მეთორმეტე კლასი - ზედმეტი თუ საჭირო?



2008-09 სასწავლო წელს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები პირველად და საყოველთაოდ გადავიდნენ მეთორმეტე კლასში. თორმეტწლიანი სწავლება ზოგიერთ საქართელოს სკოლაში აქამდეც იყო დანერგილი (მაგ. ამერიკული აკადემია თბილისში - სადაც მე ვასწავლიდი წლების განმავლობაში, ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა სპეციალურ სკოლებში), მაგრამ სისტემა ზოგადად თერთმეტწლიან სრულ საშუალო განათლებას გულისხმობდა. 2004 წლის დეკემბერში დაიბეჭდა ეროვნული სასწავლო გეგმის პირველი შავი ვარიანტი, სადაც სისტემა სწორედ თორმეტწლიან განათლების ციკლად იყო წარმოდეგენილი. 2005 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი ზოგადი განათლების შესახებ, რომელმაც დაადგინა 12 წლიანი განათლება და განსაზღვრა ამ სისტემაზე გადასვლის ვადებიც. მიუხედავად ამ დოკუმენტების სკოლებში ფართოდ გავრცელების და თორმეტწლიანი სწავლებისთვის მიძღვნილი არაერთი საინფორმაციო გადაცემით, ბოლო დღეებამდე რჩებოდა ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც არ სჯეროდათ იმის, რომ ამ სისტემის შემოღება მოხდებოდა. 2007 წლის ზაფხულში ჯერ პოლიტიკოსების გარკვეულმა ნაწილმა შეიტანა ეჭვი იმაში, რომ მეთორმეტე კლასის დანერგვა დაგეგმილი სქემის მიხედვით დაინერგებოდა. შემდეგ 2008 წელს გავრცელდა ჭორი, რომ მეთერთმეტე კლასელებს ქართულენოვანი სკოლებიდან ბოლო წუთში ეტყოდნენ, რომ მათ არ დაჭირდებოდათ კიდევ ერთი წელი სწავლა. ბოლოს, 2008 წლის შემოდგომაზე გავრცელდა ჭორი, რომ თითქოს მეთორმეტე კლასი ან პირველი ტრიმესტრის შემდეგ დასრულდებოდა, ან მხოლოდ ერთი წლით დაინერგებოდა და შემდეგ გაუქმდებოდა. მასწავლებლებთან შეხვედრებზე მუდამ გამოითქმის ხოლმე კითხვები იმის თაობაზე, თუ რატომ იყო აუცილებელი მეთორმეტე კლასის შემოღება, ან იმის თაობაზე, თუ რა დადებითი შეიძლება მოუტანოს მოსწავლეებს მეთორმეტე კლასმა. ხშირია წინადადებები იმის თაობაზე, რომ მეთორმეტე კლასი უნდა ემსახურებოდეს უმაღლესში ჩაბარებას, სპეციალიზებულ სწავლებას, გამოცდებისთვის მომზადებას და სხვ. შევეცდებით ამ კითხვებზე მაქსიმალურად დეტალურად ვისაუბროთ და ასევე განვმარტოთ ის მოსაზრებები, რომლებიც ამ სისტემის შემოღების არგუმენტები იყო. მანამდე კი ზოგადად, რომ ჩამოვაყალიბოთ, მეთორმეტე კლასის შემოღებით საქართველოს სახელმწიფომ გადადგა ნაბიჯი უფრო მეტი, უფრო ხარისხიანი, ევროპულ სივრცეში მეტად ინტეგრირებადი, ეკონომიკის ზრდაზე, ეროვნული მთლიანობის გამტკიცებისა და მოქალაქეების ბედნიერებაზე ორიენტირებული განათლების სისტემისკენ.
რატომ 12 და არა 11?

