საგნების ინტეგრირებული სწავლება

by February 23, 2009
ხშირად გამოითქმის მასწავლებლებისგან წუხილი იმის თაობაზე, რომ ახალი სასწავლო გეგმით მათ უწევთ ინტეგრირებულად სხვადასხვა საგნის სწავლება. ხშირად მასწავლებლები ამ ტერმინს არასწორად იყენებენ. მაგალითად ბუნებისმეტყველების ტრიმესტრულად სწავლებას ისინი ხშირად ინტეგრირებულს უწოდებენ. არადა ზუსტად ამის საწინააღმდეგოა ინტეგრირებული სწავლება.
ინტეგრირებული სწავლება გულისხმობს ერთი და იმავე დისციპლინის ფარგლებში არსებული საგნების ან მიმართულებების ერთ საგნად სწავლებას. ინტეგრირება მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ რაც უფრო დაქუცმაცებულია სამყარო მოსწავლისთვის სხვადასხვა ”საგნებად” მით უფრო ურთულდება მას მისი აღქმა და შესწავლა. ადრეულ ასაკში ეს უფრო მეტ სირთულეებთან არის დაკავშირებული ხოლო ზრდასრულობისას ნაკლებთან. ადრეულ ასაკში მოსწავლეებს უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება, ანალიზი და განზოგადება და კიდევ უფრო მეტად ცალკეულ დისციპლინებში ნასწავლი კონცეფციების სინთეზი. სწორედ ამის გამო მოხდა საგნების ინტეგრაციია ეროვნული სასწავლო გეგმით ადრეულ ასაკში.



რა საგნების ინტეგრირება მოხდა?
ხშირად, როდესაც კამათი ისმის ინტეგრირებულ სწავლებასთან დაკავშირებით წარმოუდგენიათ, რომ ინტეგრაცია მოხდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და საზოგადოებრივი მეცნიერებების. სინამდვილეში ინტეგრაციის არეალი გაცილებით უფრო ფართოა. ინტეგრაცია მოხდა მათემატიკის შიგნით: აღარ ისწავლება ცალცალკე და ერთმანეთისგან მოწყვეტით ალგებრა, გეომეტრია - არაფერი რომ არ ვთქვათ ახალ მიმართულებებზე: სტატისტიკა და ალბათობა. ინტეგრირება მოხდა ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის ერთი საგნის ფარგლებში. იმისთვის, რომ მოსწავლე აქტიურად და გამართულად მეტყველებდეს ზეპირად თუ წერით ქართულად, მნიშვნელოვანია, რომ მან ფუნქციური გრამატიკა ისწავლოს და არა მაინცდამაინც წესები. საბუნებისმეტყველო საგნები ინტეგრირებულად ისწავლება პირველი ექვსი წლის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ არის საგანი, ბუნებისმეტყველება, რომელიც ასწავლის მოსწავლეებს ბუნებრივი გარემოს შესახებ, ამ გარემოს მახასიათებლებს, მეცნიერული აზროვნების წინაპირობებს ქმნის და სხვ.
საზოგადოებრივ მეცნიერებებში ინტეგრაცია არის ადრეულ ასაკში. ისტორია, გეოგრაფია და სამოქალაქო განათლება სკოლაში ისწავლება 8 წლის განმავლობაში. დღესდღეისობით მხოლოდ ორ კლასში ამ რვიდან, მე7 და მე8 კლასებში ისწავლება ისტორია და გეოგრაფია ინტეგრირებულად ერთ საგანში. აქ ნაკლებად არის საუბარი ფიზიკურ გეოგრაფიის სწავლებაზე. საუბარია სოციალურ და ეკონომიკურ გეოგრაფიაზე სადაც ზღვარი ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლებას შორის მართლაც მინიმალურია. მაგ. რთულია იმის დადგენა, თუ რომელი საგნის პრეროგატივაა ასწავლო მაგ. საქართველოს თანამედროვე საზღვრები რის საფუძველზე შეიქმნა, მიგრაციების შესახებ, ეკონომიკური სისტემების ურთიერთმოქმედების შესახებ და სხვ. მე9 კლასიდან, როდესაც მოსწავლეები უფრო მეტად არიან ფიზიოლოგიურად და ფსიქოლოგიურად ამისთვის მზად ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლება იყოფა.
შედეგები
სასწავლო გეგმა, სანამ დანერგვას გადის გამოიცდება საქართველოს 100 სკოლაში. ამ გამოცდის საფუძველზე ხდება მისი კორექტირება. ამ გამოცდის დროს ტარდება ასევე კვლევები (კვლევები I, კვლევები II) ერთერთმა კვლევამ, რომელიც ისტორიისა და გეოგრაფიის ინტეგრირებულ სწავლებას ამოწმებდა საინტერესო ტენდენცია აჩვენა. კვლევა ჩატარდა პარალელურად იმ სკოლებში სადაც ახალი სასწავლო გეგმის გამოცდა ტარდებოდა და სხვა სკოლებში სადაც ძველი სისტემით სწავლობენ. კვლევებმა აჩვენა, რომ ინტეგრირებულ სწავლისას მოსწავლეები უკეთესად ახერხებენ ერთ საგანში ნასწავლი უნარების გადატანას მეორე საგანში. ეს კი უმნიშვნელოვანესი უნარია (ე.წ. ტრანსფერული უნარები) რადგან სკოლის დამთავრების შემდეგ მეტია შანსი, რომ ამ უნარს უცნობ სიტუაციაში გამოიყენებს. ამ მხრივ პრობლემა ნათლად გამოჩნდა ძველი სისტემით ნასწავლ მოსწავლეებში, როდესაც მაგ. მეხუთეკლასელები, რომლებიც თავისუფლად ანგარიშობენ 100-ის ფარგლებში ვერ ახერხებდნენ საუკუნის გამოთვლას ნარატიული ტექსტიდან.
პრობლემები

მთავარი პრობლემა, როგორც ხშირად არის მასწავლებელი. იბადება კითხვა, არსებობს კი საქართველოში მაგ. ისტორიის მასწავლებლები, რომლებსაც შეუძლიათ გეოგრაფიის სწავლებაც და პირიქით? მიუხედავად იმის, რომ გეოგრაფიაში შესული საკითხები, ყველა მასწავლებელს აქვს თავის დროზე უმაღლესში სწავლისას გავლილი სკოლების უმეტესობა საგანს ყოფს ორ ნაწილად. გაკვეთილების ერთ ნაწილზე შედის ისტორიკოსი, მეორე ნაწილზე კი გეოგრაფი. გაყოფა ხელოვნურია, მაგრამ საბოლოო ჯამში სწავლება მაინც მეტნაკლებად შეთანხმებულია ორ მასწავლებელს შორის. ზოგიერთმა სკოლამ უკვე დაიწყო მოძრაობა იქეთ, რომ ერთმა მასწავლებელმა ასწავლოს ორი საგანი. ეს ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელი იმაღლებს კვალიფიკაციას, ან სკოლა ეძებს უფრო კვალიფიციურს.
მასწავლებლების ნაწილი აპროტესტებს ინტეგრირებულ სწავლებას იმის გამო, რომ ეშინია სამსახურის დაკარგვის. ეს ძირითადად გეოგრაფიის მასწავლებლების წუხილია, რადგან მათ უფრო უჭირთ ისტორიის სწავლება ვიდრე ისტორიის მასწავლებლებს გეოგრაფიის. თუმცა ამის თქმა მათ არ უნდათ მაინცდამაინც და არგუმენტები, რომლებსაც ისინი ხშირად მოიშველიებენ უფრო მეტად ფოკუსირებულია პატრიოტულ თემებზე, რომ ”საქართველოს ისტორია იჩაგრება” და ა.შ.
უმაღლესის პროგრამები, რომლებიც ამზადებენ მომავალ მასწავლებლებს ასევე ორიენტირებულია, რომ ნაკლებად ვიწრო პროფილის მასწავლებელი გამოუშვას. ეს განპირობებულია არა მხოლოდ იმით, რომ ასე უფრო კვალიფიციურია მასწავლებელი. ასეთი მასწავლებელი უფრო კონკურენტუნარიანია, რადგან შეუძლია მეტ პოზიციაზე დასაქმდეს.
პრობლემა არის ასევე სახელმძღვანელოები. საგნების ინტეგრირებამ გამოიწვია ის, რომ სახელმძღვანელოების მოცულობა გაიზარდა, რამაც ზოგიერთი მშობლის სტერეოტიპი სახელმძღვანელოების შესახებ შეარყია. სახელმძღვანელოების ავტორებსაც ხანდახან უჭირთ ისეთი თემების პოვნა, სადაც მრავალმხრივად იქნება ერთი და იგივე საკითხი შესწავლილი.

