სკოლის დირექტორების არჩევნები 2007 წელს


ჟურნალ ლიბერალში გამოქვეყნებულ სტატიისთვის მიცემულ ინტერვიუსთვის იმდენი ვწერე, რომ მენანება ამ ტექსტის გადაგდება. ამიტომ ვაქვეყნებ ამ ბლოგში.

2007-ში სამინისტროს ამოცანა იყო, რომ მაქსიმალურად დემოკრატიულად ჩატარებულიყო არჩევნები სკოლებში და ამავდროულად მაქსიმალური პირობები ყოფილიყო შექმნილი რომ არსებულ დირექტორებზე უკეთეს კანდიდატებს ერთი მხრივ მიეღოთ კონკურსში მონაწილეობა და მეორე მხრივ შანსი ჰქონოდათ გამარჯვების.ამას ხელს უშლიდა რამოდენიმე რამ. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო:
ა) იმ დირექტორების ავტორიტეტი, რომლებიც თავიანთ სკოლებში უკვე ძალიან დიდ ხანს იყვნენ თავიანთ პოსტზე და რომლებსაც გავლენა ჰქონდათ სამეურვეო საბჭოზე, რაც ნიშნავდა იმას, რომ თუ ისინი თავიანთ სკოლაში მივიდოდნენ კანდიდატებად პრაქტიკულად ავტომატურად ”აირჩევდნენ”
ბ) ნდობა სახელმწიფოს მიმართ - უკეთესი კანდიდატები კონკურსში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მიიღებდნენ თუ ეცოდინებოდათ, რომ მათი კომპეტენტურობაა გადამწყვეტი და არა სიახლოვე გადაწყვეტილებების მიმღებებთან და/ან ჩაწყობის საჭიროება
გ) ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე ინტერესი, რომ საკუთარი კანდიდატურების ლობირება მოეხდინათ. ეს აძლიერებდა წნეხს სამინისტროზე და ამავდროულად არჩევნების პროცესის დემოკრატიულობასაც ეჭქვეშ აყენებდა.

ამასთან ერთად გაჩნდა ახალი პრობლემა. 2004-06 წლებში, რამოდენიმე ათეული სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ადამიანები, რომლებმაც დიდი ენერგია ჩადეს ამ სკოლების განვითარებაში, კორუფციისგან წმენდაში, ფონდების მოძიებაში და სხვ. ამ ადამიანების ნაწილი ამბობდა, რომ მათ აღარ უღირდათ კონკურსში მონაწილეობა, თუ ყველაფრის ისევ თავიდან დაწყება იქნებოდა მათთვის საჭირო.

ამიტომ მნიშვნელოვანი გახდა ისეთი განაწილების სისტემის მოფიქრება, სადაც სამინისტროს გავლით ხელისუფლებას ჩარევის შესაძლებლობა არ ექნებოდა, არსებული დირექტორები ვერ შეძლებდნენ ავტომატურად სკამის შენარჩუნებას და ამავდროულად კარგ დირექტორებს დარჩებოდათ შანსი, რომ საკუთარ სკოლებში გაეგრძელებინათ მოღვაწეობა.

ამიტომაც განაწილება მოხდა შემდეგი პრინციპით: მთელი ქვეყანა დაიყო სკოლების საარჩევნო ტერიტორიულ ერთეულად. მათი რაოდენობა თუ არ ვცდები რამოდენიმეჯერე აღემატებოდა რესურსცენტრების რაოდენობას. თითო ერთეულში გაერთიანდა სკოლები რომლებიც ერთმანეთთან შედარებით ახლოს იყო ან ერთ დასახლებაში მდებარეობდა. თითოეული კანდიდატი რეგისტრირდებოდა ტესტირებამდე ამ ერთეულში.შემდეგ, ტესტის ქულებით დგინდებოდა კანდიდატების რაოდენობა, რომლებსაც ჰქონდათ უფლება კონკურსში მონაწილეობის. პრინციპი შემდეგი იყო. თუ ერთეულში იყო ვთქვათ 10 სკოლა, მაშინ სამჯერ მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას შემდეგ ეტაპებში ქულების მიხედვით. სამჯერ მეტი იმიტომ, რომ სკოლაში წარდგენისას სამზე მეტი კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო სამეურვეო საბჭოს წინაშე.

ეს კანდიდატები გადიოდნენ ტესტის შემდეგ გასაუბრებაზე სამინისტროს კომისიასთან. თუ გასაუბრებას გადალახავდნენ, მაშინ თითოეულ ერთეულში ტესტირების მიხედვით საუკეთესო 20% ირჩევდა იმ სკოლას, სადაც უნდოდა რომ ყოფილიყო წარდგენილი. ყველა დანარჩენი ნაწილდებოდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იმ ერთეულის შიგნით, რომელზეც იყო დარეგისტრირებული.

განაწილების შემდეგ მაქსიმუმ 3 კანდიდატი მიდიოდა სკოლაში, სადაც გარკვეული საარჩევნო პროცესის (შეხვედრები მასწავლებლებთან, მშობლებთან, პროგრამის წარდგენა და სხვ.) შემდევ ტარდებოდა ყველა სკოლაში ერთდროულად კენჭისყრა სამეურვეო საბჭოებში. თუ საბჭო არცერთს ამ სამიდან არ ირჩევდა, მაშინ ტარდებოდა შემთხვევითი შერჩევის მეორე ეტაპი ყველა სკოლისთვის და ისევ ეგზავნებოდა სკოლას კანდიდატები. თუ კიდევ იწუნებდა ყველა კანდიდატს, მაშინ სამინისტროს შეეძლო თავად დაენიშნა მოვალეობის შემსრულებელი...

პირველი ეტაპი შემთხვევითი შერჩევის ჩატარდა სამინისტროს დარბაზში ლოტოტრონის გამოყენებით... რაზეც ატყდა დიდი ამბავი. მათ შორის მაგ. ია ანთაძე წერდა, რომ ეს გირგვლიანის მკვლელობაზე უარესი ამბავი იყო, რადგან დირექტორობის მსურველებს ამით ადამიანობა წაართვეს. მეორე ეტაპი ჩატარდა კომპიუტერის გამოყენებით, რაზეც ხმა არავის აღარ ამოუღია.

ამ სისტემამ მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანა ხელისუფლებას, პირველი იმით რომ ცუდი პიარისთვის საბაბი მისცა (ლოტოტრონი) და მეორე იმით, რომ საკუთარი კანდიდატების სკოლებში გაგზავნის საშუალება დაკარგა, რამაც ძალიან გაანაწყენა განსაკუთრებით ადგილობრივი ხელისუფლება... კანდიდატებთან დაკავშირებით კიდევ იმიტომ განაწყენდა ხელისუფლება, რომ მათ შეაგროვეს არასასურველ კანდიდატთა სია, რომელიც სამინისტროს გამოუგზავნეს. სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია, რომ ამ სიაში მყოფები გასაუბრებაზე უნდა დაეწუნებინათ. ითქვა, რომ ეს ინფორმაცია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეაგროვეს. საქართველოს მასშტაბით იყო რამოდენიმე კომისია, აჭარის, დასავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთის და თბილისის (თუ არ ვცდები). აღმოსავლეთმა და თბილისმა, რომელიც თბილისში ტარდებოდა, არცერთმა კომისიამ არ გაითვალისწინა ეს სია. დასავლეთ საქართველოში დაიწყეს ამ სიის მიხედვით ხალხის დაწუნება, რაც ნიშნავდა იმას, რომ ბევრი კარგი კანდიდატი ავტომატურად ვარდებოდა კონკურსიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით. ამის გამო, გასაუბრების პროცესი გაჩერდა, კომისია დაიშალა, და ხელახლა ჩაატარა გასაუბრება. აჭარას ვერაფერი ვუშველეთ, რადგან იქ იქაური სამინისტრო თავისას აკეთებდა...

იმ სიაში მყოფების ნაწილი დღესაც სკოლის დირექტორია :) ჰოდა, ამანაც ძალიან გაანაწყენა ხელისუფლება და ჩაითვალა, რომ მთელი ეს დირექტორების განაწილების სისტემა იყო ერთგვარი წინააღმდეგობა მმართველი პარტიის წინააღმდეგ. ბევრი დეტალია კიდევ, რაზეც შეიძლება ლაპარაკი... მაგ. ის, თუ როგორ ებრძოდნენ გამოცდილი დირექტორები ამ სისტემას და როგორ აჯობეს ზოგ შემთხვევაში...მაგრამ ძირითადი ესაა იმ არჩევნებთან დაკავშირებით.

განათლების ნათარგმნი, მაგრამ გამოუცემელი ბიბლიოთეკა

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა, მსოფლიო ბანკის დახმარებით მოპოვებული იაპონიის მთავრობის გრანტის მეშვეობით, განათლების მიმართულებით 2009-2010 წლებში სამოცდაშვიდი ახალი სახელმძღვანელო თარგმნა.
სახელმძღვანელოები ეხება განათლების ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას, სოციოლოგიას, შეფასებას, სწავლებას, განათლების მართვას, წიგნიერების შესწავლას, მრავალენოვან განათლებას, სპეციალურ განათლებას და სხვ. ნათარგმნია განათლების სფეროსთვის მნიშვნელოვანი ავტორები: ჯონ დიუი, ალბერტ ბანდურა, ჰოვარდ გარდნერი, დევიდ პერკინსი, მაიკლ ფულანი, ლინდა დარლინგ ჰემონდი, დენიელ კორეტცი და სხვ.

სახელმძღვანელოების სრული ჩამონათვალის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

სახელმძღვანელოები თარგმნილია, რედაქტირებულია და დაკაბადონებულია. ტექნიკურად ეს გამომცემლობა დიოგენემ და გამომცემლობა საქართველოს მაცნემ განახორციელა. ეროვნულ სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა, სადაც საჭირო იყო, ამ წიგნების უსასყიდლოდ გავრცელებისთვის საავტორო უფლებები შეისყიდა.  წიგნები სრულიად მზად არის დასაბეჭდად ან ელექტრონული ფორმით გასავრცელებლად. ამ სამუშაოში დახარჯულია დაახლოებით 500 000 USD.

სამწუხაროა, რომ  თითქის ორი წელია, რაც წიგნები მზად არის, მაგრამ ისინ ჯერ არ დაბეჭდილა ან ელექტრონულად არ გავრცელებულა. შესყიდულ საავტორო უფლებებს ვადა გასდის, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა კიდევ ერთხელ გახდეს საჭირო ფულის დახარჯვა წიგნების გამოსაცემად. ასევე, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი გაუქმდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეხლა ეს პროცესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაასრულოს.

ეს წიგნები მნიშვნელოვანია მასწავლებლებისთვის, განათლების სპეციალისტებისთვის, სხვადასხვა უნივერსიტეტში მყოფი განათლების მიმართულების სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ განათლების მართვის, კვლევის ან მასწავლებლის მომზადების პროგრამებზე. იმედია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მალე დაიწყებს მათ გამოქვეყნებას.


10 ახალი პუბლიკაცია განათლების სფეროში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009 წლის შემდეგ, კალიფორნიის, ლოს ანჟელესის უნივერსიტეტთან (UCLA) ერთად და USAID-ის დახმარებით, მიმდინარეობს განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის განვითარება. ამ პროგრამის ფარგლებში, ბევრ სხვა სიახლესთან ერთად ითარგმნა ცხრა წიგნი და მომზადდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილის სახელმძღვანელო. პუბლიკაციები შეირჩა ილიაუნის და UCLA უნივერსიტეტის პროფესორების მიერ. ამ სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს სწავლა სამაგისტრო პროგრამაზეც.

ეს პუბლიკაციებია:

1. კოჰენი, ლუის, ლოურენს მანიონი და ქეით მორისონი, კვლევის მეთოდები განათლებაში, 6-ე გამოცემა, თბილისი, USAID|EMP, 2012






2. გორტონი, რიჩარდ, ა., ჯუდი ა. ალსტონი და პეტრა ი. სნოუდერი, ლიდერობა და ადმინისტრირება სკოლაში, 7-ე გამოცემა, თბილისი, USAID|EMP, 2012





3. სერჯიოვანი, ტომას, ჯ., თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გააზრებული გამოყენების პერსპექტივა, 6-ე გამოცემა, თბილისი, USAID|EMP, 2012






4. ნორთჰაუზი, პიტერ, გ.,  ლიდერობა, თეორია და პრაქტიკა, 5-ე გამოცემა, თბილისი, USAID|EMP, 2012






5. ბოლმანი, ლი, ი. და ტერენს ი. დილი, ორგანიზაციების რიფრეიმინგი, მხატვრულობა, არჩევანი და ლიდერშიფი, 4-ე გამოცემა, თბილისი, USAID|EMP, 2012





6. ოუენსი, რობერტ, ჯ. და თომას ს. ვალესკი, ორგანიზაციული ქცევა განათლებაში, ლიდერობა და სკოლის რეფორმა, მეათე გამოცემა, თბილისი, USAID|EMP, 2012





7. ჰოი, უეინ, კ. და სესილ გ. მისკელი, განათლების სფეროს ადმინისტრირება, თეორია, პრაქტიკა, კვლევა,  თბილისი, USAID|EMP, 2012





8. თურაბიანი, ქეით, ლ., სახელმძღვანელო რეფერატების, თეზისების, და დისერტაციების ავტორებისთვის, ”ჩიკაგოს სტილი” სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის, 7-ე გამოცემა, თბილისი, USAID|EMP, 2012







უსაფრთხო სკოლა ამერიკაში

დღეს ჩემი ბავშვები პირველად წავიდნენ ამერიკულ სკოლაში. ეს დაწყებითი სკოლაა, რომელიც სახელმწიფოსგან ფინანსდება და ამავდროულად აქვს მართვის ავტონომია. ასეთ სკოლებს აქ ჩარტერული სკოლები ჰქვია, რადგან მათ სახელმწიფოსთან სპეციალური ხელშეკრულება (ჩარტერი) აქვთ დადებული.
ამ სკოლაში ვერ ნახავთ დაცვას ან მანდატურს. სამაგიეროდ კარგად არის გაწერილი ქცევის წესები და მიღებულია უსაფრთხოების ზომები საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებით.
სკოლის ტერიტორიაზე სწავლის დაწყებამდე, დასვენებებისას და სკოლის შემდეგ სპეციალურად შერჩეული მასწავლებლები აკვირდებიან ვითარებას და ეხმარებიან მოსწავლეებს ორგანიზებულ და სწორ ქცევაში.
ქცევის წესებში სხვა, ჩვენთვის უფრო ნაცნობი წესების გარდა წერია, რომ ბავშვები უნდა ცდილობდნენ, რომ თავიანთ თამაშებში ნებისმიერი სხვა მოსწავლე ჩართონ ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება. დისციპლინასთან დაკავშირებით ახსნილია, რომ სკოლა შემდეგ ზომებს მიმართავს:
  • პრობლემის გადაჭრა ზრდასრულის დახმარებით
  • სკოლის ეზოში გასვლის დროის გამოტოვება
  • რეფლექსიის დღიური წერა ან ზეპირად ბოდიშის მოხდა
  • მშობლებთან დაკავშირება
  • მასწავლებლებთან გასაუბრება
  • ადმინისტრაციული ჩარევა
უსაფრთხოების ზომებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება ქართულ სკოლასთან არის ის, რომ საბუთების მიღებისას დეტალურად ჩაიწერეს მშობლების ტელეფონები, სახლის ნომრები და ასევე იმ შესაძლო ადამიანების ტელეფონის ნომრებივისაც შეიძლება საგანგებო ვითარებაში  მშობლების გარდა დაუკავშირდნენ. ასევე ჩაიწერეს იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვისაც აქვს უფლება სკოლიდან ბავშვი გაიყვანოს. 
სკოლაში მიგვატანინეს პატარა პაკეტი, სადაც მოთავსებულია პირველადი ჰიგიენის ნივთები, ფანარი და პეჩენიები. პაკეტში ასევე შედის მშობლების წერილი, რომელებსაც ისინი წერენ თავის შვილებს. ასევე იყო თხოვნა, რომ პაკეტში ჩაგვედო მშობლების ფოტოები. კომფორტის პაკეტს (ასე ეძახიან აქაურები) ის დანიშნულება აქვს, რომ მიწისძვრის ან ხანძრის შემთხვევაში თუ მოსწავლეების სწრაფი გახიზვნა იქნება აუცილებელი, ეს პაკეტი უნდა დაეხმაროს მათ სტრესის დაძლევაში. 
საიტზე დეტალურად არის განმარტებული ის, თუ როგორ მოიქცევა სკოლა ხანძრის ან მიწისძვრის შემთხვევაში და სად უნდა მიაკითხონ მშობლებმა ბავშვებს. 