ეკონომიკური ზრდა სახელმწიფოში დამოკიდებულია მნიშვნელოვნად მისი მოქალაქეების განათლებასა და შრომისუნარიანობაზე. საყოველთაო განათლების შემოღების ერთერთი მთავარი მიზანი, სწორედ ეკონომიკურად აქტიური მოქალაქეების აღზრდაა. შესწავლილია მრავალი ქვეყნის მაგალითი და შეგვიძლია დავინახოთ, რომ ზოგადი განათლების ხანგრძლივობა პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკის წარმატებასთან. შუა საუკუნეებში, ადამიანები განათლებას იღებდნენ ძალიან ვიწრო სპეციალობით, ვიწრო მიმართულებით. მაგ. მეწაღის შვილი ბავშვობიდანვე სწავლობდა მეწაღეობას, მჭედლის მჭედლობას და სხვ. ინდუსტრიალიზაციის შემოსვლის შემდეგ, მნიშვნელოვანი გახდა, რომ ადამიანებს მიუხედავად თავიანთი სოციალური წარმომავლობის შესძლებოდათ ნებისმიერ ეკონომიკურ სფეროში გაეგრძელებინათ თავიანთი მუშაობა. მნიშვნელოვანი გახდა ის, რომ ადამიანები ყოფილიყვნენ მობილურები. მათ არ უნდა გაჭირვებოდათ თავიანთი პირველადი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და სხვაგან გადასვლა სამუშაოდ. თავისთავად მუშაობა კი გულისხმობდა უფრო მეტ და მეტ სპეციალიზაციას.

მეოცე საუკუნის ბოლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა მსოფლიო ეკონომიკაში, რამაც საქართველოშიც მოაღწია. ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ გამოიწვია ძველი სამუშაო ადგილების ხშირი გაუქმება და ახალი სამუშაო ადგილების სწრაფი შექმნა. ამან გამოიწვია ის, რომ ადამიანები დღეს გაცილებით უფრო ხშირად იცვლიან საკუთარი დასაქმების სფეროებს ვიდრე ეს მანამდე იყო. რაც უფრო მობილურია საზოგადოება, მით უფრო მეტია ეკონომიკური ცვლილებების მიმართ ადაპტირების უნარი. ხოლო ამ უნარის გამომუშავება უფრო მეტად უნდა ხდებოდეს სკოლაში, ვიდრე ეს აქამდე იყო. დღეს უფრო მნიშვნელოვანი ხდება ზოგადი უნარები, რომლებიც ადამიანს ჭირდება იმისთვის, რომ ადვილად შეიძინოს ნებიემისერი დარგობრივი კომპეტენციები იმისთვის, რომ ადვილად და უმტკივნეულოდ შეიცვალოს სამუშაო ადგილი. მაგ. სწავლის სწავლა, ანუ იმის უნარი, რომ სკოლის შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანს დამოუკიდებლად ან სხვების დახმარებით შეეძლოს რაიმე ახალი კომპეტენციების განვითარება სწორედ სკოლის ასაკში ვითარდება. ეკონომიკის ასეთ გამოწვევისას უფრო მნიშვნელოვანი ხდება რომ ზოგადი განათლება, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და ვიწრო სპეციალიზაცია რაც შეიძლება გვიან დაიწყოს.

ახალგაზრდების ნაწილი სკოლის დამთავრებისთანავე იწყებს მუშაობას. მაშინ, როდესაც მე ვამთავრებდი სკოლას ოთხმოციანი წლების ბოლოს, პრაქტიკულად არცერთი ჩემი თანაკლასელი არ ფიქრობდა იმის შესახებ, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ის დაიწყებდა მუშაობას. აბსოლუტური უმეტესობა ფიქრობდა იმის შესახებ, თუ როგორ ჩააბარებდა უმაღლესში და მხოლოდ უმაღლესის დამთავრების შემდეგ დაიწყებდა შრომას. დღეს, სკოლადამთავრებულების გარკვეული ნაწილი, მიუხედავად იმის, აგრძელებს თუ არა სწავლას უმაღლესში იწყებს მუშაობას. არსებობს მრავალი სფერო, რომელშიც მუშაობისთვის არ არის მოთხოვნილი უმაღლესი განათლება. განსაკუთრებით აქტიურები არიან ახალგაზრდები მომსახურების, ტურიზმის სფეროსა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანი ხდება, რომ სკოლამ მისცეს ახალგაზრდებს საკმარისი უნარ-ჩვევები იმისთვის, რომ ისინი წარმატებულები იყვნენ შრომით ბაზარზე.

