ზერეგულირება განათლებაში


შემხვედრია ექიმები, რომლებიც, თუ ავადმყოფობის ზუსტ დიაგნოზს ვერ სვამენ, პაციენტს რაც შეიძლება მეტი დაავადების შესაბამის მედიკამენტს უნიშნავენ. მათი არგუმენტია - "გამოვრიცხოთ X, Y, Z". ასე ზოგჯერ არათუ გამოჯანმრთელებას ვერ უწყობენ ხელს, არამედ ავადმყოფს ჯანმრთელობის ახალ პრობლემებს უჩენენ. მსგავსად მოქმედებს განათლების სფეროს გადაწყვეტილების მიმღები, რომელიც სისტემის ზერეგულირებით არის დაკავებული. 

ზერეგულირებას უწოდებენ მიზანშეწონლზე მეტი წესების შემოღებას, რომელიც ორ მნიშვნელოვან შეცდომას ეფუძნება:

  1. არ ითვალისწინებს რეგულირების სფეროში არსებულ ცოდნას;
  2. დაწესებული შეზღუდვებით მნიშვნელოვან ბარიერებს აწესებს განვითარებისთვის, რაც კიდევ უფრო ართულებს იმ პრობლემების მოგვარებას, რამაც რეგულაციების შემოღება გამოიწვია. 
საქართველოს განათლების სისტემას მრავალი ზერეგულირებული მიმართულება აქვს. მაგალითად, ეროვნული სასწავლო გეგმის მეშვეობით, სახელმწიფო ავალდებულებს ყველა საჯარო სკოლას, რომ ყველა მოსწავლე, მე-5-ე დან მე-12-ე კლასებამდე თითქმის ყველა საგანში (სპორტის და თავდაცვის გამოკლებით) ერთსა და იმავე კომპონენტით უნდა შეფასდეს:
  1. საშინაო დავალების შესრულებაში
  2. საკლასო დავალებების შესრულებაში
  3. შემაჯამებელი დავალებების შესრულებაში
მიუხედავად იმის, თუ რა საგანზეა და რა კლასზეა საუბარი, ამ სამი კომპონენტის წონა საერთო ნიშნის გამოყვანისას ერთი და იგივე უნდა იყოს (~33%)

ეროვნული სასწავლო გეგმა ასევე აწესებს იმას, თუ რამდენჯერ უნდა ჩაატაროს (მინიმუმ) მასწავლებელმა შემაჯამებელი შეფასებები თითოეულ კლასში, თითოეულ საგანში, ნებისმიერ სკოლაში, დიდსა თუ პატარაში, სოფლის თუ ქალაქის. 

ამ რეგულაციას არ აქვს მყარი საფუძველი პროფესიულ თუ სამეცნიერო თვალსაზრისით. პირველი, მასწავლებლებისთვის შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის, კომპონენტებისა და მათი წონის განსაზღვრის პოლიტიკის რაიმე დადებითი ეფექტი არ არის დადასტურებული. მეორე, ვიცით, რომ საგნების პრიორიტეტები და სწავლების მიდგომები განსხვავდება და შესაბამისადაც უნდა იყოს მოწყობილი შეფასებაც. მესამე, მოსწავლეების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებაც აუცილებელია. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ დაბალ ასაკში აქცენტი გადატანილი იყოს საკლასო აქტივობებზე, ხოლო შედარებით უფროს ასაკში კი შესაძლებელია საშინაო დავალებების მნიშვნელობის გაზრდაც (რომელიც ასევე შეიძლება იყოს თამაშით შესრულებული). ამ პირობებში გაუმართლებელია კომპონენტებს შორის წონის თანაბარი გადანაწილება, რადგან ეს ერთი მხრივ მასწავლებლებს უბიძგებს, რომ დავალებებს პრიორიტეტი თანაბრად მიანიჭონ მიუხედავად საგნის შინაარსისა, თუ მოსწავლეების ასაკისა. 

მეორე პრობლემაა ის, რომ ეს რეგულაცია ზღუდავს მასწავლებლების და სკოლების ავტონომიას, რაც მათი განვითარების და ზოგადად სისტემის განვითარების ერთ-ერთი საფუძველია. სკოლების მრავალფეროვნების და მასწავლებლების მიდგომების მრავალფეროვნების გარეშე საგანმანათლებლო ინოვაციების წარმოშობის წყარო მნიშვნელოვნად იზღუდება. ამით გადაწყვეტილების მიმღებები ზღუდავენ კარგად მომზადებულ მასწავლებლებს, ინოვაციურ სასკოლო პრაქტიკას და ა.შ. არსებობენ მასწავლებლები და სკოლები, სადაც უკეთესად შეუძლიათ შეფასების კეთება. მაგალითად, შეუძლიათ და უნდათ, რომ სამზე მეტი კომპონენტი გამოიყენონ, რითიც მოსწავლეებს წაახალისებენ, რომ მოექცნენ ერთმანეთს პატივისცემით, იყვნენ შემოქმედებითები, ჩაერთონ აქტიურად სასკოლო და სკოლის გარეთ არსებულ პროექტებში. შესაბამისად, შეფასების სისტემის განვითარებას სახელმწიფო ხელოვნურად აფერხებს ერთი ტიპის სკოლაში და ზოგიერთი მასწავლებლისთვის. 

ამგვარი გადაწყვეტილებების ავტორებისგან მომხრეებისგან ხშირად გამიგია არგუმენტი: სკოლების დიდ ნაწილში და მასწავლებლების დიდ რაოდენობაში გაურკვევლობას იწვევს მათთვის მინიჭებული თავისუფლება. ამიტომაც ვაწესებთ იმ რეგულაციებს, რასაც არ დავაწესებდით იმ შემთხვევაში ყველა სკოლა და მასწავლებელი მზად რომ იყოს ავტონომიურად მუშაობისთვის. სწორედ ეს არგუმენტი მაგონებს ძალიან, თავში მოყოლილ ექიმის ამბავს. უამრავი წესის შემოღებით, სკოლას ვუზღუდავთ მოძრაობის შესაძლებლობას, იმისთვის, რომ უძრაობით წარმოქმნილი პრობლემები მოვაგვაროთ. სინამდვილეში კი ვაავადებთ მთელ სისტემას და მათ შორის მნიშვნელოვნად იმ სკოლებს, რომლებიც შედარებით უფრო ჯანმრთელები იყვნენ ამ რეგულაციების შემოღებამდე. 

მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლების ნაწილს და სკოლებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ მეტი ავტონომია, ცხადია, რომ არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც ნორმალურად ფუნქციონირებისთვის გარკვეული გარედან თავსმოხვეული ჩარჩო და დახმარება ჭირდებათ.  ამიტომაც არის საჭირო დიფერენცირებული პოლიტიკის პრინციპების დანერგვა, რომლის ფარგლებშიც განსხვავებულ სკოლებს/მასწავლებლებს განსხვავებული რეგულაციები და ასევე მხარდაჭერის სისტემა შეეხება. რეგულაციები ცხადია უნდა იყოს მინიმალური, მაგრამ ამავდროულად სახლმწიფომ უნდა ხელი შეუწყოს სამეცნიერო და პროფესიულ სფეროს წარმომადგენლების ცოდნის გავრცელებას სკოლებში და მასწავლებლებში.

No comments

Simon Janashia. Powered by Blogger.