სკოლების ბრენდირების გამჭვირვალება

ბრენდირების ზოგად პრობლემებთან დაკავშირებით აქ შეგიძლიათ ამავე ბლოგის სხვა ნაწილში.

ეს ჩანაწერი ეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციას, რომ: ბრენდირება ჩატარდა; გამოვლინდა 10 საუკეთესო სკოლა.



ასევე გადავხედოთ სამინისტროს საიტზე არსებულ ინფორმაციას ბრენდირებული სკოლების შესახებ და შევეცადოთ დავადგინოთ თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა სამინისტრომ სკოლების შეფასებისას. რადგან განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბრენდირების ერთერთ მთავარ მიზანს სისტემის გამჭვირვალებას ასახელებს, საინტერესოა თავად ბრენდირების სისტემა რამდენად გამჭვირვალეა.

ათ საუკეთესო სკოლას შორის დასახელდა 157-ე სკოლა. ამ სკოლამ 10 შესაძლო ვარსკვლავიდან 9 მოიპოვა.  ეს ამ სკოლის ერთადერთი მიღწევა არ არის 2011 წელს. სამინისტრომ ამ სკოლის დირექტორი 2011 წლის საუკეთესო დირექტორად დაასახელა.

შორენა ბუნტური ამ სკოლის დირექტორად ერთი წლის წინ დაინიშნა. ის 25 წლის იყო და მანამდე მუშაობდა სკოლის მანდატურად.

საინტერესო ამ ისტორიაში არის შემდეგი: როგორ მოახერხა გამოუცდელმა დირექტორმა, რომ ერთ წელიწადში ეჯობნა 2100-მდე სხვა დირექტორისთვის, ხოლო მის სკოლას ასევე დაახლოებით ამდენივე სკოლისთვის? ერთ წელიწადში სკოლის რადიკალურად შეცვლა და რადიკალურად უკეთესი შედეგების ჩვენება შეუძლებელია. თუ სკოლა საუკეთესოებს შორისაა, მაშინ რატომ მოხსნეს წინა დირექტორი და რატომ დანიშნეს აქ მანდატური?

შევადაროთ ორი სკოლა ერთმანეთს: ახალციხის 5-ე სკოლა და თბილისის 53-ე.
ჩანს, რომ ზოგიერთი პარამეტრით 5-ე სკოლა ჯობნის 53-ეს. მაგ. ავიღოთ ინფრასტრუქტურა. ახალციხის სკოლაში 56 კომპიუტერია, თბილისის "პრესტიჟულ" სკოლაში კი 38. არადა ახალციხის სკოლაში 1262 მოსწავლე სწავლობს, ხოლო თბილისის სკოლაში - 1720. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომპიუტერებს სკოლებისთვის ძირითადად სახელმწიფო ყიდულობს მაშინ იბადება კითხვა, რატომ უყიდა სახელმწიფომ (ან თუნდაც დონორებმა) ახალციხის სკოლას უფრო მეტი კომპიუტერი ვიდრე თბილისისას?
იქნებ ეს პარამეტრი სულაც არ არის მნიშვნელოვანი თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შესაძლოა 53-ე სკოლის უფრო მეტი მოსწავლე იყენებს კომპიუტერს განათლების პროცესში, რადგან მათ კომპიუტერები სახლში აქვთ?

შევხედოთ სხვა პარამეტრს. მაგ. 53-ე სკოლაში მასწავლებლების 26% აქვს გავლილი ტრენინგი, ახალციხისაში კი 33%. თუ გავითვალისწინებთ მასწავლებლების რაოდენობას, გამოდის, რომ 53-ეში 30 მასწავლებელს აქვს გავლილი ტრენინგი, ახალციხეში კი 32-ს.

შევხედოთ სპორტულ მიღწევებს. ახალციხის სკოლა სპორტულ შეჯიბრში პირველ სამ ადგილზე გავიდა. თბილისის სკოლა კი ვერ. თბილისისში 400-მდე სკოლაა, მთელს ახალციხის რაიონში კი 40-მდე. როგორ შეიძლება ამ ორი სკოლის ერთ შკალაზე ამ პარამეტრით შედარება?

53-ე სკოლას ყავს ოქროს მედალოსნები, ახალციხის სკოლას კი მხოლოდ ვერცხლის მედალოსნები. ახალციხის სკოლიდან უფრო მეტი პროცენტი ჩაირიცხა უმაღლესში,  53-ედან მეტმა აიღო გრანტი. თუმცა არ ვიცით ეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულების პროცენტია, თუ სკოლადამთავრებულების?

53-ე სკოლას აქვს 7 ვარსკვლავი და მისი დირექტორი მოხსნეს 2011 წლის ზაფხულში. ახალციხის სკოლას კი აქვს ორი ვარსკვლავით მეტი. რატომ?

ბრენდირებასთან დაკავშირებით ბევრი სხვა კითხვის დასმაც შეიძლება, მაგრამ ზოგიერთს პასუხი ისედაც გაეცემა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგ სკოლაში დირექტორის ვინაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 157-ე სკოლაში დირექტორი მანდატურია. ახალციხის 5-ე სკოლაში კი შინაგან საქმეთა მინისტრის დედა.









სახელმძღვანელოების ფასების რეგულირების "წარმატების" შესახებ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2011 წელს გრიფირების ახალი წესის შემოღებამდე დადო პირობა, რომ არცერთი ახალი გრიფირებული სახელმძღვანელო 2011-12 სასწავლო წელს 10 ლარზე მეტი არ ეღირებოდა. 2011-12 სასწავლო წლის დაწყების წინ მინისტრი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სახელმძღვანელოს ფასი 10 ლარს არ აღემატება. ეხლა კი ვნახოთ რა ღირს გამომცემლობა ინტელექტის მაგ. 3-ე, 4-ე, 5-ე კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოები. ისინი გაყოფილია 2 ნაწილად და ერთად საშუალოდ ღირს 16.5 ლარი. იხ. ილუსტრაციები ქვემოთ.
აქედან რამოდენიმე კითხვა:
ა) რამდენად ღირს სახელმწიფოსგან იმ ვალდებულების საკუთარ თავზე აღება, რისი განხორციელებაც არ შეუძლია?
ბ)  რა ზიანი მოაქვს განათლების რეფორმისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან მცდარი ინფორმაციის გავრცელებას?
გ) ყველა გამომცემლობას აქვს სახელმძღვანელოს 10 ლარზე მეტად გაყიდვის უფლება თუ მხოლოდ ზოგიერთს?




განათლების სამინისტროს პოლიტიკა - მივედით დიდაქტიკის პრინციპების გაფუჭებამდეც



დიმიტრი შაშკინი
"მომავალი წლიდან ინგლისური ენის სწავლება I კლასიდან გახდება სავალდებულო. იმიტომ, ინგლიურ ენაში იქნება 12 დონე და შესაბამისად, 12 სახელმძღვანელო. მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ მოსწავლეს მისი დონის შესაბამისი სახალმძღვანელოდან მისცენ დავალება. კლასები გაიყოფა ორ ნაწილად: ძლიერ და სუსტ ჯგუფებად. ეს საშუალებას იძლევა, არ დაიჩაგროს არც სუსტი და არც ნიჭიერი ბავშვი."

ეროვნული სასწავლო გეგმა
"მოსწავლეების დაყოფა სიძლიერის მიხედვით
დაუშვებელია მოსწავლეების განაწილება კლასებში აკადემიური მოსწრების   მიხედვით. ასევე დაუშვებელია, რომ საჯარო სკოლამ მიიღოს მხოლოდ სასკოლო მზაობით გამორჩეული ან მაღალი მოსწრების მქონე მოსწავლეები და სხვებს უარი უთხრას მიღებაზე.  სხვადასხვა ნიჭისა და უნარის,  ცოდნისა და შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები ერთმანეთს ავსებენ გაკვეთილებზე,  ეხმარებიან ერთმანეთს გამოცდილების შეძენაში,  შესაბამისად,  ისინი უკეთეს მოქალაქეებადაც ყალიბდებიან. "

ეს ჩანაწერი ეროვნულ სასწავლო გეგმაში არის 2004 წლიდან, როდესაც პირველი საპილოტე ვერსია გამოქვეყნდა და დღესაც მოქმედებს. შვიდი წელი განათლების სამინისტროს თანამშრომლები  უხსნიდნენ მასწავლებლებს რა არის სასარგებლო და რა არის საზიანო მოსწავლეებისთვის. დღეს როგორც ჩანს საჭიროა, მასწავლებლებმა სამინისტროს თანამშრომლებს აუხსნან იგივე. იხ. ქვემოთ ვიდეო

ახალი წიგნები ბუნებისმეტყველების სწავლების შესახებ

გამომცემლობა National Academies Press 2010 წლის მკითხველთა არჩევანის მიხედვით ათი საუკეთესო წიგნი დაასახელა. აქედან ორი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სკოლაში სწავლებას ეძღვნება:

ა) Surrounded by Science: Learning Science in Informal Environments წიგნი მოიცავს აღწერას იმ გზების, საშუალებების, კომპიუტერული სიმულაციებისა და სხვ. რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია ბუნებისმეტყველების ეფექტურად და მეტი ინტერესით შესწავლა. 
წიგნი შეგიძლიათ უფასოდ გადმოწეროთ გამომცემლობის საიტიდან ან ქართული სერვერიდან. 

ამ წიგნში აღწერილია ის, თუ როგორ შეიძლება ჩავრთოთ მოსწავლეები ბუნებისმეტყველების სწავლებისას აღმოჩენების გზით სწავლაში. წიგნში აღწერილი სწავლება ეყრდნობა საინტერესო კონცეფციას, რომლის მიხედვითაც ბუნებისმეტყველების სწავლება მოიცავს ოთხ მიმართულებას: 1. სამეცნიერო განმარტებების გააზრება; 2. სამეცნიერო მტკიცებულებების გენერირება; 3. სამეცნიერო ცოდნაზე რეფლექსია; 4. მეცნიერებაში პროდუქტიული ჩართულობა. 
წიგნი შეგიძლიათ უფასოდ გადმოწეროთ გამომცემლობის საიტიდან ან ქართული სერვერიდან.

რომელ სასკოლო თაობაზე იმოქმედა ე.წ. ტრიმესტრულმა სწავლებამ?

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი, ზოგიერთი მოსწავლე, ჟურნალისტი და სხვ. ხშირად აცხადებს, რომ ტრიმესტრულად საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების დანერგვამ არ გაამართლა და შედეგები გააუარესა, რაც ვიცით საერთაშორისო კვლევებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით. 2010-11 სასწავლო წელს ამ თემამ დამატებითი აქტუალობა შეიძინა საყოველთაო საატესტაციო გამოცდებთან დაკავშირებით. 

გთავაზობთ, თვალსაჩინოებას, სადაც ჩანს თუ რომელ წლებში და რომელ თაობებში ხდებოდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა. 



ამ სქემაში ჩანს შემდეგი:
  • თაობა, რომელიც 2011 წლის გაზაფხულზე ამთავრებს სკოლას, ტრიმესტრულად საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს (და სხვათა შორის ასევე საზოგადოებრივ მეცნიერებებსაც) სწავლობდა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც ისინი 10-ე კლასში იყვნენ. 1-9 კლასები, მათ ძველი სასწავლო გეგმით აქვთ ნასწავლი.
  • იგივე თაობაზე ჩატარდა საერთაშორისო შეფასების კვლევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ამ თაობას ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია, 6-ე, 7-ე და -8ე კლასებში ნასწავლი ჰქონდა ძველი სასწავლო გეგმით (სადაც სამივე ეს საგანი ერთდროულად, მთელი წლის განმავლობაში და არა-ტრიმესტრულად სწავლობენენ. ეს მოსწავლეები სწავლობენენ ასევე ძველი სახელმძღვანელოებით. შედეგები იყო კატასტროფული რითიც დასტურდება, რომ ტრიმესტრების შემოღებამდე სწავლება არაეფექტური იყო და საჭირო იყო ცვლილებები.
  • 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩამბარებელი თაობა იყო ის თაობა, რომელსაც მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა ნასწავლი საბუნებისმეტყველო საგნები ტრიმესტრულად 10-ე კლასში. 1-9 კლასები, მათ ძველი სასწავლო გეგმით ჰქონდათ ნასწავლი.

TIMMS-ის შედეგების წარმოჩენისას ქალბატონ მაია მიმინოშვილს არასოდეს არ უთქვამს, რომ ეს მოსწავლეები სწორედაც რომ ე.წ. ”არატრიმესტრული” სისტემით სწავლობენენ. სამაგიეროდ  გეგმაზომიერად ხდება იმ მოსაზრების კულტივირება, რომ საერთაშორისო შეფასებებზე ჩვენი დაბალი შედეგი სწორედაც რომ ახალი სისტემის ნაკლის ინდიკატორია. სამწუხაროა, რომ არა მხოლოდ პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გვაწვდიან დაუსაბუთებელ და მონაცემებით გამყარების გარეშე მოგონილ მოსაზრებებს, არამედ ისინიც, რომელთა სიტყვის სანდოობაზე მრავალი საგანმანათლებლო წარმატებაა დამოკიდებული.

სასარგებლო ბმულები:
1. ერთიან ეროვნულ გამოცდების შედეგების გაუარესებასთან დაკავშირებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში იხ. შემდეგ სტატიაში.

სახელმძღვანელოების მართვა

მოცემულ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ შედარებითი მიმოხილვა, თუ როგორ ხდება სხვადასხვა სახელმწიფოში სახელმძღვანელოების სისტემის მართვა.