ICT ბრიტანეთის სკოლებში

by February 21, 2009
Bett-show

დიდი ბრიტანეთი ლიდერია განათლების ხარისხის მხრივ. ბრიტანელები ასევე ლიდერობენ განათლების სისტემაში ინოვაციების განვითარებისა და დანერგვის კუთხითაც. აქ საზოგადოება და სახელმწიფო მნიშვნელოვან დროს უთმობს განათლებას, განათლების საშუალებების განვითარებასა და დახვეწას. ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში, ყოველი წლის დასაწყისში ლონდონში იმართება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოფენა BETT-Show. გამოფენაზე წარმოდგენილია უახლესი ტექნოლოგიები, კომპიუტერული პროგრამები, ტექნოლოგიების გამოყენებისთვის საჭირო მრავალი აქსესუარი, ავეჯი და სხვ. გამოფენაზე წარმოდგენილია საუკეთესო პრაქტიკის ნიმუშები. აქვე, ყოველწლიურად სახელმწიფოსა და მსხვილი თუ შედარებით მცირე კომპანიების წარმომადგენლები წარმოადგენენ საკუთარ პროდუქციას, მომავლის ხედვას, ტარდება სემინარები და მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ თუ, როგორ არის შესაძლებელი ტექნოლოგიების გამოყენება განათლების ხარისხის, განათლების მართვის ეფექტურობისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის. 2009 წლის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ექვსასზე მეტი მომწოდებელი ორგანიზაცია. დამთვალიერებლების რიცხვი კი ოცდაათ ათასს აღწევდა.


გამოფენა საინტერესოა მასწავლებლებისთვის, სკოლისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. გამოფენაზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ უახლესი პროდუქცია, შეგიძლიათ გამოცადოთ ადგილზევე მათი მთავარი ფუნქციები, დაესწროთ სემინარებს, რომლებსაც აპრაქტიკოსი მასწავლებლები, პროგრამებისა და ტექნოლოგიების გამომგონებლები, განათლების სპეციალისტები და პოლიტიკოსები ერთობლივად ატარებენ.

ტექნოლოგიების გამოყენების ძირითადი მიმართულებები

სწავლა და სწავლება
გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქციის უმეტესობა განკუთვნილია სწავლისა და სწავლების პროცესის გამდიდრებისკენ. ერთი მხრივ წარმოდგენილი იყო აპარატურა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ეხმარება მასწავლებელს, რომ სწავლება უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი, ინდივიდუალიზებული, ორგანიზებული და შედეგიანი გახადოს მოსავლისთვის. მეორე მხრივ წარმოდგენილია პროდუქცია, რომელიც იმისთვისაა შექმნილი, რომ სკოლაში მიმდინარე პროცესების მართვა გაადვილდეს.

ერთერთი ძირითადი მიმართულება, რომელიც გამოფენაზეა წარმოდგენილი ეხება სწავლების ინდივიდუალიზაციას. რადგან ყველა მოსწავლე უნიკალურია შესაძლებლობების, საჭიროებების, წარმომავლობისა და ინტერესებიდან გამომდინარე, თანამედროვე განათლების სისტემისთვის მნიშვნელოვანია, რომ სწავლება მორგებული იყოს თითოეულ მოსწავლეზე. ეს, რა თქმა უნდა არ გულისხმობს მოსწავლეების ცალცალკე დასმას და აბსოლუტურად სხვადასხვა დავალებების მიცემას. ძირითადად ინდივიდუალიზაცია შესაძლებელი ხდება ისეთი დავალებებით, რომლებსაც ერთი ცალსახა პასუხი, ამოხსნა ან პრობლემის გადაჭრის გზა არ აქვთ. ასეთი დავალებების მიცემა გამოცდილი მასწავლებლებისთვის სირთულეს არ წარმოადგენს. რთულია ისეთი დავალების მიცემა, რომელიც გულისხმობს მოსწავლეებისგან მრავალფეროვანი და განსხვავებული გამოცდილების მიღებას სწავლის პროცესში. მაგ. მასწავლებელს უნდა, რომ მოსწავლეებში განავითაროს პოზიტიური დამოკიდებულება ბუნებრივი გარემოს მიმართ. ზოგი მოსწავლისთვის რთულია ლაშქრობებში მონაწილეობა ჯანმრთელობის გამო. ზოგი მოსწავლე თავს არაკომფორტულად გრძნობს მაშინ, როდესაც ცხოველებთან აქვს ურთიერთობა. ზოგი მოსწავლესთვის წარმოუდგენელია ფეხით რამოდენიმე საათის განმავლობაში გადაადგილება, რადგან მიჩვეულია ტრანსპორტს. ზოგიერთი მოსწავლე კი იმის გამო, რომ შეჩვეულია სახლში ცხოველების ყოლას ვერ ახერხებს იმის გარკვევას, თუ სად მთავრდება საკუთარი ეზო და სად იწყება ის გარემო, რომელიც საზიაროა სხვებთან. ასეთ პირობებში მასწავლებლისთვის რთულია, რაიმე ერთი მიდგომა ჰქონდეს მოსწავლეების მიმართ. შესაძლებელია ერთი მოსწავლისთვის მნიშვნელოვანი იყოს, რომ დააკვირდეს მცენარეებს, მეორე მოსწავლისთვის კი მნიშვნელოვანი იყოს, რომ ცხოველებს შეეხოს. სხვა მოსწავლისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს, რომ ისწავლოს უსაფრთხოების წესები. სწორედ ამ პრობლემის გადჭრაში შესაძლოა მასწავლებელს კომპიუტერული ტექნოლოგიები დაეხმაროს. ინტერნეტის გამოყენებით ხელმისაწვდომი ხდება მრავალი ინფორმაცია, რომელიც ბუნებრივი გარემოს შესახებ შეიძლება საინტერესო იყოს მოსწავლისთვის. არსებობს მრავალი საინტერესო ფოტო, ტექსტური თუ ვიდეო მასალა, რომელიც შეიძლება მარტივად მოვიძიოთ. ინტერნეტის გვერდების გარდა, არსებობს მრავალი პროგრამა, რომელიც გვეხმარება ბუნებრივი გარემოს სიმულირებაში. არსებობს პროგრამები, რომლებიც შესაძლებელს ხდის, რომ ვირტუალურად შევისწავლოთ მცენარეები, ”გავზარდოთ” ან ”მოვუაროთ” ცხოველებს, დავაკვირდეთ მათ. არსებობს თანამედროვე პროგრამები, რომლებიც გვეხმარება ვირტუალურად ცდების ჩატარებაში, ინფორმაციის დახარისხებასა და ანალიზში.

