სკოლა საზოგადოება და სახელმწიფო რეზიკოს წინააღმდეგ

გამოქვეყნდა ჟურნალ ლიბერალში, 2011 წელს. 

2023 წელს, საახალწლო კონცერტზე პარიზში ცნობილი ქართველი მომღერლები მღერიან. ამ დროისთვის საქართველოს ექსპრემიერი უკვე გაეროს გენერალური მდივანია, ნობელის პრემიის ლაურეატი ქართველი ქიმიკოსი - საქართველოს განათლების მინისტრი. რიგითმა თბილისელმა, რეზო ტაბიძემ კი თავის მე-18 დაბადების დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. 

რეზოს არ ჰყოფნის კომპეტენცია, სამუშაო ან საგანმანათლებლო ბაზარზე სხვებს კონკურენცია გაუწიოს. მას მეცხრე კლასის შემდეგ აღარ უსწავლია. სკოლის მეგობრებიც ვერაფრით ეხმარებიან, რადგან ისინიც მსგავს დღეში არიან. რეზოს არ ჰყოფნის ფული იმისთვის, რომ სწავლა გააგრძელოს. სულ რამდენმე არჩევანი დარჩა - ეძებოს დროებითი, დაბალანაზღაურებადი სამსახური, რამდენიმე წელიწადის განმავლობაში იმსახუროს შეიარაღებულ ძალებში, ან ბედი კრიმინალურ სამყაროში სცადოს.

ვისაც რეზოს ამბავი არ აინტერესებს, შეუძლია, კონცერტებისა და პოლიტიკის შესახებ იკითხოს. სხვებს კი გთავაზობთ, იმ გზას დავაკვირდეთ, რომლითაც რეზო ამ ვითარებამდე მოვიდა.

რეზიკოს და მის უმცროს დას ბებია ზრდიდა. მამა ომში დაიღუპა. დედამ ვალი აიღო და საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ. ბებია ბევრს შრომობდა სახლში, რომ რეზიკოს და მის დას ობლად არ ეგრძნოთ თავი.

რეზიკოს სკოლაში შესვლის დრო რომ მოვიდა, ბებიამ იმ სკოლას მიაკითხა, რომელიც მათი სახლის სიახლოვეს უკეთეს სკოლად იყო ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ სწავლის დაწყებამდე კიდევ სამ თვეზე მეტი იყო დარჩენილი, აღმოჩნდა, რომ სამინისტროს დადგენილი წესით, სკოლაში რეგისტრაციის ვადები გასულიყო, ადგილები კი უკვე შევსებული იყო. ამიტომ, ბებია იძულებული გახდა, სხვა სკოლისთვის მიემართა.

ბებიის მოუცლელობის გამო, რეზიკო სკოლაში მარტო მიდიოდა და ხშირად აგვიანებდა. დაგვიანებულს მანდატურები სკოლაში აღარ უშვებდნენ და ისიც ქუჩებში სეირნობითა და ვიტრინების თვალიერებით ირთობდა თავს.

რამდენიმე წლის შემდეგ რეზიკოს სკოლაში კლასები ინგლისურის ცოდნის დონის მიხედვით დაიყო. ინგლისური უმეტესად იმ მოსწავლეებმა იცოდნენ უკეთ, ვინც უფრო შეძლებულ ოჯახებში იზრდებოდა. ეს ის ბავშვები იყვნენ, რომლებიც სხვა საგნებშიც უკეთეს შედეგებს აჩვენებდნენ. რადგან სკოლაში ორი ინგლისურის მასწავლებელი იყო, უკეთესი პედაგოგი ძლიერების ჯგუფს შეხვდა. მართალია, სუსტების მშობლებმა გააპროტესტეს ეს, მაგრამ სხვა მშობლებისა და ადმინისტრაციის  მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს. ძლიერების მშობლები უფრო მეტს აკეთებდნენ სკოლისთვის და ადმინისტრაციაც მათ აზრს განსაკუთრებულ პატივს სცემდა.