წყარო

International Review of Curriculum and Assessment Frameworks
Comparative tables and factual summaries - 2004
Sharon O’Donnell
December 2004

სახელმძღვანელოების სტატისტიკა 2010

ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრმა გამოაქვეყნა 2010 წელს გრიფირებული სახელმძღვანელოების სკოლების მიერ არჩევის სტატისტიკა. სრული სტატისტიკა შეგიძლიათ ნახოთ აქ

რამოდენიმე დაკვირვება

1. ასეთი მონაცემები ძალიან სასარგებლოა გამომცემლობებისთვის, რადგან მათ შეუძლიათ უკვე წინასწარ დაგეგმონ საკუთარი ტირაჟები. ასევე მნიშვნელოვანია გამომცემლობებისთვის საკუთარი მარკეტინგული დაგეგმვის გასავითარებლად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სკოლებს აქვთ ვალდებულება, რომ არჩეული სახელმძღვანელოები 5 წლის განმავლობაში არ შეცვალონ, ეს მონაცემები გრძელვადიანი დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა. სახელმწიფოს კი ეძლევა შესაძლებლობაა, რომ ხუთწლიანი ვადის მონიტორინგი მეტნაკლები ეფექტურობით განახორციელოს.
2. სკოლებს შესარჩევად არ ჰქონდათ დიდი დრო. მიუხედავად ამისა, შერჩევის სტატისტიკა გვაძლევს შესაძლებლობას ვიმსჯელოთ თუ რომელი სახელმძღვანელოებია ყველაზე პოპულარული. შესაძლოა ასეთმა სტატისტიკამ ასევე სკოლების არჩევანზე იმოქმედოს მომავალში.
3. კარგი იქნებოდა, რომ მონაცემები ყოფილიყო მოცემული სკოლის ტიპების მიხედვით (ქალაქის, სოფლის, საჯარო, კერძო სკოლები). სოფლისა და ქალაქის მონაცემები სხვა საინტერესო ინფორმაციასთან ერთად გვაძლევს შესაძლებლობას უფრო უკეთ დავგეგმოთ მოსწავლეების რაოდენობები. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სოფლის სკოლები უფრო მცირეკონტიგენტიანია. ასევე ქალაქებში სახელმძღვანელოების შესყიდვის უნარიანობა უფრო მაღალია. მართალია კერძო სკოლების მონაცემები არის მოცემულ ცხრილში, მაგრამ მათი გამოხშირვა საკმაოდ რთულია და სახელოწოდებების ანალიზით არის მხოლოდ შესაძლებელი. კერძო სკოლების მონაცემები შესაძლოა გვაძლევდეს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებითაც, თუ რომელი წიგნები ითვლება უფრო მიმზიდველად კერძო სექტორისთვის. სავარაუდოდ კერძო სექტორი უფრო თავისუფალია და სწრაფად რეაგირებს ინოვაციური შინაარსისა და მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოების მიმართ.
4. ზოგიერთ შემთხვევაში ჩანს ვარიაცია სკოლების რაოდენობების მიხედვით. მაგ. მონაცემები მეხუთე კლასში ქართულის სახელმძღვანელოს შესახებ გვაქვს 2002 სკოლიდან, მათემატიკის 2037, ბუნებისმეტყველების 1978 სკოლიდან და ა.შ. როგორც ჩანს სკოლებს გაუჭირდათ ზუსტად ინფორმაციის მოწოდება.

ქვევით გთავაზობთ 5-ე კლასის სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაციას ვიზუალური ფორმით.

პირველ გვერდზე ხედავთ დაჯამებულ მონაცემებს. გვერდის ქვედა ნაწილში არიჩიეთ მონაცემები საგნების მიხედვით.
* მეხუთე კლასში ისტორიისა და ფიზიკური აღზრდის სახელმძღვანელოების ვიზუალიზაცია არ გაგვიკეთებია, რადგან ამ საგნებში, ამ კლასში მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოა.


მაშინ, როცა რუკა ვერ ხდება ტერიტორია

გამოქვეყნდა ჟურნალ ”ლიბერალში”

2011 წლიდან ატესტატის მისაღებად მოსწავლეებს დაახლოებით ათ საგანში მოუწევთ გამოცდის წარმატებით ჩაბარება. ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზად მთავრობამ - მოსწავლეების მობილიზების ხელშეწყობა, სწავლის მოტივაციის, მოსწავლეების ცოდნის ხარისხისა და მოცულობის გაზრდა დაასახელა. ამ მიზნების მისაღწევად გამოცდების სისტემის გამოყენება უტოპიური და არაკომპეტენტური გზაა.
იმისთვის, რომ გავარკვიოთ თუ რამდენად მოემსახურება ეს გამოცდები ქართველი მოსწავლეების ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებას, უნდა გავიაზროთ ამ გამოცდის ფორმატი და შინაარსი.
სრული ტექსტისთვის დააჭირეთ ბმულს.

ა. ლომაია დირექტორების არჩევნებთან დაკავშირებით

ალექსანდრე ლომაიას სიტყვა სკოლის დირექტორების პირველ არჩევნებთან დაკავშირებით

”მოგესალმებით. დირექტორების არჩევნებით სკოლებში დაიწყო დემოკრატიული მმართველობის ეტაპი, რამაც კომუნისტური მმართველობის ფორმა დაასრულა. ზუსტად
ერთი წლის წინ, სკოლებში დემოკრატიული თვითმმართველობის ჩამოყალიბების ეტაპისა მეურვეო საბჭოს არჩევნებით დაიწყო და ლოგიკურად, გეგმაზომიერად დასრულდა არჩევნებით. საერთო ჯამში ამ პროცესში მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის 800 ათასზე მეტი მოქალაქე. მე მინდა, თითოეული მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო იმის გამო, რომ მათ მხარდაჭერა განოუცხადეს თვითმმართველობის ახალ სისტემას.

ახალი სკოლა ძველისგან რამდენიმე ნიშნით განსხვავდება:
1.მოსწავლე დემოკრატიულ სკოლაში არის არა საშუალება,ჭანჭიკი,არამედ მიზანი;
2.ახალ სასკოლო გარემოში გაიზრდებიან არა იდეოლოგიზებული მოქალაქეები, არამედ თავისუფლად და კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებები;
3.მოსწავლეებს,მასწავლებლებს, მშობლებს და დირექტორებს გადაეცათ ყველა ის სახელისუფლო ბერკეტი, რომელიც საჭიროა სკოლის ღირსეული გაძღოლისა და განვითარებისთვის;
4.სახელმწიფო აღარ იქნება დაკავებული წვრილმანი,ყოველდღიური მეურვეობით, სკოლების ყოველდღიურ საქმეებში ჩარევით

რა რჩება უცვლელი? პირველ რიგში, უცვლელია ათიათასობით პედაგოგის თავდადება ქართული სკოლისადმი. ასევე, სახელმწიფოს ზრუნვა იმისათვის, რომ სასკოლო გარემო გაუმჯობესდეს. სახელმწიფო უზრუნველყოფს ცოდნისა და უნარების საყოველთაოდ აუცილებელი სტანდარტების შესრულებას და სასკოლო გარემოს გაუმჯობესებას. და მაინც, პირველ რიგში, უნდა გაუმჯობესდეს პედაგოგთა მატერიალური და სოციალური პირობები. რამდენიმე დღეში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას სწორედ სასკოლო დაფინანსების შემდგომ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

დღეს სკოლაში მოვიდნენ ახალი ლიდერები. ათასამდე სკოლაში ისინი მოვიდნენ ახალი ენერგიით, ახალი ცოდნით, ახალი ენთუზიაზმითა და ახალი პასუხისმგებლობით. არჩეული დირექტორების საშუალო ასაკი44 წელია. უმრავლესობა მათგანს აქვს პედაგოგიური გამოცდილება, მათ შორის არიან ისეთებიც(დაახლოებით15%), რომელსაც პედაგოგიური გამოცდილება არ აქვს. მითუმეტეს მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ასეთ ადამიანებს სამეურვეო საბჭოებმა ნდობა გამოუცხადეს. მე და ჩემი თანამოაზრეები მოხარულები ვართ, რომ სწორედ ჩვენს თაობას ხვდა წილად ჩვენი ერის საუკეთესო შვილების ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, დიმიტრი უზნაძის ოცნებების ხორცშესხმა. სწორედ ისინი ოცნებობდნენ ისეთ დემოკრატიულად მოწყობილ სკოლაზე, სადაც მოსწავლეებს ექნებოდათ საშუალება მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანათ სკოლის მართვაში. ისინი ოცნებობდნენ იმ სკოლაზე, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა არა საზეპიროებზე და დაზუთხვაზე, არამედ კრიტიკულ ანალიზსა და აზროვნებაზე, მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაზე.

მიხარია, რომ ის ინიციატივა, რომელიც2002 წელს თბილისის საკრებულოში მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით წამოიწყო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, განხორციელდა საქართველოს სკოლების აბსოლიტურ უმრავლესობაში. ეს უზარმაზარი წარმატებაა, რომელშიც თავისი წვლილი გაიღო სამინისტროს უამრავმა თანამშრომელმა, ჩვენმა რესურს-ცენტრებმა და, რა თქმა უნდა, მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა. მადლობა ყველას.”

თბილისი 09/07.2007


ტექსტის ოფიციალური ვერსია:
http://www.scribd.com/doc/33775130/1193224981-1189674802-Lomaia-s-speech-on-elections-090707


ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა საქართველოში

დოკუმენტის სრული სახით ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე

რეზიუმე
ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. სისტემის გამჭვირვალობის, დემოკრატიზაციის და განათლების ხელმისაწვდომობის გარდა, ერთ-ერთი მთავარი ვექტორი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა. პრობლემები განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მრავალია. შეთანხმება საზოგადოებაში, თუ რა არის განათლების ხარისხი, რა განაპირობებს განათლების ხარისხს, ვინ არის პასუხისმგებელი განათლების ხარისხზე და განათლების ხარისხის მხრივ რა შედეგები გვაქვს არ არსებობს. არ ჩანს კონკრეტული სტრატეგია, თუ როგორ, რამდენ ხანში და რა ინსტრუმენტებით გავაუმჯობესებთ განათლების ხარისხს. სუსტია სკოლების დონეზე ხარისხის შედეგების გაუმჯობესებისთვის საჭირო დამხმარე ინფრასტრუქტურა. სკოლებისა და სახელმწიფოს ურთიერთპასუხისმგებლობები ხელშესახებ შედეგებზე ორიენტირებული არ არის.

საქართველოს სახელმწიფომ მრავალი დადებითი ნაბიჯი გადადგა განათლების სისტემის გასაჯანსაღებლად, რამაც, საბოლოო ჯამში, შესაძლოა განათლების უკეთეს ხარისხამდეც მიგვიყვანოს. საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება განათლების ხარისხის გაუმჯობესების შესახებ საყურადღებო გაკვეთილებს გვთავაზობს ამ მიმართულებით.

საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ცენტრალიზებული პოლიტიკის ცვლილების ეფექტი ძალიან მცირეა იქ, სადაც ხარისხის გაუმჯობესებაზე პასუხისმგებლობა და ინტერესი სკოლას არ აქვს. ამიტომ საჭიროა, სკოლის დონეზე მოხდეს ცვლილებების სტიმულირება და გაიზარდოს სკოლის პასუხისმგებლობა.

განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა წარმატებულია, როდესაც გაცნობიერებული გვაქვს, რომ ხარისხის უზრუნველყოფა არ გულისხმობს ხარისხის მხოლოდ შემოწმებას; ის დახმარებასთან ერთად ქმნის ერთობლივ სისტემას.

ხარისხთან დაკავშირებული საერთაშორისო კვლევები გვაჩვენებს, რომ შეუძლებელია ეფექტური ინტერვენციების შემუშავება და ამოქმედება, თუ განათლების სისტემის მოდელს გავიაზრებთ ცვლილებების კონტექსტისა და მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინების გარეშე. ხარისხი რომ რეალურად გაუმჯობესდეს, საჭიროა ამოქმედდეს დივერსიფიცირებული წყაროს, ადრესატისა და მიზნის შესაბამისი დახმარების, შეფასების, კვლევის სისტემა. ეს კი გულისხმობს, როგორც მინიმუმ, მკაფიო მიზნებს, შედეგებს, ვადებს, რესურსებსა და ჩართულობის გზების არსებობას.


სკოლების რეიტინგების სისტემა - განათლების რეფორმის ახალი ინიციატივა

სიმონ ჯანაშია, 10 მარტი, 2010
გამოქვეყნდა http://www.azrebi.ge -ზე

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ბ-ნ. დიმიტრი შაშკინის 2010 წლის იანვარსა და თებერვალში მედიის საშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუების მიხედვით საქართველოში ე.წ. ”ბრენდირების სისტემა” ინერგება. ინტერვიუების მიხედვით, ეს სისტემა გულისხმობს სკოლების ხარისხის გარკვეული კრიტერიუმებით შეფასებას. მინისტრის განმარტებით, კრიტერიუმების საკმაოდ ვრცელი და კომპლექსური ჩამონათვალი იქნება, რომლის მიხედვითაც სკოლები შეფასდება. საუბარია კრიტერიუმებზე, რომლებმაც შესაძლოა მოიცვან სკოლის უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა და სხვ. შეფასებების მთავარ მომხმარებლებად სახელდებიან მშობლები, რომლებსაც სურთ იცოდნენ თუ რომელ სკოლაში სწავლობს/ისწავლის მათი შვილი. ”ბრენდირების” ერთერთ მიზნად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლების კონკურენციის წახალისება აქვს გამიზნული, რამაც ხარისხის ზრდას უნდა შეუწყოს ხელი. დასახელდა ასევე ის ფორმა, რომლითაც სკოლების შედეგების იდენტიფიცირება იქნება შესაძლებელი. სკოლები ხუთბალიან შკალაზე შეფასდება. შეფასება კი თვალსაჩინოებისთვის ვარსკვლავებით იქნება გამოხატული. სისტემა მინისტრის განმარტებით 2010 წლის სექტემბრისთვის ამუშავდება მთელი ქვეყნის მაშტაბით.


ინიციატივა, რომელიც საზოგადოებასა და სახელმწიფოს დაეხმარება ჰქონდეს ინფორმაცია კონკრეტული სკოლის გაწეული სერვისის ხარისხზე მისასალმებელია. დადებითი მხარე ამ სისტემის ასევე ის არის, რომ სკოლებს უჩნდებათ ხარისხის კონკრეტული ორიენტირები და ასევე წარმატებული სკოლების მოდელები, რომელთა პრაქტიკის შესწავლაც მათ შესაძლებლობას მისცემს, რომ უკეთესად დაგეგმონ საკუთარი მოქმედებები. ასევე მისასალმებელია მიდგომა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს არა სკოლის დონეზე მართვაში ჩართვას, არამედ იმ მექანიზმების შექმნას, რომელიც სკოლაში მომუშავე ადამიანების მოტივაციასა და სკოლის გარეთ არსებული საზოგადოების ჩართულობას სავარაუდოდ გაზრდის. შესაძლოა ამ სისტემის დანერგვამ სკოლების აკრედიტაციისთვისაც მოამზადოს ნიადაგი. ეს იმ შემთხვევაში თუ საერთოდ ჯერ კიდევ აქტუალურია ამ სისტემის დანერგვის საკითხი. ერთი შეხედვით ამ სისტემას მრავალი დადებითი მხარეები აქვს, მაგრამ თუ ანალოგიური სისტემების ფუნქციონირების ისტორიას შევისწავლით შესაძლოა მრავალი მოსალოდნელი პრობლემა დავინახოთ. ამ პრობლემების გათვალისწინებამ კი შესაძლოა სისტემა უფრო დახვეწილი გახადოს, ვიდრე დღეისთვის ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით არის აღწერილი.

ტერმინოლოგია

იმისთვის, რომ სისტემა ან ინსტიტუციური მოწყობა სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის ან საერთაშორისო საზოგადოებისთვის გასაგები და თარგმნადი იყოს მნიშვნელოვანია, რომ მას სწორედ ის სახელი ერქვას, რაც მის შინაარსს ასახავს და რაც ამ დარგის სპეციალისტების მიერ გამოიყენება. ტერმინი ”ბრენდინგი” ეწოდება იმ პროცესს, რომლის ფარგლებშიც რაიმე პროდუქტის სახელის, სამარკო ნიშნის, სიმბოლოს ან ზოგადად დიზაინის შემუშავება ხდება. ამ პროცესის საბოლოო მიზანია, რომ პროდუქტს ისეთი სახე მისცეს, რაც განასხვავებს მას სხვა პროდუქტისგან. ინტერვიუებში დასახელებული პროცესის მიზანი არა იმდენად სკოლების უნიკალური გარეგნული სახის შექმნაა მათი შემდგომი მარკეტინგის მიზნით, არამედ მათი შეფასება გარკვეულ კრიტერიუმებთან მიმართებაში და შეფასების დონეების მიხედვით ამ სკოლების რანჟირებაა. ვარსკვლავების ხსენებაც ამ კონტექსტში სწორედ ამ მიზნებზე მიგვანიშნებს. ასეთ პროცესს ყველგან სადაც კი არსებობს (მათ შორის სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესის სფეროშიც) რეიტინგების შედგენა ანუ რეიტინგების სისტემა ჰქვია.

