რა ტიპის ავტონომია ჰქონდათ უნივერსიტეტებს საუკუნის დასაწყისში?

by August 18, 2013
არსებობს მოსაზრება, რომ 2004 წლიდან უნივერსიტეტების ავტონომია შემცირდა. ქვემოთ მოყვანილი ბრძანება ასახავს 2004 წლამდე სახელმწიფოსა და უნივერსიტეტების ურთიერთობის ერთ ნიმუშს, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ იმის შესახებ რამდენად თავისუფალი იყო უმაღლესები საკუთარ გადაწყვეტილებებში. 

საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №101
2000 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უკანასკნელ წლებში გატარებული რეფორმის შემდგომში მხარდაჭერის მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა):
ა) სწავლების საეტაპიანი სისრემის შემოღებასთან დაკავშირებით გადაწყვიტონ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა თანაფარდობის კოეფიციენტის – ერთი დადგენის საკითხი;
ბ) უნივერსიტეტის მეცნიერთა კადრის შენარჩუნების, პროფესორ-მასწავლებალთა და სტუდენტთა ფუნდამენტური სამედიცინო კვლევისა და სამეცნიერო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს 2001 წლიდან აღუდგინონ საბიუჯეტო ორგანიზაციის სტატუსი.
2. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა.ჯორბენაძე) სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან (მ.უკლება) ერთად უზრუნველყოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრები სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი კლინიკური ბაზებით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოს ამორტიზებული სასწავლო თვალსაჩინოებისა და სამედიცინო აპარატურის შეცვლისათვის საჭირო თანხის გამოყოფა.
3. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატს (რ. ხეცურიანი) უფლება მიეცეს საშტატო განაკვეთს დაუწესოს 50-პროცენტიანი დანამატი საქართველოს 2000 წლის ბიუჯეტით მისთვის განსაზღვრული დაფინანსების ფარგლებში, ხოლო შემდგომი წლების ბიუჯეტის ფორმირებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინოს ამ მიზნით შესაბამისი დაფინანსების გამოყოფა.
4. საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ სახელმწიფ პროგრამის დაფინანსება, ქუმანიტარული აქციები და უმწეოთა პროგრამების რეალიზება უპირატესად განახორციელოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკებში.
5. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში დამოუკიდებლად მოამზადოს რეზიდენტები.
6. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და განათლების სამინისტრომ (ა.კარტოზია) განათლების სფეროში 2000-2001 სასწავლო წელს სახელმწიფო დაკვეთის ფორმირებით პროცესში გაითვალისწინონ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯისათვის მოსწავლეთა მისაღებად კონტიგენტი 50 ერთეულის ოდენობით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისას აღნიშნული კონტიგენტის დაფინანსების მიზნით გაითვალისწინოს სათანადო ასიგნებანი.
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურების რესტრუქტურიზაციის გათვალისწინებით საქართველოს 2001 წლის საელმწიფო ბიუჯეტის შედგენისას განსაზღვროს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დაფინანსების ფორმები და მოცულობა.
8. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრთა ვაჟა ლორთქიფანიძემ.
ე. შევარდნაძე

მონაცემების წარდგენის მნიშვნელობა

by August 17, 2013
საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც განათლების სისტემის შესახებ მონაცემების წარდგენა ხდება ვითარების დრამატიზების გზით იმისთვის, რომ ცვლილებების პოლიტიკური საფუძველი შექმნან. ამ მიზნით ხშირად საერთაშორისო კვლევები გამოიყენება. ხშირად გვეუბნებიან, რომ საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა ამ კვლევების მიხედვით მსოფლიოში. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

ილუსტრაციაზე მოცემულია წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში, PIRLS 2011 მონაწილე ქვეყნების ჯგუფები ქულების მიხედვით. თუ რუკას დავაკვირდებით რამოდენიმე რამეს შევამჩნევთ, რომ:
  • ქულების დაჯგუფების ამ გზას თუ ავიღებთ, რაც თავად ამ კვლევის ფარგლებში დაწესებულ ე.წ. ბენჩმარკებს ითვალისწინებს ვნახავთ რომ საქართველო საშუალო 488 ქულით კვლევაში მონაწილე ქვეყნების უმრავლესობის ჯგუფშია 
  • მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა არ იღებს მონაწილეობას ამ კვლევაში
ამ ორი დებულების გათვალისწინებით, იმის თქმა, რომ საქართველო მსოფლიოში წიგნიერების დონით "ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა" საფუძველს არის მოკლებული. 


