რატომ არის მნიშვნელოვანი სკოლების აკრედიტაცია?

by June 28, 2009
სკოლებში ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე სისტემა, რომელიც აწყობილია ე.წ. მენეჯერიალიზმის პრინციპებზე გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო ადამიანს (მოსწავლეს) აძლევს ფინანსებს იმისთვის, რომ სერვისი შეისყიდოს. სახელმწიფო ამავე დროს ცდილობს, რომ ერთი მხრივ მონიტორინგი განახორციელოს იმის, თუ რამდენად შეესაბამება სერვისის მიმწოდებლების დონე იმ მოთხოვნებს, რაც აუცილებელია მისი მიზნების მიღწევისთვის, ხოლო მეორე მხრივ ცდილობს, რომ დაეხმაროს სერვისის მიმწოდებლებს ხარისხის გაუმჯობესებაში. თავისთავად, მონიტორინგი არა მხოლოდ იმისთვის ხორციელდება, რომ სახელმწიფომ იცოდეს თუ რაში იხარჯება მისი ფული, ან აქვთ თუ არა მის მოქალაქეებს დაიკმაყოფილონ მათი ფუნდამენტური უფლება მიიღონ განათლება. მონიტორინგი თავის მხრივ ინსტრუმენტია მეორე მიზნის მისაღწევად, ანუ ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ერთერთი გზა ხარისხის მონიტორინგისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის არის სწორედ სკოლების აკრედიტაცია.

რისი მონიტორინგი და რისი ხარისხის გაუმჯობესებას უნდა გულისხმობდეს სკოლების აკრედიტაცია
1. სასწავლო პროცესი:
- რამდენად სრულდება ეროვნული სასწავლო გეგმა
- რამდენად ეფექტურად იყენებენ სწავლების მეთოდებს მასწავლებლები
- რამდენად არის სკოლა ორიენტირებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განვითარებაზე
- რამდენად აქვს მოსწავლეს შესაძლებლობა საკუთარი ინტელექტუალური, სოციალური თუ ფიზიკური პოტენციალის მაქსიმალური რეალიზებისა და განვითარებისთვის.
2. სკოლის ინფრასტრუქტურა
- რამდენად აქვს სკოლას ის ფიზიკური პირობები, რომ მოსწავლეს შეეძლოს იმ უნარების განვითარება, ცოდნის მიღება და ღირებულებების ჩამოყალიბება რაც სახელმწიფოს მიზნებშია
- რამდენად უსაფრთხოა სკოლაში სიარული?
3. სკოლის მენეჯმენტი
- რამდენად ხდება ფიზიკური თუ ადამიანური რესურსების მაქსიმალურად გაუმჯობესება და მართვა
- რამდენად ორიენტირებულია სკოლა თითოეული მოსწავლის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებასა და დაცვაზე?
- რამდენად არის სკოლა ორიენტირებული განვითარებაზე?
აკრედიტაციის შემოღებასთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. საწინააღმდეგო მოსაზრებებიდან ყველაზე ხშირად გაისმის შემდეგი: რამდენად არის დასაშვები, რომ სკოლას მოეთხოვებოდეს, რომ უზრუნველყოს სწავლისთვის საჭირო პირობები, როდესაც ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა. ხშირად აქცენტი ინფრასტრუქტურაზე კეთდება, მაგრამ ხანდახან იგულისხმება ხოლმე ასევე ადამიანური რესურსები და სასწავლო პროცესიც.
ასევე აკრედიტაციის სისტემის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ეს სისტემა გამოიწვევს სკოლების დახურვას. ეს ერთი მხრივ სახელმწიფოს მიერ თავის ვალდებულებებზე უარის თქმას გულისხმობს. მეორე მხრივ კი ეს გულისხმობს განათლების შესაძლებლობის დაკარგვას საქართველოს იმ მრავალი მოქალაქისთვის, რომელსაც სკოლის არჩევის შესაძლებლობა არ აქვს იმის გამო, რომ მის დასახლებაში მხოლოდ ერთი სკოლაა. თავისთავად ეს მოსაზრებები მცდარია, რადგან აკრედიტაცია სულაც არ გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება ინფრასტრუქტურის განვითარებაზე სხვას გადააბაროს და/ან სკოლები დახუროს. აკრედიტაციის ერთერთი უკიდურესი გამოსავალია სკოლის დახურვა, ხოლო ტიპიური კი შენიშვნები, რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმაა, რომელზეც სახელმწიფო და სკოლა თანხმდებიან. თუ სკოლა და სახელმწიფო, ორივე შეთანხმებას ასრულებს, სკოლა ყველა შემთხვევაში გადის აკრედიტაციას. სკოლა კი ალბათ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ უნდა გადიოდეს აკრედიტაციას, თუ იქ უბრალოდ სწავლა არ მიმდინარეობს. საქართველოში არსებობს ასეთი სკოლები, სადაც უბრალოდ მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს და დასახლებების გაქრობის ხარჯზე სკოლებიც ქრება.
აკრედიტაციის არარსებობის შემთხვევაში - სახელმწიფოს იმაზე ნაკლები ვალდებულებები აქვს საკუთარი მოქალაქეების წინაშე ვიდრე მისი არსებობისას. თუ არ არსებობს მკაფიო სტანდარტები და ამ სტანდარტების შესრულებაზე საზოგადოება არ არის ინფორმირებული, ცხადია, რომ პასუხისმგებლობა არის ნაკლები. შესაძლოა სწორედ ამის გამოა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო მოხელე ეწინააღმდეგება სკოლების აკრედიტაციას, რადგან ასეთ შემთხვევაში დგება საკითხი განათლების ინფრასტრუქტურის დეტალური შესწავლის, შედეგების გასაჯაროებისა და ბიუჯეტის შემდგომი მკვეთრი ცვლილების აუცილებლობის.
აკრედიტაციას გარკვეულწილად ეწინააღმდეგებიან ასევე მასწავლებლების პროფესიული კავშირები. მათ კარგად იციან, რომ აკრედიტაციის შედეგად სკოლების დახურვის საფრთხე ნაკლებია, მაგრამ საფრთხე არსებობს იმის, რომ მასწავლებლების პასუხისმგებლობა გაიზრდება. პასუხისმგებლობის გაზრდა კი ისევე, როგორც ზოგიერთი სახელმწიფო მოხელისთვის ასევე მასწავლებლისთვის ზედმეტი ტვირთია. განსაკუთრებით მძიმეა ეს ტვირთი იმ პირობებში, როდესაც სკოლის დირექტორებს, რომლების პირდაპირი მოვალეობაცაა ხარისხის გაუმჯობესება აქვთ არაპირდაპირი მითითება სახელმწიფოსგან, რომ ნაკლებად გააღიზიანონ მასწავლებლები, ნაკლებად გაუშვან ისინი სამსახურებიდან, რომ უკმაყოფილო ელექტორატს კიდევ დამატებითი ძალები არ შეემატოს. დირექტორები ეძებენ სახელმწიფოსვე შემოღებულ ინტრუმენტებს, რომელიც მათთვის არგუმენტი იქნება არასათანადო კვალიფიკაციის მასწავლებლის შეცვლისთვის. შესაბამისად მასწავლებლების ნაწილს, რომლებსაც იმედი არ აქვთ საკუთარი პროფესიონალიზმის ეშინია ნებისმიერი ასეთი სისტემის.
მაშ ვინ უნდა იყოს აკრედიტაციის მთავარი მომხრე სახელმწიფოს გარდა? პირველ რიგში ეს განათლების ხარისხის გაუმჯობესებით დაინტერესებული მთავარი აქტორები უნდა იყვნენ - მშობლები! სწორედ მშობლებისთვის იქნება მთავარი, რომ აირჩიონ სკოლები ობიექტურად დადასტურებული ხარისხის მაჩვენებლების მიხედვით. ასევე მშობლებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ჰქონდეთ თავად სახელმწიფოს მიერ აღიარებული ხარისხის მაჩვენებლები, იმ მომენტში, როდესაც ისინი საკუთარი შვილების სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ლობირებენ ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლებასთან.
თუ დაფინანსების სისტემა ისე იქნება მოწყობილი, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურისგან სუფსიდიებს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სკოლების ხარისხი იქნება დასაშვები, აკრედიტაციის მხარდამჭერების რიცხვიც გაიზრდება და გავლენის არეალიც.
ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სკოლების აკრედიტაცია ჩატარდეს, ჩატარდეს კვალიფიციურად და ჩატარდეს ისე, რომ სახელმწიფო არ შეეცადოს, რომ საკუთარი მოქალაქეებისგან დამალოს ის ნაკლი, რომელიც თითოეულ სკოლას აქვს მიუხედავად მისი მატერიალური თუ ადამიანური რესურსებისა.

რეპეტიტორები, ანუ რატომ არ დადიან მოსწავლეები სკოლაში?

by April 12, 2009
საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების უმეტესობა იმიტომ არ დადის სკოლაში, რომ ისინი ემზადებიან უმაღლესის მისაღები გამოცდებისთვის. ეს მოსწავლეები დადიან რეპეტიტორებთან, რაც გვიჩვენებს იმას, რომ ისინი და მათი მშობლები უკმაყოფილო არიან სასკოლო განათლებით, რაც მათ აფიქრებინებს ალტერნატიული განათლების მიღებაზე. ხშირად გაიგებთ, რომ სკოლა არ აძლევს ბავშვს მაღალი ხარისხის განათლებას და შესაბამისად რეპეტიტორთან ნაკლის შევსება ხდება.
შევეცდები განვმარტო, თუ რა არის ამ შეხედულებაში სწორი და რა გულუბრყვილო და ზედაპირული ანალიზის პროდუქტი. აქვე თავიდანვე ვიტყვი, რომ რეპეტიტორების ორი ჯგუფი არსებობს, რომლებიც დაბალი კლასებიდანვე მუშაობენ ბავშვებთან და რომლებიც ბოლო კლასებში არიან აქტიურად ჩართული აბიტურიენტების მომზადებაში. ეს სტატია მხოლოდ მეორე ჯგუფს ეხება.

პირველი რაზეც შეიძლება დავფიქრდეთ ზედა დებულებებიდან გამომდინარე არის ის, თუ რამდენად დადის ან არ დადის ზედა კლასის მოსწავლეების უმეტესობა სკოლაში? ამ კითხვაზე პასუხისას შეიძლება დავფიქრდეთ იმაზე, რომ მე-11 და მე-12 კლასებში საქართველოში თითოეულ კლასში 60,000-მდე მოსწავლე სწავლობს. თუ დავუშვებთ, რომ მათი უმეტესობა არ დადის სკოლაში იმის გამო, რომ მისაღები გამოცდებისთვის ემზადება ეს უნდა ნიშნავდეს იმას, რომ 60,000-ი მოსწავლის უმეტესობა, აბიტურიენტია. გადავხედოთ სტატისტიკას.

