დეცენტრალიზაცია
ინსტიტუციური მოწყობა
საკამათო საკითხი
რამდენიმე მოსაზრება სასკოლო ასაკის დისკუსიასთან დაკავშირებით.
აქტუალურია საკითხი, როგორ უნდა განისაზღვროს სკოლაში მოსწავლის შესვლის ასაკი: 5 წლით, 6 წლით, თუ რაღაც შუალედური შეთანხმებით?
საჯარო დისკუსიებისას ვხვდებით რამდენიმე ტიპის პრობლემას:
- არასწორია, როდესაც ამბობენ, რომ კვლევებით დასტურდება, რომ ხუთი წლის ბავშვები საქართველოში (ან სხვაგანაც) არ არიან მზად სკოლაში სწავლისთვის, ხოლო ექვსი წლის ბავშვები კი მზად არიან. ეს მსჯელობა არასწორია რამდენიმე მიზეზის გამო:
- ვერცერთი კვლევა ვერ დაადასტურებს იმას, რომ არცერთი ბავშვი ხუთი წლის ასაკში არ არის სკოლისთვის მზად და ამავდროულად ყველა ექვსი წლის ბავშვი მზად არის. ნებისმიერი გამართული კვლევა ამბობს, რომ ხუთი წლის ბავშვები საშუალოდ იმაზე ცუდად არიან მზად სკოლისთვის, ვიდრე ექვსი წლის ბავშვები. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თითოეული ამ ასაკობრივი ჯგუფის წევრ ბავშვების რაოდენობა საქართველოში დაახლოებით 50,000-ია მაშინ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ათასობით ხუთი წლის ბავშვი უკეთ არის მზად სკოლისთვის და ვიდრე ათასობით ექვსი წლის ბავშვი.
- მეორე, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა საქართველოს სკოლების დიდი ნაწილი ერთმანეთს ჰგავს, არის სკოლები, რომლებიც უფრო თანამედროვეა მიდგომებში და უფრო მეტად ბავშვზე და არა დადგენილ სტანდარტებზე (მათ შორის ასაკობრივ სტანდარტებზე) ორიენტირებული. შესაბამისად არის სკოლები, რომლებიც უფრო მეტად არის მზად ხუთი წლის, და ასევე ექვსი წლის, ბავშვების მისაღებად ვიდრე სხვები. ამიტომ ისევე, როგორც ბავშვების შემთხვევაში, არ შეიძლება სკოლების მარტივად ერთმანეთთან ხარისხით გაიგივება.
- არასწორია, როდესაც სკოლებში სწავლის დაწყების ასაკის პრობლემა დაყვანილია მხოლოდ ბავშვის შესაძლებლობებისა და პრეტენზიული, ცუდი, "სადღაც რომ ეჩქარებათ ისეთი" მშობლების პრობლემებამდე. პრობლემა კომპლექსურია და მოითხოვს არა მხოლოდ ფსიქოლოგიური განვითარების, არამედ ასევე საზოგადოებაში არსებული კულტურული ნორმების, სოციალური პრობლემებისა და სახელმწიფო პოლიტიკის გათვალისწინებას.
- ვინ იგებს იმით, თუ სკოლაში შეყვანა ადრინდელ ასაკიდანვე იქნება შესაძლებელი? ამით იგებენ:
ა) ის მშობლები, რომლებისთვისაც ბავშვის აღზრდა ეკონომიკურ დანახარჯებს უკავშირდება. მაგალითად, ასეთი სერვისი მომგებიანია მარტოხელა დედისთვის, რომელსაც არ აქვს სხვა რაიმე სოციალურ სერვისზე ხელმისაწვდომობა (ბაღები საქართველოს პერიფერიებზე ცოტაა და რთულად ხელმისაწვდომი). იმის გამო, რომ მას ბავშვის მოვლა უწევს, მისთვის რთულია სამსახურის, თუნდაც ნახევარგანაკვეთიანის, შოვნა.
ბ) ის ბავშვები, რომლებიც შედარებით ღარიბ ოჯახებში იზრდებიან (და ესეთი ოჯახების დიდი ნაწილი სწორედ იქ ცხოვრობს, სადაც სკოლამდელი სერვისები შეზღუდულია) და რომლების განვითარებაზე ზრუნვაც ოჯახის პირობებში საუკეთესოდ არ ხდება. ასეთი ბავშვების განვითარება რაც ადრე დაიწყება მით უკეთესია.