(ფრჩხილებში მოცემულია ქვეყნების რაოდენობა თითოეულ ჯგუფში)

ხელფასები უნივერსიტეტებში

by July 11, 2013
უმაღლესი განათლების კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების დარეგულირება მოხდება. მაგალითად, რექტორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება, როგორც პროფესორის (სავარაუდოდ იგულისხმება სრული პროფესორი) ხელფასის მინიმუმ 1.15 და მაქსიმუმ 1.35-მაგი ოდენობით.

ამ რეგულაციის მიზანშეწონილობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საპარლამენტო უმრავლესობა იმით ასაბუთებს, რომ მათი განცხადებებით ადმინისტრაციის წევრებს დღეს ბევრად უფრო მაღალი ხელფასები აქვთ ვიდრე პროფესორებს. ხელფასებთან დაკავშირებით სხვადასხვა ციფრი: სხვადასხვა განცხადებით რექტორებს პროფესორებთან შედარებით 5, 10, 20 ჯერ უფრო მაღალი ხელფასი აქვთ.

ჩვენ შევეცადეთ გადაგვემოწმებინა ეს ინფორმაცია სახელმწიფო დაარსებულ უნივერსიტეტებში. ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ ან ამ ბმულზე. მოცემულია პროფესორებისა და რექტორების ხელფასების ინფორმაცია უახლესი ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით.


შენიშვნა: ყველა მონაცემი 2013 წლის არ არის. წყაროები მითითებულია და შეგიძლიათ თავად გადაამოწმოთ. თსუს შესახებ ინფორმაცია სამწუხაროდ თავისუფლად ხელმისაწვდომი ინტერნეტში არ არის. სამედიცინო უნივერსიტეტის მონაცემებში ვერ მოხერხდა პროფესორების ხელფასების მოძებნა. ასევე ვერ მოხერხდა მონაცემების მოპოვება ბათუმის უნივერსიტეტისთვის. მონაცემებში არ არის გათვალისწინებული პრემიები. არც კანონპროექტის მიხედვით იქნება პრემიები დარეგულირებული. ადმინისტრაციისა და პროფესურის მთლიან ხელფასებში იგულისხმება ერთი თვის განმავლობაში ადმინისტრაციული პერსონალისთვის (დეკანების ჩათვლით) და პროფესორებისთვის (ასისტენტი, ასოცირებული და სრული) უნივერსიტეტების მიერ გაღებულ ხარჯებს.

მაია ჩანქსელიანის სტატია უმაღლეს განათლების ხელმისაწვდომობაზე

by July 09, 2013
გამოვიდა მაია ჩანქსელიანი სტატია საქართველოში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ: The financial burden of attending university in Georgia: Implications for rural students (საქართველოში უნივერსიტეტებში სწავლის ფინანსური ბარიერების მნიშვნელობა სოფლის სკოლადამთავრებულებისთვის).

სტატიაში საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა, მისაღები გამოცდები, დაფინანსების სქემა, სწავლის ხარჯები და გაანალიზებულია გეოგრაფიულ ჭრილში სხვადასხვა ტიპის დასახლებული პუნქტებში მცხოვრებ აბიტურიენტებთან მიმართებაში. 2005-2009 წლებში უნივერსიტეტებში ჩამბარებლების შესახებ რაოდენობრივი ინფორმაციისა და დამატებით ინტერვიუების მასალის საფუძველზე ჩანს რომ უმაღლესი განათლების პოლიტიკა განსხვავებულ შესაძლებლობებს ქმნის სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის. ანალიზიდან ჩანს, რომ ქალაქის მაცხოვრებლები უფრო მეტად არიან წარმოდგენილი ე.წ. პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სადაც გადასახადი მეტია. ქალაქის სკოლადამთავრებულები უფრო მეტი ალბათობით მოიპოვებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სასწავლო გრანტსაც. 

სტატია მაია ჩანქსელიანის კვლევის ნაწილია, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაციის დაცვისთვის მომზადდა. მანამდე მაიამ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ფონდ ღია საზოგადოების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაამთავრა მაგისტრატურა ჰარვარდის უნივერსიტეტში. დაბრუნების შემდეგ დაიწყო მუშაობა ამავე სამინისტროში კვლევების დეპარტამენტში, ხოლო შემდეგ ეროვნული პროფესიული სააგენტოს დამფუძნებელ დირექტორად, რომელიც სამწუხაროდ მალევე გაუქმდა.


