ბუნებისმეტყველება - ტრიმესტრები

ერთერთი ცვლილება, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით სკოლებში შემოვიდა ტრიმესტრებია და ტრიმესტრულად საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაა. მასწავლებლების ნაწილი არ ეთანხმება ტრიმესტრულად საგნების სწავლების პრინციპს.
ზოგადი აღწერა
საბუნებისმეტყველო საგნები ისწავლება 1-12 კლასებში, ანუ თორმეტი წლის განმავლობაში. პირველი ექვსი წელი ისინი ისწავლება ერთ საგნად რომელსაც ბუნებისმეტყველება ქვია. მე-7-მე-10 კლასებში ის ისწავლება ტრიმესტრულად. ხოლო მე-11, მე-12 კლასებში ისწავლება ცალკე ქიმია, ცალკე ფიზიკა და ცალკე ბიოლოგია ერთი წლის განმავლობაში ინტენსიური კურსის სახით.
მე-7-მე-10 კლასის ტრიმესტრულად სწავლება გულისხმობს, რომ ერთი ტრიმესტრი თითოეულ კლასში ისწავლება ბიოლოგია, ერთი ქიმია და ერთი ფიზიკა. მასწავლებლების ნაწილი, რომელიც ამ სტრუქტურას არ ეთანხმება ამბობს, რომ მოსწავლეებისთვის ასე სწავლა არასწორია, რადგან მათ დაავიწყდებათ მაგ. ერთი წლის პირველ ტრიმესტრში ნასწავლი ბიოლოგია, მეორე წლამდე, რადგან ისინი მეორე და მესამე ტრიმესტრში ქიმიას და ფიზიკას სწავლობენ და ბიოლოგიას აღარ.
რამ განაპირობა ამ სისტემის შემოღება?


1. მეშვიდე კლასში გადმოსვლისას ძველ სისტემაში, მოსწავლეების მოტივაცია ხშირად ეცემოდა იმის გამო, რომ ამ კლასიდან იწყებოდა საგნების დაქუცმაცება. ერთი კვირის განმავლობაში, სადაც მაქს. 36 სასწავლო საათია, ისწავლებოდა 18 საგნამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ საგნების უმრავლესობა ისწავლებოდა ერთი ან ორი საათით კვირის განმავლობაში. მოსწავლეებს ამ ასაკში უჭირთ კონცენტრირება ერთსა და იმავე კვირაში მრავალ სხვადასხვა საგანზე.
2. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება ხდებოდა ისე, რომ ა) ამ საგნების ერთმანეთთან კავშირების სწავლება ნაკლებად ხდებოდა ბ) ამ საგნების სწავლებისას ძირითადად უარყოფილი იყო მათი სწავლების ძირითადი მოტივი - მეცნიერული აზროვნების განვითარება ახალგაზრდებში
3) საქართველოს სკოლების უმეტესობა სოფლის ან მცირე დასახლების სკოლაა. ასეთ სკოლებში რთულია საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლების პოვნა. ტრიმესტრული სწავლება იძლევა იმის საშუალებას, რომ მასწავლებელმა საგანი ერთ სკოლაში პირველ ტრიმესტრში ასწავლოს, მეორე ტრიმესტრში კი მეორეში
4) სახელმძღვანელოების შეძენა ხდება არა ყველასი სექტემბერში, არამედ სხვადასხვა ტრიმესტრების მიხედვით
5) მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან მცირესაათიან საგნებს, ასწავლიან ბევრ განაყოფს იმისთვის, რომ სრული განაკვეთი შეივსონ. მაგ. თუ საგანი 2 საათი ისწავლება კვირაში, სრულ განაკვეთის შესავსებად (18 საათი) მასწავლებელს 9 განაყოფს უნდა ასწავლიდეს. ეს კი იწვევს იმას, რომ ერთსა და იმავე კვირაში მასწავლებელს ა) ყავს ბევრი მოსწავლე (200 და მეტი) და ბ) ამზადებს მრავალი კლასის მასალას ერთდროულად (ანუ ერთსა და იმავე კვირაში მეშვიდე, მერვე, მეცხრე და ა.შ...)

