გამოცდები, როგორც განათლების ხარისხის არასწორი ორიენტირი

by October 18, 2015
სასკოლო განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია გავიაზროთ, თუ რატომ არის მისაღები გამოცდები არასწორი ორიენტირი სასკოლო განათლების სისტემის ხარისხის გასაზომად. ასევე მნიშვნელოვანია გავიაზროთ სისტემის ალტერნატიული მიდგომები.

1. სანამ განათლების ხარისხის მთავარი საზომი მისაღები გამოცდების შედეგები იქნება, მანამდე სასკოლო განათლების სისტემა ვერ გახდება, თუნდაც ამ ვიწრო გაგებით, მაღალი ხარისხის განათლების მიმცემი.


როდესაც უმაღლესებში ადგილები და დაფინანსების გრანტების რაოდენობა შეზღუდულია, მაშინ მუდამ იარსებებს წარმატებული და წარუმატებელი აბიტურიენტი. თუ გამოცდაზე წარუმატებლობას სასკოლო განათლების ხარისხის მაჩვენებლად ჩავთვლით, მაშინ ლოგიკურად შეუძლებელი იქნება ეს ხარისხი სისტემის ფარგლებში როდისმე გამოსწორდეს. შეიძლება ერთმა სკოლამ გააუმჯობესოს შედეგი, მაგრამ ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ რომელიღაც სხვა სკოლის შედეგი გაუარესდება.

სკოლა ვერ აკონტროლებს იმას, თუ რას მიიღებს გამოცდაზე მისი სკოლადამთავრებული. ვერც აბიტურიენტი ვერ აკონტროლებს თავის შედეგს. თითოეულის შედეგი კონკურსის სხვა მონაწილის შედეგზეა დამოკიდებული. მისაღები გამოცდის ტესტები შედგენილია ისე, რომ გამოცდამ უზრუნველყოს შეჯიბრი. წელს რომ ყველა სკოლა პირობითად ათასჯერ უკეთ მომზადებულმა აბიტურიენტმა დაამთავროს, და სხვა სისტემაში არაფერი შეიცვალოს, ქულების მიხედვით შარშანდელ მისაღებ კონკურსთან არანაირი განსხვავება არ იქნება. წელსაც ისევ იმდენი "წარმატებული" და "წარუმატებელი" აბიტურიენტი გვეყოლება.

2. სანამ განათლების ხარისხის მთავარი საზომი მისაღები გამოცდების შედეგები იქნება, მანამდე სასკოლო განათლების სისტემა ვერ გახდება ვერც ფართო გაგებით მაღალი ხარისხის განათლების მიმცემი. 

თუ განათლებას განვიხილავთ, როგორც პროცესს, როდესაც ადამიანი პიროვნებად, საზოგადოების წევრად და მოქალაქედ ყალიბდება, მაშინ შეუძლებელია ამას მივაღწიოთ ისეთ სისტემაში, რომელშიც დროის დიდი ნაწილი ამის ნაცვლად ბიუროკრატიის ინტერესებზე იხარჯება. ეს ინტერესია დღეს, რომ მარტივად და "სამართლიანად" გაანაწილდეს ბიუროკრატიის მიერ ხელოვნური და არა არსებითი კრიტერიუმების მიხედვით შეზღუდული საუნივერსიტეტო ადგილები და  ხელოვნურად შეზღუდული დაფინანსების მოცულობა. 

ფართო გაგებით ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა შეუძლებელია ისეთ სისტემაში, სადაც სკოლის მასწავლებელი დაინტერესებული ხდება იმით, რომ გახდეს რეპეტიტორი იმისთვის, რომ ა) საკუთარი დაბალი შემოსავალი შეივსოს და ბ) საკუთარი რეპუტაცია დაიცვას, რადგან ის სწორედ გამოცდებისთვის მომზადებით დაფასდება და არა სწორად აღზრდისთვის ან ფართო უნარების განვითარებისთვის. 

ხარისხიანი განათლება გულისხმობს მრავალფეროვნებას და არა ყალიბში ადამიანების სულიერ ჩამოსხმას. თუ ყველას ერთსა და იმავე ტესტისთვის მოვამზადებთ, მაშინ ადგილი აღარ რჩება მოსწავლეების პიროვნული განვითარებისთვის, რაც პიროვნული არჩევანის გაკეთებას, ინტერესების გაღვივებას, შეცდომების დაშვებასა და ამ შეცდომებზე სწავლასაც გულისხმობს.

