წერილი "უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების" კანონპროექტთან დაკავშირებით



საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარეს, ბატონ გიორგი ამილახვარს


საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებს


ძვირფასო პარლამენტარებო, 

ორი წლის წინ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ადრეული და სკოლამდელი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრობას დავთანხმდი, რადგან ეს კიდევ ერთ საშუალებას გამიჩენდა, რომ ენერგია საზოგადო საქმისთვის დამეხარჯა. მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მოგმართავთ თხოვნით, რომ არ დაუჭიროთ მხარი საკანონმდებლო ინიციატივას უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების რეესტრის შექმნასთან დაკავშირებით. ამგვარი რეგულირება განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული ვითარების გაუარესებასა და ახალი პრობლემების გაჩენას გამოიწვევს. 


პოლიტიკის ნებისმიერ ინსტრუმენტი, მათ შორის საკანონმდებლო რეგულაცია საჭიროა შეფასდეს ერთი მხრივ არსებულ სოციალურ თუ პოლიტიკურ პრობლემასთან მიმართებაში, რომლის მოგვარებასაც ის ცდილობს. მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანია შეფასდეს არა ერთი, არამედ რამდენიმე ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულების მიხედვით. თავიდან განვიხილავ, თუ რატომ არ არის ეს საკანონმდებლო ინიციატივა მართებული პრობლემების მოსაგვარებლად. შემდეგ შევეცდები ავხსნა, თუ რატომ შეიძლება შეფასდეს ეს ინიციატივა უარყოფითად სხვადასხვა ღირებულების მიხედვით. 


ინიციატივის დასაბუთება

განათლებისა და მეცნიერების სფეროში სხვადასხვა აქტუალურ პრობლემას შორის უცხოეთის გავლენებთან დაკავშირებით რაიმე დასაბუთებული გამოწვევა არ ჩანს. არ არსებობს რაიმე კვლევა ან საზოგადოებრივი ინიციატივა, წუხილი, რომელიც აშკარას გახდიდა, რომ უცხოეთიდან შემოსული ფინანსური რესურსები საგანმანათლებლო ან სამეცნიერო სივრცეში რაიმე ხიფათს ქმნის, ემუქრება საზოგადოებრივ წესრიგს, ჩვენ მისწრაფებებს თუ საჭიროებების გადაჭრის შესაძლებლობებს. 


ვითარება სრულიად საწინააღმდეგოა. დღეს, განათლებისა და მეცნიერების სფეროში, საქართველოში მრავალი დადებითი პროექტი ხორციელდება საქართველოს მეგობარი ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით. ჩვენი შვილები სწავლობენ სკოლებსა და უნივერსიტეტებში, რომლებიც მნიშვნელოვან ფინანსურ, მატერიალურ და ინტელექტუალურ დახმარებას იღებენ აშშ-ს, ევროპის სახელმწიფოების, კერძო ფონდებისა და მულტილატერალური საერთაშორისო განვითარების სააგენტოებისგან. 


საერთაშორისო მხარდაჭერის პროგრამების მეშვეობით იქმნება ახალი კურიკულუმები, სახელმძღვანელოები, ითარგმნება სამეცნიერო და პროფესიული ლიტერატურა, მიმდინარეობს პროფესორებისა და სკოლის მასწავლებლების კომპეტენციების ამაღლების ღონისძიებები. ტარდება საერთაშორისო კონფერენციები. მიმდინარეობს მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლებისა და მეცნიერების საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტები. რაც მნიშვნელოვანია, ამ პროექტების უმეტესობა, მათ შორის მათი, რომელსაც არასახელმწიფო ორგანიზაციები ახორციელებენ, მიმდინარეობს საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებითა და სახელმწიფოს მხარდაჭერით. 


