სტატია განათლების რეფორმის შესახებ

by December 28, 2009
დეკემბრის თვის გაზეთ ახალ განათლებაში გამოქვეყნდა ნიკა სერგიას სტატია განათლების რეფორმის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში პირველი შემთხვევაა, როდესაც სკოლის მოსწავლე მწყობრად და არგუმენტირებულად აყალიბებს საკუთარ სათქმელს.

სტატიის ნახვა შეგიძლიათ აქვე ან შემდეგ ბმულზე

ერთი მეთორმეტეკლასელის ,,სუბიექტური” აზრი განათლების რეფორმაზე, სახელმძღვანელოებზე, რეპეტიტორობასა და სხვა საკითხებზე

შეიძლება, ამ საკითხში დილეტანტი უფრო მეთქმის, ვიდრე კომპეტენტური , მაგრამ ამ წერილის დაწერა იმან გადამაწყვეტინა, რომ ამ თემაზე XII კლასის მოსწავლეზე ბევრად უფრო არაკომპეტენტური ხალხი საუბრობს და თან ისეთი შემართებითა და თავდაჯერებულობით, რომ შეკამათებასაც ვერ გაუბედავ...
ჩვენ, ახლანდელ თაობას, გადასხვაფერების მომენტში მოგვიწია ცხოვრება, რაც, დამეთანხმებით, რომ მტკივნეულია, მაგრამ ამასთანავე საინტერესოც. საინტერესო იმიტომ, რომ შენც, რიგითს, შეგიძლია შენი წვლილი შეიტანო ახალი სახლის დაპროექტებასა და მშენებლობაში, იმიტომ, რომ ეს სახლი სწორედ ახლა, სწორედ შენთვის, სწორედ შენი ხელით შენდება, იმიტომ, რომ სწორედ ამ სახლში უნდა დაპატიჟო მომავალი თაობები. ამიტომ, ახლა დუმილი დანაშაულია, მაგრამ სათქმელი ისე უნდა ვთქვათ, გვესმოდეს, რას ვამბობთ და რას ვაკეთებთ. უნდა გავიგოთ, რომ საკუთარი აზრის ქონა არ არის ყველაფერში ცუდის და ნეგატიურის ძებნა და არც ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაგონილ პირველივე ჭორს დაუჯერო.
პირადად მე ხშირად გავმხდარვარ მოწმე იმისა, რომ ადამიანი, ვისაც თვალითაც არ უნახავს მე-10 კლასის ქართულის სახელმძღვანელო, ამბობს, ილია ჭავჭავაძე სკოლაში არ ისწავლებაო, არადა, ამ სახელმძღვანელოს პირველი ორი ნაწილის მთავარი ძარღვი სწორედ ილიას შემოქმედება და მოღვაწეობაა (ვგულისხმობ თამაზ ვასაძის ავტორობით შექმნილ სახელმძღვანელოს, რომელიც სკოლების უმეტესობამ აირჩია). ბევრი იმასაც ვერ ხედავს, რომ IX კლასში ისევ ისწავლება შუშანიკიც, გრიგოლიც და ,,ვეფხისტყაოსანიც”, თანაც ახლანდელი წიგნი ათჯერ მაინც ჯობია იმას, მე რომ მომიწია სწავლამ, (როგორც აღვნიშნე XII კლასში ვარ შესაბამისად მე ძველებური, ე.წ. ,,ქრესტომატიით” გავიარე IX კლასი) ის რეპლიკები და შეფასებები კი იმის ბრალია, რომ ხალხი საქმეში ჩაუხედავია და მხოლოდ ჭორებზე დაყრდნობით აკეთებს თამამ განცხადებებს.
ზოგი იმასაც ამბობს, ახალი პროგრამა ძალიან რთულია და ჩვენი მოსწავლეები ვერ ძლევენო. მაგალითად, ერთი ღრმად პატივცემული ქალბატონი ამავე გაზეთის ფურცლებზე წერდა, XII კლასის ქართულის სახელმძღვანელოს (იგულისხმება თ. ვასაძის, ნ. მუზაშვილის და ნ. ჩუბინიძის სახელმძღვანელო) ჩვენი მოსწავლეების 10% თუ შეიწავლისო. ჩემი აზრით ეს ტრაგედია სულაც არაა, საქმე ისაა, რომ ახლა უამრავი პროფსასწავლებელი იქმნება, სადაც სწავლა სულაც არ არის ცუდი და სამარცხვინო, ხოლო XII კლასში ყველა არ უნდა ირიცხებოდეს. მაშინ, როცა XII კლასში ისინი ისწავლიან ვისაც წინა კლასების მოსწრების დონე ამის საშუალებას მისცემს, სახელმძღვანელოც მოსწავლეთა უმრავლესობის მიერ დაძლეული იქნება.
ზემოთ სხვისი ზედაპრულობა გავაკრიტიკე და მეც რომ იგივე ,,ცოდვაში” არ ჩავვარდე, მოდი, ცოტა ჩავუღრმავდეთ საკითხებს, იმდენად, რამდნადაც ამას წერილის ფორმატი და გაზეთის ფურცელი მოგვცემს. ავიღოთ ისევ და ისევ მრავალჯერ ნაქებარ-ნათათხარი, უკვე მოწონება-დაწუნება მოსწრებული, XII კლასის ქართულის საკმაოდ სქელტანიანი სახელმძღვანელო. მაგრამ სანამ სახელმძღვანელოს უშუალო შეფასებაზე გადავიდოდეთ და იმას ვიტყოდეთ, პასუხობს თუ არა ის ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს (რომელიც სხვათა შორის მოსწავლეების მიერაა შემუშავებული), კარგი იქნება თუ იმაზე შევთანხმდებით, თუ რას გულისხმობს ეს მიზნები, ანუ იმას დავაზუსტებთ, თუ რა გამოწვევის წინაშე დგას სახელმძღვანელო.
ზემოაღნიშნული ეროვნული მიზნებისა და მარტივი ლოგიკის გათვალისწინებით, ამ სახელმძღვანელოს პროდუქტი, ანუ მოსწავლე უნდა იყოს პიროვნება, ხაზს ვუსვამ, პიროვნება (და არა მეტ-ნაკლები ინფორმაციის შემნახველ-გადამამუშავებელი მანქანა), რომელსაც შეეძლება შექმნას ახალი რამ ნებისმიერ სფეროში, შეეძლება სხვისი აზრის გათვალისწინებით, მაგრამ დამოუკიდებლად ცხოვრება, დამოუკიდებელი აზროვნება, საკუთარი აზრის ცივილიზებული ფორმით პრეზენტირება საზოგადოებისთვის, სხვისი აზრის, კულტურის, რელიგიის, ცხოვრების წესის პატივისცემა, ჰუმანიზმის, საწყის, ძირეულ ღირებულებად აღიარება. აი, სწორედ ეს არის ის მიზნები, გინა ღირებულებები, რომელიც საქართველოს საჯარო სკოლის სახელმძღვანელოს, კონკრეტულ შემთხვევაში XII კლასის ქართულს დაესახა. შეიძლება ვინმეს ამ ჩამონათვალში თვალში დააკლდა ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება. მე ის შეგნებულად გამოვტოვე, რადგან მგონია, რომ ჩვენში დამკვიდრებული მცდარი წარმოდგენის, უფრო სწორად, ინსტინქტის საწინააღმდეგოდ, გამოცდების ჩაბარება კი არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი, არამედ განათლების მიღება. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, უნდა შევიგნოთ, რომ გამოცდების ჩაბარება ერთ-ერთი საშუალებაა განათლების მისაღებად და არა მიზანი. ჩვენ კი მიზანსა და საშუალებას ადგილი შევუცვალეთ ჩვენს ცნობიერებაში და განათლების მიღება (მიზანი) ვაქციეთ საშუალებად ფსევდო-მიზნის _ გამოცდების ჩასაბარებლად. ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ ეროვნული გამოცდები უბრალოდ, მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენს ცხოვრებაში და რომ მის მერეც გრძელდება სიცოცხლე, რომელშიც ბევრად მეტი რამ დაგვჭირდება, ვიდრე გამოცდებისთვის მომზადებაში დაგვჭირდა. ამიტომაც ჩვენ გამოცდებისთვის მზადებაში კი არ უნდა შემოგვესწავლოს რაღაცები, არამედ რაღაცების სწავლაში უნდა შემოგვემზადოს თავი გამოცდისთვის და ამ ორ რამეს შორის დიდი განსხვავებაა. როცა ამას შევიგნებთ, მაშინ ძნელი არ იქნება, ზემოაღნიშნული საღელმძღვანელოს მოწყობის პრინციპი გავიგოთ, რომელიც იმ ზოგადსაკაცობრიო გამოწვევებსაც პასუხობს, რომელიც მოსწავლის წინაშე დგას და ამასთანავე ეროვნული გამოცდებისთვის მზადებაშიც მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი მთავარი წვლილიც შეაქვს. მე შევეცდები ქვემოთ კონკრეტული ადგილები და მახასიათებლები მოვიყვანო სახელმძღვანელოდან, რომლებიც კონტრმაგალითად გამოდგება ამ წიგნის მაკრიტიკებლებისთვის:
