გამოქვეყნდა ჟურნალ ”ლიბერალში”
მაშინ, როცა რუკა ვერ ხდება ტერიტორია
22 ივლისი, 2010
2011 წლიდან ატესტატის მისაღებად მოსწავლეებს
დაახლოებით ათ საგანში მოუწევთ გამოცდის წარმატებით ჩაბარება. ამ გადაწყვეტილების მიღების
მიზეზად მთავრობამ - მოსწავლეების მობილიზების ხელშეწყობა, სწავლის მოტივაციის, მოსწავლეების
ცოდნის ხარისხისა და მოცულობის გაზრდა დაასახელა. ამ მიზნების მისაღწევად გამოცდების
სისტემის გამოყენება უტოპიური და არაკომპეტენტური გზაა.
იმისთვის, რომ
გავარკვიოთ თუ რამდენად მოემსახურება ეს გამოცდები ქართველი მოსწავლეების ცოდნის,
უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებას, უნდა გავიაზროთ ამ გამოცდის ფორმატი
და შინაარსი.
განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, მოსწავლეს გამოცდაზე მოუწევს
"მინიმალური კომპეტენციის ზღვარის" გადალახვა, იმისთვის, რომ
დაადასტუროს საკუთარი მზადყოფნა სკოლის ატესტატის მისაღებად.
რა შეიძლება
იგულისხმებოდეს მინიმალური კომპეტენციების ზღვარში? პასუხის საილუსტრაციოდ
მინისტრი ხშირად ამბობს, რომ გამოცდებზე მოსწავლეს დასჭირდება მათემატიკური
ოპერაციების შესრულებაში იმგვარი კომპეტენციის ფლობა, როგორიც მაგალითად 80-ის
ხუთი პროცენტის გამოთვლისთვის არის საჭირო. ასევე ითქვა ისიც, რომ ეს გამოცდა
უზრუნველყოფს, რომ მოსწავლე, რომელმაც არ იცის, თუ რა იწვევს ბუნებრივი სეზონების ცვლას,
ვერ მიიღებს ატესტატს.
ერთი შეხედვით,
მშვენიერი იქნება, თუ ატესტატის ყველა მფლობელს ექნება ამგვარი კომპეტენციები.
ასევე საუცხოო იქნებოდა, გამოსაშვები გამოცდები ამ კომპეტენციების მიღწევას
მართლაც რომ უწყობდეს ხელს. იმის დასაჯერებლად, რომ მოსწავლე, რომელსაც პროცენტის
გამოთვლა არ ეცოდინება, ატესტატს ვერ აიღებს, ის უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ
უზრუნველყოფს გამოცდის ფორმატი ამას.
წარმოიდგინეთ
მოსწავლე, რომელიც მათემატიკაში გამოსაშვებ გამოცდას აბარებს. დავუშვათ, რომ
ტესტზე ორმოცდაათი კითხვაა. მათ შორის არის ერთი, ორი ან სამი, რომელიც პროცენტის
გამოთვლას ეხება. იმ შემთხვევაში, თუ ტესტზე დაწესებულია გამსვლელი ქულა (მაგ.
სწორი პასუხების 50%), მაშინ დასაშვები ხდება, რომ მოსწავლე, რომელსაც არ
ეცოდინება პროცენტის გამოთვლა, სხვა ცოდნის საფუძველზე, ე.წ. მინიმალური კომპეტენციის
ზღვარს მაინც გადალახავს. ერთადერთი გზა, რომლითაც ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ
ტესტირების ფარგლებში წარმატებულ მოსწავლეს ეცოდინება პროცენტის გამოთვლა, ის
არის, რომ კონკრეტულ შეკითხვაზე სწორი პასუხების გაცემა იყოს სავალდებულო და არა
გამსვლელი ქულის გადალახვა. აპირებს ასეთი მოთხოვნების შემოღებას სახელმწიფო
გამოსაშვებ ტესტებზე? სავარაუდოდ - არა!
იმის დასადგენად, თუ
რამდენად უზრუნველყოფს გამოცდა განათლების მინიმალურ ხარისხს ან ცოდნას,
მნიშვნელოვანია ტესტის შინაარსიც შევისწავლოთ. თვალსაჩინოებისთვის გადავხედოთ
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ "2011
წლის ატესტატის მინიმალური კომპეტენციის პროგრამას" ისტორიაში. გთავაზობთ
მცირე ექსპერიმენტს. სანამ სტატიის კითხვას გააგრძელებთ, გამოიცანით,
ჩამოთვლილთაგან რომელი საკითხები არ იქნება გათვალისწინებული მინიმალური
კომპეტენციების დასადგენი სკოლის დამამთავრებელი ტესტის ფარგლებში?
