სტატია განათლების რეფორმის შესახებ

დეკემბრის თვის გაზეთ ახალ განათლებაში გამოქვეყნდა ნიკა სერგიას სტატია განათლების რეფორმის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში პირველი შემთხვევაა, როდესაც სკოლის მოსწავლე მწყობრად და არგუმენტირებულად აყალიბებს საკუთარ სათქმელს.

სტატიის ნახვა შეგიძლიათ აქვე ან შემდეგ ბმულზე

ერთი მეთორმეტეკლასელის ,,სუბიექტური” აზრი განათლების რეფორმაზე, სახელმძღვანელოებზე, რეპეტიტორობასა და სხვა საკითხებზე

შეიძლება, ამ საკითხში დილეტანტი უფრო მეთქმის, ვიდრე კომპეტენტური , მაგრამ ამ წერილის დაწერა იმან გადამაწყვეტინა, რომ ამ თემაზე XII კლასის მოსწავლეზე ბევრად უფრო არაკომპეტენტური ხალხი საუბრობს და თან ისეთი შემართებითა და თავდაჯერებულობით, რომ შეკამათებასაც ვერ გაუბედავ...
ჩვენ, ახლანდელ თაობას, გადასხვაფერების მომენტში მოგვიწია ცხოვრება, რაც, დამეთანხმებით, რომ მტკივნეულია, მაგრამ ამასთანავე საინტერესოც. საინტერესო იმიტომ, რომ შენც, რიგითს, შეგიძლია შენი წვლილი შეიტანო ახალი სახლის დაპროექტებასა და მშენებლობაში, იმიტომ, რომ ეს სახლი სწორედ ახლა, სწორედ შენთვის, სწორედ შენი ხელით შენდება, იმიტომ, რომ სწორედ ამ სახლში უნდა დაპატიჟო მომავალი თაობები. ამიტომ, ახლა დუმილი დანაშაულია, მაგრამ სათქმელი ისე უნდა ვთქვათ, გვესმოდეს, რას ვამბობთ და რას ვაკეთებთ. უნდა გავიგოთ, რომ საკუთარი აზრის ქონა არ არის ყველაფერში ცუდის და ნეგატიურის ძებნა და არც ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაგონილ პირველივე ჭორს დაუჯერო.
პირადად მე ხშირად გავმხდარვარ მოწმე იმისა, რომ ადამიანი, ვისაც თვალითაც არ უნახავს მე-10 კლასის ქართულის სახელმძღვანელო, ამბობს, ილია ჭავჭავაძე სკოლაში არ ისწავლებაო, არადა, ამ სახელმძღვანელოს პირველი ორი ნაწილის მთავარი ძარღვი სწორედ ილიას შემოქმედება და მოღვაწეობაა (ვგულისხმობ თამაზ ვასაძის ავტორობით შექმნილ სახელმძღვანელოს, რომელიც სკოლების უმეტესობამ აირჩია). ბევრი იმასაც ვერ ხედავს, რომ IX კლასში ისევ ისწავლება შუშანიკიც, გრიგოლიც და ,,ვეფხისტყაოსანიც”, თანაც ახლანდელი წიგნი ათჯერ მაინც ჯობია იმას, მე რომ მომიწია სწავლამ, (როგორც აღვნიშნე XII კლასში ვარ შესაბამისად მე ძველებური, ე.წ. ,,ქრესტომატიით” გავიარე IX კლასი) ის რეპლიკები და შეფასებები კი იმის ბრალია, რომ ხალხი საქმეში ჩაუხედავია და მხოლოდ ჭორებზე დაყრდნობით აკეთებს თამამ განცხადებებს.
