განათლების ბიუროკრატიის ისტორიებიდან

by December 22, 2014
რამდენიმე დღის წინ განათლების სისტემაში არსებული სახელმწიფო რეგულაციების შესახებ საინტერესო ამბავი მომიყვეს. თბილისიდან მოშორებით არსებულ ერთერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების მომზადების პროგრამის უკეთესად გასახორციელებლად ძროხა აჩუქეს. რაღაც დროის შემდეგ ძროხა მოკვდა.

უნივერსიტეტმა გადაწყვიტა ძროხა ორგანიზაციის ბალანსიდან ჩამოეწერა. ამის შესახებ თხოვნით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. სამინისტროს ფინანსისტმა თქვა, რომ ასე მარტივად ეს არ მოხდებოდა, რადგან უნდა დაედგინათ, როგორც ბიუროკრატები ამბობენ, ხომ არ ჰქონდა ადგილი სახელმწიფო რესურსების მითვისებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აინტერესებდა ხომ არ შეჭამეს ძროხა. საქმე იქამდე მივიდა, რომ გაიმართა დისკუსია სახელმწიფოსა და უნივერსიტეტს შორის, დამარხული ძროხის ეგზჰუმაციისა და ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, რომელიც სახელმწიფო ქონების ჩამოწერის მოთხოვნის კეთილსინდისიერების საკითხს დაადგენდა.

არ ვიცი, რამდენად მართალია ეს ყველაფერი, თუმცა ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ სახელმწიფო ბიუროკრატია სწორედ ასე მუშაობს. საღი აზრის ნაცვლად, უფრო მნიშვნელოვანია ე.წ. "საფუძველის" არსებობა - რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება  სრულიად სიმბოლური და არა რაიმე ობიექტური საზომიც იყოს, რაიმე პროცესის კანონიერების დადგენისთვის.

მართლაც რა არის გამოსავალი ასეთ ვითარებაში, რომ ერთი მხრივ არც რესურსების მითვისება იყოს ადვილი და ამავდროულად  საგანმანათლებლო დაწესებულებები თავისუფალი იყოს სახელმწიფო ბიუროკრატიის უსარგებლო მარწუხებისგან? პირველ პრობლემაზე პასუხი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის გამჭვირვალებისა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების მექანიზმების გაძლიერებაში უნდა ვეძებოთ. მეორე პრობლემა კი სისტემის დერეგულირების გზით უნდა გადაწყდეს.

(წარწერა ილუსტრაციაზე: თუ რამე დაგჭირდებათ, ნუ მოგერიდებათ, შეავსეთ სათანადო ფორმულარი)

სკოლის დირექტორების არჩევნების დინამიკა

by August 30, 2014
თბილისის საჯარო სკოლებში დირექტორების არჩევნები პირველად 2006-07 სასწავლო წელს ჩატარდა. მაშინ პრაქტიკულად ყველა სკოლაში კონკურსში დირექტორობის მსურველი სამი კანდიდატი ყავდა სამეურვეო საბჭოს ასარჩევად.

წელს კიდევ ერთხელ ტარდება დირექტორების არჩევნები. სკოლების დიდ ნაწილში (დაახლოებით 60%-ში) სამეურვეო საბჭოების წინაშე მხოლოდ ერთი კანდიდატია. (აქ შეგიძლიათ ნახოთ კანდიდატების განაწილება)

იბადება კითხვა, რა მოხდა ამ წლებს შორის, რასაც შეეძლო გამოეწვია კანდიდატების რაოდენობის შემცირება, ანუ ალტერნატივების არარსებობა სკოლების დიდ ნაწილში?

მინდა გამოვყო ორი ფაქტორი, რომელსაც სავარაუდოდ შეეძლო ემოქმედა ამ ცვილილებაზე:

ა) შეიცვალა კონკურსის პირობები, რის თანახმადაც კანდიდატების სკოლებში განაწილება სამინისტროზეა დამოკიდებული. მანამდე, კანდიდატების 20% თავად ირჩევდა სასურველ სკოლას, ხოლო დანარჩენები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ნაწილდებოდნენ სკოლებში.

ბ) სავარაუდოდ საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობამ წინა წლებთან შედარებით დაკარგა მიმზიდველობა. ამის მიზეზები შეიძლება იყოს საგანმანათლებლო სისტემის მართვის არსებული პოლიტიკა (ნაკლები თვითმართველობა, დირექტორების წინა კონკურსის დისკრედიტაცია, ცვალებადი წესები, დირექტორების სამაგალითო და მიკერძოებული დასჯები, ნაკლები მარკეტინგული კამპანია კადრების კონკურსში მოსაზიდად და ა.შ.), შეზღუდული ფინანსური სარგებელი, ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობების გაჩენა და ა.შ.

