Showing posts with label ზოგადი. Show all posts
Showing posts with label ზოგადი. Show all posts

განათლების მინისტრი რომ ვიყო და ზედმეტი 400 000 ლარი მქონდეს

by August 12, 2017


  1. საშუალოდ ასი სკოლის ბიბლიოთეკას 4 000 ლარის ღირებულების წიგნებით მოვამარაგებდი;
  2. საშუალოდ 20 სკოლას 20 000 ლარის კომპუტერულ ტექნიკას განვუახლებდი;
  3. მინიმუმ 50 სკოლას 8 000 ლარით წავახალისებდი რათა მასწავლებლებისათვის   სასიამოვნო გარემო და ადამიანური ღირსების შესაფერისი სამუშაო ოთახი (ე.წ. სამასწავლებლო) მოეწყოთ.
  4. მინიმუმ რამდენიმე მაღალმთიანი სკოლისათვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდების საკითხებზე ვიმუშავებდი;
  5. დავაფინანსებდი პროექტებს სკოლებისათვის (მასწავლებლების, დირექტორების, მოსაწავლეებისა და მშობლების მიერ ინიცირებულს), რომლებიც მინიმუმ ერთი არსებითი და კონკრეტული პრობლემის გადაჭრას დაისახავდა მიზნად;
  6. დავაფინანსებდი რამდენი ასეული სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისათვის საზაფხულო ბანაკს, სადაც მოსწავლეებს იმ კომპეტენციების გაძლიერებაში დაეხმარებოდნენ, რაც სკოლაში ვერ შეძლეს;
  7. მინიმუმ რამდენიმე ათეული მასწავლებლისთვის დირექტორისათვის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას დავაფინანსებდი;
  8. მაღალმთიან რეგიონებში ახალგაზრდა მასწავლებლების დასაქმების ინიციატივას წავახალისებდი (ან ასეთი მასწავლებლის არარსებობის შემთხვევაში მათ მოძიებაზე ან არსებული კადრის გადამზადებაზე ვიმუშავებდი);
  9. მაღალმთიან და მცირეკონტიგენტიან სკოლებში სპეც. მასწავლებლების მუშაობას გავაძლიერებდი;
  10. რეგიონებში მინიმუმ რამდენიმე ათეულ  სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის სპეციალური რესურსებით აღჭურვილ ოთახებს მოვაწყობდი;
  11. არაქართულენოვან სკოლებში ახალგაზრდა მასწავლებლების კონტიგენტს მინიმუმ 40 მასწავლებლით გავზრდიდი და მათ მუშაობას წავახალისებდი;
  12. არაქართულეონოვან სკოლებში მოსწავლეთა სამოქალაქო აქტვობის გაზრდის მიზნით სათემო პროექტებს დავაფინანსებდი;
  13. არაქართულენოვან სკოლებში ვიმუშავებდი მოსწავლეებთან რომ გააცნობიერონ, რატომ არის საჭირო ქართული ენის კარგად ცოდნა. 


მაგრამ იმ შემთხვევაში თუ შემოდგომა ახლოვდება, ხოლო საქართველოს მთავრობას ვერ ეხმარება გლეხებს მოსავლის რეალიზაციაში, ჭრაჭუნა ფერადი ქაღალდით შევფუთავდი ამ თემას, დავაწერდი „ჯანსაღი კვება“ და ყველა სკოლას სადაც 1000-ზე მეტი ბავშვი სწავლობს, კვირაში ერთხელ დავურიგებდი ვაშლებს, თითო ცალს ყველა მოსაწავლისათვის. ამით წინასაარჩევნოდ ყველა ვიხეირებთ! აბა  კიდევ ხომ არ ვნახავთ კადრებს თუ როგორ ატანს გამწარებული გლეხი მთელი წლის მოსავალს მდინარეს?
რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში წინასწარ ვიცი,  რომ იმ სკოლებში სადაც ამ საკრალურ ციფრზე ნაკლები მოსწავლეები არიან ვაშლები არ უყვართ, ან უბრალოდ საკუთარიც ბევრი აქვთ. კარგი იქნებოდა ჩემი პოზიცია კვლევებითაც გამემყარებინა. მაგალითად აღმენიშნა „ბრიტანელი მეცნიერების“ მიერ დადგენილი ფაქტი, რომ ქართულ სკოლებში (განსაკუთრებით მაღალკონტიგენტიან სკოლებში) რაღაც სასწაულის წყალობით კვირაში ერთი ცალი ვაშლი უწყობს ხელს მოსწავლეებში სწორი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას. 2030 წელს კი სწორედ ამ სამოთხის ვაშლების წყალობით აღზრდილი ათლეტური, ფიზიკურად ჯანსაღი და კერკეტი თაობა დამაფასებდა, ყველა დაინახავდა როგორ ვღვრიდი ცრემლსა და ოფლს ქართული ზღაპრების ანალიზში, შემდეგ აქედან ამოღებული არქეტიპების განათლების სისტემასთან შერწყმაში და ესეც რომ არ ვიკმარე  ბერძნული მითოლოგიის განხეთქილების ვაშლი ქართველი მოსწავლეებისათვის უკვდავების ოქროს ვაშლად ვაქციე!

In vino veritas! ღვინოშია ჭეშმარიტება კი არადა , In  malo veritas!

უსაფრთხო სკოლა ამერიკაში

by January 30, 2012
დღეს ჩემი ბავშვები პირველად წავიდნენ ამერიკულ სკოლაში. ეს დაწყებითი სკოლაა, რომელიც სახელმწიფოსგან ფინანსდება და ამავდროულად აქვს მართვის ავტონომია. ასეთ სკოლებს აქ ჩარტერული სკოლები ჰქვია, რადგან მათ სახელმწიფოსთან სპეციალური ხელშეკრულება (ჩარტერი) აქვთ დადებული.
ამ სკოლაში ვერ ნახავთ დაცვას ან მანდატურს. სამაგიეროდ კარგად არის გაწერილი ქცევის წესები და მიღებულია უსაფრთხოების ზომები საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებით.
სკოლის ტერიტორიაზე სწავლის დაწყებამდე, დასვენებებისას და სკოლის შემდეგ სპეციალურად შერჩეული მასწავლებლები აკვირდებიან ვითარებას და ეხმარებიან მოსწავლეებს ორგანიზებულ და სწორ ქცევაში.
ქცევის წესებში სხვა, ჩვენთვის უფრო ნაცნობი წესების გარდა წერია, რომ ბავშვები უნდა ცდილობდნენ, რომ თავიანთ თამაშებში ნებისმიერი სხვა მოსწავლე ჩართონ ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება. დისციპლინასთან დაკავშირებით ახსნილია, რომ სკოლა შემდეგ ზომებს მიმართავს:
  • პრობლემის გადაჭრა ზრდასრულის დახმარებით
  • სკოლის ეზოში გასვლის დროის გამოტოვება
  • რეფლექსიის დღიური წერა ან ზეპირად ბოდიშის მოხდა
  • მშობლებთან დაკავშირება
  • მასწავლებლებთან გასაუბრება
  • ადმინისტრაციული ჩარევა
უსაფრთხოების ზომებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება ქართულ სკოლასთან არის ის, რომ საბუთების მიღებისას დეტალურად ჩაიწერეს მშობლების ტელეფონები, სახლის ნომრები და ასევე იმ შესაძლო ადამიანების ტელეფონის ნომრებივისაც შეიძლება საგანგებო ვითარებაში  მშობლების გარდა დაუკავშირდნენ. ასევე ჩაიწერეს იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვისაც აქვს უფლება სკოლიდან ბავშვი გაიყვანოს. 
სკოლაში მიგვატანინეს პატარა პაკეტი, სადაც მოთავსებულია პირველადი ჰიგიენის ნივთები, ფანარი და პეჩენიები. პაკეტში ასევე შედის მშობლების წერილი, რომელებსაც ისინი წერენ თავის შვილებს. ასევე იყო თხოვნა, რომ პაკეტში ჩაგვედო მშობლების ფოტოები. კომფორტის პაკეტს (ასე ეძახიან აქაურები) ის დანიშნულება აქვს, რომ მიწისძვრის ან ხანძრის შემთხვევაში თუ მოსწავლეების სწრაფი გახიზვნა იქნება აუცილებელი, ეს პაკეტი უნდა დაეხმაროს მათ სტრესის დაძლევაში. 
საიტზე დეტალურად არის განმარტებული ის, თუ როგორ მოიქცევა სკოლა ხანძრის ან მიწისძვრის შემთხვევაში და სად უნდა მიაკითხონ მშობლებმა ბავშვებს. 

