ავტორიზაცია როგორც სასჯელი

by July 29, 2020


სკოლების ავტორიზაციის სისტემა დღეს მოქმედებს იმ ძირითადი მიზნების წინააღმდეგ, რისთვისაც ის შეიქმნა. სკოლების და საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ნაცვლად, ავტორიზაცია ძირითადად გამოიყენება როგორც სკოლების დასჯის და დაშინების, განათლებაში ჩართული ადამიანების დემორალიზების, სისტემაში ინოვაციების შეზღუდვის და სკოლების სტანდარტიზაციის სასარგებლოდ.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ და თქვენი კოლეგები სკოლაში მუშაობთ. რამდენიმე ათწლეულია, რაც ამ სკოლას ავითარებთ. გაქვთ თქვენი სასწავლო პროგრამა, ასწავლით მაღალი პასუხისმგებლობით, რეგულარულად იკრიბებით, მსჯელობთ პედაგოგიური პროცესის გაუმჯობესებაზე, განიხილავთ თქვენ პრობლემებს. წლების განმავლობაში ქმნით რესურსებს. მუდმივად ურთიერთობთ მშობლებთან, ქმნით გარკვეულ ერთობას. ბავშვებს ეხმარებით სწავლაში, საკუთარი მისწრაფებების, თვალსაწიერის გაფართოვებაში.

ეს სკოლა კერძო მფლობელობაშია*. მის გარშემო არსებულ სკოლებზე უფრო უკეთესი ინფრასტრუქტურა აქვს. სკოლა ცდილობს თავისი მომავალი მოსწავლეები ბაღიდანვე მოამზადოს სწავლისა და სწავლების სირთულეებისთვის. სკოლაში შვილები ამ სკოლის კურსდამთავრებულებსაც მოჰყავთ.

ამ დროს სკოლაში შემოწმება მოდის. ამას კანონის ენაზე ავტორიზაცია ქვია. შემოწმების შედეგად სკოლას ფუნქციონირების უფლებას მისცემენ ან აუკრძალავენ. შემმოწმებელი ათვალიერებს სკოლას, კითხულობს სკოლაში შექმნილ დოკუმენტებს, ელაპარაკება სკოლის ცხოვრებაში ჩართულ ადამიანებს და ამის საფუძველზე სკოლის შესახებ ანგარიშს წერს.

ამ ანგარიშში არაფერი არ წერია იმის შესახებ, რა მიღწევები გაქვთ, რამდენად გამართულად მიმდინარეობს სკოლის ყოველდღიურობა, სწავლა, სწავლება, ბავშვებთან ურთიერთობა. არაფერი ჩანს იმის შესახებ როგორ ვითარდებიან მასწავლებლები, როგორ ცდილობენ მოსწავლეების აღზრდას. ასევე არ ჩანს ის, თუ როგორ ცდილობენ მასწავლებლები ამ სკოლაში გადმოსულ ახალ მოსწავლეების მათ საზოგადოებაში ინტეგრირებას. ანგარიში არ აღწერს რას ფიქრობენ მშობლები, როგორ არიან ისინი ჩართული სკოლის ცხოვრებაში, მის განვითარებაში. არაფერია აქ ნათქვამი იმის შესახებ, როგორ გრძნობენ თავს ადამიანები ამ სკოლაში, უხარიათ თუ არა იქ მოსვლა, საერთოდ დადიან თუ არა ისინი სკოლაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არც სასკოლო კულტურაზეა რამე ნათქვამი და არც სასკოლო კლიმატზე.

სამაგიეროდ ანგარიში დეტალურად განიხილავს სკოლის დოკუმენტაციას. აღწერს, რომ ერთ დოკუმენტში გაკეთებული ჩანაწერი, მეორე დოკუმენტში ნაპოვნს არ ემთხვევა. სადღაც დოკუმენტების ნუმერაციაა არეული. ელექტრონული კომუნიკაციების ეპოქაში ითხოვენ დოკუმენტების ფიზიკურად, ძაფით აკინძვას.

