Showing posts with label სტატისტიკა. Show all posts
Showing posts with label სტატისტიკა. Show all posts

NAEC გამოსაშვები გამოცდების გამჭვირვალებას ამცირებს

by February 15, 2018
გამოცდებისა და შეფასების ცენტრის (NAEC)დირექტორის ინტერვიუთი დღეს შევიტყვეთ, რომ სკოლების გამოსაშვები გამოცდების ფორმატი იცვლება. თუ აქამდე მოსწავლე გამოცდის დასრულებისას იგებდა ქულას და შესაბამისად იმას, გადალახა თუ არა მინიმალური ზღვარი, აწი ის მხოლოდ გაიგებს, გადალახა თუ არა მან ზღვარი და აღარ ეცოდინება გამოცდის ქულა. 

რა შედეგს მივიღებთ ამ ცვლილებით?

1. ეს ცვლილება შეამცირებს გამოსაშვები გამოცდების გამჭვირვალებას. გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრს აქამდეც ჰქონდა პრობლემა ამ მიმართულებით. ჟურნალისტებსა და მკვლევარებს ის გამოცდების შესახებ მონაცემებს მხოლოდ იმ ფორმით აწვდიდა, რომლითაც თავად გადაწყვეტდა, რომ მათ აწყობთ. ვიცნობ ჟურნალისტებსა და მკვლევრებს, რომლებსაც უარი უთხრეს მონაცემების მიწოდებაზე იმ მოტივით რომ მათ ამგვარი მონაცემები დამუშავებული არ ჰქონდათ. ამავდროულად ვიცნობ მკვლევრებს, რომლებსაც იგივე მონაცემები მიაწოდეს. ახალი გადაწყვეტილებით თავად მოსწავლეებსაც არ ექნებათ უფლება გაიგონ საკუთარი ქულა, რაც საგამოცდო სისტემის კიდევ უფრო ნაკლებ გამჭვირვალებას ნიშნავს. 

გამოცდების ქულებსა და სკოლის ნიშნებს შორის განსხვავება ამ ორი ინსტიტუტის სტანდარტებს შორის განსხვავებას აჩვენებდა. სკოლას აქვს საშუალება მრავალმხრივად შეაფასოს მოსწავლე. მასწავლებელი აფასებს არა მხოლოდ მოსწავლის ცოდნას, არამედ მის უნარებს, მის ძალისხმევას. ამავდროულად შეფასების სასკოლო პრინციპი გულისხმობს კოლექტიურ მუშაობაში მოსწავლეების ჩაბმასაც, განსხვავებით ტესტირების ინდივიდუალური ბუნების. გამოცდების ქულებისა და სკოლის ნიშნების აცდენა წარმოაჩენდა ამ გამოცდების გამოყენების შეზღუდულ და კონცეფტუალურად არასწორ პრინციპს - როდესაც თითოეული გამოცდა გამოიყენება მოსწავლის არა ერთ-ერთ შეფასებად, არამედ როგორც გადამწყვეტი საზომი იმისთვის, რომ დადგინდეს, იმსახურებს თუ არა მოსწავლე სასკოლო ატესტატს. გამოცდების ფორმატის შეცვლა ამცირებს გამოსაშვები გამოცდების კონცეფტუალური ხარვეზების გამოვლენის შესაძლებლობას, რაც ასევე უნდა განიხილებოდეს როგორც გამჭვირვალების შეზღუდვა.

ნაკლები გამჭვირვალება ნიშნავს საზოგადოების მხრიდან განათლების პოლიტიკის ამ ინსტრუმენტის ნაკლებ კონტროლს, რაც სისტემისთვის საზიანოა. 
რა სარგებელი შეიძლება მიიღოს საგამოცდო ცენტრმა ამ კონტროლის შემცირებით? ერთ-ერთი "სარგებელია" ის, რომ ნაკლებად ხდება შესაძლებელი ამ ცენტრის მიერ დაშვებული მეთოდოლოგიური თუ ტექნიკური შეცვდომების გამოვლენა. 