მოქალაქეების ბედნიერება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მათ სოციალურ წარმატებაზე. როგორც ზევით აღვნიშნე, ეკონომიკური წარმატებები მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ადამიანის უნარ-ჩვევებსა და ცოდნაზე, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად გააზრებული აქვს ადამიანს არჩევანი, რომელსაც ის ცხოვრებაში აკეთებს. ძველი საგანმანათლებლო სისტემა გულისხმობდა, რომ მოსწავლე 17 წლის ასაკში (და ხშირად უფრო ადრეც) აკეთებდა არჩევანს თუ რა პროფესიის მატარებელი სურდა მას რომ გამხდარიყო. იმ შემთხვევაში თუ ის უმაღლესში აგრძელებდა სწავლას, ის პირველივე კურსიდან იწყებდა კონკრეტული ვიწრო სპეციალობის მიხედვით დახელოვნებას. ძირითადად ხუთი წლის თავზე ის სპეციალისტის დიპლომით გამოდიოდა შრომით ბაზარზე. დღევანდელი სისტემა გულისხმობს ცვლილებას არა მხოლოდ სკოლაში თორმეტწლიანი სისტემის შემოღების კუთხით, არამდე ცვლილებას უნივერსიტეტების სასწავლო გეგმებშიც. უმაღლესები გახდა სამსაფეხურიანი. ბაკალავრიატი შედარებით ზოგად ცოდნას იძლევა, მაგისტრატურა ეხმარება ახალგაზრდას უფრო ვიწრო სპეციალობით დახელოვნდეს ან სწრაფად შეიცვალოს პროფესია ხოლო დოქტორანტურა საფუძველს იძლევა მეცნიერის ჩამოყალიბებისთვის. სკოლიდან უმაღლესში გადასვლისას დღეს უკვე უმეტესობა სტუდენტების ზოგად კურსებს გადის უმაღლესში სწავლის პირველ წელს და მხოლოდ შემდეგ ირჩევს ვიწრო სპეციალობას. ცნობილია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ახალგაზრდები მოგვიანებით ირჩევენ პროფესიას უფრო მეტად არიან კმაყოფილი საკუთარი არჩევანით ვიდრე იქ, სადაც ეს უფრო ადრეულ ასაკში ხდება.

განათლების სისტემა უნდა ემსახურებოდეს ადამიანის აღზრდას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს ფარგლებში იქნება წარმატებული. საქართველოს სკოლადამთავრებულს უნდა შეეძლოს, რომ კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სკოლადამთავრებულს იქნება ეს სამუშაო, თუ მომავალი სწავლა. საქართველოს სკოლადამთავრებულების სულ უფრო მეტი ნაწილი აგრძელებს განათლებას ევროპის უმაღლესებში. იმის გამო, რომ ევროპული ქვეყნების უნივერსიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა მინიმუმ 12 წლიან განათლებას ითხოვს, ქართველ ახალგაზრდებს პრობლემები ექმნებოდათ. მაგ. გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად მინიმუმ ერთი წლის სწავლა იყო სკოლის შემდეგ სავალდებულო უმაღლესში. თორმეტწლიანი სწავლების შემოღებით საქართველოში ეს მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარებულია და საქართველოს სკოლადამთავრებულებს ეს ხელოვნური ბარიერი აღარ ხვდებათ საკუთარი აკადემიური მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად.

საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში მნიშვნელოვანია საქართველოს ერის კონსოლიდაცია საერთო მიზნების, კულტურისა და ღირებულებების კუთხით. საქართველოს მოქალაქეები გარდა იმისა, რომ მათი ინდივიდუალური საჭიროებები და მისწრაფებები უნდა იყოს მაქსიმალურად დაკმაყოფილებული, ერთმანეთთან კომუნიკაციისას მათ არ უნდა უჭირდეთ საერთო ეროვნული კუთვნილების დადგენა. საქართველოს მოქალაქეობა ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნისა, გულისხმობს იმას, რომ ამ მოქალაქეებს ძირითადად საერთო აღზრდა უნდა ჰქონდეთ. საყოველთაო განათლების ერთერთი მთავარი მიზანი გარდა ეკონომიკური და პიროვნული წარმატებებისა ასევე არის ერის მშენებლობა. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში საბჭოთა კავშირის განმავლობაში სულ სხვა ერის შექმნას ემსახურებოდა სკოლა, ხოლო იმ პირობებში, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში მცხოვრები ადამიანების კულტურულ თუ ტრადიციულ მრავალფეროვნებას ყურადღება არ ექცეოდა ერის შექმნასაც სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ასეთ პირობებში ასევე მნიშვნელოვანი ხდება, რომ ის პერიოდი, როდესაც ძირითადად ნაციონალური კულტურის გავრცელება ხდება - ანუ სასკოლო პერიოდი იყოს მაქსიმალურად გრძელი, რადგან ასევე დადგენილია, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი საყოველთაო განათლების ხანგრძლივობასა და ერის შეკავშირებას შორის.
სირთულეები

