უნივერსიტეტი და დემოკრატია: კურსდამთავრებულები

by April 04, 2019
რუბრიკა - რა გვაქვს სასწავლი სხვებისგან?

რადგან ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვარ, დღეს მე მის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და კურსდამთავრებულთა ასოციაციის დირექტორს ვირჩევ. იხ. მიმაგრებული ფოტო. უნივერსიტეტი მიგზავნის სპეციალურ მეილს, ელექტრონული რეგისტრაციის დეტალებს და მომიწოდებს რომ ჩავერთო ამ პროცესში. 

გესმით ხომ ეს რას ნიშნავს? მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი, რომლის ბიუჯეტი შარშან იყო 5.2 მილიარდი აშშ. დოლარი და რომელიც 47 მილიარდ აშშ. დოლარად შეფასებულ აქტივებს ფლობს, არა მხოლოდ საშუალებას მაძლევს, არამედ ცდილობს ჩამრთოს მის მთავარ მმართველ ორგანოს არჩევნებში.

ჩვენი უნივერსიტეტების უმეტესობაში:
  • სამეთვალყურეო საბჭო არ არსებობს, ხოლო ის საბჭოები, რომელიც არსებობს, რექტორის მიერ დაქირავებული ადამიანებით არის დაკომპლექტებული;
  • კერძო უნივერსიტეტებში რაიმე თანამდებობაზე არჩევნები იშვიათი ხილია; 
  • კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტების მართვაში იშვიათი გამონაკლისების გარდა არანაირი როლი არ აქვთ და 
  • სახელმწიფო უნივერსიტეტებში არა მხოლოდ კურსდამთავრებულები, არამედ მოქმედი სტუდენტები და პროფესურაც კი შემთხვევით იგებენ ხოლმე არჩევნები რომ ტარდება (რექტორის არჩევნებიც კი).

ცინიზმი განათლების სახელით - ია კერზაიას საქმე

by February 08, 2019
განათლების და ა.შ. სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა, პოლიტიკურად მოტივირებული წერილის საფუძველზე შეამოწმა ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლა და მისი დირექტორის, ია კერზაიას გათავისუფლება მოითხოვა სამეურვეო საბჭოსგან. ია კერზაიას და მისი შვილის განცხადებით, ეს შემოწმება მას მას შემდეგ გაუგზავნეს, რაც ის არ დათანხმდა საარჩევნო პროცესში ჩართვაზე. ამ პროცესში ია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ის გარდაიცვალა.

ამ ამბავში უამრავი უსამართლობაა, მაგრამ აქ მხოლოდ ერთზე შევჩერდები: - ამ პროცესში მონაწილე ინსპექტორების პასუხისმგებლობაზე და იმ ცინიზმზე რასაც მათ საქციელში ვხედავთ. ინსპექტირების დასკვნაში, დირექტორის პასუხისმგებლობის დაყენების საფუძვლად დაედო ის, რომ სკოლაში, რომელსაც წყალი არ მიეწოდებოდა, ტუალეტები გაუმართავი და მოუწესრიგებელი იყო. სკოლის დირექტორმა შემოწმებამდე მიმართა ხელისუფლებას ამ პრობლემის გამოსწორების მიზნით, მაგრამ ეს ინსპექტირებამ არ გაითვალისწინა. ადამიანს სახელმწიფო სჯიდა იმისთვის, რაზეც თავად სახელმწიფოა პასუხისმგებელი. 

ქვემოთ ხედავთ წარწერას, რომელიც განთავსებული იყო განათლების და ა.შ. სამინისტროს ტუალეტზე. ეს წარწერა პირადად ვნახე სამინისტროს იმ ფლიგელში, სადაც ინსპექტირების ჯგუფი მუშაობს, იქ სადაც ისინი ყოველ დღე დადიან, მათი სამუშაო მაგიდებიდან სულ რამდენიმე მეტრში. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ადამიანმა, რომლის სამსახურშიც ტუალეტის კარზე ასეთი განცხადებაა გამოკრული, სუფთა სინდისით, სხვა დაწესებულების ხელმძღვანელის დასჯა მოითხოვოს იქ, ტუალეტში სანიტარული პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო. 



ფოტო ჩემი გადაღებულია, 2018 წლის 5 დეკემბერს. 

დამატებით წაიკითხეთ აქ. 

ხუთი პრინციპი განათლების პოლიტიკის გასაჯანსაღებლად

by January 08, 2019

ამ ჩანაწერში მინდა სამსჯელოდ ხუთი პრინციპი შემოგთავაზოთ, რომელიც განათლების პოლიტიკას საქართველოში გააჯანსაღებდა.

1. ორიენტაცია განვითარებაზე
საქართველოს განათლების სისტემა დიდი ხარისხით ვერ დაკვეხნის. ეს პრობლემაა. თუმცა, ამაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ეს სისტემა იმდენად ნელა ვითარდება, რომ ამ ვითარების გაუმჯობესებისთვის პერსპექტივები არც ახლო და არც შორ მომავალში არ ჩანს. 

განათლების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს განათლების სისტემის განვითარება. ამის წინაპირობაა იმის გააზრება, რომ დღევანდელი ვითარება არის გუშინდელი პოლიტიკის შედეგი და არა ცალკეული დირექტორების, მასწავლებლების და ა.შ. არასათანადო სპონტანური ქცევებით არის გამოწვეული. 

განათლების პოლიტიკის გადაწყვეტილებები განვითარების პრიორიტეტის ჭრილიდან უნდა შეფასდეს. უნდა შეფასდეს, კონკრეტული გადაწყვეტილება რა მიმართულებით გამოიწვევს განვითარებას ან განვითარების შეფერხებას. 

2. ღირებულებებზე დაყრნობით მართვა
განვითარება მხოლოდ დადებით განვითარებას არ გულისხმობს. შეიძლება სისტემა არასწორი მიმართულებითაც განვითარდეს. ამიტომ, განათლების პოლიტიკის თითოეული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანიასხვადასხვა ღირებულების გათვალისწინებით შეფასდეს. ასეთი ღირებულებებია: ხარჯთ-ეფექტურობა, შედეგიანობა, სამართლიანობა, ინკლუზიურობა, არჩევანის თავისუფლება და სხვ. 

გადაწყვეტილების მიღებამდე გამართული ამგვარი დისკუსიები, საშუალებას მისცემს საზოგადოებას დაინახოს, რომ რთულია და ზოგ შემთხვევაში კი შეუძლებელია ყველა ღირებულების გათვალისწინებით იდეალური გადაწყვეტილების მიღება. მეორე მხრივ, ამგვარი დისკუსია საშუალებას იძლევა წინასწარ განისაზღვროს შემოთავაზებული გადაწყვეტილების ძლიერი და სუსტი მხარეები. 

3. ბარიერების შემცირება
განათლების სისტემის განვითარება თუ გვსურს, მისი განვითარებისთვის ბარიერების რაოდენობა მინიმალური უნდა იყოს. განვითარებისთვის ასეთი ბარიერებია ბიუროკრატიული, ფინანსური, სოციალური, კულტურული და სხვ.

მაგალითად კარგი სკოლის განვითარებისთვის სკოლის ცუდი გამოსაშვები გამოცდები ან უმაღლესებში მისაღები ცუდი სისტემა ბარიერია. ეს სისტემები სასკოლო საზოგადოების ინტერესს გამოცდების დაძლევისკენ მიმართავს, მოსწავლეებში მრავალმხრივი კომპეტენციების განვითარების ნაცვლად. მრავალი სკოლა კარგავს შესაძლებლობას, რომ საინტერესო ადამიანები მოიწვიონ ბავშვებთან შეხვედრების ჩასატარებლად, რადგან მათ სამინისტროს ნებართვის მისაღებად ლოდინი ჭირდებათ. კარგი სკოლები უმალავენ სამინისტროს, როდესაც გრიფირებულ სახელმძღვანელოებზე უკეთესი წიგნებით ასწავლიან. 

