ერთიანი ეროვნული გამოცდები და განათლების ხარისხი

უკვე მეხუთე წელია, რაც საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსახვედრად აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. ეს გამოცდები აღიარებულია, როგორც მნიშვნელოვანი მიღწევა საგანმანათლებლო სივრცეში. ამ აღიარების საფუძვლად სახელდება ხოლმე შემდეგი მიზეზები:
ა) გამოცდებმა შემოიტანა მერიტოკრატია განათლების სისტემაში და დაამარცხა უმაღლესებში მოხვედრის ეტაპზე კორუფცია. ამით დამყარდა უფრო მეტი სოციალური სამართლიანობა. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ახალ სისტემაში არა მხოლოდ სოციალური კავშირები აღარ ჭრის (ე.წ. ჩაწყობა), არამედ ღარიბებს იგივე შანსი აქვთ მოხვედრის, როგორც მდიდრებს.
ბ) გამოცდების შემოღებით განათლების ხარისხი იმატებს იმ საგნებში, რომლებიც გამოცდებზე ბარდება.
გამოცდების ახალ სისტემას აქვს მაღალი მხარდაჭერა საზოგადოებისა და პოლიტიკური წრეების მხრიდან. გამოცდების სისტემის კრიტიკა არათუ ცუდ ტონად ითვლება, არამედ პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეების მხრიდან ხანდახან ირაციონალურ რეაქციებსაც კი იწვევს. ჩემი მიზანი ამ რეაქციების გამოწვევა სულაც არ არის, ამიტომ მკითხველს, რომელსაც ცივად არ შეუძლია განათლების სფეროზე მსჯელობა ვურჩევ თავს ნუ შეიწუხებს ამ ჩანაწერის კითხვით.
კითხვა, რომელსაც ვცდილობ ვუპასუხო არის, უწყობს თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღება განათლების ხარისხის ამაღლებას საქართველოში? თუ დავუჯერებთ ზოგიერთ პოლიტიკოსსა და საგამოცდო პროგრამებისა და ტესტების შემქმნელების დიდ ნაწილს, გამოცდების არსებობა გარკვეულწილად განაპირობებს განათლების ხარისხის ამაღლებას. პროფესორების ნაწილი უნივერსიტეტებში თვლის, რომ მოსწავლეების დიდი ნაწილი ბოლო დროს განსაკუთრებული ცოდნით ვერ დაიკვეხნის, როდესაც უნივერსიტეტში ხვდება. საინტერესო იქნებოდა იმის გარკვევა, თუ რამდენად არის განათლების ხარისხი დაკავშირებული გამოცდებთან და როგორ უნდა ემსახურებოდეს განათლების პოლიტიკა სწორედ ამ საკითხს ამ კონტექსტიდან გამომდინარე.

სანამ გამოცდების განათლების ხარისხთან კავშირზე ვისაუბრებთ მნიშვნელოვანია, რომ გავიხსენოთ თუ, როგორ ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები. კონკურსის ფორმატი შემდეგია: აბიტურიენტი წერს ტესტს სამ ან ოთხ საგანში. თუ მისი ქულები მისი კონკურენტისაზე უფრო მაღალია და გარკვეულ რაოდენობაში ხვდება, ის იკავებს ადგილს სასურველ ფაკულტეტზე და/ან იღებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ გრანტს სწავლის სრულად ან ნაწილობრივად დასაფინანსებლად.
რა განაპირობებს იმას, თუ რამდენად მიიღებს აბიტურიენტი იმდენ ქულას, რაც საკმარისი იქნება მის სასურველ ფაკულტეტზე მოსახვედრად? პასუხი თითქოს ერთმნიშვნელოვანია: მისი ცოდნა და შესაძლებლობები. სინამდვილეში პასუხი ამ კითხვაზე გაცილებით უფრო რთულია ვიდრე ეს თავდაპირველად ჩანს. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც საქართველოს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტის წარმატებას განაპირობებს არის:
ა) აბიტურიენტისა და მისი კონკურენტების მიერ არჩეული ფაკულტეტების შერჩევის სტრატეგია
ბ) აბიტურიენტისა და მისი კონკურენტების ცოდნა და უნარები კონკრეტულ სფეროს მხოლოდ ვიწრო ნაწილში და სფეროების კომბინირებისას, ტესტის შინაარსის, ჩატარების მეთოდოლოგიისა და ტესტის შექმნის ტექნოლოგიის გათვალისწინებით.
