სკოლები და ავტორიზაცია

by June 18, 2017

შეფასება ბევრისთვის საყვარელ საქმიანობას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, გვესმის თუ არა კარგად საკითხის არსი. კონკრეტულ საგნებზე, მოვლენებსა და პროცესებზე მარტივად შეგვიძლია ვთქვათ კარგია თუ ცუდი. მაგალითად, ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაზე მარტივად ვამბობთ რომ ცუდია და არგუმენტად ქუჩის გამოკითხვის შედეგები შეიძლება მოვიყვანოთ, სადაც მოულოდნელი „თავდასხმით“ დაბნეულ ახალგაზრდებს ორაზროვან კითხვებს დავუსვამთ, შედეგებს როგორც კვლევას წარმოვადგენთ და შემდეგ ჩვენი მომავლის ბედკრულობას დავიტირებთ. ცუდი მახასიათებლების კატეგორიას მივაკუთვნებთ ხშირად რეპეტიტორობის ინსტიტუტს, სასერთიფიკატო გამოცდებში ჩაჭრილ მასწავლებელთა რაოდენობას, საერთაშორისო კვლევებისა და სკოლის გამოსაშვები გამოცდების შედეგებს. იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს სკოლის (ან სისტემის) წარმატების საზომი მოგვიანებით ვისაუბრებთ, ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ ქართული კანონმდებლობის თანახმად, ხარისხის გარე შეფასების კიდევ ერთ მექანიზმზე, რომელიც ხშირად მსჯელობის დროს ყურდღების მიღმა გვრჩება.

ქართული კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში არსებობს ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი - ავტორიზაცია, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. ავტორიზაციის მიზანს წარმოადგენს დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება და მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა. პროცესი დაახლოებით 6 წელია მიმდინარეობს და შესაბამისად, საქართველოს ყველა სკოლაში დებულებით გათვალისწინებული სამი სტანდარტი: საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალური და ადამიანური რესურსები უნდა ფასდებოდეს. ამ ეტაპზე ავტორიზაციას მხოლოდ კერძო სკოლები გადიან, რომლებსაც შესაბამისი ეტაპების გავლის შემდეგ, 6 წლის ვადით ენიჭებათ/ან არ ენიჭებათ საქმიანობის უფლება. საჯარო სკოლების ავტორიზაციის ვადა რიგი რეალური მიზეზების გამო 2021 წლამდე გადავადდა, ხოლო სახელმწიფოს დაევალა მათი ეტაპობრივი ავტორიზაცია.

საინტერესოა, რას გულისხმობს ზემოაღნიშნული სტადანდარტები და როგორ წარმოუდგენია სახელმწიფოს ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმის განხორციელება სკოლებში? ფაქტია, რომ 2010 წლის შემდეგ დამტკიცებული სტანდარტები დღემდე არ განახლებულა. გარდა ტერმინოლოგიური უზუსტობებისა, ბევრ კითხვას ბადებს შეფასების ინდიკატორები, რომელსაც ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი თითოეული სტანდარტის ქვეშ მოიაზრებს. მაგ: ბუდნოვანია, რას გულისხმობს შემდეგი ქვესტანდარტი: სასკოლო სასწავლო გეგმა პასუხობს შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მოთხოვნებს და საშუალებას აძლევს მათ შეიძინონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცოდნა, უნარები და ღირებულებები. დაინტერესებულ პირს შეუძლია მხოლოდ ივარაუდოს, რას შეაფასებენ ექსპერტები ავტორიზაციის ვიზიტის დროს სკოლაში, განსაკუთრებით კი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ადამიანური რესურსების ნაწილში. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ვერ იპოვნით რაიმე ტიპის სახელმძღვანელოს, გზამკვლევს სკოლებისათვის ან თუნდაც მეთოდოლოგიურ სარეკომენდაციო მასალებს ექსპერტებისათვის, რომელიც გამჭვირვალე ინფორმაციას მიაწოდებდა ყველა დაინტერესებულ პირს ან აღწერდა, თუნდაც ძალიან მარტივი ენით, შეფასების რა ინდიკატორები და კრიტერიუმები იგულისხმება თითოეული სტანდარტის ქვეშ. საინტერესოა, რატომ ვერ მოახერხა ცენტრმა 2010 წლიდან ამ ყველაფრის ორგანიზება. ინფორმაცია, რომელიც არაა გამჭვირვალე და ყველასათვის ცნობილი, ბევრ კითხვას ბადებს და ტენდენციურობის საფრთხეს აჩენს, იძლევა არათანაბარი მიდგომებისა და პირადი ინტერესების გატარების საშუალებას. ერთადერთი ინფორმაციის მოპოვების გზა ცენტრში კონსულტაციაა, რომელიც ასევე ზეპირი ფორმით შემოიფარგლება.

