ბიუროკრატია
დეცენტრალიზაცია
ინსტიტუციური მოწყობა
განათლების ბიუროკრატიის ისტორიებიდან
რამდენიმე დღის წინ განათლების სისტემაში არსებული სახელმწიფო რეგულაციების შესახებ საინტერესო ამბავი მომიყვეს. თბილისიდან მოშორებით არსებულ ერთერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების მომზადების პროგრამის უკეთესად გასახორციელებლად ძროხა აჩუქეს. რაღაც დროის შემდეგ ძროხა მოკვდა.
უნივერსიტეტმა გადაწყვიტა ძროხა ორგანიზაციის ბალანსიდან ჩამოეწერა. ამის შესახებ თხოვნით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. სამინისტროს ფინანსისტმა თქვა, რომ ასე მარტივად ეს არ მოხდებოდა, რადგან უნდა დაედგინათ, როგორც ბიუროკრატები ამბობენ, ხომ არ ჰქონდა ადგილი სახელმწიფო რესურსების მითვისებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აინტერესებდა ხომ არ შეჭამეს ძროხა. საქმე იქამდე მივიდა, რომ გაიმართა დისკუსია სახელმწიფოსა და უნივერსიტეტს შორის, დამარხული ძროხის ეგზჰუმაციისა და ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, რომელიც სახელმწიფო ქონების ჩამოწერის მოთხოვნის კეთილსინდისიერების საკითხს დაადგენდა.
არ ვიცი, რამდენად მართალია ეს ყველაფერი, თუმცა ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ სახელმწიფო ბიუროკრატია სწორედ ასე მუშაობს. საღი აზრის ნაცვლად, უფრო მნიშვნელოვანია ე.წ. "საფუძველის" არსებობა - რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება სრულიად სიმბოლური და არა რაიმე ობიექტური საზომიც იყოს, რაიმე პროცესის კანონიერების დადგენისთვის.
მართლაც რა არის გამოსავალი ასეთ ვითარებაში, რომ ერთი მხრივ არც რესურსების მითვისება იყოს ადვილი და ამავდროულად საგანმანათლებლო დაწესებულებები თავისუფალი იყოს სახელმწიფო ბიუროკრატიის უსარგებლო მარწუხებისგან? პირველ პრობლემაზე პასუხი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის გამჭვირვალებისა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების მექანიზმების გაძლიერებაში უნდა ვეძებოთ. მეორე პრობლემა კი სისტემის დერეგულირების გზით უნდა გადაწყდეს.
(წარწერა ილუსტრაციაზე: თუ რამე დაგჭირდებათ, ნუ მოგერიდებათ, შეავსეთ სათანადო ფორმულარი)
(წარწერა ილუსტრაციაზე: თუ რამე დაგჭირდებათ, ნუ მოგერიდებათ, შეავსეთ სათანადო ფორმულარი)
Post a Comment