სკოლიდან ერთი (ვერ) დათხოვნილი მასწავლებლის ისტორია




თონეთის სკოლის მასწავლებლის დათხოვნის ოქმი
ნაწყვეტი ოქმიდან.
1888 წლის 11 ივნისს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ რევიზორის ანგარიშის საფუძველე, ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ, გადაწყვიტა: "თონეთის სკოლის მასწავლებელი დათხოვნილ იქმნას არზით და ჯამაგირი მიეცეს პირველ სექტემბრამდის. სეკრეტარს მიენდოს მასწავლებლის მონახვა..."(1).

რევიზორმა დაადგინა, რომ სკოლა კარგად ორგანიზებული არ იყო და არც მოსწავლეებს ჰქონდათ კარგი შედეგები. აი რა ეწერა რევიზიაში:
  1. მე-4 განყოფილება სკოლაში არ ყოფილა(2).
  2. ნასადილევს სწავლება სრულიად არ ყოფილა.
  3. საღვთო სჯული მეტად სუსტად იციან ყველა განყოფილებაში.
  4. პირველ განყოფილებაში ბავშვები ჩათვლით კითხულობენ ქართულს. მომეტებული ნაწილი მე-II განყოფილებაშიაც სუსტად კითხულობს. ჯეროვნად ვერა კითხულობენ ლექსებს... კითხვაში ჩქარობენ. 
  5. არითმეტიკა ყველა განყოფილებაში სუსტად იციან. პირველ განყოფილებაში სრულიად არ იციან თვეს რამდენი დღე აქვს და გირვანქას რამდენი მისხალი. მე-II-შიაც არ სცოდნიათ. ვერ გაჰყვეს 30 ხუთ თანასწორ ნაწილად...
  6. არითმეტიკის რვეულები სრულიად არავის ჰქონდა.. ქართული წერა ცუდ მდგომარეობაშია... შეცდომები მასწავლებელს არ გაუსწორებია. 
  7. სოფლის მცხოვრებთა მომეტებული ნაწილი უჩივის მასწავლებელს// და სურს, რომ ის გადაყვანილ იქნეს.
ამ მასწავლებელს ილია ჭავჭავაძესთან თონეთის მამასახლისი და მოსამართლეებიც უჩიოდნენ. მოგვაშორეთ ეს კაცი, არც საქმეს აკეთებს კარგად და კრიტიკასაც მძიმედ იღებსო. ეგ ნადირობაზე ხარჯავს მთელ დროს, ბავშვები გააქცია სკოლიდან თავისი დესპოტური დამოკიდებულებით და კრიტიკასაც არ იღებსო. "Мало вего этого, он даже между поселянами производит бунт и скандал и при... сопротивлении... обнажает кинжал и не прочь отрубить первостречному голову" - წერდნენ მომჩივნები.

შემდეგ კი გაირკვა, რომ სოფლის მოსამართლეებმა წერა არ იცოდნენ და ისე მოაწერეს ხელი საჩივარს, მაგრამ წერა-კითვის გამავრცელებელ საზოგადოებაზე მაინც დაუტოვებია ამ წერილს ცუდი შთაბეჭდილება. საზოგადოების გამგეობამ სოფლის მაცხროვრებლების თხოვნაც არ გაითვალისწინა, რომელიც ამ წერილში გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფდა.

ეს ამბავი, ბევრი რამით არის საინტერესო, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს მასწავლებელი იმ დროისთვის უკვე ცნობილი ადამიანი იყო, მან მხოლოდ ორი წელი იმუშავა სკოლაში. სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, 27 წლის ასაკში ის თავის მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა და პედაგოგიური საქმიანობისაკენ აღარ გაუხედია. 

ირონიული ამ ამბავში კი ის არის, რომ ეს ადამიანი სინამდვილეში სკოლიდან არასოდეს წასულა. ლუკა რაზიკაშვილის, იგივე ვაჟა ფშაველას შვლის ნუკრის ნაამბობი, ხმელი წიფელი, გოგოთურ და აფშინა, არწივი, ალუდა ქეთელაური, სტუმარ-მასპინძელი და სხვა ნაწარმოებები მის მადლიერ მემკვიდრეებს სიკეთის რწმენას, საკუთარ ენასა და  წარსულს უკვე 100 წელზე მეტია, რაც გვასწავლის.



1. მომხრეები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, გრიგოლ ვოლსკი, ექვთიმე თაყაიშვილი და ანასტასია თუმანიშვილი. მოწინააღმდეგეები: ალექსანდრე ჭყონია, ნიკო ცხვედაძე და დ. ფავლენიშვილი;
2. განყოფილება - დღევანდელი გაგებით კლასია.

გამოყენებული ლიტერატურა: მაქს. ბერძნიშვილი: ეპიზოდი ვაჟა-ფშაველას პედაგოდიურ მოღვაწეობიდან. სწავლა-აღზრდის ისტორია საქართველოში. მასალების კრებული I. თბილისი: პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, 1937. თბილისი.

No comments

Simon Janashia. Powered by Blogger.