საქართველოს მოსწავლეების შედეგების დინამიკა საერთაშორისო შეფასებებში.

by November 30, 2016

განათლება, როგორც ყიდვა-გაყიდვის ობიექტი

by November 13, 2016
სამწუხაროა და საზოგადოებისთვის საზიანოც, როდესაც სოციალურ ურთიერთობის, როგორც წმინდა წყლის ეკონომიკური ინტერესის მართვას ცდილობენ.

მაგალითად დღეს ვკითხულობთ:

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სკოლების საჯარო რეიტინგების სისტემის შემოღებას გეგმავს, რომელიც არა გამოცდების შედეგებით, სერიტფიცირებული მასწავლებლების რაოდენობით, ან მოსწავლეთა ნიშნებით, არამედ მშობლებისა და მოსწავლეების შეფასებებით შედგება. თითოეული სკოლის, დირექტორის, ცალკეული პედაგოგების შეფასებებს ისინი საჯაროდ დაწერენ და სხვებსაც ექნებათ საშუალება ამა თუ იმ სკოლის ავკარგიანობის შესახებ უშუალოდ მისი „მომხმარებლისგან“ – მოსწავლისა და მშობლისგან შეიტყოს....

მაგალითად, გარკვეული დაფინანსებების წინაპირობა შეიძლება ის გახდეს, რომ კონკრეტულად ამ სკოლაზე რეიტინგი საჯარო იყოს. ანუ, მე მოგცემ შენ დამატებით ახალი თემის დაფინანსებას, ოღონდ იმ თემაში გამოხმაურებები საჯარო უნდა იყოს. როგორც „ამაზონზე“ ყველა პროდუქტზე მისი მომხმარებლის მოსაზრება წერია, დადებითიც და უარყოფითიც, ჩვენც ვფიქრობთ, რომ ასეთი სისტემა შევქმნათ,“ – აღნიშნა მან.
მასწავლებელ-მოსწავლის ურთიერთობა არ არის გამყიდველ-მყიდველის, მწარმოებელ-მომხმარებლის ურთიერთობა, ისევე როგორც მშობელი-შვილის, ან კოლეგებს, ან თანამოაზრეებს შორის ურთიერთობა არ არის ეკონომიკური ინტერესის მქონე, არამედ უპირატესად სოციალური ინტერაქციაა. 

ცოდნას მასწავლებელი კი არ აწარმოებს, არამედ იქმნება მოსწავლის მიერ, პედაგოგთან, სხვა მოსწავლეებთან და არსებულ ცოდნასთან ინტერაქციაში. მასწავლებელი კლიენტების შეკვეთილ ღირებულებებს კი არ ყიდის, თანაც ისეთს, როგორიც თითოეულ მათგანს მოეწონება, არამედ უწყობს ხელს, რომ ეს ღირებულებები მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს, მათ შორის ზოგჯერ კონკრეტული ოჯახის ღირებულებებთან კონკურენციაში.

არც სკოლა უნდა ყიდდეს რაიმეს და ცხადია, ბიზნესის მსგავსად სულაც არ უნდა იყოს მინიმალური დანახარჯებით, მაქსიმალურ ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული. მოსწავლე და მშობელი, ისევე, როგორც ფართო საზოგადოება მასწავლებლის და სკოლის ადამინისტრაციის პარტნიორია, რომელთა შორის დემოკრატიულ ურთიერთობაშიც უნდა აღიზარდოს ინდივიდი და ახალი თაობაც.

რა აბსურდი შეიძლება მოყვეს ამგვარ დამოკიდებულებას, ეს იუმორისტული სკეჩი გვაჩვენებს. "კლიენტი", ანუ მშობელი ითხოვს სკოლის დირექტორისგან გამოცვალოს მისი შვილი, რადგან ის "პროდუქტით" უკმაყოფილოა.

კერძო რეპეტიტორობის სისტემის 10 მახასიათებელი

by February 23, 2016
შესავალი: რაც უნდა კარგი საფეხბურთო სკოლა ჰქონდეთ გავლილი ფეხბურთელებს, ჩემპიონთა ლიგაში გასამარჯვებლად, მათ მწვრთნელი მაინც დაჭირდებათ. 