მსგავს თემაზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი უახლესი კვლევებიც:

ინგლისურად

ქართულად

ჰოვარდ გარდნერი საერთაშორისო რეიტინგების შესახებ

by July 02, 2013

ჯოგური აზროვნების მიღმა

გონება, რომელიც ჩვენ მომავალში აუცილებლად დაგვჭირდება
ჰოვარდ გარდნერი, 2005

როგორც განათლების მკვლევარსა და მწერალს მთელს მსოფლიოში მოგზაურობის შესაძლებლობა მაქვს. განათლების სფეროში გადაწყვეტილების მიმღებებთან საუბრისას საინტერესო, მაგრამ სამწუხარო რამ აღმოვაჩინე. თუ შევაჯამებთ, მთელს მსოფლიოში განათლების ახალი მიზანი შეიძლება აღიწეროს როგორც: მცდელობა რომ გაუმჯობესდეს ან იშვიათ შემთხვევაში შენარჩუნდეს ქვეყნის პოზიცია საერთაშორისო რაოდენობრივ შედარებით კვლევებში, უმეტესად “მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების პროგრამაში” (PISA) ან “მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების კვლევაში” (TIMSS).
თავისთავად ცხადია, რომ არაფერი ცუდი იმაში, რომ რომელიმე საერთაშორისო შედარებაში მაღალი ადგილი გეკავოს არ არის. უდაოა, რომ არის რაღაც რაც შეგვიძლია ვისწავლოთ ისეთი ქვეყნების მაღალი შედეგის მქონე სკოლებიდან როგორიც არის ფინეთი ან სინგაპური. თუმცა რაც უფრო მეტი ვიფიქრე ამის შესახებ, მით უფრო დავრწმუნდი რომ საერთაშორისო შედარებებში გამარჯვება სულელური მიზანია, ხოლო საკუთარი რეიტინგის ამაღლების მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა უბრალოდ წყლის ნაყვა. უკეთესი სარეიტინგო ადგილის მოპოვებაზე ზრუნვის პროცესში, საგანმანათლებლო ლიდერები უყურადღებოდ ტოვებენ განათლების უფრო ღრმა და უფრო მნიშვნელოვან მიზნებს.
მოდით დავიწყოთ იმით, რაც თავისთავად ცხადია. მხოლოდ ქვეყნების მცირე რაოდენობას შეუძლია რომ ლიდერებს შორის იყოს ამ სარეიტინგო შედარებებში. და ისევე, როგორც ოლიმპიური დონის კალათბურთისას, ნარდისას ან ბალეტისას უმეტესი ქვეყანა გაწბილებული დარჩება, ხოლო განათლების მინისტრების უმეტესობას კი გადადგომას ურჩევენ, სანამ ახალი სია გამოქვეყნდება.
შემდეგ, გავიაზროთ ამგვარ საზომით შეფასებისა და სხვა საზომებზე საზოგადოების წარმატებას შორის სუსტი კავშირი. მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისში, მრავალი ამერიკელი ადანაშაულებდა თავის სკოლას ეკონომიკური უძრაობაში და აღფრთოვანებული შესცქეროდა იაპონიის მაგალითს. ნეტა იაპონელი მოსწავლეების იმდროინდელი ტესტების ქულები გვქონოდა. შემდგომ ორ ათწლეულში, იაპონელმა მოსწავლეებმა გააგრძელეს გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მიღება და მიუხედავად ამისა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური წარმეტებები უღიმღამო იყო. ამასობაში, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი განსაკუთრებული ამერიკის სკოლებში არ მომხდარა, ჩვენი საზოგადოება იმავე პერიოდში ეკონომიკურ კეთილდღეობის ზრდას განიცდიდა.
მაშინაც კი, როდესაც ტესტები ჩატარება და მათი დამოწმება კეთილშობილური მიზნებით არის განპირობებული, ხშირად არასასურველ შედეგებს ვიღებთ. ტესტების, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანის გახდომა და ტესტისთვის სწავლების საფრთხეები კარგად დოკუმენტირებულია. შეგვიძლია დავიმოწმოთ მოსწავლეებისა და მასწავლებლების, არაკეთილსინდისიერი ქცევის ან სხვა მხრივ საეჭვო საქმიანობის ნათელი მაგალითები. როდესაც ტესტები ჩვენი საზოგადოებისთვის დომინანტური ხდება, მაშინ შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებს უჩნდებათ მათი გამოსყიდვის სურვილი. მშობლებს, რომლებსაც არ მოსწონთ მათ შვილებზე დამყარებული სატესტო რეჟიმი თავიანთ შვილებს დამოუკიდებელ სკოლებში ათავსებენ ან სახლში აძლევენ განათლებას. აღიარებული ვეტერანი ან ახალბედა პერსპექტიული მასწავლებლები, რომლებსაც თავიანთი კურიკულუმის შედგენა ან ისე სწავლება სურთ, რასაც ტესტები არ ითვალისწინებს, გადადიან კერძო სექტორში ან ტოვებენ განათლების სფეროს.
თუმცა, რამდენადაც მე მაინტერესებს, ყველა ეს კრიტიკა მეორადია. მთავარი მიზეზი თუ რატომაც უნდა ავირიდოთ თავი განათლების მინისტრების “ჯოგური აზროვნება” ის არის, რომ რომელიმე კონკრეტული ტესტის შედეგის გაუმჯობესება როგორც მიზანი საშინელია განათლების სისტემისთვის. დროებითი რიცხვითი შედეგი, სხვადასხვა მიზეზის გამო, მთელი საგანმანათლებლო პროცესის არსებობის მიზანი ხდება. როგორი დამთრგუნველი პერსპექტივაა.
ტესტირებებით დაწყებისა (და ხშირად დასრულების) ნაცვლად, უნდა დავიწყოთ იმით, თუ როგორი აზროვნების მატარებლები გვინდა რომ აღვზარდოთ ჩვენს განათლების სისტემაში. ჩემი გააზრების თანახმად, მომავალში ჩვენ დაგვჭირდება ხუთი სახის აზროვნების კულტივირება გვინდა, როგორც ერი და უფრო მნიშვნელოვანია, როგორც მსოფლიო, წარმატებულები ვიყოთ. ეს მოიცავს შემდეგი სახის გონებას:
·       დისციპლინირებული გონება, რომელსაც შეუძლია კარგად და სათანადოდ ფიქრი მნიშვნელოვანი დისციპლინების ფარგლებში;
·       სინთეზატორი გონება, რომელსაც შეუძლია ინფორმაციის დიდ მოცულობის გაცხრილვა, იმის გადაწყვეტა თუ რა არის მნიშვნელოვანი და მისი გაერთიანება იმგვარად რასაც აზრი აქვს მისთვის და სხვებისთვის;
·       შემოქმედებითი გონება, რომელსაც შეუძლია ახალი კითხვების წამოწევა, ახალი გადაჭრის გზების პოვნა, ჩარჩოებს მიღმა აზროვნება;
·       პატივისმცემელი გონება, რომელსაც შეუძლია ინდივიდებსა და ჯგუფებს შორის განსხვავებების დაფასება, რომელიც მათ გაგებას და მათთან პროდუქტიულად საქმიანობას ეცდება; და
·       ეთიკური გონება, რომელიც აზროვნებს საკუთარი ეგოისტური ინტერესების მიღმა იმის შესახებ თუ როგორი მუშაკი უნდა იყოს და როგორი მოქალაქე უნდა იყოს ადამიანი.