რაც შეეხება მატერიალურ რესურსებს, ცენტრის საიტზე გამოქვეყნებულია რეკომენდაციები, რომელიც ასევე 2011 წელს არის დამტკიცებული. ბუნდოვანია მაგ. რატომ არის განსაზღვრული სკოლისათვის მინიმალური ფართი 250 კვ.მ. რა გამოცდილებას, არსებული რეალობის ანალიზს თუ რეკომენდაციებს დაეყრდნო ცენტრი, როდესაც მატერიალური რესურსების პარამეტრები დადგინდა სკოლებისათვის. ან არის თუ არა დღეს აქტუალური არსებული სტანდარტი, მაგ. ლაბორატორიის ჩამონათვალი ან კომპიუტერების რაოდენობა.

ინფორმაციის ბუდოვანება ხშირ შემთხვევაში არათანაბარ მიდგომებს იწვევს როგორც ექსპერტებს, ასევე საბჭოს პრაქტიკაში. მაგალითად, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საიტზე არსებული ოქმების ანალიზით შეიმჩნევა, რომ რამდენიმე წლის წინ საბჭო გადაწყვეტილების მიღების დროს დიდ აქცენტს აკეთებდა მატერიალურ რესურსზე, მაშინ როდესაც მომდევნო მოწვევის საბჭოები პროგრამულ ნაწილსა თუ კანონთან შესაბამისობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას (მაგ. მოსწავლეთა ჩარიცხვის საკითხი). საბჭოს პრაქტიკის გაუმჯობესებისა და თანაბარი მიდგომების დამკვიდრების მცდელობად უნდა მივიჩნიოთ სააპელაციო საბჭოების ინსტუტუტის შემოღება, თუმცა მისი მუშაობის შედეგიც მხოლოდ გარკვეული პრაქტიკის შემდეგ შეიძლება შევაფასოთ.

ავტორიზაციის სტანდარტების ანალიზისას შევამჩნევთ, რომ იგი ორიენტირებულია არა შინააარსობრივ, არამედ ფორმალურ შეფასებაზე. იძლევა ინტერპრეტირების საშუალებას, ყოველივე ეს პროცესს ფორმალურს და უსარგებლოს ხდის. მაგალითად, დღეს შეგვიძლია ვიხილოთ რადენიმე სკოლა როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, სადაც დამონტაჟებულია ე.წ. ხის მოძრავი პანდუსები, თუმცა მასზე ეტლით ასვლა ფაქტიურად შეუძლებელია. ამ სკოლების საკითხის განხილვისას საბჭოს სხდომის ოქმში ეს ფაქტი როგორც ხარვეზი დაფიქსირებული არ არის. სავარაუდო მიზეზი ის შეიძლება იყოს, რომ ვიზიტისას ექსპერტმა ჩათვალა, რომ სტანდარტი ფაქტობრივ დონეზე დაკმაყოფილებულია, რადგან პანდუსი არსებობს. აქ ყურადღება არ გამახვილებულა ხარისხზე, ან იმაზე, მოემსახურებოდა თუ არა ეს „დაკმაყოფილებული“ სტანდარტი რეალურად მოსწავლის ინტერესებს. ამ შემთხვევაში ექსპერტი თავისუფალი იყო შეფასებისას, რადგან მას არანაირი დამატებით ვალდებულება არა ჰქონია, რომელიც კონკრეტულად მიუთითებდა აღეწერა არსებული სტანდარტი როგორაა დაკმაყოფილებული ხარისხობრივად. ეს მარტივი და თვალსაჩინო მაგალითი გვაძლებს იმის საშუალებას წარმოვიდგინოთ, როგორი ფორმალური ხასიათი ექნება სკოლების საავტორიზაციო შეფასებას, თუ ექსპერტები მსგავსი მიდგომებით სხვა სტანდარტებსაც შეაფასებენ.