ზოგი იმასაც ამბობს, ახალი პროგრამა ძალიან რთულია და ჩვენი მოსწავლეები ვერ ძლევენო. მაგალითად, ერთი ღრმად პატივცემული ქალბატონი ამავე გაზეთის ფურცლებზე წერდა, XII კლასის ქართულის სახელმძღვანელოს (იგულისხმება თ. ვასაძის, ნ. მუზაშვილის და ნ. ჩუბინიძის სახელმძღვანელო) ჩვენი მოსწავლეების 10% თუ შეიწავლისო. ჩემი აზრით ეს ტრაგედია სულაც არაა, საქმე ისაა, რომ ახლა უამრავი პროფსასწავლებელი იქმნება, სადაც სწავლა სულაც არ არის ცუდი და სამარცხვინო, ხოლო XII კლასში ყველა არ უნდა ირიცხებოდეს. მაშინ, როცა XII კლასში ისინი ისწავლიან ვისაც წინა კლასების მოსწრების დონე ამის საშუალებას მისცემს, სახელმძღვანელოც მოსწავლეთა უმრავლესობის მიერ დაძლეული იქნება.
ზემოთ სხვისი ზედაპრულობა გავაკრიტიკე და მეც რომ იგივე ,,ცოდვაში” არ ჩავვარდე, მოდი, ცოტა ჩავუღრმავდეთ საკითხებს, იმდენად, რამდნადაც ამას წერილის ფორმატი და გაზეთის ფურცელი მოგვცემს. ავიღოთ ისევ და ისევ მრავალჯერ ნაქებარ-ნათათხარი, უკვე მოწონება-დაწუნება მოსწრებული, XII კლასის ქართულის საკმაოდ სქელტანიანი სახელმძღვანელო. მაგრამ სანამ სახელმძღვანელოს უშუალო შეფასებაზე გადავიდოდეთ და იმას ვიტყოდეთ, პასუხობს თუ არა ის ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს (რომელიც სხვათა შორის მოსწავლეების მიერაა შემუშავებული), კარგი იქნება თუ იმაზე შევთანხმდებით, თუ რას გულისხმობს ეს მიზნები, ანუ იმას დავაზუსტებთ, თუ რა გამოწვევის წინაშე დგას სახელმძღვანელო.
ზემოაღნიშნული ეროვნული მიზნებისა და მარტივი ლოგიკის გათვალისწინებით, ამ სახელმძღვანელოს პროდუქტი, ანუ მოსწავლე უნდა იყოს პიროვნება, ხაზს ვუსვამ, პიროვნება (და არა მეტ-ნაკლები ინფორმაციის შემნახველ-გადამამუშავებელი მანქანა), რომელსაც შეეძლება შექმნას ახალი რამ ნებისმიერ სფეროში, შეეძლება სხვისი აზრის გათვალისწინებით, მაგრამ დამოუკიდებლად ცხოვრება, დამოუკიდებელი აზროვნება, საკუთარი აზრის ცივილიზებული ფორმით პრეზენტირება საზოგადოებისთვის, სხვისი აზრის, კულტურის, რელიგიის, ცხოვრების წესის პატივისცემა, ჰუმანიზმის, საწყის, ძირეულ ღირებულებად აღიარება. აი, სწორედ ეს არის ის მიზნები, გინა ღირებულებები, რომელიც საქართველოს საჯარო სკოლის სახელმძღვანელოს, კონკრეტულ შემთხვევაში XII კლასის ქართულს დაესახა. შეიძლება ვინმეს ამ ჩამონათვალში თვალში დააკლდა ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება. მე ის შეგნებულად გამოვტოვე, რადგან მგონია, რომ ჩვენში დამკვიდრებული მცდარი წარმოდგენის, უფრო სწორად, ინსტინქტის საწინააღმდეგოდ, გამოცდების ჩაბარება კი არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი, არამედ განათლების მიღება. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, უნდა შევიგნოთ, რომ გამოცდების ჩაბარება ერთ-ერთი საშუალებაა განათლების მისაღებად და არა მიზანი. ჩვენ კი მიზანსა და საშუალებას ადგილი შევუცვალეთ ჩვენს ცნობიერებაში და განათლების მიღება (მიზანი) ვაქციეთ საშუალებად ფსევდო-მიზნის _ გამოცდების ჩასაბარებლად. ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ ეროვნული გამოცდები უბრალოდ, მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენს ცხოვრებაში და რომ მის მერეც გრძელდება სიცოცხლე, რომელშიც ბევრად მეტი რამ დაგვჭირდება, ვიდრე გამოცდებისთვის მომზადებაში დაგვჭირდა. ამიტომაც ჩვენ გამოცდებისთვის მზადებაში კი არ უნდა შემოგვესწავლოს რაღაცები, არამედ რაღაცების სწავლაში უნდა შემოგვემზადოს თავი გამოცდისთვის და ამ ორ რამეს შორის დიდი განსხვავებაა. როცა ამას შევიგნებთ, მაშინ ძნელი არ იქნება, ზემოაღნიშნული საღელმძღვანელოს მოწყობის პრინციპი გავიგოთ, რომელიც იმ ზოგადსაკაცობრიო გამოწვევებსაც პასუხობს, რომელიც მოსწავლის წინაშე დგას და ამასთანავე ეროვნული გამოცდებისთვის მზადებაშიც მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი მთავარი წვლილიც შეაქვს. მე შევეცდები ქვემოთ კონკრეტული ადგილები და მახასიათებლები მოვიყვანო სახელმძღვანელოდან, რომლებიც კონტრმაგალითად გამოდგება ამ წიგნის მაკრიტიკებლებისთვის:
დავიწყოთ იმით, რომ წიგნში მრავლადაა უცხოელი ავტორების ნაწარმოებები. ამაზე ბევრმა თქვა, რომ ეს მიმართულია ეროვნულობის წინააღმდეგ, რომ ქართული ლიტერატურის გადაშენება უნდათ და ა.შ. მაგრმ მე მინდა ამ ხალხს ვურჩიო, წაიკითხოს ამავე ავტორების მიერ შედგენილი X კლასის სახელმძღვანელოში შეტანილი ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილი ,,კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი”. თუ ამ კრიტიკოსს ვაჟასი მაინც სჯერა, აღმოჩნდება, რომ ამ წიგნის შემკვეთ-შედგენელი კი არა თვითონ ცდილობს საქართველოს გადაგვარებას. ჩვენ სწორედ მაშინ შევიცნობთ ქართულ ლიტერატურასა და ისტორიას სრულფასოვნად, როცა მას განვიხილავთ მსოფლიო ლიტერატურისა და ისტორიის ჭრილში, როცა საქართველოსა და მის კულტურასა და ისტორიას მსოფლიოს კულტურისა და ისტორიის ნაწილად აღვიქვამთ. ჩვენ სწორედ მაშინ გადავგვარდებოდით და გადავგვარდებით, ჩვენი ქვეყანა რომ დანარჩენ სამყაროს მოვწყვიტოთ და ფიზიკური ან ფსიქოლოგიურ-კულტურული კედლით გამოვყოთ. კედლების აგებისგან მიღებული არცთუ სახარბიელო შედეგების მაგალითების მოძიება კი, ისტორიის ახლო წარსულშიც ადვილად შეიძლება. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თარგმანიც ხომ ლიტერატურის ჟანრია და მისი შეფასებაც ხომ უნდა შეეძლოს საშუალო განათლებამიღებულ ადამიანს?! სახელმძღვანელოში პირდაპირააა მითითებული, რომ მოსწავლე უნდა შეეცადოს ამა თუ იმ უცხო ენიდან ორიგინალის თარგმნას, ნაჩვენებია თარგმანის რამდენიმე ნიმუში და მოსწავლეს მისი შეფასება ევალება. ეს პირველ რიგში დიდი პატივია მოსწავლისთვის და ფსიქოლოგიურადაც ძალზე გამართლებულია, რადგან იგი წიგნის ავტორისგან გარკვეულ ნდობას და დაფასებას ხედავს და მზადაა გაამართლოს მისი იმედები. ის ხედავს, რომ გაიზარდა და ძალა შესწევს სწორად შეაფასოს ესა თუ ის ლიტერატურული მოვლენა.
