Showing posts with label კანონი. Show all posts
Showing posts with label კანონი. Show all posts

ჩხოროწყუს "საქმე" - ტუალეტის დასუფთავება

by February 01, 2021
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩხოროწყუს სკოლის მოსწავლეების ნაწილმა ადგილობრივი მერიის დასუფთავებაში, მათ შორის საპირფარეშოების გაწმენდაში მიიღო მონაწილეობა. 



როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, მოსწავლეები დირექტორის თანხმობით გაკვეთილების შემდეგ წავიდენენ მერიაში, დაასუფთავეს სხვადასხვა სათავსო, მათ შორის საპირფარეშოც. 

ამ ამბავში რამდენიმე პრობლემური მხარეა:

პირველი, მედია ამ ამბავს ფუთავს, როგორც ბავშვების ძალდატანებისა და ღირსების შემლახავ საქმიანობაში ჩართვას. "ახეხინეს" წერენ სტატიებში, სოციალურ ქსელებში, ამბობენ სიუჟეტებში. ბავშვებზე ძალდატანება არ ჩანს არსაიდან. განა მხოლოდ ძალდატანებით ან მოტყუებით შეიძლება დაალაგოს ადამიანმა საპირფარეშო? 

საპირფარეშოს, მათ შორის საზოგადოებრივის, დალაგება რაიმე იძულების გარეშე, მოხალისეობრივად, რატომ უნდა ჩაითვალოს ღირსების შემლახავ სამიანობად? განა ჩვენ დამლაგებლებს, რომლებიც სკოლებში თუ მუნიციპალიტეტებში მუშაობენ ღირსება არ აქვთ? საპირფარეშოების დალაგების ღირსებასთან კავშირში განხილვა, შეურაცხმყოფელ საქმიანობად შეფუთვა და მოსწავლეებისთვის შეუფერებელ საქმიანობად წარმოდგენა ხელს შეუწყობს იმ მოსწავლეების ტრავმირებას, რომლებიც ამ აქციაში მონაწილეობდნენ. მათ არაფერი ცუდი და ღირსების შემლახველი არ გაუკეთებიათ და მნიშვნელოვანია, რომ მათ ეს იცოდნენ. 

მეორე, როგორც მედიიდან ვიგებთ, საკითხის გამოძიებას იწყებს პოლიცია. რა შუაშია აქ პოლიცია? დავუშვათ საზოგადოება თვლის, რომ მოსწავლეებმა, თუნდაც ნებაყოფლობით არ უნდა დაალაგონ საზოგადოებრივი თუ ნებისმიერი სხვა საპირფარეშო - აქ შეიძლება საერთოდ კრიმინალურ ქმედებაზე საუბარი? შეიძლება ვიკამათოთ იმის შესახებ, არის თუ არა ასეთი გამოცდილება მოსწავლეებისთვის პედაგოგიური ღირებულების, მაგრამ რა შუაშია აქ სამართალდამცავი სისტემა? 

მესამე, ამ სიუჟეტის კეთებაზე მომუშავე ჟურნალისტები მეც დამიკავშირდნენ. ძალიან სამწუხაროა, რომ მათი ერთადერთი კითხვა იყო "ვინ არის დამნაშავე?" რომელიც რამდენჯერმე სხვადასხვა ფორმით დამისვეს. ასეთი მიდგომა არ უწყობს ხელს დაფიქრებას. ჟურნალისტები უნდა ეხმარებოდნენ საზოგადოებას, რომ გაიაზრონ მათი პრობლემები და არა მოქმედებდნენ როგორც პროკურორები დამნაშავეების ძიებისას.

მოზარდებს საპირფარეშოების დალაგების გამოცდილება მხოლოდ გამოადგებათ. სასურველია, რომ ამგვარი გამოცდილება პირველ რიგში საკუთარ სახლში შეიძინონ და არა განსაკუთრებით პანდემიისას, საჯარო დაწესებულებებში. ასევე კარგია, თუ სკოლა და მუნიციპალიტეტი განაგრძობენ თანამშრომლობას, ოღონდ ცხადია რომ უკეთესი იქნება თუ დასუფთავების საკითხში მუნიციპალიტეტი დაეხმარება ხოლმე სკოლას უფრო მეტად ვიდრე სკოლა მუნიციპალიტეტს. 

რაც შეეხება ამ ამბავს, კარგი იქნება თუ სკოლა შეხვედრას გამართავს მშობლებთან, მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან და მშვიდად, პოლიციის, მედიის და ისტერიის გარეშე განიხილავენ ამ საკითხს - რა არის ამაში პრობლემური და რა არა. მგონია, რომ კარგი იქნება თუ მოსწავლეებს მაგალითს ვაჩვენებთ, რომ მზა პასუხების ნაცვლად ხანდახან უფრო სასარგებლოა კითხვები დავსვათ. ამგვარ გარემოში ისინი უფრო მეტად ისწავლიან პასუხისმგებლიან ქცევას და კრიტიკულ აზროვნებას, ვიდრე სხვების მიერ თავსმოხვეული ჩარჩოების ფარგლებში თავის მართლებისას.

