Showing posts with label მოკლე ჩანაწერი. Show all posts
Showing posts with label მოკლე ჩანაწერი. Show all posts

განათლების მინისტრი რომ ვიყო და ზედმეტი 400 000 ლარი მქონდეს

by August 12, 2017


  1. საშუალოდ ასი სკოლის ბიბლიოთეკას 4 000 ლარის ღირებულების წიგნებით მოვამარაგებდი;
  2. საშუალოდ 20 სკოლას 20 000 ლარის კომპუტერულ ტექნიკას განვუახლებდი;
  3. მინიმუმ 50 სკოლას 8 000 ლარით წავახალისებდი რათა მასწავლებლებისათვის   სასიამოვნო გარემო და ადამიანური ღირსების შესაფერისი სამუშაო ოთახი (ე.წ. სამასწავლებლო) მოეწყოთ.
  4. მინიმუმ რამდენიმე მაღალმთიანი სკოლისათვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდების საკითხებზე ვიმუშავებდი;
  5. დავაფინანსებდი პროექტებს სკოლებისათვის (მასწავლებლების, დირექტორების, მოსაწავლეებისა და მშობლების მიერ ინიცირებულს), რომლებიც მინიმუმ ერთი არსებითი და კონკრეტული პრობლემის გადაჭრას დაისახავდა მიზნად;
  6. დავაფინანსებდი რამდენი ასეული სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისათვის საზაფხულო ბანაკს, სადაც მოსწავლეებს იმ კომპეტენციების გაძლიერებაში დაეხმარებოდნენ, რაც სკოლაში ვერ შეძლეს;
  7. მინიმუმ რამდენიმე ათეული მასწავლებლისთვის დირექტორისათვის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას დავაფინანსებდი;
  8. მაღალმთიან რეგიონებში ახალგაზრდა მასწავლებლების დასაქმების ინიციატივას წავახალისებდი (ან ასეთი მასწავლებლის არარსებობის შემთხვევაში მათ მოძიებაზე ან არსებული კადრის გადამზადებაზე ვიმუშავებდი);
  9. მაღალმთიან და მცირეკონტიგენტიან სკოლებში სპეც. მასწავლებლების მუშაობას გავაძლიერებდი;
  10. რეგიონებში მინიმუმ რამდენიმე ათეულ  სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის სპეციალური რესურსებით აღჭურვილ ოთახებს მოვაწყობდი;
  11. არაქართულენოვან სკოლებში ახალგაზრდა მასწავლებლების კონტიგენტს მინიმუმ 40 მასწავლებლით გავზრდიდი და მათ მუშაობას წავახალისებდი;
  12. არაქართულეონოვან სკოლებში მოსწავლეთა სამოქალაქო აქტვობის გაზრდის მიზნით სათემო პროექტებს დავაფინანსებდი;
  13. არაქართულენოვან სკოლებში ვიმუშავებდი მოსწავლეებთან რომ გააცნობიერონ, რატომ არის საჭირო ქართული ენის კარგად ცოდნა. 


მაგრამ იმ შემთხვევაში თუ შემოდგომა ახლოვდება, ხოლო საქართველოს მთავრობას ვერ ეხმარება გლეხებს მოსავლის რეალიზაციაში, ჭრაჭუნა ფერადი ქაღალდით შევფუთავდი ამ თემას, დავაწერდი „ჯანსაღი კვება“ და ყველა სკოლას სადაც 1000-ზე მეტი ბავშვი სწავლობს, კვირაში ერთხელ დავურიგებდი ვაშლებს, თითო ცალს ყველა მოსაწავლისათვის. ამით წინასაარჩევნოდ ყველა ვიხეირებთ! აბა  კიდევ ხომ არ ვნახავთ კადრებს თუ როგორ ატანს გამწარებული გლეხი მთელი წლის მოსავალს მდინარეს?
რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში წინასწარ ვიცი,  რომ იმ სკოლებში სადაც ამ საკრალურ ციფრზე ნაკლები მოსწავლეები არიან ვაშლები არ უყვართ, ან უბრალოდ საკუთარიც ბევრი აქვთ. კარგი იქნებოდა ჩემი პოზიცია კვლევებითაც გამემყარებინა. მაგალითად აღმენიშნა „ბრიტანელი მეცნიერების“ მიერ დადგენილი ფაქტი, რომ ქართულ სკოლებში (განსაკუთრებით მაღალკონტიგენტიან სკოლებში) რაღაც სასწაულის წყალობით კვირაში ერთი ცალი ვაშლი უწყობს ხელს მოსწავლეებში სწორი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას. 2030 წელს კი სწორედ ამ სამოთხის ვაშლების წყალობით აღზრდილი ათლეტური, ფიზიკურად ჯანსაღი და კერკეტი თაობა დამაფასებდა, ყველა დაინახავდა როგორ ვღვრიდი ცრემლსა და ოფლს ქართული ზღაპრების ანალიზში, შემდეგ აქედან ამოღებული არქეტიპების განათლების სისტემასთან შერწყმაში და ესეც რომ არ ვიკმარე  ბერძნული მითოლოგიის განხეთქილების ვაშლი ქართველი მოსწავლეებისათვის უკვდავების ოქროს ვაშლად ვაქციე!