1. სანამ უმაღლესებში ადგილების დაკავება და დაფინანსების მოპოვება შეჯიბრის საფუძველზე იქნება, მანამდე იქნება რეპეტიტორთან სიარულის ინტერესიც, მიუხედავად იმისა, რა დონის განათლებას მისცემს სკოლა. 

 2. რაც ნაკლები და ერთფეროვანი კრიტერიუმებით, ინსტრუმენტებით (იხ. მხოლოდ გამოცდებით) ხდება შეჯიბრში გამარჯვებულის გამოვლენა, მით მეტია წარუმატებლობის რისკი მრავალფეროვანი გამოცდილების, ინტერესისა და საჭიროების მქონე აბიტურიენტებისთვის. 

 3. რაც უფრო მაღალია კონკურსი (ადგილების/დაფინანსების მოცულობის შეფარდება მსურველების რაოდენობასთან), მით მაღალია წარუმატებლობის რისკი. 

 4. რაც მეტია რისკი, რომ რეპეტიტორის გარეშე შეჯიბრში დამარცხდები, მით მეტი იქნება რეპეტიტორის აყვანის მოტივაცია. 

 5. რაც მეტად იქნება რეპეტიტორებზე დამოკიდებული უმაღლესში ჩარიცხვა, მით მეტად იქნება უმაღლესების ადგილები და დაფინანსება ხელმისაწვდომი მათთვის ვისთვისაც უფრო ხელმისაწვდომია რეპეტიტორი. 

 6. რაც მეტად იქნება უმაღლესი ხელმისაწვდომი მათთვის, ვისაც რეპეტიტორის დაქირავების მეტი შესაძლებლობა აქვს, მით ნაკლები იქნება შანსი, რომ ის ვინც ღარიბ ოჯახში დაიბადა, როდისმე სიღარიბიდან განათლების მიღების გავლით გამოვა. 

7. საგამოცდო შეჯიბრში გამარჯვებაზე ორიენტაცია ხელს უშლის ფართო განათლების (მაგ. სამოქალაქო ღირებულებების, შემოქმედებითი აზროვნების განვითარება) მიღებას სკოლაში. 

 8. საგამოცდო შეჯიბრზე ორიენტაცია იწვევს მშობლების კერძო რესურსის შვილების შეჯიბრში გამარჯვებაზე და არა განათლების მიცემაზე ხარჯვას. 

9. რაც მეტად იქნება მნიშვნელოვანი შეჯიბრი, მით ნაკლები იქნება სკოლის რეპუტაცია. სკოლის რეპუტაციის დამცირებაში დაინტერესებული ხშირად თავად სკოლის ის მასწავლებლები არიან, რომლებიც რეპეტიტორობენ. 

10. რაც ნაკლები იქნება სკოლის რეპუტაცია, მით ნაკლები იქნება სკოლაში სასწავლო პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობა.

უმაღლესი განათლების "გერმანული მოდელის" შესახებ

by February 18, 2016
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველო უმაღლესი განათლების გერმანულ მოდელზე გადადის. მისი განცხადების თანახმად, ეს გულისხმობს ეკონომიკისთვის პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსებას.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ გააგრძელა პრემიერ მინისტრის დაწყებული თემა. მან დაფინანსების ეკონომიკის პრიორიტეტების მიხედვით განსაზღვრის გარდა, პროფესიული განათლების ორმაგი სისტემის გერმანული მოდელის შემოღებაზე ისაუბრა.

ეს მოდელი გულისხმობს იმას, რომ პროფესიულ განათლებას ადამიანი იმავე სექტორში დასაქმების პარალელურად იღებს. სახელმწიფო დამსაქმებელს პროფესიულ პროგრამაში ჩართული ადამიანის ხელფასის ნაწილს უნაზღაურებს. ამით, პროფესიულ მიმართულების სტუდენტის დასაქმებისა და განათლების ხარისხის ამაღლების შანსები გერმანიაში იზრდება.

ამ განცხადებებს მოყვა დისკუსიები გერმანული უმაღლესი განათლების სისტემის უპირატესობების შესახებ. ერთ-ერთი მოსაზრებით გერმანიაში უმაღლეს განათლებაში ჩართულების მეტი რაოდენობაა, ვიდრე ვთქვათ ამერიკაში, რადგან გერმანიაში უმაღლესებში სწავლა უფასოა. სინამდვილეში ეს ასე არ არის. (იხ. მიმაგრებული სტატისტიკა)

ილუსტრაციის წყარო: OECD Education at a Glance 2015

როგორც ზედა ცხრილში შეგიძლიათ ნახოთ, გერმანიაში უმაღლესი დამთავრებული 25-34 და 55-64 წლის მოსახლეობის 30%-ს აქვს, ხოლო მაგ. აშშ-ში 40%-ზე მეტს. თუ გერმანიაში ნაკლები ადამიანი სწავლობს უმაღლესში, მაშინ რა შეიძლება ჩაითვალოს გერმანიის მიღწევად?