ექსტერნატის სისტემის გაუმართავობა

by June 14, 2017
მშობლების ნაწილს სურს, მათ შვილებმა სტანდარტულისგან განსხვავებული სასკოლო განათლება მიიღონ. სკოლების ნაწილი ცდილობს ამ სურვილს უპასუხოს. ამიტომაც საქართველოში გაჩნდა სკოლები, რომლებიც განსხვავებულ, უმეტესად უცხოეთში აპრობირებულ განათლების პროგრამებს ეფუძნება.1 ასეთი პროგრამების დიდ ნაწილს საქართველოს განათლების სისტემა არ აღიარებს. შესაბამისად სკოლები, ან ზოგ შემთხვევაში სკოლების გარკვეული სექტორები, რომლებიც ამ ტიპის განათლებას სთავაზობენ ავტორიზებულებიც კი არ არიან.2
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ არაავტორიზებული სკოლიდან მოსწავლე გადაწყვეტს ავტორიზებულ სკოლაში გადავიდეს? ის ვალდებულია წარმატებულად ჩააბაროს ექსტერნატის გამოცდები ყველა იმ კლასში და ყველა იმ საგანში, რომელიც აქამდე უნდა გაევლო ეროვნული სასწავლო გეგმით. 
ექსტერნატის სისტემა სრულიად გაუმართავია, რადგან 
  • ხშირ შემთხვევაში ეს სისტემა აიძულებს მოსწავლეებს ჩააბარონ ათობით გამოცდა. მაგ. ერთ მოსწავლეს ზოგ შემთხვევაში 50-მდე გამოცდის ჩაბარება უწევს. 
  • სისტემა არ ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმის ლოგიკას.
ექსტერნის სისტემა ამგვარად მუშაობს: თუ მაგალითად მოსწავლე 5-9 კლასებში სწავლობდა არაავტორიზებულ სკოლაში, მან უნდა ჩააბაროს მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მათემატიკა. 

აქ იბადება რამდენიმე კითხვა
  • თუ ადამიანი მე-9 კლასის მათემატიკის გამოცდას წარმატებით აბარებს, რაღატომ უნდა ჩააბაროს ასევე მე-5 კლასის მათემატიკა? განა მე-9 კლასის მათემატიკის მოთხოვნების დაძლევა არ არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ მას მეხუთე კლასის მათემატიკის მოთხოვნები დაძლეულად ჩავუთვალოთ? ან თუ არის საგანში რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა (მაგ. ლიტერატურაში ან ისტორიაში რაიმე ფაქტობრივი ცოდნის აუცილებლად დადასტურება), მაშინ რატომ არ შეიძლება ეს მოთხოვნაც იყოს გათვალისწინებული ნებისმიერი კლასის ექსტერნის ტესტშივე და რატომ არის საჭირო ცალკე ტესტის ჩაბარების მოთხოვნა ყველა კლასისთვის? რატომ ვაკარგინებთ ჩვენს შვილებს რამდენიმე ათეულ გამოცდის ფორმალურად ჩაბარებაზე დროს?
  • რა მიზანს ემსახურება არაავტორიზებული სკოლებიდან მოსწავლეების ავტორიზებულში გადმოყვანის ასე გართულება? რა გვირჩევნია, რომ ჩვენი შვილები აღიარებული საგანმანათლებლო სივრცის მიღმა იყვნენ? 
  • რატომ უნდა იყოს საგანმანათლებლო სისტემა იმდენად მოუქნელი, რომ საუკეთესო სკოლების მასში ინტეგრირება შეუძლებელი და არასასურველი იყოს?

შენიშვნები
1. ასეთი პროგრამები აქვთ საქართველოში რამდენიმე ყველაზე ძვირადღირებული და პრესტიჟული სკოლებს, მაგალითად როგორიც არის www.newschoolgeorgia.com/ ან www.qsi.org/georgia/grg/
2. შარშან, 2016 წელს ზოგადი განათლების შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც თუ სახელმწიფო ხელშეკრულებას დადებს იმ ორგანიზაციასთან, რომელიც უცხოეთში აღიარებულ პროგრამას ახორციელებს, მის პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტსაც ცნობს. თუმცა, არსად არაა განმარტებული, ჩვენი სტატიის ფარგლებში აღწერილ პრობლემასთან კავშირში, რა უფლებებით სარგებლობენ ამ სკოლების მოსწავლეები, სანამ ისინი დაასრულებენ სწავლას. 

რელიგიის, სახელმწიფოს, სკოლის და სამოქალაქო აღზრდის საკითხი

by September 12, 2015

კომენტარი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზე 
განთავსებულ ფოტოზე


Simon Janashia. Powered by Blogger.