თუ დავაკვირდებით, დავინახავთ ორ საინტერესო რამეს. პირველი: რომ სულაც არ არის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების უმეტესობა აბიტურიენტი. უმაღლესში მოხვედრას პირველივე წელს სკოლის დამთავრების შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდებით ამ წლებში (და ეს წლები ყველაზე რეპრეზენტატულია ალბათ)ცდილობს მოსწავლეების დაახლოებით ნახევარი.
მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რასაც ეს ცხრილი გვაწვდის არის ის, რომ სკოლის მოსწავლეთა დამამთავრებელი კლასის მხოლოდ 20-25% ხვდება უმაღლესში პირველივე წელს. ანუ ყოველ 60 მოსწავლეში, მხოლოდ 30-მდეა აბიტურიენტი, ხოლო აქედან საშუალოდ მხოლოდ 15 აგრძელებს უმაღლესში სწავლას. ჩაბარებულების რაოდენობის მნიშვნელობაზე ქვევით ვისაუბრებ. მანამდე კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუ საქართველოს მოსწავლეთა უმრავლესობა დამამთავრებელ კლასში სკოლაში არ დადის, ეს იმის გამო არ არის, რომ უმრავლესობა აბიტურიენტია. როდესაც ასეთ რამეს აღმოაჩენ, შეიძლება ეჭვიც კი გაუჩნდეს ადამიანს, აცდენს კი უმრავლესობა სკოლას ბოლო კლასებში, მიუხედავად იმის არის ის აბიტურიენტი თუ არა? ხომ შეიძლება ისეთებიც აცდენდნენ სკოლას, რომლებიც არ ემზადებიან უმაღლესისთვის. ხომ შეიძლება, რომ ესეთები არა რეპეტიტორებთან არამედ ინტერნეტ კაფეებში დადიან (მაგ. დუშეთის სკოლის მოსწავლეებმა როგორც მითხრეს), ეხმარებიან ოჯახებს, ან უბრალოდ არ დადიან სკოლაში იმიტომ, რომ მათთის ეს უინტერესოა ან ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული? სამწუხაროდ ამის შესახებ რაიმე სერიოზული კვლევა საქართველოში არ ჩატარებულა და პასუხიც ამის შესახებ უცნობია. რაც კი ნამდვილად ცნობილია არის შთაბეჭდილება, რომ არავინ არ დადის სკოლაში ბოლო კლასებში.
იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი შთაბეჭდილება არსებობს, შესაძლოა დავუშვათ, რომ პრობლემა მართლაც არსებობს. ანუ არსებობს მოსწავლეთა დიდი ჯგუფი (შეიძლება ეს არ იყოს უმრავლესობა), რომელიც სკოლის ნაცვლად ხშირად რეპეტიტორებთან დადის იმისთვის, რომ უკეთესი განათლება მიიღოს. ჩემი აზრით, ჩვეულებრივი საშუალო სტატისტიკური სკოლა გაცილებით უკეთესი განათლების მიღების საშუალებას იძლევა ვიდრე ჩვეულებრივ საშუალო სტატისტიკური რეპეტიტორთან. ამის დასაბუთება მარტივია და განპირობებულია ასევე საკმაოდ მარტივი მიზეზებით:
ა) რეპეტიტორის ფუნქცია (სახელიდან გამომდინარეც რომ ჩანს) არ არის განათლება არამედ გამეორებაა - ანუ ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში გამოცდებისთვის მომზადება. გამოცდა კი ჩვენს ქვეყანაში ქაღალდითა და კალმით ტარდება. ამ ინსტრუმენტებით კი პრაქტიკულად შეუძლებელია ისეთი საბაზისო უნარების შემოწმება, როგორიცაა მაგ. მეტყველება, ლიდერობა, ინტერპერსონალური კომუნიკაცია და სხვ.
ბ) რეპეტიტორების უმეტესობა მათი მუშაობის სპეციფიკიდან ვერ იყენებს განათლების იმ მეთოდებს, რომლებიც უკეთეს შედეგს იძლევა სწავლაში - მაგ. სოციალურ დასწავლას, კეთებით სწავლებასა და სხვ.
გ) რეპეტიტორებთან სწავლის მიზანი არ არის დამოკიდებულებების გამომუშავება და სოციალიზაცია.
დ) რეპეტიტორებს არ გააჩნიათ პასუხისმგებლობა რაიმე ინსტიტუციის მიმართ და რეალურად არც მათი მუშაობის შეფასება ხდება. ერთი შეხედვით ბაზარი არეგულირებს ამას, მაგრამ სინამდვილეში ქვეყნის მაშტაბით მხოლოდ რამოდენიმე ცნობილი რეპეტიტორი არსებობს, აბსოლუტური უმეტესობა კი სარგებლობს "მრევლის" კონტრაქტით მიუხედავად მისი წინა წლების წარმატების ნაკლებობისა. რეალურად მშობლებმა არ იციან, მაგ. რამდენმა წინა წლის აბიტურიენტმა ჩააბარა უმაღლესში წარმატებულად ამ რეპეტიტორთან სიარულის შედეგად.
სკოლა, როგორც ინსტიტუცია დღეს ზემოთაღწერილ პრობლემებს უკეთ აგვარებს ვიდრე რეპეტიტორი. მაშინ ჩნდება კითხვა, მაშინ რატომ გარბის მოსწავლეების ნაწილი რეპეტიტორებთან?
პასუხი ამ კითხვაზე ერთი წინადადებით შეიძლება გაეცეს შემდეგნაირად: დღეს ძალიან მაღალია რისკი, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ აბიტურიენტი, რომელსაც უმაღლესში უნდა მოხვედრა ამ ადგილს ვერ მოიპოვებს, ან ვერ მოხვდება მისთვის ყველაზე სასურველ ფაკულტეტზე.
იმას, რომ რისკი ძალიან მაღალია განაპირობებს შემდეგი ფაქტორები:
უმაღლესებში ადგილების რაოდენობის სიმცირე. როგორც ზემოთ ვნახეთ, უმაღლესების ადგილების რაოდენობა მკვეთრად ჩამორჩება მსურველების, ან პოტენციური მსურველების რაოდენობას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მაგ. არსებული ადგილების ნახევარზე ნაკლებია ისეთი, სადაც მაღალია კონკურსი (მაგ. 3-ზე მეტი აბიტურიენტს სურს თითო ადგილის დაკავება) გამოჩნდება, რომ რეალურად ადგილების რაოდენობა, რომელზეც აბიტურიენტების უმრავლესობას სურს მოხვედრა კიდევ უფრო დაბალია.
გამოცდების სისტემის დაუხვეწაობა. აქ რამოდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი:
გამოცდების პროგრამა: ერთი მხრივ ის არ ემთხვევა სასკოლო პროგრამას და სცილდება მას. მეორე მხრივ (და ეს პრობლემა ჩემი აზრით კიდევ უფრო თვალსაჩინოა) ის მეთორმეტე კლასის ბოლოს მოითხოვს მაგ. მე-7, მე-8 და შემდეგი კლასების პროგრამის ცოდნას, რაც აიძულებს აბიტურიენტს მეთორმეტე კლასში დაიწყოს გადამეორება წინა კლასების პროგრამის. მაგ. ქართულის საგამოცდო პროგრამაში ნათქვამია, რომ მოსწავლემ უნდა იცოდეს "ხმელი წიფელი"
გამოცდებში წარმატების კრიტერიუმია, არა რაღაცის ცოდნა, არამედ რაღაცის ცოდნა სხვაზე უკეთესად. აბიტურიენტები ერთმანეთს ეჯიბრებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ რაც არ უნდა კარგი მასწავლებელი მყავდეს მე, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ჩემს კონკურენტს უკეთესი მასწავლებელი არ ყავს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ აბიტურიენტი ვერანაირად ვერ აკონტროლებს თავის შედეგს, რადგან ის დამოკიდებულია სხვის შედეგებზე. შესაბამისად წინასწარ განჭვრეტა იმის, თუ რამდენად წარმატებული იქნები მისაღებ გამოცდებზე შეუძლებელია. ამასთან ერთად აბიტურიენტის წარმატებას განსაზღვრავს უამრავი სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი: მაგ. ფაკულტეტების არჩევის ტაქტიკა, ტესტის დროს კონცენტრირების უნარი, კულტურული ფაქტორები და სხვ.
ჩასაბარებელი გამოცდების სიმრავლე - რაც უფრო მეტია გამოცდა, მით მეტია იმის ალბათობა, რომ სოციალურად დაუცველი მის ჩაბარებას ვერ შეძლებს (გარდა იმის, რომ უმაღლესში სწავლა შესაძლოა ძვირია ბევრისთვის, ასევე დასაშვებია, რომ მომზადების სიძვირის გამოა სწორედ ის, რომ ნახევარი სკოლადამთავრებულების არც ცდილობს ჩაბარებას). ერთი შეხედვით გამოცდების სიმრავლე წინაპირობაა იმის, რომ უფრო განათლებული ადამიანები მიდიან უმაღლესში, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა. იხ. საინტერესო კვლევა იმის შესახებ, უწყობს თუ არა ხელს ტესტირება ცოდნის ამაღლებას High-Stakes Testing, Uncertainty, and Student Learning)
გამოცდების ინტენსივობა: ტარდება წელიწადში მხოლოდ ერთხელ, რაც ამცირებს შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას.
წარმოსახვითი წარმატების კრიტერიუმები: ის ადამიანები, რომლებსაც მშობელმა შესაძლოა რჩევით მიმართოს დაინტერესებულები არიან, რომ მათ წარმოსახვაში, გამოცდებზე მისაღწევი წარმატება დამოკიდებული იყოს რეპეტიტორთან სიარულში. რეპეტიტორების უმრავლესობა თავად სკოლის მასწავლებელია, რომელიც დაბალი შრომის ანაზღაურების გამო გაკვეთილების შემდეგ კერძოდ ამზადებს საკუთარ ან სხვა სკოლის მასწავლებლებს. შესაბამისად, მათ პირდაპირი ინტერესი აქვთ, რომ დაანახონ მშობლებს ის, თითქოს მათ გარეშე შეუძლებელი უმაღლესში ჩაბარება. ეს ის ჯგუფია, რომელსაც პრინციპში აწყობს, რომ უფროსკლასელები სკოლაში არ დადიან.
ამ რისკების მინიმალიზაციის გარეშე შეუძლებელი იქნება რეპეტიტორობის გავლენის შემცირება სკოლაზე და ამავდროულად სკოლის გავლენის გაძლიერება. მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი. ანუ მხოლოდ მასწავლებლის ხელფასის მომატება, უმაღლესებში ადგილების გაზრდა და გამოცდების სისტემის იმგვარად შეცვლა, რომ ერთმანეთთან შეჯიბრის ნაცვლად მოსწავლეები ძირითადად დაწესებულ სტანდარტს შეეჯიბრონ არ იქნება საკმარისი. საჭიროა ასევე სკოლის მიღწევების გათვალისწინება სკოლის შემდგომაც. ეს გულისხმობს არა მხოლოდ სკოლის ნიშნების გათვალისწინებას, არამედ მოსწავლის აქტიურობასაც სხვადასხვა სოციალურ თუ აკადემიურ სფეროებში (კლუბები, კონკურსები, თვითმართველობა და სხვ.) თუმცა ამის მისაღწევად საჭიროა, რომ ამუშავდეს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, სკოლების აკრედიტაცია. მანამდე ამ სისტემის ამუშავება გამოიწვევს სკოლებში კორუფციის აფეთქებას.