მართლაც ეს ორი ფაქტორი იყო თუ არა გადამწყვეტი კონკურსში კანდიდატების რაოდენობის უარყოფითი მიმართულებით ცვლილებისთვის ამას კვლევა ჭირდება. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ სხვა უკეთესი ახსნა ვერ მოეძებნა ამ ცვლილებას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ჰიპოთეზას ნოყიერი საფუძველი აქვს.

პროფესიული ორიენტაციის ახალი სისტემა

by May 29, 2014
ქვემოთ მოცემულ ვიდეოში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საუბრობს სკოლებში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის სისტემაზე. ეს სიტემა ემყარება ბევრ არასწორ პრინციპს:

  • არ შეიძლება ფსიქოლოგიური ტესტების საფუძველზე, განსაკუთრებით კი ისეთების, რომლებიც პიროვნული პროფილის დადგენას ემსახურება, მოსწავლეებისთვის იმ მოსაზრების ჩანერგვა, თუ რომელი მიმართულებით იქნებიან ისინი წარმატებულები. 
  • ტესტი რომლის შესახებაც მინისტრი საუბრობს, ე.წ. Holland Code არ გამოიყენება კონკრეტული ინდივიდების კარიერების მიმართულებით წასაქეზებლად, არამედ გამოიყენება იმ თეორიის დასასაბუთებლად, რომ საშუალოდ (და არა კონკრეტულ შემთხვევებში) ადამიანები თავიანთ საქმიანობას მნიშვნელოვანწილად პიროვნული თვისებების მიხედვით ირჩევენ.


ამ მიდგომას შეუძლია ადრეულ ასაკში აბსოლუტურად არასწორი წარმოდგენები შეუქმნას მოსწავლეებს საკუთარი მიდრეკილებების და მისწრაფებების შესახებ. ამ მიდგომას ასევე შეუძლია, რომ გაუწიოს სამსახური კონკრეტული ადამიანების და ადამიანების ჯგუფების ინტერესებს, რომ მიმართონ მოსწავლეების ჯგუფები სხვადასხვა პროფესიისკენ საკუთარი იდეოლოგიის საფუძველზე. მაგალითად, შეიძლება ამ სისტემის მიხედვით "მეცნიერული" არგუმენტით მოსწავლეების კონკრეტული ჯგუფები ნაკლებად-ანაზღაურებადი, ან ნაკლებად სოციალურად მომგებიანი კარიერული მიმართულებებით წასვლაში წაახალისონ.

ამგვარ ტესტირებებზე დაფუძნებული სისტემა, მინისტრის განცხადებისგან განსხვავებით დემოკრატიულ ქვეყნებში საჯარო განათლების სისტემებში დანერგილი არ არის. კარიერული დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის სასკოლო პროგრამა ტოტალიტარული სისტემის ნაწილი ხდება, როდესაც მისი, თუნდაც არაპირდაპირი, მიზანი მოსწავლეების კლასიფიკაცია ხდება.


იაკობ გოგებაშვილის ანდერძი

by January 17, 2014
ანდერძი [1]