თანამედროვე სასწავლო პროგრამების უმეტესობა, არა მხოლოდ რაიმე ახალი გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევს მოსწავლეს, არამედ იძლევა იმის შესაძლებლობასაც, რომ ეს გამოცდილება სხვას გაუზიარო. პროგრამების ასეთ ტიპებს პირობითად სოციალურ პროგრამებსაც უწოდებენ. მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ შეინახონ საკუთარი ნამუშევრები, გაუზიარონ თანაკლასელებსა და მასწავლებლებს. მოსწავლეებს შეუძლიათ შეადგინონ საკუთარი ნამუშევრების კრებულები, რომლებსაც დროდადრო დაუმატებენ ახალს. მასწავლებელსაც ეძლევა შესაძლებლობა, რომ ნახოს თუ რას აკეთებდა მოსწავლე წინა კლასში სწავლისას და მიადევნოს თვალი მის პროგრესს კონკრეტული საგნის, ან უნარის მიხედვით.
მოსწავლეების შეფასება

ტექნოლოგიების გამოყენება მოსწავლეების შეფასებაში ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპიუტერული პროგრამები არა მხოლოდ მოსწავლეების შეფასების შედეგების შენახვა-კლასიფიცირებისა და ანალიზის შესაძლებლობას იძლევა. თანამედროვე განათლების სისტემებში სულ უფრო ხშირად გამოიყენება კომპიუტერების გამოყენება სხვადასხვა ტიპის შეფასებისთვის. ნაწილი ამ შეფასებების შესაძლოა გამოყენებულ იქნას მოსწავლეების სპეციალური საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის. მოსწავლე შესაძლოა თამაშობდეს საინტერესო თამაშს კომპიუტერზე, სადაც მას მოეთხოვება მეხსიერების გამოყენება, წესებისა და ფიგურების ამოცნობა, ტექსტით მანიპულირება. ამ თამაშის მიღმა კი სინამდვილეში დიაგნოსტიკური ტესტია, რომლის შედეგებიც მასწავლებელს ეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ რამდენად აქვს მოსწავლეს პრობლემა მაგ. ყურადღების კონცენტრირებაში, საკუთარი ემოციების მართვაში, რაოდენობრივ აზროვნებასა თუ წიგნიერების მხრივ.


თანამედროვე განათლების სისტემები სულ უფრო ხშირად იყენებენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს მოსწავლეების ტესტირებებისათვისაც. მრავალი ტესტი (მაგ. ისეთი, როგორიცაა ჩვენთან ერთიანი ეროვნული გამოცდები) ტარდება არა ქაღალდზე კითხვარების შევსებით, არამედ კომპიუტერებთან. ეს ძალიან აჩქარებს ტესტების შედეგების გამოთვლის პროცესს და ასევე ტესტირების შედეგების ანალიზის მრავალ შესაძლებლობას იძლევა. თუ ტესტირება ქვეყნის მაშტაბით ტარდება, მაშინ სკოლებს ინტერნეტის მეშვეობით აქვთ საშუალება, რომ საკუთარი შედეგები მიაწოდონ ცენტრალიზებულ მონაცემების ბაზებს. ამასთან ერთად ამ სკოლებს აქვთ იმის შესაძლებლობაც, რომ საკუთარი შედეგები შეადარონ რაიონულ, ან ქვეყნის მაშტაბით მიღწეულ შედეგებს.

მოსწავლეების შეფასების სისტემები, რომლებიც ბრიტანეთსა თუ სხვა ქვეყნებში ინერგება გულისხმობს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას იმისთვისაც, რომ მოსწავლეების აკადემიური მოსწრების აღრიცხვა იყოს რეგულარული და მრავალმხრივი გამოყენების. ტექნოლოგიების გამოყენებით, მშობლებს აქვთ საშუალება ყოველდღიურად იცოდნენ, თუ როგორ სწავლობს მისი შვილი, თუ რა რჩევებს აძლევენ მას მასწავლებლები. სკოლის ხელმძღვანელობას აქვს შესაძლებლობა ანალიზი გააკეთოს იმის, თუ რა მდგომარეობა სკოლაში მოსწრების მხრივ.
დამატებითი რესურსები სწავლებისას

Bett-ის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მრავალი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესის გამდიდრებისთვის. ვიზუალიზაციის ზოგიერთი მაგალითია მაგ. ციფრული ლაბორატორია, ვირტუალური მიკროსკოპები, ანატომიის სასწავლი პროგრამები, გეოგრაფიული რელიეფის დათვალიერებისა და მანიპულირების პროგრამები. ასევე წარმოდგენილი იყო თამაშები, რომლებიც მოსწავლეს სხვადასხვა რთულ კონცეფციასა თუ ფენომენის გაგებაში ეხმარება. მაგ. ერთერთი თამაშის ფარგლებში მოსწავლე ევროპელი ჟურნალისტის როლში ჩადის ისრაელში და იქ იკვლევს პალესტინელთა და ებრაელთა პოლიტიკური დაპირისპირებას. ის იღებს ინტერვიუებს მეცნიერებისგან, პოლიტიკოსებისგან, მეწარმეებისა და სხვა მოქალაქეებისგან. ვირტუალური ჟურნალისტი სხვადასხვა ფაქტის თვითმხილველი ხდება. ის აკვირდება თუ, როგორ ხდება უსაფრთხოების ზომების მიღება, თუ როგორ ხდება საზღვრების გადაკვეთა და სხვა. საბოლოო დავალების სახით, მოსწავლე თამაშის მანძილზე შეძენილი გამოცდილების საფუძველზე წერს სტატიას არსებული პოლიტიკური პრობლემის შესახებ. აქ ის სხვადასხვა პერსპექტივით შეაფასებს არსებულ სიტუაციას, მიმოიხილავს ისტორიულ წინაპირობებს, კონფლიქტის შედეგებს, ადამიანების ყოფასა და მისწრაფებებს. სწორედ ამ პროცესში ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების გაცოცხლება ხდება. მოსწავლეები უფრო მეტად ხდებიან მოტივირებული და მათ მიერ მიღებული ცოდნაც უფრო ღრმაა და გააზრებული.
სკოლის მართვა

ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვანია სკოლის ეფექტურად მართვისთვის. ბრიტანეთში ყველა სკოლა იყენებს სპეციალურ კომპიუტერულ მონაცემთა ბაზებს, რომლებშიც შესულია დეტალური ინფორმაცია მოსწავლეებისა თუ მასწავლებლების შესახებ. მონაცემთა ბაზებში შესულია მოსწავლეთა დასწრება, აკადემიური შეფასებები და მონაცემები ქცევების შესახებ. არსებობს მრავალი სისტემა, რომელიც ინტერნეტისა თუ მობილური ტელეფონების მოკლე ტექსტური შეტყობინებების გამოყენებით ატყობინებს შედეგებს მშობლებს.

სკოლის მართვის სისტემები ასევე გულისხმობს სკოლის ბიუჯეტის ეფექტურ დაგეგმვას და მისი განხორციელების მონიტორინგის შესაძლებლობას. სკოლის მართვაში ჩართული ადამიანები სპეციალური სისტემის მეშვეობით ცვლიან სტატისტიკურ ინფორმაციას და ანალიზს ახდენენ არსებული სიტუაციის დაგეგმილთან შედარების საფუძველზე, რაც ასევე ხდება პროგნოზირების საფუძველი.

სკოლის მართვის ერთერთი მთავარი ინსტრუმენტი ყველა ინგლისური სკოლისთვის არის სკოლის ვებ. გვერდი. სწორედ ამ გვერდის მეშვეობით ხდება სკოლების ურთიერთობა გარე საზოგადოებასთან, მშობლებთან და სხვ.

გავრცელებული აპარატურა
გამოფენაზე წარმოდეგნილი იყო აპარატურა, რომელიც საქართველოში ჯერ მასიურად არ შემოსულა, მაგრამ რომელიც ალბათ უახლოეს მომავალში სულ უფრო მეტად გამოჩნდება. მათ შორის ბრიტანეთში ყველაზე გავრცელებულია ინტერაქტიული დაფები. ასეთი დაფები ბრიტანეთის ყველა სკოლაშია. ეს არის ციფრული დაფა, რომელზეც იწერება სპეციალური კალმით. ინფორმაცია, რომელიც დაფაზე იწერება სინამდვილეში კომპიუტერში იწერება. ანუ დაფაზე რაიმეს წაშლა თუ დაწერა ავტომატურად ნიშნავს კომპიუტერზე დაწერასა და წაშლას. დაფაზე დაწერილი/დახატული ინფორმაციის მანიპულირება ძალიან მარტივია სპეციალური პროგრამების მეშვეობით. მაგალითად, დაფაზე თუ თქვენ ამოცანას დაწერთ დაფა თავისით გამოგიანგარიშებთ შედეგს. ან თუ თქვენ მაგ. დაფაზე დახატავთ დამრეც სიბრტყეს და გორგოლაჭებიან ურიკას, ის დაფაზე ”დაგორდება” თქვენი ბრძანების შესაბამისად. დაფები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რაც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ სხვადასხვა ოთახში და სხვადასხვა შენობაში ადამიანები ერთსა და იმავე პრობლემაზე მუშაობდეს. ასევე შესაძლებელია დაფაზე დაწერილი ინფორმაციის ამობეჭდვა.