თუ გაგიმართლათ, მონაცემები მოიპოვეთ და გამოცდების ქულების ანალიზს გააკეთებთ, საკმაოდ საინტერესო სურათს დაინახავთ. ქვევით მოცემულ მაგალითზე ხედავთ, რომ ზოგიერთ წლებში (2011-2013-ში მეტად და შემდეგ ნაკლებად) გამოსაშვები გამოცდების ქულების კონცენტრაცია ხდება მაქსიმალურ ქულასთან (10) ახლოს. ასევე, ჩანს ისიც, რომ 2016 წელს ჩაჭრის პირას (5.5-ზე სულ მცირედ ნაკლები ქულა ასევე დიდ რაოდენობის გამოცდაზე გასულს ჰქონდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსწავლეების უცნაურად დიდ რაოდენობას დააკლდა სულ მცირე, იმისთვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადაელახა. მანამდე კი, 2012-2013 წლებში უცნაურად დიდ რაოდენობას ჰქონდა მაქსიმალური ქულა. 


გამოსაშვები გამოცდების ყველა საგნის აგრეგირებული ქულების სიხშირული განაწილება წლების მიხედვით. მონაცემების წყარო, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი. 

ამავე მონაცემების ანალიზი გვაჩვენებს, რომ გამოცდაზე მეორეჯერ გასულთა 50% წარმატებით ძლევს იმავე გამოცდას. 

2. ქულების დაფარვის გადაწყვეტილება საზიანოა თავად გამოცდაზე გასულებისთვისაც. განსაკუთრებით პრობლემურია ეს მათთვის ვინც მინიმალურ ზღვარს ვერ გადალახავს. მას არ ეცოდინება, თუ რამდენად შორს იყო მისი შედეგი ამ ზღვრისგან. შესაბამისად ეს შედარებით გაართულებს გამოცდებისთვის ხელახალი მომზადების პროცესს. მაგალითად, თუ მოსწავლემ იცის, რომ მას მხოლოდ ერთი მეათედი ქულა დააკლდა ზღვარის გადასალახად, მას ნაკლები ძალისხმევა ჭირდება ხელახალი მომზადებისთვის, ვიდრე მაშინ, როდესაც მას ქულის ასაღებად მნიშვნელოვნად მეტი დააკლდა. 



უნარების ტესტის 2014 წლისთვის დაგეგმილი ცვლილება

by January 17, 2014


მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზოგადი უნარების ტესტის ცვლილება იგეგმება. დაგეგმილია რომ გაიზარდოს დავალებების რაოდენობა, რომელზეც სწორი პასუხის არჩევა ხუთი სავარაუდო პასუხებიდან მოხდება და შემცირდება ოთხპასუხიანი დავალებების რაოდენობა.

ცვლილების საჭიროების დასაბუთება ხდება იმით, რომ სასურველია შემცირდეს აბიტურიენტების მიერ შემთხვევითი შემოხაზვის პრინციპით არჩეული პასუხების საფუძველზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შესაძლებლობა.

გთავაზობთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი იყო მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის ალბათობა ერთიანი ეროვნული გამოცდების სხვადასხვა წელს ზოგადი უნარების ტესტის ფარგლებში. 

როგორც ცხრილიდან ხედავთ 2005-2013 წლებში ალბათობა მერყეობს 29.2%-სა და 97.1 პროცენტს შორის. 2014 წელს თუ კომპეტენციის ზღვარი ორი ქულით გაიზრდება და მხოლოდ ხუთ პასუხიანი კითხვები იქნება, ალბათობა შემცირდება 3.9%-მდე.




