Showing posts with label უმაღლესი განათლება. Show all posts
Showing posts with label უმაღლესი განათლება. Show all posts

უნივერსიტეტი და დემოკრატია: კურსდამთავრებულები

by April 04, 2019
რუბრიკა - რა გვაქვს სასწავლი სხვებისგან?

რადგან ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვარ, დღეს მე მის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და კურსდამთავრებულთა ასოციაციის დირექტორს ვირჩევ. იხ. მიმაგრებული ფოტო. უნივერსიტეტი მიგზავნის სპეციალურ მეილს, ელექტრონული რეგისტრაციის დეტალებს და მომიწოდებს რომ ჩავერთო ამ პროცესში. 

გესმით ხომ ეს რას ნიშნავს? მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი, რომლის ბიუჯეტი შარშან იყო 5.2 მილიარდი აშშ. დოლარი და რომელიც 47 მილიარდ აშშ. დოლარად შეფასებულ აქტივებს ფლობს, არა მხოლოდ საშუალებას მაძლევს, არამედ ცდილობს ჩამრთოს მის მთავარ მმართველ ორგანოს არჩევნებში.

ჩვენი უნივერსიტეტების უმეტესობაში:
  • სამეთვალყურეო საბჭო არ არსებობს, ხოლო ის საბჭოები, რომელიც არსებობს, რექტორის მიერ დაქირავებული ადამიანებით არის დაკომპლექტებული;
  • კერძო უნივერსიტეტებში რაიმე თანამდებობაზე არჩევნები იშვიათი ხილია; 
  • კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტების მართვაში იშვიათი გამონაკლისების გარდა არანაირი როლი არ აქვთ და 
  • სახელმწიფო უნივერსიტეტებში არა მხოლოდ კურსდამთავრებულები, არამედ მოქმედი სტუდენტები და პროფესურაც კი შემთხვევით იგებენ ხოლმე არჩევნები რომ ტარდება (რექტორის არჩევნებიც კი).

გამოცდები, როგორც განათლების ხარისხის არასწორი ორიენტირი

by October 18, 2015
სასკოლო განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია გავიაზროთ, თუ რატომ არის მისაღები გამოცდები არასწორი ორიენტირი სასკოლო განათლების სისტემის ხარისხის გასაზომად. ასევე მნიშვნელოვანია გავიაზროთ სისტემის ალტერნატიული მიდგომები.

1. სანამ განათლების ხარისხის მთავარი საზომი მისაღები გამოცდების შედეგები იქნება, მანამდე სასკოლო განათლების სისტემა ვერ გახდება, თუნდაც ამ ვიწრო გაგებით, მაღალი ხარისხის განათლების მიმცემი.


როდესაც უმაღლესებში ადგილები და დაფინანსების გრანტების რაოდენობა შეზღუდულია, მაშინ მუდამ იარსებებს წარმატებული და წარუმატებელი აბიტურიენტი. თუ გამოცდაზე წარუმატებლობას სასკოლო განათლების ხარისხის მაჩვენებლად ჩავთვლით, მაშინ ლოგიკურად შეუძლებელი იქნება ეს ხარისხი სისტემის ფარგლებში როდისმე გამოსწორდეს. შეიძლება ერთმა სკოლამ გააუმჯობესოს შედეგი, მაგრამ ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ რომელიღაც სხვა სკოლის შედეგი გაუარესდება.

სკოლა ვერ აკონტროლებს იმას, თუ რას მიიღებს გამოცდაზე მისი სკოლადამთავრებული. ვერც აბიტურიენტი ვერ აკონტროლებს თავის შედეგს. თითოეულის შედეგი კონკურსის სხვა მონაწილის შედეგზეა დამოკიდებული. მისაღები გამოცდის ტესტები შედგენილია ისე, რომ გამოცდამ უზრუნველყოს შეჯიბრი. წელს რომ ყველა სკოლა პირობითად ათასჯერ უკეთ მომზადებულმა აბიტურიენტმა დაამთავროს, და სხვა სისტემაში არაფერი შეიცვალოს, ქულების მიხედვით შარშანდელ მისაღებ კონკურსთან არანაირი განსხვავება არ იქნება. წელსაც ისევ იმდენი "წარმატებული" და "წარუმატებელი" აბიტურიენტი გვეყოლება.