დავიწყოთ იმით, რომ წიგნში მრავლადაა უცხოელი ავტორების ნაწარმოებები. ამაზე ბევრმა თქვა, რომ ეს მიმართულია ეროვნულობის წინააღმდეგ, რომ ქართული ლიტერატურის გადაშენება უნდათ და ა.შ. მაგრმ მე მინდა ამ ხალხს ვურჩიო, წაიკითხოს ამავე ავტორების მიერ შედგენილი X კლასის სახელმძღვანელოში შეტანილი ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილი ,,კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი”. თუ ამ კრიტიკოსს ვაჟასი მაინც სჯერა, აღმოჩნდება, რომ ამ წიგნის შემკვეთ-შედგენელი კი არა თვითონ ცდილობს საქართველოს გადაგვარებას. ჩვენ სწორედ მაშინ შევიცნობთ ქართულ ლიტერატურასა და ისტორიას სრულფასოვნად, როცა მას განვიხილავთ მსოფლიო ლიტერატურისა და ისტორიის ჭრილში, როცა საქართველოსა და მის კულტურასა და ისტორიას მსოფლიოს კულტურისა და ისტორიის ნაწილად აღვიქვამთ. ჩვენ სწორედ მაშინ გადავგვარდებოდით და გადავგვარდებით, ჩვენი ქვეყანა რომ დანარჩენ სამყაროს მოვწყვიტოთ და ფიზიკური ან ფსიქოლოგიურ-კულტურული კედლით გამოვყოთ. კედლების აგებისგან მიღებული არცთუ სახარბიელო შედეგების მაგალითების მოძიება კი, ისტორიის ახლო წარსულშიც ადვილად შეიძლება. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თარგმანიც ხომ ლიტერატურის ჟანრია და მისი შეფასებაც ხომ უნდა შეეძლოს საშუალო განათლებამიღებულ ადამიანს?! სახელმძღვანელოში პირდაპირააა მითითებული, რომ მოსწავლე უნდა შეეცადოს ამა თუ იმ უცხო ენიდან ორიგინალის თარგმნას, ნაჩვენებია თარგმანის რამდენიმე ნიმუში და მოსწავლეს მისი შეფასება ევალება. ეს პირველ რიგში დიდი პატივია მოსწავლისთვის და ფსიქოლოგიურადაც ძალზე გამართლებულია, რადგან იგი წიგნის ავტორისგან გარკვეულ ნდობას და დაფასებას ხედავს და მზადაა გაამართლოს მისი იმედები. ის ხედავს, რომ გაიზარდა და ძალა შესწევს სწორად შეაფასოს ესა თუ ის ლიტერატურული მოვლენა.
მოსწავლის ლიტერატურულ ზრდაზე პირდაპირ, გათვლილად მუშაობს წიგნის პირველი ნაწილი, სახელწოდებით ,,მკითხველი”. წიგნის ამ ნაწილში ფაქტიურად სრულყოფილად ყალიბდება ცნობიერებაში მწერლისა მკითხველის ფენომენი, როგორც ერთი სამყაროს წევრების საზოგადოება. ფსიქოლოგიურად აქაც უმნიშვნელოვანესი მომენტია შექმნილი იმით, რომ მთელი რიგი ნაწარმოებებით მტკიცდება ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ კარგი მკითხველი და მწერალი თანასწორნი არიან. წიგნის ამ ნაწილში გაერთიანებული რეზო ყარალაშვილის ესე ,,მხატვრული ნაწარმოების აღქმა” (გვ. 32) კი მოსწავლეს ყველაზე უკეთ აძლევს საშუალებას მკითხველთა ტიპებს შორის საკუთარი იპოვოს, ისწავლოს კითხვის ხერხები და შეძლოს ,,ტკბობისას განსაჯოს და განსჯისას დატკბეს”. ლიტერატურის გაკვეთილების მიზანიც ხომ სწორედ ეს უნდა იყოს და არა ე.წ. საზეპიროების მაქსიმუმის დაზუთხვა. საზეპირო მილიონია, ჩვენ ყველას ვერ მოვერევით, თანაც გამოცდაზე ქულების ნახევარი არა საზეპიროების, არამედ, სულ უცნობი ტექსტების გაანალიზებაზე მოდის. ამიტომ ჯობია თევზის ჭერა ვისწავლოთ და ეს იმის ტოლფასი იქნება, მთელი მსოფლიოს თევზები დაგვეჭიროს, ეს იმას ჰგავს, ფულის საბეჭდ მანქანასა და მილიონს შორის მილიონი რომ აირჩიო. (კარგია მილიონი, მაგრამ ფულის საბეჭდი მანქანა უკეთესია).
ძალზე შორს წაგვიყვანს წიგნის სხვა თავების დეტალური დახასიათებაც. თუმცა, იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ ეს წიგნი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს საკუთარი პასუხი ჰქონდეთ ისეთ ბანალურ კითხვებზე, რომლებიც, სიკვდილის, სიცოცხლის, სამყაროს, სიყვარულის, საკუთარი ,,მეს”, სამშობლოს, სიკეთის და ბოროტების რაობაზე ისმის ხოლმე. ამაზე მგონი, არც არავინ იდავებს. რადგან ეს ყველაფერი იქ საკმაოდ მსუქანი შრიფტით წერია და კარგად ჩანს.
თუმცა, რაც დიდი შრიფტით არ წერია, მაგას ყველა არ უყურებს და დავის საგანიც ხდება, ასეთი რამაა დავალებები, რომლებსაც სახელმძღვანელოს ავტორები გვთავაზობენ. აქ შევხვდებით ყველანაირ დავალებას, რომელიც ითხოვს ყველაფრის წერას, დაწყებული ჩვეულებრივი ესედან, დამთვარებული ლექსითა თუ მოთხრობით. ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საპრეზენტაციო მოხსენებების (გვ.76 544), რეფერატების (გვ. 548), პროექტების (გვ. 103 545) მომზადებას და იმის შეგნებას, რომ წერის ფენომენი არ იწყება და არ მთავრდება თემით ,,ქალთა სახეები ვეფხისტყაოსანში”.
ცალკე თემაა უფრო წვრილი შრიფტით ნაბეჭდი სქოლიოები, რომლებიც ხშირად ენციკლოპედიური ხასიათისაა და ძალიან მოსწავლეს ძალიან ამგვანებს ინტერნეტში მოხეტიალე საკუთარ თავს, როცა ამა თუ იმ სიტყვაზე დაწკაპუნებით სულ ახალ გვერდზე გადადის ახალი ინფორმაციებით _ ვგულისხმობ სქოლიოში ნახსენებ აუარება გამოვნებიან ლიტარატურულ ნიმუშებს, რომლებიც მინიმუმ იმას ახრხებენ, რომ მოსწავლეს (არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ) ,,მგლების” იქით ძალზე საინტერესო ლიტერატურული სამყარო გადაუშალონ.
მოკლედ ეს სახელმძღვანელო პირდაპირ გამომდინარეობს იმ ზემოაღნიშნული მიზნებიდან და, პირიქით, ის მიზნები, თავის მხრივ, ამ სახელმძღვანელოდან გამომდინარეობენ.
