NAEC გამოსაშვები გამოცდების გამჭვირვალებას ამცირებს

by February 15, 2018
გამოცდებისა და შეფასების ცენტრის (NAEC)დირექტორის ინტერვიუთი დღეს შევიტყვეთ, რომ სკოლების გამოსაშვები გამოცდების ფორმატი იცვლება. თუ აქამდე მოსწავლე გამოცდის დასრულებისას იგებდა ქულას და შესაბამისად იმას, გადალახა თუ არა მინიმალური ზღვარი, აწი ის მხოლოდ გაიგებს, გადალახა თუ არა მან ზღვარი და აღარ ეცოდინება გამოცდის ქულა. 

რა შედეგს მივიღებთ ამ ცვლილებით?

1. ეს ცვლილება შეამცირებს გამოსაშვები გამოცდების გამჭვირვალებას. გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრს აქამდეც ჰქონდა პრობლემა ამ მიმართულებით. ჟურნალისტებსა და მკვლევარებს ის გამოცდების შესახებ მონაცემებს მხოლოდ იმ ფორმით აწვდიდა, რომლითაც თავად გადაწყვეტდა, რომ მათ აწყობთ. ვიცნობ ჟურნალისტებსა და მკვლევრებს, რომლებსაც უარი უთხრეს მონაცემების მიწოდებაზე იმ მოტივით რომ მათ ამგვარი მონაცემები დამუშავებული არ ჰქონდათ. ამავდროულად ვიცნობ მკვლევრებს, რომლებსაც იგივე მონაცემები მიაწოდეს. ახალი გადაწყვეტილებით თავად მოსწავლეებსაც არ ექნებათ უფლება გაიგონ საკუთარი ქულა, რაც საგამოცდო სისტემის კიდევ უფრო ნაკლებ გამჭვირვალებას ნიშნავს. 

გამოცდების ქულებსა და სკოლის ნიშნებს შორის განსხვავება ამ ორი ინსტიტუტის სტანდარტებს შორის განსხვავებას აჩვენებდა. სკოლას აქვს საშუალება მრავალმხრივად შეაფასოს მოსწავლე. მასწავლებელი აფასებს არა მხოლოდ მოსწავლის ცოდნას, არამედ მის უნარებს, მის ძალისხმევას. ამავდროულად შეფასების სასკოლო პრინციპი გულისხმობს კოლექტიურ მუშაობაში მოსწავლეების ჩაბმასაც, განსხვავებით ტესტირების ინდივიდუალური ბუნების. გამოცდების ქულებისა და სკოლის ნიშნების აცდენა წარმოაჩენდა ამ გამოცდების გამოყენების შეზღუდულ და კონცეფტუალურად არასწორ პრინციპს - როდესაც თითოეული გამოცდა გამოიყენება მოსწავლის არა ერთ-ერთ შეფასებად, არამედ როგორც გადამწყვეტი საზომი იმისთვის, რომ დადგინდეს, იმსახურებს თუ არა მოსწავლე სასკოლო ატესტატს. გამოცდების ფორმატის შეცვლა ამცირებს გამოსაშვები გამოცდების კონცეფტუალური ხარვეზების გამოვლენის შესაძლებლობას, რაც ასევე უნდა განიხილებოდეს როგორც გამჭვირვალების შეზღუდვა.

ნაკლები გამჭვირვალება ნიშნავს საზოგადოების მხრიდან განათლების პოლიტიკის ამ ინსტრუმენტის ნაკლებ კონტროლს, რაც სისტემისთვის საზიანოა. 
რა სარგებელი შეიძლება მიიღოს საგამოცდო ცენტრმა ამ კონტროლის შემცირებით? ერთ-ერთი "სარგებელია" ის, რომ ნაკლებად ხდება შესაძლებელი ამ ცენტრის მიერ დაშვებული მეთოდოლოგიური თუ ტექნიკური შეცვდომების გამოვლენა. 