3. იმისთვის რომ სკოლამ შეძლოს განათლების უკეთესი ხარისხის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია შეიცვალოს ხარისხის ორიენტირები. 
მოსწავლეს უნდა დაუფასდეს, მათ შორის უმაღლესში მოსახვედრადაც, ფართო ერუდიცია, ყოველდღიური და მრავალწლიანი მუშაობა, ფართო გამოცდილება, ნებისყოფა, პიროვნულ რისკებზე წასვლა, შეცდომების დაშვება, საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა. 

განათლების პოლიტიკა ამ მიმართულებით უნდა დაემყაროს შემდეგ პრინციპებს:

ა) გამოცდების როლის შემცირება 

გამოცდა უნდა იყოს ერთ-ერთი და არა ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი უმაღლესებში მიღების დროს. დანარჩენი შეიძლება იყოს უნივერსიტეტების მიერ დაწესებული კრიტერიუმები, სკოლებში მიღებული შედეგები, სკოლის გარეთ მიღებული გამოცდილება და მიღწევები.

ბ) სკოლების საქმიანობის მრავალფეროვნების წახალისება
სკოლების დირექცია და მასწავლებლები უნდა დაფასდნენ სიმბოლურად, ფინანსურად და მატერიალურადაც, როდესაც მოსწავლეებს ფართო გაგებით ხარისხიან განათლებას აძლევენ. ის სკოლა, რომელიც განსაკუთრებულად ზრუნავს სოციალურად დაუცველებზე არანაკლებ უნდა დაფასდეს მედიის, სახელმწიფოს, საზოგადოების მეშვეობით, ვიდრე ის სკოლა, სადაც ბუნებისმეტყველება განსაკუთრებულად გაძლიერებულად ისწავლება.

იმის ნაცვლად, რომ ტესტების შექმნასა და ადმინისტრირებაზე ყოველწლიურად ათ მილიონ ლარზე მეტი იხარჯებოდეს, ეს ფული უნდა გადანაწილდეს სკოლების განვითარებაზე. ამ ფულით შესაძლებელია მაგალითად ყოველწლიურად საჯარო სკოლებისთვის საშუალოდ 5 000 ლარის მიცემა. ეს ფული შეიძლება დახარჯულიყო სკოლებში ინოვაციური სასწავლო პროცესის, სწავლების მეთოდების, დამატებითი საგნების შემოღების, მოსწავლეების პროექტების დაფინანსების და მრავალი განმავითარებელი იდეის დასაფინანსებლად.

გ) მშობლების წახალისება, რომ ის ფულადი სახსრები, რასაც რეპეტიტორობაში ხარჯავენ მოსწავლეების ფართო განათლებაზე დახარჯონ

 2011 წლის კვლევის თანახმად მშობლები რეპეტიტორობაში იხდიდნენ დაახლოებით 120 მილიონ ლარს. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს თუ შევადარებთ, ეს თანხა არის იმაზე მეტი, რაც საშუალოდ სამი დამატებითი კლასის დაფინანსებისთვის იქნებოდა საჭირო.

მშობლებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ თავისი რესურსი დახარჯონ თავიანთი შვილების სასკოლო პროექტების, იდეების განხორციელების, სამოგზაურო და საწარმოო პრაქტიკის, ბიბლიოთეკების, დამატებით კლუბებში ჩართვის და სხვა განმავითარებელი აქტივობებისთვის. ეს მოხდება მაშინ, როდესაც სკოლები არ დაისჯებიან მშობლების თანხების მოზიდვისთვის; როდესაც იქნება ფართო საზოგადოებრივი კონტროლი სკოლებზე ვიწრო ბიუროკრატიული კონტროლის ნაცვლად; როდესაც იარსებებს სახელმწიფო თანადაფინანსება მოსწავლეების ინტერესების განმავითარებელი კლუბებისთვის, ბიბლიოთკეებისთვის, სამოგზაურო ბანაკებისთვის, სასკოლო გამოგონებებისთვის და სხვ.

