ტოტალიტარული განათლების სისტემისკენ

ტოტალიტარული სახელმწიფო ავტორიტარულზე ბევრად უფრო საშიშია. ავტორიტარულ სახელმწიფოში ხელისუფლების ძირითად მიზანი ძალაუფლების კონსოლიდირებაა და ამას ძირითადად რეპრესიებით - ძალადობით, მოსყიდვით და დაშინებით ახერხებს. ტოტალიტარული სახელმწიფო კი ცხოვრების ყველა ასპექტს აკონტროლებს - განსაზღვრავს მოქალაქის გემოვნებას, პირად ცხოვრებას, აზროვნების წესს, ღირებულებებს.

ტოტალიტარულ სისტემამდე მისასვლელად, სახელმწიფოს იდეოლოგია ესაჭიროება. ხშირად, ასეთი იდეოლოგია ერის სხვებზე აღმატებულობის და რჩეულობის მითებს ეფუძნება. ტოტალიტარული სახელმწიფოები ასევე ჰპირდებიან ხოლმე მოქალაქეებს გამოგონილი გარეშე თუ შიდა მტრებისგან წამოსული საფრთხეებისგან დაცვას.

იდეოლოგიის დასამკვიდრებლად ტოტალიტარული სახელმწიფოების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტები განათლებისა და აღზრდის სისტემაა. ეს სისტემა არა მხოლოდ სკოლებს და უნივერსიტეტებს მოიცავს, არამედ სავალდებულო სამხედრო სამსახურსაც, არასრულწლოვნების სოციალიზაციისა და “გამოსწორებისთვის” შექმნილ სხვადასხვა დაწესებულებებს, ბანაკებს, ბავშვთა სახლებს.

იმისთვის რომ განათლების სისტემა მთლიანად სახელმწიფოს, კონკრეტულ პარტიას დაექვემდებაროს, ამისთვის, სრულიად უნდა გაკონტროლდეს სწავლების შინაარსი, როგორც სკოლაში, ისე უნივერსიტეტებში. ამისთვის უნდა გააკონტროლონ სასწავლო გეგმები, პროფესურა და მასწავლებლები, სახელმძღვანელოები.

ქართული ოცნება რომ ტოტალიტარული სახელმწიფოს მშენებლობას განათლებისა სფეროზე კონტროლის დამყარებით ცდილობს ჩანს რამდენიმე მოქმედებაში:

ა) იწყებს უნივერსიტეტებზე, მათ შინაარსზე სრული კონტროლის დამყარებას. განათლების “რეფორმით” ოცნება გადაწყვეტს, რომელ უნივერსიტეტს რომელი პროგრამის განხორციელების უფლება ექნება.

ბ) ცვლის ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, და იმის ნაცვლად რომ ეწეროს, რომ სასკოლო სისტემა გარემოს ქმნის, სადაც მოსწავლემ თავად უნდა განივითაროს ღირებულებები, განათლების სისტემას მოსწავლის აღმზრდელად აცხადებს.

გ) სასკოლო სახელმძღვანელოების სრული კონტროლისთვის, მათი შემუშავების ფუნქციას ართმევს გამომცემლობებს და გადასცემს განათლების სამინისტროს. აწი სამინისტროს დაქირავებული ადამიანები დაწერენ სახელმძღვანელოებს.

დ) შემოაქვს კანონი, სადაც 10 წლის ასაკიდან არასრულწლოვნების სპეციალურ სახლებში იძულებით განთავსებაა დაშვებული.

ე) მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც განუსაზღვრა წესები მასწავლებლებს და პროფესორებს, თუ როგორ უნდა ილაპარაკონ გენდერსა და სქესზე და შემოიღო სანქციები, ამ წესების დარღვევისთვის.

ვ) განსაზღვრა ჯარი და პოლიცია, ასევე საპატრიარქო როგორც ძირითადი ინსტიტუტები, რომლებმაც მოსწავლეების ღირებულებით აღზრდაზე უნდა იზრუნონ.

ზ) აამუშავა ახალგაზრდული ბანაკები, სადაც ახალგაზრდებს ოცნების პროპაგანდისტები უტარებენ იდეოლოგიზირებულ ლექციებს ისტორიაში.

და ბოლოს, როგორც ჩანს წინ ოცნების კიდევ უარესი ნაბიჯები გველოდება. ერთ-ერთი ასეთია იდეა, რომ სახელმწიფომ მშობლებს ბავშვები რამდენიმე თვით უნდა ჩამოართვას ხოლმე, იმისთვის რომ ისე აღზარდოს, როგორც ამას სახელმწიფო იდეოლოგია ითვალისწინებს.

ამის შესახებ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ოცნების პროპაგანდისტი, სინამდვილეში კი რუსეთში რეგისტრირებული კავშირის, “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ტელევიზიის თანამშრომელი, ნუკრი შოშიაშვილი წერს (იხ. ქვემოთ). თუმცა, ეს ნიადაგის ერთგვარ მოსინჯვადაც შეგვიძლია გავიგოთ. ყურადღებით თუ არ ვიქნებით, შეიძლება ერთ დღეს ესეც რეალობად გვიქციონ.

----------------------------------------------------------------------------







No comments

Simon Janashia. Powered by Blogger.