მოსწავლის ლიტერატურულ ზრდაზე პირდაპირ, გათვლილად მუშაობს წიგნის პირველი ნაწილი, სახელწოდებით ,,მკითხველი”. წიგნის ამ ნაწილში ფაქტიურად სრულყოფილად ყალიბდება ცნობიერებაში მწერლისა მკითხველის ფენომენი, როგორც ერთი სამყაროს წევრების საზოგადოება. ფსიქოლოგიურად აქაც უმნიშვნელოვანესი მომენტია შექმნილი იმით, რომ მთელი რიგი ნაწარმოებებით მტკიცდება ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ კარგი მკითხველი და მწერალი თანასწორნი არიან. წიგნის ამ ნაწილში გაერთიანებული რეზო ყარალაშვილის ესე ,,მხატვრული ნაწარმოების აღქმა” (გვ. 32) კი მოსწავლეს ყველაზე უკეთ აძლევს საშუალებას მკითხველთა ტიპებს შორის საკუთარი იპოვოს, ისწავლოს კითხვის ხერხები და შეძლოს ,,ტკბობისას განსაჯოს და განსჯისას დატკბეს”. ლიტერატურის გაკვეთილების მიზანიც ხომ სწორედ ეს უნდა იყოს და არა ე.წ. საზეპიროების მაქსიმუმის დაზუთხვა. საზეპირო მილიონია, ჩვენ ყველას ვერ მოვერევით, თანაც გამოცდაზე ქულების ნახევარი არა საზეპიროების, არამედ, სულ უცნობი ტექსტების გაანალიზებაზე მოდის. ამიტომ ჯობია თევზის ჭერა ვისწავლოთ და ეს იმის ტოლფასი იქნება, მთელი მსოფლიოს თევზები დაგვეჭიროს, ეს იმას ჰგავს, ფულის საბეჭდ მანქანასა და მილიონს შორის მილიონი რომ აირჩიო. (კარგია მილიონი, მაგრამ ფულის საბეჭდი მანქანა უკეთესია).
ძალზე შორს წაგვიყვანს წიგნის სხვა თავების დეტალური დახასიათებაც. თუმცა, იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ ეს წიგნი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს საკუთარი პასუხი ჰქონდეთ ისეთ ბანალურ კითხვებზე, რომლებიც, სიკვდილის, სიცოცხლის, სამყაროს, სიყვარულის, საკუთარი ,,მეს”, სამშობლოს, სიკეთის და ბოროტების რაობაზე ისმის ხოლმე. ამაზე მგონი, არც არავინ იდავებს. რადგან ეს ყველაფერი იქ საკმაოდ მსუქანი შრიფტით წერია და კარგად ჩანს.
თუმცა, რაც დიდი შრიფტით არ წერია, მაგას ყველა არ უყურებს და დავის საგანიც ხდება, ასეთი რამაა დავალებები, რომლებსაც სახელმძღვანელოს ავტორები გვთავაზობენ. აქ შევხვდებით ყველანაირ დავალებას, რომელიც ითხოვს ყველაფრის წერას, დაწყებული ჩვეულებრივი ესედან, დამთვარებული ლექსითა თუ მოთხრობით. ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საპრეზენტაციო მოხსენებების (გვ.76 544), რეფერატების (გვ. 548), პროექტების (გვ. 103 545) მომზადებას და იმის შეგნებას, რომ წერის ფენომენი არ იწყება და არ მთავრდება თემით ,,ქალთა სახეები ვეფხისტყაოსანში”.
