რა უნდა გავითვალისწინოთ PISA-ს კვლევის შედეგებზე საუბრისას?


ახლახანს გამოქვეყნდა PISA 2018 კვლევის შედეგები, რაც საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. დაიწყო მსჯელობა თუ რა მდგომარეობაშია განათლების სისტემა, რისი ბრალია მისი წარუმატებლობები და როგორ უნდა ავხსნათ მისი წარმატებები. ამ დისკუსიებში ხშირია შეცდომები და უზუსტობები, რომელსაც ჟურნალისტები, შეწუხებული მოქალაქეები, პოლიტიკოსები და განათლების სფეროში ჩართული ადამიანებიც უშვებენ ხოლმე. ქვემოთ ჩამოვწერ გავრცელებულ მოსაზრებებს, რაც ამ კვლევის შესახებ გვესმის და იქვე შევეცდები მსჯელობისა და ზოგადად PISA-ს შედეგების გამოყენების ზოგიერთი პრობლემა განვიხილო.

ა) "საქართველო მსოფლიოს ბოლო ათეულშია წაკითხულის გააზრების, მათემატიკის ან ბუნებისმეტყველების საგნობრივი კომპეტენციების თვალსაზრისით"

ეს მსჯელობა არასწორია, რადგან დღეს არ არსებობს საერთაშორისო შედარებითი კვლევა, რომელშიც ყველა სახელმწიფო იღებს მონაწილეობას. PISA 2018-ში 79-მა სახელმწიფომ მიიღო მონაწილეობა გაეროს წევრი 193 სახელმწიფოდან. PISA-ს კვლევაში არ მიუღია მონაწილეობა მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით დაბალი შემოსავლების მქონე 31 სახელმწიფოს, ხოლო დაბალი-საშუალო შემოსავლების მქონე 47 სახელმწიფოდან მხოლოდ ვიეტნამმა და კოსოვომ მიიღეს მონაწილეობა.

მოსწავლეების შედეგებისა და სახელმწიფოების ეკონომიკური ვითარების ურთიერთკავშირის ანალიზი აჩვენებს, რომ საშუალოდ, რაც უფრო ძლიერია სახელმწიფოს ეკონომიკა, მით უკეთეს შედეგებს აჩვენებენ მისი სკოლის მოსწავლეები. ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველო, ისევე როგორც ეკონომიკურ რეიტინგში (საშუალო-მაღალი შემოსავლის ქვეყანა) ამგვარ კვლევაშიც საშუალო ადგილს დაიკავებდა მსოფლიოში, ამ კვლევაში ყველა სახელმწიფო რომ იღებდეს მონაწილეობას. ასევე სხვაგვარად შევხედავდით ამ კვლევას, არსებული მონაცემები რომ სხვაგვარად იყოს წარმოდგენილი.

ბ) "განათლების სისტემის სწორ რეფორმას თუ გავატარებთ ჩვენი რეიტინგული მდგომარეობა გაუმჯობესდება"

უნდა გავაცნობიეროთ, რომ რეიტინგში წინ წასაწევად, არ არის საკმარისი, რომ ჩვენი მოსწავლეების ქულები გაუმჯობესდეს. ეს ქულები უნდა გაუმჯობესდეს სხვა სახელმწიფოების მოსწავლეების შედეგებთან მიმართებაში. თუ შემდეგ კვლევაში იგივე სახელმწიფოები მიიღებენ მონაწილეობას და საქართველო რეიტინგში წინ წაიწევს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სისტემა სხვა სისტემებზე უფრო სწრაფად უნდა განვითარდეს. ეს კი სხვადასხვა სირთულესთანაა დაკავშირებული: ა) სხვა სახელმწიფოები არასათანადოდ უნდა ცდილობდნენ განვითარებას, ჩვენთან შედეარებით ბ) ჩვენ არა უბრალოდ ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე უნდა ვზრუნავდეთ, არამედ იმაზეც, თუ როგორ ვაჯობოთ სხვა სახელმწიფოებს განათლების სისტემების რეფორმირებაში - რაც გულისხმობს მუდმივ მონიტორინგს იმის, თუ რას აკეთებენ სხვა სახელმწიფოები, რომ მათ არ ჩამოვრჩეთ.