მთელ მსოფლიოში ცდილობენ მშობლები სკოლის ცხოვრებაში რაც შეიძლება ხშირად ჩართონ. მშობლებს პატიჟებენ გაკვეთილების ჩასატარებლად, გაკვეთილებზე დასასწრებად. ამ სკოლას კი ავტორიზაცია დარღვევად უთვლის, რომ მშობელს შეუძლია მისი შვილის გაკვეთილს დაესწროს დირექტორთან შეთანხმებით. ეს ბავშვების პირად ინფორმაციის გამჟღავნებას გამოიწვევსო. ცხადია ანგარიში არ აკონკრეტებს, რა პირადი ინფორმაცია მჟღავნდება ხოლმე გაკვეთილებზე.

საინტერესო ისაა, რომ სამი წლის წინ, 2017 წელს იგივე სკოლას ავტორიზაცია ჩაუტარდა და იგივე შეთანხმება გაკვეთილებზე დასწრების შესახებ, სკოლასა და მშობლებს შორის დარღვევად არ ჩაეთვალა.

მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში მსჯელობენ, რომ ეპიდემიების გავრცელების დასაბრკოლებლად, ხელის საშრობები გაუქმდეს ტუალეტებში, მისი არარსებობა სკოლისთვის დარღვევაა.

სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინტეგრირებაზე სახელმწიფოც ფიქრობს. სირთულეს წარმოადგენს სკოლამდელი ბავშვების მომზადება სასკოლო ცხოვრებისთვის. სკოლას კი ავტორიზაციის პროცესში დარღვევად ეთვლება ის, რომ სკოლაში საბავშვო ბაღი ისე განათავსა, რომ მას ცალკე შესასვლელი არ გაუკეთა. ცხადია არც იმის შესახებ საუბრობს ანგარიში, რა საფრთხეს უქმნის ეს სკოლას.

ამ და მსგავსი "დაღვევების" შემცველი ანგარიში გადის ავტორიზაციის საბჭოზე. ამ საბჭოში მომუშავე ადამიანების უმეტესობა სკოლებში მუშაობს, ძირითადად ადმინისტრაციულ თანამდებობებზე. მათი სკოლები ჰგავს განხილულ სკოლას. ავტორიზაციის საბჭოს წევრის სკოლაშიც შეიძლება ერთი შესასვლელით სარგებლობდეს ბაღი და სკოლა. სხვის სკოლაში შეიძლება არათუ მშობლები, არამედ მოწვეული სტუმრებიც ესწრებიან გაკვეთილებს. დოკუმენტების ქაღალდზე წარმოებასაც არ უჭერენ ისინი მაინცდამაინც მხარს. ავტორიზაციის საბჭოს წევრი ელექტრონული ჟურნალების ბიზნესშიც კი შეიძლება იყოს ჩართული. საბჭოს წევრების უმეტესობა საჯაროდ უჭერს მხარს სკოლების მეტ ავტონომიურობას და აკრიტიკებს სახელმწიფოს მიერ სკოლების ზერეგულირებას.

მიუხედავად ამ გარემოებებისა, ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმში ვერ ვხედავთ ავტორიზაციის საბჭოს წევრის ვერც-ერთ მოსაზრებას, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებდნენ იმ შეფასებებს, რაც დასკვნაშია. არც შეკითხვები ჩანს, რომელიც საბჭოს წევრებმა დასვეს, სასკოლო კურიკულუმის, სასკოლო კულტურის, კლიმატის შესახებ. სამაგიეროდ ვხედავთ იმას, რომ საბჭოს თერთმეტივე წევრი ერთხმად მხარს უჭერენ სკოლისთვის მუშაობის უფლების შეჩერებას.

ამგვარი გადაწყვეტილება ერთეული შემთხვევა რომ იყოს ვიტყოდით, რომ შემფასებელს შეეშალა, საბჭოს წევრები ცუდ ხასიათზე იყვნენ იმ დღეს, სკოლის წარმომადგენლები ცუდად იქცევიან, მაგრამ როდესაც ეს პროცესი ტენდენციის ნაწილია, რა შეიძლება ვიფიქროთ? ერთი-მეორის მიყოლებით ავტორიზაცია უუქმდება ერთი ქსელის სკოლებს - ჯერ ბათუმში, შემდეგ თბილისში, ახლა კი უკვე რუსთავში. სამივე ამ სკოლას თავის თემში გამორჩეულად კარგი ინფრასტრუქტურა აქვს, გამორჩეულად კარგ შედეგებს აჩვენებს, გამორჩეულად აწყობილი პროფესიული განვითარების პროგრამები აქვს მასწავლებლებისთვის, მაგრამ მაინც ვერ გადიან ავტორიზაციას.