ბრიტანელი ექსპერტები განათლების რეფორმის შესახებ.

by March 15, 2010
ფოტოზე: დევიდ ჰოპკინსი, სერ მაიკლ ბარბერი, ლენა მილოსევიჩი


არქივიდან:
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს ხელშეწყობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თხოვნით, 2006 წლის ოქტომბერში თბილისში იმყოფებოდნენ განათლების ექსპერტები. სერ მაიკლ მაიკლ ბარბერმა და პროფესორმა დევიდ ჰოპკინსმა შეაფასეს განათლების რეფორმის მიმდინარეობა და სამინისტროს რეკომენდაციები მოუმზადეს.

სერ მაიკლ ბარბერი 1998-2005 წლებში იყო პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის მთავარი მრჩეველი ჯანდაცვის, განათლების, სოციალურ საკითხებში. პროფესორი დავიდ ჰოპკინსი 2002-2005 წლებში იყო ბრიტანეთის განათლების მინისტრის მთავარი მრჩეველი სასკოლო სტანდარტების საკითხებში.
ვიზიტის ფარგლებში ბრიტანელი ექსპერტები შეხვდნენ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრს, მოინახულეს საჯარო სკოლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. ვფიქრობთ, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტების დასკვნები ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების მომდევნო ეტაპების სწორი დაგეგმვის თვალსაზრისით.

დოკუმენტის ორიგინალი
ქართული თარგმანი

რადიო თავისუფლების "ინტერაქტიული დიალოგი" განათლების რეფორმის შესახებ

by February 17, 2010

სტატია განათლების რეფორმის შესახებ

by December 28, 2009
დეკემბრის თვის გაზეთ ახალ განათლებაში გამოქვეყნდა ნიკა სერგიას სტატია განათლების რეფორმის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში პირველი შემთხვევაა, როდესაც სკოლის მოსწავლე მწყობრად და არგუმენტირებულად აყალიბებს საკუთარ სათქმელს.

სტატიის ნახვა შეგიძლიათ აქვე ან შემდეგ ბმულზე

ერთი მეთორმეტეკლასელის ,,სუბიექტური” აზრი განათლების რეფორმაზე, სახელმძღვანელოებზე, რეპეტიტორობასა და სხვა საკითხებზე