თუ გაგიმართლათ, მონაცემები მოიპოვეთ და გამოცდების ქულების ანალიზს გააკეთებთ, საკმაოდ საინტერესო სურათს დაინახავთ. ქვევით მოცემულ მაგალითზე ხედავთ, რომ ზოგიერთ წლებში (2011-2013-ში მეტად და შემდეგ ნაკლებად) გამოსაშვები გამოცდების ქულების კონცენტრაცია ხდება მაქსიმალურ ქულასთან (10) ახლოს. ასევე, ჩანს ისიც, რომ 2016 წელს ჩაჭრის პირას (5.5-ზე სულ მცირედ ნაკლები ქულა ასევე დიდ რაოდენობის გამოცდაზე გასულს ჰქონდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსწავლეების უცნაურად დიდ რაოდენობას დააკლდა სულ მცირე, იმისთვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადაელახა. მანამდე კი, 2012-2013 წლებში უცნაურად დიდ რაოდენობას ჰქონდა მაქსიმალური ქულა. 


გამოსაშვები გამოცდების ყველა საგნის აგრეგირებული ქულების სიხშირული განაწილება წლების მიხედვით. მონაცემების წყარო, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი. 

ამავე მონაცემების ანალიზი გვაჩვენებს, რომ გამოცდაზე მეორეჯერ გასულთა 50% წარმატებით ძლევს იმავე გამოცდას. 

2. ქულების დაფარვის გადაწყვეტილება საზიანოა თავად გამოცდაზე გასულებისთვისაც. განსაკუთრებით პრობლემურია ეს მათთვის ვინც მინიმალურ ზღვარს ვერ გადალახავს. მას არ ეცოდინება, თუ რამდენად შორს იყო მისი შედეგი ამ ზღვრისგან. შესაბამისად ეს შედარებით გაართულებს გამოცდებისთვის ხელახალი მომზადების პროცესს. მაგალითად, თუ მოსწავლემ იცის, რომ მას მხოლოდ ერთი მეათედი ქულა დააკლდა ზღვარის გადასალახად, მას ნაკლები ძალისხმევა ჭირდება ხელახალი მომზადებისთვის, ვიდრე მაშინ, როდესაც მას ქულის ასაღებად მნიშვნელოვნად მეტი დააკლდა. 



ზერეგულირება განათლებაში

by February 09, 2018

შემხვედრია ექიმები, რომლებიც, თუ ავადმყოფობის ზუსტ დიაგნოზს ვერ სვამენ, პაციენტს რაც შეიძლება მეტი დაავადების შესაბამის მედიკამენტს უნიშნავენ. მათი არგუმენტია - "გამოვრიცხოთ X, Y, Z". ასე ზოგჯერ არათუ გამოჯანმრთელებას ვერ უწყობენ ხელს, არამედ ავადმყოფს ჯანმრთელობის ახალ პრობლემებს უჩენენ. მსგავსად მოქმედებს განათლების სფეროს გადაწყვეტილების მიმღები, რომელიც სისტემის ზერეგულირებით არის დაკავებული. 

ზერეგულირებას უწოდებენ მიზანშეწონლზე მეტი წესების შემოღებას, რომელიც ორ მნიშვნელოვან შეცდომას ეფუძნება:

  1. არ ითვალისწინებს რეგულირების სფეროში არსებულ ცოდნას;
  2. დაწესებული შეზღუდვებით მნიშვნელოვან ბარიერებს აწესებს განვითარებისთვის, რაც კიდევ უფრო ართულებს იმ პრობლემების მოგვარებას, რამაც რეგულაციების შემოღება გამოიწვია. 
საქართველოს განათლების სისტემას მრავალი ზერეგულირებული მიმართულება აქვს. მაგალითად, ეროვნული სასწავლო გეგმის მეშვეობით, სახელმწიფო ავალდებულებს ყველა საჯარო სკოლას, რომ ყველა მოსწავლე, მე-5-ე დან მე-12-ე კლასებამდე თითქმის ყველა საგანში (სპორტის და თავდაცვის გამოკლებით) ერთსა და იმავე კომპონენტით უნდა შეფასდეს:
  1. საშინაო დავალების შესრულებაში
  2. საკლასო დავალებების შესრულებაში
  3. შემაჯამებელი დავალებების შესრულებაში
მიუხედავად იმის, თუ რა საგანზეა და რა კლასზეა საუბარი, ამ სამი კომპონენტის წონა საერთო ნიშნის გამოყვანისას ერთი და იგივე უნდა იყოს (~33%)

ეროვნული სასწავლო გეგმა ასევე აწესებს იმას, თუ რამდენჯერ უნდა ჩაატაროს (მინიმუმ) მასწავლებელმა შემაჯამებელი შეფასებები თითოეულ კლასში, თითოეულ საგანში, ნებისმიერ სკოლაში, დიდსა თუ პატარაში, სოფლის თუ ქალაქის. 