და… ბოლოს მაინც ვერ ავუქცევთ გვერდს წიგნის ყბადაღებულ მოცულობას _ ის ხუთასგვერდიანია(!). ისმის რიტორიკული შეკითხვები _ ამდენი როგორ ვასწავლოთ, ამდენი როგორ ვისწავლოთ, ვერ ვასწრებთ, აქეთ მეცადინეობა, იქით სკოლა და ა.შ. თუმცა ამ ყველაფერზე არსებობს მარტივი პასუხი. დავიწყოთ იმის გამეორებით, რომ ჩვენ ერთმანეთში ვურევთ მიზანსა და საშუალებას. ამ შემთხვევაში მიზანი წიგნის დამთავრება კი არაა, არამედ იმ უნარების განვითარება, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, ამისთვის კი წიგნის სრულად გავლა აუცილებელი სულაც არაა. ეს ზღვა მასალა კლასს და მასწავლებელს შეუძლია სურვილის მიხედვით დაახარისხოს და წიგნიდან იმდენი წაიღოს, რამდენი შეუძლია. ნამდვილად არ ვაიგივებ ამ სახელმძღვანელოს ბიბლიასთან, მაგრამ ბიბლიის ბოლომდე გაგება არავის რომ არ შეუძლია, ეს განა იმას ნიშნავს, რომ ეს ღვთიური წიგნი უნდა დავაშინაარსოთ და გაუგებარი, მისტიური ადგილები ამოვშალოთ მანდედან?! ახალი სახელმძღვანელოები სწორედ ამ პრინციპითაა აგებული _ მოსწავლეები ყოველ წელს თავიდან ბოლომდე გადიან ამა თუ იმ მეცნიერებას თავისი ასაკის შესაბამის დონეზე და წიგნიდან იმდენი მიაქვთ რამდენიც შეუძლიათ, ხოლო რასაც წელს ვერ ასწრებენ, მომავალ წელს ისევ გადიან გაღრმავებულად. და ასევე მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, საკითხი, რომელიც ე.წ. ,,მეცადინეობებს” ეხება. ბავშვებს, და ხშირად მასწავლებელებსაც, ის არგუმენტი მოჰყავთ, რომ სკოლის გარდა ,,მეცადინეობებიც” უნდა მოასწრონ. ეს იმას ნიშნავს რომ ისინი სკოლაში ბოლომდე არ იხარჯებიან და ,,მეცადინეობას” მეტ ყურადღებას უთმობენ. მართლაც ჩვენი ახალგაზრდობის უმეტესობას ორი არდაწერილი დავალებიდან ის უფრო აწუხებს, რომელიც ,,მეცადინეობაზე” უნდა მიეტანა, ვიდრე ის, რომელიც სკოლაში ჰქონდა მიღებული, იმ შემთხვეაშიც კი, თუ კლასშიც და მეცადინეობაზეც ერთი და იგივე მასწავლებელი ასწავლის. და რა მოხდებოდა მოსწავლეებს საკუთარი ძალები წლების განავლობაში სასკოლო დავალებებისკენ სრულად რომ მიემართათ და ბოლო წელიწადს არ დალოდებოდნენ? პასუხი მარტივია, მათ ,,მეცადინეობა” არ დაჭირდებოდათ. მე შეგნებულად არ ვიხმარე სიტყვები _ რეპეტიტორობა და რეპეტიცია, იმიტომ რომ ეს ინტერნაციონალური ტერმინები, გამეორებას და გამმეორებელს აღნიშნავს, გამეორება კი მას სჭირდება, ვინც რამეს ვერ იმახსოვრებს. საქართველოს აბიტურიენტთა 98% ,,მეცადინეობს” და მე არ მინდა დავიჯერო, რომ ეს იმან გამოიწვია, რომ ეს 98% უნიჭოა და რაღაცებს ვერ იმახსოვრებს და ამიტომ დადის ,,მეცადინეობებზე”. არა, რეპეტიცია, ანუ გამეორება აქ არაფერ შუაშია, საქმე ისაა, რომ ჩვენ, აბიტურიენტები, ყველაფერს თავიდან ვსწავლობთ, რაც უცილობლად, სკოლის და სასკოლო განათლებისადმი არასწორი დამოკიდებულების შედეგია. ჩვენ რომ მთავრობების, ოპოზიციების, სახელმძღვანელოების და რეფორმების კრიტიკაში დახარჯული დრო, წიგნის კითხვაში გაგვეხარჯა, ჩვენს მშობლებს ათასობით ლარის ფსონად ჩამოსვლა არ მოუწევდათ ჩვენზე ეროვნული გამოცდების ლატარეაში.
არანაკლები მითქმა-მოთქმაა ატეხილი მათემატიკის სახელმძღვანელოთა ციკლის (V_XII კლასები, თ.ვეფხვაძე, თ. გოგიშვილი) გარშემო. აქაც იგივე არგუმენტებია _ სირთულე, სისქე და ა.შ. არადა, იმის გარდა, რომ წიგნი მთლიანად პასუხობს ეროვნული გამოცდებისა და ეროვნული სასწავლო მიზნების მოთხოვნებს V კლასიდან მოყოლებული, ამ წიგნით მოსწავლე იძენს გამოყენებითი მათემატიკისთვის საჭირო აუარება უნარს, დაწყებული საბანკო საქმის წარმათვით და დამთავრებული საგზაო ინჟინერიით. ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ მათემატიკა არ გამოგონილა კვადრატული განტოლების ამოხსნისთვის, ან ცხოვრება არ შექმნილა მათემატიკისთვის, არამედ, მათემატიკა და კვადრატული განტოლება შეიქმნა ცხოვრების გასამარტივებლად. სკოლაში მათემატიკის სწავლა, კვადრატული განტოლების და ტრიგონომეტრიის სწავლასთან ერთად, იმის სწავლასაც გულისხმობს, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი ცხოვრების გასამარტივებლად, ზემოხსენებული წიგნით კი სწორედ ამას ვსწავლობთ. რაც შეეხება ამოცანების სირთულეს, აქ ისინი დალაგებულია მარტივიდან რთულისკენ და თითოეულ პარაგრაფში მოიპოვება ნებისმიერი მოსწავლის მოსწრების დონის შესაბამისი დავალება.
მე მხოლოდ იმ სახელმძღვანელოებს შევეხე, რომლებთანაც პირადად მქონდა შეხება და თანამედროვე სკოლის მხოლოდ რამდენიმე კუთხის ზედაპირული ანალიზი შემოგთავაზეთ და ყველაფერი, რისი თქმაც მინდოდა, რა თქმა უნდა, არ მითქვამს, მაგრამ, მგონი, ძირითადი სათქმელი მკითხველამდე მოვიტანე. მკითხველს კი თუ ეს თემები აინტერესებს (და მე დარწმუნებული ვარ, რომ, რადგან ამ გაზეთს კითხულობს, აინტერესებს), ვურჩევ ქართულის და მათემატიკის სახელმძღვანელოებზე არ გაჩერდეს, აიღოს ისტორიის, უცხო ენის, ქიმიის, გეოგრაფიის საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოები და ჩემი დილეტანტური ანალიზის გარეშეც ადვილად დაასკვნის, რომ ვინც კარგად დაამთავრებს თორმეტ კლასს, სრული საფუძველი ექნება, რომ ცხოვრებაში სხვის ნატკეპნ გზას კი არ გაყვეს, არამედ თვითონ შექმნას რაიმე ახალი, გააჩნდეს საკუთარი აზრი, ოღონდ ჭორებზე კი არა, არგუმენტებზე და ლოგიკაზე დამყარებული. იგივე X-XI-XII კლასის ისტორიის სახელმძღვანელოების კურსით მოსწავლე X კლასში ჯერ სწავლას სწავლობს, ისტორიული წყაროების ანალიზს, მერე კი, XII კლასში უკვე ნამდვილი მკვლევარი ხდება _ მის ხელთ მხოლოდ წყაროებია, დასკვნა კი თვითონ უნდა გამოიტანოს (ვგულისხმობ X კლასის სახელმძღ. (ზ.კიკნაძე, ლ. პატარიძე) XI კლასის სახელმძღ. (ნ. ასათიანი გ. სანიკიძე) და XII კლასის სახელმძღ. (ნ. ახმეტელი, ნ. მურღულია)). ამ ყველაფერზე ვერც კი იოცნებებდა მთელი საბჭოთა და შემდგომი პერიოდის ახლგაზრდობა, ამიტომ, ალბათ, ზემოთ ნახსენები უარყოფითი შეფასებები შეუჩვეველი ლხინის სინდრომს თუ მიეწერება...
და მაინც, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ამ ახალ სახელმძღვანელოებზე, მე მიმაჩნია, რომ ეს წიგნები რეფორმის მთავარი მონაპოვარია. ყველაზე საინტერესო კი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებია, რომლებიც ბავშვების მიერვეა შემუშავებული და ყველა სახელმძღვანელოს ბოლო გვერდზე წერია. სწორედ ამ წიგნების შესწავლის შემდეგ ჩამოყალიბდებიან ჩვენს ქვეყანაში ისეთი მოქალაქეები, რომლებიც, ცოტა არ იყოს, დეფიციტურია დღევანდელ საქართველოში, მოქალაქეები, რომლებიც სიახლეს კრიტიკულად უყურებენ, მაგრამ ისე, რომ არგუმენტად ის არ მოჰყავთ, ადრე უამისოდაც იოლად გავდიოდით ფონსო, მოქალაქეები, რომლებსაც X კლასში ნასწავლი ექნებათ ილიას ,,რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?!” და ეცოდინებათ, როგორ გამოჭედონ დროს და მსოფლიოს მორგებული იარაღი, როგორ მოიგონ ცოდნის ომი, როგორ დაიხურონ საერთაშორისო ქუდი ისე, რომ ქუდს თავიც არ გადააყოლონ...