2. სანამ განათლების ხარისხის მთავარი საზომი მისაღები გამოცდების შედეგები იქნება, მანამდე სასკოლო განათლების სისტემა ვერ გახდება ვერც ფართო გაგებით მაღალი ხარისხის განათლების მიმცემი. 

თუ განათლებას განვიხილავთ, როგორც პროცესს, როდესაც ადამიანი პიროვნებად, საზოგადოების წევრად და მოქალაქედ ყალიბდება, მაშინ შეუძლებელია ამას მივაღწიოთ ისეთ სისტემაში, რომელშიც დროის დიდი ნაწილი ამის ნაცვლად ბიუროკრატიის ინტერესებზე იხარჯება. ეს ინტერესია დღეს, რომ მარტივად და "სამართლიანად" გაანაწილდეს ბიუროკრატიის მიერ ხელოვნური და არა არსებითი კრიტერიუმების მიხედვით შეზღუდული საუნივერსიტეტო ადგილები და  ხელოვნურად შეზღუდული დაფინანსების მოცულობა. 

ფართო გაგებით ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა შეუძლებელია ისეთ სისტემაში, სადაც სკოლის მასწავლებელი დაინტერესებული ხდება იმით, რომ გახდეს რეპეტიტორი იმისთვის, რომ ა) საკუთარი დაბალი შემოსავალი შეივსოს და ბ) საკუთარი რეპუტაცია დაიცვას, რადგან ის სწორედ გამოცდებისთვის მომზადებით დაფასდება და არა სწორად აღზრდისთვის ან ფართო უნარების განვითარებისთვის. 

ხარისხიანი განათლება გულისხმობს მრავალფეროვნებას და არა ყალიბში ადამიანების სულიერ ჩამოსხმას. თუ ყველას ერთსა და იმავე ტესტისთვის მოვამზადებთ, მაშინ ადგილი აღარ რჩება მოსწავლეების პიროვნული განვითარებისთვის, რაც პიროვნული არჩევანის გაკეთებას, ინტერესების გაღვივებას, შეცდომების დაშვებასა და ამ შეცდომებზე სწავლასაც გულისხმობს.

3. იმისთვის რომ სკოლამ შეძლოს განათლების უკეთესი ხარისხის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია შეიცვალოს ხარისხის ორიენტირები. 
მოსწავლეს უნდა დაუფასდეს, მათ შორის უმაღლესში მოსახვედრადაც, ფართო ერუდიცია, ყოველდღიური და მრავალწლიანი მუშაობა, ფართო გამოცდილება, ნებისყოფა, პიროვნულ რისკებზე წასვლა, შეცდომების დაშვება, საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა. 

განათლების პოლიტიკა ამ მიმართულებით უნდა დაემყაროს შემდეგ პრინციპებს:

ა) გამოცდების როლის შემცირება 

გამოცდა უნდა იყოს ერთ-ერთი და არა ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი უმაღლესებში მიღების დროს. დანარჩენი შეიძლება იყოს უნივერსიტეტების მიერ დაწესებული კრიტერიუმები, სკოლებში მიღებული შედეგები, სკოლის გარეთ მიღებული გამოცდილება და მიღწევები.

ბ) სკოლების საქმიანობის მრავალფეროვნების წახალისება
სკოლების დირექცია და მასწავლებლები უნდა დაფასდნენ სიმბოლურად, ფინანსურად და მატერიალურადაც, როდესაც მოსწავლეებს ფართო გაგებით ხარისხიან განათლებას აძლევენ. ის სკოლა, რომელიც განსაკუთრებულად ზრუნავს სოციალურად დაუცველებზე არანაკლებ უნდა დაფასდეს მედიის, სახელმწიფოს, საზოგადოების მეშვეობით, ვიდრე ის სკოლა, სადაც ბუნებისმეტყველება განსაკუთრებულად გაძლიერებულად ისწავლება.

იმის ნაცვლად, რომ ტესტების შექმნასა და ადმინისტრირებაზე ყოველწლიურად ათ მილიონ ლარზე მეტი იხარჯებოდეს, ეს ფული უნდა გადანაწილდეს სკოლების განვითარებაზე. ამ ფულით შესაძლებელია მაგალითად ყოველწლიურად საჯარო სკოლებისთვის საშუალოდ 5 000 ლარის მიცემა. ეს ფული შეიძლება დახარჯულიყო სკოლებში ინოვაციური სასწავლო პროცესის, სწავლების მეთოდების, დამატებითი საგნების შემოღების, მოსწავლეების პროექტების დაფინანსების და მრავალი განმავითარებელი იდეის დასაფინანსებლად.