არსებული რეალობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სისტემაში გაჩნდეს პრივილეგირებული ჯგუფები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება სკოლების საავტორიზაციო შეფასების კუთხით და ეს საშუალებას აძლევთ ითანამშრომლონ სხვადასხვა დაინტერესებულ პირებთან, მოამზადონ ისინი ფორმალურ დონეზე ავტორიზაციის ვიზიტისათვის. მსგავსი დაშვებებისა და მსჯელობის საშუალებას მოუწესრიგებელი, ბუნდოვანი სტანდარტები და ზედაპირული, ფორმალური შეფასება იძლევა. ეს ერთგვარი თავისუფალი სივრცე, რომელიც წლების განმავლობაში შეიქმნა, უპირობოდ აჩენს მსგავს შესაძლებლობებს.

კიდევ ერთი შედეგი, რაც გაუმჭვირვალე პროცესმა შეიძლება მოიტანოს კერძო სკოლებში სისტემისადმი ნდობის კლება და დაუცველობის შეგრძნების განცდაა. ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ავტორიზაციის პროცესი ყველა სკოლისათვის დიდ ფინანსურ რისკებთან ასოცირდება. ფულადი სახსრები იხარჯება ასევე სახელმწიფოს მხრიდან, რომლისთვისაც ზოგადი განათლების ხარისხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

უნდა აღინიშნოს, რომ ხარისხის განვითარების ცენტრის საიტზე უმაღლეს და პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით მუდმივად ქვეყნდება სიახლეები და შეინიშნება კონკრეტული აქტივობები, რასაც ვერ ვიტყოდით ზოგად განათლებაზე. ცენტრის საიტზე გამოქვეყნებული წლიური ანგარიშებიც კარგი მტკიცებულებაა იმისა, რომ ზოგადი განათლების კუთხით შინაარსობრივი სამუშაოები ცენტრში აქტიურად არ მიმდინარეობს. ანგარიშებში ძირითადად მხოლოდ სტატისტიკური ინფომაციაა წარმოდგენილი.

მოკლედ რომ შევაჯამოთ შევნიშნავთ, რომ ყველა პროცესი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ბუნდოვანი სტანდარტები იწვევს შეფასების პროცესის ფორმალიზებას, აჩენს ტენდენციურობის საფრთხეს და არაერთგავროვანი მიდგომების გატარების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, იკლებს სკოლებში სისტემისადმი ნდობა, ჩნდება ე.წ. შემოვლითი გზები, უშედეგოდ იხარჯება ფინანსური რესურსები და ვიღებთ რეალობას, სადაც ზოგადი განათლების ხარისხთან არანაირი კავშირი ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმს არ გააჩნია.
ფოტო საიტიდან: http://ecourts.gov.in/odisha/Khordadc