მეთორმეტე კლასის დანერგვა საქართველოში გარკვეულ სირთულეებთან იყო და არის დაკავშირებული. ეს სირთულეები შეეხოთ მასწავლებლებს, მასწავლებლებს და სახელმწიფოსაც. ძველი სასწავლო პროგრამა უბრალოდ არ გადანაწილდა თერთმეტიდან თორმეტ კლასზე. ახალმა ეროვნულმა სასწავლო გეგმამ შემოიტანა ახალი საკითხები, რომელთა შესწავლა შესაძლებელი გახდა დამატებითი ერთი სასწავლო წლის პირობებში. ზოგიერთ საგანში ეს უმტკივნეულოდ მოხდა, რადგან მასწავლებლები უფრო მეტად იყვნენ მზად ამ სიახლეებისთვის, მეტი განათლება ჰქონდათ ამ სფეროში მიღებული. ზოგ შემთხვევაში სირთულედ მასწავლებლისთვის აღმოჩნდა ის, რომ მას მოუწია ზოგიერთი საგნის ფარგლებში ახალი, მისთვის უცნობი კონცეფციები, ტექსტები თუ სავარჯიშოები შეესწავლა. კარგი მასწავლებლები ამას ადვილად და ხალისით აკეთებენ, რადგან მათთვის თვითგანვითარებაზე ზრუნვა არასოდეს ყოფილა სიახლე.

მასწავლებლების გარკვეული ნაწილისთვის ასევე პრობლემატური აღმოჩნდა მეთორმეტე კლასის ასაკობრივი ჯგუფისთვის სწავლება, რადგან ასეთი გამოცდილება მათ არ ჰქონიათ. მასწავლებლებთან შეხვედრებისას ხშირად გვეკითხებიან, თუ რა წესები არსებობს მაგ. დაოჯახებულ მოსწავლეებთან დაკავშირებით და სხვ. ზრდასრულ ასაკში მოსწავლეები უფრო თამამები არიან, უფრო მეტი ინტერესები აქვთ, უფრო დამოუკიდებლები არიან და შესაბამისად მასწავლებლებისგანაც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებენ.

მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის მეთორმეტე კლასის შემოსვლასთან ერთად სხვადასხვა სირთულე გაჩნდა. თითოეული სასკოლო წელი ნიშნავს მშობლისთვის დამატებით ხარჯებს. ხარჯებში არა მხოლოდ სახელმძღვანელოებისა და მოსწავლისთვის მნიშვნელოვანი სხვა ნივთებისა თუ ტანსაცმლის პრობლება იგულისხმება. ბევრი მშობლისთვის ეს ნიშნავს დამატებით არაფორმალურ გადასახადებს სკოლებში, რაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არსებობს. ასევე გარკვეულ ინვესტიციად აღიქმება ის დრო, როდესაც ოჯახში, რომელიმე წევრი ნაკლებს ან საერთოდ არ მუშაობს იმის გამო, რომ მას უწევს სწავლა.

მოსწავლეების დიდი ნაწილის ერთერთი მთავარი მიზანი, სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესში სწავლის გაგრძელებაა. მოსწავლეებისა და მათი მშობლების გარკვეული კატეგორია ფიქრობს, რომ რაც უფრო ადრე გააკეთებს ახალგაზრდა არჩევანს და რაც უფრო ადრე დაამთავრებს ბაკალავრიატს, მით უფრო წარმატებული იქნება ცხოვრებაში. ეს მოსაზრება მცდარია და ამას მარტივი სტატისტიკური შესწავლაც ადასტურებს. რაც უფრო მეტი წელი აქვს განათლება, მით უფრო მეტია ადამიანის საშუალო შემოსავალი. რაც შეეხება უმაღლესში ჩაბარების ყოველწლიურ ციებ-ცხელებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა მეთორმეტე კლასის წარმატებისთვის.

