ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიში, რომელიც განათლების პრობლემებს დაეთმო. ანგარიში ერთ-ერთი იშვიათი მცდელობაა არასამთავრობო სექტორის მხრიდან, რომ განათლების სფეროში დახარჯულ რესურსებსა და შედეგებს შორის კავშირი გაანალიზოს. ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე პრობლემაზე. ეს ბლოგი ერთ-ერთ მოყვანილ პრობლემას ეხება.
(შესწორება: ბლოგის პირველ ვერსიაში ეწერა, რომ დაახლოებით 4.4 ათასი წავიდა პროფესიულში. მადლობა ლელა ჩახაიას შეცდომის მითითებისთვის).
ანგარიშის რეზიუმეში, განათლების ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემების ჩამონათვალში ვკითხულობთ: "2016-2018 წლებში სკოლის გამოსაშვები გამოცდები წარმატებით მოსწავლეთა საშუალოდ 77%-მა ჩააბარა, მაშინ როცა 2011-2015 წლებში წარმატების საშუალო მაჩვენებელი 84% იყო. ყველაზე პრობლემური საგნები კი ფიზიკა, მათემატიკა და უცხო ენაა."
თავად ანგარიშის ტექსტში კი დამატებით შეგვიძლია წავიკითხოთ: "2018 წლის შედეგები 2017 წლის შედეგებზე უკეთესია, თუმცა, მე-11 კლასის შემთხვევაში 2016 წლიდან და მე-12 კლასის შემთხვევაში 2012 წლიდან 2017 წლამდე გამოცდების წარმატებით ჩაბარების მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდებოდა."
გთავაზობთ შევხედოთ ჩემ ხელში არსებულ მონაცემებს. სამწუხაროდ, 2018 წლის გამოსაშვები გამოცდების მონაცემები არ მაქვს. თუმცა ზოგადი სურათის დასანახავად 2011-2017 წლების მონაცემებიც საკმარისია.
ზედა ცხრილი შედგენილია NAEC-ის მონაცემებით. ამ ცხრილიდან ჩანს, რომ სურათი არც ისეთი ერთმნიშვნელოვანია, როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშშია. უარყოფით ტენდენციაზე საუბარი რთულია. მიუხედავად იმისა, რომ 2016-2017 წლებში, ჩაჭრილთა წილი გამოსაშვებ გამოცდებზე, როგორც პირველად გასულებს ისე განმეორებით გასულებს შორის გაიზარდა 2012-15 წლებთან განსხვავებით, თუ დავაკვირდებით, დავინახავთ იმასაც, რომ:
ა) 2016-2017 წელს 2012-2015 წლებთან შედარებით გაიზარდა დარეგისტრირებულ და გამოცდაზე გასულების რაოდენობა
და
ბ) 2017 წელს მნიშვნელოვნად მეტი იყო განმეორებით გამოცდაზე გასული (13,941 ადამიანი) ვიდრე წინა წლებში.
რას შეეძლო გამოეწვია გამოცდების მონაწილეების რაოდენობის ცვლილება? გადავხედოთ სკოლის მიტოვების მაჩვენებლებს ამავე წლებში.
საქსტატის მონაცემებს თუ გამოვთვლით, გამოჩნდება, რომ 2012-2015 წლებში 10-12-ე კლასებში მნიშვნელოვნად მეტმა მოსწავლემ მიატოვა სკოლა, ვიდრე 2016-2017 წლებში. განსაკუთრებით მაღალი იყო ეს მაჩვენებელი 2012-2014 წლებში სადაც მიტოვების მაჩვენებლები წელიწადში დაახლოებით 14,5-დან 17 ათას მოსწავლემდე მერყეობდა.
თუ კიდევ უფრო დეტალურად, კლასების მიხედვით დავაკვირდებით მიტოვების მაჩვენებლებს, შემდეგი სურათი გვექნება.