პრობლემა - სკოლების არჩევანი

რეიტინგის სისტემა, როგორც სკოლებს შორის კონკურენციის შექმნის საშუალება, ეფექტური იქნება იმ შემთხვევაში, თუ მშობლებს მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით უკეთესი სკოლის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ. რამდენად არსებობს ასეთი შესაძლებლობა საქართველოში? საქართველოში 2500-მდე სკოლაა. აქედან 2150 საჯარო დაწესებულებაა. ამ დაწესებულებების დაახლოებით ნახევარი ისეთ დასახლებაში ფუნქციონირებს, სადაც სხვა საგანმანათლებლო ინსტიტუცია არ არსებობს, მობილობის შესაძლებლობები კი საკმაოდ მცირეა. შესაბამისად მშობელსაც ასეთ პირობებში არჩევანი პრაქტიკულად არ აქვს. საკმაოდ ბევრია ისეთი დასახლება სადაც მხოლოდ ორი ან სამი სკოლა არსებობს. ზოგ შემთხვევაში ამ დასახლებებში სკოლები განსხვავდება სწავლების ენის მიხედვითაც (ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სკოლები) რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლების აბსოლუტური რაოდენობა შეიძლება ერთზე მეტი იყოს, მაგრამ რეალური არჩევანი მაინც არ არსებობდეს. შესაბამისად რეიტინგების სისტემის წარმატება სკოლებს შორის კონკურენციის კუთხით, საქართველოს სკოლების მხოლოდ მცირე ნაწილში არის შესაძლებელი.

პრობლემა - მონაცემების ვალიდურობა და სანდოობა

რეიტინგის დასადგენი კრიტერიუმების შინაარსი განათლების სისტემაში არსებულ ორიენტირებს განაპირობებს. მაგ. თუ ტესტირებების საფუძველზე მიღებული ქულები მნიშვნელოვანი დეტერმინანტია სკოლის წარმატებულობის შეფასებისთვის, ეს აუცილებლად იწვევს სასწავლო პროცესის მორგებას ტესტებისთვის სწავლებაზე. ასეთ შემთხვევებში ხშირია სიტუაცია, როდესაც მასწავლებლები ზედმეტად დიდ დროს უთმობენ ტესტების კრებულებში მოცემული სავარჯიშოების შესრულებას. ეს ხშირად მნიშვნელოვანი მაღალი დონის კოგნიტური და ასევე სოციალური უნარების განვითარებაზე მასწავლებლების მხრიდან ყურადღების შესუსტებას იწვევს რაც ნიშნავს იმას, რომ მონაცემები იმას კი აღარ ზომავს სინამდვილეში რაც წარმატებულად მიგვაჩნია, არამედ იმას რისი შეგროვებაც გვიადვილდება დახვეწილი მეთოდების არარსებობის შემთხვევაში.

მონაცემების შეგროვების მეთოდი ბევრ ქვეყანაში განაპირობებს იმას, თუ რამდენად აქვს შესაძლებლობა სისტემას, რომ ხარისხის გაუმჯობესების გარეშე უკეთესი შედეგები აჩვენოს. მაგალითისთვის, ბევრგან სადაც ასეთი სისტემა გამოსცადეს (აშშ, ბრიტანეთი) ერთერთი ძირითადი კრიტერიუმი იყო მოსწავლეების მიღწევები, რომლებიც მასწავლებლების მიერ დაწერილ ნიშნებში გამოიხატებოდა. აქ ერთ-ერთი შედეგი ნიშნების ხშირი ინფლაცია და ორგანიზებული გაყალბებაც იყო.


პრობლემა - მოტივაცია

რეიტინგების მსგავსი სისტემები მნიშვნელოვნად ცვლის სკოლის ცხოვრებაში ჩართული პირების მოტივაციას. ზოგ შემთხვევაში შედეგად გვაქვს მოტივაციის დადებითი მიმართულებით ცვლა, ზოგჯერ კი პირიქით. ეს ხშირად საგანმანათლებლო ბაზრის შემოთავაზებაზე და რეიტინგის შედეგებზეა დამოკიდებული.

როდესაც საგანმანათლებლო ბაზარი მცირეა, ხოლო სკოლა ცუდ შეფასებას იმსახურებს, ეს ხშირ შემთხვევაში მოსწავლეების მოტივაციის კლებას იწვევს. შესწავლილია, რომ დაბალი შეფასების მქონე სკოლებში მოსწავლეებს ნაკლები რწმენა აქვთ იმის, რომ საგანმანათლებლო პროცესს შესაძლოა მათთვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატების მოტანა შეუძლიათ. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეებს სხვა არჩევანი არ აქვთ და იძულებულები არიან, რომ სწავლა ამ სკოლაში გააგრძელონ, ეს სულაც არ განაპირობებს მაინცდამაინც ხარისხის მოთხოვნების გაჩენას ან რაიმე სახით სკოლის გაუმჯობესების პროცესში ჩართვას, როგორც ეს ერთი შეხედვით თავისთავად ცხადად გვეჩვენება ხოლმე.


ერთი შეხედვით, იქაც კი სადაც კონკურენცია არ არსებობს, რეიტინგის საფუძველზე სკოლის დაბალი დონის გამოაშკარავება გამოიწვევს ერთგვარ კრიზისს, რომელიც ცვლილებების კატალიზატორი გახდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ლიდერობისა და ცვლილებების საკითხების მკვლევარს, ალან დოიჩმანს (Deutschman 2005) საინტერესო მაგალითი მოყავს. მის სტატიაში აღწერილია პრობლემა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: როდესაც ადამიანებს ეკითხები, შეცვლიან თუ არა თავიანთ ქცევას თუ ამის ალტერნატივა სიკვდილი იქნება თავისთავად ცხადია, რომ თავიანთ პასუხებში უმეტესობა ცვლილებებისკენ იხრება. განა სიკვდილის საფრთხეზე უფრო მეტი მამოტივირებელი კრიზისი რა უნდა იყოს იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარი ქცევა შეცვალოს? თუმცა, როდესაც საკითხს კონკრეტულ კონტექსტში შევისწავლით ირკვევა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი სიკვდილის შიშის წინაშეც კი არ იცვლება. რამოდენიმე მნიშვნელოვანი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანების 90%, რომლებსაც კარდიოლოგიური ოპერაციები აქვთ გადატანილი და რომლებმაც იციან, რომ ცხოვრების წესის შეცვლის გარეშე მათ ადრეული სიკვდილი ემუქრებათ თავიანთ ქცევას საფრთხის მიუხედავად არ ცვლის. როგორც ჩანს კრიზისი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ადამიანებს ცვლილებებისთვის სათანადო მოტივაცია გაუჩინოს.

პრობლემა - ინკლუზია

საყოველთაო განათლების ერთერთი მთავარი მიზანია, რომ ყველა მოქალაქეს შეუქმნას განათლების მიღების ისეთი პირობები, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურ განვითარების საშუალებას მისცემს. ამ წინადადებაში ”ყველა” ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა. ეს გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი სისტემა, რომლის შემოღებასაც ჩვენ ვგეგმავთ ამ ჭრილშიც უნდა იყოს შეფასებული. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში პრობლემური მოსწავლეები გვყავს და ამავდროულად ამ სკოლამ წარმატება უნდა გვაჩვენოს რაიმე საყოველთაო შეფასების სისტემაში? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გაცნობიერებულია სარეიტინგო კრიტერიუმების შედგენისას სავარაუდო პრობლემები. შესწავლილია, რომ იქ სადაც ასეთი პრობლემების გათვალისწინება არ მომხდარა, სკოლები დაინტერესებულები ხდებიან, პრობლემური მოსწავლეების (რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას/ძალისხმევას საჭიროებენ) თავიდან მოშორებაში რეიტინგში უკეთესი შედეგების ჩვენების სანაცვლოდ. იქ სადაც ასეთი მოსწავლეების სასწავლო შედეგების გათვალისწინებაც ხდება სხვაგვარი პრობლემები ჩნდება. ხშირია, როდესაც მოსწავლეებს, რომლებსაც განსხვავებული სწავლის შესაძლებლობები ან მიდრეკილებები აქვთ შეზღუდული შესაძლებლობების მოსწავლეების კატეგორიაში განიხილავენ. ეს კი მათ მიმართ ხშირად უფრო დაბალი მოლოდინებს განაპირობებს, რაც შესაბამისად ნაკლები განვითარების შესაძლებლობებს განაპირობებს.

პრობლემა - პოლიტიკური სენსიტიურობა

პოლიტიკოსები ხშირად გაურბიან შეფასების ისეთი სისტემის შემოღებას, რომელიც პრობლემებზე საზოგადოების განსაკუთრებულ აქცენტირებას იწვევს. სკოლების რეიტინგები ერთ-ერთი ასეთი სისტემაა. თუ შეფასება იმ იდეალებთან მიმართებაში მოხდება, რომელიც ჩვენ სკოლებისთვის გვაქვს დადგენილი, მაშინ ძალიან ბევრი სკოლა თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით შორს აღმოჩნდება საუკეთესო შესაძლებელი მაჩვენებლიდან. ასეთი შედეგების გამოქვეყნება მრავალი კუთხით არის პოლიტიკური პრობლემების შემცველი. გარდა იმისა, რომ საზოგადოების ნაწილს შეიძლება გაუჩნდეს პროტესტი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მდგომარეობაშია მათი შვილის სკოლა, მნიშვნელოვანია ისიც თუ რისთვის გამოიყენებენ სხვადასხვა აქტორები რეიტინგის მონაცემებს. ჩვენთან სკოლის დირექტორებს არც თუ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვთ მასწავლებლებისთვის მაღალი მოთხოვნების წაყენების თვალსაზრისით. კანონმდებლობა დირექტორს აკისრებს პასუხისმგებლობას სკოლის წარმატებასა და წარუმატებლობაზე. მეორე მხრივ კი დირექტორებს სხვადასხვა ფორმალური თუ არაფორმალური შეზღუდვები აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ცუდი მასწავლებელი სკოლიდან გაუშვან და სანაცვლოდ უკეთესი მიიღონ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გარეგანი შეფასება, რომელიც დირექტორის პასუხისმგებლობას გაამძაფრებს სავარაუდოდ მათთვის არასასურველი მასწავლებლების განთავისუფლებისთვის ლეგიტიმაციის ინსტრუმენტი გახდება. ეს პროცესი კი პოლიტიკური სტაბილურობის საფრთხედ აღიქმება და შესაბამისად პოლიტიკოსებს თავის ტკივილს უჩენს. იმ პირობებში, როდესაც რეიტინგების გარდა საქართველოში ცენტრალიზებული დამამთავრებელი გამოცდებისა და აგრეთვე მასწავლებლების სერტიფიცირების სისტემა ინერგება, ამ კონტექსტში საკმაოდ დაძაბულ ვითარებას ვიღებთ.

დაძაბულობის მოსახსნელად სხვადასხვა სისტემასთან მიმართებაში, ინტერვიუებში გამოითქმევა აზრი, რომ თავდაპირველად შეფასების მოთხოვნები სკოლებისა თუ მოსწავლეების მიმართ შედარებით დაბალი იქნება. მომავალში კი ამ მოსაზრებით მოთხოვნები გაიზრდება. პრობლემა სკოლების რეიტინგებთან მიმართებაში ისაა, რომ ასეთი პროცესის დაგეგმვა და განხორციელება არარეალისტურია, რადგან მოთხოვნების თანდათანობითი ზრდა ხშირად სულაც არ იწვევს სწავლის შედეგების ზრდას. მაგ. მასაჩუსეტსის შტატში სადაც მსგავსი სისტემის დანერგვა სცადეს ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ პროცესს შედეგად სულ უფრო მეტი სკოლა დაბალ შეფასების კატეგორიაში მოექცა. მოთხოვნები იზრდებოდა, მაგრამ სკოლები ამ მოთხოვნებს ვერ ეწეოდნენ. რეალურად ამან შეფასების ამგვარი სისტემის გაუქმების საფუძველი მოამზადა.

პოლიტიკური პრობლემაა არასათანადო შედეგების გამო სკოლის დახურვაც. მსგავსი პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ გვხვდება. პოლონელი ექსპერტის, იან გზერჟინსკის აღწერით მის მშობლიურ ქალაქში ორი სკოლა იყო. აქედან ერთი სხვადასხვა შეფასებით გაცილებით უკეთესი იყო მეორეზე. მოსწავლეებიც უარესი სკოლიდან უკეთესში გადადიოდნენ. მიუხედავად იმის, რომ უარეს სკოლაში ძალიან მცირე რაოდენობის მოსწავლეები დარჩნენ, სახელმწიფო (ადგილობრივი ხელისუფლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში) მაინც არ ხურავდა ამ სკოლას, რადგან გადაწყვეტილებების მიმღებებს არ უნდოდათ, რომ მათი შვილების უკეთეს სკოლაში ყველა ის ბავშვი გადმოსულიყო, რომელიც უარეს სკოლაში სწავლობდა. ბავშვების გადმოსვლასთან ერთად საჭირო გახდებოდა ასევე მასწავლებლების დამატება, რომელთა რეკრუტირება არასაკმარისი რესურსების გამო ისევ უარესი სკოლიდან უნდა მომხდარიყო. ჩვენთან სკოლების ოპტიმიზაციის პროცესმა საკმაოდ მტკივნეულად ჩაიარა. 2004-07 წლებში ხუთასზე მეტი სკოლა მიუერთდა სხვას იმის გამო, რომ მცირეკონტიგენტიანი იყო. მიუხედავად იმის, რომ ეს ძალიან დიდ ფინანსურ ეფექტს იძლევა თუნდაც მხოლოდ ინფრასტრუქტურის კუთხით დანახარჯები რომ დავთვალოთ, 2007 წლის პოლიტიკური არასტაბილურობის შემდეგ არა ერთი უარყოფითი შეფასება გაკეთდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან იმის შესახებ, რომ სკოლების დახურვა შეცდომა იყო. ეს პროცესი ცხადია უკავშირდება მრავალი ადამიანის მიერ სამსახურის დაკარგვას, რაც დღევანდელი ქართული პოლიტიკისთვის ისეთივე მისაღები არ არის, როგორც ეს ვარდების რევოლუციის უახლოეს პერიოდში იყო.

რეიტინგები მნიშვნელოვანი ინდიკატორი ხდება ხოლმე პოლიტიკის განმახორციელებლების საქმიანობის შეფასებისთვის. აქ კი პრობლემა ისაა, რომ რეიტინგის გამომყენებლებლის უმეტესობას არ ესმის, რომ ხარისხობრივ ცვლილებებს მნიშვნელოვანი დრო ჭირდება, ხოლო სისტემის ცვლილებების შეფასებას კომპლექსური ანალიზი. სწორედ ამის გამო, სახელმწიფო ხშირად საკუთარი ინსტრუმენტის მძევალი ხდება და ამომრჩევლების გულის მოსაგებად ასეთ რეიტინგების/შეფასებების სისტემებს განზრახ ისე აწყობს, რომ გაუმჯობესება უფრო სწრაფად გამოჩნდეს ვიდრე ეს შესაძლებელია, ან გაუარესება არ ჩანდეს. ხელისუფლების ცვლილებამ კი შესაძლებელია სისტემის გაუქმებაც კი გამოიწვიოს, იმისთვის, რომ წინა ხელისუფლების აღებული პასუხისმგებლობები მომავალზე არ გავრცელდეს. მასაჩუსეტსის მაგალითი ზემოთ სწორედ ამაზე მეტყველებს.