9 წლის ამერიკელი სამხრეთელი გოგონას ისტორია

by September 27, 2015

ლეიკვილის ფერმა, 
ბოის, ვირჯინია
12 თებერვალი, 1957

ძვირფასო ბატონო ეიზენჰაურ, 

მე ცხრა წლის ვარ და ვარ თეთრი, მაგრამ სეგრეგაციის შესახებ მრავალი წუხილი მაქვს. რატომ უნდა გრძნობდნენ ადამიანებით თავს ასე თავიანთი კანის ფერის გამო? მე რომ ჩემი სახე შავად შემეღება, არცერთ საჯარო სკოლაში არ შემიშვებდნენ და ა.შ. ჩემი გრძნობები არ იცვლება, მხოლოდ ჩემი კანის ფერი. 

დიდი ხნის წინ, შობა დღეს, იესო ქრისტე დაიბადა. როგორც გახსოვთ, ის დაიბადა სამყაროს გადასარჩენად. არა მხოლოდ თეთრი ადამიანების, არამედ შავის, ყვითლის, წითლის და ყავისფრის. 

ფერადკანიან ადამიანებს შანსი არ ეძლევათ. "მათ კარგი განათლება არ აქვთ", ამბობს მრავალი ადამიანი. მათი ბრალია თუ მათი მამები ისეთი ღარიბები არიან, რომ ადრე ასაკიდანვე გამოყავთ, რომ სამსახური იპოვონ? მოსამზადებელი სკოლების მხოლოდ 2%-ია ფერადკანიანი ხალხისთვის.  

და მერე რა, რომ მათი კანი შავია? მათ აქვთ გრძნობები და რაც მთავარია ისინი ღმერთის ხალხია. 

გთხოვთ, მისტერ ეიზენჰაუერ, გთხოვთ შეეცადოთ და აიძულოთ სკოლებს და სხვა რაღაცეებს, მიიღონ ფერადკანიანი ადამიანები. 

პატივისცემით,

კატარინა დრიუ გილპინი


--------------------------------------------------------------------------

დღეს ეს გოგონა, დრიუ გილპინ ფაუსტი, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი უმაღლესის, ჰარვარდის უნივერსიტეტის რექტორია. 

მასთან საინტერესო ინტერვიუ შეგიძლიათ მოისმინოთ და წერილის ინგლისური ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე

რელიგიის, სახელმწიფოს, სკოლის და სამოქალაქო აღზრდის საკითხი

by September 12, 2015

კომენტარი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზე 
განთავსებულ ფოტოზე


როგორ გადავამოწმოთ პოლიტიკოსის რიტორიკა?

by August 28, 2015

როდესაც სიმბოლოები არ ემთხვევა რიტორიკას

by June 21, 2015
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური რიტორიკაა, რომ ის ნერგავს აქტიურ სწავლების მიდგომებს, ეყრდნობა თანამედროვე ცოდნას სწავლების ორგანიზებაში, ცდილობს ადრეული ასაკის ბავშვებისთვის უფრო ბუნებრივი პირობები შექმნას სწავლისთვის. სრულიად საპირისპიროს ვხედავთ სამინისტროს ფეისბუკის გვერდზე სადაც ფოტოზე გამოსახული ბავშვები სხედან ისე, როგორც საბჭოთა დროს, როდესაც მათ გაკვეთილებზე ყველაფერს, მათ შორის ხელების მოძრაობასაც კი უკონტროლებდნენ .


მასწავლებლების "სქემა" ლატვიაში

by May 15, 2015

მასწავლებლების კატეგორიების მიხედვით ხელფასების გაცემის სისტემა ლატვიაში 2009 წლიდან დანერგეს. სისტემით უკმაყოფილოა განათლებაში მონაწილე ყველა მხარე, მაგრამ მისი შეცვლა უჭირთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოცდილება საქართველოშიც გაიზიარონ, სადაც მასწავლებლების მსგავსი ლოგიკის მატარებელ ე.წ. “სქემას” ნერგავენ.