In vino veritas! ღვინოშია ჭეშმარიტება კი არადა , In  malo veritas!

სკოლის დირექტორების არჩევნების დინამიკა

by August 30, 2014
თბილისის საჯარო სკოლებში დირექტორების არჩევნები პირველად 2006-07 სასწავლო წელს ჩატარდა. მაშინ პრაქტიკულად ყველა სკოლაში კონკურსში დირექტორობის მსურველი სამი კანდიდატი ყავდა სამეურვეო საბჭოს ასარჩევად.

წელს კიდევ ერთხელ ტარდება დირექტორების არჩევნები. სკოლების დიდ ნაწილში (დაახლოებით 60%-ში) სამეურვეო საბჭოების წინაშე მხოლოდ ერთი კანდიდატია. (აქ შეგიძლიათ ნახოთ კანდიდატების განაწილება)

იბადება კითხვა, რა მოხდა ამ წლებს შორის, რასაც შეეძლო გამოეწვია კანდიდატების რაოდენობის შემცირება, ანუ ალტერნატივების არარსებობა სკოლების დიდ ნაწილში?

მინდა გამოვყო ორი ფაქტორი, რომელსაც სავარაუდოდ შეეძლო ემოქმედა ამ ცვილილებაზე:

ა) შეიცვალა კონკურსის პირობები, რის თანახმადაც კანდიდატების სკოლებში განაწილება სამინისტროზეა დამოკიდებული. მანამდე, კანდიდატების 20% თავად ირჩევდა სასურველ სკოლას, ხოლო დანარჩენები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ნაწილდებოდნენ სკოლებში.

ბ) სავარაუდოდ საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობამ წინა წლებთან შედარებით დაკარგა მიმზიდველობა. ამის მიზეზები შეიძლება იყოს საგანმანათლებლო სისტემის მართვის არსებული პოლიტიკა (ნაკლები თვითმართველობა, დირექტორების წინა კონკურსის დისკრედიტაცია, ცვალებადი წესები, დირექტორების სამაგალითო და მიკერძოებული დასჯები, ნაკლები მარკეტინგული კამპანია კადრების კონკურსში მოსაზიდად და ა.შ.), შეზღუდული ფინანსური სარგებელი, ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობების გაჩენა და ა.შ.

მართლაც ეს ორი ფაქტორი იყო თუ არა გადამწყვეტი კონკურსში კანდიდატების რაოდენობის უარყოფითი მიმართულებით ცვლილებისთვის ამას კვლევა ჭირდება. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ სხვა უკეთესი ახსნა ვერ მოეძებნა ამ ცვლილებას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ჰიპოთეზას ნოყიერი საფუძველი აქვს.