ცოდნის, უნარების ან ზოგადად განათლებულობის ხარისხი სულაც არ არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ თქვენ მოხვდეთ თქვენთვის სასურველ ფაკულტეტზე. ერთიანი ეროვნული გამოცდების სტრუქტურა და გამოყენებული შეფასების მეთოდიკა თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მისი ფუნქცია არ არის განათლების ხარისხის გაუმჯობესება.
სტრატეგია
ერთი შეხედვით, ქულას მხოლოდ კონკრეტული დისციპლინის ფარგლებში კონკურსანტის ცოდნის ხარისხი და ოდენობა განაპირობებს, თუმცა სიტუაცია უფრო რთულია ვიდრე ეს თავდაპირველად ჩანს. იმისთვის, რომ აბიტურიენტი რომელიმე უმაღლესში მოხვდეს, მას აქვს უფლება შვიდ სხვადასხვა ფაკულტეტზე არსებულ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. ამ ფაკულტეტებზე მოხვედრის მსურველების სია ერთგვაროვანი არ არის. სია არა მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ სხვადასხვა ადამიანები იღებენ მონაწილეობას, არამედ იმით პირველ რიგში, რომ მათი შესაძლებლობები და შესაბამისად ტესტში მიღებული ქულებიც განსხვავდება. შესაძლოა A ფაკულტეტზე უფრო მეტმა ჩემმა კონკურენტმა მიიღოს ჩემზე მაღალი ქულა კონკრეტულ საგანში ვიდრე B ფაკულტეტზე. ჩემს მიერ მიღებული ქულა ზოგ ფაკულტეტზე არსებულ კონკურსში შეიძლება ძალიან მაღალი იყოს, მაშინ როდესაც სხვა ფაკულტეტზე ეს ქულა დაბალია. ჩემი ქულები ფარდობითია ჩემს თანაკონკურსანტების ქულებთან მიმართებაში.
ჩაბარების სტრატეგიას განაპირობებს კიდევ ერთი ფაქტორი - ფაკულტეტის პოპულარობა. რაც უფრო მეტი აბიტურიენტი იღებს მონაწილეობას კონკრეტულ ფაკულტეტზე ადგილების დაკავებაში, მით უფრო ძნელი ხდება სხვაზე უფრო მაღალი ქულების მიღება. მიუხედავად იმისა, თუ აბიტურიენტი 100-ქულიან ტესტში საშუალო და საშუალოზე დაბალ ქულებს იღებს, მას მაინც საკმაოდ კარგი შანსები აქვს უმაღლესში მოსახვედრად, თუ ის დაბალი პოპულარობის, ანუ დაბალი კონკურსის მქონე ფაკულტეტზე ცდილობს ადგილის დაკავებას. ასეთ ფაკულტეტებს არა მხოლოდ ისინი ირჩევენ, ვისაც წინასწარ არ აქვს მოლოდინი, რომ მაღალ ქულებს აიღებენ არამედ ისინიც, ვისაც მაღალი მოლოდინები აქვს, მაგრამ ირჩევს შედარებით არაპოპულარულ ფაკულტეტს მხოლოდ სტრატეგიიდან გამომდინარე. ასეთი აბიტურიენტების სტრატეგია შემდეგია: პირველ რამოდენიმე პრიორიტეტად ირჩევ მაღალი კონკურსის მქონე ფაკულტეტს, ხოლო ბოლო პრიორიტეტებად კი დაბალი კონკურსის მქონეს. მაგ. თუ ვერ მოხვდი მაგ. თსუ-ს ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, და მოხვდი მაგ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ეს არ არის დიდი ტრაგედია იმ შემთხვევაშიც კი თუ მაინცდამაინც თსუ-ში გინდა სწავლა, რადგან ამით კონკურსი არ დამთავრებულა. ერთი წლის თავზე, შეგიძლია ე.წ. ”მობილობის” წესით სცადო ბათუმიდან თსუ-ში გადასვლა. ამისთვის უკვე ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაცვლად აბარებ შიდა საუნივერსიტეტო გამოცდას, რომელიც ნაკლებად გამჭვირვალეა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პატიოსნებასა და საკუთარ რეპუტაციაზე ზრუნვაზეა უფრო მეტად დამოკიდებული, ვიდრე რაიმე გამართულ სისტემაზე. აქედან გამომდინარე, ის თუ რამდენად მიიღებს აბიტურიენტი მის სასურველ ფაკულტეტზე ადგილს, ამას ცოდნის ხარისხისა და მოცულობის გარდა ისიც განაპირობებს, თუ რა სტრატეგიას იყენებს აბიტურიენტი ფაკულტეტების არჩევისას.
