Showing posts with label დოკუმენტები. Show all posts
Showing posts with label დოკუმენტები. Show all posts

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის პროექტის კრიტიკული შეფასება

by March 03, 2024




2024 წლის 26 თებერვალს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრომ საზოგადოების წინაშე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების პროექტი წარმოადგინა. მიზანი, აწ უკვე ოცი წლის განმავლობაში მოქმედი იგივე ტიპის დოკუმენტის განახლებაა. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ზოგად განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად პრინციპებს და მიმართულებას განსაზღვრავს და შესაბამისად მისი განხილვაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.


არსებული, მოქმედი რედაქცია მართლაც გადასახედია იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რაც საქართველოში თუ გლობალურად ბოლო ორი ათწლეულისას მოხდა. კარგია, რომ ხელისუფლებამ ამ გზაზე გარკვეული ნაბიჯები გადადგა. წარმოდგენილი პროექტი დიდ ნაწილში იმეორებს წინა დოკუმენტის თემებს. ისევე როგორც მოქმედ ვერსიაში, პროექტშიც საუბარია ისეთ მიზნებზე, რომლებიც უკავშირდება სკოლადამთავრებულების სახელმწიფოებრივ აზროვნებას, კომუნიკაციის უნარებს, გარემოს შენარჩუნების, დამოუკიდებლად ცხოვრების, ტექნოლოგიურ სამყაროსთან ურთიერთობის, შემოქმედებითი უნარებისა და სხვა ძირითად საკითხებს. თუმცა, წარმოდგენილი მიზნების პროექტი მნიშვნელოვნად განსხვავდება მოქმედისგან. წარმოდგენილი პროექტი პრობლემურ დებულებებსა და დამოკიდებულებებს ასახავს. 


ამ წერილის მიზანია, ავტორებისა და საზოგადოების ყურადღება პრობლემური საკითების ძირითად ჯგუფებისკენ მივმართო იმ იმედით, რომ პარლამენტისთვის გადასაცემ ან საბოლოო ვერსიაში ძირითადი ხარვეზები აღმოიფხვრება.  იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ისეთ შეთანხმებულ დოკუმენტს მივიღებთ, რაც საქართველოს მომავალი საზოგადოების, და ასევე განათლების სისტემის განვითარებისთვის იქნება სასარგებლო. 



მოსწავლე, როგორც აქტიური შემმეცნებელი


განათლების კონცეპტუალური დოკუმენტები, მათ შორის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, ისეთ ფილოსოფიურ მიდგომას უნდა ეფუძნებოდეს, რაც განათლების მეცნიერულად გამართულ პროცესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. უნდა დავფიქრდეთ, რა არის განათლების როლი და ფუნქცია, რა არის მოსწავლისა და მასწავლებლის, ასევე სახელმწიფოს ადგილი ამ პროცესში. დემოკრატიული, კონსტრუქტივისტული და მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომის თანახმად, მოსწავლეების გონებაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრინციპების, ღირებულებების აღბეჭდვა, მათთვის რაიმე ცოდნის პირდაპირი გზით გადაცემა არ არის სრულფასოვანი განათლება. ჭეშმარიტი განათლება გულისხმობს მოსწავლის აღიარებას სწავლის, განათლების სუბიექტად და არა პასიურ ობიექტად. ამ პერსპექტივიდან  სხვა მრავალ საკითხთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლე ან სკოლადამთავრებული უბრალოდ კი არ ფლობდეს რაღაც ცოდნას, არამედ კრიტიკულად გააზრებული ჰქონდეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. მას უნდა ჰქონდეს გამომუშავებული საკუთარი ხედვა. მოსწავლე, თუ განათლების პროცესის ნემისმიერი მონაწილე პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს საკუთარი აზრის შემუშავებაზე და არ იყოს სხვისი პოზიციის პასიური მიმღები და მატარებელი.


ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შემოთავაზებული პროექტში სამწუხაროდ ამგვარი პრინციპი დაკარგულია. თუ 2004 წლის დოკუმენტში მიზანია ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ამა თუ იმ დამოკიდებულების გამომუშავებას, ცოდნის განვითარებას, ღირებულებების დამკვიდრებას, 2024 წლის პროექტი აცხადებს, რომ სკოლადამთავრებულს, მოქალაქეს ექნება განსაზღვრული ცოდნა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რომ ის იქნება კონკრეტული ღირებულებების მატარებელი. წარმოდგენილ პროექტში ასახული მიდგომა საგანმანათლებლო პროცესსის მიმართ ცოდნისა და ღირებულებების გადაცემის ამოცანას უსახავს, ნაცვლად იმისა, რომ მოსწავლეებს ცოდნის აქტიური აგება, ღირებულებების გამომუშავება და გააზრება შეაძლებინოს. ამგვარი მიდგომით მოსწავლე “განათლების” პასიურად მიმღებად, და არა აქტიურ თანამონაწილედ განიხილება.


პოლიტიკური ფილოსოფიის საკითხი


მიზნების კონცეფტუალური დოკუმენტების შემუშავებისას მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ, თუ ვინ არის მოსწავლის აღმზრდელი. როგორც დოკუმენტშია აღწერილი, მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების განსაზღვრა არ შეიძლება იყოს სახელმწიფოს ფუნქცია. სახელმწიფოს ფუნქციაა იმ პირობების შექმნა, რომელიც ქმნის შესაძლებლობას, რომ მოსწავლეებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღირებულებება ჩამოუყალიბდეთ. ამ პირობების ნაწილია, რომ მოსწავლეებს ჰყავთ მასწავლებლები, რომ მათ ხელი მიუწვდებათ სასწავლო მასალებზე, რომ ჩართულები არიან ღირებული გამოცდილების მიღებაში. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად ამისა, მოსწავლე, მოქალაქე თავად წყვეტს თუ რა ღირებულებებს აღიარებს მნიშვნელოვნად, რას ირჩევს თავისი მოქმედებების საფუძვლად. მოქალაქეების აღმზრდელად სახელმწიფო მხოლოდ ორველიანურ სამყაროში თუ შეიძლება წარმოვიდგინოთ და არა დემოკრატიულ საზოგადოებებში. დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო მხოლოდ შესაძლებლობებს ქმნის აღზრდისთვის, და პირდაპირ არასოდეს მონაწილეობს აღზრდაში.


ამავე საკითხთან მიმართებაში ისიც ნიშანდობლივია, რომ განათლების ერთ-ერთი მიზანი ამ დოკუმენტის მიხედვით “სახელმწიფო ინსტიტუციებთან კომუნიკაციის მაღალი კულტურის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებაა”. ეს ფრაზა სახელმწიფოს გარკვეულ აღმატებულ ხარისხში წარმოადგენს და განათლების სისტემისგანაც ისეთი მოქალაქის მომზადებას ითხოვს, რომელიც იმ “კულტურულ კომპეტენციებს” ფლობს, რომლებიც მას სახელმწიფოსთან წინასწარ განსაზღვრული ტიპის ურთიერთობას დაამყარებინებს. ამგვარი მიზანი  მოქალაქეებს სახელმწიფოს დაქვემდებარებულად განიხილავს, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო მოქალაქეების ნების გამოვლინებად განვიხილოთ. 


მიზნების ინსტრუმენტული ღირებულება

მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ რა ფუნქცია აქვს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს. ამ დოკუმენტის საფუძველზე შესაძლებელი უნდა იყოს სხვადასხვა პედაგოგიური მიდგომის, სასწავლო გეგმების განსაზღვრა, სასწავლო რესურსების, პოლიტიკის სხვა მექანიზმების შემუშავება. რაც უფრო კონკრეტულად მიანიშნებს დოკუმენტი, თუ როგორ გამოიყურება განათლების შედეგი, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ მიზნები სხვადასხვა ინსტრუმენტის, საგანმანათლებლო პროცესის განსაზღვრას შეუწყობს ხელს. 