მე, ქვემორე ხელისმომწერი, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, საღი გონებით და მტკიცე მეხსიერებით, ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში ვაცხადებ ჩემს შემდეგ ნება-სურვილს:
ქართულ და რუსულ ენებზე დაწერილ გამოუკლებლივ ყველა ჩემს სახელმძღვანელოსა და წიგნისა, აგრეთვე მრავალრიცხოვან ნახატ და საწერი დედნების კლიშეებსა, ლითოგრაფიულ ქვასა, რომელზედაც მოგრავირებულია საქართველოს რუკა და წარმოადგენს ,,ბუნების კარის” დანართს და ინახება მესხიევის ლითოგრაფიაში, ასევე ყველა ჩემს სტატიას, დაბეჭდილს ქართლსა და რუსულ პერიოდულ გამოცემებში, დაუმავრებელი წიგნების, ჯერ დაუბეჭდავი სტატიების ხელნაწერებს, ჩემს ბიბლიოთეკას ვუანდრეძებ კავკასიის სამეფისნაცვლოს ქართლ მოსახლეობას შორის ,,წერა-კითხვის გამავრცელებელ” თბილისის სზოგადოებას. ამავე საზოგადოებას ვუანდერძებ მიწის ნაკვეთს ვერაზე თბილისში, ზომით 264 კვადრატულ საჟენს, რომელიც 1901 წელს ვიყიდე ნაფიც ვექილ ივანე სპირიდონის ძე ჯაბადარისაგან და მის რწმუნებულისაგან აზნაურების გერასიმე დიმიტრის ძე პოლშგენისა და ვლადიმერ ალექსის ძე ოსიპოვისაგან, აქტით 208, რომელიც მოხდენილია იმავე წელს ქალაქ თბილისის უფროს ნოტარიუსთან.
ამასთან ერთად ,,წერა-კითხვის საზოგადოებას” ვაკისრებ დაიცვას შემდეგი პირობები:
პირველი: ჩემი სახელმძღვანელოების ყოველწლიური შემოსავლის ხარზე ის ვალდებულია დააარსოს და შეინახოს სანიმუშო დაწყებითი სკოლა ჩემს მშობლიურ სოფელ ვარიანში, რომელიც ქალაქ გორის მახლობლად იმყოფება.
მეორე: ყოველწლიურად აძლიოს ყოველის ნახევარი წლის განმავლობაში ასოცი მანეთი ჩემ მოხუც დას ეფემია სიმონის ასულს ინოურის ქვრივს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მის ღარიბ შვილს გიორგის, ოჯახთან ერთად, სანამ ეს შესაძლო იქნება.
მესამე: თუ ჩემი სტიპენდიანტები: ძმისწული შალვა გოგებაშვილი, ამჟამად კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტ, აგრეთვე ჩემი დისწულის შვილი კონსტანტინე კასრაძე, მანგეინელი სტუდენტ, ვერ მიიღებენ საკმაო სტიპენდიებს, საზოგადოების გამგეობის შუამდგომლობით, მაშინ ეს გამგეობა მისცემს ორთავეს შესაძლებლობას ჩემი სახემძღვანელოების შემოსავლის ხარჯზე დაამთავრონ უმაღლესი განათლება.
მეოთხე: ჩემი   ქართული  და  რუსული   წიგნების ყოველი გაყიდული ეგზემპლიარიდან ,,წერა-კითხვის საზოგადოება’’ გადასდებს არანაკლებ 1 კაპეიკსა სახალხო საგანმანათლებლო კაპიტალის შესაქმნელად, რომლის პროცენტებით იგი, ქართველი ინტელიგენციის დემოკრატიული ელემენტის გასაძლიერებლად, უმთავრესად სპეციალურ, კერძოდ კი პედაგოგიურ სასწავლებლებში აღზრდის ყველაზე ნიჭიერ და სახალხო სკოლის კურსის წარმატებით დამტავრებულ ბავშვებს: გლეხებისა, მუშებისა და ღარიბ სახალხო მასწავლებელთა, ამავე კაპიტალისათვის ვნიშნავ ჩემი მიწის ნაკეთს ვერაზე, რომელსაც საზოგადოების გამგეობა გაჰყიდის მხოლოდ მაშინ, როცა მიწის ფასი ძალიან აიწევს და მთელ აღებულ თანხას შეუერთებს ჩემს სახალხ-საგანმანათლებლო კაპიტალს. ამავე კაპიტალის შემადგენლობაში უნდა შევიდეს ჩემი ნაღდი თავისუფალი თანხების დაახლოებით ნახევარი, ჩემი სხვა ანდერძის თანახმად. საგანმანათლებლო კაპიტალის სარგებლის ხარჯვას სტიპენდიისათვის საზოგადოების გამგეობა არ იწყებს მანამ, სანამ ის არ მიაღწევს ათი ათას (10. 000) მანეთამდე.
მეხუთე: ჩემი წიგნების შემოსავლიდან კი საზოგადოების გამგეობა ყოველწლიურ სუბსიდიას არანაკლებ 300 მანეთისა აძლევს ქართულ პედაგოგიურ ჟურნალს ,,განათლებას”, რათა ამ ჟურნალმა, რომელიც აუცილებლად საჭიროა ,,წერა-კითხვის საზოგადოების” მიერ დასახული მიზნების მისაღწევად, არ შეწყიტოს თავისი არსებობა დეფიციტის მძიმე ტვირთის გამო.
მეექვსე: ყოველწლიურად აძლევს აკაკი როსტომის ძე წერეთელს ას მანეთს, როგორც ჰონორარს იმ საბავშვო ლექსებისთვის, რომლებიც იბეჭდება ,,დედა-ენაში” და რომლებიც ჩემის თხოვნით სპეციალურად დაწერილია ამ ჩემი გამოცემისათვის
მეშვიდე: ყოველგვარი ცვლილება ჩემს სახელმძღვანელოებსა და წიგნებში შეიძლება იქნას შეტანილი ამ ცვლილებათა მხოლოდ ზედმიწევნით შესწავლის შემდეგ საზოგადოების გამგეობის ყველა წევრის მიერ, და მიღებულ იქნება დადგენილება გამგეობის ყველა წევრის სამი მეოთხედის მიერ. ჩემი ამათუიმ სახელმძღვანელოს გამოცემის შეწყვეტისათვის კი საჭიროა გამგეობისა და საზოგადო კრების აგრეთვე სამი მეოხედის უმრავლესობა.
მერვე: სამი წლის განმავლობაში ჩემი გარდაცვალების დღიდან საზოგადოების გამგეობა წესრიგში მოიყვანს და დაბეჭდავს ჩემს მიერ ჯერ გამოუცემელ როგორც ქართულ, ისე რუსულ სტატიებს.
როგორც რუსული, ისე ქართული სტატიები იბეჭდება ცალკე ტომებად იმავე ქრონოლოგიური რიგით, რომლითაც ჩემს მიერ გამოცემულია ჩემი რჩეული ქართული სტატიების პირველი ტომი. ხარჯებს ორი პირველი ტომის გამოსაცემად გამგეობა ეწევა ჩემი სახელმძღვანელოების მოგებიდან იმ შემთხვევაში, თუ მე ვერ მოვახერხე ამ მიზნისათვის დავსტოვო განსაკუთრებული, სპეციალურიად-საჭირო თანხა.
მეცხრე: ,,წერა-კითხვის საზოგადოების” გამგეობა ყოველწლიურად ათავსებს თავის ანგარიშში განსაკუთრებული ნაწილის სახით რაც შეიძლება ზედმიწევნით ცნობებს ჩემი სახელმძღვანელოებისა და წიგენბის გამოცემის, მათი გაყიდვით მიღებული წმინდა  მოგების და ამ მოგების გამოყენების შესახემ ჩემი ამა ანდერძის თანახმად.
მეათე: თუ ,,წერა-კითხვის საზოგადოება” რაიმე განსაკუთრებულ გარემოებათა გამო იძულებული შექმნება შესწყვიტოს თავისი არსებობა, საქმეების ლიკვიდაციის დროს საზოგადო კრებამ საკუთრების უფლება ჩემს სახელმძღვანელოებზე წიგნებზე, აგრეთვე სახალხო-საგანმანათლებლო კაპიტალზე უნდა გადასცეს რომლეიმე მნიშვნელოვან ქართულ დაწესებულებას იმ აუცილებელი პირობით, რომ წიგნების წმინდა მოგება და სახალხო-საგანმანათლებლო კაპიტალის სარგებელი გამოყენებულ იქნეს სწორედ იმ დანიშნულებისათვის, რომელიც გამოხატულია ჩემს ანდერძში.
ამა ჩემი ანდერძის აღმასრულებლად ვნიშნავ: ფილიპე გაბრილეის ძ გოგიჩაიშვილს, ვალერიან ლევანი ძე გუნიას, ნიკოლოზ იოსების ძე ლომაურს, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილს და სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილს. 1912 წელი 14 მარტი.
ესე ანდერძი შეადგინა, გადსწერა და მას ხელი მოაწერა თვითონ მოანდერძემ იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა.
მოწმენი: ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე.
დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე
გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.


