თარგმნა გიორგი მელიქაძემ
გამოქვეყნდა ჟურნალ მასწავლებელში (http://mastsavlebeli.ge/)
მუხლი პირველი: რა არის განათლება
მე მჯერა, რომ ნებისმიერი სახის განათლება სათავეს ადამიანთა მოდგმის საზოგადოებრივ ცნობიერებაში ინდივიდის ჩართულობიდან იღებს. ეს პროცესი, გაუცნობიერებლად, თითქმის დაბადების მომენტიდან იწყება და თანდათანობით გამოკვეთს ინდივიდის ძალებს, ჟღინთავს მის ცნობიერებას, აყალიბებს ჩვევებს, ავარჯიშებს იდეებს და აღძრავს მასში გრძნობებსა და ემოციებს. ამ არაცნობიერი განათლების მეშვეობით ადამიანი, თანდათანობით, კაცობრიობის მიერ თანაცხოვრების განმავლობაში დაგროვებული ინტელექტუალური და მორალური რესურსის თანამოზიარე ხდება. მას მემკვიდრეობით ცივილიზაციის საუნჯე ერგება. მსოფლიოში ყველაზე ფორმალური და ტექნიკური ხასიათის განათლებაც კი, ამ ზოგად პროცესს უსაფრთხოდ ვერ გაემიჯნება; ასეთ განათლებას ამ პროცესის მხოლოდ ორგანიზება ან გარკვეული მიმართულებით წარმართვა შეუძლია.მე მჯერა, რომ ჭეშმარიტი განათლება ბავშვის ძალების იმ სოციალურ ვითარებათა მოთხოვნების მიერ სტიმულირებისგან მოდის, რომლებშიც იგი არსებობს. ეს მოთხოვნები წარმართავენ ბავშვს მოქმედებდეს, როგორც ერთობის წევრი, თავისი ქცევისა და შეგრძნების თავდაპირველ შეზღუდულობას გასცდეს და საკუთარ თავს იმ ჯგუფის კეთილდღეობის გადმოსახედიდან განიხილავდეს, რომელსაც თავად მიეკუთვნება. თავის ქმედებებზე სხვისი პასუხების მიხედვით ბავშვი თითოეული ამ ქმედების მნიშვნელობას სოციალური საზომით იაზრებს. ქმედების ღირებულება ისევ ამ ქმედებაზე აირეკლება. მაგალითად, იმის მიხედვით, თუ რით პასუხობენ ბავშვის ინსტინქტურ ტიტინს, ის აცნობიერებს ამ ტიტინის მნიშვნელობას; ეს ბავშვური ხმები თანდათან ჩამოყალიბებულ ენად გარდაიქმნება და ბავშვიც მასში თავმოყრილი იდეებისა და ემოციების საუნჯეს ეზიარება.
მე მჯერა, რომ ამ საგანმანათლებლო პროცესს ორი მხარე აქვს - ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური; და არცერთი არ შეიძლება დაექვემდებაროს მეორეს ან უგულებელყოფილ იქნას თანამდევი ბოროტი შედეგების გარეშე. ამ ორი მხარიდან ფსიქოლოგიური საფუძველს წარმოადგენს. ბავშვის პირადი ინსტინქტები და შესაძლებლობები ძირითადი მასალაა, რომელიც მისი შემდგომი განათლებისთვის ნიადგს ამზადებს. თუ მასწავლებლის მიერ გაწეული ძალისხმევა არ უკავშირდება ბავშვის მიერ დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით განხორციელებულ აქტივობებს, განათლება გარეგან ზეწოლამდე დადის. ამ პროცესს მართლაც შეუძლია გარკვეული გარეგანი შედეგების მოცემა, თუმცა მას საგანმანათლებლოს ვერ ვუწოდებთ. მაშასადამე, ინდივიდის ფსიქოლოგიური თავისებურებების და ქცევის გააზრების გარეშე, საგანმანათლებლო პროცესი შემთხვევითი და თვითნებური იქნება. თუ ბედად ეს პროცესი ბავშვის აქტივობას დაემთხვევა, ამან შესაძლოა განვითარებისთვის საჭირო გარკვეული ბერკეტები მოგვცეს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვური ბუნების შინაგან უთანხმოებას, რღვევას ან განვითარების შეჩერებას მივიღებთ.