მონაცემების წარდგენის მნიშვნელობა

by August 17, 2013
საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც განათლების სისტემის შესახებ მონაცემების წარდგენა ხდება ვითარების დრამატიზების გზით იმისთვის, რომ ცვლილებების პოლიტიკური საფუძველი შექმნან. ამ მიზნით ხშირად საერთაშორისო კვლევები გამოიყენება. ხშირად გვეუბნებიან, რომ საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა ამ კვლევების მიხედვით მსოფლიოში. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

ილუსტრაციაზე მოცემულია წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში, PIRLS 2011 მონაწილე ქვეყნების ჯგუფები ქულების მიხედვით. თუ რუკას დავაკვირდებით რამოდენიმე რამეს შევამჩნევთ, რომ:
  • ქულების დაჯგუფების ამ გზას თუ ავიღებთ, რაც თავად ამ კვლევის ფარგლებში დაწესებულ ე.წ. ბენჩმარკებს ითვალისწინებს ვნახავთ რომ საქართველო საშუალო 488 ქულით კვლევაში მონაწილე ქვეყნების უმრავლესობის ჯგუფშია 
  • მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა არ იღებს მონაწილეობას ამ კვლევაში
ამ ორი დებულების გათვალისწინებით, იმის თქმა, რომ საქართველო მსოფლიოში წიგნიერების დონით "ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა" საფუძველს არის მოკლებული. 


(ფრჩხილებში მოცემულია ქვეყნების რაოდენობა თითოეულ ჯგუფში)

კითხვის, მათემატიკის და ბუნებისმეტყველების სწავლის შედეგები

by December 14, 2012
სამწუხარო ინფორმაცია იმათთვის, ვისაც გულით სჯერა, რომ განათლების რეფორმამ 2004-2009 წლებში საქართველოში სწავლის ხარისხი გააუარესა. მოცემულია განათლების საერთაშორისო კვლევების შედეგები (საშუალო სკალირებული ქულები). 2006-2007 წლებში შემოწმებული მოსწავლეები, მეოთხე და მერვე კლასებში ჯერ კიდევ ძველი სასწავლო გეგმითა და სახელმძღვანელოებით სწავლობდენენ, 2011 წელს კი - უკვე ახლით.



სკოლების ბრენდირების გამჭვირვალება

by October 22, 2011
ბრენდირების ზოგად პრობლემებთან დაკავშირებით აქ შეგიძლიათ ამავე ბლოგის სხვა ნაწილში.

ეს ჩანაწერი ეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციას, რომ: ბრენდირება ჩატარდა; გამოვლინდა 10 საუკეთესო სკოლა.



ასევე გადავხედოთ სამინისტროს საიტზე არსებულ ინფორმაციას ბრენდირებული სკოლების შესახებ და შევეცადოთ დავადგინოთ თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა სამინისტრომ სკოლების შეფასებისას. რადგან განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბრენდირების ერთერთ მთავარ მიზანს სისტემის გამჭვირვალებას ასახელებს, საინტერესოა თავად ბრენდირების სისტემა რამდენად გამჭვირვალეა.

ათ საუკეთესო სკოლას შორის დასახელდა 157-ე სკოლა. ამ სკოლამ 10 შესაძლო ვარსკვლავიდან 9 მოიპოვა.  ეს ამ სკოლის ერთადერთი მიღწევა არ არის 2011 წელს. სამინისტრომ ამ სკოლის დირექტორი 2011 წლის საუკეთესო დირექტორად დაასახელა.

შორენა ბუნტური ამ სკოლის დირექტორად ერთი წლის წინ დაინიშნა. ის 25 წლის იყო და მანამდე მუშაობდა სკოლის მანდატურად.

საინტერესო ამ ისტორიაში არის შემდეგი: როგორ მოახერხა გამოუცდელმა დირექტორმა, რომ ერთ წელიწადში ეჯობნა 2100-მდე სხვა დირექტორისთვის, ხოლო მის სკოლას ასევე დაახლოებით ამდენივე სკოლისთვის? ერთ წელიწადში სკოლის რადიკალურად შეცვლა და რადიკალურად უკეთესი შედეგების ჩვენება შეუძლებელია. თუ სკოლა საუკეთესოებს შორისაა, მაშინ რატომ მოხსნეს წინა დირექტორი და რატომ დანიშნეს აქ მანდატური?