ნიკა სერგია
ქ.ხობის #2 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე



საშუალო ხელფასების ზრდა 1998 წლის შემდეგ

by December 18, 2009


მონიშნეთ განათლება და გადადით წლიდან წლამდე იმისთვის რომ ნახოთ, თუ როგორ იცვლებოდა განათლების სფეროში საშუალო ხელფასები სხვა სფეროებთან მიმართებაში.

წყარო: სტატისტიკის დეპარტამენტი.

ეკონომიკისა და განათლების დონის კავშირის შესასწავლად

by December 18, 2009

საინტერესო ინსტრუმენტი
განათლების მიღწევებისა და ეკონომიკის დონის კავშირის შესასწავლად
თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ამ მონაცემების მიხედვით ჩვენზე უფრო სუსტი ეკონომიკის (დათვლილი GDP-ს მოცულობის მიხედვით) ქვეყანა, რომელსაც ჩვენზე უარესი შედეგები აქვს მათემატიკის მიღწევის მიხედვით არ არის. სამაგიეროდ გვაქვს მრავალი შემთხვევა უკეთესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების (ძირითადად არაბული ქვეყნები), რომლებსაც უარესი შედეგი აქვთ.



განათლების მინისტრის გამოსვლა დათო პაიჭაძის გადაცემაში 15.12.2009

by December 15, 2009
დავით პაიჭაძესთან გადაცემაში ახალი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იყო.
მან აქცენტები სწორად დასვა შემდეგი მიმართულებებით:
- ნაკლები ბიუროკრატია სამინისტროში და ზოგადად მეტი მაკრო-მენეჯმენტი და ნაკლები ადმინისტრირება.
- მეტი ინფორმაცია მართვისთვის და მშობლებისთვის გადაწყვეტილებების მისაღებად
- მეტი ფინანსური ოპტიმიზაცია სისტემაში
- მოსწავლეების მოტივაციის გაზრდა სკოლებში სასიარულოდ
- მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების სამოტივაციო სისტემის შექმნის აუცილებლობა

საინტერესო და ასევე რთული ახალი იდეებია

- სკოლების ბენჩმარკინგის/"ბრენდინგის" იდეა. ზოგადად ეს კარგი მექანიზმი შეიძლება იყოს სკოლებზე ზემოქმედებისთვის, და განათლების ხარისხის სტიმულირებისთვის
- გამოსაშვები გამოცდები, როგორც მოსწავლეებისთვის სკოლაში სიარულის მოტივაციის ერთერთი სტიმული.
ამ ორივე საკითხთან დაკავშირებით იხ. სხვა სტატია

პრობლემები

ა) ტერმინოლოგიური შეცდომა რამდენად გამოხატავს სისტემის ხედვას: მაგ. "სამეურნეო" საბჭო "სამეურვეოს" ნაცვლად კონცეპტუალური ხედვის ნაწილია თუ უბრალოდ შეცდომა?

ბ) წინააღმდეგობრივი იყო მისი ორი პოზიცია, ერთი მხრივ მიკრო-მენეჯმენზე უარის თქმა სამინისტროს მხრივ, მეორე მხრივ კი ორჯერ ახსენა სწორედ ამ მიმართულებით სახელმწიფოს შესაძლო ფუნქციები. ერთი, ეს არის რესურსცენტრების ჩართულობა სამეურვეო საბჭოებში იმისთვის, რომ სკოლებში ხარჯების ოპტიმიზირება მოხდეს. მეორე მხრივ კი ის მოსაზრება, რომ სამინისტროს შეუძლია რესურსცენტრების მეშვეობით გააკონტროლოს სკოლის დონეზე, თუ როგორ იწერება ნიშნები იმისთვის, რომ კორუფცია აღმოიფხვრას. სამინისტროს შეუძლია შექმნას პირობები იმისთვის, რომ სკოლა დაინტერესებული იყოს ფინანსების ოპტიმიზაციითა და ნიშნების ობიექტურად წერისთვის, და რესურსცენტრები სწორედ პირობების შექმნაში შეიძლება მონაწილეობდეს და არა პირდაპირ რაიმეს განხორციელებაში.

საერთო შეფასება ამ გამოსვლის დადებითია. ძირითადი კონცეპტუალური მიდგომები რიტორიკის დონეზე სწორია. იმედია პოლიტიკისა და პრაქტიკის დონეზე განხორციელებაც ასევე სწორი იქნება.

საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის ერთი ნაკლის შესახებ

by December 15, 2009
გამოქვეყნდა azrebi.ge-ზე

განათლების რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების სფეროში სისტემის გამჭვირვალობისა და ხარისხის უზუნველყოფისთვის მრავალი ცვლილება დაიგეგმა და განხორციელდა. შეიცვალა და უფრო გამჭვირვალე გახდა დაფინანსების სისტემა. გარკვეულწილად გაიზარდა დაფინანსების ოდენობა. სკოლებს აქვთ ზუსტი ორიენტირი, თუ რა მიზნებს ემსახურებიან. გაუმჯობესდა სახელმძღვანელოების ხარისხი. შეიქმნა პროფესიული სტანდარტები მასწავლებლებისთვის. სამეურვეო საბჭოების მეშვეობითა და სკოლის ბაზაზე უფრო მეტი გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე, სკოლების მართვაში მეტად არის გათვალისწინებული ადგილობრივი საჭიროებები და ინტერესები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს სისტემას ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს. საქართველოში ჯერ არ არსებობს სკოლის ინდივიდუალური ვალდებულებისა და მხარდაჭერის გამართული სისტემა, რომელიც ერთი მხრივ სკოლებს გაუჩენდა პასუხისმგებლობას, რომ მაღალი ხარისხის განათლება მისცენ მოსწავლეებს, ხოლო მეორე მხრივ დაეხმარებოდა ამ კუთხით არსებული პრობლემების გადაჭრაში.

საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ თუ სახელმწიფოს მხრიდან სკოლებზე განათლების ხარისხის კუთხით მიზანმიმართული და პერმანენტული ზეწოლა არ არსებობს, მაშინ ხარისხის გაუმჯობესებას არა სისტემური, არამედ შემთხვევითი ხასიათი აქვს. საქართველოში დღეს ხარისხის მოთხოვნას სკოლების მიმართ მხოლოდ დეკლარატიული ხასიათი აქვს. სახელმწიფო და საზოგადოება (ძირითადათ მშობლები) ითხოვენ სკოლისგან, ან კონკრეტული მასწავლებლისგან მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მისაღები პირობების შექმნას. თუმცა ხარისხის, ანუ განათლების პროცესისა და ამ პროცესის შედეგის კონტროლის მექანიზმები საქართველოში სკოლის დონეზე არ არსებობს. ტარდება კვლევები, ადგილობრივი თუ საერთაშორისო შეფასებები, რომლებიც სწავლობს სისტემის მიერ ნაწარმოებ შედეგებს. მაგ. ვიცით თუ რა მდგომარეობაა რაოდენობრივი აზროვნების, კითხვის ან მეცნიერული აზროვნების სწავლების ზოგიერთი ასპექტის მხრივ საქართველოს და ზოგ შემთხვევაში რეგიონის მაშტაბით. ამავდროულად არ გვაქვს ობიექტური ინფორმაცია თუ რა ხდება კონკრეტულ სკოლაში ამავე კუთხით. შესაბამისად იძლევა თუ არა კონკრეტული სკოლა რაიმე შედეგებს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დადგენილ მიზნებთან მიმართებაში ჩვენთვის უცნობია. ჩვენ უბრალოდ გვჯერა, რომ თუ სკოლები მოქმედებენ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და იყენებენ შესაბამის რესურსებს, მათ რაღაც შედეგები ექნებათ. ამ შედეგების ხარისხის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს.

ზეწოლის მექანიზმები რომ დადებითად მოქმედებს ეს საქართველოს მაგალითზეც ჩანს, ოღონდ არა ხარისხის გაუმჯობესების, არამედ უფრო ადმინისტრირების კუთხით. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბოლო წლების განმავლობაში მკაცრად ითხოვდა სკოლებისგან ფინანსური და ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოების გამართულ წარმოებას, რასაც გარკვეული დადებითი შედეგები უკვე მოყვა. სკოლის დირექტორები მობილიზებულები არიან ამ მიმართულებით და ცდილობენ არსებული სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად საკუთარ სკოლებში არსებული სისტემების შექმნასა და გაუმჯობესებაზე.

განათლების ხარისხის შესახებ კონკრეტული სკოლების დონეზე მიღებული ინფორმაცია არა მხოლოდ ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის არის გამოსადეგი. ასეთი ინფორმაციის გამოყენება მნიშვნელოვანია ასევე იმ მშობლებისთვის, ვისაც აქვს არჩევანის შესაძლებლობა, თუ რომელ სკოლაში მიიყვანოს შვილი. მათ ჭირდებათ ობიექტური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შედეგები ექნება მის შვილს და ასევე იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს ამ შედეგებს.

მეორე მხრივ საერთაშორისო გამოცდილება ასევე გვასწავლის, რომ მხოლოდ ზეწოლის მექანიზმები საკმარისი არ არის დადებითი ცვლილების გასახორციელებლად. მნიშვნელოვანია, რომ ზეწოლის მექანიზმთან ერთად არსებობდეს ასევე მხარდაჭერის სისტემაც. ცუდი შედეგებისთვის სკოლების დასჯას რაიმე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ მოაქვს. პოზიტიური მიდგომა, როგორიცაა კარგი შედეგების მქონე სკოლების დაჯილდოვება უკეთესად მოქმედებს სკოლების მოტივაციის ამაღლებაზე, მაგრამ ესეც ყოველთვის, სისტემური გაუმჯობესებისთვის საკმარის საშუალებად ვერ გამოდგება. სკოლას, რომელსაც სერიოზული პრობლემა აქვს მაგ. მასწავლებლების კვალიფიკაციის მხრივ, მაგრამ არ აქვს ჩანაცვლების ალტერნატივა (მაგ. ისეთი სოფელია სადაც შემცვლელი არ არის და არც არავინ ჩადის გამოცხადებული ვაკანსიის პირობებში) შეიძლება უჭირდეს გაუმჯობესების გზების დამოუკიდებლად გააზრება და დაგეგმვა სპეციალური მხარდაჭერის გარეშე. სამწუხაროდ ჩვენს სისტემაში მხარდაჭერის კონკრეტულ სკოლაზე მიბმული სისტემა არ მოქმედებს. სახელმწიფო ინტენსიურად ხარჯავს რესურსებს ზოგადად მასწავლებლების ტრენინგებზე, ზოგადად მოსწავლეების გააქტიურებაზე მაგ. ოლიმპიადების ჩატარების გზით და სხვა. მაგრამ თუ ინკლუზიური განათლებისა და უმცირესობების სკოლებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ ჩავთვლით, კონკრეტული სკოლის საჭიროებებზე მიმართული პროგრამები ჩვენთან არ ხორციელდება. ასეთი პროგრამების არარსებობა თავისთავად ერთი შედგია იმ პრობლემის, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით. თუ არ ვიცით რა შედეგები აქვს განათლების ხარისხის მხრივ კონკრეტულ სკოლას, მაშინ იმის წარმოდგენა, თუ რა ჭირდება ამ სკოლას გაუმჯობესებისთვის, საკმაოდ რთულდება.

საქართველოს განათლების სისტემაში სკოლების შედეგების კონტროლისა და მხარდაჭერის სისტემად კანონმდებლობით სკოლების აკრედიტაციის სისტემაა გათვალისწინებული. მისი დანერგვა ჭიანურდება სხვადასხვა პოლიტიკური თუ ტექნიკური მიზეზის გამო. ძირითადი მიზეზი ალბათ მაინც იმის გაუაზრებლობაა, რომ აკრედიტაციის სისტემა მხარდაჭერის ინსტრუმენტიც არის კონტროლის სისტემასთან ერთადაც.

