16 აგვისტო, 2010
გამოქვეყნდა ჟურნალ „ლიბერალში“
ზოგადი განათლების კანონში მორიგი
შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, მანდატურები სპეციალური დანიშნულების რაზმს დაემსგავსებიან.
ახალი პროგრამა არა მხოლოდ არაეფექტურია, არამედ საზიანოც.
ოთხი წელია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლაში
უსაფრთხოების პრობლემაზე ინტენსიურად მუშაობს. საერთაშორისო ექსპერტების
დახმარებით ამ წლებში შემუშავდა მრავალი ახალი მიდგომა და დოკუმენტი, რომლებიც
ეხებოდა მოსწავლეების ქცევის რეგულირებას, სკოლის ფსიქოლოგების მომზადებას, სკოლაში
ევაკუაციისა და ზოგადად უსაფრთხოების გეგმების შემუშავებას. იყო ინიციატივები
სკოლების ვიდეომეთვალყურეობისა და სხვა აღჭურვილობის შესახებ.
სკოლებში მანდატურების მივლინება ამ ინიციატივებიდან ყველაზე ახალია. თუმცა, როგორი კეთილშობილური მიზნებიც უნდა ამოძრავებდეს სამინისტროს, ეს პროგრამა თავისი შინაარსით, განხორციელების გზით და ეკონომიკური გათვლებით არა მხოლოდ არაეფექტურია, არამედ _ საგანმანათლებლო სისტემისთვის საზიანოც.
ახალი პროექტის მიხედვით, მანდატურები მთლიანად განათლების მინისტრს ექვემდებარებიან. მათ მინისტრი სპეციალური სააგენტოს საშუალებით მართავს, რომელსაც დაევალება, სკოლებში მისავლენად მანდატურები იქირაოს.
ცვლილებების მიხედვით, მანდატურებს იგივე ტიპის უფლებები და მოვალეობები აქვთ, როგორიც სასჯელაღსრულების დაწესებულების დაცვის თანამშრომელს, სააღმსრულებლო პოლიციელს ანდა სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელს.
მეტიც, კანონპროექტი ზოგ შემთხვევაში ერთი-ერთზე იმეორებს მუხლებს სახელმწიფო დაცვის სამსახურის, სასამართლო აღსრულებისა და პატიმრობის შესახებ კანონებიდან და ასევე მუხლებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დებულებებიდან. მაგალითად, მანდატურები ისევე, როგორც ადამიანები, რომელთაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნორმატიული აქტი ეხებათ, თავიანთ სამსახურში სახელმწიფოს წარმოადგენენ და მათი მოთხოვნების შესრულება სავალდებულო ხდება ყველა ფიზიკური პირისთვის. როგორც ჩანს, მანდატურების პროგრამაზე ამ მუხლების მორგებისას, კანონპროექტის ავტორებმა ის გარემოება გაითვალისწინეს, რომ მანდატურები, სასამართლო აღმასრულებლის, სახელმწიფო დაცვისა და საპატიმროს თანამშრომლის მსგავსად, განსაკუთრებულ რეჟიმში და ტერიტორიაზე მუშაობენ.
სკოლის მანდატურის უფლებების აღწერა სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლის აღწერას ემთხვევა იმ მხრივაც, რომ მისთვის ხელის შეშლა, შეურაცხყოფის მიყენება, მუქარა და წინააღმდეგობის გაწევა დასჯადი ქმედებაა. მანდატურს ექნება ფიზიკური ძალისა და "სპეციალური საშუალებების" გამოყენების უფლებაც. იმ მუხლების წაკითხვისას კი, რომლებიც მანდატურების სოციალურ დაცვას ეხება, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, მათ მუშაობა ძალიან მაღალი რისკის ჯგუფებთან უწევთ და ამიტომ განსაკუთრებული დაცვაც სჭირდებათ. ამ მუხლებში საუბარია სამსახურებრივი მოვალეობის დროს დასახიჩრების, დაინვალიდებისა და გარდაცვალების შემთხვევებზე.
