ამ ჩანაწერში მინდა სამსჯელოდ ხუთი პრინციპი შემოგთავაზოთ, რომელიც განათლების პოლიტიკას საქართველოში გააჯანსაღებდა.
1. ორიენტაცია განვითარებაზე
საქართველოს განათლების სისტემა დიდი ხარისხით ვერ დაკვეხნის. ეს პრობლემაა. თუმცა, ამაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ეს სისტემა იმდენად ნელა ვითარდება, რომ ამ ვითარების გაუმჯობესებისთვის პერსპექტივები არც ახლო და არც შორ მომავალში არ ჩანს.
განათლების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს განათლების სისტემის განვითარება. ამის წინაპირობაა იმის გააზრება, რომ დღევანდელი ვითარება არის გუშინდელი პოლიტიკის შედეგი და არა ცალკეული დირექტორების, მასწავლებლების და ა.შ. არასათანადო სპონტანური ქცევებით არის გამოწვეული.
განათლების პოლიტიკის გადაწყვეტილებები განვითარების პრიორიტეტის ჭრილიდან უნდა შეფასდეს. უნდა შეფასდეს, კონკრეტული გადაწყვეტილება რა მიმართულებით გამოიწვევს განვითარებას ან განვითარების შეფერხებას.
2. ღირებულებებზე დაყრნობით მართვა
განვითარება მხოლოდ დადებით განვითარებას არ გულისხმობს. შეიძლება სისტემა არასწორი მიმართულებითაც განვითარდეს. ამიტომ, განათლების პოლიტიკის თითოეული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია სხვადასხვა ღირებულების გათვალისწინებით შეფასდეს. ასეთი ღირებულებებია: ხარჯთ-ეფექტურობა, შედეგიანობა, სამართლიანობა, ინკლუზიურობა, არჩევანის თავისუფლება და სხვ.
გადაწყვეტილების მიღებამდე გამართული ამგვარი დისკუსიები, საშუალებას მისცემს საზოგადოებას დაინახოს, რომ რთულია და ზოგ შემთხვევაში კი შეუძლებელია ყველა ღირებულების გათვალისწინებით იდეალური გადაწყვეტილების მიღება. მეორე მხრივ, ამგვარი დისკუსია საშუალებას იძლევა წინასწარ განისაზღვროს შემოთავაზებული გადაწყვეტილების ძლიერი და სუსტი მხარეები.
3. ბარიერების შემცირება
განათლების სისტემის განვითარება თუ გვსურს, მისი განვითარებისთვის ბარიერების რაოდენობა მინიმალური უნდა იყოს. განვითარებისთვის ასეთი ბარიერებია ბიუროკრატიული, ფინანსური, სოციალური, კულტურული და სხვ.
მაგალითად, კარგი სკოლის განვითარებისთვის ბარიერია სკოლის ცუდი გამოსაშვები გამოცდები ან უმაღლესებში მისაღები ცუდი სისტემა. ეს სისტემები სასკოლო საზოგადოების ინტერესს გამოცდების დაძლევისკენ მიმართავს, მოსწავლეებში მრავალმხრივი კომპეტენციების განვითარების ნაცვლად. მრავალი სკოლა კარგავს შესაძლებლობას, რომ საინტერესო ადამიანები მოიწვიონ ბავშვებთან შეხვედრების ჩასატარებლად, რადგან მათ სამინისტროს ნებართვის მისაღებად ლოდინი ჭირდებათ. კარგი სკოლები უმალავენ სამინისტროს, როდესაც გრიფირებულ სახელმძღვანელოებზე უკეთესი წიგნებით ასწავლიან.
სისტემის განვითარებისთვის არსებული ბარიერები გარკვეული რეგულარულობით (მაგ. 2 ან 5 წელიწადში ერთხელ) უნდა შეფასდეს. ამ შეფასების შედეგი ამ ბარიერების შემცირების ან ზოგ შემთხვევაში სრულიადაც გაუქმებისკენ მიმართული გადაწყვეტილებები უნდა იყოს.
4. განვითარების წახალისება
განვითარების პრიორიტეტის მიმართულებით სკოლების ინიციატივებს წახალისება ჭირდება. მაგალითად, სკოლები უნდა წახალისდეს, რომ ჰქონდეთ მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები, მოიზიდონ უფრო კომპეტენტური მასწავლებლები, გამოიყენონ ან შექმნან საკუთარი ან საზოგადო გამოყენების საგანმანათლებლო რესურსები.
მაგალითად: თუ სკოლას შეუძლია ეთიკური გზებით დამატებითი ფინანსური სახსრების მოძიება, საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ამისთვის მისი დირექტორი უნდა შევაქოთ, ხოლო თუ ამ პროცესში ის საბუღალტრო შეცდომებს უშვებს ამისთვის ტრენინგზე უნდა გავუშვათ და არა სამსახურიდან დავითხოვოთ.
5. მრავალფეროვნების გათვალისწინება
საქართველოს განათლების სისტემა აერთიანებს არაერთგვაროვანი გამოცდილების, შესაძლებლობებისა და მოტივაციის მქონე სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებს, მშობლებს, გადაწყვეტილების მიმღებებსა და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებს. განსხვავებულია სისტემის შემადგენელი ელემენტების პრობლემები და მიღწევები.
ამიტომაც საჭიროა, რომ განათლების სისტემაში გადაწყვეტილებები დიფერენცირებულად მიიღებოდეს სკოლებში არსებული განსხვავებული შესაძლებლობებისა და მოტივაციის გათვალისწინებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელმწიფო პოლიტიკა არ უნდა იყოს მიმართული სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტების ერთი წამლით მკურნალობაზე.
შენიშვნები
* შეიძლება ვინმემ იკითხოს, სად ჩანს ამ პრიორიტეტებში მოსწავლე, ბავშვი და ა.შ. რა თქმა უნდა თითოეული ეს პრიორიტეტი სწორედ მოსწავლეების საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ეს ჩვეულებრივი ტრუიზმია და ამიტომაც აქ ამაზე აქცენტი არ გამიკეთებია.
** ეს პრინციპები ურთიერთდაკავშირებულია. თუ ბარიერს ვაწესებთ, მაგრამ ამავდროულად ამ მიმართულებით წახალისების მიდგომებს ვიყენებთ, ეს წყალში გადაყრილი ძალისხმევაა. მაგალითად: თუ სახელმწიფო სკოლის დირექტორისგან ლიდერობის უნარების გამოვლენას ელის, მაგრამ მის ყველა ნაბიჯს აკონტროლებს და შეცდომებისთვის სჯის, მაშინ მისგან ნამდვილი ლიდერი ვერ დადგება. თუ ბარიერს ვუხსნით იმ სკოლას, რომელსაც ამ ბარიერის გამოყენების შესაძლებლობა არ აქვს, ეს არ ნიშნავს რომ ის ამ თავისუფლებას აუცილებლად გამოიყენებს.
*** საკმარისი იქნება ამ პრინციპების გამოყენება, რომ სისტემა განვითარდეს? ცხადია მხოლოდ ეს პრინციპები ვერ განავითარებს ვერანაირ სისტემას. თუმცა კითხვას დავსვამდი ამგვარად - რამდენად აუცილებელია ამ პრინციპების გათვალიწინება განვითარებისთვის? ამ შემთხვევაში პასუხი უფრო დადებითი იქნებოდა ვიდრე უარყოფითი.