ზოგიერთი პერსპექტივიდან, დადებითია ის, რომ გერმანიაში უნივერსიტეტები ახლოსაა ერთმანეთთან ხარისხით. აშშ-ს უმაღლესებს შორის ძალიან დიდი დაშორებაა. ამერიკის უნივერსიტეტების ნაწილს აქვს მნიშვნელოვნად უფრო მეტი სამეცნიერო პროდუქცია, ვიდრე სხვებს და მათ შორის ვიდრე გერმანულ უნივერსიტეტებს. მნიშვნელოვნად განსხვავდება დასაქმების შანსები სხვადასხვა უნივერსიტეტდამთავრებულებს შორისაც. ეს კი საზოგადოების მოწყობის განსხვავებული მოდელებისა და უმაღლესების მიმართ დამოკიდებულების განსხვავების შედეგია.

გერმანელებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ თუ უმაღლეს განათლებას იღებს ადამიანი, მაშინ ეს განათლება უნდა იყოს მეტნაკლებად თანაბრად ხარისხიანი. ეს გამორიცხავდა ე.წ. ელიტური უმაღლესების არსებობას, როგორიც არის მაგალითად ჰარვარდი აშშ-ში და კემბრიჯი და ოქსფორდი ბრიტანეთში.
თუმცა თანასწორობისა და ხელმისაწვდომობის საკითხი ასე მარტივად უმაღლესების თანაბარი ხარისხის მიწოდებით არ წყდება.

გერმანელების განათლების სისტემაში სულ ბოლო დრომდე პრობლემად ითვლება, რომ სკოლის დაწყებით საფეხურზევე ბავშვების მნიშვნელოვან ნაწილს ეუბნებიან, რომ მათი ადგილი უნივერსიტეტებში არ არის. უნივერსიტეტებში მოსახვედრად მნიშვნელოვანია, რომ დაამთავრო გიმნაზია. გიმნაზიაში მოხვედრა კი ძალიან ძნელია მასწავლებლების მხარდაჭერის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გიმნაზიის გვერდის ავლით არსებობს თეორიული შანსი უმაღლესებში მოხვედრის, ამ გზას ბევრი ვერ იყენებს. შესაბამისად, არსებობს საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასკოლო განათლების გზები, რომლებიც საკმაოდ ადრევე იყოფა. ეს კი სოციალური ნიშნით მნიშვნელოვნად ახარისხებს მოსწავლეებს.

გერმანული განათლების პოლიტიკა ორივე მიდგომას ცვლის. ერთი მხრივ ცდილობს, რომ ნაკლები შერჩევა ხდებოდეს სკოლებში. მეორე მხრივ ცდილობს გამოავლინოს საუკეთესო პოტენციალის მქონე უნივერსიტეტები და ისინი გააძლიეროს (იხ. ე.წ. ექსელენს კლასტერები). ამ თვალსაზრისით გერმანია ანგლო-საქსურ მოდელის მიმართულებით ვითარდება, სადაც შესაძლებელია იყოს ელიტარული უნივერსიტეტები მაღალი კომპეტენციების და წარმადობის პროფესურის კონცენტრაციით.

როდესაც უმაღლესი განათლების გერმანულ მართვის მოდელზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ გერმანელები აფინანსებენ არა მხოლოდ ეკონომიკურად მომგებიან მიმართულებებს, არამედ ყველას. შესაბამისად უმაღლესში სწავლა უფასოა, როგორც მაგალითად ისტორიკოსებისთვის ისე ინჟინრებისთვის. შესაბამისად ჩვენთან დაფინანსების პრიორიტეტების ეკონომიკის მიხედვით განსაზღვრას გერმანიასთან ბევრი კავშირი არ აქვს.

ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ გერმანიაში არის უნივერსიტეტების სისტემაში ჩვენი კონტექსტისთვის სრულიად მიუღებელი მართვის ელემენტებიც. მაგალითად იქ პროფესურას და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრებს სახელმწიფო ქირაობს და არა უნივერსიტეტი. ეს გერმანიის პოლიტიკურ ვითარებაში არ ნიშნავს იმას, რომ პროფესურას ავტონომია არ აქვს. ჩვენს ვითარებაში კი პოლიტიკური მანიპულაციის საფრთხეები მნიშვნელოვნად უფრო დიდი იქნება.

გერმანიაში სახელმწიფო წყვეტს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ადგილების რაოდენობას მიმართულებების მიხედვით. ეს ჩვენს პირობებში ასევე პოლიტიკური ვაჭრობისა თუ შანტაჟის თემაც შეიძლება იყოს. გავიხსენოთ რას ამბობდა 2012 წელს უმრავლესობაში მოსული განათლების, კულტურისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე ვანო კიღურაძე. მისი აზრით უნივერსიტეტების პროფესურა პარტიული ნიშნითაა დანიშნული და მათი "გაწმენდა" მნიშვნელოვანი იქნებოდა.

ამის გათვალისწინებით სასარგებლოა, თუ გერმანიაში ვნახავთ რა მუშაობს და რა არა და შემდეგ დავფიქრდებით, თუ როგორი გვინდა ჩვენი სისტემა იყოს. განათლების სისტემის ცალკეული ელემენტების სესხება შედეგის მომტანი ვერ იქნება კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. მაგალითად პროფესიული განათლების ე.წ. დუალური მოდელიც კი შეიძლება მუშაობდეს კარგად გერმანიაში, მაგრამ არ მუშაობდეს საქართველოში. ჩვენ არ ვიცით დამსაქმებლების რეაქცია ამ სისტემაზე, და ამავდროულად ვიცით, რომ საკმაოდ დაბალი პრესტიჟი აქვს პროფესიულ პროგრამებს. ამიტომ აზრი აქვს საკუთარის შექმნას, სხვისი გამოცდილების გააზრებით.

გამოცდები, როგორც განათლების ხარისხის არასწორი ორიენტირი

by October 18, 2015
სასკოლო განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია გავიაზროთ, თუ რატომ არის მისაღები გამოცდები არასწორი ორიენტირი სასკოლო განათლების სისტემის ხარისხის გასაზომად. ასევე მნიშვნელოვანია გავიაზროთ სისტემის ალტერნატიული მიდგომები.

1. სანამ განათლების ხარისხის მთავარი საზომი მისაღები გამოცდების შედეგები იქნება, მანამდე სასკოლო განათლების სისტემა ვერ გახდება, თუნდაც ამ ვიწრო გაგებით, მაღალი ხარისხის განათლების მიმცემი.


როდესაც უმაღლესებში ადგილები და დაფინანსების გრანტების რაოდენობა შეზღუდულია, მაშინ მუდამ იარსებებს წარმატებული და წარუმატებელი აბიტურიენტი. თუ გამოცდაზე წარუმატებლობას სასკოლო განათლების ხარისხის მაჩვენებლად ჩავთვლით, მაშინ ლოგიკურად შეუძლებელი იქნება ეს ხარისხი სისტემის ფარგლებში როდისმე გამოსწორდეს. შეიძლება ერთმა სკოლამ გააუმჯობესოს შედეგი, მაგრამ ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ რომელიღაც სხვა სკოლის შედეგი გაუარესდება.

სკოლა ვერ აკონტროლებს იმას, თუ რას მიიღებს გამოცდაზე მისი სკოლადამთავრებული. ვერც აბიტურიენტი ვერ აკონტროლებს თავის შედეგს. თითოეულის შედეგი კონკურსის სხვა მონაწილის შედეგზეა დამოკიდებული. მისაღები გამოცდის ტესტები შედგენილია ისე, რომ გამოცდამ უზრუნველყოს შეჯიბრი. წელს რომ ყველა სკოლა პირობითად ათასჯერ უკეთ მომზადებულმა აბიტურიენტმა დაამთავროს, და სხვა სისტემაში არაფერი შეიცვალოს, ქულების მიხედვით შარშანდელ მისაღებ კონკურსთან არანაირი განსხვავება არ იქნება. წელსაც ისევ იმდენი "წარმატებული" და "წარუმატებელი" აბიტურიენტი გვეყოლება.