მეთორმეტე კლასი - ზედმეტი თუ საჭირო?

by March 28, 2009


2008-09 სასწავლო წელს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები პირველად და საყოველთაოდ გადავიდნენ მეთორმეტე კლასში. თორმეტწლიანი სწავლება ზოგიერთ საქართელოს სკოლაში აქამდეც იყო დანერგილი (მაგ. ამერიკული აკადემია თბილისში - სადაც მე ვასწავლიდი წლების განმავლობაში, ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა სპეციალურ სკოლებში), მაგრამ სისტემა ზოგადად თერთმეტწლიან სრულ საშუალო განათლებას გულისხმობდა. 2004 წლის დეკემბერში დაიბეჭდა ეროვნული სასწავლო გეგმის პირველი შავი ვარიანტი, სადაც სისტემა სწორედ თორმეტწლიან განათლების ციკლად იყო წარმოდეგენილი. 2005 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი ზოგადი განათლების შესახებ, რომელმაც დაადგინა 12 წლიანი განათლება და განსაზღვრა ამ სისტემაზე გადასვლის ვადებიც. მიუხედავად ამ დოკუმენტების სკოლებში ფართოდ გავრცელების და თორმეტწლიანი სწავლებისთვის მიძღვნილი არაერთი საინფორმაციო გადაცემით, ბოლო დღეებამდე რჩებოდა ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც არ სჯეროდათ იმის, რომ ამ სისტემის შემოღება მოხდებოდა. 2007 წლის ზაფხულში ჯერ პოლიტიკოსების გარკვეულმა ნაწილმა შეიტანა ეჭვი იმაში, რომ მეთორმეტე კლასის დანერგვა დაგეგმილი სქემის მიხედვით დაინერგებოდა. შემდეგ 2008 წელს გავრცელდა ჭორი, რომ მეთერთმეტე კლასელებს ქართულენოვანი სკოლებიდან ბოლო წუთში ეტყოდნენ, რომ მათ არ დაჭირდებოდათ კიდევ ერთი წელი სწავლა. ბოლოს, 2008 წლის შემოდგომაზე გავრცელდა ჭორი, რომ თითქოს მეთორმეტე კლასი ან პირველი ტრიმესტრის შემდეგ დასრულდებოდა, ან მხოლოდ ერთი წლით დაინერგებოდა და შემდეგ გაუქმდებოდა. მასწავლებლებთან შეხვედრებზე მუდამ გამოითქმის ხოლმე კითხვები იმის თაობაზე, თუ რატომ იყო აუცილებელი მეთორმეტე კლასის შემოღება, ან იმის თაობაზე, თუ რა დადებითი შეიძლება მოუტანოს მოსწავლეებს მეთორმეტე კლასმა. ხშირია წინადადებები იმის თაობაზე, რომ მეთორმეტე კლასი უნდა ემსახურებოდეს უმაღლესში ჩაბარებას, სპეციალიზებულ სწავლებას, გამოცდებისთვის მომზადებას და სხვ. შევეცდებით ამ კითხვებზე მაქსიმალურად დეტალურად ვისაუბროთ და ასევე განვმარტოთ ის მოსაზრებები, რომლებიც ამ სისტემის შემოღების არგუმენტები იყო. მანამდე კი ზოგადად, რომ ჩამოვაყალიბოთ, მეთორმეტე კლასის შემოღებით საქართველოს სახელმწიფომ გადადგა ნაბიჯი უფრო მეტი, უფრო ხარისხიანი, ევროპულ სივრცეში მეტად ინტეგრირებადი, ეკონომიკის ზრდაზე, ეროვნული მთლიანობის გამტკიცებისა და მოქალაქეების ბედნიერებაზე ორიენტირებული განათლების სისტემისკენ.
რატომ 12 და არა 11?

ეკონომიკური ზრდა სახელმწიფოში დამოკიდებულია მნიშვნელოვნად მისი მოქალაქეების განათლებასა და შრომისუნარიანობაზე. საყოველთაო განათლების შემოღების ერთერთი მთავარი მიზანი, სწორედ ეკონომიკურად აქტიური მოქალაქეების აღზრდაა. შესწავლილია მრავალი ქვეყნის მაგალითი და შეგვიძლია დავინახოთ, რომ ზოგადი განათლების ხანგრძლივობა პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკის წარმატებასთან. შუა საუკუნეებში, ადამიანები განათლებას იღებდნენ ძალიან ვიწრო სპეციალობით, ვიწრო მიმართულებით. მაგ. მეწაღის შვილი ბავშვობიდანვე სწავლობდა მეწაღეობას, მჭედლის მჭედლობას და სხვ. ინდუსტრიალიზაციის შემოსვლის შემდეგ, მნიშვნელოვანი გახდა, რომ ადამიანებს მიუხედავად თავიანთი სოციალური წარმომავლობის შესძლებოდათ ნებისმიერ ეკონომიკურ სფეროში გაეგრძელებინათ თავიანთი მუშაობა. მნიშვნელოვანი გახდა ის, რომ ადამიანები ყოფილიყვნენ მობილურები. მათ არ უნდა გაჭირვებოდათ თავიანთი პირველადი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და სხვაგან გადასვლა სამუშაოდ. თავისთავად მუშაობა კი გულისხმობდა უფრო მეტ და მეტ სპეციალიზაციას.

მეოცე საუკუნის ბოლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა მსოფლიო ეკონომიკაში, რამაც საქართველოშიც მოაღწია. ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ გამოიწვია ძველი სამუშაო ადგილების ხშირი გაუქმება და ახალი სამუშაო ადგილების სწრაფი შექმნა. ამან გამოიწვია ის, რომ ადამიანები დღეს გაცილებით უფრო ხშირად იცვლიან საკუთარი დასაქმების სფეროებს ვიდრე ეს მანამდე იყო. რაც უფრო მობილურია საზოგადოება, მით უფრო მეტია ეკონომიკური ცვლილებების მიმართ ადაპტირების უნარი. ხოლო ამ უნარის გამომუშავება უფრო მეტად უნდა ხდებოდეს სკოლაში, ვიდრე ეს აქამდე იყო. დღეს უფრო მნიშვნელოვანი ხდება ზოგადი უნარები, რომლებიც ადამიანს ჭირდება იმისთვის, რომ ადვილად შეიძინოს ნებიემისერი დარგობრივი კომპეტენციები იმისთვის, რომ ადვილად და უმტკივნეულოდ შეიცვალოს სამუშაო ადგილი. მაგ. სწავლის სწავლა, ანუ იმის უნარი, რომ სკოლის შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანს დამოუკიდებლად ან სხვების დახმარებით შეეძლოს რაიმე ახალი კომპეტენციების განვითარება სწორედ სკოლის ასაკში ვითარდება. ეკონომიკის ასეთ გამოწვევისას უფრო მნიშვნელოვანი ხდება რომ ზოგადი განათლება, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და ვიწრო სპეციალიზაცია რაც შეიძლება გვიან დაიწყოს.

ახალგაზრდების ნაწილი სკოლის დამთავრებისთანავე იწყებს მუშაობას. მაშინ, როდესაც მე ვამთავრებდი სკოლას ოთხმოციანი წლების ბოლოს, პრაქტიკულად არცერთი ჩემი თანაკლასელი არ ფიქრობდა იმის შესახებ, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ის დაიწყებდა მუშაობას. აბსოლუტური უმეტესობა ფიქრობდა იმის შესახებ, თუ როგორ ჩააბარებდა უმაღლესში და მხოლოდ უმაღლესის დამთავრების შემდეგ დაიწყებდა შრომას. დღეს, სკოლადამთავრებულების გარკვეული ნაწილი, მიუხედავად იმის, აგრძელებს თუ არა სწავლას უმაღლესში იწყებს მუშაობას. არსებობს მრავალი სფერო, რომელშიც მუშაობისთვის არ არის მოთხოვნილი უმაღლესი განათლება. განსაკუთრებით აქტიურები არიან ახალგაზრდები მომსახურების, ტურიზმის სფეროსა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანი ხდება, რომ სკოლამ მისცეს ახალგაზრდებს საკმარისი უნარ-ჩვევები იმისთვის, რომ ისინი წარმატებულები იყვნენ შრომით ბაზარზე.

მოქალაქეების ბედნიერება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მათ სოციალურ წარმატებაზე. როგორც ზევით აღვნიშნე, ეკონომიკური წარმატებები მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ადამიანის უნარ-ჩვევებსა და ცოდნაზე, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად გააზრებული აქვს ადამიანს არჩევანი, რომელსაც ის ცხოვრებაში აკეთებს. ძველი საგანმანათლებლო სისტემა გულისხმობდა, რომ მოსწავლე 17 წლის ასაკში (და ხშირად უფრო ადრეც) აკეთებდა არჩევანს თუ რა პროფესიის მატარებელი სურდა მას რომ გამხდარიყო. იმ შემთხვევაში თუ ის უმაღლესში აგრძელებდა სწავლას, ის პირველივე კურსიდან იწყებდა კონკრეტული ვიწრო სპეციალობის მიხედვით დახელოვნებას. ძირითადად ხუთი წლის თავზე ის სპეციალისტის დიპლომით გამოდიოდა შრომით ბაზარზე. დღევანდელი სისტემა გულისხმობს ცვლილებას არა მხოლოდ სკოლაში თორმეტწლიანი სისტემის შემოღების კუთხით, არამდე ცვლილებას უნივერსიტეტების სასწავლო გეგმებშიც. უმაღლესები გახდა სამსაფეხურიანი. ბაკალავრიატი შედარებით ზოგად ცოდნას იძლევა, მაგისტრატურა ეხმარება ახალგაზრდას უფრო ვიწრო სპეციალობით დახელოვნდეს ან სწრაფად შეიცვალოს პროფესია ხოლო დოქტორანტურა საფუძველს იძლევა მეცნიერის ჩამოყალიბებისთვის. სკოლიდან უმაღლესში გადასვლისას დღეს უკვე უმეტესობა სტუდენტების ზოგად კურსებს გადის უმაღლესში სწავლის პირველ წელს და მხოლოდ შემდეგ ირჩევს ვიწრო სპეციალობას. ცნობილია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ახალგაზრდები მოგვიანებით ირჩევენ პროფესიას უფრო მეტად არიან კმაყოფილი საკუთარი არჩევანით ვიდრე იქ, სადაც ეს უფრო ადრეულ ასაკში ხდება.

განათლების სისტემა უნდა ემსახურებოდეს ადამიანის აღზრდას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს ფარგლებში იქნება წარმატებული. საქართველოს სკოლადამთავრებულს უნდა შეეძლოს, რომ კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სკოლადამთავრებულს იქნება ეს სამუშაო, თუ მომავალი სწავლა. საქართველოს სკოლადამთავრებულების სულ უფრო მეტი ნაწილი აგრძელებს განათლებას ევროპის უმაღლესებში. იმის გამო, რომ ევროპული ქვეყნების უნივერსიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა მინიმუმ 12 წლიან განათლებას ითხოვს, ქართველ ახალგაზრდებს პრობლემები ექმნებოდათ. მაგ. გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად მინიმუმ ერთი წლის სწავლა იყო სკოლის შემდეგ სავალდებულო უმაღლესში. თორმეტწლიანი სწავლების შემოღებით საქართველოში ეს მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარებულია და საქართველოს სკოლადამთავრებულებს ეს ხელოვნური ბარიერი აღარ ხვდებათ საკუთარი აკადემიური მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად.

საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში მნიშვნელოვანია საქართველოს ერის კონსოლიდაცია საერთო მიზნების, კულტურისა და ღირებულებების კუთხით. საქართველოს მოქალაქეები გარდა იმისა, რომ მათი ინდივიდუალური საჭიროებები და მისწრაფებები უნდა იყოს მაქსიმალურად დაკმაყოფილებული, ერთმანეთთან კომუნიკაციისას მათ არ უნდა უჭირდეთ საერთო ეროვნული კუთვნილების დადგენა. საქართველოს მოქალაქეობა ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნისა, გულისხმობს იმას, რომ ამ მოქალაქეებს ძირითადად საერთო აღზრდა უნდა ჰქონდეთ. საყოველთაო განათლების ერთერთი მთავარი მიზანი გარდა ეკონომიკური და პიროვნული წარმატებებისა ასევე არის ერის მშენებლობა. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში საბჭოთა კავშირის განმავლობაში სულ სხვა ერის შექმნას ემსახურებოდა სკოლა, ხოლო იმ პირობებში, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში მცხოვრები ადამიანების კულტურულ თუ ტრადიციულ მრავალფეროვნებას ყურადღება არ ექცეოდა ერის შექმნასაც სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ასეთ პირობებში ასევე მნიშვნელოვანი ხდება, რომ ის პერიოდი, როდესაც ძირითადად ნაციონალური კულტურის გავრცელება ხდება - ანუ სასკოლო პერიოდი იყოს მაქსიმალურად გრძელი, რადგან ასევე დადგენილია, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი საყოველთაო განათლების ხანგრძლივობასა და ერის შეკავშირებას შორის.
სირთულეები

მეთორმეტე კლასის დანერგვა საქართველოში გარკვეულ სირთულეებთან იყო და არის დაკავშირებული. ეს სირთულეები შეეხოთ მასწავლებლებს, მასწავლებლებს და სახელმწიფოსაც. ძველი სასწავლო პროგრამა უბრალოდ არ გადანაწილდა თერთმეტიდან თორმეტ კლასზე. ახალმა ეროვნულმა სასწავლო გეგმამ შემოიტანა ახალი საკითხები, რომელთა შესწავლა შესაძლებელი გახდა დამატებითი ერთი სასწავლო წლის პირობებში. ზოგიერთ საგანში ეს უმტკივნეულოდ მოხდა, რადგან მასწავლებლები უფრო მეტად იყვნენ მზად ამ სიახლეებისთვის, მეტი განათლება ჰქონდათ ამ სფეროში მიღებული. ზოგ შემთხვევაში სირთულედ მასწავლებლისთვის აღმოჩნდა ის, რომ მას მოუწია ზოგიერთი საგნის ფარგლებში ახალი, მისთვის უცნობი კონცეფციები, ტექსტები თუ სავარჯიშოები შეესწავლა. კარგი მასწავლებლები ამას ადვილად და ხალისით აკეთებენ, რადგან მათთვის თვითგანვითარებაზე ზრუნვა არასოდეს ყოფილა სიახლე.

მასწავლებლების გარკვეული ნაწილისთვის ასევე პრობლემატური აღმოჩნდა მეთორმეტე კლასის ასაკობრივი ჯგუფისთვის სწავლება, რადგან ასეთი გამოცდილება მათ არ ჰქონიათ. მასწავლებლებთან შეხვედრებისას ხშირად გვეკითხებიან, თუ რა წესები არსებობს მაგ. დაოჯახებულ მოსწავლეებთან დაკავშირებით და სხვ. ზრდასრულ ასაკში მოსწავლეები უფრო თამამები არიან, უფრო მეტი ინტერესები აქვთ, უფრო დამოუკიდებლები არიან და შესაბამისად მასწავლებლებისგანაც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებენ.

მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის მეთორმეტე კლასის შემოსვლასთან ერთად სხვადასხვა სირთულე გაჩნდა. თითოეული სასკოლო წელი ნიშნავს მშობლისთვის დამატებით ხარჯებს. ხარჯებში არა მხოლოდ სახელმძღვანელოებისა და მოსწავლისთვის მნიშვნელოვანი სხვა ნივთებისა თუ ტანსაცმლის პრობლება იგულისხმება. ბევრი მშობლისთვის ეს ნიშნავს დამატებით არაფორმალურ გადასახადებს სკოლებში, რაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არსებობს. ასევე გარკვეულ ინვესტიციად აღიქმება ის დრო, როდესაც ოჯახში, რომელიმე წევრი ნაკლებს ან საერთოდ არ მუშაობს იმის გამო, რომ მას უწევს სწავლა.

მოსწავლეების დიდი ნაწილის ერთერთი მთავარი მიზანი, სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესში სწავლის გაგრძელებაა. მოსწავლეებისა და მათი მშობლების გარკვეული კატეგორია ფიქრობს, რომ რაც უფრო ადრე გააკეთებს ახალგაზრდა არჩევანს და რაც უფრო ადრე დაამთავრებს ბაკალავრიატს, მით უფრო წარმატებული იქნება ცხოვრებაში. ეს მოსაზრება მცდარია და ამას მარტივი სტატისტიკური შესწავლაც ადასტურებს. რაც უფრო მეტი წელი აქვს განათლება, მით უფრო მეტია ადამიანის საშუალო შემოსავალი. რაც შეეხება უმაღლესში ჩაბარების ყოველწლიურ ციებ-ცხელებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა მეთორმეტე კლასის წარმატებისთვის.

უმაღლესში მოხვედრა იმდენად რთულია დღეს და იმდენად დიდია რისკი, რომ აბიტურიენტი ვერ მოხვდება სასურველ უმაღლესში, რომ მშობლების დიდი ნაწილი ამჯობინებს დამატებით გაკვეთილებზე სიარულის შესაძლებლობა მისცეს საკუთარ შვილს. რეპეტიტორების მთელი არმია მუშაობს იმაზე, რომ აბიტურიენტმა ისწავლოს ის, რაც წარმატებულს გახდის მას მისაღებ გამოცდებზე. სამწუხაროდ გამოცდების გზით ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების შემოწმების ტექნიკური შესაძლებლობები ახლოსაც ვერ მოდის იმ ცოდნასთან, რასაც სკოლა აძლევს მოსწავლეს. სამაგიეროდ, გამოცდების მნიშვნელობა უმაღლესში სწავლის გაგრძელებისთვის ძალიან მაღალია. შესაბამისად გამოცდების სტრუქტურა და მაღალი რისკი იწვევს იმას, რომ სკოლასთან ერთად იქმნება პარალელური განათლების სისტემა, რომელიც იმის მაგივრად, რომ განათლება მისცეს აბიტურიენტს - ამეორებინებს და ავარჯიშებს მხოლოდ იმ საკითხებში, რაც გამოცდებზე მოეთხოვება. ეს კი დროს არ უტოვებს სკოლის მოსწავლეს იმისთვის, რომ სხვა უნარები შეიძინოს. ამასთან ერთად, რეპეტიტორების ბიზნესი მოწადინებულია ასევე იმისკენ, რომ მშობლები დაარწმუნოს, რომ სკოლა არ აძლევს მათ შვილებს საკმარის ცოდნას, იმისთვის, რომ უმაღლესში ჩააბაროსნ. ამ პრობლემის მოგვარება არ არის დამოკიდებული მხოლოდ გამოცდების შინაარსისა და ტექნოლოგიის შეცვლაზე. არც სკოლაში განათლების ხარისხის ზრდა არის პირდაპირ დამოკიდებული რეპეტიტორობის კლებასთან. ამ ორი მიმართულების გარდა, ძირითადი ერთი მხრივ უმაღლესებში მოხვედრის ალბათობის ზრდაა (რაც დამოკიდებულია უმაღლესებში ადგილების რაოდენობის ზრდასთან), რაც შეამცირებს რისკებს და შესაბამისად დამატებით მომზადების სურვილს. მეორეს მხრივ, კი სკოლების გამართული მუშაობაა შეფასების მხრივ, რაც შესაძლებელს გახდიდა სკოლის ნიშნების გამოყენებას უმაღლესში მიღებისას.

სახელმწიფოს მხრივ მეთორმეტე კლასის დანერგვის კუთხით ერთერთი მთავარი პრობლემა არაქართულენოვანი სკოლები იყო. იმის გამო, რომ არაქართულენოვანი სკოლები რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სახელმძღვანელოებით ასწავლიან, საჭირო იყო ქართული სახელმძღვანელოების თარგმნა ამ ენებზე. ამის გამო, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა ამ სკოლებში ერთი წლით იგვიანებს ქართულენოვან სკოლებთან შედარებით. სწორედ ამის გამო იყო, რომ არაქართულენოვან სკოლების გადასვლა 12 წლიან სწავლებაზე ერთი წლით ჩამორჩა ქართულენოვან სკოლებს. 2007-08 სასწავლო წელს შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნიდა, რადგან გავრცელებული მოსაზრებით მოსწავლეების უმეტესობა ქართულენოვანი სკოლებიდან არაქართულენოვან სკოლებში გადავიდოდა სასწავლებლად. სინამდვილეში, როგორც ხშირად პირადი შთაბეჭდილებების გავრცელებას რეალობაზე არასწორ დასკვნებამდე მივყავართ. რეალურად გადასვლის მაშტაბი ქართულენოვანი სკოლებიდან არაქართულენოვან სკოლაში 10%-ს არ გასცდენია.

სახელმწიფო მე-12 კლასის შემოღებით პასუხისმგებლობას იღებს უფრო მეტი განათლების დაფინანსებაზე საქართველოში. დაახლოებით 50 000 მოსწავლე გადადის მეთორმეტე კლასში, რაც ნიშნავს ამავე რაოდენობის ვაუჩერების შესაბამისი დაფინანსების შესვლას სკოლებში, რაც თავისთავად სერიოზული დაფინანსების ზრდაა ჩვენი ზოგადი განათლების სისტემისთვის. გარდა პირდაპირი დაფინანსების, სახელმწიფოს ამ ერთი კლასის დამატება სხვა მხრივაც უჯდება საკმაო ოდენობის თანხა. დამატებით 50 000 მოსწავლეს ჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა: ჭირდება სასკოლო ინვენტარი, შენობა-ნაგებობები, კომპიუტერული ტექნიკა და სხვ.

მეთორმეტე კლასის დამატებით და შესაბამისად სასწავლო გეგმების ცვლილებით ჩვენი მოსწავლეების უმეტესობა მიიღებს უფრო ხარისხიან, უფრო საჭირო, უფრო მეტ და უფრო თანამედროვე განათლებას. ამ კლასის სრულფასოვანი დანერგვისთვის რა თქმა უნდა დაგვჭირდება რამოდენიმე წელი. ამ წლებში დაიხვეწება სასწავლო გეგმები, მასწავლებლებისთვის ეს სასწავლო გეგმები უფრო ახლობელი და რუტინული გახდება. მოსწავლეების უმეტესობაც შეეჩვევა იმ აზრს, რომ მეტი სწავლა უფრო მნიშვნელოვანია მათი მომავლისთვის. იმედია შემდეგ წლებში დაიხვეწება ასევე გამოცდების სისტემა და ასევე გაუმჯობესდება სასკოლო ინფრასტრუქტურაც. ასეთ შემთხვევაში ჩვენი სისტემა იქნება უფრო თანამედროვე ვიდრე ეს აქამდე იყო.