[1] ჟურნალი ”განათლება” 1912 წელი 6

უნარების ტესტის 2014 წლისთვის დაგეგმილი ცვლილება

by January 17, 2014


მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზოგადი უნარების ტესტის ცვლილება იგეგმება. დაგეგმილია რომ გაიზარდოს დავალებების რაოდენობა, რომელზეც სწორი პასუხის არჩევა ხუთი სავარაუდო პასუხებიდან მოხდება და შემცირდება ოთხპასუხიანი დავალებების რაოდენობა.

ცვლილების საჭიროების დასაბუთება ხდება იმით, რომ სასურველია შემცირდეს აბიტურიენტების მიერ შემთხვევითი შემოხაზვის პრინციპით არჩეული პასუხების საფუძველზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შესაძლებლობა.

გთავაზობთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი იყო მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის ალბათობა ერთიანი ეროვნული გამოცდების სხვადასხვა წელს ზოგადი უნარების ტესტის ფარგლებში. 

როგორც ცხრილიდან ხედავთ 2005-2013 წლებში ალბათობა მერყეობს 29.2%-სა და 97.1 პროცენტს შორის. 2014 წელს თუ კომპეტენციის ზღვარი ორი ქულით გაიზრდება და მხოლოდ ხუთ პასუხიანი კითხვები იქნება, ალბათობა შემცირდება 3.9%-მდე.