ექსტერნატის სისტემის გაუმართავობა

by June 14, 2017
მშობლების ნაწილს სურს, მათ შვილებმა სტანდარტულისგან განსხვავებული სასკოლო განათლება მიიღონ. სკოლების ნაწილი ცდილობს ამ სურვილს უპასუხოს. ამიტომაც საქართველოში გაჩნდა სკოლები, რომლებიც განსხვავებულ, უმეტესად უცხოეთში აპრობირებულ განათლების პროგრამებს ეფუძნება.1 ასეთი პროგრამების დიდ ნაწილს საქართველოს განათლების სისტემა არ აღიარებს. შესაბამისად სკოლები, ან ზოგ შემთხვევაში სკოლების გარკვეული სექტორები, რომლებიც ამ ტიპის განათლებას სთავაზობენ ავტორიზებულებიც კი არ არიან.2
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ არაავტორიზებული სკოლიდან მოსწავლე გადაწყვეტს ავტორიზებულ სკოლაში გადავიდეს? ის ვალდებულია წარმატებულად ჩააბაროს ექსტერნატის გამოცდები ყველა იმ კლასში და ყველა იმ საგანში, რომელიც აქამდე უნდა გაევლო ეროვნული სასწავლო გეგმით. 
ექსტერნატის სისტემა სრულიად გაუმართავია, რადგან 
  • ხშირ შემთხვევაში ეს სისტემა აიძულებს მოსწავლეებს ჩააბარონ ათობით გამოცდა. მაგ. ერთ მოსწავლეს ზოგ შემთხვევაში 50-მდე გამოცდის ჩაბარება უწევს. 
  • სისტემა არ ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმის ლოგიკას.
ექსტერნის სისტემა ამგვარად მუშაობს: თუ მაგალითად მოსწავლე 5-9 კლასებში სწავლობდა არაავტორიზებულ სკოლაში, მან უნდა ჩააბაროს მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მათემატიკა. 

აქ იბადება რამდენიმე კითხვა
  • თუ ადამიანი მე-9 კლასის მათემატიკის გამოცდას წარმატებით აბარებს, რაღატომ უნდა ჩააბაროს ასევე მე-5 კლასის მათემატიკა? განა მე-9 კლასის მათემატიკის მოთხოვნების დაძლევა არ არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ მას მეხუთე კლასის მათემატიკის მოთხოვნები დაძლეულად ჩავუთვალოთ? ან თუ არის საგანში რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა (მაგ. ლიტერატურაში ან ისტორიაში რაიმე ფაქტობრივი ცოდნის აუცილებლად დადასტურება), მაშინ რატომ არ შეიძლება ეს მოთხოვნაც იყოს გათვალისწინებული ნებისმიერი კლასის ექსტერნის ტესტშივე და რატომ არის საჭირო ცალკე ტესტის ჩაბარების მოთხოვნა ყველა კლასისთვის? რატომ ვაკარგინებთ ჩვენს შვილებს რამდენიმე ათეულ გამოცდის ფორმალურად ჩაბარებაზე დროს?
  • რა მიზანს ემსახურება არაავტორიზებული სკოლებიდან მოსწავლეების ავტორიზებულში გადმოყვანის ასე გართულება? რა გვირჩევნია, რომ ჩვენი შვილები აღიარებული საგანმანათლებლო სივრცის მიღმა იყვნენ? 
  • რატომ უნდა იყოს საგანმანათლებლო სისტემა იმდენად მოუქნელი, რომ საუკეთესო სკოლების მასში ინტეგრირება შეუძლებელი და არასასურველი იყოს?

შენიშვნები
1. ასეთი პროგრამები აქვთ საქართველოში რამდენიმე ყველაზე ძვირადღირებული და პრესტიჟული სკოლებს, მაგალითად როგორიც არის www.newschoolgeorgia.com/ ან www.qsi.org/georgia/grg/
2. შარშან, 2016 წელს ზოგადი განათლების შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც თუ სახელმწიფო ხელშეკრულებას დადებს იმ ორგანიზაციასთან, რომელიც უცხოეთში აღიარებულ პროგრამას ახორციელებს, მის პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტსაც ცნობს. თუმცა, არსად არაა განმარტებული, ჩვენი სტატიის ფარგლებში აღწერილ პრობლემასთან კავშირში, რა უფლებებით სარგებლობენ ამ სკოლების მოსწავლეები, სანამ ისინი დაასრულებენ სწავლას. 
Simon Janashia. Powered by Blogger.