რას ზომავს საგანმანათლებლო ტესტირება?

by November 18, 2017
თითქოს უმარტივესი კითხვაა "რას ზომავს ტესტირება?" და მარტივი პასუხიც უნდა ჰქონდეს არა? მარტივი პასუხია, რომ საგანმანათლებლო ტესტების შედეგები ზომავს ცოდნას. თუმცა, როგორც ერთ-ერთი უახლესი კვლევა აჩვენებს, ტესტების შედეგები მნიშვნელოვნად იმ კულტურულ კონტექსტზეც არის დამოკიდებული, რომელშიც ის ტარდება. გარემოს ცვლილებამ შესაძლებელია ტესტირების შედეგებზე იმოქმედოს ისე, რომ მოსწავლეების ცოდნა არ იცვლებოდეს.

საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა, რომ დაედგინა, განსხვავდება თუ არა ტესტების მიმართ დამოკიდებულება სხვადასხვა კულტურაში და ხომ არ მოქმედებს ეს დამოკიდებულებები ტესტირების შედეგებზე. სკოლის მოსწავლეების ტესტირება ჩატარდა აშშ და ჩინეთში. ტესტის ჩატარების დღეს, ექსპერიმენტში მონაწილე ერთ ჯგუფს (ერთი აშშ-ში და ერთი ჩინეთში), მოულოდნელად მისცეს ფული და შეპირდნენ, რომ ეს ფული მათ დარჩებოდა, თუ ყველა კითხვაზე სწორ პასუხს გასცემდნენ. მცდარ პასუხზე მათ ფული აკლდებოდათ. 

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ აშშ-ში, ფულადმა სტიმულმა გააუმჯობესა ტესტების შედეგები, ჩინეთში კი არა. ამერიკელ მოსწავლეებს შორის, ტესტების შედეგების გაუმჯობესება მათ გაუჭირდათ, რომლებსაც წინასწარი მონაცემებით დაბალი ცოდნა ჰქონდათ. საშუალო და მაღალი მოსწრების მოსწავლეების შედეგები კი გაუმჯობესდა. მკვლევართა აზრით, სამოტივაციო სტიმულებზე ჩინელ და ამერიკელ მოსწავლეების რეაქციის განსხვავება გამოწვეული იყო იმით, რომ ჩინელი ბავშვები ამ სტიმულის გარეშეც სერიოზულად უდგებოდნენ ტესტირებას, აშშ-ში კი შედარებით უფრო ნაკლებად.

კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, ავტორებმა გააკეთეს  იმის სიმულირება, რა მოხდებოდა საერთაშორისო შეფასება PISA 2012-ში მონაწილეობისას ამერიკელ ბავშვებს რომ მაღალი მოტივაცია ჰქონოდათ. ასეთ შემთხვევაში, საერთაშორისო რანჟირებაში 65 მონაწილე ქვეყანას შორის, აშშ 36-ე ადგილის ნაცვლად, მე-19-ეს დაიკავებდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩაითვლებოდა, რომ აშშ საუკეთესო ერთ მესამედში შედის და არა საშუალო შედეგების მქონე ქვეყნებში. 

როდესაც საერთაშორისო შედარებითი შეფასებები ტესტირებების საფუძველზე ტარდება, შესაძლებელია მკვლევარები და პოლიტიკოსები შეცდომას უშვებენ, როდესაც ამ ტესტირების მონაცემებზე დაყრდნობით ერთი ქვეყნის განათლების (ცოდნის) დონეს მეორესას ადარებენ. თუ ერთ ქვეყანაში უფრო სერიოზულად, უფრო მეტი მონდომებით უდგებიან ტესტებს, ვიდრე მეორეში, მაშინ შესაძლოა საერთაშორისო კვლევებში (PISA, PIRLS, TIMSS, SAMEQ და სხვ.) განსხვავება არა იმდენად განათლების ხარისხს შორის განსხვავებას აჩვენებდეს, არამედ განათლებაში არსებული მონიტორინგის სისტემებისადმი მოსწავლეების დამოკიდებულებასაც. 

კვლევის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ სტატიაში http://www.nber.org/papers/w24004.pdf
Simon Janashia. Powered by Blogger.