სახელმძღვანელოების ფასების რეგულირების "წარმატების" შესახებ

by September 14, 2011
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2011 წელს გრიფირების ახალი წესის შემოღებამდე დადო პირობა, რომ არცერთი ახალი გრიფირებული სახელმძღვანელო 2011-12 სასწავლო წელს 10 ლარზე მეტი არ ეღირებოდა. 2011-12 სასწავლო წლის დაწყების წინ მინისტრი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სახელმძღვანელოს ფასი 10 ლარს არ აღემატება. ეხლა კი ვნახოთ რა ღირს გამომცემლობა ინტელექტის მაგ. 3-ე, 4-ე, 5-ე კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოები. ისინი გაყოფილია 2 ნაწილად და ერთად საშუალოდ ღირს 16.5 ლარი. იხ. ილუსტრაციები ქვემოთ.
აქედან რამოდენიმე კითხვა:
ა) რამდენად ღირს სახელმწიფოსგან იმ ვალდებულების საკუთარ თავზე აღება, რისი განხორციელებაც არ შეუძლია?
ბ)  რა ზიანი მოაქვს განათლების რეფორმისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან მცდარი ინფორმაციის გავრცელებას?
გ) ყველა გამომცემლობას აქვს სახელმძღვანელოს 10 ლარზე მეტად გაყიდვის უფლება თუ მხოლოდ ზოგიერთს?




რადიო თავისუფლების "ინტერაქტიული დიალოგი" განათლების რეფორმის შესახებ

by February 17, 2010

განათლების მინისტრის გამოსვლა დათო პაიჭაძის გადაცემაში 15.12.2009

by December 15, 2009
დავით პაიჭაძესთან გადაცემაში ახალი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იყო.
მან აქცენტები სწორად დასვა შემდეგი მიმართულებებით:
- ნაკლები ბიუროკრატია სამინისტროში და ზოგადად მეტი მაკრო-მენეჯმენტი და ნაკლები ადმინისტრირება.
- მეტი ინფორმაცია მართვისთვის და მშობლებისთვის გადაწყვეტილებების მისაღებად
- მეტი ფინანსური ოპტიმიზაცია სისტემაში
- მოსწავლეების მოტივაციის გაზრდა სკოლებში სასიარულოდ
- მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების სამოტივაციო სისტემის შექმნის აუცილებლობა

საინტერესო და ასევე რთული ახალი იდეებია

- სკოლების ბენჩმარკინგის/"ბრენდინგის" იდეა. ზოგადად ეს კარგი მექანიზმი შეიძლება იყოს სკოლებზე ზემოქმედებისთვის, და განათლების ხარისხის სტიმულირებისთვის
- გამოსაშვები გამოცდები, როგორც მოსწავლეებისთვის სკოლაში სიარულის მოტივაციის ერთერთი სტიმული.
ამ ორივე საკითხთან დაკავშირებით იხ. სხვა სტატია

პრობლემები

ა) ტერმინოლოგიური შეცდომა რამდენად გამოხატავს სისტემის ხედვას: მაგ. "სამეურნეო" საბჭო "სამეურვეოს" ნაცვლად კონცეპტუალური ხედვის ნაწილია თუ უბრალოდ შეცდომა?

ბ) წინააღმდეგობრივი იყო მისი ორი პოზიცია, ერთი მხრივ მიკრო-მენეჯმენზე უარის თქმა სამინისტროს მხრივ, მეორე მხრივ კი ორჯერ ახსენა სწორედ ამ მიმართულებით სახელმწიფოს შესაძლო ფუნქციები. ერთი, ეს არის რესურსცენტრების ჩართულობა სამეურვეო საბჭოებში იმისთვის, რომ სკოლებში ხარჯების ოპტიმიზირება მოხდეს. მეორე მხრივ კი ის მოსაზრება, რომ სამინისტროს შეუძლია რესურსცენტრების მეშვეობით გააკონტროლოს სკოლის დონეზე, თუ როგორ იწერება ნიშნები იმისთვის, რომ კორუფცია აღმოიფხვრას. სამინისტროს შეუძლია შექმნას პირობები იმისთვის, რომ სკოლა დაინტერესებული იყოს ფინანსების ოპტიმიზაციითა და ნიშნების ობიექტურად წერისთვის, და რესურსცენტრები სწორედ პირობების შექმნაში შეიძლება მონაწილეობდეს და არა პირდაპირ რაიმეს განხორციელებაში.

საერთო შეფასება ამ გამოსვლის დადებითია. ძირითადი კონცეპტუალური მიდგომები რიტორიკის დონეზე სწორია. იმედია პოლიტიკისა და პრაქტიკის დონეზე განხორციელებაც ასევე სწორი იქნება.

Simon Janashia. Powered by Blogger.