შეიძლება, ამ საკითხში დილეტანტი უფრო მეთქმის, ვიდრე კომპეტენტური , მაგრამ ამ წერილის დაწერა იმან გადამაწყვეტინა, რომ ამ თემაზე XII კლასის მოსწავლეზე ბევრად უფრო არაკომპეტენტური ხალხი საუბრობს და თან ისეთი შემართებითა და თავდაჯერებულობით, რომ შეკამათებასაც ვერ გაუბედავ...
ჩვენ, ახლანდელ თაობას, გადასხვაფერების მომენტში მოგვიწია ცხოვრება, რაც, დამეთანხმებით, რომ მტკივნეულია, მაგრამ ამასთანავე საინტერესოც. საინტერესო იმიტომ, რომ შენც, რიგითს, შეგიძლია შენი წვლილი შეიტანო ახალი სახლის დაპროექტებასა და მშენებლობაში, იმიტომ, რომ ეს სახლი სწორედ ახლა, სწორედ შენთვის, სწორედ შენი ხელით შენდება, იმიტომ, რომ სწორედ ამ სახლში უნდა დაპატიჟო მომავალი თაობები. ამიტომ, ახლა დუმილი დანაშაულია, მაგრამ სათქმელი ისე უნდა ვთქვათ, გვესმოდეს, რას ვამბობთ და რას ვაკეთებთ. უნდა გავიგოთ, რომ საკუთარი აზრის ქონა არ არის ყველაფერში ცუდის და ნეგატიურის ძებნა და არც ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაგონილ პირველივე ჭორს დაუჯერო.
პირადად მე ხშირად გავმხდარვარ მოწმე იმისა, რომ ადამიანი, ვისაც თვალითაც არ უნახავს მე-10 კლასის ქართულის სახელმძღვანელო, ამბობს, ილია ჭავჭავაძე სკოლაში არ ისწავლებაო, არადა, ამ სახელმძღვანელოს პირველი ორი ნაწილის მთავარი ძარღვი სწორედ ილიას შემოქმედება და მოღვაწეობაა (ვგულისხმობ თამაზ ვასაძის ავტორობით შექმნილ სახელმძღვანელოს, რომელიც სკოლების უმეტესობამ აირჩია). ბევრი იმასაც ვერ ხედავს, რომ IX კლასში ისევ ისწავლება შუშანიკიც, გრიგოლიც და ,,ვეფხისტყაოსანიც”, თანაც ახლანდელი წიგნი ათჯერ მაინც ჯობია იმას, მე რომ მომიწია სწავლამ, (როგორც აღვნიშნე XII კლასში ვარ შესაბამისად მე ძველებური, ე.წ. ,,ქრესტომატიით” გავიარე IX კლასი) ის რეპლიკები და შეფასებები კი იმის ბრალია, რომ ხალხი საქმეში ჩაუხედავია და მხოლოდ ჭორებზე დაყრდნობით აკეთებს თამამ განცხადებებს.
ზოგი იმასაც ამბობს, ახალი პროგრამა ძალიან რთულია და ჩვენი მოსწავლეები ვერ ძლევენო. მაგალითად, ერთი ღრმად პატივცემული ქალბატონი ამავე გაზეთის ფურცლებზე წერდა, XII კლასის ქართულის სახელმძღვანელოს (იგულისხმება თ. ვასაძის, ნ. მუზაშვილის და ნ. ჩუბინიძის სახელმძღვანელო) ჩვენი მოსწავლეების 10% თუ შეიწავლისო. ჩემი აზრით ეს ტრაგედია სულაც არაა, საქმე ისაა, რომ ახლა უამრავი პროფსასწავლებელი იქმნება, სადაც სწავლა სულაც არ არის ცუდი და სამარცხვინო, ხოლო XII კლასში ყველა არ უნდა ირიცხებოდეს. მაშინ, როცა XII კლასში ისინი ისწავლიან ვისაც წინა კლასების მოსწრების დონე ამის საშუალებას მისცემს, სახელმძღვანელოც მოსწავლეთა უმრავლესობის მიერ დაძლეული იქნება.
ზემოთ სხვისი ზედაპრულობა გავაკრიტიკე და მეც რომ იგივე ,,ცოდვაში” არ ჩავვარდე, მოდი, ცოტა ჩავუღრმავდეთ საკითხებს, იმდენად, რამდნადაც ამას წერილის ფორმატი და გაზეთის ფურცელი მოგვცემს. ავიღოთ ისევ და ისევ მრავალჯერ ნაქებარ-ნათათხარი, უკვე მოწონება-დაწუნება მოსწრებული, XII კლასის ქართულის საკმაოდ სქელტანიანი სახელმძღვანელო. მაგრამ სანამ სახელმძღვანელოს უშუალო შეფასებაზე გადავიდოდეთ და იმას ვიტყოდეთ, პასუხობს თუ არა ის ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს (რომელიც სხვათა შორის მოსწავლეების მიერაა შემუშავებული), კარგი იქნება თუ იმაზე შევთანხმდებით, თუ რას გულისხმობს ეს მიზნები, ანუ იმას დავაზუსტებთ, თუ რა გამოწვევის წინაშე დგას სახელმძღვანელო.
ზემოაღნიშნული ეროვნული მიზნებისა და მარტივი ლოგიკის გათვალისწინებით, ამ სახელმძღვანელოს პროდუქტი, ანუ მოსწავლე უნდა იყოს პიროვნება, ხაზს ვუსვამ, პიროვნება (და არა მეტ-ნაკლები ინფორმაციის შემნახველ-გადამამუშავებელი მანქანა), რომელსაც შეეძლება შექმნას ახალი რამ ნებისმიერ სფეროში, შეეძლება სხვისი აზრის გათვალისწინებით, მაგრამ დამოუკიდებლად ცხოვრება, დამოუკიდებელი აზროვნება, საკუთარი აზრის ცივილიზებული ფორმით პრეზენტირება საზოგადოებისთვის, სხვისი აზრის, კულტურის, რელიგიის, ცხოვრების წესის პატივისცემა, ჰუმანიზმის, საწყის, ძირეულ ღირებულებად აღიარება. აი, სწორედ ეს არის ის მიზნები, გინა ღირებულებები, რომელიც საქართველოს საჯარო სკოლის სახელმძღვანელოს, კონკრეტულ შემთხვევაში XII კლასის ქართულს დაესახა. შეიძლება ვინმეს ამ ჩამონათვალში თვალში დააკლდა ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება. მე ის შეგნებულად გამოვტოვე, რადგან მგონია, რომ ჩვენში დამკვიდრებული მცდარი წარმოდგენის, უფრო სწორად, ინსტინქტის საწინააღმდეგოდ, გამოცდების ჩაბარება კი არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი, არამედ განათლების მიღება. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, უნდა შევიგნოთ, რომ გამოცდების ჩაბარება ერთ-ერთი საშუალებაა განათლების მისაღებად და არა მიზანი. ჩვენ კი მიზანსა და საშუალებას ადგილი შევუცვალეთ ჩვენს ცნობიერებაში და განათლების მიღება (მიზანი) ვაქციეთ საშუალებად ფსევდო-მიზნის _ გამოცდების ჩასაბარებლად. ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ ეროვნული გამოცდები უბრალოდ, მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენს ცხოვრებაში და რომ მის მერეც გრძელდება სიცოცხლე, რომელშიც ბევრად მეტი რამ დაგვჭირდება, ვიდრე გამოცდებისთვის მომზადებაში დაგვჭირდა. ამიტომაც ჩვენ გამოცდებისთვის მზადებაში კი არ უნდა შემოგვესწავლოს რაღაცები, არამედ რაღაცების სწავლაში უნდა შემოგვემზადოს თავი გამოცდისთვის და ამ ორ რამეს შორის დიდი განსხვავებაა. როცა ამას შევიგნებთ, მაშინ ძნელი არ იქნება, ზემოაღნიშნული საღელმძღვანელოს მოწყობის პრინციპი გავიგოთ, რომელიც იმ ზოგადსაკაცობრიო გამოწვევებსაც პასუხობს, რომელიც მოსწავლის წინაშე დგას და ამასთანავე ეროვნული გამოცდებისთვის მზადებაშიც მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი მთავარი წვლილიც შეაქვს. მე შევეცდები ქვემოთ კონკრეტული ადგილები და მახასიათებლები მოვიყვანო სახელმძღვანელოდან, რომლებიც კონტრმაგალითად გამოდგება ამ წიგნის მაკრიტიკებლებისთვის:
დავიწყოთ იმით, რომ წიგნში მრავლადაა უცხოელი ავტორების ნაწარმოებები. ამაზე ბევრმა თქვა, რომ ეს მიმართულია ეროვნულობის წინააღმდეგ, რომ ქართული ლიტერატურის გადაშენება უნდათ და ა.შ. მაგრმ მე მინდა ამ ხალხს ვურჩიო, წაიკითხოს ამავე ავტორების მიერ შედგენილი X კლასის სახელმძღვანელოში შეტანილი ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილი ,,კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი”. თუ ამ კრიტიკოსს ვაჟასი მაინც სჯერა, აღმოჩნდება, რომ ამ წიგნის შემკვეთ-შედგენელი კი არა თვითონ ცდილობს საქართველოს გადაგვარებას. ჩვენ სწორედ მაშინ შევიცნობთ ქართულ ლიტერატურასა და ისტორიას სრულფასოვნად, როცა მას განვიხილავთ მსოფლიო ლიტერატურისა და ისტორიის ჭრილში, როცა საქართველოსა და მის კულტურასა და ისტორიას მსოფლიოს კულტურისა და ისტორიის ნაწილად აღვიქვამთ. ჩვენ სწორედ მაშინ გადავგვარდებოდით და გადავგვარდებით, ჩვენი ქვეყანა რომ დანარჩენ სამყაროს მოვწყვიტოთ და ფიზიკური ან ფსიქოლოგიურ-კულტურული კედლით გამოვყოთ. კედლების აგებისგან მიღებული არცთუ სახარბიელო შედეგების მაგალითების მოძიება კი, ისტორიის ახლო წარსულშიც ადვილად შეიძლება. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თარგმანიც ხომ ლიტერატურის ჟანრია და მისი შეფასებაც ხომ უნდა შეეძლოს საშუალო განათლებამიღებულ ადამიანს?! სახელმძღვანელოში პირდაპირააა მითითებული, რომ მოსწავლე უნდა შეეცადოს ამა თუ იმ უცხო ენიდან ორიგინალის თარგმნას, ნაჩვენებია თარგმანის რამდენიმე ნიმუში და მოსწავლეს მისი შეფასება ევალება. ეს პირველ რიგში დიდი პატივია მოსწავლისთვის და ფსიქოლოგიურადაც ძალზე გამართლებულია, რადგან იგი წიგნის ავტორისგან გარკვეულ ნდობას და დაფასებას ხედავს და მზადაა გაამართლოს მისი იმედები. ის ხედავს, რომ გაიზარდა და ძალა შესწევს სწორად შეაფასოს ესა თუ ის ლიტერატურული მოვლენა.
მოსწავლის ლიტერატურულ ზრდაზე პირდაპირ, გათვლილად მუშაობს წიგნის პირველი ნაწილი, სახელწოდებით ,,მკითხველი”. წიგნის ამ ნაწილში ფაქტიურად სრულყოფილად ყალიბდება ცნობიერებაში მწერლისა მკითხველის ფენომენი, როგორც ერთი სამყაროს წევრების საზოგადოება. ფსიქოლოგიურად აქაც უმნიშვნელოვანესი მომენტია შექმნილი იმით, რომ მთელი რიგი ნაწარმოებებით მტკიცდება ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ კარგი მკითხველი და მწერალი თანასწორნი არიან. წიგნის ამ ნაწილში გაერთიანებული რეზო ყარალაშვილის ესე ,,მხატვრული ნაწარმოების აღქმა” (გვ. 32) კი მოსწავლეს ყველაზე უკეთ აძლევს საშუალებას მკითხველთა ტიპებს შორის საკუთარი იპოვოს, ისწავლოს კითხვის ხერხები და შეძლოს ,,ტკბობისას განსაჯოს და განსჯისას დატკბეს”. ლიტერატურის გაკვეთილების მიზანიც ხომ სწორედ ეს უნდა იყოს და არა ე.წ. საზეპიროების მაქსიმუმის დაზუთხვა. საზეპირო მილიონია, ჩვენ ყველას ვერ მოვერევით, თანაც გამოცდაზე ქულების ნახევარი არა საზეპიროების, არამედ, სულ უცნობი ტექსტების გაანალიზებაზე მოდის. ამიტომ ჯობია თევზის ჭერა ვისწავლოთ და ეს იმის ტოლფასი იქნება, მთელი მსოფლიოს თევზები დაგვეჭიროს, ეს იმას ჰგავს, ფულის საბეჭდ მანქანასა და მილიონს შორის მილიონი რომ აირჩიო. (კარგია მილიონი, მაგრამ ფულის საბეჭდი მანქანა უკეთესია).