2. სანამ განათლების ხარისხის მთავარი საზომი მისაღები გამოცდების შედეგები იქნება, მანამდე სასკოლო განათლების სისტემა ვერ გახდება ვერც ფართო გაგებით მაღალი ხარისხის განათლების მიმცემი. 

თუ განათლებას განვიხილავთ, როგორც პროცესს, როდესაც ადამიანი პიროვნებად, საზოგადოების წევრად და მოქალაქედ ყალიბდება, მაშინ შეუძლებელია ამას მივაღწიოთ ისეთ სისტემაში, რომელშიც დროის დიდი ნაწილი ამის ნაცვლად ბიუროკრატიის ინტერესებზე იხარჯება. ეს ინტერესია დღეს, რომ მარტივად და "სამართლიანად" გაანაწილდეს ბიუროკრატიის მიერ ხელოვნური და არა არსებითი კრიტერიუმების მიხედვით შეზღუდული საუნივერსიტეტო ადგილები და  ხელოვნურად შეზღუდული დაფინანსების მოცულობა. 

ფართო გაგებით ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა შეუძლებელია ისეთ სისტემაში, სადაც სკოლის მასწავლებელი დაინტერესებული ხდება იმით, რომ გახდეს რეპეტიტორი იმისთვის, რომ ა) საკუთარი დაბალი შემოსავალი შეივსოს და ბ) საკუთარი რეპუტაცია დაიცვას, რადგან ის სწორედ გამოცდებისთვის მომზადებით დაფასდება და არა სწორად აღზრდისთვის ან ფართო უნარების განვითარებისთვის. 

ხარისხიანი განათლება გულისხმობს მრავალფეროვნებას და არა ყალიბში ადამიანების სულიერ ჩამოსხმას. თუ ყველას ერთსა და იმავე ტესტისთვის მოვამზადებთ, მაშინ ადგილი აღარ რჩება მოსწავლეების პიროვნული განვითარებისთვის, რაც პიროვნული არჩევანის გაკეთებას, ინტერესების გაღვივებას, შეცდომების დაშვებასა და ამ შეცდომებზე სწავლასაც გულისხმობს.

3. იმისთვის რომ სკოლამ შეძლოს განათლების უკეთესი ხარისხის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია შეიცვალოს ხარისხის ორიენტირები. 
მოსწავლეს უნდა დაუფასდეს, მათ შორის უმაღლესში მოსახვედრადაც, ფართო ერუდიცია, ყოველდღიური და მრავალწლიანი მუშაობა, ფართო გამოცდილება, ნებისყოფა, პიროვნულ რისკებზე წასვლა, შეცდომების დაშვება, საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა. 

განათლების პოლიტიკა ამ მიმართულებით უნდა დაემყაროს შემდეგ პრინციპებს:

ა) გამოცდების როლის შემცირება 

გამოცდა უნდა იყოს ერთ-ერთი და არა ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი უმაღლესებში მიღების დროს. დანარჩენი შეიძლება იყოს უნივერსიტეტების მიერ დაწესებული კრიტერიუმები, სკოლებში მიღებული შედეგები, სკოლის გარეთ მიღებული გამოცდილება და მიღწევები.

ბ) სკოლების საქმიანობის მრავალფეროვნების წახალისება
სკოლების დირექცია და მასწავლებლები უნდა დაფასდნენ სიმბოლურად, ფინანსურად და მატერიალურადაც, როდესაც მოსწავლეებს ფართო გაგებით ხარისხიან განათლებას აძლევენ. ის სკოლა, რომელიც განსაკუთრებულად ზრუნავს სოციალურად დაუცველებზე არანაკლებ უნდა დაფასდეს მედიის, სახელმწიფოს, საზოგადოების მეშვეობით, ვიდრე ის სკოლა, სადაც ბუნებისმეტყველება განსაკუთრებულად გაძლიერებულად ისწავლება.

იმის ნაცვლად, რომ ტესტების შექმნასა და ადმინისტრირებაზე ყოველწლიურად ათ მილიონ ლარზე მეტი იხარჯებოდეს, ეს ფული უნდა გადანაწილდეს სკოლების განვითარებაზე. ამ ფულით შესაძლებელია მაგალითად ყოველწლიურად საჯარო სკოლებისთვის საშუალოდ 5 000 ლარის მიცემა. ეს ფული შეიძლება დახარჯულიყო სკოლებში ინოვაციური სასწავლო პროცესის, სწავლების მეთოდების, დამატებითი საგნების შემოღების, მოსწავლეების პროექტების დაფინანსების და მრავალი განმავითარებელი იდეის დასაფინანსებლად.