რეკომენდაცია - თანამშრომლობის ხელშეწყობა

სიკვდილის შიშის წინაშეც კი ადამიანები საკუთარი ქცევას რომ არ ცვლიან არ ნიშნავს, რომ სხვა უფრო ეფექტური გზა არ არსებობს ცვლილებების ხელშეწყობისთვის. იგივე კვლევამ, რომელმაც შიშის არაეფექტურობა დაადგინა ამ მიმართებაში გვაჩვენა, რომ ადამიანების უმეტესი ნაწილი თავის ქცევას ცვლის თუ რეგულარულად მონაწილეობს ჯგუფურ შეხვედრებში, სადაც მას საშუალება აქვს თავის ქცევასა და ცხოვრებისეულ პრობლემებზე რეფლექსია გააკეთოს. კანადელი განათლების სპეციალისტი მაიკლ ფულანი (Fullan 2007), რომელსაც მე ამ მაგალითს დავესესხე, ამ და სხვა კვლევების საფუძველზე მიიჩნევს, რომ განათლების სფეროშიც მსგავსი მიდგომა უმეტეს შემთხვევებში ქცევის დადებით ცვლილებებს იწვევს. თუ სკოლების წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირებას შევძლებთ და ჰორიზონტალური ურთიერთობების საფუძველზე პრობლემების გადაჭრის გზებზე ვამსჯელებთ, დიდია ალბათობა, რომ უკეთეს შედეგს მივიღებთ ვიდრე მათი შეშინებით (თუნდაც კონკურენტულ გარემოში მოსწავლეების დაკარგვით).
ის, რომ სკოლის დირექტორებს დღეს ურთიერთთანამშრომლობის ნაკლებობა უფრო აქვთ ვიდრე კონკურენციის ჩვენი ადგილობრივი კვლევითაც დასტურდება. განათლების მართვის პროექტი, რომელიც USAID და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი მუშაობით მიმდინარეობს სხვა მიზნებთან ერთად სკოლის დირექტორების სატრენინგო კურსების შემუშავებასაც ისახავს. ჩატარდა სკოლის დირექტორების საჭიროებების კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წუხილი პროფესიული გარემოს ნაკლებობაა. დადგინდა მათი მკვეთრად გამოხატული მოთხოვნილება, რომ საკუთარი მიღწევები და პრობლემები თავიანთ კოლეგებს გაუზიარონ.

ამის გათვალისწინებით შესაძლებელია რეიტინგების სისტემის იმგვარად შემუშავება, რომ ეს სკოლებს შორის კონკურენციის ნაცვლად, ან კონკურენციასთან ერთად ურთიერთთანამშრომლობას ნიშნავდეს. ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სკოლის განვითარების გრანტებს შემოვიღებთ. მსგავსი გრანტები შესაძლოა გაიცემოდეს სკოლების წყვილებზე. გრანტის მიმღები იქნებოდა ის სკოლა, რომელსაც დაბალი შედეგები აქვს, მაგრამ მის კონსულტანტად იმუშავებდა სკოლა, რომელსაც მიღწევები აქვს რაიმე პარამეტრით.

რეკომენდაცია - შეფასების გამოყენებადობა და კომპლექსურობა

მნიშვნელოვანია, რომ შეფასება იყოს კომპლექსური და ეყრდნობოდეს ისეთ კრიტერიუმებს, რომლებიც მასწავლებლებში სწავლებისას უფრო მეტი ძალისხმევის დახარჯვის მოტივაციას გაზრდის, ხოლო სკოლის ადმინისტრაციაში გაზრდის სურვილს, რომ რაც შეიძლება მეტი მოსწავლე ჩართონ სკოლის ცხოვრებაში. მაგ. თუ შემოგვაქვს ტესტის შედეგები, ასევე მნიშვნელოვანია ტესტში მონაწილე მოსწავლეების რაოდენობაც გავითვალისწინოთ. მაგ. თუ კრიტერიუმად დაწესდება სკოლადამთავრებულებისა და ატესტატების მფლობელების შეფარდება, ასევე მნიშვნელოვანია ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინება, როგორიცაა კლასში ჩარჩენის მაჩვენებელი ან სკოლის მიტოვების მაჩვენებელი.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მონაცემებს პოზიტიური გამოყენება ჰქონდეს. მაგ. აშშ-ს ზოგიერთ სასწავლო ოლქს შემოღებული აქვს ვარსკვლავების სიტემა, რომელიც გულისხმობს ოთხვარსკვლავიანი სკოლის სტატუსის მოპოვებას კონკურსის გზით. ასეთ სისტემაში ერთ, ორ და სამვარსკვლავიანი სკოლა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ოთხვარსკვლავიანი სკოლები. სკოლა სტატუსს იღებს კონკურსის ფარგლებში გარკვეული ხარისხის დადასტურების შემთხვევაში. ზოგი სკოლა ამით დამატებით გრანტსაც მოიპოვებს თვითგანვითარებისთვის. თუმცა ამ მიდგომით ისე გამოდის ხოლმე, რომ ვეხმარებით ისეთ სკოლას, რომელსაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება დამატებითი თანხები. ამიტომ შესაძლებელია კონკურსს ასევე მოყვეს დამატებითი შესაძლებლობები - მაგ. საგრანტო კონკურსი მათთის ვისაც რაღაც პერიოდის ბოლოს სურს გახდეს ოთხვარსკვლავიანი სკოლა და შემუშავებული აქვს სათანადო გზა ამის მისაღწევად.

რეკომენდაცია - ობიექტურობა

იმისთვის, რომ რეიტინგები ობიექტურ შეფასებებს ეყრდნობოდეს, ნაკლები იყოს სკოლების მხრიდან გაყალბებისა, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან კრიტერიუმებით მანიპულირების სურვილი ნაკლები იყოს სასურველია, რომ რეიტინგი სახელმწიფოსგან შედარებით დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ განახორციელოს. ხშირად ამას მედიის წარმომადგენლები (ტელევიზია, ჟურნალი) აკეთებს ხოლმე. ზოგი რეიტინგი უმაღლესების წარმომადგენლების მეშვეობით კეთდება. ჩვენთანაც თუ სახელმწიფოს ექნებოდა იმის გამბედაობა, რომ ეს პროცესი გადააბაროს ნეიტრალურ მხარეს ეს გზა გრძელვადიანი განვითარებისთვის უფრო ეფექტური იქნებოდა და რეიტინგიც უფრო მეტად საზომი ინსტრუმენტის ფუნქციას მიიღებდა. ასეთ რეიტინგს კი სავარაუდოდ უფრო მეტი ადამიანი ენდობა, მიუხედავად პოლიტიკური არჩევანისა და პროფესიული კუთვნილებისა.

გარდა შემფასებლის დამოუკიდებლობისა მნიშვნელოვანია, რომ ამ სისტემას შევხედოთ როგორც კვლევის მეთოდს. რეალურად საქმე სერვისის ხარისხის კვლევასთან გვაქვს. მედიის წარმომადგენლები თუ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები დასავლეთში სწორედ მკვლევარების მიერ შედგენილი მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტებზე დაყრდნობით ახორციელებენ შეფასებასა და რანჟირებას.

სკოლაც დაინტერესებული უნდა იყოს, რომ შეფასება ობიექტურ მონაცემებს ემყარებოდეს. ამის მისაღწევად ერთერთი ფორმა არის სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის საჯაროობა. მაგალითისთვის, თუ ერთერთი კრიტერიუმია მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების არსებობა სკოლაში, სკოლას ძალიან გაუჭირდება მონაცემის გაყალბება, მაშინ როდესაც ეს ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდება. სოციალურად დაუცველებისთვის დახმარების პროგრამების რაოდენობა და ჩამონათვალი ასევე შესაძლოა რთული იყოს გასაყალბებლად, რადგან ის ინტერესთა ჯგუფები და ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ მონაცემის სისწორით უფრო მეტად შეძლებდნენ რეიტინგის პროცესის მონიტორინგში ჩართვას.

რადან რეალურად სერვისის მიმწოდებლის რეიტინგზე ვსაუბრობთ მნიშვნელოვანია, რომ ამ სერვისის ხარისხის შეფასებისას მნიშვნელოვანი როლი სერვისის მომხმარებლებმა შეასრულონ. საგანმანათლებლო სერვისის ძირითადი მომხმარებელი კი სინამდვილეში მოსწავლე და მისი ოჯახია და არა საზოგადოება და სახელმწიფო. საზოგადოებას და სახელმწიფოსაც აქვთ თავ-თიანთი ინტერესები ამ სერვისთან მიმართებაში, მაგრამ რეალურად მოსწავლე/მშობელი არის ამ სერვისის შემსყიდველი, სკოლა კი მიმიწოდებელი. ამგვარ პარადიგმაში სახელმწიფო ამ შესყიდვის ხარისხზე ზრუნავს და სწორედ ამიტომ შემოაქვს რეიტინგის ინსტრუმენტი, რომელიც მიმწოდებელსა და შემსყიდველს უფრო მეტად ჩართავს ხარისხის შეფასება/გაუმჯობესების საქმეში და შესაბამისად განაპირობებს საგანმანათლებლო ბაზრის შემოთავაზების შინაარსსა და ხარისხს. რა თქმა უნდა სისტემა უფრო რთულია ვიდრე ეს მხოლოდ შესყიდვა/მიწოდების გზით შეიძლება დავხატოთ, რადგან მოსწავლე შესყიდვასთან ერთად განაპირობებს კიდეც სერვისის ხარისხს საკუთარი მონაწილეობით, მაგრამ ამგვარი მიდგომა გვეხმარება იმის გააზრებაში თუ ვისთვის კეთდება რეიტინგების ეს სისტემა.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, რეიტინგის სისტემის შემოღება და დანერგვა კომპლექსურ, ფრთხილ და კარგად დაგეგმილ გააზრებას მოითხოვს. ვადები, რომლებიც დასახელდა ამ სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით საეჭვოს ხდის ამის შესაძლებლობას. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინტერვიუში ნათქვამია, რომ 2010 წლის გაზაფხულზე შესაძლებელი იქნება თბილისის მასშტაბით, ხოლო ამავე წლის შემოდგომაზე უკვე მთელი ქვეყნაში ამ სისტემის ამუშავება. ასეთი სისტემის დანერგვა ვფიქრობ, რომ მსგავსი სისტემების შესწავლის, შემდეგ საკუთარის შემუშავების, პილოტირებისა და ამ პილოტირების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და სათანადო დასკვნების გაკეთების შედეგად იქნებოდა შესაძლებელი. ამაში კი აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართული არა მხოლოდ სკოლების წარმომადგენლები, არამედ ისინიც ვისაც ამ სფეროში არსებულის კვლევების გამოყენებისა და ახალი კვლევების დაგეგმვის კომპეტენციები აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მივიღოთ ისეთი სისტემა, რომელიც რაღაც მონაცემებს გვაწვდის, რომელთა სანდოობა დაბალია, რომლის ეფექტი არა მხოლოდ დადებითია, ხოლო გრძელვადიანი მდგრადობა კი საეჭვო.


გამოყენებული ლიტერატურა

1.ბოქოლიშვილი, მირიან. 2010. საქართველოში მალე ხუთვარსკვლავიანი სკოლები გაჩნდება,გაზეთი;”პრაიმტაიმი” http://mes.gov.ge/content.php?id=469&lang=geo (ხელმისაწვდომი 10 მარტს, 2010 წ.);
2.Deutschman, Allan. 2005. Change or die. (1მაისი) http://www.fastcompany.com/magazine/94/open_change-or-die.html (ხელმისაწვდომი 10 მარტს, 2010 წ.);
3.Fullan, Michael. 2007. The new meaning of educational change. Teachers College Press;

ბრიტანელი ექსპერტები განათლების რეფორმის შესახებ.

არქივიდან:
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს ხელშეწყობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თხოვნით, 2006 წლის ოქტომბერში თბილისში იმყოფებოდნენ განათლების ექსპერტები. სერ მაიკლ მაიკლ ბარბერმა და პროფესორმა დევიდ ჰოპკინსმა შეაფასეს განათლების რეფორმის მიმდინარეობა და სამინისტროს რეკომენდაციები მოუმზადეს.

სერ მაიკლ ბარბერი 1998-2005 წლებში იყო პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის მთავარი მრჩეველი ჯანდაცვის, განათლების, სოციალურ საკითხებში. პროფესორი დავიდ ჰოპკინსი 2002-2005 წლებში იყო ბრიტანეთის განათლების მინისტრის მთავარი მრჩეველი სასკოლო სტანდარტების საკითხებში.
ვიზიტის ფარგლებში ბრიტანელი ექსპერტები შეხვდნენ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრს, მოინახულეს საჯარო სკოლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. ვფიქრობთ, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტების დასკვნები ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების მომდევნო ეტაპების სწორი დაგეგმვის თვალსაზრისით.

დოკუმენტის ორიგინალი
ქართული თარგმანი

დისკუსია გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით


ჟურნალ ლიბერალში გამოქვეყნდა ორი მოსაზრება სასკოლო გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით. იხილეთ ასევე საინტერესო დისკუსია სტატიების შემდეგ
სტატიებისა და დისკუსიების წაკითხვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

სტატია განათლების რეფორმის შესახებ

დეკემბრის თვის გაზეთ ახალ განათლებაში გამოქვეყნდა ნიკა სერგიას სტატია განათლების რეფორმის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში პირველი შემთხვევაა, როდესაც სკოლის მოსწავლე მწყობრად და არგუმენტირებულად აყალიბებს საკუთარ სათქმელს.

სტატიის ნახვა შეგიძლიათ აქვე ან შემდეგ ბმულზე

ერთი მეთორმეტეკლასელის ,,სუბიექტური” აზრი განათლების რეფორმაზე, სახელმძღვანელოებზე, რეპეტიტორობასა და სხვა საკითხებზე