ძალზე შორს წაგვიყვანს წიგნის სხვა თავების დეტალური დახასიათებაც. თუმცა, იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ ეს წიგნი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს საკუთარი პასუხი ჰქონდეთ ისეთ ბანალურ კითხვებზე, რომლებიც, სიკვდილის, სიცოცხლის, სამყაროს, სიყვარულის, საკუთარი ,,მეს”, სამშობლოს, სიკეთის და ბოროტების რაობაზე ისმის ხოლმე. ამაზე მგონი, არც არავინ იდავებს. რადგან ეს ყველაფერი იქ საკმაოდ მსუქანი შრიფტით წერია და კარგად ჩანს.
თუმცა, რაც დიდი შრიფტით არ წერია, მაგას ყველა არ უყურებს და დავის საგანიც ხდება, ასეთი რამაა დავალებები, რომლებსაც სახელმძღვანელოს ავტორები გვთავაზობენ. აქ შევხვდებით ყველანაირ დავალებას, რომელიც ითხოვს ყველაფრის წერას, დაწყებული ჩვეულებრივი ესედან, დამთვარებული ლექსითა თუ მოთხრობით. ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საპრეზენტაციო მოხსენებების (გვ.76 544), რეფერატების (გვ. 548), პროექტების (გვ. 103 545) მომზადებას და იმის შეგნებას, რომ წერის ფენომენი არ იწყება და არ მთავრდება თემით ,,ქალთა სახეები ვეფხისტყაოსანში”.
ცალკე თემაა უფრო წვრილი შრიფტით ნაბეჭდი სქოლიოები, რომლებიც ხშირად ენციკლოპედიური ხასიათისაა და ძალიან მოსწავლეს ძალიან ამგვანებს ინტერნეტში მოხეტიალე საკუთარ თავს, როცა ამა თუ იმ სიტყვაზე დაწკაპუნებით სულ ახალ გვერდზე გადადის ახალი ინფორმაციებით _ ვგულისხმობ სქოლიოში ნახსენებ აუარება გამოვნებიან ლიტარატურულ ნიმუშებს, რომლებიც მინიმუმ იმას ახრხებენ, რომ მოსწავლეს (არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ) ,,მგლების” იქით ძალზე საინტერესო ლიტერატურული სამყარო გადაუშალონ.
მოკლედ ეს სახელმძღვანელო პირდაპირ გამომდინარეობს იმ ზემოაღნიშნული მიზნებიდან და, პირიქით, ის მიზნები, თავის მხრივ, ამ სახელმძღვანელოდან გამომდინარეობენ.
და… ბოლოს მაინც ვერ ავუქცევთ გვერდს წიგნის ყბადაღებულ მოცულობას _ ის ხუთასგვერდიანია(!). ისმის რიტორიკული შეკითხვები _ ამდენი როგორ ვასწავლოთ, ამდენი როგორ ვისწავლოთ, ვერ ვასწრებთ, აქეთ მეცადინეობა, იქით სკოლა და ა.შ. თუმცა ამ ყველაფერზე არსებობს მარტივი პასუხი. დავიწყოთ იმის გამეორებით, რომ ჩვენ ერთმანეთში ვურევთ მიზანსა და საშუალებას. ამ შემთხვევაში მიზანი წიგნის დამთავრება კი არაა, არამედ იმ უნარების განვითარება, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, ამისთვის კი წიგნის სრულად გავლა აუცილებელი სულაც არაა. ეს ზღვა მასალა კლასს და მასწავლებელს შეუძლია სურვილის მიხედვით დაახარისხოს და წიგნიდან იმდენი წაიღოს, რამდენი შეუძლია. ნამდვილად არ ვაიგივებ ამ სახელმძღვანელოს ბიბლიასთან, მაგრამ ბიბლიის ბოლომდე გაგება არავის რომ არ შეუძლია, ეს განა იმას ნიშნავს, რომ ეს ღვთიური წიგნი უნდა დავაშინაარსოთ და გაუგებარი, მისტიური ადგილები ამოვშალოთ მანდედან?! ახალი სახელმძღვანელოები სწორედ ამ პრინციპითაა აგებული _ მოსწავლეები ყოველ წელს თავიდან ბოლომდე გადიან ამა თუ იმ მეცნიერებას თავისი ასაკის შესაბამის დონეზე და წიგნიდან იმდენი მიაქვთ რამდენიც შეუძლიათ, ხოლო რასაც წელს ვერ ასწრებენ, მომავალ წელს ისევ გადიან გაღრმავებულად. და ასევე მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, საკითხი, რომელიც ე.წ. ,,მეცადინეობებს” ეხება. ბავშვებს, და ხშირად მასწავლებელებსაც, ის არგუმენტი მოჰყავთ, რომ სკოლის გარდა ,,მეცადინეობებიც” უნდა მოასწრონ. ეს იმას ნიშნავს რომ ისინი სკოლაში ბოლომდე არ იხარჯებიან და ,,მეცადინეობას” მეტ ყურადღებას უთმობენ. მართლაც ჩვენი ახალგაზრდობის უმეტესობას ორი არდაწერილი დავალებიდან ის უფრო აწუხებს, რომელიც ,,მეცადინეობაზე” უნდა მიეტანა, ვიდრე ის, რომელიც სკოლაში ჰქონდა მიღებული, იმ შემთხვეაშიც კი, თუ კლასშიც და მეცადინეობაზეც ერთი და იგივე მასწავლებელი ასწავლის. და რა მოხდებოდა მოსწავლეებს საკუთარი ძალები წლების განავლობაში სასკოლო დავალებებისკენ სრულად რომ მიემართათ და ბოლო წელიწადს არ დალოდებოდნენ? პასუხი მარტივია, მათ ,,მეცადინეობა” არ დაჭირდებოდათ. მე შეგნებულად არ ვიხმარე სიტყვები _ რეპეტიტორობა და რეპეტიცია, იმიტომ რომ ეს ინტერნაციონალური ტერმინები, გამეორებას და გამმეორებელს აღნიშნავს, გამეორება კი მას სჭირდება, ვინც რამეს ვერ იმახსოვრებს. საქართველოს აბიტურიენტთა 98% ,,მეცადინეობს” და მე არ მინდა დავიჯერო, რომ ეს იმან გამოიწვია, რომ ეს 98% უნიჭოა და რაღაცებს ვერ იმახსოვრებს და ამიტომ დადის ,,მეცადინეობებზე”. არა, რეპეტიცია, ანუ გამეორება აქ არაფერ შუაშია, საქმე ისაა, რომ ჩვენ, აბიტურიენტები, ყველაფერს თავიდან ვსწავლობთ, რაც უცილობლად, სკოლის და სასკოლო განათლებისადმი არასწორი დამოკიდებულების შედეგია. ჩვენ რომ მთავრობების, ოპოზიციების, სახელმძღვანელოების და რეფორმების კრიტიკაში დახარჯული დრო, წიგნის კითხვაში გაგვეხარჯა, ჩვენს მშობლებს ათასობით ლარის ფსონად ჩამოსვლა არ მოუწევდათ ჩვენზე ეროვნული გამოცდების ლატარეაში.
არანაკლები მითქმა-მოთქმაა ატეხილი მათემატიკის სახელმძღვანელოთა ციკლის (V_XII კლასები, თ.ვეფხვაძე, თ. გოგიშვილი) გარშემო. აქაც იგივე არგუმენტებია _ სირთულე, სისქე და ა.შ. არადა, იმის გარდა, რომ წიგნი მთლიანად პასუხობს ეროვნული გამოცდებისა და ეროვნული სასწავლო მიზნების მოთხოვნებს V კლასიდან მოყოლებული, ამ წიგნით მოსწავლე იძენს გამოყენებითი მათემატიკისთვის საჭირო აუარება უნარს, დაწყებული საბანკო საქმის წარმათვით და დამთავრებული საგზაო ინჟინერიით. ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ მათემატიკა არ გამოგონილა კვადრატული განტოლების ამოხსნისთვის, ან ცხოვრება არ შექმნილა მათემატიკისთვის, არამედ, მათემატიკა და კვადრატული განტოლება შეიქმნა ცხოვრების გასამარტივებლად. სკოლაში მათემატიკის სწავლა, კვადრატული განტოლების და ტრიგონომეტრიის სწავლასთან ერთად, იმის სწავლასაც გულისხმობს, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი ცხოვრების გასამარტივებლად, ზემოხსენებული წიგნით კი სწორედ ამას ვსწავლობთ. რაც შეეხება ამოცანების სირთულეს, აქ ისინი დალაგებულია მარტივიდან რთულისკენ და თითოეულ პარაგრაფში მოიპოვება ნებისმიერი მოსწავლის მოსწრების დონის შესაბამისი დავალება.
მე მხოლოდ იმ სახელმძღვანელოებს შევეხე, რომლებთანაც პირადად მქონდა შეხება და თანამედროვე სკოლის მხოლოდ რამდენიმე კუთხის ზედაპირული ანალიზი შემოგთავაზეთ და ყველაფერი, რისი თქმაც მინდოდა, რა თქმა უნდა, არ მითქვამს, მაგრამ, მგონი, ძირითადი სათქმელი მკითხველამდე მოვიტანე. მკითხველს კი თუ ეს თემები აინტერესებს (და მე დარწმუნებული ვარ, რომ, რადგან ამ გაზეთს კითხულობს, აინტერესებს), ვურჩევ ქართულის და მათემატიკის სახელმძღვანელოებზე არ გაჩერდეს, აიღოს ისტორიის, უცხო ენის, ქიმიის, გეოგრაფიის საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოები და ჩემი დილეტანტური ანალიზის გარეშეც ადვილად დაასკვნის, რომ ვინც კარგად დაამთავრებს თორმეტ კლასს, სრული საფუძველი ექნება, რომ ცხოვრებაში სხვის ნატკეპნ გზას კი არ გაყვეს, არამედ თვითონ შექმნას რაიმე ახალი, გააჩნდეს საკუთარი აზრი, ოღონდ ჭორებზე კი არა, არგუმენტებზე და ლოგიკაზე დამყარებული. იგივე X-XI-XII კლასის ისტორიის სახელმძღვანელოების კურსით მოსწავლე X კლასში ჯერ სწავლას სწავლობს, ისტორიული წყაროების ანალიზს, მერე კი, XII კლასში უკვე ნამდვილი მკვლევარი ხდება _ მის ხელთ მხოლოდ წყაროებია, დასკვნა კი თვითონ უნდა გამოიტანოს (ვგულისხმობ X კლასის სახელმძღ. (ზ.კიკნაძე, ლ. პატარიძე) XI კლასის სახელმძღ. (ნ. ასათიანი გ. სანიკიძე) და XII კლასის სახელმძღ. (ნ. ახმეტელი, ნ. მურღულია)). ამ ყველაფერზე ვერც კი იოცნებებდა მთელი საბჭოთა და შემდგომი პერიოდის ახლგაზრდობა, ამიტომ, ალბათ, ზემოთ ნახსენები უარყოფითი შეფასებები შეუჩვეველი ლხინის სინდრომს თუ მიეწერება...
და მაინც, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ამ ახალ სახელმძღვანელოებზე, მე მიმაჩნია, რომ ეს წიგნები რეფორმის მთავარი მონაპოვარია. ყველაზე საინტერესო კი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებია, რომლებიც ბავშვების მიერვეა შემუშავებული და ყველა სახელმძღვანელოს ბოლო გვერდზე წერია. სწორედ ამ წიგნების შესწავლის შემდეგ ჩამოყალიბდებიან ჩვენს ქვეყანაში ისეთი მოქალაქეები, რომლებიც, ცოტა არ იყოს, დეფიციტურია დღევანდელ საქართველოში, მოქალაქეები, რომლებიც სიახლეს კრიტიკულად უყურებენ, მაგრამ ისე, რომ არგუმენტად ის არ მოჰყავთ, ადრე უამისოდაც იოლად გავდიოდით ფონსო, მოქალაქეები, რომლებსაც X კლასში ნასწავლი ექნებათ ილიას ,,რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?!” და ეცოდინებათ, როგორ გამოჭედონ დროს და მსოფლიოს მორგებული იარაღი, როგორ მოიგონ ცოდნის ომი, როგორ დაიხურონ საერთაშორისო ქუდი ისე, რომ ქუდს თავიც არ გადააყოლონ...