არგუმენტი, რომ მოსწავლეები უკეთესად ისწავლიან საგანს, თუ ის ტრიმესტრულად არ იქნება მცდარია, რადგან:
ა) ისინი კონცენტრირებულები არიან სამი საგნის შესწავლაზე ერთის ნაცვლად
ბ) მათ მასწავლებლებს ყავთ მინიმუმ ორჯერ მეტი მოსწავლე ვიდრე ტრიმესტრულის დროს. ეს ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელი ასეთ პირობებში ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები საწერი დავალება მისცეს მოსწავლეებს, რომელიც მოითხოვს მათ წაკითხვას.
გ) მათი მასწავლებლები მათი კლასის გარდა სხვა კლასებსაც ასწავლიან. ეს კი მათ ნაკლებ დროს უტოვებს კონცეტრირებულები იყვნენ მოსწავლეების დავალებებზე.

ორივე ჰიპოთეზაა, რომელიც შემოწმებას საჭიროებს, მაგრამ ცხადია, რომ არგუმენტები ტრიმესტრულის სასარგებლოდ გაცილებით უფრო მეტია და საფუძვლიანი ვიდრე წლიური სწავლების.

უკმაყოფილების ნამდვილი მიზეზები
არაერთ მასწავლებელს საუბრებში უთქვამს, რომ რეალურად მათ ტრიმესტრული სწავლების გაუქმებით უნდათ, რომ მიაღწიონ საათების დამატებას, რაც ავტომატურად მათი ხელფასის გაზრდას გამოიწვევს. დღეს ტრიმესტრის განმავლობაში ისწავლება კვირაში 4 საათი ერთერთი საბუნებისმეტყველო საგანი. ტრიმესტრში 12 კვირაა, ანუ წლის განმავლობაში მაგ. მე-7 კლასში ისწავლება 48 საათი ბიოლოგია. მასწავლებლების იმედია, რომ ტრიმესტრული სწავლება თუ შეიცვლება მინიმუმ ორი საათი იქნება საგანი კვირაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში 72 საათი იქნება წლის განმავლობაში თითო საგანზე 48-ის ნაცვლად, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ დაფინანსებას.
რეალური პრობლემა არის მართლაც ხელფასები, რადგან მცირე სკოლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნის მასწავლებელი თუ ერთ საგანს ასწავლის (და ეს არის აბსოლუტური უმრავლესობა) მე-7, მე-8, მე9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში მას გამოსდის კვირეული დატვირთვა დაახლოებით 9 საათი კვირაში, რაც საშუალოდ თვეში 130 ლარის ხელფასს უტოლდება.
რადგან მასწავლებლების ნაწილმა იცის, რომ ხელფასების მოთხოვნა აღიქმება, როგორც პოლიტიკური კურსის და ეკონომიკური წარმატებების ეჭქვეშ დაყენება, ჯობია აქცენტი დაისვას საგანმანათლებლო ჭრილში და მოთხოვნა გაკეთდეს სასწავლო გეგმის ცვლილებაზე და არა ხელფასების გაზრდაზე. ამგვარად, ისინი ითხოვენ საათების გაზრდას და არა ხელფასების. პრობლემა ისაა, რომ ნებისმიერი საათის დამატება ერთი მხრივ ნიშნავს მოსწავლეების დამატებით დატვირთვას, რაც გარკვეული ზღვრის შემდეგ გაუმართლებელია და ავტომატურად ნიშნავს ასევე განათლების დაფინანსების სწრაფად გაზრდის აუცილებლობას, რაც ასევე პრობლემატურია მთავრობისთვის.

No comments

Simon Janashia. Powered by Blogger.