ამგვარ ვითარებაში, უცხო ქვეყნის გავლენების გასაკონტროლებლად შემოღებული კანონი რომელიც საგანმანათლებლო საქმიანობასაც შეეხება არა რაიმე პრობლემის შემცირებას, არამედ ახალი პრობლემების გაჩენას გამოიწვევს. ეს უფრო თვალსაჩინო გახდება, თუ ამ ინიციატივას სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღირებულების მიხედვით შევაფასებთ. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში რელევანტური იქნება შემდეგი ღირებულების მიხედვით ვიმსჯელოთ: გამჭვირვალება, სამართლიანობა, მორალურობა და თავისუფლება.


გამჭვირვალება
საკანონმდებლო ინიციატივის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ კანონი უფრო გამჭვირვალეს გახდის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მოქმედებას. დიახ, დაფინანსების გამჭვირვალება მნიშვნელოვანია. თუმცა, განათლების სფეროში მოქმედი არასამთავრობო თუ საგანმანათლებლო ორგანიზაციების საქმიანობას თუ გადავხედავთ, მათი ფინანსები ისედაც გამჭვირვალეა, როგორც საქართველოს უკვე არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე დონორი ორგანიზაციების მრავალი და რთული ფინანსური აღრიცხვების მოთხოვნის გამო. აქედან გამომდინარე, ახალი კანონი უფრო გამჭვირვალეს საგანმანათლებლო სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას არ გახდის.


სამართლიანობა

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ყველა ორგანიზაცია, რომელიც თავისი ფინანსების მნიშვნელოვან ნაწილს უცხოური წყაროებიდან იღებს უნდა დარეგისტრირდეს როგორც უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი. ეს მოთხოვნა უსამართლოა, რადგან ორგანიზაციები რომლებიც ემსახურებიან საკუთარ საზოგადოებას, მათ მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების გადაჭრას, საზოგადოებაში ცოდნის ამაღლებას, არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სხვა სახელმწიფოს გავლენის გამტარებელი იმის გამო, რომ მათ მხარდაჭერა საერთაშორისო დახმარების ფონდების მეშვეობით მოიპოვეს. უსამართლოა რომ სახელმწიფომ ადამიანების საქმიანობას უწოდოს ის, რასაც ეს საქმიანობა არ იმსახურებს.


მორალურობა

ცნებების დეფინიცია იცვლება მათი გამოყენების კონტექსტიდან გამომდინარე. “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის” აღქმა იმ საზოგადოებაში, სადაც რამდენიმე ათწლეულის წინ უცხო ქვეყნის აგენტებს უწოდებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ სახელმწიფოს იდეოლოგიას სხვაა და განსხვავდება იმავე ცნების დეფინიციისგან სხვა საზოგადოებაში, რომელსაც ტოტალიტარიზმის საკუთარი გამოცდილება არ გააჩნია. ამორალურია, რომ სახელმწიფომ გააჩინოს შანსი, რომ საქართველოში დამოუკიდებელ ორგანიზაციებს, ცოდნის შექმნასა და გადაცემაზე მომუშავე ადამიანებს უცხო ქვეყნის აგენტების სახელი მიეწებოთ. ეს დაამცირებს ამ ხალხს და უარყოფითად განაწყობს საზოგადოების ნაწილს იმ მნიშვნელოვანი საქმიანობის მიმართ, რასაც ეს ადამიანები ეწევიან. 


არსებობს მოსაზრება, რომ ეს კანონი შეიძლება არ შეეხოს საგანმანათლებლო ორგანიზაციებს. ეს დათქმა საკმარისი არ არის, რადგან საგანმანათლებლო საქმიანობას არა მხოლოდ საგანმანათლებლო ორგანიზაციებად დარეგისტრირებული გაერთიანებები ეწევიან. არაფორმალური განათლება არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე ფორმალური. მრავალი საზოგადოებრივი ჯგუფი და ორგანიზაცია ეწევა ფორმალურად საგანმანათლებლო ორგანიზაციად დარეგისტრირების გარეშე პროექტებს სათემო შესაძლებლობების გასაძლიერებლად, სხვადასხვა გარიყული ჯგუფის საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის, მშობლების, ფერმერების, მწარმოებლების და პროფესიონალების მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლებისთვის. 