რეზიკო სუსტების ჯგუფში მოხვდა.

რეზიკოს სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეებს მუდმივად ახალ-ახალი წიგნებისა და რვეულების შეძენას სთხოვდნენ. ბებია შვილიშვილისთვის ამ ყველაფრის ყიდვას ზოგჯერ ვერ ახერხებდა. ამიტომაც მასწავლებლები და კლასელები რეზიკოს ხშირად საყვედურობდნენ.

რეზიკოს აკადემიური მიღწევები ნელ-ნელა უარესდებოდა. ბებიამ დამრიგებელს სთხოვა, იქნებ მისთვის და ასეთივე პრობლემების მქონე სხვა ბავშვებისთვის დამატებითი გაკვეთილები დაენიშნათ. აღმოჩნდა, რომ ასეთი მომსახურება სკოლაში უკვე ფასიანი იყო. გახანგრძლივებულ კლასებში და დამატებით გაკვეთილებზე, ძირითადად, ის ბავშვები დადიოდნენ, ვისაც ნაკლები პრობლემა ჰქონდა სწავლის თვალსაზრისით.

რეზიკოს სკოლის დირექტორი ენერგიული ქალი იყო და ყველანაირად ცდილობდა, მის სკოლას სხვებისთვის ღირსეული კონკურენცია გაეწია. ბრენდირების სისტემაში სკოლამ ოთხ წელიწადში ორი დამატებითი ვარსკვლავი მოიპოვა. სკოლადამთავრებულების მაღალი პროცენტი წარმატებულად აბარებდა გამოსაშვებ და უმაღლესში მისაღებ გამოცდებს. რეზიკო კი, თავისი არსებობით, ამ სტატისტიკისთვის პრობლემას წარმოადგენდა. ამიტომაც ბებიამისს ურჩიეს, ის სხვა სკოლაში ან პროფესიულ სასწავლებელში გადაეყვანა.

რეზიკოს არ სჯეროდა, რომ საკუთარი აკადემიური პრობლემების დაძლევას შეძლებდა. მან იცოდა, რომ სუსტების ჯგუფში იყო, უარესი მასწავლებლები ჰყავდა, ნაკლები შესაძლებლობები ჰქონდა, ვიდრე სხვებს, ნაკლებ გაკვეთილებს ესწრებოდა და ნაკლები მხარდაჭერა ჰქონდა ოჯახისგანაც, ვიდრე მის პარალელურ კლასში მყოფებს. ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის იყო, როდესაც სკოლას მიანება თავი და სამსახურის ძებნა დაიწყო. პროფესიულ სასწავლებელში სასწავლებლად უნარების ტესტებით გამართულ კონკურსში რეზიკოს სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარების მიღება შეეძლო, მაგრამ ამაშიც სხვებმა აჯობეს. ასე მივედით 2023 წლამდე.

რეზოს სოციალური წარუმატებლობა მისი ოჯახური ვითარების, საზოგადოების დამოკიდებულებისა და სახელმწიფოს არასწორი საგანმანათლებლო პოლიტიკის შედეგია. მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ოჯახური ვითარებით გამოწვეული ნაკლულობის კომპენსირებისთვის საზოგადოებისა და სკოლის ერთობლივი ძალისხმევის ნაცვლად საპირისპიროდ ახალ ბარიერებს ვქმნიდით. ერთი მხრივ მშობლებს, სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს შორის დაბალი იყო სოციალური პასუხისმგებლობის აღქმა. მეორე მხრივ კი, სახელმწიფო რეგულაციები ყველანაირ პირობებს ქმნიდა რეზიკოს და რეზიკოსნაირების სოციალური წარუმატებლობისთვის.