ლატვიაში ვატარებ კვლევას განათლების პოლიტიკის შესახებ. ჩავატარე 22 ინტერვიუ. ვესაუბრე სკოლების დირექტორებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, რამდენიმე ყოფილ მინისტრს, ეკონომისტებს, საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტებს, სოციოლოგებს, მასწავლებლების ტრენერებს, პროფესიული და დამსაქმებელთა კავშირების წევრებს.

ყველა ერთხმად ამბობს, რომ სქემა გასაუქმებელია. ამის არგუმენტები, რაც აქ დასახელდა არის:

  • კატეგორიებად მასწავლებლების განაწილება არ ემთხვევა რეალურ სურათს. მაღალ კატეგორიას აქ ფლობენ ისინი, რომლებიც სულაც არ არიან საუკეთესო მასწავლებლები, არამედ ისინი, რომლებსაც ბევრი დროისა და ენერგიის დახარჯვა უნდათ ქაღალდებთან მუშაობაზე. სკოლებში საუკეთესო მასწავლებლები ხშირად მესამე კატეგორიაში არიან (ლატვიაში 5 კატეგორიაა)
  • კატეგორიები არ მეტყველებს განათლების ხარისხზე. მოსწავლეები იმ სკოლებში, სადაც მაღალი კატეგორიის მასწავლებლების მაღალი კონცენტრაციაა სულაც არ აჩვენებენ უკეთეს შედეგებს გამოცდებზე.
  • მაღალი კატეგორიის მასწავლებლებისგან ელიან, რომ ისინი მენტორობას გაუწევენ სხვებს, ჩაატარებენ კონსულტაციებს და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ ისინი მოწყდებიან თავიანთ ძირითად სამუშაოს, და ამ საათებს შედარებით უფრო დაბალი კატეგორიის მასწავლებლები დაიკავებენ. ეს კი განათლების ხარისხს არ უწყობს ხელს.


და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი: იმის გამო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი შეზღუდულ თანხას გულისხმობს, კატეგორიებად განაწილება შეუძლებელია კატეგორიების მიხედვით კვოტების დაწესების გარეშე. ეს ნიშნავს, რომ მაგ. მეხუთე კატეგორიაში შეიძლება იყოს მასწავლებლების მხოლოდ რაღაც განსაზღვრული რაოდენობა. ეს კი ნიშნავს, რომ კატეგორიაში მოხვედრა ხდება არა საკუთარი პროფესიონალიზმის დამტკიცებით, არამედ სხვასთან კონკურენციით. ეს ნიშნავს იმას, რომ მასწავლებლებს აწყობთ, რომ მათი კოლეგები იყვნენ წარუმატებლები, რადგან ეს მათ შანსებს უმატებთ, რომ ზედა კატეგორიაში გადავიდნენ. ასევე, მასწავლებლებს არ შეუძლიათ კატეგორიაში გადასვლა, თუ იმ კატეგორიაში ადგილები შევსებულია. ეს კი მათ მოტივაციაზე უარყოფითად მოქმედებს.

რატომ არ აუქმებენ ამ კატეგორიებს? პასუხი ყოველთვის ერთია: ვერ შევიმუშავეთ სისტემა, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს ფული, კატეგორიების გაუქმების შემდეგ. ყველას, გარდა დაბალი კატეგორიის მასწავლებლების, ეშინია, რომ ფულს დაკარგავს.

რამდენიმე მოსაზრება სასკოლო ასაკის დისკუსიასთან დაკავშირებით.

by March 20, 2015
აქტუალურია საკითხი, როგორ უნდა განისაზღვროს სკოლაში მოსწავლის შესვლის ასაკი: 5 წლით, 6 წლით, თუ რაღაც შუალედური შეთანხმებით?