გ) მშობლების წახალისება, რომ ის ფულადი სახსრები, რასაც რეპეტიტორობაში ხარჯავენ მოსწავლეების ფართო განათლებაზე დახარჯონ

 2011 წლის კვლევის თანახმად მშობლები რეპეტიტორობაში იხდიდნენ დაახლოებით 120 მილიონ ლარს. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს თუ შევადარებთ, ეს თანხა არის იმაზე მეტი, რაც საშუალოდ სამი დამატებითი კლასის დაფინანსებისთვის იქნებოდა საჭირო.

მშობლებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ თავისი რესურსი დახარჯონ თავიანთი შვილების სასკოლო პროექტების, იდეების განხორციელების, სამოგზაურო და საწარმოო პრაქტიკის, ბიბლიოთეკების, დამატებით კლუბებში ჩართვის და სხვა განმავითარებელი აქტივობებისთვის. ეს მოხდება მაშინ, როდესაც სკოლები არ დაისჯებიან მშობლების თანხების მოზიდვისთვის; როდესაც იქნება ფართო საზოგადოებრივი კონტროლი სკოლებზე ვიწრო ბიუროკრატიული კონტროლის ნაცვლად; როდესაც იარსებებს სახელმწიფო თანადაფინანსება მოსწავლეების ინტერესების განმავითარებელი კლუბებისთვის, ბიბლიოთკეებისთვის, სამოგზაურო ბანაკებისთვის, სასკოლო გამოგონებებისთვის და სხვ.

9 წლის ამერიკელი სამხრეთელი გოგონას ისტორია

by September 27, 2015

ლეიკვილის ფერმა, 
ბოის, ვირჯინია
12 თებერვალი, 1957

ძვირფასო ბატონო ეიზენჰაურ, 

მე ცხრა წლის ვარ და ვარ თეთრი, მაგრამ სეგრეგაციის შესახებ მრავალი წუხილი მაქვს. რატომ უნდა გრძნობდნენ ადამიანებით თავს ასე თავიანთი კანის ფერის გამო? მე რომ ჩემი სახე შავად შემეღება, არცერთ საჯარო სკოლაში არ შემიშვებდნენ და ა.შ. ჩემი გრძნობები არ იცვლება, მხოლოდ ჩემი კანის ფერი. 

დიდი ხნის წინ, შობა დღეს, იესო ქრისტე დაიბადა. როგორც გახსოვთ, ის დაიბადა სამყაროს გადასარჩენად. არა მხოლოდ თეთრი ადამიანების, არამედ შავის, ყვითლის, წითლის და ყავისფრის. 

ფერადკანიან ადამიანებს შანსი არ ეძლევათ. "მათ კარგი განათლება არ აქვთ", ამბობს მრავალი ადამიანი. მათი ბრალია თუ მათი მამები ისეთი ღარიბები არიან, რომ ადრე ასაკიდანვე გამოყავთ, რომ სამსახური იპოვონ? მოსამზადებელი სკოლების მხოლოდ 2%-ია ფერადკანიანი ხალხისთვის.  

და მერე რა, რომ მათი კანი შავია? მათ აქვთ გრძნობები და რაც მთავარია ისინი ღმერთის ხალხია. 

გთხოვთ, მისტერ ეიზენჰაუერ, გთხოვთ შეეცადოთ და აიძულოთ სკოლებს და სხვა რაღაცეებს, მიიღონ ფერადკანიანი ადამიანები. 

პატივისცემით,

კატარინა დრიუ გილპინი


--------------------------------------------------------------------------

დღეს ეს გოგონა, დრიუ გილპინ ფაუსტი, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი უმაღლესის, ჰარვარდის უნივერსიტეტის რექტორია. 

მასთან საინტერესო ინტერვიუ შეგიძლიათ მოისმინოთ და წერილის ინგლისური ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე

უნარების ტესტის 2014 წლისთვის დაგეგმილი ცვლილება

by January 17, 2014


მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზოგადი უნარების ტესტის ცვლილება იგეგმება. დაგეგმილია რომ გაიზარდოს დავალებების რაოდენობა, რომელზეც სწორი პასუხის არჩევა ხუთი სავარაუდო პასუხებიდან მოხდება და შემცირდება ოთხპასუხიანი დავალებების რაოდენობა.

