ არაცნობიერი განათლების მეშვეობით ადამიანი, თანდათანობით, კაცობრიობის მიერ თანაცხოვრების განმავლობაში დაგროვებული ინტელექტუალური და მორალური რესურსის თანამოზიარე ხდება. მას მემკვიდრეობით ცივილიზაციის საუნჯე ერგება. მსოფლიოში ყველაზე ფორმალური და ტექნიკური ხასიათის განათლებაც კი, ამ ზოგად პროცესს უსაფრთხოდ ვერ გაემიჯნება; ასეთ განათლებას ამ პროცესის მხოლოდ ორგანიზება ან გარკვეული მიმართულებით წარმართვა შეუძლია.

მე მჯერა, რომ ჭეშმარიტი განათლება ბავშვის ძალების იმ სოციალურ ვითარებათა მოთხოვნების მიერ სტიმულირებისგან მოდის, რომლებშიც იგი არსებობს. ეს მოთხოვნები წარმართავენ ბავშვს მოქმედებდეს, როგორც ერთობის წევრი, თავისი ქცევისა და შეგრძნების თავდაპირველ შეზღუდულობას გასცდეს და საკუთარ თავს იმ ჯგუფის კეთილდღეობის გადმოსახედიდან განიხილავდეს, რომელსაც თავად მიეკუთვნება. თავის ქმედებებზე სხვისი პასუხების მიხედვით ბავშვი თითოეული ამ ქმედების მნიშვნელობას სოციალური საზომით იაზრებს. ქმედების ღირებულება ისევ ამ ქმედებაზე აირეკლება. მაგალითად, იმის მიხედვით, თუ რით პასუხობენ ბავშვის ინსტინქტურ ტიტინს, ის აცნობიერებს ამ ტიტინის მნიშვნელობას; ეს ბავშვური ხმები თანდათან ჩამოყალიბებულ ენად გარდაიქმნება და ბავშვიც მასში თავმოყრილი იდეებისა და ემოციების საუნჯეს ეზიარება.

მე მჯერა, რომ ამ საგანმანათლებლო პროცესს ორი მხარე აქვს - ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური; და არცერთი არ შეიძლება დაექვემდებაროს მეორეს ან უგულებელყოფილ იქნას თანამდევი ბოროტი შედეგების გარეშე. ამ ორი მხარიდან ფსიქოლოგიური საფუძველს წარმოადგენს. ბავშვის პირადი ინსტინქტები და შესაძლებლობები ძირითადი მასალაა, რომელიც მისი შემდგომი განათლებისთვის ნიადგს ამზადებს. თუ მასწავლებლის მიერ გაწეული ძალისხმევა არ უკავშირდება ბავშვის მიერ დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით განხორციელებულ აქტივობებს, განათლება გარეგან ზეწოლამდე დადის. ამ პროცესს მართლაც შეუძლია გარკვეული გარეგანი შედეგების მოცემა, თუმცა მას საგანმანათლებლოს ვერ ვუწოდებთ. მაშასადამე, ინდივიდის ფსიქოლოგიური თავისებურებების და ქცევის გააზრების გარეშე, საგანმანათლებლო პროცესი შემთხვევითი და თვითნებური იქნება. თუ ბედად ეს პროცესი ბავშვის აქტივობას დაემთხვევა, ამან შესაძლოა განვითარებისთვის საჭირო გარკვეული ბერკეტები მოგვცეს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვური ბუნების შინაგან უთანხმოებას, რღვევას ან განვითარების შეჩერებას მივიღებთ.

განათლების ბიუროკრატიის ისტორიებიდან

by December 22, 2014
რამდენიმე დღის წინ განათლების სისტემაში არსებული სახელმწიფო რეგულაციების შესახებ საინტერესო ამბავი მომიყვეს. თბილისიდან მოშორებით არსებულ ერთერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების მომზადების პროგრამის უკეთესად გასახორციელებლად ძროხა აჩუქეს. რაღაც დროის შემდეგ ძროხა მოკვდა.

უნივერსიტეტმა გადაწყვიტა ძროხა ორგანიზაციის ბალანსიდან ჩამოეწერა. ამის შესახებ თხოვნით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. სამინისტროს ფინანსისტმა თქვა, რომ ასე მარტივად ეს არ მოხდებოდა, რადგან უნდა დაედგინათ, როგორც ბიუროკრატები ამბობენ, ხომ არ ჰქონდა ადგილი სახელმწიფო რესურსების მითვისებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აინტერესებდა ხომ არ შეჭამეს ძროხა. საქმე იქამდე მივიდა, რომ გაიმართა დისკუსია სახელმწიფოსა და უნივერსიტეტს შორის, დამარხული ძროხის ეგზჰუმაციისა და ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, რომელიც სახელმწიფო ქონების ჩამოწერის მოთხოვნის კეთილსინდისიერების საკითხს დაადგენდა.

არ ვიცი, რამდენად მართალია ეს ყველაფერი, თუმცა ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ სახელმწიფო ბიუროკრატია სწორედ ასე მუშაობს. საღი აზრის ნაცვლად, უფრო მნიშვნელოვანია ე.წ. "საფუძველის" არსებობა - რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება  სრულიად სიმბოლური და არა რაიმე ობიექტური საზომიც იყოს, რაიმე პროცესის კანონიერების დადგენისთვის.

მართლაც რა არის გამოსავალი ასეთ ვითარებაში, რომ ერთი მხრივ არც რესურსების მითვისება იყოს ადვილი და ამავდროულად  საგანმანათლებლო დაწესებულებები თავისუფალი იყოს სახელმწიფო ბიუროკრატიის უსარგებლო მარწუხებისგან? პირველ პრობლემაზე პასუხი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის გამჭვირვალებისა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების მექანიზმების გაძლიერებაში უნდა ვეძებოთ. მეორე პრობლემა კი სისტემის დერეგულირების გზით უნდა გადაწყდეს.

(წარწერა ილუსტრაციაზე: თუ რამე დაგჭირდებათ, ნუ მოგერიდებათ, შეავსეთ სათანადო ფორმულარი)
Simon Janashia. Powered by Blogger.