საჯარო დისკუსიებისას ვხვდებით რამდენიმე ტიპის პრობლემას:
  • არასწორია, როდესაც ამბობენ, რომ კვლევებით დასტურდება, რომ ხუთი წლის ბავშვები საქართველოში (ან სხვაგანაც) არ არიან მზად სკოლაში სწავლისთვის, ხოლო ექვსი წლის ბავშვები კი მზად არიან. ეს მსჯელობა არასწორია რამდენიმე მიზეზის გამო:
    • ვერცერთი კვლევა ვერ დაადასტურებს იმას, რომ არცერთი ბავშვი ხუთი წლის ასაკში არ არის სკოლისთვის მზად და ამავდროულად ყველა ექვსი წლის ბავშვი მზად არის. ნებისმიერი გამართული კვლევა ამბობს, რომ ხუთი წლის ბავშვები საშუალოდ იმაზე ცუდად არიან მზად სკოლისთვის, ვიდრე ექვსი წლის ბავშვები. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თითოეული ამ ასაკობრივი ჯგუფის წევრ ბავშვების რაოდენობა საქართველოში დაახლოებით 50,000-ია მაშინ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ათასობით ხუთი წლის ბავშვი უკეთ არის მზად სკოლისთვის და ვიდრე ათასობით ექვსი წლის ბავშვი.
    • მეორე, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა საქართველოს სკოლების დიდი ნაწილი ერთმანეთს ჰგავს, არის სკოლები, რომლებიც უფრო თანამედროვეა მიდგომებში და უფრო მეტად ბავშვზე და არა დადგენილ სტანდარტებზე (მათ შორის ასაკობრივ სტანდარტებზე) ორიენტირებული. შესაბამისად არის სკოლები, რომლებიც უფრო მეტად არის მზად ხუთი წლის, და ასევე ექვსი წლის, ბავშვების მისაღებად ვიდრე სხვები. ამიტომ ისევე, როგორც ბავშვების შემთხვევაში, არ შეიძლება სკოლების მარტივად ერთმანეთთან ხარისხით გაიგივება.
  • არასწორია, როდესაც სკოლებში სწავლის დაწყების ასაკის პრობლემა დაყვანილია მხოლოდ ბავშვის შესაძლებლობებისა და პრეტენზიული, ცუდი, "სადღაც რომ ეჩქარებათ ისეთი" მშობლების პრობლემებამდე. პრობლემა კომპლექსურია და მოითხოვს არა მხოლოდ ფსიქოლოგიური განვითარების, არამედ ასევე საზოგადოებაში არსებული კულტურული ნორმების, სოციალური პრობლემებისა და სახელმწიფო პოლიტიკის გათვალისწინებას.
    • ვინ იგებს იმით, თუ სკოლაში შეყვანა ადრინდელ ასაკიდანვე იქნება შესაძლებელი? ამით იგებენ:
       ა) ის მშობლები, რომლებისთვისაც ბავშვის აღზრდა ეკონომიკურ დანახარჯებს უკავშირდება. მაგალითად, ასეთი სერვისი მომგებიანია მარტოხელა დედისთვის, რომელსაც არ აქვს სხვა რაიმე სოციალურ სერვისზე ხელმისაწვდომობა (ბაღები საქართველოს პერიფერიებზე ცოტაა და რთულად ხელმისაწვდომი). იმის გამო, რომ მას ბავშვის მოვლა უწევს, მისთვის რთულია სამსახურის, თუნდაც ნახევარგანაკვეთიანის, შოვნა.
      ბ) ის ბავშვები, რომლებიც შედარებით ღარიბ ოჯახებში იზრდებიან (და ესეთი ოჯახების დიდი ნაწილი სწორედ იქ ცხოვრობს, სადაც სკოლამდელი სერვისები შეზღუდულია) და რომლების განვითარებაზე ზრუნვაც ოჯახის პირობებში საუკეთესოდ არ ხდება. ასეთი ბავშვების განვითარება რაც ადრე დაიწყება მით უკეთესია.
      გ) სკოლები, რომლებიც ცდილობენ მოიზიდონ მოსწავლეები ხარისხისა და კურიკულუმის მრავალფეროვნების გაზრდის საფუძველზე. კერძო სკოლების ნაწილი ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ბავშვის მშობელს შესთავაზოს საკუთარი სერვისი, იმისთვის რომ მაქსიმალურად მდგრადი და მომგებიანი გახადოს მისი შემოსავლები. ამის გამო, ეს სკოლები მზად არიან შესთავაზონ მშობლებს უკეთესი პირობები სწავლისა და განვითარებისთვის