გ) "PISA-ს კვლევა განათლების სისტემების ერთმანეთთან შედარების ობიექტური საშუალებაა"

ამ კვლევას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს აკადემიურ წრეებში. კრიტიკოსები მიუთითებენ მეთოდოლოგიურ პრობლემებზე, რომელთა არ გათვალისწინება შედეგების ანალიზისას სურათის დამახინჯებას იწვევს. აქ რამდენიმე პრობლემას მიმოვიხილავ

მონაწილეთა მოტივაცია
მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყანაში ტესტირებებში განსხვავებული სერიოზულობით იღებენ მონაწილეობას. მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. მაგალითად აშშ-ში სკოლებსა და მოსწავლეებს PISA-ს ტესტირებაში მონაწილეობისთვის ფულს უხდიან. აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებში ხშირად მოსწავლეებს მოუწოდებენ, რომ მათი სახელმწიფოს სასახელოდ მაქსიმალურად სერიოზულად მიუდგნენ საკუთარ ნაშრომებს. როგორია ქართველი მოსწავლეების მოტივაცია, როდესაც ამ ტესტებს ავსებენ? ამის შესახებ რაიმე ანალიზი ჯერ არ გამოქვეყნებულა. თუმცა ამ კვლევაში ჩართული ადამიანები ყვებიან, რომ მოსწავლეების გარკვეული ნაწილი ტესტირებებში მონაწილეობის ვალდებულებას ინდიფერენტულად ან აგრესიითაც კი ხვდება. 

ტესტებისა და სასწავლო პროცესის თანხვედრა
მოსწავლეები სხვადასხვა სახელმწიფოში განსხვავებულად მომზადებული არიან ამგვარი ტესტირებებისთვის. არის სახელმწიფოები, სადაც განათლების სისტემები ცდილობენ მოერგონ კვლევის ინსტრუმენტებს. ასეთ დროს მასწავლებლები იღებენ წინა ჯერზე ჩატარებულ ტესტების ნიმუშებს და შემდეგ კვლევაში მონაწილე მოსწავლეებს სპეციალურად ავარჯიშებენ მოსალოდნელი ტიპის კითხვებისთვის. საქართველოში აქამდე ქართულ ენაზე PISA-ს საკითხები არ გამოქვეყნებულა, მაშინ როდესაც სხვა ენებზე შეგიძლიათ უხვად ნახოთ ლიტერატურა, რომელიც PISA-სთვის მომზადებას ეხება. 2018 წლის ტესტირება კომპიუტერულად ჩატარდა. ამგვარი ტესტების კომპიუტერების გამოყენებით გამოცდილება არა მხოლოდ ქვეყნებს შორის განსხვავდება, არამედ ქვეყნის შიგნითაც - თუ ტექნოლოგიები არათანაბრად არის სახელმწიფოში გადანაწილებული. ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ PISA 2018-ის კითხვის ნიმუში. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართველი მოსწავლეების ძალიან მცირე ნაწილს ჰქონდა ტესტის გაკეთებამდე ამგვარ ფორმატში მოცემული დავალებების კეთების გამოცდილება.

მონაწილეების შერჩევა
კვლევაში მონაწილე სახელმწიფოები განსხვავდება მოსწავლეების შერჩევის პრინციპიც. მაგალითად, ზოგიერთი სახელმწიფო მხოლოდ რამდენიმე რეგიონის მოსწავლის ტესტირებებს ატარებს. ასეთია მაგალითად ჩინეთ. ზოგ სახელმწიფოში თავად საგანმანათლებლო სისტემა რიყავს მოსწავლეებს სკოლებიდან მანამ, სანამ ტესტირებები ჩატარდება. ასეთი ვითარებაა მაგალითად ვიეტნამში, რომელიც მოულოდნელად მაღალ შედეგებს აჩვენებს. სასკოლო ასაკის ახალგაზრდების რაც უფრო ნაკლები წილი დადის სკოლაში, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ტესტირება შედარებით უფრო მოტივირებულებს და ასევე უფრო მეტად მომზადებულებს ჩაუტარდებათ. საქართველოშიც, ამ კვლევების პირველ ციკლის დროს მონაწილეობას მხოლოდ ქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები იღებდნენ. ბოლო კვლევაში, 2018 წელს უკვე არაქართულენოვანი სკოლებიც იყო ჩართული.