ცოდნა, უნარები, ტესტის შინაარსი, ჩატარების მეთოდოლოგია და ტესტის შექმნის ტექნოლოგია
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არსებული ტესტი კონკრეტულ ცოდნის სფეროში (domain of knowledge) შესაძლო ცოდნის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს ამოწმებს. მაგალითისთვის განვიხილოთ უცხო ენის ტესტი. უცხო ენის ფლობა გულისხმობს, როგორც მინიმუმ ოთხი ძირითადი მიმართულებით გარკვეული კომპეტენციების ფლობას: წერას, კითხვას, მოსმენასა და მეტყველებას. დამატებით უცხო ენის ფლობა გულისხმობს გარკვეულ კულტურულ კომპეტენციებსაც, რაც გულისხმობს უცხო ენაზე კომუნკაციის შესაძლებლობას უცხო კულტურის გათვალისწინებით. რას ამოწმებს ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხო ენის ტესტი? ის ამოწმებს მხოლოდ წერისა და კითხვის კომპეტენციებს და ისიც მხოლოდ მათ ნაწილს.
ტესტის ფორმატი უფრო მეტად ორიენტირებულია შეფასების ობიექტურობის დაცვაზე, ვიდრე მნიშვნელოვანი კომპეტენციების შემოწმებაზე. იმის გამო, რომ ტესტის შემქნელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს გამსწორებლების სუბიექტური ფაქტორი, ამიტომ უპირატესობა ეეგ-ზე ტესტებში ენიჭება ისეთ კითხვებს, რომლის პასუხებიც წინასწარ არის მოცემული და სადაც აბიტურიენტი, რამოდენიმე ვარიანტიდან სწორს ირჩევს. ასეთ პირობებში მინიმალურია წერის შემოწმების ფაქტორიც. შესაბამისად, ტესტი ამოწმებს ძალიან შეზღუდული მოცულობის ცოდნას. უცხო ენის მაგალითზე, მაგ. შესაძლებელია აბიტურიენტს არასოდეს ჰქონდეს ნათქვამი ან მოსმენილი სიტყვა უცხო ენაზე და ისე აბარებდეს გამოცდას.
მსგავსი ვითარებაა ყველა დანარჩენ ტესტში. უნარების ტესტიც, მხოლოდ უნარების ძალიან ვიწრო ჯგუფის მცირე ნაწილს ამოწმებს. მოწმდება მხოლოდ ვერბალური და მათემატიკური უნარების ნაწილი, მაშინ, როდესაც სხვადასხვა ძველი და თანამედროვე კვლევებისა და კლასიფიკაციის მიხედვით ამ უნარების გარდა ადმიანის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია სივრცული, ინტერ და ინტრაპერსონალური, კინესთეტიკური, ნატურალისტური და სხვა უნარები.
