განათლების უხილავი კავშირები - როგორ იქმნება საზოგადოება

by May 16, 2019
აქ მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ როგორ დაუკავშირდა ერთმანეთს ორი ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წყალობით.


ზედა ფოტოზე თქვენ ხედავთ ცნობილ მეწარმეს და მეცენატს, დავით სარაჯიშვილს და მასთან შეკრებილ საზოგადოებას. ქვევიდან მეორე რიგში, ქალებითა და ბავშვებით გარშემორტყმული ივანე კვეზერელი-კოპაძე ზის, მასპინძლის კომპანიონი, ნათესავი და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი. ის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და შემომწირველი იყო. სხვა საქმეებთან ერთად, მან კავკასიაში, თბილისში პირველი უნივერსიტეტის გახსნის დაფინანსებაშიც მიიღო მონაწილეობა. 

ქვედა ფოტოზე, მარჯვნივ, სენაკის სკოლის მასწავლებელი ნიკო ჯანაშიაა. ის ასევე წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო. ის სენაკიდან სოხუმში გადავიდა, საზოგადოების იქაურ განყოფილების მდივნად მუშაობდა და ახლადდაარსებულ სკოლას ხელმძღვანელობდა. 



ამავე ფოტოზე, ზევით, შენობის კარში დგას ნიკო ჯანაშიას შვილი, სიმონ ჯანაშია. 

როდესაც ნიკო ჯანაშია გარდაიცვალა, მისმა მეუღლემ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ფინანსური დახმარება სთხოვა. საზოგადოება რამდენჯერმე დაეხმარა ნიკოს ოჯახს (600, 5000 და 10000 მანეთით). 

წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ საკუთარი ყოფილი წევრის შვილს, სიმონ ჯანაშიას ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა. სიმონი თბილისში ჩამოვიდა სასწავლად, ჩააბარა ახლადგახსნილ უნივერსიტეტში, გახდა მეცნიერი, დაოჯახდა და გაუჩნდა ორი შვილი. 

ნიკო ჯანაშიას შვილიშვილმა, ლაშა ჯანაშიამ ცოლად მოიყვანა თინა კაპანაძე, რომელიც ივანე კვეზერელი-კოპაძის შვილისშვილის შვილი იყო. ვინ იცის, ივანე და ნიკო წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები რომ არ ყოფილიყვნენ, ერთი მეცენატი და მეორე განმანათლებელი, იქნებ არც უნივერსიტეტი შექმნილიყო, არც სიმონს ჰქონოდა თბილისში სწავლის სახსრები და შემდეგ არც მამაჩემსა და დედაჩემს გაეცნოთ ერთმანეთი. იქნებ ამდენი წლის შემდეგ, არც მე გამჩენოდა ინტერესი განათლების მიმართ. 

სიკო ჯანაშია,
15.05.2019 
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების 140 წლისთავზე.

Simon Janashia. Powered by Blogger.