გარდა კანონმდებლობაში ასახული სისტემისა საქართველოში ბოლო დროს საჯაროდ გამოითქმება მოსაზრებები ისეთი სისტემების შემოტანის შესახებ, რომლებიც ასევე შესაძლებელია ჩაითვალოს კონკრეტული სკოლის შედეგების მექანიზმად. ასეთია მაგალითად სასკოლო დამამთავრებელი გამოცდების იდეა. ასეთი გამოცდების შემოტანა ერთგვარი ზეწოლის ინსტრუმენტი გახდება, რადგან ცხადი ხდება თუ რამდენი მოსწავლე ძლევს წარმატებულად ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იქ სადაც ასეთი სისტემები მოქმედებს ახალი პრობლემები ჩნდება ხოლმე. მაგალითისთვის, მხოლოდ გამოცდების შედეგები ყოველთვის ობიექტურ ინფორმაციას ვერ იძლევა სკოლის წარმატების შესახებ. მაგ. სკოლის დამამთავრებელი გამოცდების მიხედვით მიღებული ინფორმაციის შესახებ შესაძლოა სკოლა A-ს ყავდეს 80% მოსწავლეების, რომლებიც სკოლის ატესტატს იღებენ, ხოლო სკოლა B-ს 95%. ეს ინფორმაცია სულაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ სკოლა A უკეთესი ხარისხის განათლებას აძლევს ვიდრე სკოლა B. შესაძლებელია, რომ სკოლა B-მ წინასწარ განდევნა მოსწავლეების დიდი ნაწილი იმისთვის, რომ სკოლის დამთავრების უფრო მაღალი პროცენტული შედეგი მიეღო. ამგვარად ასეთი სისტემის შემოღება უნდა გულისხმობდეს უფრო მეტი პარამეტრით სკოლების ინდივიდუალური შეფასების შემოღებას. ერთ-ერთი ასეთი პარამეტრი სკოლის მიტოვების მაჩვენებელია. თუმცა თავისთავად ეს მაჩვენებელიც პრობლემატურია თავისი შინაარსით. რთული ხდება იმის დადგენა, თუ რატომ მიატოვა მოსწავლემ სკოლა. იყო ეს სკოლის მიერ მისი დარწმუნება, რომ პერსპექტივა არ აქვს, თუ რაიმე სხვა მიზეზით მოხდა მოტივაციის კლება. ამის დადგენა რეტროსპექტიულად შეუძლებელია, თუ ასევე არ ხდება სკოლაში მიმდინარე პროცესების შეფასება, როგორიცაა მაგ. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეების დახმარების სისტემების არსებობა და სხვ. ასევე, სისტემებში, სადაც მხოლოდ შედეგების მიხედვით ხდება სკოლების შეფასება, ჩნდება ხოლმე სკოლების ჯგუფები სადაც ასეთი მოსწავლეები იყრიან ხოლმე თავს. სკოლების ნაწილი ღია რჩება პრობლემების მქონე მოსწავლეებისთვის, რადგან შესაძლოა ისინი უფრო მეტად იზიარებდნენ სოციალურ პასუხისმგებლობას ვიდრე ის სკოლები, რომლებიც ასეთ მოსწავლეების მოშორებას ცდილობენ. თუ სისტემა შეფასებისას ამ მიდგომას არ ითვალისწინებს, მაშინ უკეთესი მიდგომის, მაგრამ უარესი შედეგის მქონე სკოლები ხშირად ისჯება ხოლმე. სწორედ აქ ჩანს სკოლების მხარდაჭერის სისტემის აუცილებლობა ყველაზე მკვეთრად.

კიდევ ერთი ზეწოლის სისტემა, რომლის შესახებაც საქართველოში შესაძლოა ვიფიქროთ სკოლების რეიტინგებია. რაღაც ამის ჩანასახი ვიხილეთ ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღების პირველ წელს. ერთიანი ეროვნული გამოცდების 2005 წლის ანგარიშში მოცემული იყო იმ საუკეთესო სკოლების სია, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით სკოლადამთავრებულთა საუკეთესო პროცენტული მაჩვენებლები აღინიშნა. სისტემა საკმაოდ მგრძნობიარეა ამგვარი ინფორმაციის მიმართ და ჩვენთანაც ზოგიერთმა სკოლამ მაშინვე დააწესა კლასიდან კლასში (ძირითადად მე-9 კლასის ბოლოს) გადასასვლელი გამოცდა იმისთვის, რომ დამამთავრებელ კლასში მხოლოდ გამოცდებზე ორიენტირებული და სავარაუდოდ წარმატებული მოსწავლეები დარჩენილიყვნენ. მსგავსი პრობლემები დასავლეთის იმ ქვეყნებშიც იყო სადაც ასეთი რეიტინგები დაინერგა (და პრინციპში შემდგომში უმეტესად გაუქმნდა). გარდა მოსწავლეების გაყრისა, ასეთი სისტემის ნაკლი იმაშიც მდგომარეობს, რომ უარყოფითად მოქმედებს მოსწავლეების მოტივაციაზე. ცნობილია, რომ ადამიანი სწავლობს რაიმეს თუ მას ამის შესაძლებლობა და მოტივაცია აქვს. შესწავლილია, რომ მოსწავლეების მოტივაცია იმ სკოლებში, რომლებიც რეიტინგის დაბალ საფეხურზე არიან გაცილებით ნაკლებია ვიდრე მაღალრეიტინგულ სკოლებში. ეს თავითავად არის ერთერთი მიზეზი დაბალი შედეგების, შესაბამისად რეიტინგისაც. თუმცა ასევე შესწავლილია ისიც, რომ რეიტინგში დაბალი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ მოტივაცია კიდევ უფრო იკლებს. მოსწავლეებს კიდევ უფრო ნაკლები რწმენა აქვთ იმის, რომ მათ რაიმე ღირებულის შესწავლა შეუძლიათ თავიანთ ”ცუდ” სკოლებში. ეს პრობლემა არ იქნებოდა იქ, სადაც სკოლების არჩევანი არსებობს. საქართველოს სკოლების თითქმის ნახევარი კი ისეთი დასახლებებშია, სადაც სხვა სკოლის არჩევანის შესაძლებლობას მშობლები მოკლებულები არიან. ამიტომ ასეთი რეიტინგის არსებობამ შესაძლოა კიდევ უფრო დაწიოს მოსწავლეების მოტივაცია.

პრობლემატური საკითხი რეიტინგებთან დაკავშირებით არა მხოლოდ მის არსებობაშია, არამედ იმაში თუ რა მონაცემების საფუძველზე დგება ეს რეიტინგი, ვინ არის ამ ინფორმაციის მომხმარებელი და რა ფორმა აქვს მონაცემების მიწოდებას. სკოლების რეიტინგების გავრცელების უკეთესი ფორმაა, როდესაც სკოლის მაჩვენებლების შესახებ სრული ინფორმაცია აქვს გადაწყვეტილებების მიმღებებს, ხოლო საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს სკოლის მიმართება საერთო ქვეყნის, რეგიონის ან რაიონის მაჩვენებლებთან. რაც შეეხება რეიტინგის შედგენისთვის გამოყენებულ მაჩვენებლებს, აქ უფრო ხშირად გამოიყენება ხოლმე გამოცდების საფუძველზე მიღებული ინფორმაცია. ასეთი გამოცდებია სკოლის დამამთავრებელი გამოცდები, მაგრამ ასევე უფრო დაბალ საფეხურებზე ჩატარებული ტესტირებები შეიძლება იყოს. გარდა მოსწავლეების მოტივაციისა, აქ უკვე სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. მასწავლებლები ასეთ სისტემებში მნიშვნელოვნად ორიენტირებულები ხდებიან საგამოცდო ინფორმაციის დასწავლასა და უნარების განვითარებაზე. ასე მნიშვნელობას კარგავს ცხოვრებისთვის არანაკლებ და ხშირად უფრო მნიშვნელოვანი არაკოგნიტური, აფექტური და სოციალური უნარები. ცნობილია, რომ გამოცდებზე ორიენტირებულობა შესაძლოა დადებითი ეფექტის მქონე იყოს იმ სკოლებში, სადაც სხვა მხრივ არანაირი სხვა სამოტივაციო ინსტრუმენტი არ არსებობს კოგნიტური უნარების შესაძენად. სამაგიეროდ ასეთი სისტემა უარყოფითად მოქმედებს იმ კარგ სკოლებზე, რომლებსაც მოსწავლეების უფრო ჰარმონიული განვითარება აქვთ მიზნად არჩეული.