შეიძლება, ამ საკითხში დილეტანტი უფრო მეთქმის, ვიდრე კომპეტენტური , მაგრამ ამ წერილის დაწერა იმან გადამაწყვეტინა, რომ ამ თემაზე XII კლასის მოსწავლეზე ბევრად უფრო არაკომპეტენტური ხალხი საუბრობს და თან ისეთი შემართებითა და თავდაჯერებულობით, რომ შეკამათებასაც ვერ გაუბედავ...
ჩვენ, ახლანდელ თაობას, გადასხვაფერების მომენტში მოგვიწია ცხოვრება, რაც, დამეთანხმებით, რომ მტკივნეულია, მაგრამ ამასთანავე საინტერესოც. საინტერესო იმიტომ, რომ შენც, რიგითს, შეგიძლია შენი წვლილი შეიტანო ახალი სახლის დაპროექტებასა და მშენებლობაში, იმიტომ, რომ ეს სახლი სწორედ ახლა, სწორედ შენთვის, სწორედ შენი ხელით შენდება, იმიტომ, რომ სწორედ ამ სახლში უნდა დაპატიჟო მომავალი თაობები. ამიტომ, ახლა დუმილი დანაშაულია, მაგრამ სათქმელი ისე უნდა ვთქვათ, გვესმოდეს, რას ვამბობთ და რას ვაკეთებთ. უნდა გავიგოთ, რომ საკუთარი აზრის ქონა არ არის ყველაფერში ცუდის და ნეგატიურის ძებნა და არც ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაგონილ პირველივე ჭორს დაუჯერო.
პირადად მე ხშირად გავმხდარვარ მოწმე იმისა, რომ ადამიანი, ვისაც თვალითაც არ უნახავს მე-10 კლასის ქართულის სახელმძღვანელო, ამბობს, ილია ჭავჭავაძე სკოლაში არ ისწავლებაო, არადა, ამ სახელმძღვანელოს პირველი ორი ნაწილის მთავარი ძარღვი სწორედ ილიას შემოქმედება და მოღვაწეობაა (ვგულისხმობ თამაზ ვასაძის ავტორობით შექმნილ სახელმძღვანელოს, რომელიც სკოლების უმეტესობამ აირჩია). ბევრი იმასაც ვერ ხედავს, რომ IX კლასში ისევ ისწავლება შუშანიკიც, გრიგოლიც და ,,ვეფხისტყაოსანიც”, თანაც ახლანდელი წიგნი ათჯერ მაინც ჯობია იმას, მე რომ მომიწია სწავლამ, (როგორც აღვნიშნე XII კლასში ვარ შესაბამისად მე ძველებური, ე.წ. ,,ქრესტომატიით” გავიარე IX კლასი) ის რეპლიკები და შეფასებები კი იმის ბრალია, რომ ხალხი საქმეში ჩაუხედავია და მხოლოდ ჭორებზე დაყრდნობით აკეთებს თამამ განცხადებებს.
ზოგი იმასაც ამბობს, ახალი პროგრამა ძალიან რთულია და ჩვენი მოსწავლეები ვერ ძლევენო. მაგალითად, ერთი ღრმად პატივცემული ქალბატონი ამავე გაზეთის ფურცლებზე წერდა, XII კლასის ქართულის სახელმძღვანელოს (იგულისხმება თ. ვასაძის, ნ. მუზაშვილის და ნ. ჩუბინიძის სახელმძღვანელო) ჩვენი მოსწავლეების 10% თუ შეიწავლისო. ჩემი აზრით ეს ტრაგედია სულაც არაა, საქმე ისაა, რომ ახლა უამრავი პროფსასწავლებელი იქმნება, სადაც სწავლა სულაც არ არის ცუდი და სამარცხვინო, ხოლო XII კლასში ყველა არ უნდა ირიცხებოდეს. მაშინ, როცა XII კლასში ისინი ისწავლიან ვისაც წინა კლასების მოსწრების დონე ამის საშუალებას მისცემს, სახელმძღვანელოც მოსწავლეთა უმრავლესობის მიერ დაძლეული იქნება.
ზემოთ სხვისი ზედაპრულობა გავაკრიტიკე და მეც რომ იგივე ,,ცოდვაში” არ ჩავვარდე, მოდი, ცოტა ჩავუღრმავდეთ საკითხებს, იმდენად, რამდნადაც ამას წერილის ფორმატი და გაზეთის ფურცელი მოგვცემს. ავიღოთ ისევ და ისევ მრავალჯერ ნაქებარ-ნათათხარი, უკვე მოწონება-დაწუნება მოსწრებული, XII კლასის ქართულის საკმაოდ სქელტანიანი სახელმძღვანელო. მაგრამ სანამ სახელმძღვანელოს უშუალო შეფასებაზე გადავიდოდეთ და იმას ვიტყოდეთ, პასუხობს თუ არა ის ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს (რომელიც სხვათა შორის მოსწავლეების მიერაა შემუშავებული), კარგი იქნება თუ იმაზე შევთანხმდებით, თუ რას გულისხმობს ეს მიზნები, ანუ იმას დავაზუსტებთ, თუ რა გამოწვევის წინაშე დგას სახელმძღვანელო.
ზემოაღნიშნული ეროვნული მიზნებისა და მარტივი ლოგიკის გათვალისწინებით, ამ სახელმძღვანელოს პროდუქტი, ანუ მოსწავლე უნდა იყოს პიროვნება, ხაზს ვუსვამ, პიროვნება (და არა მეტ-ნაკლები ინფორმაციის შემნახველ-გადამამუშავებელი მანქანა), რომელსაც შეეძლება შექმნას ახალი რამ ნებისმიერ სფეროში, შეეძლება სხვისი აზრის გათვალისწინებით, მაგრამ დამოუკიდებლად ცხოვრება, დამოუკიდებელი აზროვნება, საკუთარი აზრის ცივილიზებული ფორმით პრეზენტირება საზოგადოებისთვის, სხვისი აზრის, კულტურის, რელიგიის, ცხოვრების წესის პატივისცემა, ჰუმანიზმის, საწყის, ძირეულ ღირებულებად აღიარება. აი, სწორედ ეს არის ის მიზნები, გინა ღირებულებები, რომელიც საქართველოს საჯარო სკოლის სახელმძღვანელოს, კონკრეტულ შემთხვევაში XII კლასის ქართულს დაესახა. შეიძლება ვინმეს ამ ჩამონათვალში თვალში დააკლდა ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება. მე ის შეგნებულად გამოვტოვე, რადგან მგონია, რომ ჩვენში დამკვიდრებული მცდარი წარმოდგენის, უფრო სწორად, ინსტინქტის საწინააღმდეგოდ, გამოცდების ჩაბარება კი არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი, არამედ განათლების მიღება. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, უნდა შევიგნოთ, რომ გამოცდების ჩაბარება ერთ-ერთი საშუალებაა განათლების მისაღებად და არა მიზანი. ჩვენ კი მიზანსა და საშუალებას ადგილი შევუცვალეთ ჩვენს ცნობიერებაში და განათლების მიღება (მიზანი) ვაქციეთ საშუალებად ფსევდო-მიზნის _ გამოცდების ჩასაბარებლად. ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ ეროვნული გამოცდები უბრალოდ, მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენს ცხოვრებაში და რომ მის მერეც გრძელდება სიცოცხლე, რომელშიც ბევრად მეტი რამ დაგვჭირდება, ვიდრე გამოცდებისთვის მომზადებაში დაგვჭირდა. ამიტომაც ჩვენ გამოცდებისთვის მზადებაში კი არ უნდა შემოგვესწავლოს რაღაცები, არამედ რაღაცების სწავლაში უნდა შემოგვემზადოს თავი გამოცდისთვის და ამ ორ რამეს შორის დიდი განსხვავებაა. როცა ამას შევიგნებთ, მაშინ ძნელი არ იქნება, ზემოაღნიშნული საღელმძღვანელოს მოწყობის პრინციპი გავიგოთ, რომელიც იმ ზოგადსაკაცობრიო გამოწვევებსაც პასუხობს, რომელიც მოსწავლის წინაშე დგას და ამასთანავე ეროვნული გამოცდებისთვის მზადებაშიც მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი მთავარი წვლილიც შეაქვს. მე შევეცდები ქვემოთ კონკრეტული ადგილები და მახასიათებლები მოვიყვანო სახელმძღვანელოდან, რომლებიც კონტრმაგალითად გამოდგება ამ წიგნის მაკრიტიკებლებისთვის:
დავიწყოთ იმით, რომ წიგნში მრავლადაა უცხოელი ავტორების ნაწარმოებები. ამაზე ბევრმა თქვა, რომ ეს მიმართულია ეროვნულობის წინააღმდეგ, რომ ქართული ლიტერატურის გადაშენება უნდათ და ა.შ. მაგრმ მე მინდა ამ ხალხს ვურჩიო, წაიკითხოს ამავე ავტორების მიერ შედგენილი X კლასის სახელმძღვანელოში შეტანილი ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილი ,,კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი”. თუ ამ კრიტიკოსს ვაჟასი მაინც სჯერა, აღმოჩნდება, რომ ამ წიგნის შემკვეთ-შედგენელი კი არა თვითონ ცდილობს საქართველოს გადაგვარებას. ჩვენ სწორედ მაშინ შევიცნობთ ქართულ ლიტერატურასა და ისტორიას სრულფასოვნად, როცა მას განვიხილავთ მსოფლიო ლიტერატურისა და ისტორიის ჭრილში, როცა საქართველოსა და მის კულტურასა და ისტორიას მსოფლიოს კულტურისა და ისტორიის ნაწილად აღვიქვამთ. ჩვენ სწორედ მაშინ გადავგვარდებოდით და გადავგვარდებით, ჩვენი ქვეყანა რომ დანარჩენ სამყაროს მოვწყვიტოთ და ფიზიკური ან ფსიქოლოგიურ-კულტურული კედლით გამოვყოთ. კედლების აგებისგან მიღებული არცთუ სახარბიელო შედეგების მაგალითების მოძიება კი, ისტორიის ახლო წარსულშიც ადვილად შეიძლება. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თარგმანიც ხომ ლიტერატურის ჟანრია და მისი შეფასებაც ხომ უნდა შეეძლოს საშუალო განათლებამიღებულ ადამიანს?! სახელმძღვანელოში პირდაპირააა მითითებული, რომ მოსწავლე უნდა შეეცადოს ამა თუ იმ უცხო ენიდან ორიგინალის თარგმნას, ნაჩვენებია თარგმანის რამდენიმე ნიმუში და მოსწავლეს მისი შეფასება ევალება. ეს პირველ რიგში დიდი პატივია მოსწავლისთვის და ფსიქოლოგიურადაც ძალზე გამართლებულია, რადგან იგი წიგნის ავტორისგან გარკვეულ ნდობას და დაფასებას ხედავს და მზადაა გაამართლოს მისი იმედები. ის ხედავს, რომ გაიზარდა და ძალა შესწევს სწორად შეაფასოს ესა თუ ის ლიტერატურული მოვლენა.
მოსწავლის ლიტერატურულ ზრდაზე პირდაპირ, გათვლილად მუშაობს წიგნის პირველი ნაწილი, სახელწოდებით ,,მკითხველი”. წიგნის ამ ნაწილში ფაქტიურად სრულყოფილად ყალიბდება ცნობიერებაში მწერლისა მკითხველის ფენომენი, როგორც ერთი სამყაროს წევრების საზოგადოება. ფსიქოლოგიურად აქაც უმნიშვნელოვანესი მომენტია შექმნილი იმით, რომ მთელი რიგი ნაწარმოებებით მტკიცდება ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ კარგი მკითხველი და მწერალი თანასწორნი არიან. წიგნის ამ ნაწილში გაერთიანებული რეზო ყარალაშვილის ესე ,,მხატვრული ნაწარმოების აღქმა” (გვ. 32) კი მოსწავლეს ყველაზე უკეთ აძლევს საშუალებას მკითხველთა ტიპებს შორის საკუთარი იპოვოს, ისწავლოს კითხვის ხერხები და შეძლოს ,,ტკბობისას განსაჯოს და განსჯისას დატკბეს”. ლიტერატურის გაკვეთილების მიზანიც ხომ სწორედ ეს უნდა იყოს და არა ე.წ. საზეპიროების მაქსიმუმის დაზუთხვა. საზეპირო მილიონია, ჩვენ ყველას ვერ მოვერევით, თანაც გამოცდაზე ქულების ნახევარი არა საზეპიროების, არამედ, სულ უცნობი ტექსტების გაანალიზებაზე მოდის. ამიტომ ჯობია თევზის ჭერა ვისწავლოთ და ეს იმის ტოლფასი იქნება, მთელი მსოფლიოს თევზები დაგვეჭიროს, ეს იმას ჰგავს, ფულის საბეჭდ მანქანასა და მილიონს შორის მილიონი რომ აირჩიო. (კარგია მილიონი, მაგრამ ფულის საბეჭდი მანქანა უკეთესია).
ძალზე შორს წაგვიყვანს წიგნის სხვა თავების დეტალური დახასიათებაც. თუმცა, იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ ეს წიგნი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს საკუთარი პასუხი ჰქონდეთ ისეთ ბანალურ კითხვებზე, რომლებიც, სიკვდილის, სიცოცხლის, სამყაროს, სიყვარულის, საკუთარი ,,მეს”, სამშობლოს, სიკეთის და ბოროტების რაობაზე ისმის ხოლმე. ამაზე მგონი, არც არავინ იდავებს. რადგან ეს ყველაფერი იქ საკმაოდ მსუქანი შრიფტით წერია და კარგად ჩანს.
თუმცა, რაც დიდი შრიფტით არ წერია, მაგას ყველა არ უყურებს და დავის საგანიც ხდება, ასეთი რამაა დავალებები, რომლებსაც სახელმძღვანელოს ავტორები გვთავაზობენ. აქ შევხვდებით ყველანაირ დავალებას, რომელიც ითხოვს ყველაფრის წერას, დაწყებული ჩვეულებრივი ესედან, დამთვარებული ლექსითა თუ მოთხრობით. ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საპრეზენტაციო მოხსენებების (გვ.76 544), რეფერატების (გვ. 548), პროექტების (გვ. 103 545) მომზადებას და იმის შეგნებას, რომ წერის ფენომენი არ იწყება და არ მთავრდება თემით ,,ქალთა სახეები ვეფხისტყაოსანში”.
ცალკე თემაა უფრო წვრილი შრიფტით ნაბეჭდი სქოლიოები, რომლებიც ხშირად ენციკლოპედიური ხასიათისაა და ძალიან მოსწავლეს ძალიან ამგვანებს ინტერნეტში მოხეტიალე საკუთარ თავს, როცა ამა თუ იმ სიტყვაზე დაწკაპუნებით სულ ახალ გვერდზე გადადის ახალი ინფორმაციებით _ ვგულისხმობ სქოლიოში ნახსენებ აუარება გამოვნებიან ლიტარატურულ ნიმუშებს, რომლებიც მინიმუმ იმას ახრხებენ, რომ მოსწავლეს (არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ) ,,მგლების” იქით ძალზე საინტერესო ლიტერატურული სამყარო გადაუშალონ.
მოკლედ ეს სახელმძღვანელო პირდაპირ გამომდინარეობს იმ ზემოაღნიშნული მიზნებიდან და, პირიქით, ის მიზნები, თავის მხრივ, ამ სახელმძღვანელოდან გამომდინარეობენ.
და… ბოლოს მაინც ვერ ავუქცევთ გვერდს წიგნის ყბადაღებულ მოცულობას _ ის ხუთასგვერდიანია(!). ისმის რიტორიკული შეკითხვები _ ამდენი როგორ ვასწავლოთ, ამდენი როგორ ვისწავლოთ, ვერ ვასწრებთ, აქეთ მეცადინეობა, იქით სკოლა და ა.შ. თუმცა ამ ყველაფერზე არსებობს მარტივი პასუხი. დავიწყოთ იმის გამეორებით, რომ ჩვენ ერთმანეთში ვურევთ მიზანსა და საშუალებას. ამ შემთხვევაში მიზანი წიგნის დამთავრება კი არაა, არამედ იმ უნარების განვითარება, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, ამისთვის კი წიგნის სრულად გავლა აუცილებელი სულაც არაა. ეს ზღვა მასალა კლასს და მასწავლებელს შეუძლია სურვილის მიხედვით დაახარისხოს და წიგნიდან იმდენი წაიღოს, რამდენი შეუძლია. ნამდვილად არ ვაიგივებ ამ სახელმძღვანელოს ბიბლიასთან, მაგრამ ბიბლიის ბოლომდე გაგება არავის რომ არ შეუძლია, ეს განა იმას ნიშნავს, რომ ეს ღვთიური წიგნი უნდა დავაშინაარსოთ და გაუგებარი, მისტიური ადგილები ამოვშალოთ მანდედან?! ახალი სახელმძღვანელოები სწორედ ამ პრინციპითაა აგებული _ მოსწავლეები ყოველ წელს თავიდან ბოლომდე გადიან ამა თუ იმ მეცნიერებას თავისი ასაკის შესაბამის დონეზე და წიგნიდან იმდენი მიაქვთ რამდენიც შეუძლიათ, ხოლო რასაც წელს ვერ ასწრებენ, მომავალ წელს ისევ გადიან გაღრმავებულად. და ასევე მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, საკითხი, რომელიც ე.წ. ,,მეცადინეობებს” ეხება. ბავშვებს, და ხშირად მასწავლებელებსაც, ის არგუმენტი მოჰყავთ, რომ სკოლის გარდა ,,მეცადინეობებიც” უნდა მოასწრონ. ეს იმას ნიშნავს რომ ისინი სკოლაში ბოლომდე არ იხარჯებიან და ,,მეცადინეობას” მეტ ყურადღებას უთმობენ. მართლაც ჩვენი ახალგაზრდობის უმეტესობას ორი არდაწერილი დავალებიდან ის უფრო აწუხებს, რომელიც ,,მეცადინეობაზე” უნდა მიეტანა, ვიდრე ის, რომელიც სკოლაში ჰქონდა მიღებული, იმ შემთხვეაშიც კი, თუ კლასშიც და მეცადინეობაზეც ერთი და იგივე მასწავლებელი ასწავლის. და რა მოხდებოდა მოსწავლეებს საკუთარი ძალები წლების განავლობაში სასკოლო დავალებებისკენ სრულად რომ მიემართათ და ბოლო წელიწადს არ დალოდებოდნენ? პასუხი მარტივია, მათ ,,მეცადინეობა” არ დაჭირდებოდათ. მე შეგნებულად არ ვიხმარე სიტყვები _ რეპეტიტორობა და რეპეტიცია, იმიტომ რომ ეს ინტერნაციონალური ტერმინები, გამეორებას და გამმეორებელს აღნიშნავს, გამეორება კი მას სჭირდება, ვინც რამეს ვერ იმახსოვრებს. საქართველოს აბიტურიენტთა 98% ,,მეცადინეობს” და მე არ მინდა დავიჯერო, რომ ეს იმან გამოიწვია, რომ ეს 98% უნიჭოა და რაღაცებს ვერ იმახსოვრებს და ამიტომ დადის ,,მეცადინეობებზე”. არა, რეპეტიცია, ანუ გამეორება აქ არაფერ შუაშია, საქმე ისაა, რომ ჩვენ, აბიტურიენტები, ყველაფერს თავიდან ვსწავლობთ, რაც უცილობლად, სკოლის და სასკოლო განათლებისადმი არასწორი დამოკიდებულების შედეგია. ჩვენ რომ მთავრობების, ოპოზიციების, სახელმძღვანელოების და რეფორმების კრიტიკაში დახარჯული დრო, წიგნის კითხვაში გაგვეხარჯა, ჩვენს მშობლებს ათასობით ლარის ფსონად ჩამოსვლა არ მოუწევდათ ჩვენზე ეროვნული გამოცდების ლატარეაში.
არანაკლები მითქმა-მოთქმაა ატეხილი მათემატიკის სახელმძღვანელოთა ციკლის (V_XII კლასები, თ.ვეფხვაძე, თ. გოგიშვილი) გარშემო. აქაც იგივე არგუმენტებია _ სირთულე, სისქე და ა.შ. არადა, იმის გარდა, რომ წიგნი მთლიანად პასუხობს ეროვნული გამოცდებისა და ეროვნული სასწავლო მიზნების მოთხოვნებს V კლასიდან მოყოლებული, ამ წიგნით მოსწავლე იძენს გამოყენებითი მათემატიკისთვის საჭირო აუარება უნარს, დაწყებული საბანკო საქმის წარმათვით და დამთავრებული საგზაო ინჟინერიით. ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ მათემატიკა არ გამოგონილა კვადრატული განტოლების ამოხსნისთვის, ან ცხოვრება არ შექმნილა მათემატიკისთვის, არამედ, მათემატიკა და კვადრატული განტოლება შეიქმნა ცხოვრების გასამარტივებლად. სკოლაში მათემატიკის სწავლა, კვადრატული განტოლების და ტრიგონომეტრიის სწავლასთან ერთად, იმის სწავლასაც გულისხმობს, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი ცხოვრების გასამარტივებლად, ზემოხსენებული წიგნით კი სწორედ ამას ვსწავლობთ. რაც შეეხება ამოცანების სირთულეს, აქ ისინი დალაგებულია მარტივიდან რთულისკენ და თითოეულ პარაგრაფში მოიპოვება ნებისმიერი მოსწავლის მოსწრების დონის შესაბამისი დავალება.
მე მხოლოდ იმ სახელმძღვანელოებს შევეხე, რომლებთანაც პირადად მქონდა შეხება და თანამედროვე სკოლის მხოლოდ რამდენიმე კუთხის ზედაპირული ანალიზი შემოგთავაზეთ და ყველაფერი, რისი თქმაც მინდოდა, რა თქმა უნდა, არ მითქვამს, მაგრამ, მგონი, ძირითადი სათქმელი მკითხველამდე მოვიტანე. მკითხველს კი თუ ეს თემები აინტერესებს (და მე დარწმუნებული ვარ, რომ, რადგან ამ გაზეთს კითხულობს, აინტერესებს), ვურჩევ ქართულის და მათემატიკის სახელმძღვანელოებზე არ გაჩერდეს, აიღოს ისტორიის, უცხო ენის, ქიმიის, გეოგრაფიის საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოები და ჩემი დილეტანტური ანალიზის გარეშეც ადვილად დაასკვნის, რომ ვინც კარგად დაამთავრებს თორმეტ კლასს, სრული საფუძველი ექნება, რომ ცხოვრებაში სხვის ნატკეპნ გზას კი არ გაყვეს, არამედ თვითონ შექმნას რაიმე ახალი, გააჩნდეს საკუთარი აზრი, ოღონდ ჭორებზე კი არა, არგუმენტებზე და ლოგიკაზე დამყარებული. იგივე X-XI-XII კლასის ისტორიის სახელმძღვანელოების კურსით მოსწავლე X კლასში ჯერ სწავლას სწავლობს, ისტორიული წყაროების ანალიზს, მერე კი, XII კლასში უკვე ნამდვილი მკვლევარი ხდება _ მის ხელთ მხოლოდ წყაროებია, დასკვნა კი თვითონ უნდა გამოიტანოს (ვგულისხმობ X კლასის სახელმძღ. (ზ.კიკნაძე, ლ. პატარიძე) XI კლასის სახელმძღ. (ნ. ასათიანი გ. სანიკიძე) და XII კლასის სახელმძღ. (ნ. ახმეტელი, ნ. მურღულია)). ამ ყველაფერზე ვერც კი იოცნებებდა მთელი საბჭოთა და შემდგომი პერიოდის ახლგაზრდობა, ამიტომ, ალბათ, ზემოთ ნახსენები უარყოფითი შეფასებები შეუჩვეველი ლხინის სინდრომს თუ მიეწერება...
და მაინც, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ამ ახალ სახელმძღვანელოებზე, მე მიმაჩნია, რომ ეს წიგნები რეფორმის მთავარი მონაპოვარია. ყველაზე საინტერესო კი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებია, რომლებიც ბავშვების მიერვეა შემუშავებული და ყველა სახელმძღვანელოს ბოლო გვერდზე წერია. სწორედ ამ წიგნების შესწავლის შემდეგ ჩამოყალიბდებიან ჩვენს ქვეყანაში ისეთი მოქალაქეები, რომლებიც, ცოტა არ იყოს, დეფიციტურია დღევანდელ საქართველოში, მოქალაქეები, რომლებიც სიახლეს კრიტიკულად უყურებენ, მაგრამ ისე, რომ არგუმენტად ის არ მოჰყავთ, ადრე უამისოდაც იოლად გავდიოდით ფონსო, მოქალაქეები, რომლებსაც X კლასში ნასწავლი ექნებათ ილიას ,,რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?!” და ეცოდინებათ, როგორ გამოჭედონ დროს და მსოფლიოს მორგებული იარაღი, როგორ მოიგონ ცოდნის ომი, როგორ დაიხურონ საერთაშორისო ქუდი ისე, რომ ქუდს თავიც არ გადააყოლონ...