საინტერესოა, წინა საკითხს რომ დავუბრუნდეთ, სახელმწიფოსთან ურთიერთობის მაღალი კულტურის მქონე მოქალაქის აღზრდის მიზანი როგორ უნდა ითარგმნოს საგანმანათლებლო პროცესში? როგორ გამოიყურება ის გაკვეთილი, სასკოლო კურიკულუმი, ან სასწავლო რესურსები, რომელიც ამგვარი კულტურის დამკვიდრებას უწყობს ხელს? 


არსებული რედაქციაში გვხვდება სხვა ბუნდოვანი განცხადებებიც, რომელთა ინტერპრეტირება და შემდეგ კონკრეტულ მოქმედებებად თარგმნა რთულია. მაგალითად თუ ვამბობთ, რომ მოსწავლე პატივს უნდა სცემდეს რაღაც პრინციპს, ღირებულებას, ამ განცხადების, ასე ზოგადად ჩამოყალიბებული სურვილის თარგმნა კონკრეტულ საგანმანათლებლო პროცესად რთულია. მოქმედ (2004 წლის) რედაქციაში უფრო მეტი მინიშნებაა, რომ მაგალითად მოსწავლეს უნდა შეეძლოს რაღაცის გააზრება და შემდეგ ამ გააზრების თანახმად მოქმედება. შესაბამისად უფრო მარტივი ხდება განსაზღვრა, რომ საგანმანათლებლო პროცესი ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ არა მხოლოდ გააზრებას, არამედ აქტიურ მოქმედებისთვის საჭირო შესაძლებლობების და შესაბამისი კულტურის განვითარებასაც უნდა უწყობდეს ხელს. 


ნაციონალიზმი, როგორც ღირებულება

პრობლემაა, რომ დოკუმენტი ნაციონალისტური პერსპექტივიდან არის დაწერილი. განათლების სისტემის მიზანი ხდება “ქართული ტრადიციების” წინაშე უფლება-მოვალეობების, “ეროვნულ-სახელმწიფოებრივი” ღირებულებების მატარებელი მოქალაქის აღზრდა. აქ პრინციპული განსხვავებაა მოქმედ რედაქციასთან, რომლის მიხედვითაც სკოლადამთავრებულს უნდა შეეძლოს საკუთარი დამოკიდებულების შემუშავება, საკუთარი ქვეყნის და საზოგადოების საკეთილდღეოდ. ეს ამცირებს მოთხოვნას, რომ მას ერთი კონკრეტული, ნაციონალისტური პერსპექტივა უნდა ჰქონდეს მას და ამ პერსპექტივით იხელმძღვანელოს.


საგანმანათლებლო პროცესი დღეს ისედაც გაჯერებულია ნაციონალისტური პერსპექტივებით. სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ მაგალითად ისტორიის სწავლებისას ნაციონალიზმი წარმართველი პრინციპია, იმის ნაცვლად, რომ მოსწავლეებში აქტიურად ხდებოდეს დამოუკიდებელი, დასაბუთებული აზრის გამომუშავება. მიზნების დოკუმენტებით ნაციონალისტური პერსპექტივების გაძლიერებამ საქართველოს განათლების სისტემაში დამატებითი ზიანი შეიძლება მოიტანოს და ხელი შეუწყოს ნაციონალიზმის, როგორც წარმართველი პრინციპის განათლების სისტემაში ინსტიტუციონალიზაციას. 


განათლების პოლიტიზების საკითხი

სამწუხაროა, რომ ამ დოკუმენტში ვხვდებით ისეთ აქცენტებს, რაც თანამედროვე მემარჯვენე-პოპულისტურ პარტიულ რიტორიკისთვის არის დამახასიათებელი. დოკუმენტში რამდენჯერმე ნახსენები “ეროვნულ-სახელმწიფოებრივი” ღირებულებები, “ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემა”, პატრიოტიზმის რამდენიმეჯერ ხსენება და ასევე სახელმწიფო მოხელეების ამ დოკუმენტის წარდგენისას გაკეთებული აქცენტები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის შემუშავება ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის ნაწილია. 


პრობლემაა ისიც, რომ ამ პროექტის განხილვისთვის სამინისტრო დაახლოებით ათ დღეს აძლევს საზოგადოებას, რაც მცირე დროა იმისთვის, რომ ამ მნიშვნელოვანი საკითხის სიღრმისეული განჯა მოხდეს. ასევე უცნობია, აპირებს თუ არა სამინისტრო, რომ სკოლებში ორგანიზებულად განიხილონ ეს დოკუმენტი, სანამ მას დასამტკიცებლად პარლამენტს გადასცემენ. არადა სკოლებში ამ დოკუმენტის განხილვა არა მხოლოდ მნიშვნელოვანი უკუკავშირის მისაღებად არის საჭირო, არამედ იმისთვისაც, რომ მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, ადმინისტრაციის წევრებმა და მშობლებმა კიდევ ერთხელ გაიაზრონ განათლების მნიშვნელობა.


ხელისუფლების აღწერილი მიდგომა შეცდომაა, რადგან ამ მნიშვნელობის დოკუმენტს, რომელიც გარკვეული საზოგადოებრივი შეთანხმების საფუძველზე უნდა იქმნებოდეს, და რომელიც ქმედითი უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მმართველობისას, პარტიულ მიზნებს უქვემდებარებს. ასე დოკუმენტის ლეგიტიმურობის ხარისხი ზარალდება და მის გრძელვადიან მოქმედებასაც საფრთხე ექმნება. 


ტექსტის სტილისტური გამართვა


ტექსტი გასამართია აზროვბრივად და სტილისტურად. გადასახედი და გასასწორებელია სიტყვათშეთანხმებები და ფრაზები:  “პიროვნული… ღირებულებები”, “ზნეობრივი და მორალური ღირებულებები”, “ეროვნულ-სახელმწიფოებრივი”, “გაცნობირებული პერსონალური გადაწყვეტილებები”, “საგანმანათლებლო-პედაგოგიკური”, “ქართული ტრადიციები”. სასურველია დოკუმენტში ნაკლები იყოს ჟარგონი, კონკრეტული დროის მოდული ტერმინები (იხ. ინგლისური “buzzwords”), როგორიცაა “კონკურენტუნარიანი”, “ციფრული მოქალაქეობა” და ა.შ. 


სიკო ჯანაშია

3 მარტი, 2024


სახელმძღვანელოების მართვა

by November 03, 2010
მოცემულ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ შედარებითი მიმოხილვა, თუ როგორ ხდება სხვადასხვა სახელმწიფოში სახელმძღვანელოების სისტემის მართვა.


წყარო

International Review of Curriculum and Assessment Frameworks
Comparative tables and factual summaries - 2004
Sharon O’Donnell
December 2004

ა. ლომაია დირექტორების არჩევნებთან დაკავშირებით

by July 01, 2010
ალექსანდრე ლომაიას სიტყვა სკოლის დირექტორების პირველ არჩევნებთან დაკავშირებით

”მოგესალმებით. დირექტორების არჩევნებით სკოლებში დაიწყო დემოკრატიული მმართველობის ეტაპი, რამაც კომუნისტური მმართველობის ფორმა დაასრულა. ზუსტად
ერთი წლის წინ, სკოლებში დემოკრატიული თვითმმართველობის ჩამოყალიბების ეტაპისა მეურვეო საბჭოს არჩევნებით დაიწყო და ლოგიკურად, გეგმაზომიერად დასრულდა არჩევნებით. საერთო ჯამში ამ პროცესში მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის 800 ათასზე მეტი მოქალაქე. მე მინდა, თითოეული მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო იმის გამო, რომ მათ მხარდაჭერა განოუცხადეს თვითმმართველობის ახალ სისტემას.