      დ) მოიგებენ ბავშვები, რომლებიც მართლაც მზად არიან ემოციურად, ინტელექტუალურად, ფიზიკურად და ა.შ. იმისთვის რომ განვითარება იმაზე უფრო კომპლექსურ გარემოში გააგრძელონ, ვიდრე ეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ან სხვაგან არის მათთვის ხელმისავდომი. 
    • ვინ წააგებს ასაკის დაწევით? წააგებენ: ა) ბავშვები, ვინც არ არის მზად სასკოლო ასაკისთვის; ბ) სახელმწიფო, რომელსაც მოუწევს უპასუხოს ადრეული ასაკის მოთხოვნებს და დაიწყოს სკოლების ადაპტირება, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება და სხვ.
ამ პრობლემების გათვალისწინებით, როგორი იქნებოდა ახლანდელზე (და შემოთავაზებულ ასაკის დაწევაზე) უკეთესი სისტემა? უკეთესი იქნება თუ სახელმწიფო შემოიღებს დიფერენცირებულ მიდგომებს როგორც სკოლების, ისე მოსწავლეების მიმართ. 
  1. შემოღებულ უნდა იქნას აკრედიტაციის მექანიზმი, რომელიც განსაზღვრავს, რომელი სკოლა არის მზად მიიღოს ადრეული ასაკის ბავშვები. ამ სისტემით შეიძლება დადგინდეს, სად არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სად არიან მასწავლებლები და სად გამოიყენება. სათანადო სასწავლო მიდგომები იმისთვის რომ 5 ან თუნდაც 4 წლის ბავშვების მიღება მოხდეს.
  2. უნდა განისაზღვროს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს თუ ვინ არის მზად სკოლისთვის. ეს კრიტერიუმები შეიძლება იყოს ბავშვის ემოციური, ფიზიკური, ინტელექტუალური განვითარება. კრიტერიუმების დასადასტურებლად აუცილებელია გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ ბავშვის პირდაპირი შეფასება, არამედ მისი განვითარებისთვის მანამდე არსებული პირობების შეფასებაც. ასაკი სკოლისთვის მზადყოფნის მხოლოდ ერთი და არა ერთადერთი კრიტერიუმი უნდა იყოს.
  3. სკოლებს უნდა მიეცეთ თავისუფლება, რომ პირველი რამდენიმე კლასის, ან თუნდაც მოსამზადებელი ჯგუფის ფარგლებში ჰქონდეთ მოქნილი სასწავლო გეგმა, რომლის გათვალისწინებითაც შესაძლოა მრავალფეროვნად განისაზღვრებოდეს სკოლებში წერისა და კითხვის, მათემატიკის შესწავლის განრიგები, თანმიმდევრობა, მეთოდები და სხვ. ასევე უნდა იყოს შესაძლებელი დღის განრიგების მეტად ინდივიდუალიზება სკოლების მიხედვით.
ამ ყველაფრის საფუძველზე ერთი მხრივ შესაძლებელი გახდება, რომ დაკმაყოფილდეს მშობლების საჭიროებები, მეორე მხრივ გათვალისწინებულ იქნას ბავშვის განვითარების თავისებურებები და მესამე მხრივ ხელი შეეწყოს სისტემის განვითარებას, რომელიც უფრო მეტად ინკლუზიური იქნება და ბავშვზე ორიენტირებული, ვიდრე ხელოვნური გარემოსთვის შემუშავებული ასევე ხელოვნური სტანდარტების შესაბამისი.

მასწავლებლების მიმართ ახლად შემოღებული მოთხოვნების ცხრილი

by February 22, 2015
19 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ "მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა" დაამტკიცა. მიმაგრებულ ფოტოზე ნახავთ სტატუსის შენარჩუნების, ან სტატუსიდან სტატუსზე გადასასვლელ მოთხოვნებს, რომელიც საჯარო სკოლის მასწავლებელმა უნდა დააკმაყოფილოს იმისთვის, რომ დარჩეს სისტემაში და/ან "განვითარდეს", როგორც ამას სახელმწიფო უწოდებს. "ალტერნატიული შედეგის" გრაფაში აღწერილია ის, თუ რა ელის მასწავლებელს თუ ის კონკრეტულ სტატუსის შენარჩუნების, ან მოპოვების მიზანს ვერ დააკმაყოფილებს.


დამატებით შეგიძლიათ ამ ცხრილის გადმოწერა ამ ბმულიდან
Simon Janashia. Powered by Blogger.