ამ რეგულაციას არ აქვს მყარი საფუძველი პროფესიულ თუ სამეცნიერო თვალსაზრისით. პირველი, მასწავლებლებისთვის შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის, კომპონენტებისა და მათი წონის განსაზღვრის პოლიტიკის რაიმე დადებითი ეფექტი არ არის დადასტურებული. მეორე, ვიცით, რომ საგნების პრიორიტეტები და სწავლების მიდგომები განსხვავდება და შესაბამისადაც უნდა იყოს მოწყობილი შეფასებაც. მესამე, მოსწავლეების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებაც აუცილებელია. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ დაბალ ასაკში აქცენტი გადატანილი იყოს საკლასო აქტივობებზე, ხოლო შედარებით უფროს ასაკში კი შესაძლებელია საშინაო დავალებების მნიშვნელობის გაზრდაც (რომელიც ასევე შეიძლება იყოს თამაშით შესრულებული). ამ პირობებში გაუმართლებელია კომპონენტებს შორის წონის თანაბარი გადანაწილება, რადგან ეს ერთი მხრივ მასწავლებლებს უბიძგებს, რომ დავალებებს პრიორიტეტი თანაბრად მიანიჭონ მიუხედავად საგნის შინაარსისა, თუ მოსწავლეების ასაკისა. 

მეორე პრობლემაა ის, რომ ეს რეგულაცია ზღუდავს მასწავლებლების და სკოლების ავტონომიას, რაც მათი განვითარების და ზოგადად სისტემის განვითარების ერთ-ერთი საფუძველია. სკოლების მრავალფეროვნების და მასწავლებლების მიდგომების მრავალფეროვნების გარეშე საგანმანათლებლო ინოვაციების წარმოშობის წყარო მნიშვნელოვნად იზღუდება. ამით გადაწყვეტილების მიმღებები ზღუდავენ კარგად მომზადებულ მასწავლებლებს, ინოვაციურ სასკოლო პრაქტიკას და ა.შ. არსებობენ მასწავლებლები და სკოლები, სადაც უკეთესად შეუძლიათ შეფასების კეთება. მაგალითად, შეუძლიათ და უნდათ, რომ სამზე მეტი კომპონენტი გამოიყენონ, რითიც მოსწავლეებს წაახალისებენ, რომ მოექცნენ ერთმანეთს პატივისცემით, იყვნენ შემოქმედებითები, ჩაერთონ აქტიურად სასკოლო და სკოლის გარეთ არსებულ პროექტებში. შესაბამისად, შეფასების სისტემის განვითარებას სახელმწიფო ხელოვნურად აფერხებს ერთი ტიპის სკოლაში და ზოგიერთი მასწავლებლისთვის. 

ამგვარი გადაწყვეტილებების ავტორებისგან მომხრეებისგან ხშირად გამიგია არგუმენტი: სკოლების დიდ ნაწილში და მასწავლებლების დიდ რაოდენობაში გაურკვევლობას იწვევს მათთვის მინიჭებული თავისუფლება. ამიტომაც ვაწესებთ იმ რეგულაციებს, რასაც არ დავაწესებდით იმ შემთხვევაში ყველა სკოლა და მასწავლებელი მზად რომ იყოს ავტონომიურად მუშაობისთვის. სწორედ ეს არგუმენტი მაგონებს ძალიან, თავში მოყოლილ ექიმის ამბავს. უამრავი წესის შემოღებით, სკოლას ვუზღუდავთ მოძრაობის შესაძლებლობას, იმისთვის, რომ უძრაობით წარმოქმნილი პრობლემები მოვაგვაროთ. სინამდვილეში კი ვაავადებთ მთელ სისტემას და მათ შორის მნიშვნელოვნად იმ სკოლებს, რომლებიც შედარებით უფრო ჯანმრთელები იყვნენ ამ რეგულაციების შემოღებამდე. 

მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლების ნაწილს და სკოლებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ მეტი ავტონომია, ცხადია, რომ არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც ნორმალურად ფუნქციონირებისთვის გარკვეული გარედან თავსმოხვეული ჩარჩო და დახმარება ჭირდებათ.  ამიტომაც არის საჭირო დიფერენცირებული პოლიტიკის პრინციპების დანერგვა, რომლის ფარგლებშიც განსხვავებულ სკოლებს/მასწავლებლებს განსხვავებული რეგულაციები და ასევე მხარდაჭერის სისტემა შეეხება. რეგულაციები ცხადია უნდა იყოს მინიმალური, მაგრამ ამავდროულად სახლმწიფომ უნდა ხელი შეუწყოს სამეცნიერო და პროფესიულ სფეროს წარმომადგენლების ცოდნის გავრცელებას სკოლებში და მასწავლებლებში.

ლიტერატურის პატრიოტული ცენზურა სკოლებში

by February 07, 2018

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, სკოლის მოსწავლე ამტკიცებს, რომ არ ისწავლის ისეთ ნაწარმოებს, რომლის გმირი არათუ იდეალური არ არის, თავის პრობლემების (ნარკომანია) შესახებ ყვება კიდეც. მისი აზრით ეს არის ნარკოტიკებისკენ ბავშვების წაქეზება. ვიდეოში ის რეკომენდაციას სთავაზობს სამინისტროს, რომ ასეთი ნაწარმოებების ნაცვლად მეტი საქართველოს ისტორია ისწავლებოდეს.

ნაწარმოების გზავნილს და პერსონაჟის მონოლოგს შორის რომ განსხვავებას ვერ ხედავს ბავშვი, არა უშავს, შეიძლება კიდევ ისწავლოს კარგი მასწავლებლის ხელში. არც ისაა დიდი პრობლემა, ლიტერატურის სწავლა რომ პატრიოტული ვარჯიში ჰგონია.


პრობლემები შემდეგია:

  • 4,000 ადამიანზე მეტი იწონებს, 7,000-ზე მეტი ადამიანი ავრცელებს ამ ვიდეოს, აქებს ავტორს გამბედაობისთვის და წუხს იმის შესახებ, თუ რა საშინელი განათლების სისტემა გვაქვს;
  •  მედიამ შექმნა ამ ამბისგან ცირკი და მხარი დაუჭირა პატრიოტიზმის არგუმენტით სასკოლო ლიტერატურის არაკომპეტენტურ ცენზურას;
  • ამას მოყვა კომენტარები განათლების სამინისტროსგან, რომ ალბათ არასწორ ასაკში აკითხებენ (ასწავლიან...), იმედია მასწავლებლები სწორად წარმართავენ დისკუსიას, მიუხედავად იმისა, რომ თურმე სახელმძღვანელოში სწორი კითხვები არაა...



ვისაც ეს ნაწარმოები გაინტერესებთ https://intelekti.ge/book_ge.php?id=365

გაკვეთილის ეტიმოლოგია

by February 01, 2018
საინტერესოა, როდიდან დავიწყეთ სიტყვა გაკვეთილის გამოყენება დღევანდელი მნიშვნელობით? 

სულხან საბა ორბელიანი თავის სიტყვის კონაში, მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების მიჯნაზე ასეთ განმარტებებს გვთავაზობს:
  • გაკვეთა - გაჭრა;
  • გაკვეთილი - გაჭრილი;
  • გაკვეთილის შექმნა - ულუფის გაჩენა;
  • ულუფა - სხვათა ენათაგან შემოღებულა, ქართულად გაკვეთილი ჰქვიან და როჭიკი.
დაახლოებით 100 წლის შემდეგ, 1812-1825 წლებში ნიკო ჩუბინაშვილის ლექსიკონში უკვე ასეთი განმარტებებია მოცემული:
  • გაკვეთა - (გავჰკვეთ) გაჭრა (განკვეთა ნახე). // (გავუკვეთ) მიცემა მოსწავლეთადმი საქმისა დასასწავლად, ანუ მუშაკთადმი სამუშავოსი, давать, задавать урок, работу.





Simon Janashia. Powered by Blogger.