რა ტიპის ავტონომია ჰქონდათ უნივერსიტეტებს საუკუნის დასაწყისში?

by August 18, 2013
არსებობს მოსაზრება, რომ 2004 წლიდან უნივერსიტეტების ავტონომია შემცირდა. ქვემოთ მოყვანილი ბრძანება ასახავს 2004 წლამდე სახელმწიფოსა და უნივერსიტეტების ურთიერთობის ერთ ნიმუშს, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ იმის შესახებ რამდენად თავისუფალი იყო უმაღლესები საკუთარ გადაწყვეტილებებში. 

საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №101
2000 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უკანასკნელ წლებში გატარებული რეფორმის შემდგომში მხარდაჭერის მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა):
ა) სწავლების საეტაპიანი სისრემის შემოღებასთან დაკავშირებით გადაწყვიტონ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა თანაფარდობის კოეფიციენტის – ერთი დადგენის საკითხი;
ბ) უნივერსიტეტის მეცნიერთა კადრის შენარჩუნების, პროფესორ-მასწავლებალთა და სტუდენტთა ფუნდამენტური სამედიცინო კვლევისა და სამეცნიერო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს 2001 წლიდან აღუდგინონ საბიუჯეტო ორგანიზაციის სტატუსი.
2. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა.ჯორბენაძე) სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან (მ.უკლება) ერთად უზრუნველყოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრები სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი კლინიკური ბაზებით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოს ამორტიზებული სასწავლო თვალსაჩინოებისა და სამედიცინო აპარატურის შეცვლისათვის საჭირო თანხის გამოყოფა.
3. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატს (რ. ხეცურიანი) უფლება მიეცეს საშტატო განაკვეთს დაუწესოს 50-პროცენტიანი დანამატი საქართველოს 2000 წლის ბიუჯეტით მისთვის განსაზღვრული დაფინანსების ფარგლებში, ხოლო შემდგომი წლების ბიუჯეტის ფორმირებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინოს ამ მიზნით შესაბამისი დაფინანსების გამოყოფა.
4. საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ სახელმწიფ პროგრამის დაფინანსება, ქუმანიტარული აქციები და უმწეოთა პროგრამების რეალიზება უპირატესად განახორციელოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკებში.
5. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში დამოუკიდებლად მოამზადოს რეზიდენტები.
6. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და განათლების სამინისტრომ (ა.კარტოზია) განათლების სფეროში 2000-2001 სასწავლო წელს სახელმწიფო დაკვეთის ფორმირებით პროცესში გაითვალისწინონ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯისათვის მოსწავლეთა მისაღებად კონტიგენტი 50 ერთეულის ოდენობით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისას აღნიშნული კონტიგენტის დაფინანსების მიზნით გაითვალისწინოს სათანადო ასიგნებანი.
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურების რესტრუქტურიზაციის გათვალისწინებით საქართველოს 2001 წლის საელმწიფო ბიუჯეტის შედგენისას განსაზღვროს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დაფინანსების ფორმები და მოცულობა.
8. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრთა ვაჟა ლორთქიფანიძემ.
ე. შევარდნაძე

მონაცემების წარდგენის მნიშვნელობა

by August 17, 2013
საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც განათლების სისტემის შესახებ მონაცემების წარდგენა ხდება ვითარების დრამატიზების გზით იმისთვის, რომ ცვლილებების პოლიტიკური საფუძველი შექმნან. ამ მიზნით ხშირად საერთაშორისო კვლევები გამოიყენება. ხშირად გვეუბნებიან, რომ საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა ამ კვლევების მიხედვით მსოფლიოში. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

ილუსტრაციაზე მოცემულია წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში, PIRLS 2011 მონაწილე ქვეყნების ჯგუფები ქულების მიხედვით. თუ რუკას დავაკვირდებით რამოდენიმე რამეს შევამჩნევთ, რომ:
  • ქულების დაჯგუფების ამ გზას თუ ავიღებთ, რაც თავად ამ კვლევის ფარგლებში დაწესებულ ე.წ. ბენჩმარკებს ითვალისწინებს ვნახავთ რომ საქართველო საშუალო 488 ქულით კვლევაში მონაწილე ქვეყნების უმრავლესობის ჯგუფშია 
  • მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა არ იღებს მონაწილეობას ამ კვლევაში
ამ ორი დებულების გათვალისწინებით, იმის თქმა, რომ საქართველო მსოფლიოში წიგნიერების დონით "ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა" საფუძველს არის მოკლებული. 


(ფრჩხილებში მოცემულია ქვეყნების რაოდენობა თითოეულ ჯგუფში)

Simon Janashia. Powered by Blogger.