1. ძველი ეგვიპტის
ცივილიზაცია
2. ძველი
შუამდინარეთის ცივილიზაცია
3. ძველი ინდური და
ჩინური ცივილიზაციები
4. მეზოამერიკული
ცივილიზაციები
5. ხალხთა დიდი
გადასახლებები
6. ოტომანთა იმპერია
7. შუა საუკუნეების
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები
8. მსოფლიო რელიგიები
9. მეცნიერებისა და
ტექნოლოგიების განვითარება
10. სახელმწიფოების
მოწყობის მოდელები
11. ისტორიული
წყაროები, მათი ანალიზი და ინტერპრეტირება
12. ისტორიული
კვლევის დაგეგმვა და განხორციელება
თუ ფიქრობთ, რომ
რომელიმე ეს საკითხი შესულია ე.წ. "მინიმალური კომპეტენციების
სტანდარტში", ცდებით. გამოსაშვებ ტესტში საკითხები ამ თემების შესახებ არ
იქნება. სამაგიეროდ, არის შესული 39 დასახელების სხვა საკითხი. მაგალითად,
სკოლადამთავრებულმა გამოცდაზე უნდა დაადასტუროს, რომ იცის - ვინ იყო ფარსმან ქველი
და მურვან ყრუ. ამავე დროს მას არ სჭირდება იმის გამოვლენა, რომ იცის, ვინ იყო
რამზესი, შარლემანი, კოლუმბი ან იმის ცოდნა, თუ რა განსხვავება და მსგავსებაა
მონარქიასა და დემოკრატიას შორის. როგორ შეიძლება ეს გამოცდა
კომპეტენტურობის საზომი იყოს, თუ მოსწავლეს ასეთ მნიშვნელოვან ცოდნის დადასტურებას
არ ვთხოვთ?
ერთი შეხედვით
გამოცდის შინაარსობრივი ნაკლის პრობლემის გადაჭრა მარტივია. დავამატოთ ეს
საკითხები საგამოცდო პროგრამას, და ყველაფერი მოგვარდება. თუ რაიმე გამოგვრჩება,
მომავალში მათაც აუცილებლად დავამატებთ. შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ გამოსაცდელ
საკითხთა წრე მუდმივად გავაფართოვოთ. კაცმა რომ თქვას, თუ გამოსაშვები გამოცდების
იდეის ავტორებს დავეთანხმებით, გამოცდა ხომ სწორედ ცოდნას განაპირობებს და რასაც
შევიტანთ გამოცდაზე, ის ეცოდინებათ ჩვენს მოსწავლეებს.
ეს მიდგომაა სწორედ
უტოპიური. განათლების სისტემა ამ გზით ვერაფერს მიაღწევს. სამაგიეროდ, ასე,
შესაძლოა, რეალობაში გავაცოცხლოთ ბორხესისა და ლუის კეროლის ნაწარმოებებში
აღწერილი სასაცილო ვითარება, როდესაც კარტოგრაფები რუკის სიზუსტის გასაზრდელად სულ
უფრო მეტად დეტალიზებულს ხდიან მას. საქმე ბოლოს იქამდე მიდის, რომ რუკა 1:1
მასშტაბის ხდება და თითქმის ზუსტად იმეორებს ლანდშაფტს. ასეთი რუკა აზრს
კარგავს, რადგან პრაქტიკულად გამოუსადეგარია.
ასევე შეიძლება
დამთავრდეს ჩვენი მცდელობა, რომ იმის ნაცვლად, რომ რუკა ნავიგაციისთვის
გამოვიყენოთ, ლანდშაფტის შეფასების მთავარ ინსტრუმენტად განვიხილოთ. ბუნების
გასაცნობად რუკა არასოდეს იქნება საკმარისი, ისევე როგორც ტესტი ვერასოდეს იქნება
მოსწავლის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგების მთავარი საზომი. ტესტი ვერც მისი
კომპეტენტურობის საწყაო იქნება, რადგან კომპეტენცია ნიშნავს კონკრეტული ამოცანის
შესრულებისათვის საჭირო უნარს. იგი მოიცავს უნარების, ცოდნისა და ქცევის
ერთობლიობას (განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისთვის - ავტ.).
ცხოვრებისეული
პრობლემებისა და ამოცანების ნაირგვაროვნება კი ისევე შეზღუდულად შეიძლება ავსახოთ
ტესტში, როგორც ბუნებრივი მრავალფეროვნება რუკაზე.
ერთი მხრივ, იდეის
ავტორები მართლები არიან. ტესტი იმით განსხვავდება რუკისგან, რომ მას იმის შეცვლა
შეუძლია, რასაც ის აღწერს. არ სჭირდება მოსწავლეს აცტეკებისა და ინკების შესახებ
ცოდნა, რადგან ეს მინიმალურ კომპეტენციებში არ შედის. არც იმის ცოდნა სჭირდება, თუ
რა არის იუდაიზმი. არც იმის ცოდნა სჭირდება, თუ როგორ უნდა გაარკვიოს ისტორიული
წყარო ავთენტურია თუ არა, რადგან ეს საკითხები გამოცდაზე არ იქნება. სამაგიეროდ,
მოსწავლეს შევუწყობთ ხელს, რომ ის საკითხები "ისწავლოს", რაც გამოცდაზე
იქნება. ეს მიდგომა კი იმას ჰგავს, რომ ისეთი რუკა შევქმნათ, რომელიც, თავისი
შეზღუდულობის გამო, ბუნებრივ გარემოსაც უბიძგებდეს შეზღუდულობის, მაგრამ
გაზომვადობისა და სტანდარტიზებულობისკენ. სამაგიეროდ, ასეთი რუკა არასდროს
მოგატყუებთ და ისევე, როგორც გამოსაშვები გამოცდებით გამყარებული ატესტატი, მხოლოდ
"ჭეშმარიტ" ინფორმაციას მოგაწვდით.