განათლების სამინისტროს პოლიტიკა - მივედით დიდაქტიკის პრინციპების გაფუჭებამდეც

by February 27, 2011


დიმიტრი შაშკინი
"მომავალი წლიდან ინგლისური ენის სწავლება I კლასიდან გახდება სავალდებულო. იმიტომ, ინგლიურ ენაში იქნება 12 დონე და შესაბამისად, 12 სახელმძღვანელო. მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ მოსწავლეს მისი დონის შესაბამისი სახალმძღვანელოდან მისცენ დავალება. კლასები გაიყოფა ორ ნაწილად: ძლიერ და სუსტ ჯგუფებად. ეს საშუალებას იძლევა, არ დაიჩაგროს არც სუსტი და არც ნიჭიერი ბავშვი."

ეროვნული სასწავლო გეგმა
"მოსწავლეების დაყოფა სიძლიერის მიხედვით
დაუშვებელია მოსწავლეების განაწილება კლასებში აკადემიური მოსწრების   მიხედვით. ასევე დაუშვებელია, რომ საჯარო სკოლამ მიიღოს მხოლოდ სასკოლო მზაობით გამორჩეული ან მაღალი მოსწრების მქონე მოსწავლეები და სხვებს უარი უთხრას მიღებაზე.  სხვადასხვა ნიჭისა და უნარის,  ცოდნისა და შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები ერთმანეთს ავსებენ გაკვეთილებზე,  ეხმარებიან ერთმანეთს გამოცდილების შეძენაში,  შესაბამისად,  ისინი უკეთეს მოქალაქეებადაც ყალიბდებიან. "

ეს ჩანაწერი ეროვნულ სასწავლო გეგმაში არის 2004 წლიდან, როდესაც პირველი საპილოტე ვერსია გამოქვეყნდა და დღესაც მოქმედებს. შვიდი წელი განათლების სამინისტროს თანამშრომლები  უხსნიდნენ მასწავლებლებს რა არის სასარგებლო და რა არის საზიანო მოსწავლეებისთვის. დღეს როგორც ჩანს საჭიროა, მასწავლებლებმა სამინისტროს თანამშრომლებს აუხსნან იგივე. იხ. ქვემოთ ვიდეო

ახალი წიგნები ბუნებისმეტყველების სწავლების შესახებ

by February 05, 2011
გამომცემლობა National Academies Press 2010 წლის მკითხველთა არჩევანის მიხედვით ათი საუკეთესო წიგნი დაასახელა. აქედან ორი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სკოლაში სწავლებას ეძღვნება:

ა) Surrounded by Science: Learning Science in Informal Environments წიგნი მოიცავს აღწერას იმ გზების, საშუალებების, კომპიუტერული სიმულაციებისა და სხვ. რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია ბუნებისმეტყველების ეფექტურად და მეტი ინტერესით შესწავლა. 
წიგნი შეგიძლიათ უფასოდ გადმოწეროთ გამომცემლობის საიტიდან ან ქართული სერვერიდან. 

ამ წიგნში აღწერილია ის, თუ როგორ შეიძლება ჩავრთოთ მოსწავლეები ბუნებისმეტყველების სწავლებისას აღმოჩენების გზით სწავლაში. წიგნში აღწერილი სწავლება ეყრდნობა საინტერესო კონცეფციას, რომლის მიხედვითაც ბუნებისმეტყველების სწავლება მოიცავს ოთხ მიმართულებას: 1. სამეცნიერო განმარტებების გააზრება; 2. სამეცნიერო მტკიცებულებების გენერირება; 3. სამეცნიერო ცოდნაზე რეფლექსია; 4. მეცნიერებაში პროდუქტიული ჩართულობა. 
წიგნი შეგიძლიათ უფასოდ გადმოწეროთ გამომცემლობის საიტიდან ან ქართული სერვერიდან.

რომელ სასკოლო თაობაზე იმოქმედა ე.წ. ტრიმესტრულმა სწავლებამ?

by November 13, 2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი, ზოგიერთი მოსწავლე, ჟურნალისტი და სხვ. ხშირად აცხადებს, რომ ტრიმესტრულად საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების დანერგვამ არ გაამართლა და შედეგები გააუარესა, რაც ვიცით საერთაშორისო კვლევებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით. 2010-11 სასწავლო წელს ამ თემამ დამატებითი აქტუალობა შეიძინა საყოველთაო საატესტაციო გამოცდებთან დაკავშირებით. 