საგნების ინტეგრირებული სწავლება

by February 23, 2009
ხშირად გამოითქმის მასწავლებლებისგან წუხილი იმის თაობაზე, რომ ახალი სასწავლო გეგმით მათ უწევთ ინტეგრირებულად სხვადასხვა საგნის სწავლება. ხშირად მასწავლებლები ამ ტერმინს არასწორად იყენებენ. მაგალითად ბუნებისმეტყველების ტრიმესტრულად სწავლებას ისინი ხშირად ინტეგრირებულს უწოდებენ. არადა ზუსტად ამის საწინააღმდეგოა ინტეგრირებული სწავლება.
ინტეგრირებული სწავლება გულისხმობს ერთი და იმავე დისციპლინის ფარგლებში არსებული საგნების ან მიმართულებების ერთ საგნად სწავლებას. ინტეგრირება მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ რაც უფრო დაქუცმაცებულია სამყარო მოსწავლისთვის სხვადასხვა ”საგნებად” მით უფრო ურთულდება მას მისი აღქმა და შესწავლა. ადრეულ ასაკში ეს უფრო მეტ სირთულეებთან არის დაკავშირებული ხოლო ზრდასრულობისას ნაკლებთან. ადრეულ ასაკში მოსწავლეებს უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება, ანალიზი და განზოგადება და კიდევ უფრო მეტად ცალკეულ დისციპლინებში ნასწავლი კონცეფციების სინთეზი. სწორედ ამის გამო მოხდა საგნების ინტეგრაციია ეროვნული სასწავლო გეგმით ადრეულ ასაკში.



რა საგნების ინტეგრირება მოხდა?
ხშირად, როდესაც კამათი ისმის ინტეგრირებულ სწავლებასთან დაკავშირებით წარმოუდგენიათ, რომ ინტეგრაცია მოხდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და საზოგადოებრივი მეცნიერებების. სინამდვილეში ინტეგრაციის არეალი გაცილებით უფრო ფართოა. ინტეგრაცია მოხდა მათემატიკის შიგნით: აღარ ისწავლება ცალცალკე და ერთმანეთისგან მოწყვეტით ალგებრა, გეომეტრია - არაფერი რომ არ ვთქვათ ახალ მიმართულებებზე: სტატისტიკა და ალბათობა. ინტეგრირება მოხდა ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის ერთი საგნის ფარგლებში. იმისთვის, რომ მოსწავლე აქტიურად და გამართულად მეტყველებდეს ზეპირად თუ წერით ქართულად, მნიშვნელოვანია, რომ მან ფუნქციური გრამატიკა ისწავლოს და არა მაინცდამაინც წესები. საბუნებისმეტყველო საგნები ინტეგრირებულად ისწავლება პირველი ექვსი წლის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ არის საგანი, ბუნებისმეტყველება, რომელიც ასწავლის მოსწავლეებს ბუნებრივი გარემოს შესახებ, ამ გარემოს მახასიათებლებს, მეცნიერული აზროვნების წინაპირობებს ქმნის და სხვ.
საზოგადოებრივ მეცნიერებებში ინტეგრაცია არის ადრეულ ასაკში. ისტორია, გეოგრაფია და სამოქალაქო განათლება სკოლაში ისწავლება 8 წლის განმავლობაში. დღესდღეისობით მხოლოდ ორ კლასში ამ რვიდან, მე7 და მე8 კლასებში ისწავლება ისტორია და გეოგრაფია ინტეგრირებულად ერთ საგანში. აქ ნაკლებად არის საუბარი ფიზიკურ გეოგრაფიის სწავლებაზე. საუბარია სოციალურ და ეკონომიკურ გეოგრაფიაზე სადაც ზღვარი ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლებას შორის მართლაც მინიმალურია. მაგ. რთულია იმის დადგენა, თუ რომელი საგნის პრეროგატივაა ასწავლო მაგ. საქართველოს თანამედროვე საზღვრები რის საფუძველზე შეიქმნა, მიგრაციების შესახებ, ეკონომიკური სისტემების ურთიერთმოქმედების შესახებ და სხვ. მე9 კლასიდან, როდესაც მოსწავლეები უფრო მეტად არიან ფიზიოლოგიურად და ფსიქოლოგიურად ამისთვის მზად ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლება იყოფა.
შედეგები
სასწავლო გეგმა, სანამ დანერგვას გადის გამოიცდება საქართველოს 100 სკოლაში. ამ გამოცდის საფუძველზე ხდება მისი კორექტირება. ამ გამოცდის დროს ტარდება ასევე კვლევები (კვლევები I, კვლევები II) ერთერთმა კვლევამ, რომელიც ისტორიისა და გეოგრაფიის ინტეგრირებულ სწავლებას ამოწმებდა საინტერესო ტენდენცია აჩვენა. კვლევა ჩატარდა პარალელურად იმ სკოლებში სადაც ახალი სასწავლო გეგმის გამოცდა ტარდებოდა და სხვა სკოლებში სადაც ძველი სისტემით სწავლობენ. კვლევებმა აჩვენა, რომ ინტეგრირებულ სწავლისას მოსწავლეები უკეთესად ახერხებენ ერთ საგანში ნასწავლი უნარების გადატანას მეორე საგანში. ეს კი უმნიშვნელოვანესი უნარია (ე.წ. ტრანსფერული უნარები) რადგან სკოლის დამთავრების შემდეგ მეტია შანსი, რომ ამ უნარს უცნობ სიტუაციაში გამოიყენებს. ამ მხრივ პრობლემა ნათლად გამოჩნდა ძველი სისტემით ნასწავლ მოსწავლეებში, როდესაც მაგ. მეხუთეკლასელები, რომლებიც თავისუფლად ანგარიშობენ 100-ის ფარგლებში ვერ ახერხებდნენ საუკუნის გამოთვლას ნარატიული ტექსტიდან.
პრობლემები

მთავარი პრობლემა, როგორც ხშირად არის მასწავლებელი. იბადება კითხვა, არსებობს კი საქართველოში მაგ. ისტორიის მასწავლებლები, რომლებსაც შეუძლიათ გეოგრაფიის სწავლებაც და პირიქით? მიუხედავად იმის, რომ გეოგრაფიაში შესული საკითხები, ყველა მასწავლებელს აქვს თავის დროზე უმაღლესში სწავლისას გავლილი სკოლების უმეტესობა საგანს ყოფს ორ ნაწილად. გაკვეთილების ერთ ნაწილზე შედის ისტორიკოსი, მეორე ნაწილზე კი გეოგრაფი. გაყოფა ხელოვნურია, მაგრამ საბოლოო ჯამში სწავლება მაინც მეტნაკლებად შეთანხმებულია ორ მასწავლებელს შორის. ზოგიერთმა სკოლამ უკვე დაიწყო მოძრაობა იქეთ, რომ ერთმა მასწავლებელმა ასწავლოს ორი საგანი. ეს ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელი იმაღლებს კვალიფიკაციას, ან სკოლა ეძებს უფრო კვალიფიციურს.
მასწავლებლების ნაწილი აპროტესტებს ინტეგრირებულ სწავლებას იმის გამო, რომ ეშინია სამსახურის დაკარგვის. ეს ძირითადად გეოგრაფიის მასწავლებლების წუხილია, რადგან მათ უფრო უჭირთ ისტორიის სწავლება ვიდრე ისტორიის მასწავლებლებს გეოგრაფიის. თუმცა ამის თქმა მათ არ უნდათ მაინცდამაინც და არგუმენტები, რომლებსაც ისინი ხშირად მოიშველიებენ უფრო მეტად ფოკუსირებულია პატრიოტულ თემებზე, რომ ”საქართველოს ისტორია იჩაგრება” და ა.შ.
უმაღლესის პროგრამები, რომლებიც ამზადებენ მომავალ მასწავლებლებს ასევე ორიენტირებულია, რომ ნაკლებად ვიწრო პროფილის მასწავლებელი გამოუშვას. ეს განპირობებულია არა მხოლოდ იმით, რომ ასე უფრო კვალიფიციურია მასწავლებელი. ასეთი მასწავლებელი უფრო კონკურენტუნარიანია, რადგან შეუძლია მეტ პოზიციაზე დასაქმდეს.
პრობლემა არის ასევე სახელმძღვანელოები. საგნების ინტეგრირებამ გამოიწვია ის, რომ სახელმძღვანელოების მოცულობა გაიზარდა, რამაც ზოგიერთი მშობლის სტერეოტიპი სახელმძღვანელოების შესახებ შეარყია. სახელმძღვანელოების ავტორებსაც ხანდახან უჭირთ ისეთი თემების პოვნა, სადაც მრავალმხრივად იქნება ერთი და იგივე საკითხი შესწავლილი.

ICT ბრიტანეთის სკოლებში

by February 21, 2009
Bett-show

დიდი ბრიტანეთი ლიდერია განათლების ხარისხის მხრივ. ბრიტანელები ასევე ლიდერობენ განათლების სისტემაში ინოვაციების განვითარებისა და დანერგვის კუთხითაც. აქ საზოგადოება და სახელმწიფო მნიშვნელოვან დროს უთმობს განათლებას, განათლების საშუალებების განვითარებასა და დახვეწას. ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში, ყოველი წლის დასაწყისში ლონდონში იმართება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოფენა BETT-Show. გამოფენაზე წარმოდგენილია უახლესი ტექნოლოგიები, კომპიუტერული პროგრამები, ტექნოლოგიების გამოყენებისთვის საჭირო მრავალი აქსესუარი, ავეჯი და სხვ. გამოფენაზე წარმოდგენილია საუკეთესო პრაქტიკის ნიმუშები. აქვე, ყოველწლიურად სახელმწიფოსა და მსხვილი თუ შედარებით მცირე კომპანიების წარმომადგენლები წარმოადგენენ საკუთარ პროდუქციას, მომავლის ხედვას, ტარდება სემინარები და მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ თუ, როგორ არის შესაძლებელი ტექნოლოგიების გამოყენება განათლების ხარისხის, განათლების მართვის ეფექტურობისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის. 2009 წლის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ექვსასზე მეტი მომწოდებელი ორგანიზაცია. დამთვალიერებლების რიცხვი კი ოცდაათ ათასს აღწევდა.


გამოფენა საინტერესოა მასწავლებლებისთვის, სკოლისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. გამოფენაზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ უახლესი პროდუქცია, შეგიძლიათ გამოცადოთ ადგილზევე მათი მთავარი ფუნქციები, დაესწროთ სემინარებს, რომლებსაც აპრაქტიკოსი მასწავლებლები, პროგრამებისა და ტექნოლოგიების გამომგონებლები, განათლების სპეციალისტები და პოლიტიკოსები ერთობლივად ატარებენ.