უდაოა, რომ თითოეული ამის მისაღწევად შესაძლებელია სათანადო გზების დასახვა, თუმცა მეეჭვება რომ ფანქრითა და ფურცლით, ან კომპიუტერებით ადმინისტრირებული, მოკლე პასუხიანი რომელიმე ტესტი ამისთვის ადეკვატური ზომაა. მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის: ნებისმიერი ქვეყანა, და ცხადია ისეთი მდიდარი და მნიშვნელოვანი მდგომარეობის მქონე, როგორიც შეერთებული შტატებია, უნდა იწყებდეს განათლების შესახებ დისკუსიებს იმის შესახებ სერიოზული მსჯელობით თუ როგორი ადამიანები გვინდა რომ გვყავდეს და ვიყოთ მომავალში.
და სწორედ ამიტომ მაგონებენ დღეს განათლების მინისტრები მთელს მსოფლიოში ლემინგებს, რომლებიც თავდაჯერებულად, ამაყად და კატასროფულობით შეაბიჯებენ უვიცობის ოკეანეში.

ჰოვარდ გარდნერი არის ჰობსის სახელობის განათლებისა და კოგნიტური ფსიქოლოგიის პროფესორი ჰარვარდის უნივერსიტეტის განათლების სკოლაში.
--------------------------------------- 
მთარგმნელის (ს.ჯ.) შენიშვნა: ამ თემაზე ჰოვარდ გარდნერის წიგნი “მომავლის აზროვნების ხუთი ვარიანი თარგმნილია ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ და უკვე წლებია ელოდება გამოცემას. მეტი ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ იხილეთ აქ.

სტატიის ინგლისური ვარიანტი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.



სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის მოდელები

by April 15, 2013

სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობის მოდელი

შეგიძლიათ ფაილი ჩამოტვირთოთ ამ ბმულზე და თქვენ თვითონ შეიყვანოთ მონაცემები. 