თუ ერთი მხრივ ვიცით, რომ აუცილებელია ზეწოლის მექანიზმების არსებობა და მეორე მხრივ ვიცით, რომ ამ მექანიზმებს მრავალი პრობლემა მოსდევს, მაშინ როგორი არჩევანი გვაქვს ჩვენ? ჩემი შეფასებით, ჩვენი საუკეთესო არჩევანი აკრედიტაციის სისტემაა, რადგან ის გაცილებით უფრო დახვეწილია ვიდრე ის სისტემები, რომლებზეც ზემოთ მქონდა საუბარი. აკრედიტაციის სისტემის სიძლიერე ისაა, რომ ის არა მარტო შედეგს, არამედ პროცესსაც სწავლობს. ეს ამცირებს ტესტირებასა და ზოგადად გამოცდებზე ორიენტირებული სისტემის შექმნის ალბათობას. ამავდროულად აკრედიტაციის სისტემა შეიძლება იყენებდეს ასევე გამოსაშვები გამოცდების მონაცემებს და გარკვეულ რეიტინგულ სისტემის საფუძველიც შესაძლოა გახდეს. თუმცა რეიტინგული სისტემა, რომელიც უფრო მეტ მონაცემზე არის დაფუძნებული ვიდრე მხოლოდ შედეგებია, შესაძლებლობას ტოვებს იმის, რომ ერთი მონაცემით დაბალი შედეგის მქონე სკოლა, სხვა პარამეტრით წარმატებული იყოს. არ არის აუცილებელი ერთი შკალა იყოს რომელზეც სკოლები იქნება განთავსებული. მაგ. შეიძლება სკოლები შევაჯიბროთ იმის მიხედვით, თუ ვის აქვს უკეთესი ქულები ტესტირებებში, ვის აქვს უკეთესი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ, ვის აქვს უკეთ გაცნობიერებული სკოლის მართვის პრინციპები, რომელ სკოლაშია უფრო დადებითი სასწავლო ატმოსფერო, რომელ სკოლას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული განვითარების/გაუმჯობესების პოლიტიკა, რომელ სკოლას აქვს უკეთესი მატერიალური პირობები და სხვა. აკრედიტაციის სისტემა სხვა სისტემებისგან განსხვავებით თავის თავშივე მოიცავს გაუმჯობესების სისტემის არსებობას. სკოლის აკრედიტაციის პროცესის მხოლოდ პირველი ნაწილია მონაცემების შეგროვება და ანალიზი, ხოლო მეორე ნაწილია რეკომენდაციების შემუშავება და ამ რეკომენდაციების საფუძველზე კონკრეტული სკოლის დახმარება საკონსულტაციო სერვისებისა თუ სხვა მხარდაჭერით. აკრედიტაციის სისტემის მსგავსია თანამედროვე ინსპექტირების სისტემებიც, რომელიც ძირითადად იმით განსხვავდება აკრედიტაციის სისტემისგან, რომ აკრედიტაცია ძირითადად სკოლების მეტ ჰორიზონტალურ ურთიერთობას გულისხმობს. აკრედიტაციის სისტემები უმეტესად სკოლების ურთიერთდახმარებისა და ურთიერთშემოწმების პროცესებს გულისხმობს ხოლმე, ხოლო ინსპექტირება უფრო მეტად ზემდგომი ორგანოებისა და ინსპექტორების სპეციალური პროფესიის მქონე პირების მანდატითა და მეშვეობით ხორციელდება.

ქვეყნების უმეტესობა ცდილობს, რომ დახვეწილი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემები შექმნას. ბევრ მათგანისთვის სირთულეს მათთან არსებული, მრავალი წლის განმავლობაში მოქმედი მოძველებული სისტემის შეცვლა წარმოადგენს. ჩვენ ამ მხრივ საბედნიეროდ თავისუფლება გვაქვს. ჩვენთან რაიმე სისტემა სკოლების ვალდებულებებისა და მხარდაჭერის ჯერ არ არსებობს. სისტემის ის საფუძვლები, რომლებიც ბოლო წლებში შეიქმნა და ვაკუუმი ამ მიმართულებით გვაფიქრებინებს, რომ თავიდანვე გამართული სისტემის შექმნის შანსები ჩვენთან მაღალია. ამავდროულად განათლების პოლიტიკის შეცდომებისა და წარმატებების შესახებ ცოდნა სპეციალისტებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი და გასაანალიზებელია. მინდა იმედი ვიქონიო, რომ სწორედ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს და არ მოგვიწევს იმ შეცდომების გამეორება, რომლის საფუძველზე შექმნილი პრობლემების გადალახვაც მრავალ ქვეყანას ათწლეულები დაჭირდა.

საგანმანათლებლო პოლიტიკის ფორმირების პრობლემების შესახებ

by December 01, 2009
უმაღლესში მისაღებ სისტემასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობამ ბოლო თვის განმავლობაში ორი მნიშვნელოვანი ინიციატივა შემოგვთავაზა. ორივე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უმაღლესი განათლებისთვის. ორივე პირდაპირ კავშირშია სასკოლო განათლების სისტემის წარმატებასთანაც. პირველი წლევანდელ აბიტურიენტებს ეხება და სამის ნაცვლად ოთხი სავალდებულო გამოცდის შემოღებას და დაფინანსების უნარების გამოცდის ნაცვლად ოთხი გამოცდის შედეგების მიხედვით განსაზღვრას გულისხმობს. მეორე ცვლილება კი - შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში შევიდეს ძალაში. ის სკოლის გამოსაშვები გამოცდების შემოღებით ერთდროულად უმაღლესის მისაღები და ამავდროულად სასკოლო სისტემის შეცვლას გულისხმობს. ცვლილებების წარმატებისთვის აუცილებელია სწორი დაგეგმვა და თანამოაზრეთა გუნდი. შევეცდები აღვწერო, პირველი ცვლილების მომზადების ზოგიერთი ეპიზოდი იმისთვის, რომ მეორის გააზრებისთვის მომზადება დავიწყოთ.


არგუმენტები
სავალდებულო ოთხი გამოცდისა და დაფინანსების ახალი სქემის იდეა გამოცდების ეროვნულ ცენტრის დირექტორს ეკუთვნის. 2008 წლის, 6 მაისის, გაზეთ ალიაში ქალბატონი მაია წერს, რომ გამოცდების ცენტრმა მოამზადა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გადაგზავნილია შესაბამის სამინისტროში. მისი აზრით ოთხი სავალდებულო გამოცდის მიხედვით ჩარიცხვა და დაფინანსება უკეთესი სისტემაა, რადგან ზოგი აბიტურიენტი სამ გამოცდას აბარებს, ზოგი კი ოთხს, რაც უსამართლოა. სახელმწიფოს აღარ მოუწევს ერთი გამოცდის შედეგების მიხედვით დაფინანსება და თან ამ ცვლილებით ყველა თანაბარ პირობებში მოექცევა.