გთავაზობთ, თვალსაჩინოებას, სადაც ჩანს თუ რომელ წლებში და რომელ თაობებში ხდებოდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა. 



ამ სქემაში ჩანს შემდეგი:
  • თაობა, რომელიც 2011 წლის გაზაფხულზე ამთავრებს სკოლას, ტრიმესტრულად საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს (და სხვათა შორის ასევე საზოგადოებრივ მეცნიერებებსაც) სწავლობდა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც ისინი 10-ე კლასში იყვნენ. 1-9 კლასები, მათ ძველი სასწავლო გეგმით აქვთ ნასწავლი.
  • იგივე თაობაზე ჩატარდა საერთაშორისო შეფასების კვლევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ამ თაობას ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია, 6-ე, 7-ე და -8ე კლასებში ნასწავლი ჰქონდა ძველი სასწავლო გეგმით (სადაც სამივე ეს საგანი ერთდროულად, მთელი წლის განმავლობაში და არა-ტრიმესტრულად სწავლობენენ. ეს მოსწავლეები სწავლობენენ ასევე ძველი სახელმძღვანელოებით. შედეგები იყო კატასტროფული რითიც დასტურდება, რომ ტრიმესტრების შემოღებამდე სწავლება არაეფექტური იყო და საჭირო იყო ცვლილებები.
  • 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩამბარებელი თაობა იყო ის თაობა, რომელსაც მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა ნასწავლი საბუნებისმეტყველო საგნები ტრიმესტრულად 10-ე კლასში. 1-9 კლასები, მათ ძველი სასწავლო გეგმით ჰქონდათ ნასწავლი.

TIMMS-ის შედეგების წარმოჩენისას ქალბატონ მაია მიმინოშვილს არასოდეს არ უთქვამს, რომ ეს მოსწავლეები სწორედაც რომ ე.წ. ”არატრიმესტრული” სისტემით სწავლობენენ. სამაგიეროდ  გეგმაზომიერად ხდება იმ მოსაზრების კულტივირება, რომ საერთაშორისო შეფასებებზე ჩვენი დაბალი შედეგი სწორედაც რომ ახალი სისტემის ნაკლის ინდიკატორია. სამწუხაროა, რომ არა მხოლოდ პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გვაწვდიან დაუსაბუთებელ და მონაცემებით გამყარების გარეშე მოგონილ მოსაზრებებს, არამედ ისინიც, რომელთა სიტყვის სანდოობაზე მრავალი საგანმანათლებლო წარმატებაა დამოკიდებული.

სასარგებლო ბმულები:
1. ერთიან ეროვნულ გამოცდების შედეგების გაუარესებასთან დაკავშირებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში იხ. შემდეგ სტატიაში.

სახელმძღვანელოების მართვა

by November 03, 2010
მოცემულ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ შედარებითი მიმოხილვა, თუ როგორ ხდება სხვადასხვა სახელმწიფოში სახელმძღვანელოების სისტემის მართვა.


წყარო

International Review of Curriculum and Assessment Frameworks
Comparative tables and factual summaries - 2004
Sharon O’Donnell
December 2004

სახელმძღვანელოების სტატისტიკა 2010

by August 04, 2010
ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრმა გამოაქვეყნა 2010 წელს გრიფირებული სახელმძღვანელოების სკოლების მიერ არჩევის სტატისტიკა. სრული სტატისტიკა შეგიძლიათ ნახოთ აქ