შთამბეჭდავია აპარატურა, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის გამოიყენება. უსინათლოებისთვის არსებობს მრავალი სპეციალური მოწყობილობა წიგნების წასაკითხად. ასევე მნიშვნელოვანია მრავალი სხვადასხვა სახის სპეციალური კლავიატურა და კომპიუტერული პროგრამა მათთვის ვისაც უჭირს ტექსტის გარჩევა, აქვს ყურადღების დეფიციტი ან სხვა რაიმე საგანმანათლებლო საჭიროება.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები გამოიყენება მნიშვნელოვანწილად სახელობო სწავლებისასაც. კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით მოსწავლეები ადგენენ კონკრეტული ფიგურის სამგანზომილებიან მოდელებს. მოდელის გამოჩარხვა იქვე, კომპიუტერზე მიმაგრებული დაზგის მეშვეობით ხდება ხესა თუ მეტალში. კომპიუტერული ტექნოლოგიები გამოიყენება ასევე ინჟინერიისა და რობოტიკის საფუძვლების შესასწავლად. სკოლის მოსწავლეები ადგენენ რთულ მექანიზმებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია გარკვეული პროცესების ავტომატიზაცია და დაგეგმვა. სხვადასხვა ელემენტებისგან მარტივი პატარა რობოტების აწყობა დაწყებითის ასაკის მოსწავლეებიც კი ახერხებენ.

გამოფენაზე მრავალი ნიმუში იყო იმის თუ, როგორ იყენებენ მოსწავლეები კომპიუტერებს აუდიო და ვიდეო მასალის დამუშავებისთვის. ერთი მხრივ კომპიუტერები ეხმარება მოსწავლეებს, რომ ფილმები ან მუსიკალური კლიპები შექმნან, რაც სასკოლო ასაკის მოსწავლეებისთვის სახალისოა და სასწავლო პროცესს საინტერესოს ხდის. მეორე მხრივ ამ ტექნოლოგიების გამოყენება ხდება სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. მაგ. კომპიუტერებისა და იაფი სტერეო სისტემის მეშვეობით უკვე საკმაოდ მარტივია სასკოლო რადიოს გაკეთება, რომელსაც თვითონ მოსწავლეები მართავენ.

პროგრამების შემუშავებაში ჩართული ადამიანები
გამოფენაზე წარმოდგენილია მრავალი ცნობილი კომპანია, რომელიც ტექნოლოგიების წარმოებაში ლიდერობს, მაგრამ მათ გვერდით ასევე წარმოდგენილია მცირე საწარმოებიც, რომლებიც საგანმანათლებლო პროდუქციას უშვებს. Sony, HP, Hitachi, Lego, Phillips-ი მრავალ ათას თანამშრომლის ინტელექტუალური შრომლის საფუძველზე მრავალ სხვადასხვა ქვეყანაში აწარმოებს ტექნოლოგიებს. მათ გვერდით გამოფენილია ისეთი საწარმოების პროდუქცია, რომელთა თანამშრომლების რიცხვი ხელის თითებზე დაითვლება.

გამოფენაზე მრავლად იყო წარმოდეგნილი საგანმანათლებლო დანიშნულების პროდუქცია, რომელიც მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრატორების მიერ არის შემუშავებული. თანამედროვე კომპიუტერული პროგრამები იმდენად დახვეწილი და მარტივია, რომ მნიშვნელოვანი ხდება არა იმდენად ტექნოლოგიური ცოდნა, არამედ ის, თუ როგორ შეიძლება პრობლემის გადაჭრისას ტექნოლოგიების გამოყენება. შესაბამისად მასწავლებლებმა და სკოლის ადმინისტრატორებმა საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე კომპიუტერული პროგრამირების სპეციალისტებზე გაცილებით უფრო უკეთ იციან, როგორ შეიძლება პროგრამების გამოყენება კონკრეტული საგანმანათლებლო თუ სამართავი პრობლემის გადასაწყვეტად.

ტექნოლოგიების გამოყენების შედეგები
მნიშვნელოვანია, იმის აღნიშვნა, რომ ტექნოლოგიების გამოყენებას, როგორც დადებითი ისე უარყოფითი შედეგებიც მოაქვს. ასეთი სახუმარო გამონათქვამიც კი არსებობს, რომ კომპიუტერები ისეტი პრობლემების მოგვარებაში გვეხმარება, არასოდეს რომ არ გვექნებოდა კომპიუტერები, რომ არ გვქონოდაო. მაგ. ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვანწილად ამაღლებს მოსწავლეების მოტივაციას. მოსწავლეებს უადვილდებათ რთული კონცეფციების გაგება. სხვა მხრივ ტექნოლოგიები იძლევა ახალ შესაძლებლობებს, რომ მოსწავლეებმა მაგ. ერთმანეთი დაჩაგრონ. თუ ადრე მოსწავლე, რომელსაც თანაკლასელებთან პრობლემა ჰქონდა სახლში წავიდოდა და ამით ჩამოშორდებოდა მისთვის არასასურველ გარემოს. ეხლა ეს უფრო რთულია. მასთან კონფლიქტში მყოფ მოსწავლეებს შეუძლიათ მასთან ინტერნეტისა და მობილური კავშირის გამოყენებით დაკავშირება, რაც სახლშიც ხელმისაწვდომს ხდის ამ მოსწავლეს.

საქართველოს პერსპექტივა
საქართველოში ტექნოლოგიების დანერგვის პირველი ფაზა, რომელიც გულისხმობს ძირითადი ინფრასტრუქტურის დანერგვას: კომპიუტერების, პროექტორების და თუ სხვა მსგავსი აპარატურის სკოლებში დარიგებას დაიწყო და საკმაოდ მცირე ხნის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს.

დაიწყო ასევე მუშაობა იმაზე, რომ შეიქმნას შესაბამისი ქართული საგანმანათლებლო სისტემის შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების პაკეტების შექმნა. უკვე შემუშავებულია სპეციალური პროგრამები მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების შესწავლისთვის. ასევე არსებობს შეფასებისა თუ სკოლის მართვისთვის გამოსაყენებელი პროდუქტები, რომლებიც საქართველოს სკოლებში, ჩვენი ქართველი მასწავლებლების, ინფორმაციული მენეჯერებისა და დირექტორების მიერ არის შემუშავებული. დაწყებულია უზარმაზარი სამუშაო ქართული ელექტრონული ტექსტებისა და მასწავლებლების მიერ შემუშავებული სასწავლო მასალების საცავების შემუშავების.

რა თქმა უნდა ჩვენ ჯერ კიდევ მრავალი ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ტექნოლოგიების გამოყენების იმ ეტაპს მივუახლოვდეთ, რომეზეც დასავლეთ ევროპის ქვეყნების მოსწავლეები იმყოფებიან. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. დანარჩენი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ ჩვენ უკვე არსებულის ჩვენს სასარგებლოდ გამოყენებას და ჩვენივე ძალისხმევით ახალი, და შესაძლოა ასევე სხვა ქვეყნებისთვის გამოსადეგი საგანმანათლებლო პროდუქციის შექმნას.