სახელმწიფოს მიერ სახელმძღვანელოების ხარისხის მართვა

by April 11, 2013
როდესაც სახელმძღვანელო იქმნება, მის ხარისხზე არ არის პასუხისმგებელი ცალკეული ავტორი, დიზაინერი, ან ერთი რომელიმე დამკაბადონებელი - არამედ გამომცემლობა. აქამდე ეს ასე იყო. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იყო, რომ შეეფასებინა ეს წიგნი. უკეთესი იყო, რომ ამ წიგნის მთავარი შემფასებელი ყოფილიყო მომხმარებელი - მასწავლებელი, მშობელი, მოსწავლე. მართალია მასწავლებლის პასუხისმგებლობა შეზღუდული იყო, მაგრამ ის მაინც მონაწილეობდა ხარისხის გაუმჯობესებაში - ის (კოლეგებთან ერთად) ირჩევდა სახელმძღანელოებს, რაც მოქმედებდა გამომცემლობების მოგებაზე და შესაბამისად დაინტერესებულს ხდიდა გამომცემელს ხარისხი გაეუმჯობესებინა.

ახალ სქემაში, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო აპირებს რომ თავად იქირავოს ავტორი, დამკაბადონებელი და ა.შ. გამოდის რომ:

  1.  ამოვარდა ხარისხის მართვაში სამი რგოლი:
    • გამომცემლობა, რომელიც ანგარიშვალდებული იყო სახელმწიფოს და მომხმარებლის მიმართ 
    • სახელმწიფო, რომელიც აფასებდა სახელმძღვანელოებს. დღევანდელი სისტემით ვინც ქმნის, ის არის მთავარი შემფასებელიც. 
    • მასწავლებები, რომლებიც აღარ მონაწილეობენ ხარისხის იმგვარ შეფასებაში, რისი შედეგიც იყო ის, რომ მომხმარებლის უკეთესი შეფასების მოსაპოვებლად გამომცემლობა დაინტერესებული იყო, რომ გაეზარდა ხარისხი, მასწავლებლებისთვის შეეთავაზებინა დამატებითი სერვისები (მაგ. ტრენინგი) ან დამატებითი პროდუქტი (მაგ. მასწავლებლის წიგნი). გარდა ამისა, მასწავლებლებს, რომლებიც სამინისტროს რეპრესიულ ზემდგომად აღიქვამენ კიდევ უფრო ნაკლები  მოტივაცია ექნებათ სახელმძღვანელოები ღიად გააკრიტიკონ. 

  2. სახელმწიფოს ნაკლები შანსი ექნება რომ ხარისხზე კრიტიკას (რაც ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში იქნება) უპასუხოს არჩევანის მრავალფეროვნებით. არ მოგწონს ეს წიგნი, აირჩიე სხვა. არცერთი არ მოგწონს - დაწერე ახალი. ახალ სქემაში, კრიტიკოსი არჩევნებს უნდა დაელოდოს. 
  3.  სახელმწიფო, კერძოდ კი პოლიტიკური ორგანო იღებს თავის თავზე იმ ორგანიზაციის ფუნქციებს, და იმ საქმიანობაზე პასუხისმგებლობას, რომლის არანაირი არც გამოცდილება აქვს, არც მანდატი. ანუ განათლების სამინისტრო პოლიტიკის გამტარებელი და შემმუშავებელი ორგანიზაცია კი აღარ არის არამედ დამატებით გამომცემლობაც. 
ვისაც სჯერა, რომ საჯარო მოსამსახურე შეიძლება თან წიგნებს ადგენდეს, თან საკუთარ შედგენილს აფასებდეს, და თან ამ წიგნების გამოყენების პოლიტიკას წარმართავდეს, ის უნდა დაფიქრდეს  საზოგადოებაში შრომის დანაწილების იდეის შესახებ. მრავალი ათასი წლის წინ, ყველა ყველაფერს აკეთებდა ავად თუ კარგად, მაგრამ კაცობრიობამ გაიაზრა, რომ უკეთესია არსებობდეს შრომის დანაწილება, სპეციალიზაცია და ამ შრომის პროდუქტების სამართლიანად ერთმანეთთან გაცვლა შესაბამისი, შეთანხმების საფუძველზე არსებული ეკონომიკური ურთიერთობების საფუძველზე.

რა სიხშირით იცვლება სასკოლო სახელმძღვანელოები?

by April 10, 2013
ხშირად ისმის საყვედური, რომ საქართველოში სასკოლო სახელმძღვანელოები ყოველ წელს იცვლება. ქვემოთ, სქემაზე შეგიძლიათ ნახოთ თუ რამდენად ეფუძნება ეს წუხილი რეალობას.


 
Simon Janashia. Powered by Blogger.