გ) სკოლები, რომლებიც ცდილობენ მოიზიდონ მოსწავლეები ხარისხისა და კურიკულუმის მრავალფეროვნების გაზრდის საფუძველზე. კერძო სკოლების ნაწილი ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ბავშვის მშობელს შესთავაზოს საკუთარი სერვისი, იმისთვის რომ მაქსიმალურად მდგრადი და მომგებიანი გახადოს მისი შემოსავლები. ამის გამო, ეს სკოლები მზად არიან შესთავაზონ მშობლებს უკეთესი პირობები სწავლისა და განვითარებისთვის
დ) მოიგებენ ბავშვები, რომლებიც მართლაც მზად არიან ემოციურად, ინტელექტუალურად, ფიზიკურად და ა.შ. იმისთვის რომ განვითარება იმაზე უფრო კომპლექსურ გარემოში გააგრძელონ, ვიდრე ეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ან სხვაგან არის მათთვის ხელმისავდომი. - ვინ წააგებს ასაკის დაწევით? წააგებენ: ა) ბავშვები, ვინც არ არის მზად სასკოლო ასაკისთვის; ბ) სახელმწიფო, რომელსაც მოუწევს უპასუხოს ადრეული ასაკის მოთხოვნებს და დაიწყოს სკოლების ადაპტირება, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება და სხვ.
ამ პრობლემების გათვალისწინებით, როგორი იქნებოდა ახლანდელზე (და შემოთავაზებულ ასაკის დაწევაზე) უკეთესი სისტემა? უკეთესი იქნება თუ სახელმწიფო შემოიღებს დიფერენცირებულ მიდგომებს როგორც სკოლების, ისე მოსწავლეების მიმართ.
- შემოღებულ უნდა იქნას აკრედიტაციის მექანიზმი, რომელიც განსაზღვრავს, რომელი სკოლა არის მზად მიიღოს ადრეული ასაკის ბავშვები. ამ სისტემით შეიძლება დადგინდეს, სად არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სად არიან მასწავლებლები და სად გამოიყენება. სათანადო სასწავლო მიდგომები იმისთვის რომ 5 ან თუნდაც 4 წლის ბავშვების მიღება მოხდეს.
- უნდა განისაზღვროს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს თუ ვინ არის მზად სკოლისთვის. ეს კრიტერიუმები შეიძლება იყოს ბავშვის ემოციური, ფიზიკური, ინტელექტუალური განვითარება. კრიტერიუმების დასადასტურებლად აუცილებელია გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ ბავშვის პირდაპირი შეფასება, არამედ მისი განვითარებისთვის მანამდე არსებული პირობების შეფასებაც. ასაკი სკოლისთვის მზადყოფნის მხოლოდ ერთი და არა ერთადერთი კრიტერიუმი უნდა იყოს.
- სკოლებს უნდა მიეცეთ თავისუფლება, რომ პირველი რამდენიმე კლასის, ან თუნდაც მოსამზადებელი ჯგუფის ფარგლებში ჰქონდეთ მოქნილი სასწავლო გეგმა, რომლის გათვალისწინებითაც შესაძლოა მრავალფეროვნად განისაზღვრებოდეს სკოლებში წერისა და კითხვის, მათემატიკის შესწავლის განრიგები, თანმიმდევრობა, მეთოდები და სხვ. ასევე უნდა იყოს შესაძლებელი დღის განრიგების მეტად ინდივიდუალიზება სკოლების მიხედვით.
ამ ყველაფრის საფუძველზე ერთი მხრივ შესაძლებელი გახდება, რომ დაკმაყოფილდეს მშობლების საჭიროებები, მეორე მხრივ გათვალისწინებულ იქნას ბავშვის განვითარების თავისებურებები და მესამე მხრივ ხელი შეეწყოს სისტემის განვითარებას, რომელიც უფრო მეტად ინკლუზიური იქნება და ბავშვზე ორიენტირებული, ვიდრე ხელოვნური გარემოსთვის შემუშავებული ასევე ხელოვნური სტანდარტების შესაბამისი.