ასე სარისკო მართლაც არის ზოგიერთ ამერიკულ სკოლაში მუშაობა, სადაც პრობლემაა მოსწავლეებს შორის ცეცხლსასროლი იარაღის ტარება, განგსტერების მრავალრიცხოვანი დაჯგუფებები, ნარკოტიკების მასობრივი რეალიზაცია, მაგრამ ამ სასკოლო პრობლემებთან საქართველოს ყველაზე პრობლემატური სკოლებიც კი ახლოს ვერ მივა. ამიტომ ამერიკული გამოცდილება ქართულ სკოლებთან მიმართებაში არარელევანტურია. ამერიკაში ბევრია ქალაქის სკოლაც, სადაც მე-9-მე-12-ე კლასებში 5 000-მდე მოსწავლე სწავლობს. ჩვენთან კი ქალაქის დიდ სკოლებში საშუალოდ, იმავე ასაკის დაახლოებით 300 მოსწავლეა.
ამიტომ მანდატურების ქართული პროგრამის მსგავს ამერიკულ ინსტიტუტთან შედარება მცდარია. თანაც, ამერიკაში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მხოლოდ განსაკუთრებულად პრობლემურ სკოლებში გვხვდება და არა ყველა სკოლაში, როგორც ჩვენთან.
მანდატურების სისტემა არაეფექტური იქნება იმ პრობლემების გამოსავლენად, რაც საქართველოში არსებობს მოზარდების ძალადობასთან დაკავშირებით.
2007-08 წლებში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სკოლებში ხშირია ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები, როგორიცაა ბავშვის გარიყვა, შეურაცხყოფის მიყენება, ყვირილი. ძალადობის შემთხვევები დიდწილად ხდება სკოლისკენ ან სკოლიდან მიმავალ გზაზე და სკოლის შემდეგაც. ვიცით ისიც, რომ თბილისში ძალადობის პროცენტული გამოვლინება ნაკლებია, ვიდრე თბილისის გარეთ. მანდატურების ეს სისტემა კი ვერ პასუხობს კვლევით გამოვლენილ ამ პრობლემებს.
ამ ფორმით მანდატურების ინსტიტუტი საზიანო იქნება მთლიანად განათლების სისტემისთვისაც. სკოლაში გაჩნდება ადამიანი, რომელიც არ ექვემდებარება სკოლას და წარმოადგენს სხვა დაწესებულებას. დღეს სკოლის პერსონალის შერჩევაზე სკოლის დირექტორია პასუხისმგებელი, ის არის მათი დამქირავებელი და სამუშაოს ეფექტურობისა და კეთილსინდისიერების შემფასებელიც. თუ ის ხედავს, რომ თანამშრომელი სათანადოდ არ მუშაობს, მისი გათავისუფლება შეუძლია. რა შეიძლება გააკეთოს დირექტორმა მანდატურის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში? დირექტორს მხოლოდ ის შეეძლება, რომ დაუკავშირდეს სამინისტროს სპეციალურ სააგენტოს და სთხოვოს სკოლაში მომუშავე ადამიანის საქმის განხილვა.
მანდატურების სისტემა ისე რომ დაინერგოს, როგორც ეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების ინტერვიუებშია (ანუ სამი მანდატური საშუალოდ სკოლაზე), მხოლოდ თბილისში ამ სააგენტოს სკოლებისთვის დაახლოებით 600 თანამშრომელი ეყოლება გამოყოფილი. ამ რაოდენობის თანამშრომლის ეფექტურად მართვა კი ცენტრალიზებულად შეუძლებელია. როგორც წესი, არაეფექტურია სისტემები, როდესაც თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი ზემდგომ ინსტანციებში წყდება. დღევანდელ სისტემაში კი სამინისტრო თავს სწორედ სკოლების ზემდგომად მიიჩნევს და არა ზოგადად განათლების პოლიტიკის გამტარებლად.
