ბავშვებო, ვინ გიყვართ ყველაზე უფრო?

აქ მახსენდება ერთი შემთხვევა, მომხდარი ჩემს ბავშვობაში, როცა პირველად მომიყვანეს სკოლაში
ყველაფერი პირველი იყო: პირველი სექტემბერი, პირველი გაკვეთილი, პირველი მასწავლებელი, კლასის პირველი ამხანაგები
მზით გაჩახჩახებულ ოთახში მაგიდასთან იდგა ძაძებში ჩაცმული ახალგაზრდა ქალი. ეჭირა საკლასო ჟურნალი და მონოტონური ხმით კითხულობდა მოწაფეთა გვარებს. კითხვა დაამთავრა, ჟურნალი დადო და აგვათვალ-ჩაგვათვალიერა. იგი დუმდა... კლასიც სულგანაბული მისჩერებოდა, რას იტყოდა მასწავლებელი პირველად.
როგორც იქნა, მასწავლებელმა პირველი კითხვა დაგვისვა
- ბავშვებო, ვინ გიყვართ ყველაზე უფრო?
თითქოს ბომბი გასკდაო, ისე ამოვარდა ჩვენი გულებიდან სიხარულის ყიჟინა. კითხვა ადვილი იყო. პასუხის გაცემა ყველას შეგვეძლო. ყველას გვწვავდა თავგამოჩენის სურვილი
როგორც იქნა, მასწავლებელმა მიუშვირა თითი ერთ-ერთ ჩვენთაგანს. იგი წამოხტა და რიხიანად უპასუხა
- დედა!
- არ არის სწორი! - მკაცრად თქვა მასწავლებელმა, - დაჯექი
გაკვირვების ტალღამ გადაუარა კლასს, მაგრამ ენთუზიაზმი მაინც არ გამქრალა: თუ დედა არა, მაშასადამე, მამა უნდა გვიყვარდესო... და კლასი კვლავ ბობოქრობდა. მასწავლებელმა მეორე წამოაყენა. პასუხი ისევ რიხიანი იყო
- მამა! მასწავლებელს უკვე ნერვიულად უთრთოდა სახე.
- არ არის სწორი, არა! დაჯექი!
კლასში ენთუზიაზმი გაქრა. აშკარა დაბნეულობამ დაისადგურა. მხოლოდ გაბედულები არ ცხრებოდნენ და ისმოდა პასუხი
- ბებია!
- ბაბუა!
- და!
- ძმა
ძარღვებაშლილი მასწავლებელი ოთახში დარბოდა და ცივი ხმით ჰკიოდა: - არ არის სწორი! არ არის სწორი
კლასი დადუმდა, გაჩუმდა და გაიტრუნა. იოლი კითხვის პასუხი ურთულესი აღმოჩნდა. თავზარდაცემული ვცახცახებდით. მასწავლებელი კარგა ხანს ჩუმად მოგვჩერებოდა. მერე დაცინვით შემოგვხედა და ღვარძლიანი ხმით იკითხა
- როგორ, ბავშვებო, თქვენ ლენინი არ გიყვართ
ამის გაგონება იყო და მთელმა კლასმა დაუფიქრებლად ერთხმად ვიბღავლეთ
- გვიყვარს, გვიყვარს, გვიყვარს!

აკაკი ბაქრაძე, მწერლობის მოთვინიერება, თხზულებანი, ტომი III, ნეკერი, 2005

No comments

Simon Janashia. Powered by Blogger.