ტექნოლოგიების გამოყენების ძირითადი მიმართულებები

სწავლა და სწავლება
გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქციის უმეტესობა განკუთვნილია სწავლისა და სწავლების პროცესის გამდიდრებისკენ. ერთი მხრივ წარმოდგენილი იყო აპარატურა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ეხმარება მასწავლებელს, რომ სწავლება უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი, ინდივიდუალიზებული, ორგანიზებული და შედეგიანი გახადოს მოსავლისთვის. მეორე მხრივ წარმოდგენილია პროდუქცია, რომელიც იმისთვისაა შექმნილი, რომ სკოლაში მიმდინარე პროცესების მართვა გაადვილდეს.

ერთერთი ძირითადი მიმართულება, რომელიც გამოფენაზეა წარმოდგენილი ეხება სწავლების ინდივიდუალიზაციას. რადგან ყველა მოსწავლე უნიკალურია შესაძლებლობების, საჭიროებების, წარმომავლობისა და ინტერესებიდან გამომდინარე, თანამედროვე განათლების სისტემისთვის მნიშვნელოვანია, რომ სწავლება მორგებული იყოს თითოეულ მოსწავლეზე. ეს, რა თქმა უნდა არ გულისხმობს მოსწავლეების ცალცალკე დასმას და აბსოლუტურად სხვადასხვა დავალებების მიცემას. ძირითადად ინდივიდუალიზაცია შესაძლებელი ხდება ისეთი დავალებებით, რომლებსაც ერთი ცალსახა პასუხი, ამოხსნა ან პრობლემის გადაჭრის გზა არ აქვთ. ასეთი დავალებების მიცემა გამოცდილი მასწავლებლებისთვის სირთულეს არ წარმოადგენს. რთულია ისეთი დავალების მიცემა, რომელიც გულისხმობს მოსწავლეებისგან მრავალფეროვანი და განსხვავებული გამოცდილების მიღებას სწავლის პროცესში. მაგ. მასწავლებელს უნდა, რომ მოსწავლეებში განავითაროს პოზიტიური დამოკიდებულება ბუნებრივი გარემოს მიმართ. ზოგი მოსწავლისთვის რთულია ლაშქრობებში მონაწილეობა ჯანმრთელობის გამო. ზოგი მოსწავლე თავს არაკომფორტულად გრძნობს მაშინ, როდესაც ცხოველებთან აქვს ურთიერთობა. ზოგი მოსწავლესთვის წარმოუდგენელია ფეხით რამოდენიმე საათის განმავლობაში გადაადგილება, რადგან მიჩვეულია ტრანსპორტს. ზოგიერთი მოსწავლე კი იმის გამო, რომ შეჩვეულია სახლში ცხოველების ყოლას ვერ ახერხებს იმის გარკვევას, თუ სად მთავრდება საკუთარი ეზო და სად იწყება ის გარემო, რომელიც საზიაროა სხვებთან. ასეთ პირობებში მასწავლებლისთვის რთულია, რაიმე ერთი მიდგომა ჰქონდეს მოსწავლეების მიმართ. შესაძლებელია ერთი მოსწავლისთვის მნიშვნელოვანი იყოს, რომ დააკვირდეს მცენარეებს, მეორე მოსწავლისთვის კი მნიშვნელოვანი იყოს, რომ ცხოველებს შეეხოს. სხვა მოსწავლისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს, რომ ისწავლოს უსაფრთხოების წესები. სწორედ ამ პრობლემის გადჭრაში შესაძლოა მასწავლებელს კომპიუტერული ტექნოლოგიები დაეხმაროს. ინტერნეტის გამოყენებით ხელმისაწვდომი ხდება მრავალი ინფორმაცია, რომელიც ბუნებრივი გარემოს შესახებ შეიძლება საინტერესო იყოს მოსწავლისთვის. არსებობს მრავალი საინტერესო ფოტო, ტექსტური თუ ვიდეო მასალა, რომელიც შეიძლება მარტივად მოვიძიოთ. ინტერნეტის გვერდების გარდა, არსებობს მრავალი პროგრამა, რომელიც გვეხმარება ბუნებრივი გარემოს სიმულირებაში. არსებობს პროგრამები, რომლებიც შესაძლებელს ხდის, რომ ვირტუალურად შევისწავლოთ მცენარეები, ”გავზარდოთ” ან ”მოვუაროთ” ცხოველებს, დავაკვირდეთ მათ. არსებობს თანამედროვე პროგრამები, რომლებიც გვეხმარება ვირტუალურად ცდების ჩატარებაში, ინფორმაციის დახარისხებასა და ანალიზში.

თანამედროვე სასწავლო პროგრამების უმეტესობა, არა მხოლოდ რაიმე ახალი გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევს მოსწავლეს, არამედ იძლევა იმის შესაძლებლობასაც, რომ ეს გამოცდილება სხვას გაუზიარო. პროგრამების ასეთ ტიპებს პირობითად სოციალურ პროგრამებსაც უწოდებენ. მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ შეინახონ საკუთარი ნამუშევრები, გაუზიარონ თანაკლასელებსა და მასწავლებლებს. მოსწავლეებს შეუძლიათ შეადგინონ საკუთარი ნამუშევრების კრებულები, რომლებსაც დროდადრო დაუმატებენ ახალს. მასწავლებელსაც ეძლევა შესაძლებლობა, რომ ნახოს თუ რას აკეთებდა მოსწავლე წინა კლასში სწავლისას და მიადევნოს თვალი მის პროგრესს კონკრეტული საგნის, ან უნარის მიხედვით.
მოსწავლეების შეფასება

ტექნოლოგიების გამოყენება მოსწავლეების შეფასებაში ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპიუტერული პროგრამები არა მხოლოდ მოსწავლეების შეფასების შედეგების შენახვა-კლასიფიცირებისა და ანალიზის შესაძლებლობას იძლევა. თანამედროვე განათლების სისტემებში სულ უფრო ხშირად გამოიყენება კომპიუტერების გამოყენება სხვადასხვა ტიპის შეფასებისთვის. ნაწილი ამ შეფასებების შესაძლოა გამოყენებულ იქნას მოსწავლეების სპეციალური საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის. მოსწავლე შესაძლოა თამაშობდეს საინტერესო თამაშს კომპიუტერზე, სადაც მას მოეთხოვება მეხსიერების გამოყენება, წესებისა და ფიგურების ამოცნობა, ტექსტით მანიპულირება. ამ თამაშის მიღმა კი სინამდვილეში დიაგნოსტიკური ტესტია, რომლის შედეგებიც მასწავლებელს ეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ რამდენად აქვს მოსწავლეს პრობლემა მაგ. ყურადღების კონცენტრირებაში, საკუთარი ემოციების მართვაში, რაოდენობრივ აზროვნებასა თუ წიგნიერების მხრივ.


თანამედროვე განათლების სისტემები სულ უფრო ხშირად იყენებენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს მოსწავლეების ტესტირებებისათვისაც. მრავალი ტესტი (მაგ. ისეთი, როგორიცაა ჩვენთან ერთიანი ეროვნული გამოცდები) ტარდება არა ქაღალდზე კითხვარების შევსებით, არამედ კომპიუტერებთან. ეს ძალიან აჩქარებს ტესტების შედეგების გამოთვლის პროცესს და ასევე ტესტირების შედეგების ანალიზის მრავალ შესაძლებლობას იძლევა. თუ ტესტირება ქვეყნის მაშტაბით ტარდება, მაშინ სკოლებს ინტერნეტის მეშვეობით აქვთ საშუალება, რომ საკუთარი შედეგები მიაწოდონ ცენტრალიზებულ მონაცემების ბაზებს. ამასთან ერთად ამ სკოლებს აქვთ იმის შესაძლებლობაც, რომ საკუთარი შედეგები შეადარონ რაიონულ, ან ქვეყნის მაშტაბით მიღწეულ შედეგებს.

მოსწავლეების შეფასების სისტემები, რომლებიც ბრიტანეთსა თუ სხვა ქვეყნებში ინერგება გულისხმობს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას იმისთვისაც, რომ მოსწავლეების აკადემიური მოსწრების აღრიცხვა იყოს რეგულარული და მრავალმხრივი გამოყენების. ტექნოლოგიების გამოყენებით, მშობლებს აქვთ საშუალება ყოველდღიურად იცოდნენ, თუ როგორ სწავლობს მისი შვილი, თუ რა რჩევებს აძლევენ მას მასწავლებლები. სკოლის ხელმძღვანელობას აქვს შესაძლებლობა ანალიზი გააკეთოს იმის, თუ რა მდგომარეობა სკოლაში მოსწრების მხრივ.
დამატებითი რესურსები სწავლებისას

Bett-ის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მრავალი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესის გამდიდრებისთვის. ვიზუალიზაციის ზოგიერთი მაგალითია მაგ. ციფრული ლაბორატორია, ვირტუალური მიკროსკოპები, ანატომიის სასწავლი პროგრამები, გეოგრაფიული რელიეფის დათვალიერებისა და მანიპულირების პროგრამები. ასევე წარმოდგენილი იყო თამაშები, რომლებიც მოსწავლეს სხვადასხვა რთულ კონცეფციასა თუ ფენომენის გაგებაში ეხმარება. მაგ. ერთერთი თამაშის ფარგლებში მოსწავლე ევროპელი ჟურნალისტის როლში ჩადის ისრაელში და იქ იკვლევს პალესტინელთა და ებრაელთა პოლიტიკური დაპირისპირებას. ის იღებს ინტერვიუებს მეცნიერებისგან, პოლიტიკოსებისგან, მეწარმეებისა და სხვა მოქალაქეებისგან. ვირტუალური ჟურნალისტი სხვადასხვა ფაქტის თვითმხილველი ხდება. ის აკვირდება თუ, როგორ ხდება უსაფრთხოების ზომების მიღება, თუ როგორ ხდება საზღვრების გადაკვეთა და სხვა. საბოლოო დავალების სახით, მოსწავლე თამაშის მანძილზე შეძენილი გამოცდილების საფუძველზე წერს სტატიას არსებული პოლიტიკური პრობლემის შესახებ. აქ ის სხვადასხვა პერსპექტივით შეაფასებს არსებულ სიტუაციას, მიმოიხილავს ისტორიულ წინაპირობებს, კონფლიქტის შედეგებს, ადამიანების ყოფასა და მისწრაფებებს. სწორედ ამ პროცესში ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების გაცოცხლება ხდება. მოსწავლეები უფრო მეტად ხდებიან მოტივირებული და მათ მიერ მიღებული ცოდნაც უფრო ღრმაა და გააზრებული.
სკოლის მართვა

ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვანია სკოლის ეფექტურად მართვისთვის. ბრიტანეთში ყველა სკოლა იყენებს სპეციალურ კომპიუტერულ მონაცემთა ბაზებს, რომლებშიც შესულია დეტალური ინფორმაცია მოსწავლეებისა თუ მასწავლებლების შესახებ. მონაცემთა ბაზებში შესულია მოსწავლეთა დასწრება, აკადემიური შეფასებები და მონაცემები ქცევების შესახებ. არსებობს მრავალი სისტემა, რომელიც ინტერნეტისა თუ მობილური ტელეფონების მოკლე ტექსტური შეტყობინებების გამოყენებით ატყობინებს შედეგებს მშობლებს.