ცალკე თემაა უფრო წვრილი შრიფტით ნაბეჭდი სქოლიოები, რომლებიც ხშირად ენციკლოპედიური ხასიათისაა და ძალიან მოსწავლეს ძალიან ამგვანებს ინტერნეტში მოხეტიალე საკუთარ თავს, როცა ამა თუ იმ სიტყვაზე დაწკაპუნებით სულ ახალ გვერდზე გადადის ახალი ინფორმაციებით _ ვგულისხმობ სქოლიოში ნახსენებ აუარება გამოვნებიან ლიტარატურულ ნიმუშებს, რომლებიც მინიმუმ იმას ახრხებენ, რომ მოსწავლეს (არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ) ,,მგლების” იქით ძალზე საინტერესო ლიტერატურული სამყარო გადაუშალონ.
მოკლედ ეს სახელმძღვანელო პირდაპირ გამომდინარეობს იმ ზემოაღნიშნული მიზნებიდან და, პირიქით, ის მიზნები, თავის მხრივ, ამ სახელმძღვანელოდან გამომდინარეობენ.
და… ბოლოს მაინც ვერ ავუქცევთ გვერდს წიგნის ყბადაღებულ მოცულობას _ ის ხუთასგვერდიანია(!). ისმის რიტორიკული შეკითხვები _ ამდენი როგორ ვასწავლოთ, ამდენი როგორ ვისწავლოთ, ვერ ვასწრებთ, აქეთ მეცადინეობა, იქით სკოლა და ა.შ. თუმცა ამ ყველაფერზე არსებობს მარტივი პასუხი. დავიწყოთ იმის გამეორებით, რომ ჩვენ ერთმანეთში ვურევთ მიზანსა და საშუალებას. ამ შემთხვევაში მიზანი წიგნის დამთავრება კი არაა, არამედ იმ უნარების განვითარება, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, ამისთვის კი წიგნის სრულად გავლა აუცილებელი სულაც არაა. ეს ზღვა მასალა კლასს და მასწავლებელს შეუძლია სურვილის მიხედვით დაახარისხოს და წიგნიდან იმდენი წაიღოს, რამდენი შეუძლია. ნამდვილად არ ვაიგივებ ამ სახელმძღვანელოს ბიბლიასთან, მაგრამ ბიბლიის ბოლომდე გაგება არავის რომ არ შეუძლია, ეს განა იმას ნიშნავს, რომ ეს ღვთიური წიგნი უნდა დავაშინაარსოთ და გაუგებარი, მისტიური ადგილები ამოვშალოთ მანდედან?! ახალი სახელმძღვანელოები სწორედ ამ პრინციპითაა აგებული _ მოსწავლეები ყოველ წელს თავიდან ბოლომდე გადიან ამა თუ იმ მეცნიერებას თავისი ასაკის შესაბამის დონეზე და წიგნიდან იმდენი მიაქვთ რამდენიც შეუძლიათ, ხოლო რასაც წელს ვერ ასწრებენ, მომავალ წელს ისევ გადიან გაღრმავებულად. და ასევე მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, საკითხი, რომელიც ე.წ. ,,მეცადინეობებს” ეხება. ბავშვებს, და ხშირად მასწავლებელებსაც, ის არგუმენტი მოჰყავთ, რომ სკოლის გარდა ,,მეცადინეობებიც” უნდა მოასწრონ. ეს იმას ნიშნავს რომ ისინი სკოლაში ბოლომდე არ იხარჯებიან და ,,მეცადინეობას” მეტ ყურადღებას უთმობენ. მართლაც ჩვენი ახალგაზრდობის უმეტესობას ორი არდაწერილი დავალებიდან ის უფრო აწუხებს, რომელიც ,,მეცადინეობაზე” უნდა