ნიკა სერგია
ქ.ხობის #2 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე



საშუალო ხელფასების ზრდა 1998 წლის შემდეგ

by December 18, 2009


მონიშნეთ განათლება და გადადით წლიდან წლამდე იმისთვის რომ ნახოთ, თუ როგორ იცვლებოდა განათლების სფეროში საშუალო ხელფასები სხვა სფეროებთან მიმართებაში.

წყარო: სტატისტიკის დეპარტამენტი.

განათლების მინისტრის გამოსვლა დათო პაიჭაძის გადაცემაში 15.12.2009

by December 15, 2009
დავით პაიჭაძესთან გადაცემაში ახალი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იყო.
მან აქცენტები სწორად დასვა შემდეგი მიმართულებებით:
- ნაკლები ბიუროკრატია სამინისტროში და ზოგადად მეტი მაკრო-მენეჯმენტი და ნაკლები ადმინისტრირება.
- მეტი ინფორმაცია მართვისთვის და მშობლებისთვის გადაწყვეტილებების მისაღებად
- მეტი ფინანსური ოპტიმიზაცია სისტემაში
- მოსწავლეების მოტივაციის გაზრდა სკოლებში სასიარულოდ
- მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების სამოტივაციო სისტემის შექმნის აუცილებლობა

საინტერესო და ასევე რთული ახალი იდეებია

- სკოლების ბენჩმარკინგის/"ბრენდინგის" იდეა. ზოგადად ეს კარგი მექანიზმი შეიძლება იყოს სკოლებზე ზემოქმედებისთვის, და განათლების ხარისხის სტიმულირებისთვის
- გამოსაშვები გამოცდები, როგორც მოსწავლეებისთვის სკოლაში სიარულის მოტივაციის ერთერთი სტიმული.
ამ ორივე საკითხთან დაკავშირებით იხ. სხვა სტატია

პრობლემები

ა) ტერმინოლოგიური შეცდომა რამდენად გამოხატავს სისტემის ხედვას: მაგ. "სამეურნეო" საბჭო "სამეურვეოს" ნაცვლად კონცეპტუალური ხედვის ნაწილია თუ უბრალოდ შეცდომა?

ბ) წინააღმდეგობრივი იყო მისი ორი პოზიცია, ერთი მხრივ მიკრო-მენეჯმენზე უარის თქმა სამინისტროს მხრივ, მეორე მხრივ კი ორჯერ ახსენა სწორედ ამ მიმართულებით სახელმწიფოს შესაძლო ფუნქციები. ერთი, ეს არის რესურსცენტრების ჩართულობა სამეურვეო საბჭოებში იმისთვის, რომ სკოლებში ხარჯების ოპტიმიზირება მოხდეს. მეორე მხრივ კი ის მოსაზრება, რომ სამინისტროს შეუძლია რესურსცენტრების მეშვეობით გააკონტროლოს სკოლის დონეზე, თუ როგორ იწერება ნიშნები იმისთვის, რომ კორუფცია აღმოიფხვრას. სამინისტროს შეუძლია შექმნას პირობები იმისთვის, რომ სკოლა დაინტერესებული იყოს ფინანსების ოპტიმიზაციითა და ნიშნების ობიექტურად წერისთვის, და რესურსცენტრები სწორედ პირობების შექმნაში შეიძლება მონაწილეობდეს და არა პირდაპირ რაიმეს განხორციელებაში.