ცვლილების საჭიროების დასაბუთება ხდება იმით, რომ სასურველია შემცირდეს აბიტურიენტების მიერ შემთხვევითი შემოხაზვის პრინციპით არჩეული პასუხების საფუძველზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შესაძლებლობა.

გთავაზობთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი იყო მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის ალბათობა ერთიანი ეროვნული გამოცდების სხვადასხვა წელს ზოგადი უნარების ტესტის ფარგლებში. 

როგორც ცხრილიდან ხედავთ 2005-2013 წლებში ალბათობა მერყეობს 29.2%-სა და 97.1 პროცენტს შორის. 2014 წელს თუ კომპეტენციის ზღვარი ორი ქულით გაიზრდება და მხოლოდ ხუთ პასუხიანი კითხვები იქნება, ალბათობა შემცირდება 3.9%-მდე.




რა ტიპის ავტონომია ჰქონდათ უნივერსიტეტებს საუკუნის დასაწყისში?

by August 18, 2013
არსებობს მოსაზრება, რომ 2004 წლიდან უნივერსიტეტების ავტონომია შემცირდა. ქვემოთ მოყვანილი ბრძანება ასახავს 2004 წლამდე სახელმწიფოსა და უნივერსიტეტების ურთიერთობის ერთ ნიმუშს, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ იმის შესახებ რამდენად თავისუფალი იყო უმაღლესები საკუთარ გადაწყვეტილებებში. 

საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №101
2000 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უკანასკნელ წლებში გატარებული რეფორმის შემდგომში მხარდაჭერის მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა):
ა) სწავლების საეტაპიანი სისრემის შემოღებასთან დაკავშირებით გადაწყვიტონ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა თანაფარდობის კოეფიციენტის – ერთი დადგენის საკითხი;
ბ) უნივერსიტეტის მეცნიერთა კადრის შენარჩუნების, პროფესორ-მასწავლებალთა და სტუდენტთა ფუნდამენტური სამედიცინო კვლევისა და სამეცნიერო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს 2001 წლიდან აღუდგინონ საბიუჯეტო ორგანიზაციის სტატუსი.
2. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა.ჯორბენაძე) სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან (მ.უკლება) ერთად უზრუნველყოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრები სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი კლინიკური ბაზებით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოს ამორტიზებული სასწავლო თვალსაჩინოებისა და სამედიცინო აპარატურის შეცვლისათვის საჭირო თანხის გამოყოფა.
3. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატს (რ. ხეცურიანი) უფლება მიეცეს საშტატო განაკვეთს დაუწესოს 50-პროცენტიანი დანამატი საქართველოს 2000 წლის ბიუჯეტით მისთვის განსაზღვრული დაფინანსების ფარგლებში, ხოლო შემდგომი წლების ბიუჯეტის ფორმირებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინოს ამ მიზნით შესაბამისი დაფინანსების გამოყოფა.
4. საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ სახელმწიფ პროგრამის დაფინანსება, ქუმანიტარული აქციები და უმწეოთა პროგრამების რეალიზება უპირატესად განახორციელოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკებში.
5. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში დამოუკიდებლად მოამზადოს რეზიდენტები.
6. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და განათლების სამინისტრომ (ა.კარტოზია) განათლების სფეროში 2000-2001 სასწავლო წელს სახელმწიფო დაკვეთის ფორმირებით პროცესში გაითვალისწინონ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯისათვის მოსწავლეთა მისაღებად კონტიგენტი 50 ერთეულის ოდენობით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისას აღნიშნული კონტიგენტის დაფინანსების მიზნით გაითვალისწინოს სათანადო ასიგნებანი.
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურების რესტრუქტურიზაციის გათვალისწინებით საქართველოს 2001 წლის საელმწიფო ბიუჯეტის შედგენისას განსაზღვროს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დაფინანსების ფორმები და მოცულობა.
8. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრთა ვაჟა ლორთქიფანიძემ.
ე. შევარდნაძე

ხელფასები უნივერსიტეტებში

by July 11, 2013
უმაღლესი განათლების კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების დარეგულირება მოხდება. მაგალითად, რექტორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება, როგორც პროფესორის (სავარაუდოდ იგულისხმება სრული პროფესორი) ხელფასის მინიმუმ 1.15 და მაქსიმუმ 1.35-მაგი ოდენობით.

