იაკობ გოგებაშვილის ანდერძი

ანდერძი [1]




მე, ქვემორე ხელისმომწერი, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, საღი გონებით და მტკიცე მეხსიერებით, ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში ვაცხადებ ჩემს შემდეგ ნება-სურვილს:
ქართულ და რუსულ ენებზე დაწერილ გამოუკლებლივ ყველა ჩემს სახელმძღვანელოსა და წიგნისა, აგრეთვე მრავალრიცხოვან ნახატ და საწერი დედნების კლიშეებსა, ლითოგრაფიულ ქვასა, რომელზედაც მოგრავირებულია საქართველოს რუკა და წარმოადგენს ,,ბუნების კარის” დანართს და ინახება მესხიევის ლითოგრაფიაში, ასევე ყველა ჩემს სტატიას, დაბეჭდილს ქართლსა და რუსულ პერიოდულ გამოცემებში, დაუმავრებელი წიგნების, ჯერ დაუბეჭდავი სტატიების ხელნაწერებს, ჩემს ბიბლიოთეკას ვუანდრეძებ კავკასიის სამეფისნაცვლოს ქართლ მოსახლეობას შორის ,,წერა-კითხვის გამავრცელებელ” თბილისის სზოგადოებას. ამავე საზოგადოებას ვუანდერძებ მიწის ნაკვეთს ვერაზე თბილისში, ზომით 264 კვადრატულ საჟენს, რომელიც 1901 წელს ვიყიდე ნაფიც ვექილ ივანე სპირიდონის ძე ჯაბადარისაგან და მის რწმუნებულისაგან აზნაურების გერასიმე დიმიტრის ძე პოლშგენისა და ვლადიმერ ალექსის ძე ოსიპოვისაგან, აქტით 208, რომელიც მოხდენილია იმავე წელს ქალაქ თბილისის უფროს ნოტარიუსთან.
ამასთან ერთად ,,წერა-კითხვის საზოგადოებას” ვაკისრებ დაიცვას შემდეგი პირობები:
პირველი: ჩემი სახელმძღვანელოების ყოველწლიური შემოსავლის ხარზე ის ვალდებულია დააარსოს და შეინახოს სანიმუშო დაწყებითი სკოლა ჩემს მშობლიურ სოფელ ვარიანში, რომელიც ქალაქ გორის მახლობლად იმყოფება.
მეორე: ყოველწლიურად აძლიოს ყოველის ნახევარი წლის განმავლობაში ასოცი მანეთი ჩემ მოხუც დას ეფემია სიმონის ასულს ინოურის ქვრივს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მის ღარიბ შვილს გიორგის, ოჯახთან ერთად, სანამ ეს შესაძლო იქნება.
მესამე: თუ ჩემი სტიპენდიანტები: ძმისწული შალვა გოგებაშვილი, ამჟამად კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტ, აგრეთვე ჩემი დისწულის შვილი კონსტანტინე კასრაძე, მანგეინელი სტუდენტ, ვერ მიიღებენ საკმაო სტიპენდიებს, საზოგადოების გამგეობის შუამდგომლობით, მაშინ ეს გამგეობა მისცემს ორთავეს შესაძლებლობას ჩემი სახემძღვანელოების შემოსავლის ხარჯზე დაამთავრონ უმაღლესი განათლება.
მეოთხე: ჩემი   ქართული  და  რუსული   წიგნების ყოველი გაყიდული ეგზემპლიარიდან ,,წერა-კითხვის საზოგადოება’’ გადასდებს არანაკლებ 1 კაპეიკსა სახალხო საგანმანათლებლო კაპიტალის შესაქმნელად, რომლის პროცენტებით იგი, ქართველი ინტელიგენციის დემოკრატიული ელემენტის გასაძლიერებლად, უმთავრესად სპეციალურ, კერძოდ კი პედაგოგიურ სასწავლებლებში აღზრდის ყველაზე ნიჭიერ და სახალხო სკოლის კურსის წარმატებით დამტავრებულ ბავშვებს: გლეხებისა, მუშებისა და ღარიბ სახალხო მასწავლებელთა, ამავე კაპიტალისათვის ვნიშნავ ჩემი მიწის ნაკეთს ვერაზე, რომელსაც საზოგადოების გამგეობა გაჰყიდის მხოლოდ მაშინ, როცა მიწის ფასი ძალიან აიწევს და მთელ აღებულ თანხას შეუერთებს ჩემს სახალხ-საგანმანათლებლო კაპიტალს. ამავე კაპიტალის შემადგენლობაში უნდა შევიდეს ჩემი ნაღდი თავისუფალი თანხების დაახლოებით ნახევარი, ჩემი სხვა ანდერძის თანახმად. საგანმანათლებლო კაპიტალის სარგებლის ხარჯვას სტიპენდიისათვის საზოგადოების გამგეობა არ იწყებს მანამ, სანამ ის არ მიაღწევს ათი ათას (10. 000) მანეთამდე.