დაფინანსების სქემის ცვლილება ბოლო წლებში უკვე მეორედ ხდება. 2005 წელს სახელმწიფო გრანტის განაწილება სამი გამოცდის შედეგების მიხედვით ხდებოდა. აბიტურიენტების ნაწილი აბარებდა ოთხ გამოცდას, ნაწილი კი სამს. მაშინ მეოთხე გამოცდად მხოლოდ მათემატიკის არჩევა შეიძლებოდა. სახელმწიფო გრანტის მისაღებად გათვალისწინება ხდებოდა ქართულისა და უნარების ტესტის შედეგებს დამატებული მათემატიკასა და უცხო ენის ქულებს შორის უმაღლესი ქულა. 2006 წელს გადაწყდა, რომ დაფინანსება მხოლოდ უნარების ტესტის საფუძველზე მოხდებოდა. 2006 წლის 1-2 ივნისის გაზეთ ხვალინდელი დღისთვის მიცემულ ინტერვიუში ქალბატონი მაია მიმინოშვილი ასე ასაბუთებს ამ ცვლილების უპირატესობას: "დაფინანსების ამ პრინციპით, ყველა სტუდენტი თანაბარ პირობებში აღმოჩნდება, რადგან მათი შეფასების კრიტერიუმი ერთი - ზოგადი უნარების გამოცდის შედეგი იქნება". დამეთანხმებით, რომ უცნაურია, როდესაც თანაბარ პირობებში ჩაყენების მოტივით, ხან ვზრდით გამოცდების რაოდენობას და ხან კი - ვამცირებთ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი 2008 წლის ინტერვიუში, ამბობს, რომ ერთი გამოცდის შედეგზე დაფინანსების დაფუძნება იმის გამო მოხდა, რომ ზოგი სამ გამოცდას აბარებდა, ზოგი კი ოთხს და შესაბამისად ძნელი იყო საერთო კრიტერიუმით საუკეთესოების შერჩევა. სინამდვილეში, 2006 წელს ცვლილებების დასასაბუთებლად გამოცდების ცენტრის თანამშრომლებს გაცილებით უფრო დახვეწილი არგუმენტები მოჰყავდათ. მაგალითად, ისინი ხსნიდნენ, რომ: ა) უნარების გამოცდებსა და სხვა გამოცდებს შორის არის მაღალი დადებითი კორელაცია. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო მაღალია უნარების ტესტის შედეგი, მით უფრო მაღალია ალბათობა, რომ სხვა საგანშიც მაღალი ქულა გექნება. უნარების გამოცდით დაფინანსდება, თუ რამდენიმე გამოცდით შედეგი მაინც იგივე გვექნებაო; ბ) უნარების ტესტის შედეგი ნაკლებად დამოკიდებულია შენს რომელიმე მასწავლებლის კვალიფიკაციაზე. ამგვარად შესაძლებელია შენ გყავდეს ცუდი მასწავლებელი მაგ. უცხო ენაში, მაგრამ ეს შენს უნარებზე იმდენად არ მოქმედებდეს. უცნაური არგუმენტია და მთლად თავსებადი პირველ არგუმენტთან არ იყო, მაგრამ მაინც თამამად გამოითქმებოდა პრეს-კონფერენციებზე. გ) დაფინანსებისთვის კონკურსში მონაწილეობა ასევე წინა წელს ჩაბარებულ სტუდენტებსაც უნდა შეძლებოდათ. არ იყო სასურველი, რომ მათთვის ერთზე მეტი გამოცდის ჩაბარება გვეთხოვა. ცენტრის თანამშრომლების მოსაზრებით, ეს უსამართლოც იქნებოდა, რადგან ისინი უმაღლესში უკვე მეტ ცოდნას მიიღებდნენ ერთი წლის განმავლობაში. უნარების განვითარება კი ამ წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ მოხდებოდა. დ) იმის გამო, რომ უმცირესობებს უწევდათ ქართული ენის ჩაბარება და კონკურენცია გრანტის მისაღებად ქართული ენის შედეგის მიხედვით ქართულენოვან აბიტურენტებთან უწევდათ, უპრიანი იყო უნარების შედეგებით დაფინანსება, რადგან მათ რუსულად, შემდგომში კი, უკვე ასევე აზერბაიჯანულად და სომხურად შეეძლოთ უნარების ტესტის ჩაბარება. ე) უნარების ტესტის მიხედვით დაფინანსება უფრო გამართლებული იყო მეცნიერულადაც. გამოცდების ცენტრის თანამშრომლების აზრით ფსიქომეტრიულად შედარებადი არ იყო ორ სხვადასხვა გამოცდაზე მიღებული ქულა ერთმანეთთან. ანუ მათი აზრით დასაშვები არ იყო მათემატიკის ქულების შედარება ვთქვათ ლიტერატურის ქულებთან ერთიანი კონკურსის ფარგლებში. ეს საკითხების არასრული ჩამონათვალია, მაგრა ვფიქრობ, რომ საკმარისია იმის საჩვენებლად თუ რაოდენ კომპლექსურ შესწავლას საჭიროებს თითოეული ასეთი ნაბიჯი. სისტემაში ჩახედული თვალი იმას შეამჩნევს, რომ არაქართულენოვანი აბიტურიენტების პრობლემის გამოკლებით ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტი დღესაც ვალიდურია და პასუხგასაცემი ახალი ცვლილების ფონზე.
განათლების პოლიტიკის წარმატების მინიმალურ პირობას იმის გაცნობიერება შეადგენს, რომ ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმისას აუცილებელია წინასწარი რისკების გათვლა, შეფასება, ანალოგიური პოლიტიკების შესწავლა, ანალიზი, პოლოტირება, დანერგვა, შედეგების შესწავლა და ახალი რისკების გათვალისწინებით ძველი პოლიტიკის გაუმჯობესება. ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნებისა და საერთო მიზნების მქონე გუნდის არსებობა.

პრობლემები
1. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობის ხშირი ცვლილება ერთი მხრივ და მეორე მხრივ დოკუმენტირებული საჯარო თუ შიდა დისკუსიების ნაკლებობა ინსტიტუციური მეხსიერების შექმნას ხელს უშლის. ამიტომ არის ადვილი, ორ სხვადასხვა მინისტრს ადამიანმა ურთიერთსაწინააღმდეგო პრინციპი ერთი და იმავე არგუმენტით დაუსაბუთოს. ზოგადად, 2004-დან მოყოლებული სისტემის ცვლილების პროექტების, კონცეფციების საჯარო დისკუსიებისთვის გამოქვეყნების პრაქტიკა შემცირდა. 2006 წელს, გამოცდების ცენტრს საჯაროდ მოუწია პარლამენტის დარწმუნება დაფინანსების სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. წელს ცვლილებების შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ შევიტყვეთ.
2. ეროვნული გამოცდებთან მიმართებაში სამინისტრომ შემკვეთის, ხოლო ცენტრმა შემსრულებლის როლი ნელნელა დაკარგა. ცენტრი დღეს უკვე დამოუკიდებელი პოლიტიკის განმახორციელებელია და ნაკლებად თანამშრომლობს სისტემის სხვა ნაწილებთან, მათ შორის მის ზემდგომთანაც კი. მაგ. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი და სხვა თანამშრომლები საჯაროდ საყვედურებენ იმ უმაღლესებს, რომლებიც ოთხის ნაცვლად სამ გამოცდას ირჩევნდნენ. უმაღლესები მათი აზრით ხარისხზე უარს სტუდენტების მოზიდვისთვის ამბობდნენ. პრობლემის საილუსტრაციოდ გთავაზობთ ინტერვიუს ბატონ თამაზ ჯოლოგუასთან 2008 წლის 27 იანვრის რეზონანსში. ერთ-ერთ კითხვაზე ბატონი თამაზი პასუხობს: "... ცენტრში ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი-ექსპერტი. ჩვენი საექსპერტო ჯგუფი ვერ ვიტყვი, რომ მთლად დამოუკიდებელია-მეთქი, მაგრამ ეს არის ცალკე ორგანიზაცია, რომელსაც ევალება აბიტურიენტებისთვის საგამოცდო პროგრამების გამოცემა. ჩვენი ფუნქციაა, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტების შედგენა. ეს არის ჩემი პროფესიული მოვალეობა და არა - თანამდებობა. ისედაც, გამოცდების ეროვნული ცენტრი არ არის ამ ხელისუფლების მონაპოვარი და შესაბამისად, არც ლომაიას მიუძღვის მის შექმნაში რამე წვლილი. მე სრულებით არ ვთვლი იმას, რომ ვექვემდებრები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ფორმალურად კი ასეა, მაგრამ რეალურად - არა." შემდეგ ყვება იმის შესახებ, თუ როგორ ”დაუფასეს” ბატონ გია ნოდიას ეგზიტპოლები, როგორ დაინგრა მაქსიმალურად ლომაიას დროს განათლების სისტემა ისე და ა.შ. ამგვარი დამოკიდებულება სამწუხაროდ ტენდენციის ნაწილია და არა ერთეული შემთხვევა. ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ სასწავლო გეგმის დანერგვა არასწორად ხდება, საბუნებისმეტყველო ჯგუფი დემარშებს აწყობს სამინისტროს სხვა ცენტრის მოწყობილ შეხვედრებზე და ა.შ. არც დაგეგმვაა და არც გუნდური მუშაობა, პასუხისმგებლობა.

გაკვეთილი
ცვლილების პროექტი, რომელიც პრეზიდენტმა წარმოადგინა სკოლებში გამოცდების გადატანასთან დაკავშირებით, კომპლექსურ დაგეგმვას და განხორციელებას გულისხმობს. თუ ცვლილებები ისე დაიგეგმება, როგორც ეს მეოთხე სავალდებულო გამოცდის დამატებისას მოხდა, დიდია ალბათობა, რომ გაცილებით უფრო მეტ ნეგატიურ შედეგებთან მოუწევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას გამკლავება ვიდრე მის შესაძლებლობებში იქნება. ეს განსაკუთრებით პრობლემატური იქნება, სანამ სკოლების პასუხისმგებლობების ზრდის პარალელურად თითოეული სკოლის მხარდაჭერის სისტემაც არ გაძლიერდება.

Simon Janashia. Powered by Blogger.