გ) მშობლების წახალისება, რომ ის ფულადი სახსრები, რასაც რეპეტიტორობაში ხარჯავენ მოსწავლეების ფართო განათლებაზე დახარჯონ

 2011 წლის კვლევის თანახმად მშობლები რეპეტიტორობაში იხდიდნენ დაახლოებით 120 მილიონ ლარს. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს თუ შევადარებთ, ეს თანხა არის იმაზე მეტი, რაც საშუალოდ სამი დამატებითი კლასის დაფინანსებისთვის იქნებოდა საჭირო.

მშობლებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ თავისი რესურსი დახარჯონ თავიანთი შვილების სასკოლო პროექტების, იდეების განხორციელების, სამოგზაურო და საწარმოო პრაქტიკის, ბიბლიოთეკების, დამატებით კლუბებში ჩართვის და სხვა განმავითარებელი აქტივობებისთვის. ეს მოხდება მაშინ, როდესაც სკოლები არ დაისჯებიან მშობლების თანხების მოზიდვისთვის; როდესაც იქნება ფართო საზოგადოებრივი კონტროლი სკოლებზე ვიწრო ბიუროკრატიული კონტროლის ნაცვლად; როდესაც იარსებებს სახელმწიფო თანადაფინანსება მოსწავლეების ინტერესების განმავითარებელი კლუბებისთვის, ბიბლიოთკეებისთვის, სამოგზაურო ბანაკებისთვის, სასკოლო გამოგონებებისთვის და სხვ.

9 წლის ამერიკელი სამხრეთელი გოგონას ისტორია

by September 27, 2015

ლეიკვილის ფერმა, 
ბოის, ვირჯინია
12 თებერვალი, 1957

ძვირფასო ბატონო ეიზენჰაურ, 

მე ცხრა წლის ვარ და ვარ თეთრი, მაგრამ სეგრეგაციის შესახებ მრავალი წუხილი მაქვს. რატომ უნდა გრძნობდნენ ადამიანებით თავს ასე თავიანთი კანის ფერის გამო? მე რომ ჩემი სახე შავად შემეღება, არცერთ საჯარო სკოლაში არ შემიშვებდნენ და ა.შ. ჩემი გრძნობები არ იცვლება, მხოლოდ ჩემი კანის ფერი. 

დიდი ხნის წინ, შობა დღეს, იესო ქრისტე დაიბადა. როგორც გახსოვთ, ის დაიბადა სამყაროს გადასარჩენად. არა მხოლოდ თეთრი ადამიანების, არამედ შავის, ყვითლის, წითლის და ყავისფრის. 

ფერადკანიან ადამიანებს შანსი არ ეძლევათ. "მათ კარგი განათლება არ აქვთ", ამბობს მრავალი ადამიანი. მათი ბრალია თუ მათი მამები ისეთი ღარიბები არიან, რომ ადრე ასაკიდანვე გამოყავთ, რომ სამსახური იპოვონ? მოსამზადებელი სკოლების მხოლოდ 2%-ია ფერადკანიანი ხალხისთვის.  

და მერე რა, რომ მათი კანი შავია? მათ აქვთ გრძნობები და რაც მთავარია ისინი ღმერთის ხალხია. 

გთხოვთ, მისტერ ეიზენჰაუერ, გთხოვთ შეეცადოთ და აიძულოთ სკოლებს და სხვა რაღაცეებს, მიიღონ ფერადკანიანი ადამიანები. 

პატივისცემით,

კატარინა დრიუ გილპინი


--------------------------------------------------------------------------

დღეს ეს გოგონა, დრიუ გილპინ ფაუსტი, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი უმაღლესის, ჰარვარდის უნივერსიტეტის რექტორია. 

მასთან საინტერესო ინტერვიუ შეგიძლიათ მოისმინოთ და წერილის ინგლისური ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე

რელიგიის, სახელმწიფოს, სკოლის და სამოქალაქო აღზრდის საკითხი

by September 12, 2015

კომენტარი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზე 
განთავსებულ ფოტოზე


Simon Janashia. Powered by Blogger.