დ) "PISA-ს კვლევის შედეგებზე ორიენტაციას დადებითი შედეგები მოაქვს განათლების სისტემების განვითარებისთვის"

როდესაც 2000 წელს პირველად ჩატარდა პიზას კვლევა, შედეგებმა დიდი მღელვარება გამოიწვია გერმანიაში. ამას მოყვა ზოგადი და სკოლამდელი განათლების სისტემების რეფორმირების მცდელობები, გამოიცა ლიტერატურა, ჩატარდა უამრავი კონფერენცია და სხვ. გერმანიამ მართლაც გააუმჯობესა თავისი შედეგები. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ შედეგებმა გაუარესება დაიწყო. სკანდალები სხვა სახელმწიფოებშიც (მაგ. იაპონია) იყო, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მიღწევა ვერ მოხერხდა.

მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ PISA-ს კვლევას უარყოფითი გავლენაც მოაქვს განათლების სისტემებზე. როგორც განათლების ცნობილი მკვლევარი და მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის ავტორი, ჰოვარდ გარდნერი აღნიშნავს, პოლიტიკოსების ინტერესი ხდება რეიტინგული ადგილის გაუმჯობესება და არა იმ პრობლემების აღმოფხვრა, რომელიც სისტემას გააჩნია. ამას პიზას მოკლევადიანი ციკლებიც უწყობს ხელს. კვლევა სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და ამიტომაც ორიენტაცია კეთდება მოკლევადიან გეგმებზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შედეგების გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ, 2014 წელს რამდენიმე ათეულმა მეცნიერმა და განათლების ექსპერტმა PISA-ს კვლევების უფრო მეტი გამჭვირვალება და ციკლებს შორის დროის გახანგრძლივება მოითხოვა.

ე) "წინა კვლევასთან შედარებით გვაქვს მნიშვნელოვანი ვარდნა/წარმატება"
თუ სახელმწიფოში რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ ხდება, სამ წელიწადში განათლების სისტემის შედეგები მხოლოდ უმნიშვნელოდ იცვლება. ამას ქვემოთ მოცემულ ილუსტრაციაზეც ხედავთ.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ კვლევას, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ კვლევას ახასიათებს შერჩევის სტატისტიკური ცდომილება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქულების განსხვავება ნაწილობრივ ამ ცდომილებითაც აიხსნება. სხვაგვარად რომ განვმარტოთ, იმავე წელს რომ იგივე მეთოდოლოგიით რომ ჩაგვეტარებინა პიზას კვლევა, გარკვეული ალბათობით განსხვავებულ ქულებს მიიღებდნენ ჩვენი მოსწავლეები.

ვ) "ქართული სკოლა მოსწავლეს სათანადო განათლებას არ აძლევს"

პიზას კვლევა არაფერს არ ამბობს ინდივიდუალურ სკოლაზე. ამ კვლევის დროს წარმოებული მონაცემებით შეგვიძლია დავადგინოთ ქვეყნის საშუალო მონაცემი და ასევე საშუალო მონაცემები სკოლის ტიპების მიხედვით. ქვემოთ მოცემული ცხრილი გვაჩვენებს, რომ სხვადასხვა ტიპის დასახლების მოსწავლეების საშუალო შედეგები ერთმანეთისგან განსხვავდება. სკოლებს შორის მონაცემები კიდევ უფრო განსხვავებულია.

PISA 2018-ში, ჩვენი დიდი ქალაქების სკოლების მნიშვნელოვანი ნაწილის მოსწავლეების შედეგები ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნების მოსწავლეების საშუალო ქულას უახლოვდება. შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში გვაქვს მნიშვნელოვანი განსხვავება სკოლებს შორის. გვაქვს სკოლები, რომლებიც მოსწავლეებს სხვა სკოლებთან შედარებით, მათ შორის საერთაშორისო თვალსაზრისითაც, უკეთ უვითარებენ გარკვეულ უნარებს.

No comments

Simon Janashia. Powered by Blogger.