შევადაროთ ორი სკოლა ერთმანეთს: ახალციხის 5-ე სკოლა და თბილისის 53-ე.
ჩანს, რომ ზოგიერთი პარამეტრით 5-ე სკოლა ჯობნის 53-ეს. მაგ. ავიღოთ ინფრასტრუქტურა. ახალციხის სკოლაში 56 კომპიუტერია, თბილისის "პრესტიჟულ" სკოლაში კი 38. არადა ახალციხის სკოლაში 1262 მოსწავლე სწავლობს, ხოლო თბილისის სკოლაში - 1720. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომპიუტერებს სკოლებისთვის ძირითადად სახელმწიფო ყიდულობს მაშინ იბადება კითხვა, რატომ უყიდა სახელმწიფომ (ან თუნდაც დონორებმა) ახალციხის სკოლას უფრო მეტი კომპიუტერი ვიდრე თბილისისას?
იქნებ ეს პარამეტრი სულაც არ არის მნიშვნელოვანი თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შესაძლოა 53-ე სკოლის უფრო მეტი მოსწავლე იყენებს კომპიუტერს განათლების პროცესში, რადგან მათ კომპიუტერები სახლში აქვთ?

შევხედოთ სხვა პარამეტრს. მაგ. 53-ე სკოლაში მასწავლებლების 26% აქვს გავლილი ტრენინგი, ახალციხისაში კი 33%. თუ გავითვალისწინებთ მასწავლებლების რაოდენობას, გამოდის, რომ 53-ეში 30 მასწავლებელს აქვს გავლილი ტრენინგი, ახალციხეში კი 32-ს.

შევხედოთ სპორტულ მიღწევებს. ახალციხის სკოლა სპორტულ შეჯიბრში პირველ სამ ადგილზე გავიდა. თბილისის სკოლა კი ვერ. თბილისისში 400-მდე სკოლაა, მთელს ახალციხის რაიონში კი 40-მდე. როგორ შეიძლება ამ ორი სკოლის ერთ შკალაზე ამ პარამეტრით შედარება?

53-ე სკოლას ყავს ოქროს მედალოსნები, ახალციხის სკოლას კი მხოლოდ ვერცხლის მედალოსნები. ახალციხის სკოლიდან უფრო მეტი პროცენტი ჩაირიცხა უმაღლესში,  53-ედან მეტმა აიღო გრანტი. თუმცა არ ვიცით ეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულების პროცენტია, თუ სკოლადამთავრებულების?

53-ე სკოლას აქვს 7 ვარსკვლავი და მისი დირექტორი მოხსნეს 2011 წლის ზაფხულში. ახალციხის სკოლას კი აქვს ორი ვარსკვლავით მეტი. რატომ?

ბრენდირებასთან დაკავშირებით ბევრი სხვა კითხვის დასმაც შეიძლება, მაგრამ ზოგიერთს პასუხი ისედაც გაეცემა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგ სკოლაში დირექტორის ვინაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 157-ე სკოლაში დირექტორი მანდატურია. ახალციხის 5-ე სკოლაში კი შინაგან საქმეთა მინისტრის დედა.









სახელმძღვანელოების სტატისტიკა 2010

by August 04, 2010
ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრმა გამოაქვეყნა 2010 წელს გრიფირებული სახელმძღვანელოების სკოლების მიერ არჩევის სტატისტიკა. სრული სტატისტიკა შეგიძლიათ ნახოთ აქ