ინტერნეტ რესურსები:

http://www.bettshow.com/ - გამოფენის ოფიციალური ვებ. გვერდი
http://smartboards.com/ - ინტერაქტიული დაფები

ხარისხის უზრუნველყოფა

by February 21, 2009
განათლების რეფორმის ფარგლებში სკოლებს მეტი ავტონომია აქვთ საკუთარი სასწავლო პროცესის ორგანიზებაში. ეს ეხება სასწავლო გეგმების მოდიფიცირებას, სახელმძღვანელოების თუ სხვა სასწავლო მასალების შერჩევას და სხვ. სახელმწიფო ორიენტირებულია შედეგებზე და ნაკლებად პროცესებზე. რადგან პროცესების კონტროლი მცირდება მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ხარისხის მართვის გამართული სისტემა.


ახალი სისტემა
მოდელი რომ გავამარტივოთ ხდება ხარისხის მართვა შემავალი რესურსების, პროცესისა და შედეგის დონეზე.
მასწავლებლების სერტიფიცირება უზრუნველყოფს მასწავლებლების საკმარის კომპეტენციებს იმისთვის, რომ შეძლონ ეროვნული სასწავლო გეგმით სწავლება. სახელმძღვანელოების ხარისხის მართვა იძლევა იმის საშუალებას, რომ სახელმძღვანელოები, რომლებსაც მასწავლებლები აირჩევენ იყოს ისეთი, რომელიც საკმარის დახმარებას გაუწევს მასწავლებლებს საგანმანათლებლო პროცესის წარმართვაში. ინფრასტრუქტურის სტანდარტები ეხმარება სახელმწიფოს, რომ გარემო სადაც სწავლა მიმდინარეობს მოაწყოს ასევე საგანმანათლებლო და სხვა საჭიროებების (მაგ. უსაფრთხოება და სხვ.) მიხედვით.

ეროვნული სასწავლო გეგმა და ზოგადი განათლების კანონი განსაზღვრავენ იმას, თუ როგორ პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს საგანმანათლებლო პროცესი. ამ პროცესის მართვა სახელმწიფოს მხრიდან ხდება აკრედიტაციის მეშვეობით. აკრედიტაციისთვის სკოლა სპეციალურად ემზადება და აკრედიტაციის შედეგად ხდება იმის გარკვევა თუ რა ნაკლი და ძლიერი მხარეები აქვს სკოლას იმისთვის, რომ სახელმწიფომ და სკოლამ ერთად დასახონ გზები სიტუაციის გასაუმჯობესებლად.

შედეგების მართვა ძირითადად კვლევების მონაცემების შედეგად ხდება . ტარდება შეფასებები საქართველოსა და საერთაშორისო მაშტაბით. ახალ სისტემაში შედეგების კვლევა უფრო მარტივია, რადგან ეროვნული სასწავლო გეგმა აღწერს იმ შედეგებს, რასაც მოსწავლემ უნდა მიაღწიოს წლის ბოლოს და იმ ინდიკატორებს, რამაც შეიძლება გვაჩვენოს, რამდენად აქვს მას მიღწეული ამ შედეგებისთვის.

ხარისხის მართვისთვის და ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მისაღებად არის შექმნილი სპეციალური მართვის სისტემა EMIS (Education Management Information System) რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემს განათლების სისტემის შესახებ. ამ სტატისტიკური მონაცემების შედეგად ხდება განათლების ძირითადი ინდიკატორების გამოთვლა.

ძველი სისტემა
ძველი სისტემა ორიენტირებული იყო ძირითადად შენატანებისა და პროცესის კონტროლით. მიაქციეთ ყურადღება, რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს იყო კონტროლი და არა მართვა. კონტროლი გულისხმობდა იმას, რომ მკაცრად იყო რეგლამენტირებული თუ რას აკეთებდა მასწავლებელი ყოველდღიურად, რას აკეთებდა სკოლის ადმინისტრაცია და სხვ. მაგ. ზუსტად იყო გაწერილი საკონტროლოებისა და საკლასო წერების რაოდენობა, მოსწავლეების კლასში რაოდენობა და სხვ. ეს პრინციპი არა მხოლოდ საბჭოთა სისტემის ნაწილი იყო. ეს იყო ზოგადად იმ მცდარი მიდგომის ნაწილი, რომელიც გულისხმობდა, რომ სტანდარტულ პროცესს სტანდარტული შედეგი მოყვება. ანუ იგულისხმებოდა, რომ თუ მასწავლებელი კონკრეტულ აქტივობებს გაატარებს ის აუცილებლად მაქსიმალუად კარგ შედეგს მიიღებს. ამ სისტემის მცდარობა იმაშია, რომ არ ითვალისწინებს მოსწავლეების ინდივიდუალიზმს, სკოლების მრავალფეროვნებას, როგორც კულტურული ისე ინფრასტრუქტურული კუთხით. ასევე მცდარია ეს მიდგომა, რადგან რეალურად უგულველყოფს შედეგებს. შედეგების მართვა სახელმწიფოს მხრიდან არ ხდებოდა.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები

by February 21, 2009
სანამ ზოგადი განათლების კანონი, ეროვნული სასწავლო გეგმა, მასწავლებლების პროფესიული სტანდარტი, სკოლების ინფრასტრუქტურის სტანდარტი თუ სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტი შეიქმნება, მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვრული იყოს თუ რას ემსახურება განათლების სისტემა. სწორედ ამ მიზნით 2004 წელს დაიწყო მუშაობა კონცეპტუალურ დოკუმენტზე, რომელიც განსაზღვრავდა იმას, თუ რას წარმოადგენს სისტემის მიზანი. მანამდე იყო გარკვეული მცდელობები ასეთივე დოკუმენტის შექმნის, მაგრამ წინა მცდელობებს არ ჰქონიათ წარმატება, რადგან ის არ იყო გაზიარებული სასკოლო საზოგადოების მიერ და თავისთავად დოკუმენტი უფრო ფილოსოფიურ ნააზრევს თავაზობდა სკოლებს ვიდრე კონკრეტულ ტექნიკურ ტერმინებში გაწერილ ხედვას.
ხანგრძლივი პროცესის შედეგად, რომელშიც ჩართული იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს ყველა სკოლა და საქართველოს მთავრობა შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც ასახავს სკოლადამთავრებულის სურათს. დოკუმენტის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ქვემოთ.


საქართველოს მთავრობის
განკარგულება
N 84 2004 წლის 18 ოქტომბერი ქ. თბილისი
¨ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების¨ დამტკიცების შესახებ
განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების უზრუნველსაყოფად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და ¨საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის
წესის შესახებ¨ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ¨პ¨ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თანდართული ¨ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები¨.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ზოგადი განათლების სფეროში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები შეიმუშავოს ¨ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების¨ შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია
დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის N 84 დადგენილებით