ამ რეგულაციის მიზანშეწონილობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საპარლამენტო უმრავლესობა იმით ასაბუთებს, რომ მათი განცხადებებით ადმინისტრაციის წევრებს დღეს ბევრად უფრო მაღალი ხელფასები აქვთ ვიდრე პროფესორებს. ხელფასებთან დაკავშირებით სხვადასხვა ციფრი: სხვადასხვა განცხადებით რექტორებს პროფესორებთან შედარებით 5, 10, 20 ჯერ უფრო მაღალი ხელფასი აქვთ.

ჩვენ შევეცადეთ გადაგვემოწმებინა ეს ინფორმაცია სახელმწიფო დაარსებულ უნივერსიტეტებში. ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ ან ამ ბმულზე. მოცემულია პროფესორებისა და რექტორების ხელფასების ინფორმაცია უახლესი ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით.


შენიშვნა: ყველა მონაცემი 2013 წლის არ არის. წყაროები მითითებულია და შეგიძლიათ თავად გადაამოწმოთ. თსუს შესახებ ინფორმაცია სამწუხაროდ თავისუფლად ხელმისაწვდომი ინტერნეტში არ არის. სამედიცინო უნივერსიტეტის მონაცემებში ვერ მოხერხდა პროფესორების ხელფასების მოძებნა. ასევე ვერ მოხერხდა მონაცემების მოპოვება ბათუმის უნივერსიტეტისთვის. მონაცემებში არ არის გათვალისწინებული პრემიები. არც კანონპროექტის მიხედვით იქნება პრემიები დარეგულირებული. ადმინისტრაციისა და პროფესურის მთლიან ხელფასებში იგულისხმება ერთი თვის განმავლობაში ადმინისტრაციული პერსონალისთვის (დეკანების ჩათვლით) და პროფესორებისთვის (ასისტენტი, ასოცირებული და სრული) უნივერსიტეტების მიერ გაღებულ ხარჯებს.

მაია ჩანქსელიანის სტატია უმაღლეს განათლების ხელმისაწვდომობაზე

by July 09, 2013
გამოვიდა მაია ჩანქსელიანი სტატია საქართველოში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ: The financial burden of attending university in Georgia: Implications for rural students (საქართველოში უნივერსიტეტებში სწავლის ფინანსური ბარიერების მნიშვნელობა სოფლის სკოლადამთავრებულებისთვის).

სტატიაში საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა, მისაღები გამოცდები, დაფინანსების სქემა, სწავლის ხარჯები და გაანალიზებულია გეოგრაფიულ ჭრილში სხვადასხვა ტიპის დასახლებული პუნქტებში მცხოვრებ აბიტურიენტებთან მიმართებაში. 2005-2009 წლებში უნივერსიტეტებში ჩამბარებლების შესახებ რაოდენობრივი ინფორმაციისა და დამატებით ინტერვიუების მასალის საფუძველზე ჩანს რომ უმაღლესი განათლების პოლიტიკა განსხვავებულ შესაძლებლობებს ქმნის სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის. ანალიზიდან ჩანს, რომ ქალაქის მაცხოვრებლები უფრო მეტად არიან წარმოდგენილი ე.წ. პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სადაც გადასახადი მეტია. ქალაქის სკოლადამთავრებულები უფრო მეტი ალბათობით მოიპოვებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სასწავლო გრანტსაც. 

სტატია მაია ჩანქსელიანის კვლევის ნაწილია, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაციის დაცვისთვის მომზადდა. მანამდე მაიამ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ფონდ ღია საზოგადოების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაამთავრა მაგისტრატურა ჰარვარდის უნივერსიტეტში. დაბრუნების შემდეგ დაიწყო მუშაობა ამავე სამინისტროში კვლევების დეპარტამენტში, ხოლო შემდეგ ეროვნული პროფესიული სააგენტოს დამფუძნებელ დირექტორად, რომელიც სამწუხაროდ მალევე გაუქმდა.


მსგავს თემაზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი უახლესი კვლევებიც:

ინგლისურად

ქართულად
Simon Janashia. Powered by Blogger.