დისტანციური ონლაინ განათლება და ვირუსი.

by March 04, 2020
რამდენიმე დღის წინ ამირან გამყრელიძემ ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით უმაღლესებს ურჩია ონლაინ სწავლებაზე გადასვლა. ნუცა კობახიძე დღეს მშვენივრად აღწერდა ონლაინ სწავლების გამოცდილებას ჰონგ კონგის უნივერსიტეტში. მინდა ჩემი გამოცდილების შესახებაც მოგიყვეთ და აქვე ზოგიერთ პრობლემურ საკითხზე დავფიქრდეთ.

2012-2014 წლებში ნიუ იორკიდან ბათუმის და ილიაუნის სტუდენტებს ვასწავლიდი ონლაინ. მაშინაც კი, სტუდენტები ძალიან მარტივად აგვარებდნენ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს. მაგალითად, ერთხელ, ილიაუნის გვერდზე დაყენებული მანქანიდან გამიკეთეს გუნდური პრეზენტაცია - უნივერსიტეტის უსადენო ინტერნეტის გამოყენებით (იხ. ფოტო). ერთ-ერთი კი, "რა, სად, როდის" ტურნირის შესვენებაზე შემოვიდა ონლაინ საბოლოო პროექტის პრეზენტაციის გასაკეთებლად.

ცხადია, ონლაინ სწავლების პირობებში შესაძლებელი იქნებოდა საქართველოს გარეთ არსებული აკადემიური რესურსების უფრო მეტად მობილიზება საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის გასაძლიერებლად.

მნიშვნელოვანი პრობლემაა სახელმწიფო პოლიტიკა. საქართველოს კანონმდებლობით ონლაინ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კურსის განმახორციელებელი ქართული უნივერსტეტია. ეს რას ნიშნავს იცით? მაგალითად სტენდფორდის უნივერსიტეტი აღიარებს ჰარვარდის უნივერსიტეტში გავლილ ონლაინ კურსს და ამაში სტუდენტს კრედიტს ანიჭებს. მაგრამ თსუ-ს არ აქვს უფლება ეს კურსი ჩაუთვალოს სტუდენტს. სახელმწიფო კი საერთოდ არ აღიარებს თქვენ დიპლომს, რომელიც შეიძლება ონლაინ გქონდეთ მიღებული მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტში.

ასეთი პოლიტიკა რომ არ იყოს, უფრო მეტი ქართველი სტუდენტი, და სკოლის მოსწავლეც კი ზოგიერთ კურსს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში გაივლიდა. ეს კურსები კი ჩვენი საუნივერსიტეტო პროგრამების ნაწილი გახდებოდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კურსების დიდი ნაწილი უფასოა, ან სერტიფიკატის მიღების შემთხვევაში 50-100 აშშ დოლარი ჯდება, გავაცნობიერებთ, რომ ძალიან იაფად მაღალი ხარისხის შინაარსზე გვაქვს წვდომა, მაგრამ ამ მიმართულებას არათუ ცუდად ვახალისებთ, არამედ ბარიერებსაც ვუქმნით. ამ შესაძლებლობის ინტეგრირება საქართველოს განათლების სისტემაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კურსების შემთხვევაში, რომლებიც საქართველოში საერთოდ არც ისწავლება.

რაც შეეხება ზოგად განათლებას - უკვე პოპულარულია ონლაინ სკოლები. აშშ-ში მრავალათასიანი სკოლებიც ფუნქციონირებს ამ ფორმატში. ვიცი, რომ თბილისშიც კი არიან ბავშვები, რომლებიც ამ ამერიკულ სკოლებში დისტანციურად სწავლობენ. ზოგ შტატში მოთხოვნაც კი არის, რომ სკოლის მოსწავლემ აუცილებლად გაიაროს ერთი ონლაინ კურსიც კი, რადგან ეს მას აძლევს ისეთ გამოცდილებას, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლაში დაეხმარება. ონლაინ სკოლები ფუნქციონირებს ბალტიისპირეთშიც. პირადად ვარ ნამყოფი რიგაში, ონლაინ სკოლაში, რომელიც ძირითადად ისეთ ბავშვებს აერთიანებს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო სკოლაში რეგულარულად სიარული უჭირთ, მაგალითად, საზღვარგარეთ არიან, ან ჩაბმულები არიან სპორტში, ხელოვნებაში და სხვ.

დისტანციური სწავლება ასევე ძალიან მოსახერხებელია ტრენინგების შემთხვევაშიც. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ ყირგიზეთის სკოლების სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების ანგარიშებს თბილისიდან ვიბარებდი. ისინი მიყვებოდნენ, თუ როგორ დანერგეს სკოლების განვითარების გეგმები, რომლებიც მანამდე ტრენინგის ფარგლებში შეიმუშავეს. როგორც ფოტოზე ხედავთ, ონლაინ სესიაზე ერთდროულად რამდენიმე სკოლაა შემოსული. ეს შესაძლებელია სრულიად უფასოდ ხელმისაწვდომი პროგრამით (Big Blue Button), რომელიც იქაურმა მასწავლებლების კვალიფიკაციის ინსტიტუტმა საკუთარ სერვერებზე ჩვენი გუნდის (კოლუმბიის უნივერსიტეტის ჯგუფი, რომელსაც მეც წარმოვადგენდი) დახმარებით დანერგა.
Simon Janashia. Powered by Blogger.