რა მნიშვნელობას იძენს ავტორიზაცია ამგვარი გადაწყვეტილებებით? ცხადია, თუ თქვენ ამ სკოლის წარმომადგენელი ხართ, მაგრამ ასევე გარე დამკვირვებელსაც შეიძლება გაგიჩნდეთ უსამართლობი განცდა. განა დოკუმენტების წარმოებაა სკოლის მთავარი მახასიათებელი, მისი საქმიანობის ბირთვი? განა სამართლიანია, რომ ამ სკოლის ტუალეტებში საშრობის არარსებობა უნდა მაიძულებდეს მე, რომ ამ სკოლის ნაცვლად ჩემი შვილი წავიყვანო ისეთ სკოლაში, სადაც შეიძლება წყალი საერთოდ არ მოდიოდეს?

გამოცდილი და წარმატებული სკოლების დირექტორები მიყვებიან, როგორ ასწავლიან ჭკუას ავტორიზაციის ექსპერტები. ყვებიან იმას, როგორ უგულველყოფს ავტორიზაციის საბჭო მათ სკოლის უნიკალურ და ამავდროულად წარმატებულ სასწავლო პროგრამებს, როგორ არიან ვალდებულები აწარმოონ “ორმაგი ბუღალტერია”, რომ სახელმწიფოს მოაჩვენონ თავი თითქოს უარესი, მაგრამ გრიფირებული წიგნებით ასწავლიან, მაშინ როდესაც სინამდვილეში უკეთესი წიგნებით სარგებლობენ.

რას ეუბნება ეს სხვა სკოლებს? ეს პროცესი ასწავლის განათლებაში ჩართულებს, რომ ისინი უნდა იყვნენ მორჩილები, რომ სახელმწიფო არის ბოროტება, რომ ავტორიზაცია გულისხმობს დოკუმენტების მომზადებაში უზარმაზარი ძალისხმევის ხარჯვას. ეს პროცესი განამტკიცებს მოსაზრებას, რომ განათლება არის რეპრესიული მანქანა, რომელსაც შეუძლია სისტემის ჭანჭიკებად აქციოს მასში მონაწილეები, მათ შორის ჯერ არ დასჯილი სკოლებიც, რომლებსაც ამ სისტემით განაწყობენ იქით, რომ ყველაფერი აკეთონ სტანდარტიზებულად, ფორმალურად, საკუთარი მისიების საწინააღმდეგოდ.

ჩვენ განათლების სისტემას კი სრულიად საპირისპირო რამ განვითარებს. ჩვენ უნდა წავახალისოთ სიმამაცე, რომ საგანმანათლებლო პრობლემების გადაწყვეტის სხვადასხვა მიდგომა გამოიცადოს. უნდა წავახალისოთ სკოლების მრავალფეროვნება, გვჭირდება სისტემაში ინიციატივიანი დირექტორების და მასწავლებლების მოზიდვა. ამისთვის კი, ავტორიზაციის სისტემა სრულიად უნდა გარდაიქმნას.

---------------------------------

* შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, რუსთავში.

ელექტრონული სახელმძღვანელოების შესახებ

by June 26, 2020

დისტანციური ონლაინ განათლება და ვირუსი.

by March 04, 2020
რამდენიმე დღის წინ ამირან გამყრელიძემ ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით უმაღლესებს ურჩია ონლაინ სწავლებაზე გადასვლა. ნუცა კობახიძე დღეს მშვენივრად აღწერდა ონლაინ სწავლების გამოცდილებას ჰონგ კონგის უნივერსიტეტში. მინდა ჩემი გამოცდილების შესახებაც მოგიყვეთ და აქვე ზოგიერთ პრობლემურ საკითხზე დავფიქრდეთ.

2012-2014 წლებში ნიუ იორკიდან ბათუმის და ილიაუნის სტუდენტებს ვასწავლიდი ონლაინ. მაშინაც კი, სტუდენტები ძალიან მარტივად აგვარებდნენ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს. მაგალითად, ერთხელ, ილიაუნის გვერდზე დაყენებული მანქანიდან გამიკეთეს გუნდური პრეზენტაცია - უნივერსიტეტის უსადენო ინტერნეტის გამოყენებით (იხ. ფოტო). ერთ-ერთი კი, "რა, სად, როდის" ტურნირის შესვენებაზე შემოვიდა ონლაინ საბოლოო პროექტის პრეზენტაციის გასაკეთებლად.