ცოდნის სფეროში შესაძლო ცოდნის მოცულობა განუზომელია და გასაგებია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ამ ცოდნას არ ამოწმებს. პრობლემატური ის არის, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების მიერ შემოწმებული ცოდნა და უნარები, თავისი ”დაფარვით” ახლოსაც არ არის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან. ეროვნული სასწავლო გეგმა გაცილებით უფრო ფართო მოთხოვნებს უყენებს მოსწავლეს ვიდრე გამოცდები აბიტურიენტს. ის, რომ ზოგიერთი საკითხი გამოცდებზეა შეტანილი, რომლის სკოლაში სწავლა მოსწავლეს არ მოეთხოვება სხვა ტიპის პრობლემაა და ზოგად სურათს არ ცვლის. თავი რომ დავანებოთ ცოდნასა და კოგნიტურ, ანუ შემეცნებით უნარებს გამოცდაზე აბიტურიენტს არავინ არ თხოვს გამოავლინოს საკუთარი სოციალური უნარები, არტისტიზმი, მახვილგონიერება, იუმორის გრძნობა, თანატოლებზე ზრუნვა, ლიდერობა და სხვ. თავისთავად ამ ყველაფრის შემოწმება, რომ არ ხდება ეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაკლი კი არა, ზოგადად ტესტირების ფორმატის ნაკლია. ძალიან ვიწრო სფეროში მიღებული ქულა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ბევრი აბიტურიენტისთვის, ვიდრე მისი შემდგომი წარმატებისთვის გაცილებით უფრო საჭირო მრავალი უნარის სწავლა. სწორედ ამის გამო, ისინი ბოლო კლასებში კერძო რეპეტიტორთან სიარულს არჩევენ სკოლაში ამ უნარების ათვისებისთვის შრომას. ზოგიერთ ამ უნართაგან შემოწმება გამოცდის ფორმატში შესაძლებელია, მაგრამ ეს უკვე სცილდება ერთიანი ეროვნული გამოცდების მიზანსა და ამოცანებს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების მთავარი ამოცანა მრავალი ათასი აბიტურიენტის მიუკერძოებლად რანჟირებაა მათი ტესტის შედეგების მიხედვით. ამ ამოცანისთვის სულაც არ არის მნიშვნელოვანი ვიცოდეთ თუ რა იცის კონკურსანტმა. აქ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რამდენად მეტი ან ნაკლები იცის კონკურსანტმა, სხვებთან მიმართებაში. ამ ამოცანის გადაჭრა ტესტის შედგენის მეთოდოლოგიას განაპირობებს, რაც თავის მხრივ განაპირობებს აბიტურიენტის წარმატებას ადგილების დაკავების კონკურსში.
ცოდნის შესაფასებლად ორი ტიპის ტესტებია გავრცელებული ე.წ. ნორმაზე დაფუძნებული და ე.წ. კრიტერიუმებზე დაფუძნებული ტესტები. პირველი ტესტის თავისებურება არის ის, რომ ტესტის სირთულე დგება პოპულაციის მომზადების დონიდან გამომდინარე. მეორე ტესტის სირთულე კი დაფუძნებულია ცოდნის იმ კრიტერიუმებს, რომლებზეც წინასწარ არსებობს შეთანხმება. საქართველოში არსებული ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა პირველ სისტემას ეყრდნობა. ეს გულისხმობს ტესტის სირთულის ყოველწლიურად მორგებას არსებულ აბიტურიენტების სიძლიერეზე. პროცესი, რომ თვალნათელი იყოს გავამარტივებ ტესტის შექმნის პროცესის სურათს და ისე აღვწერ. მაგ. დგება ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის კითხვები. აბიტურიენტების გამოცდამდე დიდი ხნით ადრე სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით გამოიცდება ტესტი და თითოეული მისი კითხვა გამოცდა საცდელ ტესტირებებზე. საბოლოო ტესტი ისეთი კითხვებისგან უნდა იყოს შედგენილი, რომ თუ ის 100 ქულიანია, აბიტურიენტების 50% საშუალოზე ნაკლებ ქულას უნდა იღებდეს, ხოლო მეორე ნახევარი კი საშუალოზე მაღალს. თუ ბევრი რთული კითხვა აღმოჩნდა ისინი იცვლება მარტივებზე, ხოლო თუ ბევრი მარტივი, ისინი რთულებზე. კითხვების შედგენისას კიდევ სხვა მრავალი სირთულეა (მაგ. ის, რომ ისინი ვინც რთულ კითხვებს პასუხობენ, ისინი ზოგადად მარტივებსაც უნდა პასუხობენდნენ და ა.შ. მაგრამ ეს უკვე ტესტის ხარისხიანობის თემაა და არა ტესტის მიერ ხარისხის შემოწმების). ტესტის ჩამბარებელთა პოპულაციაზე მორგება იწვევს იმას, რომ ტესტის სირთულე ისევე ფარდობითია, როგორც ქულები. შესაბამისად თუ ერთ დღეს ძალიან სუსტი ცოდნის აბიტურიენტები მოვლენ კონკურსზე, მათგან საუკეთესოები მაინც ჩაირიცხებიან საქართველოს უმაღლესებში. ტესტის შედგენის ეს მეთოდოლოგია იმ მხრივაც პრობლემატურია, რომ ქულების შენახვას უაზროს ხდის წლიდან წლამდე, რადგან სხვადასხვა წელს მონაწილეთა სიძლიერე განაპირობებს მათ ქულებს და არა რაიმე კრიტერიუმი. აქედან გამომდინარე ერთ წელს მიღებული მაგ. 100 ქულა შეიძლება მიღებული იქნას უფრო რთულ კითხვებზე პასუხით, ვიდრე მეორე წელს მიღებული.
