საფერე - სადაც განათლებას გემო აქვს

by July 01, 2017
დღეს კიდევ ერთხელ გავხდი იმის მოწმე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ განათლების ღირებულება გადავიაზროთ.
ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე ღვინის ბარ, საფერეში აღმოვჩნდი. აღმოჩნდა, რომ ზუსტად ამ დროს, აქ ბაია და გვანცა აბულაძეები გაგვასინჯებენ ღვინოს, რომელიც, სოფელ ობჩაში, საკუთარი და მათი ოჯახის სხვა წევრების ხელითაა დაწურული. ღვინის წარმოებაში რომ არიან ჩართულები არ არის ამ ადამიანების ერთადერთი ღირსება. 

ამ ახალგაზრდებს, 24 და 22 წლის ადამიანებს, გაცილებით მეტი ცოდნა აქვთ ვიდრე მათ ტიპიურ თანატოლს. უფრო მეტიც, განსხვავებით უამრავი ადამიანისგან, რომლებსაც თითქოს კარგი განათლება აქვთ, იციან, რა აინტერესებთ, რა უყვართ და აქვთ უმნიშვნელოვანესი რამ, რაც განასხვავებს ჩვენი უმრავლესობისგან - აქვთ ცოდნა, რომელიც ერთი მხრივ პირად გამოცდილების, მეორე მხრივ პროფესიული ცოდნის, მესამე მხრივ ტრადიციის და რაც მთავარია საკუთარი გამოცდილების რეფლექსიის საფუძველზეა შექმნილი. 
დღევანდელი დღის მასპინძელი, გიორგი მშვენიერაძეა. გიორგის როგორც იურისტს და საზოგადოების განვითარებისთვის მომართულ ადამიანს ვიცნობ. გარდა იმისა, რომ ცდილობს სამართლებრივი სისტემა დახვეწოს, ის ასევე ავრცელებს ცოდნას საქართველოში საზოგადოებრივი აზრის განვითარების შესახებ. 


გიორგიმ აგვიხსნა ყურძნის ჯიშები და იმერული ღვინის დაყენების თავისებურებები. საფერეშიც უამრავი დეტალი აქვს ჭკვიანურად და გულით გაკეთებული. ყავა, კერძები, ღვინო, ავეჯი და ჭურჭელიც კი მისი ინტელექტუალური და ფიზიკური შრომის შედეგია. დიახ, თეფშებიც კი მისი გაკეთებულია.  
ბაია, გვანცა და გიორგი ამ საღამოს ჩემი საუკეთესო მასწავლებლები იყვნენ. მათ თავად აქვთ საუკეთესო განათლება იმის შესახებ, რასაც მე საფერეში ვსწავლობდი, რადგან თავად ქმნიან ამ ცოდნას, ნაცვლად იმისა, რომ გაიმეორონ, რაც მათ სხვამ მოუთხრო. ვუყურებ მათ და ვფიქრობ, რომ მასწავლებლებს ძალა სწორედ ამის ნაკლებობის გამო აკლიათ. მდიდარი განათლება აძლევს მათ თავისუფლებას, ცხოვრებისეული არჩევანი დიდი პასუხისმგებლობით აკეთონ. ამან კი დღეს მე მომცა შანსი, რომ ცოტათი მეც გამესინჯა მათი ცოდნის გაზიარებისგან მიღებული სიამოვნება.
Simon Janashia. Powered by Blogger.