რამოდენიმე დაკვირვება

1. ასეთი მონაცემები ძალიან სასარგებლოა გამომცემლობებისთვის, რადგან მათ შეუძლიათ უკვე წინასწარ დაგეგმონ საკუთარი ტირაჟები. ასევე მნიშვნელოვანია გამომცემლობებისთვის საკუთარი მარკეტინგული დაგეგმვის გასავითარებლად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სკოლებს აქვთ ვალდებულება, რომ არჩეული სახელმძღვანელოები 5 წლის განმავლობაში არ შეცვალონ, ეს მონაცემები გრძელვადიანი დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა. სახელმწიფოს კი ეძლევა შესაძლებლობაა, რომ ხუთწლიანი ვადის მონიტორინგი მეტნაკლები ეფექტურობით განახორციელოს.
2. სკოლებს შესარჩევად არ ჰქონდათ დიდი დრო. მიუხედავად ამისა, შერჩევის სტატისტიკა გვაძლევს შესაძლებლობას ვიმსჯელოთ თუ რომელი სახელმძღვანელოებია ყველაზე პოპულარული. შესაძლოა ასეთმა სტატისტიკამ ასევე სკოლების არჩევანზე იმოქმედოს მომავალში.
3. კარგი იქნებოდა, რომ მონაცემები ყოფილიყო მოცემული სკოლის ტიპების მიხედვით (ქალაქის, სოფლის, საჯარო, კერძო სკოლები). სოფლისა და ქალაქის მონაცემები სხვა საინტერესო ინფორმაციასთან ერთად გვაძლევს შესაძლებლობას უფრო უკეთ დავგეგმოთ მოსწავლეების რაოდენობები. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სოფლის სკოლები უფრო მცირეკონტიგენტიანია. ასევე ქალაქებში სახელმძღვანელოების შესყიდვის უნარიანობა უფრო მაღალია. მართალია კერძო სკოლების მონაცემები არის მოცემულ ცხრილში, მაგრამ მათი გამოხშირვა საკმაოდ რთულია და სახელოწოდებების ანალიზით არის მხოლოდ შესაძლებელი. კერძო სკოლების მონაცემები შესაძლოა გვაძლევდეს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებითაც, თუ რომელი წიგნები ითვლება უფრო მიმზიდველად კერძო სექტორისთვის. სავარაუდოდ კერძო სექტორი უფრო თავისუფალია და სწრაფად რეაგირებს ინოვაციური შინაარსისა და მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოების მიმართ.
4. ზოგიერთ შემთხვევაში ჩანს ვარიაცია სკოლების რაოდენობების მიხედვით. მაგ. მონაცემები მეხუთე კლასში ქართულის სახელმძღვანელოს შესახებ გვაქვს 2002 სკოლიდან, მათემატიკის 2037, ბუნებისმეტყველების 1978 სკოლიდან და ა.შ. როგორც ჩანს სკოლებს გაუჭირდათ ზუსტად ინფორმაციის მოწოდება.

ქვევით გთავაზობთ 5-ე კლასის სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაციას ვიზუალური ფორმით.

პირველ გვერდზე ხედავთ დაჯამებულ მონაცემებს. გვერდის ქვედა ნაწილში არიჩიეთ მონაცემები საგნების მიხედვით.
* მეხუთე კლასში ისტორიისა და ფიზიკური აღზრდის სახელმძღვანელოების ვიზუალიზაცია არ გაგვიკეთებია, რადგან ამ საგნებში, ამ კლასში მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოა.


მაშინ, როცა რუკა ვერ ხდება ტერიტორია

by July 28, 2010
გამოქვეყნდა ჟურნალ ”ლიბერალში”