ამგვარი რეგულაციების მიღება ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებების უმეტესობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გახდა. შემოვიღეთ ბრენდირება, სასკოლო საატესტატო გამოცდები. მივეცით სკოლებს უფლება, რომ დამატებითი ფასიანი მომსახურება შესთავაზონ მშობლებს იმავე საგნებში, რაც ეროვნული სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული. შემოვიღეთ განსაკუთრებულად მკაცრი ზომები დაგვიანებებთან და სკოლაში პირველკლასელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით. სულ ბოლოს კი, რამდენიმე დღის წინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თავისივე სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინტერვიუთი გვაცნობა, რომ ინგლისურის უკეთ შესწავლისთვის მოსწავლეების ძლიერებისა და სუსტების ჯგუფებად დაყოფა დაიწყება.

ჩამოთვლილი გადაწყვეტილებების ნაწილი სკოლის კედლებში მოსწავლეთა სოციალური ნიშნით განცალკევებას უწყობს ხელს. ინგლისურში დონეების მიხედვით კლასების დაყოფა პირდაპირი გზაა ამგვარი სეგრეგაციისკენ.

სამინისტროს გადაწყვეტილებების ნაწილი კი ხელს უწყობს იმას, რომ სეგრეგაცია სკოლის შიგნით და სკოლას მიღმა დარჩენილებს შორის მოხდეს. როდესაც სკოლის რეიტინგის გასაუმჯობესებლად ზოგიერთი სკოლა „სუსტ" მოსწავლეებს თავიდან იშორებს, სკოლების ნაწილში,  დამამთავრებელ კლასებში სოციალური პრობლემების მქონე ოჯახების შვილები სულ უფრო ნაკლებად რჩებიან.

რადგან სოციალური ნიშნით მოსწავლეების დაყოფის უარყოფითი მხარეების დანახვა საზოგადოებას ხშირად უჭირს, სკოლებშიც გადაწყვეტილებები, ამ თვალსაზრისით, ხშირად გაუცნობიერებლად მიიღება. ამის თვალსაჩინო მაგალითი თბილისის 21-ე (ე.წ. მე-6 გერმანული გიმნაზია) საჯარო სკოლაში მინახავს. დაახლოებით ხუთი წლის წინ სკოლაში, რომელიც მოსწავლეებზე ორიენტირებულობით იყო ცნობილი, მოქმედებდა გახანგრძლივებული  ჯგუფების სისტემა. ვინც ფულს იხდიდა, მათი შვილები დღის მეორე ნახევარში სკოლაში რჩებოდნენ და გაკვეთილებს სკოლაშივე, მასწავლებლის დახმარებით ამზადებდნენ. გადატვირთულ სკოლაში სწავლა ორცვლიანი იყო. გახანგრძლივებულ ჯგუფებში მყოფი ბავშვების კლასები დილის ცვლაში სწავლობდნენ, ხოლო ჩვეულებრივები - დღის მეორე ნახევარში. ამგვარად ყალიბდებოდა სკოლაში მათი კლასები, ვისაც უნდოდა და შეეძლო ფულის გადახდა და მათი, ვისთვისაც დამატებითი მომსახურების შეძენა არასასურველი, ან შეუძლებელი იყო.

საყოველთაო და საჯარო განათლების სისტემას ერთ-ერთ ფუნდამენტურ ფუნქციას ვაცლით, როცა შემოგვაქვს წესები, რომლებიც სახელმწიფო, ანდა სკოლის დონეზე სოციალურ სეგრეგაციას უწყობს ხელს. განათლების სისტემის ფუნქციაა, დაეხმაროს საზოგადოების ყველა წევრს, მისი სოციალური წარმომავლობის მიუხედავად, მაქსიმალურ შესაძლებელ წარმატებას მიაღწიოს. საზოგადოების ყველა წევრის სოციალური წარმატება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ გვყავდეს წარმატებული პოლიტიკოსები, ხელოვანები, ან მეცნიერები. ხოლო თუ ამაზე დღეს არ ვიზრუნეთ, თორმეტი წლის თავზე გვეყოლება რეზიკოების უკვე მთელი თაობა, რომელთა წარუმატებლობასაც საზოგადოებამ და სახელმწიფომ  ერთად შეუწყვეს ხელი.



No comments

Simon Janashia. Powered by Blogger.