სკოლა მანდატურებზე კონტროლის არარსებობასთან ერთად, არა მხოლოდ ავტონომიას კარგავს, არამედ პასუხისმგებლობასაც. მასწავლებლები ისედაც ხშირად ცდილობენ საკუთარი პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარებას, როდესაც ამის შესაძლებლობა არის. ასეა არა მხოლოდ ქართულ კულტურაში, არამედ ბევრ სხვა სისტემაშიც. თუ მასწავლებელს აქვს იმის შანსი, რომ მოსწავლეების ქცევის რეგულირებისას განცდილი წარუმატებლობა ადმინისტრაციის წევრს გადააბრალოს, ის ამ შანსს ხშირად იყენებს. მანდატურების ჩაცმულობას თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ მანდატური კონკრეტულ სკოლას სიმბოლურადაც კი არ ეკუთვნის. მის ფორმაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლოგოა გამოსახული და არა იმ სკოლის, რომელშიც ის მსახურობს. ამგვარ ვითარებაში ცდუნება, რომ მოსწავლის ქცევის რეგულირებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად სახელმწიფოს დააწვეს, დიდი იქნება.
თავისთავად ცხადია, რომ არსებული პრობლემების გათვალისწინებით, სკოლის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში ფულის გადახდა ღირს. თუმცა მნიშვნელოვანია, თუ როგორ დავხარჯავთ და რამდენს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, მანდატურის ხელფასი თვეში 400 ლარია. ითქვა ისიც, რომ სკოლებში საშუალოდ სამი მანდატური იქნება. მარტო ქალაქის სკოლებში მანდატურის ხელფასებს თუ დავიანგარიშებთ, წელიწადში დაახლოებით 7 მილიონი ლარს მივიღებთ. ეს კი იმაზე სამჯერ მეტია, რაც სახელმწიფომ 2009 წელს დახარჯა, მაგალითად, საქართველოს ყველა მასწავლებლის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე. დავამატოთ ამას ბიუროკრატიის შენახვის ხარჯები, რაც ახალი სააგენტოსა და მანდატურების მართვას უნდა მოხმარდეს და გავითვალისწინოთ ის თანხაც, რაც მანდატურების მომზადებას, აღჭურვასა და დაზღვევას სჭირდება. და დავსვათ კითხვა: ბევრია თუ არა ათამდე მილიონი ლარი განათლების სისტემის ამ ახალი ცვლილებებისთვის? შეადარეთ ამ ინიციატივის ბიუჯეტი განათლების სფეროში დახარჯულ სხვა თანხებს და მიხვდებით, რომ სამწუხაროდ, განათლების სისტემის მცირე ბიუჯეტისთვის ეს თანხა საკმაოდ დიდია.
მაშინ რა უნდა იყოს სახელმწიფოს მიდგომა? სახელმწიფომ ეს პროგრამა უნდა განახორციელოს მხოლოდ ისეთ სკოლებში, სადაც პრობლემის მოგვარება დამხმარე პერსონალის გარეშე რთულია. დამხმარე პერსონალი სკოლამ უნდა იქირაოს სახელმწიფოს ფინანსებითა და ინსტრუქციების მიხედვით. პერსონალი უნდა განიხილებოდეს არა როგორც პრობლემის მოგვარების მთავარი ინსტრუმენტი, არამედ როგორც ექსპერტი, რომელიც სკოლას პრობლემების მოსაგვარებლად ძალების მობილიზებაში ეხმარება. უსაფრთხოების ექსპერტი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც პოლიციელი, დაცვის სამსახურის თანამშრომელი, ან აღმასრულებელი. მისი მუშაობა უნდა იყოს დროებითი და მისი წარმატება უნდა იზომებოდეს იმით, რამდენად მოემზადა სკოლა ძალადობის შესამცირებლად. ამ პრინციპების გათვალისწინებით სავარაუდოა, რომ მანდატურების არსებობას მართლა ექნება მნიშვნელოვანი გრძელვადიანი, მდგრადი და ეკონომიკურად მიზანშეწონილი ეფექტი მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის.