სკოლა და პოლიტიკა, გაგდებიდან გარიყვამდე.

by October 26, 2017
გუშინ სკოლის ყოფილ დირექტორს ველაპარაკე, რომელსაც დიდი ხანია ვაკვირდები. უამრავი მიღწევა ჰქონდა თავის სოფლის სკოლაში. ჩამოყავდა ამერიკელები, ფრანგები, ასწავლიდა ბავშვებს სოფლის მეურნეობას, ყიდდნენ ერთად პროდუქციას, არემონტებდა სკოლას, თარგმნიდა სახელმძღვანელოებს, აფუძნებდა ასოციაციებს, გავლილი ჰქონდა საერთაშორისო ორგანიზაციების ტრენინგები, მოგზაურობდა საზღვარგარეთ და ჩამოქონდა იქიდან იდეები და ფინანსური რესურსები, ბავშვები მონაწილეობდნენ ლიტერატურულ კონკურსებში, სკოლებს შორის გაცვლებში.

2011 წელს გაუშვეს სკოლიდან. ნაციონალური მოძრაობის დავალებით სუს-მა მოთხოვა მასწავლებლების სკოლიდან გაგდება, იმიტომ რომ მათი ქმრები ერთხელ ოპოზიციური პარტიის შეკრებაზე იყვნენ. დირექტორს მოთხოვეს, რომ ეს გადაწყვეტილება თავის თავზე აეღო და პარტიის დავალებები საიდუმლოდ შეენახა. 

შემდეგ, თავისი მოადგილის გაშვება და ნაციონალური მოძრაობის ფავორიტის მის ადგილას დანიშვნა მოთხოვეს. დამატებით, დაავალეს სამეურვეო საბჭოს წევრების პოლიტიკური ნიშნით შერჩევა.

კიდევ რამდენიმე სხვა მსგავსი რამე დაავალეს და ყველა ჯერზე ღირსეული ადამიანის ღირსეული უარი მიიღეს. ამის შემდეგ შარი მოსდეს უმნიშვნელო ფინანსურ დარღვევაზე და დაჭერის მუქარით გაათავისუფლეს სკოლიდან.

ეცადა ეს ადამიანი სკოლაში დაბრუნებას 2012 წლის შემდეგ, მაგრამ არ მიუშვეს. ჰოდა დღეს ეს გამოცდილი, ჭკვიანი, საქმიანი და ღირსეული ადამიანი დაკავებულია ტურისტების მომსახურებით.

ერთი დანაშაულია, რომ გვყავდა მთავრობა, რომელმაც ეს ადამიანი დააშინა, დაამცირა და განათლების სისტემიდან განდევნა. მეორე დანაშაული კი ის, რომ არც ახლანდელი მთავრობა ზრუნავს, რომ პროფესიონალების სისტემაში მოიზიდვაზე, მათი გარიყვის ნაცვლად.

უსამართლობის გარდა, ამ პოლიტიკის პრაქტიკული უარყოფითი შედეგი ის არის, რომ სკოლის მართვაში ჩართვა არც ისე ბევრ ადამიანს სურს. ამის ნათელი შედეგია ის, რომ 2014 წლის სკოლის დირექტორების არჩევნებისას სკოლების 80%-ში, სამი კანდიდატის ნაცვლად მხოლოდ ერთი წარედგინათ "ასარჩევად". ეს კი იმის შესაძლებლობას ამცირებს, რომ სკოლების განვითარებაში საუკეთესოდ მომზადებული, მოტივირებული, ღირსეული ადამიანები ჩაერთონ.


ლადო აფხაზავა - მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი

by October 05, 2017
ლადო აფხაზავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია. მიხარია, და ვულოცავ, რადგან ის არის კარგი მოქალაქე, საუკეთესო პედაგოგიური უნარების და ინტუიციის მატარებელი ადამიანი.
მას ჯერ კიდევ 2009 წლიდან ვცემ პატივს, რადგან როგორც აი ამ, მაშინდელ სიუჟეტში ნახავთ, მას შეუძლია ბავშვების კეთილდღეობისთვის საკუთარ კომფორტზე უარი თქვას.





მასწავლებლის ეროვნული ჯილდო წელს პირველად გაიცა. ამ დაჯილდოებას კარგი პოტენციალი აქვს, რომ მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი. მეტი ამ ჯილდოს შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ აქ.
Simon Janashia. Powered by Blogger.