მიეტანა, ვიდრე ის, რომელიც სკოლაში ჰქონდა მიღებული, იმ შემთხვეაშიც კი, თუ კლასშიც და მეცადინეობაზეც ერთი და იგივე მასწავლებელი ასწავლის. და რა მოხდებოდა მოსწავლეებს საკუთარი ძალები წლების განავლობაში სასკოლო დავალებებისკენ სრულად რომ მიემართათ და ბოლო წელიწადს არ დალოდებოდნენ? პასუხი მარტივია, მათ ,,მეცადინეობა” არ დაჭირდებოდათ. მე შეგნებულად არ ვიხმარე სიტყვები _ რეპეტიტორობა და რეპეტიცია, იმიტომ რომ ეს ინტერნაციონალური ტერმინები, გამეორებას და გამმეორებელს აღნიშნავს, გამეორება კი მას სჭირდება, ვინც რამეს ვერ იმახსოვრებს. საქართველოს აბიტურიენტთა 98% ,,მეცადინეობს” და მე არ მინდა დავიჯერო, რომ ეს იმან გამოიწვია, რომ ეს 98% უნიჭოა და რაღაცებს ვერ იმახსოვრებს და ამიტომ დადის ,,მეცადინეობებზე”. არა, რეპეტიცია, ანუ გამეორება აქ არაფერ შუაშია, საქმე ისაა, რომ ჩვენ, აბიტურიენტები, ყველაფერს თავიდან ვსწავლობთ, რაც უცილობლად, სკოლის და სასკოლო განათლებისადმი არასწორი დამოკიდებულების შედეგია. ჩვენ რომ მთავრობების, ოპოზიციების, სახელმძღვანელოების და რეფორმების კრიტიკაში დახარჯული დრო, წიგნის კითხვაში გაგვეხარჯა, ჩვენს მშობლებს ათასობით ლარის ფსონად ჩამოსვლა არ მოუწევდათ ჩვენზე ეროვნული გამოცდების ლატარეაში.
არანაკლები მითქმა-მოთქმაა ატეხილი მათემატიკის სახელმძღვანელოთა ციკლის (V_XII კლასები, თ.ვეფხვაძე, თ. გოგიშვილი) გარშემო. აქაც იგივე არგუმენტებია _ სირთულე, სისქე და ა.შ. არადა, იმის გარდა, რომ წიგნი მთლიანად პასუხობს ეროვნული გამოცდებისა და ეროვნული სასწავლო მიზნების მოთხოვნებს V კლასიდან მოყოლებული, ამ წიგნით მოსწავლე იძენს გამოყენებითი მათემატიკისთვის საჭირო აუარება უნარს, დაწყებული საბანკო საქმის წარმათვით და დამთავრებული საგზაო ინჟინერიით. ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ მათემატიკა არ გამოგონილა კვადრატული განტოლების ამოხსნისთვის, ან ცხოვრება არ შექმნილა მათემატიკისთვის, არამედ, მათემატიკა და კვადრატული განტოლება შეიქმნა ცხოვრების გასამარტივებლად. სკოლაში მათემატიკის სწავლა, კვადრატული განტოლების და ტრიგონომეტრიის სწავლასთან ერთად, იმის სწავლასაც გულისხმობს, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი ცხოვრების გასამარტივებლად, ზემოხსენებული წიგნით კი სწორედ ამას ვსწავლობთ. რაც შეეხება ამოცანების სირთულეს, აქ ისინი დალაგებულია მარტივიდან რთულისკენ და თითოეულ პარაგრაფში მოიპოვება ნებისმიერი მოსწავლის მოსწრების დონის შესაბამისი დავალება.