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები
საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. ამასთან ერთად განათლების სისტემა უვითარებს მოზარდს გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, აძლევს საჭირო ცოდნას, ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მოსწავლეებს უყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და
სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს:
ა) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და დღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება:
სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს უნარი, რომ სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, და მისცეს მას სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აქტიური მოქმედების შესაძლებლობა;
ბ) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა:
მოზარდმა უნდა იცოდეს, რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო;
გ) ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი:
დღეს, როდესაც ადამიანისათვის მისაწვდომია დიდი მოცულობისა და სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია, მისი ეფექტიანად გამოყენების უნარი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. მოზარდს უნდა შეეძლოს არა მხოლოდ ინფორმაციის მოპოვება, არამედ მისი შეფასებაც შინაარსის, დანიშნულებისა და ხარისხის მიხედვით, დასახული მიზნებისათვის მისი გამოყენების ფორმების განსაზღვრა; ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანი გამოყენება ყოველდღიური ცხოვრების, მუშაობის, ინტელექტუალური თუ სულიერი მოღვაწეობის პირობების გასაუმ-ჯობესებლად;
დ) დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღება:
სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელ გადაწყვეტილებათა მიღების უნარ-ჩვევები;
ე) იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე:
სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს მოზარდის იმ უნარჩვევების განვითარება, რომლებიც მისცემს მას საშუალებას, უკვე არსებული გამოცდილება და მიღწევები გამოიყენოს ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად;
ვ) საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც;
სასკოლო განათლებამ უნდა ჩამოუყალიბოს მოზარდს უწყვეტი განვითარების, მთელი ცხოვრების განმავლობაში ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი, რათა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობებისა და სულიერი მიდრეკილებების ადეკვატურად განსაზღვრა და ამის მიხედვით საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება; მოზარდი მზად უნდა იყოს არჩევანი გააკეთოს მომავალი განათლებისა და შრომითი საქმიანობისათვის.
ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან:
სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ საზოგადოების მომავალ წევრებს განუვითაროს ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები (წერა, კითხვა,მეტყველება, მოსმენა), საორგანიზაციო და ჯგუფური მუშაობის ჩვევები, მათ შორის იმათ, ვისთვისაც საქართველოს სახელმწიფო ენა მშობლიური არ არის;
თ) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე:
დღევანდელ დინამიკურ, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში საზოგადოების ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები. სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც იგი გამოიყენებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. მოზარდს უნდა შეეძლოს ადამიანის არსებითი უფლებების შესახებ მიღებული თეორიული ცოდნის განხორციელება და ამ პრინციპებით ცხოვრება.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევის ძირითადი საშუალებები:
მოზარდის ზემოთ აღწერილი უნარ-ჩვევების განვითარებისათვის საქართველოს სახელმწიფო კისრულობს პასუხისმგებლობას, შეიმუშაოს და დანერგოს:
1. ზოგადი განათლების პოლიტიკა და კანონმდებლობა
საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკითა და კანონმდებლობით განისაზღვრება როგორც სასკოლო განათლების სფეროში ჩაბმული მხარეების უფლებები და მოვალეობები, ისე მიზნების მიღწევის ძირითადი გზები და საშუალებებიც.
2. ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სისტემა
ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სისტემას ქმნიან სხვადასხვა სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმისა და დაფინანსების წყაროების მქონე დამოუკიდებელი იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ საგანმანათლებლო საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მართვის პრინციპებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის, სასკოლო წესდებების მიხედვით. სასკოლო სისტემა მოიცავს მუდმივად განვითარებად მატერიალურ და ადამიანურ რესურსებს.
3. ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სისტემის რეგულირებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები
სასკოლო სისტემის მართვის აუცილებელი კომპონენტებია: ლიცენზირება,აკრედიტაცია და ატესტაცია; სკოლის ადმინისტრაციული, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის განვითარება; სასკოლო სისტემის მართვის ძირითადი ფორმების განსაზღვრა და მათი შესრულების უზრუნველყოფა; ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და ფუნქციონირების ხარისხის შეფასება; ეროვნული შეფასებისა და საგამოცდო სისტემების შექმნა და მართვა.
4. ეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავება ხდება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საფუძველზე. ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს: მოსწავლეთა დატვირთვის აუცილებელ ოდენობას; ცოდნის განვითარების ზოგად ხერხებს; საჭირო ინფორმაციის ოდენობასა და შესაბამის უნარ-ჩვევებს თითოეული საფეხურის დამთავრებისას; საგნებსა და პრიორიტეტებს სასკოლო განათლების ყველა საფეხურზე. საზოგადოებრივი აქტიურობისა და არსებული რესურსების ეფექტიანი ამოქმედების გარეშე ეს ცალკეული საშუალებები ვერ უზრუნველყოფს მოზარდში ზემოჩამოთვილ უნარჩვევათა სრულყოფილ განვითარებას. ამიტომ ამ ჩვევების გამომუშავება უნდა მოხდეს სასკოლო გარემოს სრული ჩართვით: მოსწავლეების,
მასწავლებლების, მშობლების, ადმინისტრატორებისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით ისეთ განსხვავებულ პირობებში, როგორიცაა გამოცდები თუ არჩევნები, საკლასო ოთახი თუ სახლი, კლუბი, სპორტული დარბაზი, სკოლის ეზო თუ სახელოსნო. მოსწავლეების, მათი მშობლების, მასწავლებლების, დირექციისა თუ გარემომცველი საზოგადოების აქტიური მონაწილეობა განაპირობებს მიზნების მიღწევის ხარისხსა და წარმატებულობას.
სახელმწიფო მიზნად ისახავს ისეთი სასკოლო სისტემის შექმნას, რომელიც თითოეულ მოსწავლეს მისცემს აღნიშნული უნარ-ჩვევების შეთვისების თანაბარ შესაძლებლობას. სახელმწიფო არ დაუშვებს მოსწავლის დისკრიმინაციას სოციალური, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან პოლიტიკური კუთვნი-ლების, ფიზიკური შესაძლებლობებისა თუ სხვა ნიშნების მიხედვით.


მიზნების ინგლისური ვერსია 

ბუნებისმეტყველება - ტრიმესტრები

by February 16, 2009
ერთერთი ცვლილება, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით სკოლებში შემოვიდა ტრიმესტრებია და ტრიმესტრულად საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაა. მასწავლებლების ნაწილი არ ეთანხმება ტრიმესტრულად საგნების სწავლების პრინციპს.
ზოგადი აღწერა
საბუნებისმეტყველო საგნები ისწავლება 1-12 კლასებში, ანუ თორმეტი წლის განმავლობაში. პირველი ექვსი წელი ისინი ისწავლება ერთ საგნად რომელსაც ბუნებისმეტყველება ქვია. მე-7-მე-10 კლასებში ის ისწავლება ტრიმესტრულად. ხოლო მე-11, მე-12 კლასებში ისწავლება ცალკე ქიმია, ცალკე ფიზიკა და ცალკე ბიოლოგია ერთი წლის განმავლობაში ინტენსიური კურსის სახით.
მე-7-მე-10 კლასის ტრიმესტრულად სწავლება გულისხმობს, რომ ერთი ტრიმესტრი თითოეულ კლასში ისწავლება ბიოლოგია, ერთი ქიმია და ერთი ფიზიკა. მასწავლებლების ნაწილი, რომელიც ამ სტრუქტურას არ ეთანხმება ამბობს, რომ მოსწავლეებისთვის ასე სწავლა არასწორია, რადგან მათ დაავიწყდებათ მაგ. ერთი წლის პირველ ტრიმესტრში ნასწავლი ბიოლოგია, მეორე წლამდე, რადგან ისინი მეორე და მესამე ტრიმესტრში ქიმიას და ფიზიკას სწავლობენ და ბიოლოგიას აღარ.
რამ განაპირობა ამ სისტემის შემოღება?


1. მეშვიდე კლასში გადმოსვლისას ძველ სისტემაში, მოსწავლეების მოტივაცია ხშირად ეცემოდა იმის გამო, რომ ამ კლასიდან იწყებოდა საგნების დაქუცმაცება. ერთი კვირის განმავლობაში, სადაც მაქს. 36 სასწავლო საათია, ისწავლებოდა 18 საგნამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ საგნების უმრავლესობა ისწავლებოდა ერთი ან ორი საათით კვირის განმავლობაში. მოსწავლეებს ამ ასაკში უჭირთ კონცენტრირება ერთსა და იმავე კვირაში მრავალ სხვადასხვა საგანზე.


2. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება ხდებოდა ისე, რომ ა) ამ საგნების ერთმანეთთან კავშირების სწავლება ნაკლებად ხდებოდა ბ) ამ საგნების სწავლებისას ძირითადად უარყოფილი იყო მათი სწავლების ძირითადი მოტივი - მეცნიერული აზროვნების განვითარება ახალგაზრდებში.


3) საქართველოს სკოლების უმეტესობა სოფლის ან მცირე დასახლების სკოლაა. ასეთ სკოლებში რთულია საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლების პოვნა. ტრიმესტრული სწავლება იძლევა იმის საშუალებას, რომ მასწავლებელმა საგანი ერთ სკოლაში პირველ ტრიმესტრში ასწავლოს, მეორე ტრიმესტრში კი მეორეში.

4) სახელმძღვანელოების შეძენა ხდება არა ყველასი სექტემბერში, არამედ სხვადასხვა ტრიმესტრების მიხედვით.

5) მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან მცირესაათიან საგნებს, ასწავლიან ბევრ განაყოფს იმისთვის, რომ სრული განაკვეთი შეივსონ. მაგ. თუ საგანი 2 საათი ისწავლება კვირაში, სრულ განაკვეთის შესავსებად (18 საათი) მასწავლებელს 9 განაყოფს უნდა ასწავლიდეს. ეს კი იწვევს იმას, რომ ერთსა და იმავე კვირაში მასწავლებელს ა) ყავს ბევრი მოსწავლე (200 და მეტი) და ბ) ამზადებს მრავალი კლასის მასალას ერთდროულად (ანუ ერთსა და იმავე კვირაში მეშვიდე, მერვე, მეცხრე და ა.შ...)

არგუმენტი, რომ მოსწავლეები უკეთესად ისწავლიან საგანს, თუ ის ტრიმესტრულად არ იქნება მცდარია, რადგან:
ა) ისინი კონცენტრირებულები არიან სამი საგნის შესწავლაზე ერთის ნაცვლად;
ბ) მათ მასწავლებლებს ყავთ მინიმუმ ორჯერ მეტი მოსწავლე ვიდრე ტრიმესტრულის დროს. ეს ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელი ასეთ პირობებში ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები საწერი დავალება მისცეს მოსწავლეებს, რომელიც მოითხოვს მათ წაკითხვას;
გ) მათი მასწავლებლები მათი კლასის გარდა სხვა კლასებსაც ასწავლიან. ეს კი მათ ნაკლებ დროს უტოვებს კონცეტრირებულები იყვნენ მოსწავლეების დავალებებზე.

ორივე ჰიპოთეზაა, რომელიც შემოწმებას საჭიროებს, მაგრამ ცხადია, რომ არგუმენტები ტრიმესტრულის სასარგებლოდ გაცილებით უფრო მეტია და საფუძვლიანი ვიდრე წლიური სწავლების.

უკმაყოფილების ნამდვილი მიზეზები
არაერთ მასწავლებელს საუბრებში უთქვამს, რომ რეალურად მათ ტრიმესტრული სწავლების გაუქმებით უნდათ, რომ მიაღწიონ საათების დამატებას, რაც ავტომატურად მათი ხელფასის გაზრდას გამოიწვევს. დღეს ტრიმესტრის განმავლობაში ისწავლება კვირაში 4 საათი ერთერთი საბუნებისმეტყველო საგანი. ტრიმესტრში 12 კვირაა, ანუ წლის განმავლობაში მაგ. მე-7 კლასში ისწავლება 48 საათი ბიოლოგია. მასწავლებლების იმედია, რომ ტრიმესტრული სწავლება თუ შეიცვლება მინიმუმ ორი საათი იქნება საგანი კვირაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში 72 საათი იქნება წლის განმავლობაში თითო საგანზე 48-ის ნაცვლად, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ დაფინანსებას.
რეალური პრობლემა არის მართლაც ხელფასები, რადგან მცირე სკოლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნის მასწავლებელი თუ ერთ საგანს ასწავლის (და ეს არის აბსოლუტური უმრავლესობა) მე-7, მე-8, მე9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში მას გამოსდის კვირეული დატვირთვა დაახლოებით 9 საათი კვირაში, რაც საშუალოდ თვეში 130 ლარის ხელფასს უტოლდება.
რადგან მასწავლებლების ნაწილმა იცის, რომ ხელფასების მოთხოვნა აღიქმება, როგორც პოლიტიკური კურსის და ეკონომიკური წარმატებების ეჭქვეშ დაყენება, ჯობია აქცენტი დაისვას საგანმანათლებლო ჭრილში და მოთხოვნა გაკეთდეს სასწავლო გეგმის ცვლილებაზე და არა ხელფასების გაზრდაზე. ამგვარად, ისინი ითხოვენ საათების გაზრდას და არა ხელფასების. პრობლემა ისაა, რომ ნებისმიერი საათის დამატება ერთი მხრივ ნიშნავს მოსწავლეების დამატებით დატვირთვას, რაც გარკვეული ზღვრის შემდეგ გაუმართლებელია და ავტომატურად ნიშნავს ასევე განათლების დაფინანსების სწრაფად გაზრდის აუცილებლობას, რაც ასევე პრობლემატურია მთავრობისთვის.

სახელმძღვანელო - მიზანი თუ საშუალება

by February 09, 2009
სასწავლო გეგმის შემოღებით სახელმძღვანელოების როლი შეიცვალა. როცა არ არსებობს დაწერილი სწავლების მიზნები სახელმძღვანელო თავისთავად ხდება ეს მიზანი მასწავლებლისთვის. ცუდი მასწავლებელი მისდევს ყოველდღიურად შემდგომ გაკვეთილს წიგნში. მოსწავლეებისთვის არც კი ჭირდება იმის თქმა რა არის დავალება. მარტივად ამბობს: - ”შემდეგი”.
სახელმძღვანელოს როლის ცვლილება ასევე უკავშირდება ერთ ძალიან მნიშვნელოვან კონცეპტუალურ ცვლილებას. თუ ადრე განათლების სისტემის მიზანი იყო ცოდნის გადაცემა, განათლების მიცემა, ცოდნის მიცემა და ა.შ. ეხლა განათლების სისტემის მიზანია შექმნას პირობები, იმისთვის, რომ მოსწავლეს უნდოდეს და შეეძლოს რომ ახალი ცოდნა შეიძინოს, ააგოს ძველზე, განივითაროს უნარ-ჩვევები და ჩამოიყალიბოს დამოკიდებულებები. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ გადაცემა/მიცემა/თავში ჩადება პრინციპულად შეუძლებელია ადამიანის კოგნიტური (შემეცნებითი) შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
ამ კონცეპტუალურ გარემოში, მასწავლებლის როლი არის მოსწავლეებისთვის შექმნას გარემო, სადაც ის იღებს გამოცდილებას, რომლის საფუძველზეც ხდება განათლებული. სახელმძღვანელო კი ასეთ შემთხვევაში არის მხოლოდ ერთერთი საშუალება ამ გამოცდილების შესაქმნელად.
სახელმძღვანელო არ არის ხელოვნების ნიმუში, მხატვრული ნაწარმოები. მოსწავლეს უჭირს და დიდად არ ხიბლავს მასთან დამოუკიდებლად ურთიერთობა. მასწავლებელიც არ უნდა ცდილობდეს, რომ შეავსოს სახელმძღვანელო (ამას ამბობენ ხშირად) არამედ პირიქით, ცდილობდეს, რომ მოსწავლის გამოცდილება, რომელსაც ის სწავლისთვის განკუთვნილ დროს ანდომებს შეავსოს ნაწილობრივ სახელმძღვანელოთი.

დირექტორების არჩევითობა

by February 08, 2009
დირექტორებს ახალი კანონის მიხედვით სამინისტრო აღარ ნიშნავს. დირექტორებს ირჩევს სკოლა.
თავდაპირველად ამ პრინციპს გარკვეული წინააღდეგობა შეხვდა. ამ პრინციპის ოპონენტები ამბობდნენ, რომ სკოლებს არ ეყოფათ იმის ცოდნა, პრინციპულობა ანდა მოტივაცია, რომ საუკეთესო კანდიდატი შეარჩიონ კონკურსის საფუძველზე.
არჩევითობის მომხრეები თვლიან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლის დირექტორი სკოლის წინაშე იყოს ანგარიშვალდებული უფრო მეტად, ვიდრე სახელმწიფოს მიმართ. როდესაც დირექტორს სამინისტრო ნიშნავდა, დირექტორს მთელი ყურადღება იმაზე ჰქონდა, რომ სამინისტროს მითითებები შეესრულებინა. თუ დირექტორი არ მოუსმენდა მაგ. სკოლის მასწავლებლებს, ან მშობლებს ის ამით არაფერს დაკარგავდა. ახალ სისტემაში სკოლის დირექტორი აღარ არის ზურგშეგცევით სკოლის მიმართ. ასევე ამ სისტემის მომხრეები ფიქრობენ, რომ ეს სისტემა დემოკრატიული პრინციპების საქართველოში დანერგვისთვის უკეთესია. დემოკრატია ამ თვალსაზრისით არ ნიშნავს მხოლოდ პოლიტიკური პარტიების არჩევნებში მონაწილეობას, არამედ თვითმართველობას ქვედა დონეზეც. არჩეული დირექტორი უფრო თამამიცაა რადგან მისი ადგილი უფრო სტაბილური და დაცულია პოლიტიკური რყევებისგან. ის არ არის პოლიტიკური სისტემის ნაწილი - ანუ მას არ ემუქრება შეცვლა პოლიტიკური პარტიის შეცვლასთან ერთად, რადგან პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული კი არა, არამედ სკოლის საზოგადოების მიერ არის არჩეული.