სისტემის განვითარებისთვის არსებული ბარიერები გარკვეული რეგულარულობით (მაგ. 2 ან 5 წელიწადში ერთხელ) უნდა შეფასდეს. ამ შეფასების შედეგი ამ ბარიერების შემცირების ან ზოგ შემთხვევაში სრულიადაც გაუქმებისკენ მიმართული გადაწყვეტილებები უნდა იყოს. 

4. განვითარების წახალისება
განვითარების პრიორიტეტის მიმართულებით სკოლების ინიციატივებს წახალისება ჭირდება. მაგალითად, სკოლები უნდა წახალისდეს რომ ჰქონდეთ მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები, მოიზიდონ უფრო კომპეტენტური მასწავლებლები, გამოიყენონ ან შექმნან საკუთარი ან საზოგადო გამოყენების საგანმანათლებლო რესურსები.

მაგალითად: თუ სკოლას შეუძლია ეთიკური გზებით დამატებითი ფინანსური სახსრების მოძიება, საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ამისთვის მისი დირექტორი უნდა შევაქოთ, ხოლო თუ ამ პროცესში ის საბუღალტრო შეცდომებს უშვებს ამისთვის ტრენინგზე უნდა გავუშვათ და არა სამსახურიდან დავითხოვოთ. 

5. მრავალფეროვნების გათვალისწინება
საქართველოს განათლების სისტემა აერთიანებს არაერთგვაროვანი გამოცდილების, შესაძლებლობებისა და მოტივაციის მქონე სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებს, მშობლებს, გადაწყვეტილების მიმღებებსა და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებს. განსხვავებულია სისტემის შემადგენელი ელემენტების პრობლემები და მიღწევები. 

ამიტომაც საჭიროა, რომ განათლების სისტემაში გადაწყვეტილებები დიფერენცირებულად მიიღებოდეს სკოლებში არსებული განსხვავებული შესაძლებლობებისა და მოტივაციის გათვალისწინებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელმწიფო პოლიტიკა არ უნდა იყოს მიმართული სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტების ერთი წამლით მკურნალობაზე.


შენიშვნები
* შეიძლება ვინმემ იკითხოს, სად ჩანს ამ პრიორიტეტებში მოსწავლე, ბავშვი და ა.შ. რა თქმა უნდა თითოეული ეს პრიორიტეტი სწორედ მოსწავლეების საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ეს ჩვეულებრივი ტრუიზმია და ამიტომაც აქ ამაზე აქცენტი არ გამიკეთებია. 
** ეს პრინციპები ურთიერთდაკავშირებულია. თუ ბარიერს ვაწესებთ, მაგრამ ამავდროულად ამ მიმართულებით წახალისების მიდგომებს ვიყენებთ, ეს წყალში გადაყრილი ძალისხმევაა. მაგალითად: თუ სახელმწიფო სკოლის დირექტორისგან ლიდერობის უნარების გამოვლენას ელის, მაგრამ მის ყველა ნაბიჯს აკონტროლებს და შეცდომებისთვის სჯის, მაშინ მისგან ნამდვილი ლიდერი ვერ დადგება. თუ ბარიერს ვუხსნით იმ სკოლას, რომელსაც ამ ბარიერის გამოყენების შესაძლებლობა არ აქვს, ეს არ ნიშნავს რომ ის ამ თავისუფლებას აუცილებლად გამოიყენებს.
*** საკმარისი იქნება ამ პრინციპების გამოყენება, რომ სისტემა განვითარდეს? ცხადია მხოლოდ ეს პრინციპები ვერ განავითარებს ვერანაირ სისტემას. თუმცა კითხვას დავსვამდი ამგვარად - რამდენად აუცილებელია ამ პრინციპების გათვალიწინება განვითარებისთვის? ამ შემთხვევაში პასუხი უფრო დადებითი იქნებოდა ვიდრე უარყოფითი. 

Simon Janashia. Powered by Blogger.