რამოდენიმე დაკვირვება

1. ასეთი მონაცემები ძალიან სასარგებლოა გამომცემლობებისთვის, რადგან მათ შეუძლიათ უკვე წინასწარ დაგეგმონ საკუთარი ტირაჟები. ასევე მნიშვნელოვანია გამომცემლობებისთვის საკუთარი მარკეტინგული დაგეგმვის გასავითარებლად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სკოლებს აქვთ ვალდებულება, რომ არჩეული სახელმძღვანელოები 5 წლის განმავლობაში არ შეცვალონ, ეს მონაცემები გრძელვადიანი დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა. სახელმწიფოს კი ეძლევა შესაძლებლობაა, რომ ხუთწლიანი ვადის მონიტორინგი მეტნაკლები ეფექტურობით განახორციელოს.
2. სკოლებს შესარჩევად არ ჰქონდათ დიდი დრო. მიუხედავად ამისა, შერჩევის სტატისტიკა გვაძლევს შესაძლებლობას ვიმსჯელოთ თუ რომელი სახელმძღვანელოებია ყველაზე პოპულარული. შესაძლოა ასეთმა სტატისტიკამ ასევე სკოლების არჩევანზე იმოქმედოს მომავალში.
3. კარგი იქნებოდა, რომ მონაცემები ყოფილიყო მოცემული სკოლის ტიპების მიხედვით (ქალაქის, სოფლის, საჯარო, კერძო სკოლები). სოფლისა და ქალაქის მონაცემები სხვა საინტერესო ინფორმაციასთან ერთად გვაძლევს შესაძლებლობას უფრო უკეთ დავგეგმოთ მოსწავლეების რაოდენობები. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სოფლის სკოლები უფრო მცირეკონტიგენტიანია. ასევე ქალაქებში სახელმძღვანელოების შესყიდვის უნარიანობა უფრო მაღალია. მართალია კერძო სკოლების მონაცემები არის მოცემულ ცხრილში, მაგრამ მათი გამოხშირვა საკმაოდ რთულია და სახელოწოდებების ანალიზით არის მხოლოდ შესაძლებელი. კერძო სკოლების მონაცემები შესაძლოა გვაძლევდეს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებითაც, თუ რომელი წიგნები ითვლება უფრო მიმზიდველად კერძო სექტორისთვის. სავარაუდოდ კერძო სექტორი უფრო თავისუფალია და სწრაფად რეაგირებს ინოვაციური შინაარსისა და მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოების მიმართ.
4. ზოგიერთ შემთხვევაში ჩანს ვარიაცია სკოლების რაოდენობების მიხედვით. მაგ. მონაცემები მეხუთე კლასში ქართულის სახელმძღვანელოს შესახებ გვაქვს 2002 სკოლიდან, მათემატიკის 2037, ბუნებისმეტყველების 1978 სკოლიდან და ა.შ. როგორც ჩანს სკოლებს გაუჭირდათ ზუსტად ინფორმაციის მოწოდება.

ქვევით გთავაზობთ 5-ე კლასის სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაციას ვიზუალური ფორმით.

პირველ გვერდზე ხედავთ დაჯამებულ მონაცემებს. გვერდის ქვედა ნაწილში არიჩიეთ მონაცემები საგნების მიხედვით.
* მეხუთე კლასში ისტორიისა და ფიზიკური აღზრდის სახელმძღვანელოების ვიზუალიზაცია არ გაგვიკეთებია, რადგან ამ საგნებში, ამ კლასში მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოა.


საშუალო ხელფასების ზრდა 1998 წლის შემდეგ

by December 18, 2009


მონიშნეთ განათლება და გადადით წლიდან წლამდე იმისთვის რომ ნახოთ, თუ როგორ იცვლებოდა განათლების სფეროში საშუალო ხელფასები სხვა სფეროებთან მიმართებაში.

წყარო: სტატისტიკის დეპარტამენტი.

ეკონომიკისა და განათლების დონის კავშირის შესასწავლად

by December 18, 2009

საინტერესო ინსტრუმენტი
განათლების მიღწევებისა და ეკონომიკის დონის კავშირის შესასწავლად
თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ამ მონაცემების მიხედვით ჩვენზე უფრო სუსტი ეკონომიკის (დათვლილი GDP-ს მოცულობის მიხედვით) ქვეყანა, რომელსაც ჩვენზე უარესი შედეგები აქვს მათემატიკის მიღწევის მიხედვით არ არის. სამაგიეროდ გვაქვს მრავალი შემთხვევა უკეთესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების (ძირითადად არაბული ქვეყნები), რომლებსაც უარესი შედეგი აქვთ.



Simon Janashia. Powered by Blogger.