მეხუთე: ჩემი წიგნების შემოსავლიდან კი საზოგადოების გამგეობა ყოველწლიურ სუბსიდიას არანაკლებ 300 მანეთისა აძლევს ქართულ პედაგოგიურ ჟურნალს ,,განათლებას”, რათა ამ ჟურნალმა, რომელიც აუცილებლად საჭიროა ,,წერა-კითხვის საზოგადოების” მიერ დასახული მიზნების მისაღწევად, არ შეწყიტოს თავისი არსებობა დეფიციტის მძიმე ტვირთის გამო.
მეექვსე: ყოველწლიურად აძლევს აკაკი როსტომის ძე წერეთელს ას მანეთს, როგორც ჰონორარს იმ საბავშვო ლექსებისთვის, რომლებიც იბეჭდება ,,დედა-ენაში” და რომლებიც ჩემის თხოვნით სპეციალურად დაწერილია ამ ჩემი გამოცემისათვის
მეშვიდე: ყოველგვარი ცვლილება ჩემს სახელმძღვანელოებსა და წიგნებში შეიძლება იქნას შეტანილი ამ ცვლილებათა მხოლოდ ზედმიწევნით შესწავლის შემდეგ საზოგადოების გამგეობის ყველა წევრის მიერ, და მიღებულ იქნება დადგენილება გამგეობის ყველა წევრის სამი მეოთხედის მიერ. ჩემი ამათუიმ სახელმძღვანელოს გამოცემის შეწყვეტისათვის კი საჭიროა გამგეობისა და საზოგადო კრების აგრეთვე სამი მეოხედის უმრავლესობა.
მერვე: სამი წლის განმავლობაში ჩემი გარდაცვალების დღიდან საზოგადოების გამგეობა წესრიგში მოიყვანს და დაბეჭდავს ჩემს მიერ ჯერ გამოუცემელ როგორც ქართულ, ისე რუსულ სტატიებს.
როგორც რუსული, ისე ქართული სტატიები იბეჭდება ცალკე ტომებად იმავე ქრონოლოგიური რიგით, რომლითაც ჩემს მიერ გამოცემულია ჩემი რჩეული ქართული სტატიების პირველი ტომი. ხარჯებს ორი პირველი ტომის გამოსაცემად გამგეობა ეწევა ჩემი სახელმძღვანელოების მოგებიდან იმ შემთხვევაში, თუ მე ვერ მოვახერხე ამ მიზნისათვის დავსტოვო განსაკუთრებული, სპეციალურიად-საჭირო თანხა.
მეცხრე: ,,წერა-კითხვის საზოგადოების” გამგეობა ყოველწლიურად ათავსებს თავის ანგარიშში განსაკუთრებული ნაწილის სახით რაც შეიძლება ზედმიწევნით ცნობებს ჩემი სახელმძღვანელოებისა და წიგენბის გამოცემის, მათი გაყიდვით მიღებული წმინდა  მოგების და ამ მოგების გამოყენების შესახემ ჩემი ამა ანდერძის თანახმად.
მეათე: თუ ,,წერა-კითხვის საზოგადოება” რაიმე განსაკუთრებულ გარემოებათა გამო იძულებული შექმნება შესწყვიტოს თავისი არსებობა, საქმეების ლიკვიდაციის დროს საზოგადო კრებამ საკუთრების უფლება ჩემს სახელმძღვანელოებზე წიგნებზე, აგრეთვე სახალხო-საგანმანათლებლო კაპიტალზე უნდა გადასცეს რომლეიმე მნიშვნელოვან ქართულ დაწესებულებას იმ აუცილებელი პირობით, რომ წიგნების წმინდა მოგება და სახალხო-საგანმანათლებლო კაპიტალის სარგებელი გამოყენებულ იქნეს სწორედ იმ დანიშნულებისათვის, რომელიც გამოხატულია ჩემს ანდერძში.
ამა ჩემი ანდერძის აღმასრულებლად ვნიშნავ: ფილიპე გაბრილეის ძ გოგიჩაიშვილს, ვალერიან ლევანი ძე გუნიას, ნიკოლოზ იოსების ძე ლომაურს, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილს და სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილს. 1912 წელი 14 მარტი.
ესე ანდერძი შეადგინა, გადსწერა და მას ხელი მოაწერა თვითონ მოანდერძემ იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა.
მოწმენი: ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე.
დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე
გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.


[1] ჟურნალი ”განათლება” 1912 წელი 6

No comments

Simon Janashia. Powered by Blogger.