ახალი სკოლა ძველისგან რამდენიმე ნიშნით განსხვავდება:
1.მოსწავლე დემოკრატიულ სკოლაში არის არა საშუალება,ჭანჭიკი,არამედ მიზანი;
2.ახალ სასკოლო გარემოში გაიზრდებიან არა იდეოლოგიზებული მოქალაქეები, არამედ თავისუფლად და კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებები;
3.მოსწავლეებს,მასწავლებლებს, მშობლებს და დირექტორებს გადაეცათ ყველა ის სახელისუფლო ბერკეტი, რომელიც საჭიროა სკოლის ღირსეული გაძღოლისა და განვითარებისთვის;
4.სახელმწიფო აღარ იქნება დაკავებული წვრილმანი,ყოველდღიური მეურვეობით, სკოლების ყოველდღიურ საქმეებში ჩარევით

რა რჩება უცვლელი? პირველ რიგში, უცვლელია ათიათასობით პედაგოგის თავდადება ქართული სკოლისადმი. ასევე, სახელმწიფოს ზრუნვა იმისათვის, რომ სასკოლო გარემო გაუმჯობესდეს. სახელმწიფო უზრუნველყოფს ცოდნისა და უნარების საყოველთაოდ აუცილებელი სტანდარტების შესრულებას და სასკოლო გარემოს გაუმჯობესებას. და მაინც, პირველ რიგში, უნდა გაუმჯობესდეს პედაგოგთა მატერიალური და სოციალური პირობები. რამდენიმე დღეში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას სწორედ სასკოლო დაფინანსების შემდგომ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

დღეს სკოლაში მოვიდნენ ახალი ლიდერები. ათასამდე სკოლაში ისინი მოვიდნენ ახალი ენერგიით, ახალი ცოდნით, ახალი ენთუზიაზმითა და ახალი პასუხისმგებლობით. არჩეული დირექტორების საშუალო ასაკი44 წელია. უმრავლესობა მათგანს აქვს პედაგოგიური გამოცდილება, მათ შორის არიან ისეთებიც(დაახლოებით15%), რომელსაც პედაგოგიური გამოცდილება არ აქვს. მითუმეტეს მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ასეთ ადამიანებს სამეურვეო საბჭოებმა ნდობა გამოუცხადეს. მე და ჩემი თანამოაზრეები მოხარულები ვართ, რომ სწორედ ჩვენს თაობას ხვდა წილად ჩვენი ერის საუკეთესო შვილების ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, დიმიტრი უზნაძის ოცნებების ხორცშესხმა. სწორედ ისინი ოცნებობდნენ ისეთ დემოკრატიულად მოწყობილ სკოლაზე, სადაც მოსწავლეებს ექნებოდათ საშუალება მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანათ სკოლის მართვაში. ისინი ოცნებობდნენ იმ სკოლაზე, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა არა საზეპიროებზე და დაზუთხვაზე, არამედ კრიტიკულ ანალიზსა და აზროვნებაზე, მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაზე.

მიხარია, რომ ის ინიციატივა, რომელიც2002 წელს თბილისის საკრებულოში მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით წამოიწყო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, განხორციელდა საქართველოს სკოლების აბსოლიტურ უმრავლესობაში. ეს უზარმაზარი წარმატებაა, რომელშიც თავისი წვლილი გაიღო სამინისტროს უამრავმა თანამშრომელმა, ჩვენმა რესურს-ცენტრებმა და, რა თქმა უნდა, მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა. მადლობა ყველას.”

თბილისი 09/07.2007


ტექსტის ოფიციალური ვერსია:
http://www.scribd.com/doc/33775130/1193224981-1189674802-Lomaia-s-speech-on-elections-090707


Simon Janashia. Powered by Blogger.