აბიტურიენტის წარმატებას არა მხოლოდ ის განაპირობებს თუ რამდენად მომზადებულია ის, არამედ რამდენად არის მომზადებული მისი თაობა და აქედან გამომდინარე თუ რამდენად იცვლება ტესტი. სხგვაგვარად რომ ავხსნათ: წარმოვიდგინოთ, რომ ტარდება შეჯიბრი მაქსიმალური მანძილის გარბენაში. არავინ წინასწარ არ იცის თუ რა იქნება მაქსიმალური მანძილი. მონაწილეობის დაწყების წინ ჩატარებული ექსპერიმენტის საფუძველზე დგინდება თუ რა მანძილის გავლა შეუძლათ საუკეთესოებს. ამ ინფორმაციას მხოლოდ შეჯიბრისას ვიგებთ. შესაბამისად თუ თქვენ მომზადებული იყავით, რომ მაგ. 42 კილომეტრის გარბენისთვის მაქსიმალური მანძილი დაფარული გექმენოდათ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ იმისთვის, რომ მაქსიმუმს მიაღწიოთ, თქვენ 50 კილომეტრი უნდა გაგერბინათ და არა 42, რადგან სხვებმა წინასწარი ექსპერიმენტის დროს სწორედ ეს მანძილი გაირბინეს. ამის გათვალისწინებით შეუძლებელია თქვენ შეჯიბრის წინ ივარჯიშოთ და ვარჯიშის შედეგებით კმაყოფილი იყოთ, რადგან შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თქვენ შედარებით დაბალ მოთხოვნებს უყენებთ თქვენს თავს ვიდრე სხვები, და შესაბამისად შეჯიბრის დაწყებისას პირობები თქვენთვის აღმოჩენა იქნება. როგორც ამ შეჯიბრში, ისევე ერთიან ეროვნულ გამოცდებში იმის გამო, რომ შეუძლებელია დადგენა, თუ რამდენად აკმაყოფილებ შეჯიბრის პირობებს, შენ იძულებული ხდები იმეცადინო იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქულა მიიღო შენთვის უცნობ სირთულის ტესტში. სწორედ ამის გამოა, რომ აბიტურიენტების უმეტესობას არასოდეს არ აკმაყოფილებს ვარჯიშის ის მოცულობა, რაც მას რომელიმე ინსტიტუციამ ან პიროვნებამ შეიძლება შესთავაზოს. სკოლას აქვს სტანდარტები, ცდილობს გარკვეული ცოდნის ხარისხის მიღწევას, მაგრამ ყოველთვის შესაძლებელია კიდევ უფრო მეტის შესწავლა. ამის გამო, აბიტურიენტი დამატებით მიდის რეპეტიტორთან. უფრო სწორად კი, ზემოთ აღწერილი გამოცდების შინაარსის პრობლემის გამო, ის ცდილობს, რომ რაც შეიძლება ცოტა დრო დახარჯოს განათლებაზე და მისი დროის მაქსიმალური მოცულობა დახარჯოს გამოცდებისთვის წვრთნაზე. თუმცა გამოცდების სირთულე სწორედ მათ მომზადებულობას ”ერგება” და რაც უფრო მეტს ემზადებიან, მით უფრო მეტად რთულდება გამოცდაც. როგორც ჩანს ეს პრინციპი არა მხოლოდ აბიტურიენტების დიდ ნაწილს არ ესმის, არამედ მათ რეპეტიტორებსაც ( ან შეიძლება რეპეტიტორებს ესმით და არ უნდათ ამის აღიარება). ამისი დასტურია ყოველწლიური საუბარი იმის შესახებ, რომ გამოცდები გაცილებით უფრო რთულია ვიდრე წინა წელს იყო. ამის დასტურია ასევე ხშირად გამოთქმული მოსაზრება, რომ აბიტურიენტი რეპეტიტორთან მომზადებისას კარგ შედეგებს აჩვენებდა, ხოლო გამოცდაზე საშუალო შედეგი აჩვენა. ვერც აბიტურიენტსა და ვერც მის რეპეტიტორს ვერ ექნებოდა რაიმე საზომი, თუ როგორი შედეგი ექნებოდა მას შემდგომ გამოცდაზე, რადგან მათ არ აქვთ იმ სირთულის ტესტი, რომლითაც ისინი მომავალში უნდა გამოიცადნონ.
თუ პირდაპირ ერთიანი ეროვნული გამოცდების ამოცანა არ არის ხარისხის გაუმჯობესება, იქნებ მისი ირიბი შედეგი მაინც არის გარკვეული წინსვლა ამ მიმართულებით? მართლაც არსებობს მოსაზრება, რომ იმის გამო, რომ მოსწავლეებმა სკოლაში იციან იმის შესახებ, რომ ისინი მხოლოდ თავიანთი ცოდნის მიხედვით შეძლებენ წარმატებას მიაღწიონ და არა რაიმე სხვა დამსახურებით თუ სოციალური სტატუსით ისინი განსაკუთრებული მონდომებით სწავლობენ. ჩემი დაკვირვებით ამას გამოცდების შემოღების წლებში უფრო ხშირად ამბობდნენ მასწავლებლები ვიდრე დღეს. ეს უკავშირდება ცნობილ პრინციპს (კემპბელის კანონი), რომ რაც უფრო მეტად ხდება მნიშვნელოვანი შემოწმების სისტემა, მით უფრო მეტად უარყოფით გავლენას ახდენს იმ სოციალური პროცესის ცვლილებაზე, რომელსაც ის ამოწმებს. მაგ. ჩვენ გვაინტერესებს უნარები, რომლებსაც სხვადასხვა გამოცდილების მიღებით ეუფლება და იღრმავებს ადამიანი. თუ ამ უნარების შემოწმების სისტემა ძალიან მნიშვნელოვანი ხდება, დიდია შანსი, რომ გამოცდილებების მიღების სტრუქტურაც იცვლება. ჩვენს შემთხვევაშიც ასეა. იმის ნაცვლად, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ლოგიკური კავშირების აგება სხვადასხვა საგნის ფარგლებში, ისინი სულ უფრო და უფრო არჩევენ ე.წ. ”უნარების საგანში” მომზადებას. ეს კი ნიშნავს იმას, რომ უნარების ტესტი, რომელიც ძირითადად იმის შესამოწმებლად იყო მნიშვნელოვანი, რაც ერთ რომელიმე მასწავლებელის ან საგნის გასავითარებელი არ არის ნელნელა კარგავს თავდაპირველ მიზანს და სულ უფრო ემსახურება ამ მოსამზადებელ კურსებზე მიღებული გამოცდილების საფუძველზე განვითარებული კომპეტენციების შემოწმებას.
მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების მსგავსი ტესტირების ეფექტი მოსწავლეების მოტივაციაზე, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ მხოლოდ მოკლევადიანია. პირველ წლებში მოტივაცია იზრდება და მოსწავლეები მეტს მეცადინეობენ. მოსწავლეები მეცადინეობას ტესტირებამდე მრავალი წლით ადრე იწყებენ, რათა საბოლოოდ უფრო განათლებულები და წარმატებულები იყვნენ. ტესტირების შემოღებიდან რამოდენიმე წელში შემდგომი თაობის მოსწავლეები წინა მოსწავლეებსა და მათ რეპეტიტორებზე დაყრდნობით უკვე იმდენად კარგად იცნობენ ტესტის ნიუანსებს, რომ არჩევენ მხოლოდ ვიწრო მიმართულებით წვრთნას. მაგ. ისინი ვარჯიშობენ ანალოგიების კეთებაში ისე, როგორც ეს უნარების ტესტშია მოცემული. სამაგიეროდ ანალოგიების გამოყენება რაიმე ფენომენის ახსნისთვის უკვე მეორეხარისხოვანი უნარი ხდება. მეტაფორის პოვნა ტექსტში, ისე, როგორც ეს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტშია, მნიშვნელოვანია, მეტაფორული აზროვნება კი ნაკლებად.
საინტერესო თემა განათლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით არის ასევე ერთიანი გამოცდების გავლენა სტუდენტების მომავალ აკადემიურ წარმატებებზე იმ უმაღლესებში, რომლებშიც მათ ამ გამოცდების მეშვეობით ჩააბარეს. ამ თემაზე საუბარი საინტერესო იქნება მას შემდეგ, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოაქვეყნებს ორი წლის წინ ჩატარებულ კვლევის ანგარიშს ერთიანი ეროვნული გამოცდების ე.წ. ”პრედიქტული ვალიდობის” შესახებ. მაგრამ წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ გამოცდები ვერც თავისი სტრუქტურითა და ვერც შინაარსით ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ უმაღლესებში მოხვდნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული უნარები იმისთვის, რომ მაღალი აკადემიური მოთხოვნები დააკმაყოფილონ. პირიქით, გამოცდები განაწყობს სკოლის ბოლო ორი წლის განმავლობაში ისეთ კომპეტენციების განვითარებისკენ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არარელევანტური ან არასაკმარისია ბაკალავრიატის სტუდენტისთვის.
ის თუ რა განაპირობებს აბიტურიენტის წარმატებას, ტესტის შინაარსი, მეთოდოლოგია და მისი გავლენა სასწავლო პროცესზე აჩვენებს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა სულაც არ არის ორიენტირებული სწავლის, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე საქართველოში. არც მისი ირიბი შედეგი შეიძლება იყოს ცოდნის მოცულობის რაიმე თვისობრივი გაუმჯობესება. სულაც არ მაქვს ილუზია, რომ სკოლებში რაიმე განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის ცოდნას აძლევენ და ამას გამოცდები უშლის ხელს. ამავდროულად აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ამ წარმოდგენაში მრავალი საერთაშორისო კვლევა, ადგილობრივი გამოცდილება და დაკვირვება მიწყობს ხელს, რომ ამ ტიპის გამოცდები ერთი მხრივ არ აუმჯობესებს ცოდნის ხარისხს და რაც კიდევ უარესია უარყოფითად მოქმედებს იმ სკოლებზე, რომლებიც სწორედაც, რომ ხარისხიანი განათლების მიღებისთვის მნიშვნელოვანი გარემოს შექმნას ცდილობენ. ეს კი მიუთითებს განათლების პოლიტიკის არაკონსისტენტურობაზე. განათლების პოლიტიკა საქართველოში, ისევე, როგორც სხვაგან ეფექტური იქნება თუ ერთი მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილება მეორე მიმართულებას არ აზიანებს. ამ წერილში მხოლოდ განათლების ხარისხზეა საუბარი, მაგრამ შეიძლება ერთიანი ეროვნული გამოცდების სხვა ჭრილშიც, მაგალითად განათლების თანასწორი ხელმისაწვდომობის კუთხით განხილვა, რაც ასევე პრობლემატურია.