მე მხოლოდ იმ სახელმძღვანელოებს შევეხე, რომლებთანაც პირადად მქონდა შეხება და თანამედროვე სკოლის მხოლოდ რამდენიმე კუთხის ზედაპირული ანალიზი შემოგთავაზეთ და ყველაფერი, რისი თქმაც მინდოდა, რა თქმა უნდა, არ მითქვამს, მაგრამ, მგონი, ძირითადი სათქმელი მკითხველამდე მოვიტანე. მკითხველს კი თუ ეს თემები აინტერესებს (და მე დარწმუნებული ვარ, რომ, რადგან ამ გაზეთს კითხულობს, აინტერესებს), ვურჩევ ქართულის და მათემატიკის სახელმძღვანელოებზე არ გაჩერდეს, აიღოს ისტორიის, უცხო ენის, ქიმიის, გეოგრაფიის საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოები და ჩემი დილეტანტური ანალიზის გარეშეც ადვილად დაასკვნის, რომ ვინც კარგად დაამთავრებს თორმეტ კლასს, სრული საფუძველი ექნება, რომ ცხოვრებაში სხვის ნატკეპნ გზას კი არ გაყვეს, არამედ თვითონ შექმნას რაიმე ახალი, გააჩნდეს საკუთარი აზრი, ოღონდ ჭორებზე კი არა, არგუმენტებზე და ლოგიკაზე დამყარებული. იგივე X-XI-XII კლასის ისტორიის სახელმძღვანელოების კურსით მოსწავლე X კლასში ჯერ სწავლას სწავლობს, ისტორიული წყაროების ანალიზს, მერე კი, XII კლასში უკვე ნამდვილი მკვლევარი ხდება _ მის ხელთ მხოლოდ წყაროებია, დასკვნა კი თვითონ უნდა გამოიტანოს (ვგულისხმობ X კლასის სახელმძღ. (ზ.კიკნაძე, ლ. პატარიძე) XI კლასის სახელმძღ. (ნ. ასათიანი გ. სანიკიძე) და XII კლასის სახელმძღ. (ნ. ახმეტელი, ნ. მურღულია)). ამ ყველაფერზე ვერც კი იოცნებებდა მთელი საბჭოთა და შემდგომი პერიოდის ახლგაზრდობა, ამიტომ, ალბათ, ზემოთ ნახსენები უარყოფითი შეფასებები შეუჩვეველი ლხინის სინდრომს თუ მიეწერება...
და მაინც, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ამ ახალ სახელმძღვანელოებზე, მე მიმაჩნია, რომ ეს წიგნები რეფორმის მთავარი მონაპოვარია. ყველაზე საინტერესო კი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებია, რომლებიც ბავშვების მიერვეა შემუშავებული და ყველა სახელმძღვანელოს ბოლო გვერდზე წერია. სწორედ ამ წიგნების შესწავლის შემდეგ ჩამოყალიბდებიან ჩვენს ქვეყანაში ისეთი მოქალაქეები, რომლებიც, ცოტა არ იყოს, დეფიციტურია დღევანდელ საქართველოში, მოქალაქეები, რომლებიც სიახლეს კრიტიკულად უყურებენ, მაგრამ ისე, რომ არგუმენტად ის არ მოჰყავთ, ადრე უამისოდაც იოლად გავდიოდით ფონსო, მოქალაქეები, რომლებსაც X კლასში ნასწავლი ექნებათ ილიას ,,რა გითხრათ?! რით გაგახაროთ?!” და ეცოდინებათ, როგორ გამოჭედონ დროს და მსოფლიოს მორგებული იარაღი, როგორ მოიგონ ცოდნის ომი, როგორ დაიხურონ საერთაშორისო ქუდი ისე, რომ ქუდს თავიც არ გადააყოლონ...


ნიკა სერგია
ქ.ხობის #2 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე



2 comments

ნანა ცანავა said...

ძალიან საინტერესო სტატიაა. კარგია, რომ ჩვენი ახალგაზრდები ასე მსჯელობენ.

Anonymous said...

ძალიან საინტერესო სტატიაა. კარგია, როცა ჩვენი ახალგაზრდები ასე აზროვნებენ.

Simon Janashia. Powered by Blogger.