სკოლის მართვის სისტემები ასევე გულისხმობს სკოლის ბიუჯეტის ეფექტურ დაგეგმვას და მისი განხორციელების მონიტორინგის შესაძლებლობას. სკოლის მართვაში ჩართული ადამიანები სპეციალური სისტემის მეშვეობით ცვლიან სტატისტიკურ ინფორმაციას და ანალიზს ახდენენ არსებული სიტუაციის დაგეგმილთან შედარების საფუძველზე, რაც ასევე ხდება პროგნოზირების საფუძველი.

სკოლის მართვის ერთერთი მთავარი ინსტრუმენტი ყველა ინგლისური სკოლისთვის არის სკოლის ვებ. გვერდი. სწორედ ამ გვერდის მეშვეობით ხდება სკოლების ურთიერთობა გარე საზოგადოებასთან, მშობლებთან და სხვ.

გავრცელებული აპარატურა
გამოფენაზე წარმოდეგნილი იყო აპარატურა, რომელიც საქართველოში ჯერ მასიურად არ შემოსულა, მაგრამ რომელიც ალბათ უახლოეს მომავალში სულ უფრო მეტად გამოჩნდება. მათ შორის ბრიტანეთში ყველაზე გავრცელებულია ინტერაქტიული დაფები. ასეთი დაფები ბრიტანეთის ყველა სკოლაშია. ეს არის ციფრული დაფა, რომელზეც იწერება სპეციალური კალმით. ინფორმაცია, რომელიც დაფაზე იწერება სინამდვილეში კომპიუტერში იწერება. ანუ დაფაზე რაიმეს წაშლა თუ დაწერა ავტომატურად ნიშნავს კომპიუტერზე დაწერასა და წაშლას. დაფაზე დაწერილი/დახატული ინფორმაციის მანიპულირება ძალიან მარტივია სპეციალური პროგრამების მეშვეობით. მაგალითად, დაფაზე თუ თქვენ ამოცანას დაწერთ დაფა თავისით გამოგიანგარიშებთ შედეგს. ან თუ თქვენ მაგ. დაფაზე დახატავთ დამრეც სიბრტყეს და გორგოლაჭებიან ურიკას, ის დაფაზე ”დაგორდება” თქვენი ბრძანების შესაბამისად. დაფები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რაც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ სხვადასხვა ოთახში და სხვადასხვა შენობაში ადამიანები ერთსა და იმავე პრობლემაზე მუშაობდეს. ასევე შესაძლებელია დაფაზე დაწერილი ინფორმაციის ამობეჭდვა.

შთამბეჭდავია აპარატურა, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის გამოიყენება. უსინათლოებისთვის არსებობს მრავალი სპეციალური მოწყობილობა წიგნების წასაკითხად. ასევე მნიშვნელოვანია მრავალი სხვადასხვა სახის სპეციალური კლავიატურა და კომპიუტერული პროგრამა მათთვის ვისაც უჭირს ტექსტის გარჩევა, აქვს ყურადღების დეფიციტი ან სხვა რაიმე საგანმანათლებლო საჭიროება.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები გამოიყენება მნიშვნელოვანწილად სახელობო სწავლებისასაც. კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით მოსწავლეები ადგენენ კონკრეტული ფიგურის სამგანზომილებიან მოდელებს. მოდელის გამოჩარხვა იქვე, კომპიუტერზე მიმაგრებული დაზგის მეშვეობით ხდება ხესა თუ მეტალში. კომპიუტერული ტექნოლოგიები გამოიყენება ასევე ინჟინერიისა და რობოტიკის საფუძვლების შესასწავლად. სკოლის მოსწავლეები ადგენენ რთულ მექანიზმებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია გარკვეული პროცესების ავტომატიზაცია და დაგეგმვა. სხვადასხვა ელემენტებისგან მარტივი პატარა რობოტების აწყობა დაწყებითის ასაკის მოსწავლეებიც კი ახერხებენ.

გამოფენაზე მრავალი ნიმუში იყო იმის თუ, როგორ იყენებენ მოსწავლეები კომპიუტერებს აუდიო და ვიდეო მასალის დამუშავებისთვის. ერთი მხრივ კომპიუტერები ეხმარება მოსწავლეებს, რომ ფილმები ან მუსიკალური კლიპები შექმნან, რაც სასკოლო ასაკის მოსწავლეებისთვის სახალისოა და სასწავლო პროცესს საინტერესოს ხდის. მეორე მხრივ ამ ტექნოლოგიების გამოყენება ხდება სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. მაგ. კომპიუტერებისა და იაფი სტერეო სისტემის მეშვეობით უკვე საკმაოდ მარტივია სასკოლო რადიოს გაკეთება, რომელსაც თვითონ მოსწავლეები მართავენ.

პროგრამების შემუშავებაში ჩართული ადამიანები
გამოფენაზე წარმოდგენილია მრავალი ცნობილი კომპანია, რომელიც ტექნოლოგიების წარმოებაში ლიდერობს, მაგრამ მათ გვერდით ასევე წარმოდგენილია მცირე საწარმოებიც, რომლებიც საგანმანათლებლო პროდუქციას უშვებს. Sony, HP, Hitachi, Lego, Phillips-ი მრავალ ათას თანამშრომლის ინტელექტუალური შრომლის საფუძველზე მრავალ სხვადასხვა ქვეყანაში აწარმოებს ტექნოლოგიებს. მათ გვერდით გამოფენილია ისეთი საწარმოების პროდუქცია, რომელთა თანამშრომლების რიცხვი ხელის თითებზე დაითვლება.

გამოფენაზე მრავლად იყო წარმოდეგნილი საგანმანათლებლო დანიშნულების პროდუქცია, რომელიც მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრატორების მიერ არის შემუშავებული. თანამედროვე კომპიუტერული პროგრამები იმდენად დახვეწილი და მარტივია, რომ მნიშვნელოვანი ხდება არა იმდენად ტექნოლოგიური ცოდნა, არამედ ის, თუ როგორ შეიძლება პრობლემის გადაჭრისას ტექნოლოგიების გამოყენება. შესაბამისად მასწავლებლებმა და სკოლის ადმინისტრატორებმა საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე კომპიუტერული პროგრამირების სპეციალისტებზე გაცილებით უფრო უკეთ იციან, როგორ შეიძლება პროგრამების გამოყენება კონკრეტული საგანმანათლებლო თუ სამართავი პრობლემის გადასაწყვეტად.

ტექნოლოგიების გამოყენების შედეგები
მნიშვნელოვანია, იმის აღნიშვნა, რომ ტექნოლოგიების გამოყენებას, როგორც დადებითი ისე უარყოფითი შედეგებიც მოაქვს. ასეთი სახუმარო გამონათქვამიც კი არსებობს, რომ კომპიუტერები ისეტი პრობლემების მოგვარებაში გვეხმარება, არასოდეს რომ არ გვექნებოდა კომპიუტერები, რომ არ გვქონოდაო. მაგ. ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვანწილად ამაღლებს მოსწავლეების მოტივაციას. მოსწავლეებს უადვილდებათ რთული კონცეფციების გაგება. სხვა მხრივ ტექნოლოგიები იძლევა ახალ შესაძლებლობებს, რომ მოსწავლეებმა მაგ. ერთმანეთი დაჩაგრონ. თუ ადრე მოსწავლე, რომელსაც თანაკლასელებთან პრობლემა ჰქონდა სახლში წავიდოდა და ამით ჩამოშორდებოდა მისთვის არასასურველ გარემოს. ეხლა ეს უფრო რთულია. მასთან კონფლიქტში მყოფ მოსწავლეებს შეუძლიათ მასთან ინტერნეტისა და მობილური კავშირის გამოყენებით დაკავშირება, რაც სახლშიც ხელმისაწვდომს ხდის ამ მოსწავლეს.

საქართველოს პერსპექტივა
საქართველოში ტექნოლოგიების დანერგვის პირველი ფაზა, რომელიც გულისხმობს ძირითადი ინფრასტრუქტურის დანერგვას: კომპიუტერების, პროექტორების და თუ სხვა მსგავსი აპარატურის სკოლებში დარიგებას დაიწყო და საკმაოდ მცირე ხნის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს.

დაიწყო ასევე მუშაობა იმაზე, რომ შეიქმნას შესაბამისი ქართული საგანმანათლებლო სისტემის შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების პაკეტების შექმნა. უკვე შემუშავებულია სპეციალური პროგრამები მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების შესწავლისთვის. ასევე არსებობს შეფასებისა თუ სკოლის მართვისთვის გამოსაყენებელი პროდუქტები, რომლებიც საქართველოს სკოლებში, ჩვენი ქართველი მასწავლებლების, ინფორმაციული მენეჯერებისა და დირექტორების მიერ არის შემუშავებული. დაწყებულია უზარმაზარი სამუშაო ქართული ელექტრონული ტექსტებისა და მასწავლებლების მიერ შემუშავებული სასწავლო მასალების საცავების შემუშავების.

რა თქმა უნდა ჩვენ ჯერ კიდევ მრავალი ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ტექნოლოგიების გამოყენების იმ ეტაპს მივუახლოვდეთ, რომეზეც დასავლეთ ევროპის ქვეყნების მოსწავლეები იმყოფებიან. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. დანარჩენი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ ჩვენ უკვე არსებულის ჩვენს სასარგებლოდ გამოყენებას და ჩვენივე ძალისხმევით ახალი, და შესაძლოა ასევე სხვა ქვეყნებისთვის გამოსადეგი საგანმანათლებლო პროდუქციის შექმნას.

ინტერნეტ რესურსები:

http://www.bettshow.com/ - გამოფენის ოფიციალური ვებ. გვერდი
http://smartboards.com/ - ინტერაქტიული დაფები

ხარისხის უზრუნველყოფა

by February 21, 2009
განათლების რეფორმის ფარგლებში სკოლებს მეტი ავტონომია აქვთ საკუთარი სასწავლო პროცესის ორგანიზებაში. ეს ეხება სასწავლო გეგმების მოდიფიცირებას, სახელმძღვანელოების თუ სხვა სასწავლო მასალების შერჩევას და სხვ. სახელმწიფო ორიენტირებულია შედეგებზე და ნაკლებად პროცესებზე. რადგან პროცესების კონტროლი მცირდება მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ხარისხის მართვის გამართული სისტემა.


ახალი სისტემა
მოდელი რომ გავამარტივოთ ხდება ხარისხის მართვა შემავალი რესურსების, პროცესისა და შედეგის დონეზე.
მასწავლებლების სერტიფიცირება უზრუნველყოფს მასწავლებლების საკმარის კომპეტენციებს იმისთვის, რომ შეძლონ ეროვნული სასწავლო გეგმით სწავლება. სახელმძღვანელოების ხარისხის მართვა იძლევა იმის საშუალებას, რომ სახელმძღვანელოები, რომლებსაც მასწავლებლები აირჩევენ იყოს ისეთი, რომელიც საკმარის დახმარებას გაუწევს მასწავლებლებს საგანმანათლებლო პროცესის წარმართვაში. ინფრასტრუქტურის სტანდარტები ეხმარება სახელმწიფოს, რომ გარემო სადაც სწავლა მიმდინარეობს მოაწყოს ასევე საგანმანათლებლო და სხვა საჭიროებების (მაგ. უსაფრთხოება და სხვ.) მიხედვით.