რა პრობლემებია ამ მხრივ? რა თქმა უნდა გარკვეულ პოლიტიკოსთან ნაწილს უჭირს იმასთან შეგუება, რომ დირექტორი შეიძლება არ იყოს მისი ამომრჩეველი. ადგილობრივი დონის პოლიტიკოსებმა დაკარგეს სკოლის დირექტორებზე პირდაპირი ბერკეტები. შიგადაშიგ არის ამ გავლენის აღდგენის მცდელობები, მაგრამ სისტემა ზოგადად გამართულად მუშაობს, რაც ჩანს იქიდან, რომ სკოლების როლი პოლიტიკურ ცხოვრებაში ნელნელა იკლებს.

სასწავლო გეგმები

by February 08, 2009
2004 წლიდან იცვლება სასწავლო გეგმები ყველა კლასისთვის. ძირითადი მიდგომებია, რომ:
ა) სასწავლო გეგმა იყოს შედეგზე ორიენტირებული და არა იმაზე, თუ რა და როდის უნდა აკეთოს ზუსტად მასწავლებელმა
ბ) სასწავლო გეგმა პირველ რიგში არის მოსწავლეებზე ფოკუსირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ სასწავლო გეგმა ძლიერ, საშუალო ან დაბალი მოსწრების მოსწავლეზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ ყველა მოსწავლეზე. ამისი მიღწევა საკმაოდ რთული ამოცანაა. სასწავლო გეგმაში წერია რას უნდა მიაღწიოს თითოეულმა მოსწავლემ წლის განმავლობაში. აქვე წერია ის მაგალითები (ინდიკატორები) თუ, როგორ შეიძლება გაიგოს მასწავლებელმა მიაღწია თუ არა ამას მოსწავლემ. მაგ. მოსწავლემ უნდა შეძლოს ვთქვათ ესსეს დაწერა. მაგალითებში ეწერება, რომ ეს შედეგი მიღწეულია თუ... და ჩამოთვლილი იქნება მაგალითები. მაგ.: თუ მოსწავლემ შეარჩია ესსეს ძირითადი მიზანი; თუ ესსეში ჩანს, რომ მოსწავლემ შეისწავლა საკითხი; თუ ესსეს აქვს მკაფიო სტრუქტურა და ა.შ... ყველა მოსწავლე ერთსა და იმავე დონეზე ვერ მიაღწევს ამ შედეგს. სუსტები ნაკლებ ინდიკატორზე გავლენ, ძლიერები კი მეტზე.
გ) სასწავლო გეგმა უნდა იყოს მრავალი ჯგუფის ერთობლივი ნამუშევარი თუ სასწავლო გეგმა დაიწერება მხოლოდ ერთი ჯგუფის - მაგ. სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის თანამშრომლების მიერ, მაშინ მასწავლებლების და საზოგადოების მხრიდან იქნება დაბალი მიმღებლობა ამ სასწავლო გეგმის მიმართ. ამიტომ ამ გეგმის წერისას ჩართული არიან მეცნიერები და მასწავლებლები, რომლებიც საკონსულტაციო საბჭოებში არიან მოწვეულები. გარდა ამისა, არის 100 სკოლა, სადაც ეს გეგმები გამოიცდება. მხოლოდ ამ პროცესის გავლის შემდეგ ხდება ამ სასწავლო გეგმის დამტკიცება.
დ) სასწავლო გეგმა უნდა იყოს არა მხოლოდ ინფორმაციაზე ორიენტირებული თანამედროვე ეკონომიკა ითხოვს ადამიანისგან, რომ სწრაფად მოახდინოს ახალ რეალობებთან და სამუშაო ტექნოლოგიებთან ადაპტირება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ერთი მხრივ ამ ადამიანს უნდა ჰქონდეს ცოდნა, მაგრამ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება უნარ-ჩვევები, რომლებიც ეხმარება მას ამ ცოდნის გამოყენებაში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ისწავლო დამოუკიდებლად - იმისთვის, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე განვითარდე.
ე) სასწავლო გეგმა უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოსა და საზოგადოების შეთანხმების საფუძველზე მიღებული მიზნების მიღწევას სწორედ ამის გამო, სანამ სასწავლო გეგმა შეიქმნა, დაიწერა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები - სადაც საზოგადოება და სახელმწიფო შეთანხმდა, თუ როგორი სკოლადამთავრებულის ნახვა უნდა მას საქართველოში

დეცენტრალიზაცია / დერეგულაცია

by February 08, 2009
რეფორმის ერთერთი მიმართულებაა სისტემის დეცენტრალიზაცია და დერეგულაცია. იმის მაგივრად, რომ გადაწყვეტილებების უმეტესობა ცენტრალურ დონეზე მიიღებოდეს, პასუხისმგებლობები უნდა მაქსიმალურად განაწილდეს.
რეფორმის შედეგად:
- სკოლები გახდა მრავალ საკითხში თვითმართველი. სკოლა ირჩევს დირექტორს, სამეურვეო საბჭოს, განსაზღვრავს შინაგანაწესს და ბიუჯეტს. ასევე სკოლა სახელმწიფოს დაწესებულ ეროვნულ სასწავლო გეგმის ფარგლებში განსაზღვრავს თავის, უნიკალურ სკოლის პროგრამას.
- სკოლები ფინანსდება მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით. ამას ქვია per capita სისტემა (ამ სისტემას საქართველოში ვაუჩერულსაც ეძახიან იმის საჩვენებლად, რომ მოსწავლეს თავისი ფული მიაქვს იმ სკოლაში სადაც მას უნდა). ადრე, როცა ეს ასე არ იყო, სკოლას ჰქონდა მეტი დაფინანსება თუ ხელისუფლება მისი დირექციის მიმართ იყო კეთილგანწყობილი. გვერდიგვერდ არსებული სკოლები სხვადასხვაგვარად ფინანსდებოდა. დაფინანსება ხშირად იყო არჩევნებისას მანიპულაციის საგანი: ”მომეცი ხმა, თორემ ფულს არ ჩაგირიცხავ”, ან ”მეტს ჩაგირიცხავ თუ ხმას მომცემ”.
- განათლების სამინისტრომ თავისი ფუნქციები გადასცა ნახევრად დამოუკიდებელ ცენტრებს. მაგ. გამოცდებს გამოცდების ცენტრი ატარებს. სასწავლო გეგმებს, სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი წერს. სახელმძღვანელოებსაც ეს ცენტრი აფასებს. მასწავლებლების სტანდარტებს მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრი წერს. სერტიფიცირებასაც ეს ცენტრი ატარებს გამოცდების ცენტრის დახმარებით. არსებობს აკრედიტაციის ცენტრი, რომელმაც სკოლების აკრედიტაცია უნდა ჩაატაროს. სამინისტრო განსაზღვრავს პოლიტიკას და წესებს და ამ პოლიტიკის შესაბამისად ეს ცენტრები უკვე მუშაობენ შინაარსზე. მაგ. სამინისტრო ამტკიცებს სახელმძღვანელოების გრიფირების წესს და უკვე სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი ამ წესზე დაყრდნობით აფასებს სახელმძღვანელოებს.
Simon Janashia. Powered by Blogger.