მაშინ, როცა რუკა ვერ ხდება ტერიტორია
22 ივლისი, 2010

2011 წლიდან ატესტატის მისაღებად მოსწავლეებს დაახლოებით ათ საგანში მოუწევთ გამოცდის წარმატებით ჩაბარება. ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზად მთავრობამ - მოსწავლეების მობილიზების ხელშეწყობა, სწავლის მოტივაციის, მოსწავლეების ცოდნის ხარისხისა და მოცულობის გაზრდა დაასახელა. ამ მიზნების მისაღწევად გამოცდების სისტემის გამოყენება უტოპიური და არაკომპეტენტური გზაა.
იმისთვის, რომ გავარკვიოთ თუ რამდენად მოემსახურება ეს გამოცდები ქართველი მოსწავლეების ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებას, უნდა გავიაზროთ ამ გამოცდის ფორმატი და შინაარსი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, მოსწავლეს გამოცდაზე მოუწევს "მინიმალური კომპეტენციის ზღვარის" გადალახვა, იმისთვის, რომ დაადასტუროს საკუთარი მზადყოფნა სკოლის ატესტატის მისაღებად.
რა შეიძლება იგულისხმებოდეს მინიმალური კომპეტენციების ზღვარში? პასუხის საილუსტრაციოდ მინისტრი ხშირად ამბობს, რომ გამოცდებზე მოსწავლეს დასჭირდება მათემატიკური ოპერაციების შესრულებაში იმგვარი კომპეტენციის ფლობა, როგორიც მაგალითად 80-ის ხუთი პროცენტის გამოთვლისთვის არის საჭირო. ასევე ითქვა ისიც, რომ ეს გამოცდა უზრუნველყოფს, რომ მოსწავლე, რომელმაც არ იცის, თუ რა იწვევს ბუნებრივი სეზონების ცვლას, ვერ მიიღებს ატესტატს.
ერთი შეხედვით, მშვენიერი იქნება, თუ ატესტატის ყველა მფლობელს ექნება ამგვარი კომპეტენციები. ასევე საუცხოო იქნებოდა, გამოსაშვები გამოცდები ამ კომპეტენციების მიღწევას მართლაც რომ უწყობდეს ხელს. იმის დასაჯერებლად, რომ მოსწავლე, რომელსაც პროცენტის გამოთვლა არ ეცოდინება, ატესტატს ვერ აიღებს, ის უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ უზრუნველყოფს გამოცდის ფორმატი ამას.
წარმოიდგინეთ მოსწავლე, რომელიც მათემატიკაში გამოსაშვებ გამოცდას აბარებს. დავუშვათ, რომ ტესტზე ორმოცდაათი კითხვაა. მათ შორის არის ერთი, ორი ან სამი, რომელიც პროცენტის გამოთვლას ეხება. იმ შემთხვევაში, თუ ტესტზე დაწესებულია გამსვლელი ქულა (მაგ. სწორი პასუხების 50%), მაშინ დასაშვები ხდება, რომ მოსწავლე, რომელსაც არ ეცოდინება პროცენტის გამოთვლა, სხვა ცოდნის საფუძველზე, ე.წ. მინიმალური კომპეტენციის ზღვარს მაინც გადალახავს. ერთადერთი გზა, რომლითაც ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ტესტირების ფარგლებში წარმატებულ მოსწავლეს ეცოდინება პროცენტის გამოთვლა, ის არის, რომ კონკრეტულ შეკითხვაზე სწორი პასუხების გაცემა იყოს სავალდებულო და არა გამსვლელი ქულის გადალახვა. აპირებს ასეთი მოთხოვნების შემოღებას სახელმწიფო გამოსაშვებ ტესტებზე? სავარაუდოდ - არა!
იმის დასადგენად, თუ რამდენად უზრუნველყოფს გამოცდა განათლების მინიმალურ ხარისხს ან ცოდნას, მნიშვნელოვანია ტესტის შინაარსიც შევისწავლოთ. თვალსაჩინოებისთვის გადავხედოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ "2011 წლის ატესტატის მინიმალური კომპეტენციის პროგრამას" ისტორიაში. გთავაზობთ მცირე ექსპერიმენტს. სანამ სტატიის კითხვას გააგრძელებთ, გამოიცანით, ჩამოთვლილთაგან რომელი საკითხები არ იქნება გათვალისწინებული მინიმალური კომპეტენციების დასადგენი სკოლის დამამთავრებელი ტესტის ფარგლებში?
1. ძველი ეგვიპტის ცივილიზაცია
2. ძველი შუამდინარეთის ცივილიზაცია
3. ძველი ინდური და ჩინური ცივილიზაციები
4. მეზოამერიკული ცივილიზაციები
5. ხალხთა დიდი გადასახლებები
6. ოტომანთა იმპერია
7. შუა საუკუნეების დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები
8. მსოფლიო რელიგიები
9. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარება
10. სახელმწიფოების მოწყობის მოდელები
11. ისტორიული წყაროები, მათი ანალიზი და ინტერპრეტირება
12. ისტორიული კვლევის დაგეგმვა და განხორციელება
თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე ეს საკითხი შესულია ე.წ. "მინიმალური კომპეტენციების სტანდარტში", ცდებით. გამოსაშვებ ტესტში საკითხები ამ თემების შესახებ არ იქნება. სამაგიეროდ, არის შესული 39 დასახელების სხვა საკითხი. მაგალითად, სკოლადამთავრებულმა გამოცდაზე უნდა დაადასტუროს, რომ იცის - ვინ იყო ფარსმან ქველი და მურვან ყრუ. ამავე დროს მას არ სჭირდება იმის გამოვლენა, რომ იცის, ვინ იყო რამზესი, შარლემანი, კოლუმბი ან იმის ცოდნა, თუ რა განსხვავება და მსგავსებაა მონარქიასა და დემოკრატიას  შორის. როგორ შეიძლება ეს გამოცდა კომპეტენტურობის საზომი იყოს, თუ მოსწავლეს ასეთ მნიშვნელოვან ცოდნის დადასტურებას არ ვთხოვთ?
ერთი შეხედვით გამოცდის შინაარსობრივი ნაკლის პრობლემის გადაჭრა მარტივია. დავამატოთ ეს საკითხები საგამოცდო პროგრამას, და ყველაფერი მოგვარდება. თუ რაიმე გამოგვრჩება, მომავალში მათაც აუცილებლად დავამატებთ. შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ გამოსაცდელ საკითხთა წრე მუდმივად გავაფართოვოთ. კაცმა რომ თქვას, თუ გამოსაშვები გამოცდების იდეის ავტორებს დავეთანხმებით, გამოცდა ხომ სწორედ ცოდნას განაპირობებს და რასაც შევიტანთ გამოცდაზე, ის ეცოდინებათ ჩვენს მოსწავლეებს.
ეს მიდგომაა სწორედ უტოპიური. განათლების სისტემა ამ გზით ვერაფერს  მიაღწევს. სამაგიეროდ, ასე, შესაძლოა, რეალობაში გავაცოცხლოთ ბორხესისა და ლუის კეროლის ნაწარმოებებში აღწერილი სასაცილო ვითარება, როდესაც კარტოგრაფები რუკის სიზუსტის გასაზრდელად სულ უფრო მეტად დეტალიზებულს ხდიან მას. საქმე ბოლოს იქამდე მიდის, რომ რუკა 1:1 მასშტაბის ხდება და თითქმის ზუსტად იმეორებს  ლანდშაფტს. ასეთი რუკა აზრს კარგავს, რადგან პრაქტიკულად გამოუსადეგარია.
ასევე შეიძლება დამთავრდეს ჩვენი მცდელობა, რომ იმის ნაცვლად, რომ რუკა ნავიგაციისთვის გამოვიყენოთ, ლანდშაფტის შეფასების მთავარ ინსტრუმენტად განვიხილოთ. ბუნების გასაცნობად რუკა არასოდეს იქნება საკმარისი, ისევე როგორც ტესტი ვერასოდეს იქნება მოსწავლის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგების მთავარი საზომი. ტესტი ვერც მისი კომპეტენტურობის საწყაო იქნება, რადგან კომპეტენცია ნიშნავს კონკრეტული ამოცანის შესრულებისათვის საჭირო უნარს. იგი მოიცავს უნარების, ცოდნისა და ქცევის ერთობლიობას (განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისთვის - ავტ.).
ცხოვრებისეული პრობლემებისა და ამოცანების ნაირგვაროვნება კი ისევე შეზღუდულად შეიძლება ავსახოთ ტესტში, როგორც ბუნებრივი მრავალფეროვნება რუკაზე.
ერთი მხრივ, იდეის ავტორები მართლები არიან. ტესტი იმით განსხვავდება რუკისგან, რომ მას იმის შეცვლა შეუძლია, რასაც ის აღწერს. არ სჭირდება მოსწავლეს აცტეკებისა და ინკების შესახებ ცოდნა, რადგან ეს მინიმალურ კომპეტენციებში არ შედის. არც იმის ცოდნა სჭირდება, თუ რა არის იუდაიზმი. არც იმის ცოდნა სჭირდება, თუ როგორ უნდა გაარკვიოს ისტორიული წყარო ავთენტურია თუ არა, რადგან ეს საკითხები გამოცდაზე არ იქნება. სამაგიეროდ, მოსწავლეს შევუწყობთ ხელს, რომ ის საკითხები "ისწავლოს", რაც გამოცდაზე იქნება. ეს მიდგომა კი იმას ჰგავს, რომ ისეთი რუკა შევქმნათ, რომელიც, თავისი შეზღუდულობის გამო,  ბუნებრივ გარემოსაც უბიძგებდეს შეზღუდულობის, მაგრამ გაზომვადობისა და სტანდარტიზებულობისკენ. სამაგიეროდ, ასეთი რუკა არასდროს მოგატყუებთ და ისევე, როგორც გამოსაშვები გამოცდებით გამყარებული ატესტატი, მხოლოდ "ჭეშმარიტ" ინფორმაციას მოგაწვდით.