საერთო შეფასება ამ გამოსვლის დადებითია. ძირითადი კონცეპტუალური მიდგომები რიტორიკის დონეზე სწორია. იმედია პოლიტიკისა და პრაქტიკის დონეზე განხორციელებაც ასევე სწორი იქნება.

მეთორმეტე კლასი - ზედმეტი თუ საჭირო?

by March 28, 2009


2008-09 სასწავლო წელს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები პირველად და საყოველთაოდ გადავიდნენ მეთორმეტე კლასში. თორმეტწლიანი სწავლება ზოგიერთ საქართელოს სკოლაში აქამდეც იყო დანერგილი (მაგ. ამერიკული აკადემია თბილისში - სადაც მე ვასწავლიდი წლების განმავლობაში, ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა სპეციალურ სკოლებში), მაგრამ სისტემა ზოგადად თერთმეტწლიან სრულ საშუალო განათლებას გულისხმობდა. 2004 წლის დეკემბერში დაიბეჭდა ეროვნული სასწავლო გეგმის პირველი შავი ვარიანტი, სადაც სისტემა სწორედ თორმეტწლიან განათლების ციკლად იყო წარმოდეგენილი. 2005 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი ზოგადი განათლების შესახებ, რომელმაც დაადგინა 12 წლიანი განათლება და განსაზღვრა ამ სისტემაზე გადასვლის ვადებიც. მიუხედავად ამ დოკუმენტების სკოლებში ფართოდ გავრცელების და თორმეტწლიანი სწავლებისთვის მიძღვნილი არაერთი საინფორმაციო გადაცემით, ბოლო დღეებამდე რჩებოდა ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც არ სჯეროდათ იმის, რომ ამ სისტემის შემოღება მოხდებოდა. 2007 წლის ზაფხულში ჯერ პოლიტიკოსების გარკვეულმა ნაწილმა შეიტანა ეჭვი იმაში, რომ მეთორმეტე კლასის დანერგვა დაგეგმილი სქემის მიხედვით დაინერგებოდა. შემდეგ 2008 წელს გავრცელდა ჭორი, რომ მეთერთმეტე კლასელებს ქართულენოვანი სკოლებიდან ბოლო წუთში ეტყოდნენ, რომ მათ არ დაჭირდებოდათ კიდევ ერთი წელი სწავლა. ბოლოს, 2008 წლის შემოდგომაზე გავრცელდა ჭორი, რომ თითქოს მეთორმეტე კლასი ან პირველი ტრიმესტრის შემდეგ დასრულდებოდა, ან მხოლოდ ერთი წლით დაინერგებოდა და შემდეგ გაუქმდებოდა. მასწავლებლებთან შეხვედრებზე მუდამ გამოითქმის ხოლმე კითხვები იმის თაობაზე, თუ რატომ იყო აუცილებელი მეთორმეტე კლასის შემოღება, ან იმის თაობაზე, თუ რა დადებითი შეიძლება მოუტანოს მოსწავლეებს მეთორმეტე კლასმა. ხშირია წინადადებები იმის თაობაზე, რომ მეთორმეტე კლასი უნდა ემსახურებოდეს უმაღლესში ჩაბარებას, სპეციალიზებულ სწავლებას, გამოცდებისთვის მომზადებას და სხვ. შევეცდებით ამ კითხვებზე მაქსიმალურად დეტალურად ვისაუბროთ და ასევე განვმარტოთ ის მოსაზრებები, რომლებიც ამ სისტემის შემოღების არგუმენტები იყო. მანამდე კი ზოგადად, რომ ჩამოვაყალიბოთ, მეთორმეტე კლასის შემოღებით საქართველოს სახელმწიფომ გადადგა ნაბიჯი უფრო მეტი, უფრო ხარისხიანი, ევროპულ სივრცეში მეტად ინტეგრირებადი, ეკონომიკის ზრდაზე, ეროვნული მთლიანობის გამტკიცებისა და მოქალაქეების ბედნიერებაზე ორიენტირებული განათლების სისტემისკენ.
რატომ 12 და არა 11?

ეკონომიკური ზრდა სახელმწიფოში დამოკიდებულია მნიშვნელოვნად მისი მოქალაქეების განათლებასა და შრომისუნარიანობაზე. საყოველთაო განათლების შემოღების ერთერთი მთავარი მიზანი, სწორედ ეკონომიკურად აქტიური მოქალაქეების აღზრდაა. შესწავლილია მრავალი ქვეყნის მაგალითი და შეგვიძლია დავინახოთ, რომ ზოგადი განათლების ხანგრძლივობა პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკის წარმატებასთან. შუა საუკუნეებში, ადამიანები განათლებას იღებდნენ ძალიან ვიწრო სპეციალობით, ვიწრო მიმართულებით. მაგ. მეწაღის შვილი ბავშვობიდანვე სწავლობდა მეწაღეობას, მჭედლის მჭედლობას და სხვ. ინდუსტრიალიზაციის შემოსვლის შემდეგ, მნიშვნელოვანი გახდა, რომ ადამიანებს მიუხედავად თავიანთი სოციალური წარმომავლობის შესძლებოდათ ნებისმიერ ეკონომიკურ სფეროში გაეგრძელებინათ თავიანთი მუშაობა. მნიშვნელოვანი გახდა ის, რომ ადამიანები ყოფილიყვნენ მობილურები. მათ არ უნდა გაჭირვებოდათ თავიანთი პირველადი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და სხვაგან გადასვლა სამუშაოდ. თავისთავად მუშაობა კი გულისხმობდა უფრო მეტ და მეტ სპეციალიზაციას.

მეოცე საუკუნის ბოლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა მსოფლიო ეკონომიკაში, რამაც საქართველოშიც მოაღწია. ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ გამოიწვია ძველი სამუშაო ადგილების ხშირი გაუქმება და ახალი სამუშაო ადგილების სწრაფი შექმნა. ამან გამოიწვია ის, რომ ადამიანები დღეს გაცილებით უფრო ხშირად იცვლიან საკუთარი დასაქმების სფეროებს ვიდრე ეს მანამდე იყო. რაც უფრო მობილურია საზოგადოება, მით უფრო მეტია ეკონომიკური ცვლილებების მიმართ ადაპტირების უნარი. ხოლო ამ უნარის გამომუშავება უფრო მეტად უნდა ხდებოდეს სკოლაში, ვიდრე ეს აქამდე იყო. დღეს უფრო მნიშვნელოვანი ხდება ზოგადი უნარები, რომლებიც ადამიანს ჭირდება იმისთვის, რომ ადვილად შეიძინოს ნებიემისერი დარგობრივი კომპეტენციები იმისთვის, რომ ადვილად და უმტკივნეულოდ შეიცვალოს სამუშაო ადგილი. მაგ. სწავლის სწავლა, ანუ იმის უნარი, რომ სკოლის შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანს დამოუკიდებლად ან სხვების დახმარებით შეეძლოს რაიმე ახალი კომპეტენციების განვითარება სწორედ სკოლის ასაკში ვითარდება. ეკონომიკის ასეთ გამოწვევისას უფრო მნიშვნელოვანი ხდება რომ ზოგადი განათლება, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და ვიწრო სპეციალიზაცია რაც შეიძლება გვიან დაიწყოს.

ახალგაზრდების ნაწილი სკოლის დამთავრებისთანავე იწყებს მუშაობას. მაშინ, როდესაც მე ვამთავრებდი სკოლას ოთხმოციანი წლების ბოლოს, პრაქტიკულად არცერთი ჩემი თანაკლასელი არ ფიქრობდა იმის შესახებ, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ის დაიწყებდა მუშაობას. აბსოლუტური უმეტესობა ფიქრობდა იმის შესახებ, თუ როგორ ჩააბარებდა უმაღლესში და მხოლოდ უმაღლესის დამთავრების შემდეგ დაიწყებდა შრომას. დღეს, სკოლადამთავრებულების გარკვეული ნაწილი, მიუხედავად იმის, აგრძელებს თუ არა სწავლას უმაღლესში იწყებს მუშაობას. არსებობს მრავალი სფერო, რომელშიც მუშაობისთვის არ არის მოთხოვნილი უმაღლესი განათლება. განსაკუთრებით აქტიურები არიან ახალგაზრდები მომსახურების, ტურიზმის სფეროსა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანი ხდება, რომ სკოლამ მისცეს ახალგაზრდებს საკმარისი უნარ-ჩვევები იმისთვის, რომ ისინი წარმატებულები იყვნენ შრომით ბაზარზე.