რეკომენდაციები
იმისთვის, რომ განათლების პოლიტიკა საქართველოში უფრო გამართული და შედეგიანი იყოს ხარისხის მიმართულებით სხვა ღონისძიებებთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების როლი ნელნელა შეიცვალოს. ეს შესაძლებელია განხორციელდეს რამდენიმე მიმართულებით:
ა) გამოცდების როლი უმაღლესებში მიღებისას უნდა შემცირდეს - კორუფციის საფრთხეების გათვალსწინებითა უნდა შემუშავდეს გამოცდების გარდა დამატებითი კრიტერიუმების სისტემა, რომელიც ასევე იქნება გათვალისწინებული მოსწავლეების უმაღლესში მოხვედრისთვის. ეს კრიტერიუმები უფრო ფართო კოგნიტურ და სოციალურ უნარებსა და გამოცდილებებს უნდა მოიცავდეს ვიდრე ეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების მეშვეობით გამოიცდება. ეს გულისხმობს იმას, რომ მოსწავლეების მიერ სკოლაში თუ სკოლის მიღმა მიღებული წარმატებების ობიექტური შეფასებებისა და შემდეგ ამ მონაცემების გამოყენების შესაძლებლობა უნდა შეიქმნას. ასევე გულისხმობს ეს უნივერსიტეტების მიერ დამატებითი კრიტერიუმების დაწესებისა და შემოწმების შესაძლებლობის შემოღებას.
ბ) უნდა შეიცვალოს გამოცდების სტრუქტურა და ფორმატი - რაც შეიძლება მეტად უნდა შემცირდეს გამოცდების რაოდენობა ერთი მხრივ და მეორე მხრივ რაც შეიძლება მეტად უნდა იქნას გამოყენებული ერთი მხრივ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ტესტების შექმნის მეთოდოლოგია და მეორე მხრივ სასერტიფიკაციო გამოცდების ელემენტები. ასევე რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იქნას გამოყენებული ისეთი კითხვები, რომლებიც ითხოვს დაბალი დონის უნარების გამოყენებას (მეხსიერება მაგ.).
გ) გამოცდების შინაარსი და გამოსაცდელი უნარები მაქსიმალურად უნდა დაუახლოვდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას
ეს რეკომენდაციები განხორციელებადი რომ იყოს, გარდა ამ დამატებითი სისტემებისა ტექნიკური მომზადებისა, რომ პოლიტიკური ლიდერებისთვის ცხადი იყოს, რომ განათლების ხარისხზე ზრუნვა კორუფციასთან ბრძოლასთან შედარებით არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმეა. ერთის ხარჯზე მეორის მიღწევა განათლების პოლიტიკის თვალსაზრისით უაზრობაა. ხარისხის გაუმჯობესება მრავალი კომპლექსური ნაბიჯისგან შედგება და შეუძლებელია ეს მიმართულება განავითარო სხვა მიმართულებაში მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის მიუხედავად. ამასთან ერთად კი აუცილებელი პირობა უნდა გვახსოვდეს, რომ მაღალი ხარისხის მიღწევა მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიციების გარეშე შეუძლებელია.

9 აგვისტო 200

3 comments

Anonymous said...

და ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ერთიანმა ეროვნულმა გამოცდება ვერ გამოასწორა კორუფციის პრობლემა სწავლის პროცესში, სესიების დროს. იშვიათ გამონაკლისებს თუ არ ჩავთლით, უნივერსიტეტებში კორუფცია და "ჩაწყობები" კიდევ უფრო ყვავის, ვიდრე ეს ეეგ–მდე იყო.

სიმონ ჯანაშია said...

ეჭვი მეპარება, რომ სესიების დროს კორუფცია ეხლა უფრო მეტი იყოს ვიდრე მანამდე. რას ეფუძნება თქვენი დაკვირვება?

Toba travel (Georgia) said...

გააჩნია უნივერსიტეტს...
ილიას უნივერსიტეტში ვასწავლი და ვიცი, რომ კორუფცია საერთოდ აღარ არსებობს! უფრო მეტად არგუმენტირებულად უნდა იმსჯელოთ, როდესაც, განათლების სისტემაში კორუფციაზე საუბრობთ

Simon Janashia. Powered by Blogger.