ცხადია, ონლაინ სწავლების პირობებში შესაძლებელი იქნებოდა საქართველოს გარეთ არსებული აკადემიური რესურსების უფრო მეტად მობილიზება საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის გასაძლიერებლად.

მნიშვნელოვანი პრობლემაა სახელმწიფო პოლიტიკა. საქართველოს კანონმდებლობით ონლაინ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კურსის განმახორციელებელი ქართული უნივერსტეტია. ეს რას ნიშნავს იცით? მაგალითად სტენდფორდის უნივერსიტეტი აღიარებს ჰარვარდის უნივერსიტეტში გავლილ ონლაინ კურსს და ამაში სტუდენტს კრედიტს ანიჭებს. მაგრამ თსუ-ს არ აქვს უფლება ეს კურსი ჩაუთვალოს სტუდენტს. სახელმწიფო კი საერთოდ არ აღიარებს თქვენ დიპლომს, რომელიც შეიძლება ონლაინ გქონდეთ მიღებული მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტში.

ასეთი პოლიტიკა რომ არ იყოს, უფრო მეტი ქართველი სტუდენტი, და სკოლის მოსწავლეც კი ზოგიერთ კურსს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში გაივლიდა. ეს კურსები კი ჩვენი საუნივერსიტეტო პროგრამების ნაწილი გახდებოდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კურსების დიდი ნაწილი უფასოა, ან სერტიფიკატის მიღების შემთხვევაში 50-100 აშშ დოლარი ჯდება, გავაცნობიერებთ, რომ ძალიან იაფად მაღალი ხარისხის შინაარსზე გვაქვს წვდომა, მაგრამ ამ მიმართულებას არათუ ცუდად ვახალისებთ, არამედ ბარიერებსაც ვუქმნით. ამ შესაძლებლობის ინტეგრირება საქართველოს განათლების სისტემაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კურსების შემთხვევაში, რომლებიც საქართველოში საერთოდ არც ისწავლება.

რაც შეეხება ზოგად განათლებას - უკვე პოპულარულია ონლაინ სკოლები. აშშ-ში მრავალათასიანი სკოლებიც ფუნქციონირებს ამ ფორმატში. ვიცი, რომ თბილისშიც კი არიან ბავშვები, რომლებიც ამ ამერიკულ სკოლებში დისტანციურად სწავლობენ. ზოგ შტატში მოთხოვნაც კი არის, რომ სკოლის მოსწავლემ აუცილებლად გაიაროს ერთი ონლაინ კურსიც კი, რადგან ეს მას აძლევს ისეთ გამოცდილებას, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლაში დაეხმარება. ონლაინ სკოლები ფუნქციონირებს ბალტიისპირეთშიც. პირადად ვარ ნამყოფი რიგაში, ონლაინ სკოლაში, რომელიც ძირითადად ისეთ ბავშვებს აერთიანებს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო სკოლაში რეგულარულად სიარული უჭირთ, მაგალითად, საზღვარგარეთ არიან, ან ჩაბმულები არიან სპორტში, ხელოვნებაში და სხვ.

დისტანციური სწავლება ასევე ძალიან მოსახერხებელია ტრენინგების შემთხვევაშიც. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ ყირგიზეთის სკოლების სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების ანგარიშებს თბილისიდან ვიბარებდი. ისინი მიყვებოდნენ, თუ როგორ დანერგეს სკოლების განვითარების გეგმები, რომლებიც მანამდე ტრენინგის ფარგლებში შეიმუშავეს. როგორც ფოტოზე ხედავთ, ონლაინ სესიაზე ერთდროულად რამდენიმე სკოლაა შემოსული. ეს შესაძლებელია სრულიად უფასოდ ხელმისაწვდომი პროგრამით (Big Blue Button), რომელიც იქაურმა მასწავლებლების კვალიფიკაციის ინსტიტუტმა საკუთარ სერვერებზე ჩვენი გუნდის (კოლუმბიის უნივერსიტეტის ჯგუფი, რომელსაც მეც წარმოვადგენდი) დახმარებით დანერგა.
Simon Janashia. Powered by Blogger.