მოქალაქეების ბედნიერება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მათ სოციალურ წარმატებაზე. როგორც ზევით აღვნიშნე, ეკონომიკური წარმატებები მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ადამიანის უნარ-ჩვევებსა და ცოდნაზე, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად გააზრებული აქვს ადამიანს არჩევანი, რომელსაც ის ცხოვრებაში აკეთებს. ძველი საგანმანათლებლო სისტემა გულისხმობდა, რომ მოსწავლე 17 წლის ასაკში (და ხშირად უფრო ადრეც) აკეთებდა არჩევანს თუ რა პროფესიის მატარებელი სურდა მას რომ გამხდარიყო. იმ შემთხვევაში თუ ის უმაღლესში აგრძელებდა სწავლას, ის პირველივე კურსიდან იწყებდა კონკრეტული ვიწრო სპეციალობის მიხედვით დახელოვნებას. ძირითადად ხუთი წლის თავზე ის სპეციალისტის დიპლომით გამოდიოდა შრომით ბაზარზე. დღევანდელი სისტემა გულისხმობს ცვლილებას არა მხოლოდ სკოლაში თორმეტწლიანი სისტემის შემოღების კუთხით, არამდე ცვლილებას უნივერსიტეტების სასწავლო გეგმებშიც. უმაღლესები გახდა სამსაფეხურიანი. ბაკალავრიატი შედარებით ზოგად ცოდნას იძლევა, მაგისტრატურა ეხმარება ახალგაზრდას უფრო ვიწრო სპეციალობით დახელოვნდეს ან სწრაფად შეიცვალოს პროფესია ხოლო დოქტორანტურა საფუძველს იძლევა მეცნიერის ჩამოყალიბებისთვის. სკოლიდან უმაღლესში გადასვლისას დღეს უკვე უმეტესობა სტუდენტების ზოგად კურსებს გადის უმაღლესში სწავლის პირველ წელს და მხოლოდ შემდეგ ირჩევს ვიწრო სპეციალობას. ცნობილია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ახალგაზრდები მოგვიანებით ირჩევენ პროფესიას უფრო მეტად არიან კმაყოფილი საკუთარი არჩევანით ვიდრე იქ, სადაც ეს უფრო ადრეულ ასაკში ხდება.

განათლების სისტემა უნდა ემსახურებოდეს ადამიანის აღზრდას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს ფარგლებში იქნება წარმატებული. საქართველოს სკოლადამთავრებულს უნდა შეეძლოს, რომ კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სკოლადამთავრებულს იქნება ეს სამუშაო, თუ მომავალი სწავლა. საქართველოს სკოლადამთავრებულების სულ უფრო მეტი ნაწილი აგრძელებს განათლებას ევროპის უმაღლესებში. იმის გამო, რომ ევროპული ქვეყნების უნივერსიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა მინიმუმ 12 წლიან განათლებას ითხოვს, ქართველ ახალგაზრდებს პრობლემები ექმნებოდათ. მაგ. გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად მინიმუმ ერთი წლის სწავლა იყო სკოლის შემდეგ სავალდებულო უმაღლესში. თორმეტწლიანი სწავლების შემოღებით საქართველოში ეს მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარებულია და საქართველოს სკოლადამთავრებულებს ეს ხელოვნური ბარიერი აღარ ხვდებათ საკუთარი აკადემიური მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად.

საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში მნიშვნელოვანია საქართველოს ერის კონსოლიდაცია საერთო მიზნების, კულტურისა და ღირებულებების კუთხით. საქართველოს მოქალაქეები გარდა იმისა, რომ მათი ინდივიდუალური საჭიროებები და მისწრაფებები უნდა იყოს მაქსიმალურად დაკმაყოფილებული, ერთმანეთთან კომუნიკაციისას მათ არ უნდა უჭირდეთ საერთო ეროვნული კუთვნილების დადგენა. საქართველოს მოქალაქეობა ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნისა, გულისხმობს იმას, რომ ამ მოქალაქეებს ძირითადად საერთო აღზრდა უნდა ჰქონდეთ. საყოველთაო განათლების ერთერთი მთავარი მიზანი გარდა ეკონომიკური და პიროვნული წარმატებებისა ასევე არის ერის მშენებლობა. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში საბჭოთა კავშირის განმავლობაში სულ სხვა ერის შექმნას ემსახურებოდა სკოლა, ხოლო იმ პირობებში, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში მცხოვრები ადამიანების კულტურულ თუ ტრადიციულ მრავალფეროვნებას ყურადღება არ ექცეოდა ერის შექმნასაც სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ასეთ პირობებში ასევე მნიშვნელოვანი ხდება, რომ ის პერიოდი, როდესაც ძირითადად ნაციონალური კულტურის გავრცელება ხდება - ანუ სასკოლო პერიოდი იყოს მაქსიმალურად გრძელი, რადგან ასევე დადგენილია, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი საყოველთაო განათლების ხანგრძლივობასა და ერის შეკავშირებას შორის.
სირთულეები

მეთორმეტე კლასის დანერგვა საქართველოში გარკვეულ სირთულეებთან იყო და არის დაკავშირებული. ეს სირთულეები შეეხოთ მასწავლებლებს, მასწავლებლებს და სახელმწიფოსაც. ძველი სასწავლო პროგრამა უბრალოდ არ გადანაწილდა თერთმეტიდან თორმეტ კლასზე. ახალმა ეროვნულმა სასწავლო გეგმამ შემოიტანა ახალი საკითხები, რომელთა შესწავლა შესაძლებელი გახდა დამატებითი ერთი სასწავლო წლის პირობებში. ზოგიერთ საგანში ეს უმტკივნეულოდ მოხდა, რადგან მასწავლებლები უფრო მეტად იყვნენ მზად ამ სიახლეებისთვის, მეტი განათლება ჰქონდათ ამ სფეროში მიღებული. ზოგ შემთხვევაში სირთულედ მასწავლებლისთვის აღმოჩნდა ის, რომ მას მოუწია ზოგიერთი საგნის ფარგლებში ახალი, მისთვის უცნობი კონცეფციები, ტექსტები თუ სავარჯიშოები შეესწავლა. კარგი მასწავლებლები ამას ადვილად და ხალისით აკეთებენ, რადგან მათთვის თვითგანვითარებაზე ზრუნვა არასოდეს ყოფილა სიახლე.

მასწავლებლების გარკვეული ნაწილისთვის ასევე პრობლემატური აღმოჩნდა მეთორმეტე კლასის ასაკობრივი ჯგუფისთვის სწავლება, რადგან ასეთი გამოცდილება მათ არ ჰქონიათ. მასწავლებლებთან შეხვედრებისას ხშირად გვეკითხებიან, თუ რა წესები არსებობს მაგ. დაოჯახებულ მოსწავლეებთან დაკავშირებით და სხვ. ზრდასრულ ასაკში მოსწავლეები უფრო თამამები არიან, უფრო მეტი ინტერესები აქვთ, უფრო დამოუკიდებლები არიან და შესაბამისად მასწავლებლებისგანაც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებენ.

მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის მეთორმეტე კლასის შემოსვლასთან ერთად სხვადასხვა სირთულე გაჩნდა. თითოეული სასკოლო წელი ნიშნავს მშობლისთვის დამატებით ხარჯებს. ხარჯებში არა მხოლოდ სახელმძღვანელოებისა და მოსწავლისთვის მნიშვნელოვანი სხვა ნივთებისა თუ ტანსაცმლის პრობლება იგულისხმება. ბევრი მშობლისთვის ეს ნიშნავს დამატებით არაფორმალურ გადასახადებს სკოლებში, რაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არსებობს. ასევე გარკვეულ ინვესტიციად აღიქმება ის დრო, როდესაც ოჯახში, რომელიმე წევრი ნაკლებს ან საერთოდ არ მუშაობს იმის გამო, რომ მას უწევს სწავლა.

მოსწავლეების დიდი ნაწილის ერთერთი მთავარი მიზანი, სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესში სწავლის გაგრძელებაა. მოსწავლეებისა და მათი მშობლების გარკვეული კატეგორია ფიქრობს, რომ რაც უფრო ადრე გააკეთებს ახალგაზრდა არჩევანს და რაც უფრო ადრე დაამთავრებს ბაკალავრიატს, მით უფრო წარმატებული იქნება ცხოვრებაში. ეს მოსაზრება მცდარია და ამას მარტივი სტატისტიკური შესწავლაც ადასტურებს. რაც უფრო მეტი წელი აქვს განათლება, მით უფრო მეტია ადამიანის საშუალო შემოსავალი. რაც შეეხება უმაღლესში ჩაბარების ყოველწლიურ ციებ-ცხელებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა მეთორმეტე კლასის წარმატებისთვის.

უმაღლესში მოხვედრა იმდენად რთულია დღეს და იმდენად დიდია რისკი, რომ აბიტურიენტი ვერ მოხვდება სასურველ უმაღლესში, რომ მშობლების დიდი ნაწილი ამჯობინებს დამატებით გაკვეთილებზე სიარულის შესაძლებლობა მისცეს საკუთარ შვილს. რეპეტიტორების მთელი არმია მუშაობს იმაზე, რომ აბიტურიენტმა ისწავლოს ის, რაც წარმატებულს გახდის მას მისაღებ გამოცდებზე. სამწუხაროდ გამოცდების გზით ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების შემოწმების ტექნიკური შესაძლებლობები ახლოსაც ვერ მოდის იმ ცოდნასთან, რასაც სკოლა აძლევს მოსწავლეს. სამაგიეროდ, გამოცდების მნიშვნელობა უმაღლესში სწავლის გაგრძელებისთვის ძალიან მაღალია. შესაბამისად გამოცდების სტრუქტურა და მაღალი რისკი იწვევს იმას, რომ სკოლასთან ერთად იქმნება პარალელური განათლების სისტემა, რომელიც იმის მაგივრად, რომ განათლება მისცეს აბიტურიენტს - ამეორებინებს და ავარჯიშებს მხოლოდ იმ საკითხებში, რაც გამოცდებზე მოეთხოვება. ეს კი დროს არ უტოვებს სკოლის მოსწავლეს იმისთვის, რომ სხვა უნარები შეიძინოს. ამასთან ერთად, რეპეტიტორების ბიზნესი მოწადინებულია ასევე იმისკენ, რომ მშობლები დაარწმუნოს, რომ სკოლა არ აძლევს მათ შვილებს საკმარის ცოდნას, იმისთვის, რომ უმაღლესში ჩააბაროსნ. ამ პრობლემის მოგვარება არ არის დამოკიდებული მხოლოდ გამოცდების შინაარსისა და ტექნოლოგიის შეცვლაზე. არც სკოლაში განათლების ხარისხის ზრდა არის პირდაპირ დამოკიდებული რეპეტიტორობის კლებასთან. ამ ორი მიმართულების გარდა, ძირითადი ერთი მხრივ უმაღლესებში მოხვედრის ალბათობის ზრდაა (რაც დამოკიდებულია უმაღლესებში ადგილების რაოდენობის ზრდასთან), რაც შეამცირებს რისკებს და შესაბამისად დამატებით მომზადების სურვილს. მეორეს მხრივ, კი სკოლების გამართული მუშაობაა შეფასების მხრივ, რაც შესაძლებელს გახდიდა სკოლის ნიშნების გამოყენებას უმაღლესში მიღებისას.

სახელმწიფოს მხრივ მეთორმეტე კლასის დანერგვის კუთხით ერთერთი მთავარი პრობლემა არაქართულენოვანი სკოლები იყო. იმის გამო, რომ არაქართულენოვანი სკოლები რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სახელმძღვანელოებით ასწავლიან, საჭირო იყო ქართული სახელმძღვანელოების თარგმნა ამ ენებზე. ამის გამო, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა ამ სკოლებში ერთი წლით იგვიანებს ქართულენოვან სკოლებთან შედარებით. სწორედ ამის გამო იყო, რომ არაქართულენოვან სკოლების გადასვლა 12 წლიან სწავლებაზე ერთი წლით ჩამორჩა ქართულენოვან სკოლებს. 2007-08 სასწავლო წელს შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნიდა, რადგან გავრცელებული მოსაზრებით მოსწავლეების უმეტესობა ქართულენოვანი სკოლებიდან არაქართულენოვან სკოლებში გადავიდოდა სასწავლებლად. სინამდვილეში, როგორც ხშირად პირადი შთაბეჭდილებების გავრცელებას რეალობაზე არასწორ დასკვნებამდე მივყავართ. რეალურად გადასვლის მაშტაბი ქართულენოვანი სკოლებიდან არაქართულენოვან სკოლაში 10%-ს არ გასცდენია.

სახელმწიფო მე-12 კლასის შემოღებით პასუხისმგებლობას იღებს უფრო მეტი განათლების დაფინანსებაზე საქართველოში. დაახლოებით 50 000 მოსწავლე გადადის მეთორმეტე კლასში, რაც ნიშნავს ამავე რაოდენობის ვაუჩერების შესაბამისი დაფინანსების შესვლას სკოლებში, რაც თავისთავად სერიოზული დაფინანსების ზრდაა ჩვენი ზოგადი განათლების სისტემისთვის. გარდა პირდაპირი დაფინანსების, სახელმწიფოს ამ ერთი კლასის დამატება სხვა მხრივაც უჯდება საკმაო ოდენობის თანხა. დამატებით 50 000 მოსწავლეს ჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა: ჭირდება სასკოლო ინვენტარი, შენობა-ნაგებობები, კომპიუტერული ტექნიკა და სხვ.

მეთორმეტე კლასის დამატებით და შესაბამისად სასწავლო გეგმების ცვლილებით ჩვენი მოსწავლეების უმეტესობა მიიღებს უფრო ხარისხიან, უფრო საჭირო, უფრო მეტ და უფრო თანამედროვე განათლებას. ამ კლასის სრულფასოვანი დანერგვისთვის რა თქმა უნდა დაგვჭირდება რამოდენიმე წელი. ამ წლებში დაიხვეწება სასწავლო გეგმები, მასწავლებლებისთვის ეს სასწავლო გეგმები უფრო ახლობელი და რუტინული გახდება. მოსწავლეების უმეტესობაც შეეჩვევა იმ აზრს, რომ მეტი სწავლა უფრო მნიშვნელოვანია მათი მომავლისთვის. იმედია შემდეგ წლებში დაიხვეწება ასევე გამოცდების სისტემა და ასევე გაუმჯობესდება სასკოლო ინფრასტრუქტურაც. ასეთ შემთხვევაში ჩვენი სისტემა იქნება უფრო თანამედროვე ვიდრე ეს აქამდე იყო.

რეფორმის დღიური

by January 11, 2009
ეს ინტერნეტ დღიური ეხება საქართველოში, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას. შევეცდები რეგულარულად დავწერო ახალი ამბების შესახებ. აგრეთვე იმის შესახებ თუ რა არგუმენტები დგას სხვადასხვა გადაწყვეტილების უკან.

იმედი მაქვს, რომ ბლოგი საინტერესო იქნება თქვენთვის. ეს კი გამოჩნდება კომენტარებში, რომელსაც დაწერთ.

სიკო ჯანაშია
08 თებერვალი 2009 წელი
Simon Janashia. Powered by Blogger.