ნიკა სერგია
ქ.ხობის #2 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე



საშუალო ხელფასების ზრდა 1998 წლის შემდეგ



მონიშნეთ განათლება და გადადით წლიდან წლამდე იმისთვის რომ ნახოთ, თუ როგორ იცვლებოდა განათლების სფეროში საშუალო ხელფასები სხვა სფეროებთან მიმართებაში.

წყარო: სტატისტიკის დეპარტამენტი.

ეკონომიკისა და განათლების დონის კავშირის შესასწავლად


საინტერესო ინსტრუმენტი
განათლების მიღწევებისა და ეკონომიკის დონის კავშირის შესასწავლად
თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ამ მონაცემების მიხედვით ჩვენზე უფრო სუსტი ეკონომიკის (დათვლილი GDP-ს მოცულობის მიხედვით) ქვეყანა, რომელსაც ჩვენზე უარესი შედეგები აქვს მათემატიკის მიღწევის მიხედვით არ არის. სამაგიეროდ გვაქვს მრავალი შემთხვევა უკეთესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების (ძირითადად არაბული ქვეყნები), რომლებსაც უარესი შედეგი აქვთ.



განათლების მინისტრის გამოსვლა დათო პაიჭაძის გადაცემაში 15.12.2009

დავით პაიჭაძესთან გადაცემაში ახალი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იყო.
მან აქცენტები სწორად დასვა შემდეგი მიმართულებებით:
- ნაკლები ბიუროკრატია სამინისტროში და ზოგადად მეტი მაკრო-მენეჯმენტი და ნაკლები ადმინისტრირება.
- მეტი ინფორმაცია მართვისთვის და მშობლებისთვის გადაწყვეტილებების მისაღებად
- მეტი ფინანსური ოპტიმიზაცია სისტემაში
- მოსწავლეების მოტივაციის გაზრდა სკოლებში სასიარულოდ
- მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების სამოტივაციო სისტემის შექმნის აუცილებლობა

საინტერესო და ასევე რთული ახალი იდეებია

- სკოლების ბენჩმარკინგის/"ბრენდინგის" იდეა. ზოგადად ეს კარგი მექანიზმი შეიძლება იყოს სკოლებზე ზემოქმედებისთვის, და განათლების ხარისხის სტიმულირებისთვის
- გამოსაშვები გამოცდები, როგორც მოსწავლეებისთვის სკოლაში სიარულის მოტივაციის ერთერთი სტიმული.
ამ ორივე საკითხთან დაკავშირებით იხ. სხვა სტატია

პრობლემები

ა) ტერმინოლოგიური შეცდომა რამდენად გამოხატავს სისტემის ხედვას: მაგ. "სამეურნეო" საბჭო "სამეურვეოს" ნაცვლად კონცეპტუალური ხედვის ნაწილია თუ უბრალოდ შეცდომა?

ბ) წინააღმდეგობრივი იყო მისი ორი პოზიცია, ერთი მხრივ მიკრო-მენეჯმენზე უარის თქმა სამინისტროს მხრივ, მეორე მხრივ კი ორჯერ ახსენა სწორედ ამ მიმართულებით სახელმწიფოს შესაძლო ფუნქციები. ერთი, ეს არის რესურსცენტრების ჩართულობა სამეურვეო საბჭოებში იმისთვის, რომ სკოლებში ხარჯების ოპტიმიზირება მოხდეს. მეორე მხრივ კი ის მოსაზრება, რომ სამინისტროს შეუძლია რესურსცენტრების მეშვეობით გააკონტროლოს სკოლის დონეზე, თუ როგორ იწერება ნიშნები იმისთვის, რომ კორუფცია აღმოიფხვრას. სამინისტროს შეუძლია შექმნას პირობები იმისთვის, რომ სკოლა დაინტერესებული იყოს ფინანსების ოპტიმიზაციითა და ნიშნების ობიექტურად წერისთვის, და რესურსცენტრები სწორედ პირობების შექმნაში შეიძლება მონაწილეობდეს და არა პირდაპირ რაიმეს განხორციელებაში.

საერთო შეფასება ამ გამოსვლის დადებითია. ძირითადი კონცეპტუალური მიდგომები რიტორიკის დონეზე სწორია. იმედია პოლიტიკისა და პრაქტიკის დონეზე განხორციელებაც ასევე სწორი იქნება.

საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის ერთი ნაკლის შესახებ

გამოქვეყნდა azrebi.ge-ზე

განათლების რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების სფეროში სისტემის გამჭვირვალობისა და ხარისხის უზუნველყოფისთვის მრავალი ცვლილება დაიგეგმა და განხორციელდა. შეიცვალა და უფრო გამჭვირვალე გახდა დაფინანსების სისტემა. გარკვეულწილად გაიზარდა დაფინანსების ოდენობა. სკოლებს აქვთ ზუსტი ორიენტირი, თუ რა მიზნებს ემსახურებიან. გაუმჯობესდა სახელმძღვანელოების ხარისხი. შეიქმნა პროფესიული სტანდარტები მასწავლებლებისთვის. სამეურვეო საბჭოების მეშვეობითა და სკოლის ბაზაზე უფრო მეტი გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე, სკოლების მართვაში მეტად არის გათვალისწინებული ადგილობრივი საჭიროებები და ინტერესები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს სისტემას ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს. საქართველოში ჯერ არ არსებობს სკოლის ინდივიდუალური ვალდებულებისა და მხარდაჭერის გამართული სისტემა, რომელიც ერთი მხრივ სკოლებს გაუჩენდა პასუხისმგებლობას, რომ მაღალი ხარისხის განათლება მისცენ მოსწავლეებს, ხოლო მეორე მხრივ დაეხმარებოდა ამ კუთხით არსებული პრობლემების გადაჭრაში.

საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ თუ სახელმწიფოს მხრიდან სკოლებზე განათლების ხარისხის კუთხით მიზანმიმართული და პერმანენტული ზეწოლა არ არსებობს, მაშინ ხარისხის გაუმჯობესებას არა სისტემური, არამედ შემთხვევითი ხასიათი აქვს. საქართველოში დღეს ხარისხის მოთხოვნას სკოლების მიმართ მხოლოდ დეკლარატიული ხასიათი აქვს. სახელმწიფო და საზოგადოება (ძირითადათ მშობლები) ითხოვენ სკოლისგან, ან კონკრეტული მასწავლებლისგან მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მისაღები პირობების შექმნას. თუმცა ხარისხის, ანუ განათლების პროცესისა და ამ პროცესის შედეგის კონტროლის მექანიზმები საქართველოში სკოლის დონეზე არ არსებობს. ტარდება კვლევები, ადგილობრივი თუ საერთაშორისო შეფასებები, რომლებიც სწავლობს სისტემის მიერ ნაწარმოებ შედეგებს. მაგ. ვიცით თუ რა მდგომარეობაა რაოდენობრივი აზროვნების, კითხვის ან მეცნიერული აზროვნების სწავლების ზოგიერთი ასპექტის მხრივ საქართველოს და ზოგ შემთხვევაში რეგიონის მაშტაბით. ამავდროულად არ გვაქვს ობიექტური ინფორმაცია თუ რა ხდება კონკრეტულ სკოლაში ამავე კუთხით. შესაბამისად იძლევა თუ არა კონკრეტული სკოლა რაიმე შედეგებს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დადგენილ მიზნებთან მიმართებაში ჩვენთვის უცნობია. ჩვენ უბრალოდ გვჯერა, რომ თუ სკოლები მოქმედებენ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და იყენებენ შესაბამის რესურსებს, მათ რაღაც შედეგები ექნებათ. ამ შედეგების ხარისხის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს.

ზეწოლის მექანიზმები რომ დადებითად მოქმედებს ეს საქართველოს მაგალითზეც ჩანს, ოღონდ არა ხარისხის გაუმჯობესების, არამედ უფრო ადმინისტრირების კუთხით. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბოლო წლების განმავლობაში მკაცრად ითხოვდა სკოლებისგან ფინანსური და ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოების გამართულ წარმოებას, რასაც გარკვეული დადებითი შედეგები უკვე მოყვა. სკოლის დირექტორები მობილიზებულები არიან ამ მიმართულებით და ცდილობენ არსებული სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად საკუთარ სკოლებში არსებული სისტემების შექმნასა და გაუმჯობესებაზე.

განათლების ხარისხის შესახებ კონკრეტული სკოლების დონეზე მიღებული ინფორმაცია არა მხოლოდ ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის არის გამოსადეგი. ასეთი ინფორმაციის გამოყენება მნიშვნელოვანია ასევე იმ მშობლებისთვის, ვისაც აქვს არჩევანის შესაძლებლობა, თუ რომელ სკოლაში მიიყვანოს შვილი. მათ ჭირდებათ ობიექტური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შედეგები ექნება მის შვილს და ასევე იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს ამ შედეგებს.