ზედა ცხრილში ერთი უცნაურობა ჩანს. 2012 წლის თაობაში მეთორმეტე კლასელების დაახლოებით 16.5 პროცენტმა მიატოვა სკოლა. ეს მონაცემი მხოლოდ იმიტომ არ არის უცნაური, რომ სხვა წლების მონაცემებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. უცნაური ის არის, თუ რატომ გადაწყვიტა 11 კლასის დამთავრების შემდეგ, სწავლის ბოლო წელს, მოსწავლეების დახლოებით მეექვსედმა სკოლიდან გასვლა.
თუ მონაცემებს დავაკვირდებით, იმას ვნახავთ, რომ სკოლის მიტოვების მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით 2013-2014 წლებში უკვე მე-10-2 და მე-11-ე კლასებში გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი მეათე კლასში 2014-2015 წლებში იყო. ხოლო მეთერთმეტეში 2013 წელს.
ასევე ჩანს, რომ 2015 წლიდან სკოლის მიტოვების პროცენტულმა მაჩვენებელმა მე-11-ე და მე-12-ე კლასებში დაიკლო.
რა შეგვიძლია გამომდინარეობდეს ამ მონაცემებიდან? შეგვიძლია რამდენიმე ვარაუდი გამოვთქვათ:
ა) გამოსაშვები გამოცდების 2011 წელს შემოღების შემდეგ, უეცრად გაიზარდა სკოლის მიტოვების მაჩვენებელი. ეს შეიძლება გამოიწვია იმან, რომ მოსწავლეების ნაწილმა ჩათვალა, რომ აზრი აღარ ჰქონდა სწავლის გაგრძელებას, რადგან გამოცდებზე წარმატების იმედი აღარ ჰქონდათ. ასევე, 2011-2012 წლებში სკოლების შეფასების სისტემა გამოსაშვები გამოცდების ქულებს ითვალისწინებდა სკოლის დირექტორების წახალისებისა და დასჯის დროს. ამიტომაც სკოლების და ასევე ადგილობრივი ბიუროკრატიის ინტერესი გაიზარდა, რომ სარისკო შედეგის მქონე, შედარებით სუსტი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები გამოცდებამდე არ მიეშვათ.
ბ) მოსწავლეების მიერ სკოლის მიტოვებამ, 2013-14 წლებთან შედარებით, 2015 წლის შემდეგ დაიკლო. გამოსაშვებ გამოცდებზეც უფრო მეტი და სავარაუდოდ უფრო მეტი სუსტი აკადემიური შედეგის მქონე მოსწავლე რეგისტრირდებოდა ვიდრე წინა წლებში და ამან გაზარდა ჩაჭრილების პროცენტული წილიც. შესაბამისად საერთაშორისო გამჭვირვალობის დასკვნა განათლების ხარისხის გაუარესების ტენდენციაზე მართებული არ არის.
უფრო მართებული იქნებოდა, განათლების ხარისხის პრობლემაზე მსჯელობისას ამ წლების მონაცემების განხილვისას ფოკუსირებულები ვიყოთ არა გამოცდების ქულობრივ მაჩვენებლებზე, არამედ გამოცდებზე ორიენტირებული სისტემის შედეგების განხილვაზე. ვითარების ამსახველი დამატებითი მონაცემი კი შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ.
2014-2017 წლებში 17 წლამდე ასაკის მოსწავლეებს შორის 23 ათასზე ცოტა მეტმა ადამიანმა მიატოვა სკოლა 12 კლასის დასრულებამდე. მათ შორის კი მხოლოდ დაახლოებით 6.5 ათასი ადამიანი წავიდა პროფესიულ სასწავლებელში*. დანარჩენების დიდი ნაწილი კი დიდი ალბათობით შეურთდა დაბალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებისგან შემდგარ სამუშაო ბაზრის სექტორებს, ან უმუშევრების რიცხვს.
(შესწორება: ბლოგის პირველ ვერსიაში ეწერა, რომ დაახლოებით 4.4 ათასი წავიდა პროფესიულში. მადლობა ლელა ჩახაიას შეცდომის მითითებისთვის).
Post a Comment