ეროვნული სასწავლო გეგმა და ზოგადი განათლების კანონი განსაზღვრავენ იმას, თუ როგორ პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს საგანმანათლებლო პროცესი. ამ პროცესის მართვა სახელმწიფოს მხრიდან ხდება აკრედიტაციის მეშვეობით. აკრედიტაციისთვის სკოლა სპეციალურად ემზადება და აკრედიტაციის შედეგად ხდება იმის გარკვევა თუ რა ნაკლი და ძლიერი მხარეები აქვს სკოლას იმისთვის, რომ სახელმწიფომ და სკოლამ ერთად დასახონ გზები სიტუაციის გასაუმჯობესებლად.

შედეგების მართვა ძირითადად კვლევების მონაცემების შედეგად ხდება . ტარდება შეფასებები საქართველოსა და საერთაშორისო მაშტაბით. ახალ სისტემაში შედეგების კვლევა უფრო მარტივია, რადგან ეროვნული სასწავლო გეგმა აღწერს იმ შედეგებს, რასაც მოსწავლემ უნდა მიაღწიოს წლის ბოლოს და იმ ინდიკატორებს, რამაც შეიძლება გვაჩვენოს, რამდენად აქვს მას მიღწეული ამ შედეგებისთვის.

ხარისხის მართვისთვის და ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მისაღებად არის შექმნილი სპეციალური მართვის სისტემა EMIS (Education Management Information System) რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემს განათლების სისტემის შესახებ. ამ სტატისტიკური მონაცემების შედეგად ხდება განათლების ძირითადი ინდიკატორების გამოთვლა.

ძველი სისტემა
ძველი სისტემა ორიენტირებული იყო ძირითადად შენატანებისა და პროცესის კონტროლით. მიაქციეთ ყურადღება, რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს იყო კონტროლი და არა მართვა. კონტროლი გულისხმობდა იმას, რომ მკაცრად იყო რეგლამენტირებული თუ რას აკეთებდა მასწავლებელი ყოველდღიურად, რას აკეთებდა სკოლის ადმინისტრაცია და სხვ. მაგ. ზუსტად იყო გაწერილი საკონტროლოებისა და საკლასო წერების რაოდენობა, მოსწავლეების კლასში რაოდენობა და სხვ. ეს პრინციპი არა მხოლოდ საბჭოთა სისტემის ნაწილი იყო. ეს იყო ზოგადად იმ მცდარი მიდგომის ნაწილი, რომელიც გულისხმობდა, რომ სტანდარტულ პროცესს სტანდარტული შედეგი მოყვება. ანუ იგულისხმებოდა, რომ თუ მასწავლებელი კონკრეტულ აქტივობებს გაატარებს ის აუცილებლად მაქსიმალუად კარგ შედეგს მიიღებს. ამ სისტემის მცდარობა იმაშია, რომ არ ითვალისწინებს მოსწავლეების ინდივიდუალიზმს, სკოლების მრავალფეროვნებას, როგორც კულტურული ისე ინფრასტრუქტურული კუთხით. ასევე მცდარია ეს მიდგომა, რადგან რეალურად უგულველყოფს შედეგებს. შედეგების მართვა სახელმწიფოს მხრიდან არ ხდებოდა.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები

by February 21, 2009
სანამ ზოგადი განათლების კანონი, ეროვნული სასწავლო გეგმა, მასწავლებლების პროფესიული სტანდარტი, სკოლების ინფრასტრუქტურის სტანდარტი თუ სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტი შეიქმნება, მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვრული იყოს თუ რას ემსახურება განათლების სისტემა. სწორედ ამ მიზნით 2004 წელს დაიწყო მუშაობა კონცეპტუალურ დოკუმენტზე, რომელიც განსაზღვრავდა იმას, თუ რას წარმოადგენს სისტემის მიზანი. მანამდე იყო გარკვეული მცდელობები ასეთივე დოკუმენტის შექმნის, მაგრამ წინა მცდელობებს არ ჰქონიათ წარმატება, რადგან ის არ იყო გაზიარებული სასკოლო საზოგადოების მიერ და თავისთავად დოკუმენტი უფრო ფილოსოფიურ ნააზრევს თავაზობდა სკოლებს ვიდრე კონკრეტულ ტექნიკურ ტერმინებში გაწერილ ხედვას.
ხანგრძლივი პროცესის შედეგად, რომელშიც ჩართული იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს ყველა სკოლა და საქართველოს მთავრობა შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც ასახავს სკოლადამთავრებულის სურათს. დოკუმენტის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ქვემოთ.


საქართველოს მთავრობის
განკარგულება
N 84 2004 წლის 18 ოქტომბერი ქ. თბილისი
¨ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების¨ დამტკიცების შესახებ
განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების უზრუნველსაყოფად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და ¨საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის
წესის შესახებ¨ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ¨პ¨ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თანდართული ¨ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები¨.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ზოგადი განათლების სფეროში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები შეიმუშავოს ¨ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების¨ შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია
დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის N 84 დადგენილებით

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები
საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. ამასთან ერთად განათლების სისტემა უვითარებს მოზარდს გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, აძლევს საჭირო ცოდნას, ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მოსწავლეებს უყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და
სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს:
ა) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და დღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება:
სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს უნარი, რომ სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, და მისცეს მას სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აქტიური მოქმედების შესაძლებლობა;
ბ) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა:
მოზარდმა უნდა იცოდეს, რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო;
გ) ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი:
დღეს, როდესაც ადამიანისათვის მისაწვდომია დიდი მოცულობისა და სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია, მისი ეფექტიანად გამოყენების უნარი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. მოზარდს უნდა შეეძლოს არა მხოლოდ ინფორმაციის მოპოვება, არამედ მისი შეფასებაც შინაარსის, დანიშნულებისა და ხარისხის მიხედვით, დასახული მიზნებისათვის მისი გამოყენების ფორმების განსაზღვრა; ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანი გამოყენება ყოველდღიური ცხოვრების, მუშაობის, ინტელექტუალური თუ სულიერი მოღვაწეობის პირობების გასაუმ-ჯობესებლად;
დ) დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილების მიღება:
სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელ გადაწყვეტილებათა მიღების უნარ-ჩვევები;
ე) იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე:
სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს მოზარდის იმ უნარჩვევების განვითარება, რომლებიც მისცემს მას საშუალებას, უკვე არსებული გამოცდილება და მიღწევები გამოიყენოს ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად;
ვ) საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც;
სასკოლო განათლებამ უნდა ჩამოუყალიბოს მოზარდს უწყვეტი განვითარების, მთელი ცხოვრების განმავლობაში ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი, რათა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობებისა და სულიერი მიდრეკილებების ადეკვატურად განსაზღვრა და ამის მიხედვით საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება; მოზარდი მზად უნდა იყოს არჩევანი გააკეთოს მომავალი განათლებისა და შრომითი საქმიანობისათვის.
ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან:
სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ საზოგადოების მომავალ წევრებს განუვითაროს ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები (წერა, კითხვა,მეტყველება, მოსმენა), საორგანიზაციო და ჯგუფური მუშაობის ჩვევები, მათ შორის იმათ, ვისთვისაც საქართველოს სახელმწიფო ენა მშობლიური არ არის;
თ) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე:
დღევანდელ დინამიკურ, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში საზოგადოების ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები. სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც იგი გამოიყენებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. მოზარდს უნდა შეეძლოს ადამიანის არსებითი უფლებების შესახებ მიღებული თეორიული ცოდნის განხორციელება და ამ პრინციპებით ცხოვრება.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევის ძირითადი საშუალებები:
მოზარდის ზემოთ აღწერილი უნარ-ჩვევების განვითარებისათვის საქართველოს სახელმწიფო კისრულობს პასუხისმგებლობას, შეიმუშაოს და დანერგოს:
1. ზოგადი განათლების პოლიტიკა და კანონმდებლობა
საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკითა და კანონმდებლობით განისაზღვრება როგორც სასკოლო განათლების სფეროში ჩაბმული მხარეების უფლებები და მოვალეობები, ისე მიზნების მიღწევის ძირითადი გზები და საშუალებებიც.
2. ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სისტემა
ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სისტემას ქმნიან სხვადასხვა სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმისა და დაფინანსების წყაროების მქონე დამოუკიდებელი იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ საგანმანათლებლო საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მართვის პრინციპებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის, სასკოლო წესდებების მიხედვით. სასკოლო სისტემა მოიცავს მუდმივად განვითარებად მატერიალურ და ადამიანურ რესურსებს.
3. ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სისტემის რეგულირებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები
სასკოლო სისტემის მართვის აუცილებელი კომპონენტებია: ლიცენზირება,აკრედიტაცია და ატესტაცია; სკოლის ადმინისტრაციული, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის განვითარება; სასკოლო სისტემის მართვის ძირითადი ფორმების განსაზღვრა და მათი შესრულების უზრუნველყოფა; ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და ფუნქციონირების ხარისხის შეფასება; ეროვნული შეფასებისა და საგამოცდო სისტემების შექმნა და მართვა.
4. ეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავება ხდება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საფუძველზე. ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს: მოსწავლეთა დატვირთვის აუცილებელ ოდენობას; ცოდნის განვითარების ზოგად ხერხებს; საჭირო ინფორმაციის ოდენობასა და შესაბამის უნარ-ჩვევებს თითოეული საფეხურის დამთავრებისას; საგნებსა და პრიორიტეტებს სასკოლო განათლების ყველა საფეხურზე. საზოგადოებრივი აქტიურობისა და არსებული რესურსების ეფექტიანი ამოქმედების გარეშე ეს ცალკეული საშუალებები ვერ უზრუნველყოფს მოზარდში ზემოჩამოთვილ უნარჩვევათა სრულყოფილ განვითარებას. ამიტომ ამ ჩვევების გამომუშავება უნდა მოხდეს სასკოლო გარემოს სრული ჩართვით: მოსწავლეების,
მასწავლებლების, მშობლების, ადმინისტრატორებისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით ისეთ განსხვავებულ პირობებში, როგორიცაა გამოცდები თუ არჩევნები, საკლასო ოთახი თუ სახლი, კლუბი, სპორტული დარბაზი, სკოლის ეზო თუ სახელოსნო. მოსწავლეების, მათი მშობლების, მასწავლებლების, დირექციისა თუ გარემომცველი საზოგადოების აქტიური მონაწილეობა განაპირობებს მიზნების მიღწევის ხარისხსა და წარმატებულობას.
სახელმწიფო მიზნად ისახავს ისეთი სასკოლო სისტემის შექმნას, რომელიც თითოეულ მოსწავლეს მისცემს აღნიშნული უნარ-ჩვევების შეთვისების თანაბარ შესაძლებლობას. სახელმწიფო არ დაუშვებს მოსწავლის დისკრიმინაციას სოციალური, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან პოლიტიკური კუთვნი-ლების, ფიზიკური შესაძლებლობებისა თუ სხვა ნიშნების მიხედვით.


მიზნების ინგლისური ვერსია 
Simon Janashia. Powered by Blogger.