თავისუფლება

ცხადია “აგენტების” კანონს აქვს სხვა მრავალი რისკიც, რაც დიდი ალბათობით ქართული საზოგადოების სამოქმედო პირობებისა და მისი საერთაშორისო მისწრაფებების გაუარესებასაც გამოიწვევს. თუმცა, ამ წერილში მე ამ საფრთხეებს დეტალურად არ შევეხები ადრესატი კომიტეტის კომპეტენციიდან გამომდინარე. თუმცა აქვე მნიშვნელოვანია იმაზე დაფიქრება, რომ ამგვარი კანონის მიღება დიდი ალბათობით გამოიწვევს განათლების სფეროში მრავალი მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი, თავისუფალი საქმიანობის შეზღუდვას.


საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ორგანიზაციები, რომლებიც უსამართლოდ მიიჩნევენ მათთვის უცხო ქვეყნის აგენტის იარლიყის მიწებებას და მას არ დაემორჩილებიან - დაჯარიმდებიან და დაიხურებიან. ჩვენ ვიცით, რომ მსგავს კანონებს გამოუწვევიათ საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის ავტონომიურობის კლება. ასე შეიზღუდა ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციის, მემორიალის საქმიანობა რუსეთში. საზოგადოება მემორიალი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში არსებობდა და ზრუნავდა არა მხოლოდ ისტორიის გამოკვლევაზე, ცოდნის გავრცელებაზე, არამედ ასევე თანამედროვეობაში ადამიანის უფლებების დაცვაზეც. მისი უმნიშვნელოვანესი საქმიანობის გამო მემორიალმა 2022 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრიზიც დაიმსახურა. მემორიალის შეზღუდვის პროცესი მაშინ დაიწყო, როდესაც უსამართლოდ ჩათვალეს მათთვის უცხო ქვეყნის აგენტების იარლიყის მიწებება.


საგანმანათლებლო ორგანიზაციების თავისუფლება, რომ სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად აწარმოონ თავიანთი საქმიანობა სახელმწიფოს ინტერესსაც ემსახურება. არასამთავრობო სექტორი, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკას კრიტიკულად აფასებს და პოლიტიკის განსხვავებულ ინსტრუმენტების შემუშავებაზე მუშაობს მნიშვნელოვანი რესურსია განათლების სისტემის გასაძლიერებლად. საგანმანათლებლო ორგანიზაციები კი, რომლებიც დაშინებულები არიან დახურვის, უარყოფითი იარლიყების მიწებებით, ადვილად ექვემდებარებიან სამთავრობო კონიუნქტურას და ვერ იჩენენ დამოუკიდებელ ინიციატივებს. 


ალბათ მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერებაც, რომ თქვენს მიერ მიღებული კანონი არა მხოლოდ თქვენი საპარლამენტო საქმიანობის დროს იქნება მოქმედი. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი მას შემდეგ, რაც თქვენი მანდატი ამოიწურება. რამდენად გექნებათ სურვილი, რომ რომელიმე თქვენი ღირებულებებისთვის მიუღებელმა პარტიამ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეგიზღუდოთ საგანმანათლებლო ან სამეცნიერო საქმიანობა თქვენივე მიღებული კანონის გამოყენებით?


იმედი მაქვს, რომ ამ წერილში მოყვანილი მსჯელობა დაგეხმარებათ საკუთარი გადაწყვეტილების უკეთ შეფასებაში და იმის გააზრებაში, რომ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა ნაკლები სიკეთისა და დიდი ზიანის, საფრთხის მომტანია ჩვენი საზოგადოებისთვის, მათ შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროსთვის. იმედი მაქვს, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივას განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები მხარს არ დაუჭერთ.


პატივისცემით

სიმონ ჯანაშია


განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის

ადრეული და სკოლამდელი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი


3 მარტი, 2023 წელი. 

No comments

Simon Janashia. Powered by Blogger.