მეორე მხრივ საერთაშორისო გამოცდილება ასევე გვასწავლის, რომ მხოლოდ ზეწოლის მექანიზმები საკმარისი არ არის დადებითი ცვლილების გასახორციელებლად. მნიშვნელოვანია, რომ ზეწოლის მექანიზმთან ერთად არსებობდეს ასევე მხარდაჭერის სისტემაც. ცუდი შედეგებისთვის სკოლების დასჯას რაიმე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ მოაქვს. პოზიტიური მიდგომა, როგორიცაა კარგი შედეგების მქონე სკოლების დაჯილდოვება უკეთესად მოქმედებს სკოლების მოტივაციის ამაღლებაზე, მაგრამ ესეც ყოველთვის, სისტემური გაუმჯობესებისთვის საკმარის საშუალებად ვერ გამოდგება. სკოლას, რომელსაც სერიოზული პრობლემა აქვს მაგ. მასწავლებლების კვალიფიკაციის მხრივ, მაგრამ არ აქვს ჩანაცვლების ალტერნატივა (მაგ. ისეთი სოფელია სადაც შემცვლელი არ არის და არც არავინ ჩადის გამოცხადებული ვაკანსიის პირობებში) შეიძლება უჭირდეს გაუმჯობესების გზების დამოუკიდებლად გააზრება და დაგეგმვა სპეციალური მხარდაჭერის გარეშე. სამწუხაროდ ჩვენს სისტემაში მხარდაჭერის კონკრეტულ სკოლაზე მიბმული სისტემა არ მოქმედებს. სახელმწიფო ინტენსიურად ხარჯავს რესურსებს ზოგადად მასწავლებლების ტრენინგებზე, ზოგადად მოსწავლეების გააქტიურებაზე მაგ. ოლიმპიადების ჩატარების გზით და სხვა. მაგრამ თუ ინკლუზიური განათლებისა და უმცირესობების სკოლებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ ჩავთვლით, კონკრეტული სკოლის საჭიროებებზე მიმართული პროგრამები ჩვენთან არ ხორციელდება. ასეთი პროგრამების არარსებობა თავისთავად ერთი შედგია იმ პრობლემის, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით. თუ არ ვიცით რა შედეგები აქვს განათლების ხარისხის მხრივ კონკრეტულ სკოლას, მაშინ იმის წარმოდგენა, თუ რა ჭირდება ამ სკოლას გაუმჯობესებისთვის, საკმაოდ რთულდება.

საქართველოს განათლების სისტემაში სკოლების შედეგების კონტროლისა და მხარდაჭერის სისტემად კანონმდებლობით სკოლების აკრედიტაციის სისტემაა გათვალისწინებული. მისი დანერგვა ჭიანურდება სხვადასხვა პოლიტიკური თუ ტექნიკური მიზეზის გამო. ძირითადი მიზეზი ალბათ მაინც იმის გაუაზრებლობაა, რომ აკრედიტაციის სისტემა მხარდაჭერის ინსტრუმენტიც არის კონტროლის სისტემასთან ერთადაც.

გარდა კანონმდებლობაში ასახული სისტემისა საქართველოში ბოლო დროს საჯაროდ გამოითქმება მოსაზრებები ისეთი სისტემების შემოტანის შესახებ, რომლებიც ასევე შესაძლებელია ჩაითვალოს კონკრეტული სკოლის შედეგების მექანიზმად. ასეთია მაგალითად სასკოლო დამამთავრებელი გამოცდების იდეა. ასეთი გამოცდების შემოტანა ერთგვარი ზეწოლის ინსტრუმენტი გახდება, რადგან ცხადი ხდება თუ რამდენი მოსწავლე ძლევს წარმატებულად ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იქ სადაც ასეთი სისტემები მოქმედებს ახალი პრობლემები ჩნდება ხოლმე. მაგალითისთვის, მხოლოდ გამოცდების შედეგები ყოველთვის ობიექტურ ინფორმაციას ვერ იძლევა სკოლის წარმატების შესახებ. მაგ. სკოლის დამამთავრებელი გამოცდების მიხედვით მიღებული ინფორმაციის შესახებ შესაძლოა სკოლა A-ს ყავდეს 80% მოსწავლეების, რომლებიც სკოლის ატესტატს იღებენ, ხოლო სკოლა B-ს 95%. ეს ინფორმაცია სულაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ სკოლა A უკეთესი ხარისხის განათლებას აძლევს ვიდრე სკოლა B. შესაძლებელია, რომ სკოლა B-მ წინასწარ განდევნა მოსწავლეების დიდი ნაწილი იმისთვის, რომ სკოლის დამთავრების უფრო მაღალი პროცენტული შედეგი მიეღო. ამგვარად ასეთი სისტემის შემოღება უნდა გულისხმობდეს უფრო მეტი პარამეტრით სკოლების ინდივიდუალური შეფასების შემოღებას. ერთ-ერთი ასეთი პარამეტრი სკოლის მიტოვების მაჩვენებელია. თუმცა თავისთავად ეს მაჩვენებელიც პრობლემატურია თავისი შინაარსით. რთული ხდება იმის დადგენა, თუ რატომ მიატოვა მოსწავლემ სკოლა. იყო ეს სკოლის მიერ მისი დარწმუნება, რომ პერსპექტივა არ აქვს, თუ რაიმე სხვა მიზეზით მოხდა მოტივაციის კლება. ამის დადგენა რეტროსპექტიულად შეუძლებელია, თუ ასევე არ ხდება სკოლაში მიმდინარე პროცესების შეფასება, როგორიცაა მაგ. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეების დახმარების სისტემების არსებობა და სხვ. ასევე, სისტემებში, სადაც მხოლოდ შედეგების მიხედვით ხდება სკოლების შეფასება, ჩნდება ხოლმე სკოლების ჯგუფები სადაც ასეთი მოსწავლეები იყრიან ხოლმე თავს. სკოლების ნაწილი ღია რჩება პრობლემების მქონე მოსწავლეებისთვის, რადგან შესაძლოა ისინი უფრო მეტად იზიარებდნენ სოციალურ პასუხისმგებლობას ვიდრე ის სკოლები, რომლებიც ასეთ მოსწავლეების მოშორებას ცდილობენ. თუ სისტემა შეფასებისას ამ მიდგომას არ ითვალისწინებს, მაშინ უკეთესი მიდგომის, მაგრამ უარესი შედეგის მქონე სკოლები ხშირად ისჯება ხოლმე. სწორედ აქ ჩანს სკოლების მხარდაჭერის სისტემის აუცილებლობა ყველაზე მკვეთრად.

კიდევ ერთი ზეწოლის სისტემა, რომლის შესახებაც საქართველოში შესაძლოა ვიფიქროთ სკოლების რეიტინგებია. რაღაც ამის ჩანასახი ვიხილეთ ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღების პირველ წელს. ერთიანი ეროვნული გამოცდების 2005 წლის ანგარიშში მოცემული იყო იმ საუკეთესო სკოლების სია, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით სკოლადამთავრებულთა საუკეთესო პროცენტული მაჩვენებლები აღინიშნა. სისტემა საკმაოდ მგრძნობიარეა ამგვარი ინფორმაციის მიმართ და ჩვენთანაც ზოგიერთმა სკოლამ მაშინვე დააწესა კლასიდან კლასში (ძირითადად მე-9 კლასის ბოლოს) გადასასვლელი გამოცდა იმისთვის, რომ დამამთავრებელ კლასში მხოლოდ გამოცდებზე ორიენტირებული და სავარაუდოდ წარმატებული მოსწავლეები დარჩენილიყვნენ. მსგავსი პრობლემები დასავლეთის იმ ქვეყნებშიც იყო სადაც ასეთი რეიტინგები დაინერგა (და პრინციპში შემდგომში უმეტესად გაუქმნდა). გარდა მოსწავლეების გაყრისა, ასეთი სისტემის ნაკლი იმაშიც მდგომარეობს, რომ უარყოფითად მოქმედებს მოსწავლეების მოტივაციაზე. ცნობილია, რომ ადამიანი სწავლობს რაიმეს თუ მას ამის შესაძლებლობა და მოტივაცია აქვს. შესწავლილია, რომ მოსწავლეების მოტივაცია იმ სკოლებში, რომლებიც რეიტინგის დაბალ საფეხურზე არიან გაცილებით ნაკლებია ვიდრე მაღალრეიტინგულ სკოლებში. ეს თავითავად არის ერთერთი მიზეზი დაბალი შედეგების, შესაბამისად რეიტინგისაც. თუმცა ასევე შესწავლილია ისიც, რომ რეიტინგში დაბალი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ მოტივაცია კიდევ უფრო იკლებს. მოსწავლეებს კიდევ უფრო ნაკლები რწმენა აქვთ იმის, რომ მათ რაიმე ღირებულის შესწავლა შეუძლიათ თავიანთ ”ცუდ” სკოლებში. ეს პრობლემა არ იქნებოდა იქ, სადაც სკოლების არჩევანი არსებობს. საქართველოს სკოლების თითქმის ნახევარი კი ისეთი დასახლებებშია, სადაც სხვა სკოლის არჩევანის შესაძლებლობას მშობლები მოკლებულები არიან. ამიტომ ასეთი რეიტინგის არსებობამ შესაძლოა კიდევ უფრო დაწიოს მოსწავლეების მოტივაცია.

პრობლემატური საკითხი რეიტინგებთან დაკავშირებით არა მხოლოდ მის არსებობაშია, არამედ იმაში თუ რა მონაცემების საფუძველზე დგება ეს რეიტინგი, ვინ არის ამ ინფორმაციის მომხმარებელი და რა ფორმა აქვს მონაცემების მიწოდებას. სკოლების რეიტინგების გავრცელების უკეთესი ფორმაა, როდესაც სკოლის მაჩვენებლების შესახებ სრული ინფორმაცია აქვს გადაწყვეტილებების მიმღებებს, ხოლო საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს სკოლის მიმართება საერთო ქვეყნის, რეგიონის ან რაიონის მაჩვენებლებთან. რაც შეეხება რეიტინგის შედგენისთვის გამოყენებულ მაჩვენებლებს, აქ უფრო ხშირად გამოიყენება ხოლმე გამოცდების საფუძველზე მიღებული ინფორმაცია. ასეთი გამოცდებია სკოლის დამამთავრებელი გამოცდები, მაგრამ ასევე უფრო დაბალ საფეხურებზე ჩატარებული ტესტირებები შეიძლება იყოს. გარდა მოსწავლეების მოტივაციისა, აქ უკვე სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. მასწავლებლები ასეთ სისტემებში მნიშვნელოვნად ორიენტირებულები ხდებიან საგამოცდო ინფორმაციის დასწავლასა და უნარების განვითარებაზე. ასე მნიშვნელობას კარგავს ცხოვრებისთვის არანაკლებ და ხშირად უფრო მნიშვნელოვანი არაკოგნიტური, აფექტური და სოციალური უნარები. ცნობილია, რომ გამოცდებზე ორიენტირებულობა შესაძლოა დადებითი ეფექტის მქონე იყოს იმ სკოლებში, სადაც სხვა მხრივ არანაირი სხვა სამოტივაციო ინსტრუმენტი არ არსებობს კოგნიტური უნარების შესაძენად. სამაგიეროდ ასეთი სისტემა უარყოფითად მოქმედებს იმ კარგ სკოლებზე, რომლებსაც მოსწავლეების უფრო ჰარმონიული განვითარება აქვთ მიზნად არჩეული.

თუ ერთი მხრივ ვიცით, რომ აუცილებელია ზეწოლის მექანიზმების არსებობა და მეორე მხრივ ვიცით, რომ ამ მექანიზმებს მრავალი პრობლემა მოსდევს, მაშინ როგორი არჩევანი გვაქვს ჩვენ? ჩემი შეფასებით, ჩვენი საუკეთესო არჩევანი აკრედიტაციის სისტემაა, რადგან ის გაცილებით უფრო დახვეწილია ვიდრე ის სისტემები, რომლებზეც ზემოთ მქონდა საუბარი. აკრედიტაციის სისტემის სიძლიერე ისაა, რომ ის არა მარტო შედეგს, არამედ პროცესსაც სწავლობს. ეს ამცირებს ტესტირებასა და ზოგადად გამოცდებზე ორიენტირებული სისტემის შექმნის ალბათობას. ამავდროულად აკრედიტაციის სისტემა შეიძლება იყენებდეს ასევე გამოსაშვები გამოცდების მონაცემებს და გარკვეულ რეიტინგულ სისტემის საფუძველიც შესაძლოა გახდეს. თუმცა რეიტინგული სისტემა, რომელიც უფრო მეტ მონაცემზე არის დაფუძნებული ვიდრე მხოლოდ შედეგებია, შესაძლებლობას ტოვებს იმის, რომ ერთი მონაცემით დაბალი შედეგის მქონე სკოლა, სხვა პარამეტრით წარმატებული იყოს. არ არის აუცილებელი ერთი შკალა იყოს რომელზეც სკოლები იქნება განთავსებული. მაგ. შეიძლება სკოლები შევაჯიბროთ იმის მიხედვით, თუ ვის აქვს უკეთესი ქულები ტესტირებებში, ვის აქვს უკეთესი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ, ვის აქვს უკეთ გაცნობიერებული სკოლის მართვის პრინციპები, რომელ სკოლაშია უფრო დადებითი სასწავლო ატმოსფერო, რომელ სკოლას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული განვითარების/გაუმჯობესების პოლიტიკა, რომელ სკოლას აქვს უკეთესი მატერიალური პირობები და სხვა. აკრედიტაციის სისტემა სხვა სისტემებისგან განსხვავებით თავის თავშივე მოიცავს გაუმჯობესების სისტემის არსებობას. სკოლის აკრედიტაციის პროცესის მხოლოდ პირველი ნაწილია მონაცემების შეგროვება და ანალიზი, ხოლო მეორე ნაწილია რეკომენდაციების შემუშავება და ამ რეკომენდაციების საფუძველზე კონკრეტული სკოლის დახმარება საკონსულტაციო სერვისებისა თუ სხვა მხარდაჭერით. აკრედიტაციის სისტემის მსგავსია თანამედროვე ინსპექტირების სისტემებიც, რომელიც ძირითადად იმით განსხვავდება აკრედიტაციის სისტემისგან, რომ აკრედიტაცია ძირითადად სკოლების მეტ ჰორიზონტალურ ურთიერთობას გულისხმობს. აკრედიტაციის სისტემები უმეტესად სკოლების ურთიერთდახმარებისა და ურთიერთშემოწმების პროცესებს გულისხმობს ხოლმე, ხოლო ინსპექტირება უფრო მეტად ზემდგომი ორგანოებისა და ინსპექტორების სპეციალური პროფესიის მქონე პირების მანდატითა და მეშვეობით ხორციელდება.

ქვეყნების უმეტესობა ცდილობს, რომ დახვეწილი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემები შექმნას. ბევრ მათგანისთვის სირთულეს მათთან არსებული, მრავალი წლის განმავლობაში მოქმედი მოძველებული სისტემის შეცვლა წარმოადგენს. ჩვენ ამ მხრივ საბედნიეროდ თავისუფლება გვაქვს. ჩვენთან რაიმე სისტემა სკოლების ვალდებულებებისა და მხარდაჭერის ჯერ არ არსებობს. სისტემის ის საფუძვლები, რომლებიც ბოლო წლებში შეიქმნა და ვაკუუმი ამ მიმართულებით გვაფიქრებინებს, რომ თავიდანვე გამართული სისტემის შექმნის შანსები ჩვენთან მაღალია. ამავდროულად განათლების პოლიტიკის შეცდომებისა და წარმატებების შესახებ ცოდნა სპეციალისტებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი და გასაანალიზებელია. მინდა იმედი ვიქონიო, რომ სწორედ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს და არ მოგვიწევს იმ შეცდომების გამეორება, რომლის საფუძველზე შექმნილი პრობლემების გადალახვაც მრავალ ქვეყანას ათწლეულები დაჭირდა.