ა. ლომაია დირექტორების არჩევნებთან დაკავშირებით

by July 01, 2010
ალექსანდრე ლომაიას სიტყვა სკოლის დირექტორების პირველ არჩევნებთან დაკავშირებით

”მოგესალმებით. დირექტორების არჩევნებით სკოლებში დაიწყო დემოკრატიული მმართველობის ეტაპი, რამაც კომუნისტური მმართველობის ფორმა დაასრულა. ზუსტად
ერთი წლის წინ, სკოლებში დემოკრატიული თვითმმართველობის ჩამოყალიბების ეტაპისა მეურვეო საბჭოს არჩევნებით დაიწყო და ლოგიკურად, გეგმაზომიერად დასრულდა არჩევნებით. საერთო ჯამში ამ პროცესში მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის 800 ათასზე მეტი მოქალაქე. მე მინდა, თითოეული მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო იმის გამო, რომ მათ მხარდაჭერა განოუცხადეს თვითმმართველობის ახალ სისტემას.

ახალი სკოლა ძველისგან რამდენიმე ნიშნით განსხვავდება:
1.მოსწავლე დემოკრატიულ სკოლაში არის არა საშუალება,ჭანჭიკი,არამედ მიზანი;
2.ახალ სასკოლო გარემოში გაიზრდებიან არა იდეოლოგიზებული მოქალაქეები, არამედ თავისუფლად და კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებები;
3.მოსწავლეებს,მასწავლებლებს, მშობლებს და დირექტორებს გადაეცათ ყველა ის სახელისუფლო ბერკეტი, რომელიც საჭიროა სკოლის ღირსეული გაძღოლისა და განვითარებისთვის;
4.სახელმწიფო აღარ იქნება დაკავებული წვრილმანი,ყოველდღიური მეურვეობით, სკოლების ყოველდღიურ საქმეებში ჩარევით

რა რჩება უცვლელი? პირველ რიგში, უცვლელია ათიათასობით პედაგოგის თავდადება ქართული სკოლისადმი. ასევე, სახელმწიფოს ზრუნვა იმისათვის, რომ სასკოლო გარემო გაუმჯობესდეს. სახელმწიფო უზრუნველყოფს ცოდნისა და უნარების საყოველთაოდ აუცილებელი სტანდარტების შესრულებას და სასკოლო გარემოს გაუმჯობესებას. და მაინც, პირველ რიგში, უნდა გაუმჯობესდეს პედაგოგთა მატერიალური და სოციალური პირობები. რამდენიმე დღეში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას სწორედ სასკოლო დაფინანსების შემდგომ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

დღეს სკოლაში მოვიდნენ ახალი ლიდერები. ათასამდე სკოლაში ისინი მოვიდნენ ახალი ენერგიით, ახალი ცოდნით, ახალი ენთუზიაზმითა და ახალი პასუხისმგებლობით. არჩეული დირექტორების საშუალო ასაკი44 წელია. უმრავლესობა მათგანს აქვს პედაგოგიური გამოცდილება, მათ შორის არიან ისეთებიც(დაახლოებით15%), რომელსაც პედაგოგიური გამოცდილება არ აქვს. მითუმეტეს მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ასეთ ადამიანებს სამეურვეო საბჭოებმა ნდობა გამოუცხადეს. მე და ჩემი თანამოაზრეები მოხარულები ვართ, რომ სწორედ ჩვენს თაობას ხვდა წილად ჩვენი ერის საუკეთესო შვილების ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, დიმიტრი უზნაძის ოცნებების ხორცშესხმა. სწორედ ისინი ოცნებობდნენ ისეთ დემოკრატიულად მოწყობილ სკოლაზე, სადაც მოსწავლეებს ექნებოდათ საშუალება მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანათ სკოლის მართვაში. ისინი ოცნებობდნენ იმ სკოლაზე, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა არა საზეპიროებზე და დაზუთხვაზე, არამედ კრიტიკულ ანალიზსა და აზროვნებაზე, მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაზე.

მიხარია, რომ ის ინიციატივა, რომელიც2002 წელს თბილისის საკრებულოში მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით წამოიწყო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, განხორციელდა საქართველოს სკოლების აბსოლიტურ უმრავლესობაში. ეს უზარმაზარი წარმატებაა, რომელშიც თავისი წვლილი გაიღო სამინისტროს უამრავმა თანამშრომელმა, ჩვენმა რესურს-ცენტრებმა და, რა თქმა უნდა, მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა. მადლობა ყველას.”

თბილისი 09/07.2007


ტექსტის ოფიციალური ვერსია:
http://www.scribd.com/doc/33775130/1193224981-1189674802-Lomaia-s-speech-on-elections-090707


Simon Janashia. Powered by Blogger.