უმაღლესში მოხვედრა იმდენად რთულია დღეს და იმდენად დიდია რისკი, რომ აბიტურიენტი ვერ მოხვდება სასურველ უმაღლესში, რომ მშობლების დიდი ნაწილი ამჯობინებს დამატებით გაკვეთილებზე სიარულის შესაძლებლობა მისცეს საკუთარ შვილს. რეპეტიტორების მთელი არმია მუშაობს იმაზე, რომ აბიტურიენტმა ისწავლოს ის, რაც წარმატებულს გახდის მას მისაღებ გამოცდებზე. სამწუხაროდ გამოცდების გზით ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების შემოწმების ტექნიკური შესაძლებლობები ახლოსაც ვერ მოდის იმ ცოდნასთან, რასაც სკოლა აძლევს მოსწავლეს. სამაგიეროდ, გამოცდების მნიშვნელობა უმაღლესში სწავლის გაგრძელებისთვის ძალიან მაღალია. შესაბამისად გამოცდების სტრუქტურა და მაღალი რისკი იწვევს იმას, რომ სკოლასთან ერთად იქმნება პარალელური განათლების სისტემა, რომელიც იმის მაგივრად, რომ განათლება მისცეს აბიტურიენტს - ამეორებინებს და ავარჯიშებს მხოლოდ იმ საკითხებში, რაც გამოცდებზე მოეთხოვება. ეს კი დროს არ უტოვებს სკოლის მოსწავლეს იმისთვის, რომ სხვა უნარები შეიძინოს. ამასთან ერთად, რეპეტიტორების ბიზნესი მოწადინებულია ასევე იმისკენ, რომ მშობლები დაარწმუნოს, რომ სკოლა არ აძლევს მათ შვილებს საკმარის ცოდნას, იმისთვის, რომ უმაღლესში ჩააბაროსნ. ამ პრობლემის მოგვარება არ არის დამოკიდებული მხოლოდ გამოცდების შინაარსისა და ტექნოლოგიის შეცვლაზე. არც სკოლაში განათლების ხარისხის ზრდა არის პირდაპირ დამოკიდებული რეპეტიტორობის კლებასთან. ამ ორი მიმართულების გარდა, ძირითადი ერთი მხრივ უმაღლესებში მოხვედრის ალბათობის ზრდაა (რაც დამოკიდებულია უმაღლესებში ადგილების რაოდენობის ზრდასთან), რაც შეამცირებს რისკებს და შესაბამისად დამატებით მომზადების სურვილს. მეორეს მხრივ, კი სკოლების გამართული მუშაობაა შეფასების მხრივ, რაც შესაძლებელს გახდიდა სკოლის ნიშნების გამოყენებას უმაღლესში მიღებისას.

სახელმწიფოს მხრივ მეთორმეტე კლასის დანერგვის კუთხით ერთერთი მთავარი პრობლემა არაქართულენოვანი სკოლები იყო. იმის გამო, რომ არაქართულენოვანი სკოლები რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სახელმძღვანელოებით ასწავლიან, საჭირო იყო ქართული სახელმძღვანელოების თარგმნა ამ ენებზე. ამის გამო, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა ამ სკოლებში ერთი წლით იგვიანებს ქართულენოვან სკოლებთან შედარებით. სწორედ ამის გამო იყო, რომ არაქართულენოვან სკოლების გადასვლა 12 წლიან სწავლებაზე ერთი წლით ჩამორჩა ქართულენოვან სკოლებს. 2007-08 სასწავლო წელს შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნიდა, რადგან გავრცელებული მოსაზრებით მოსწავლეების უმეტესობა ქართულენოვანი სკოლებიდან არაქართულენოვან სკოლებში გადავიდოდა სასწავლებლად. სინამდვილეში, როგორც ხშირად პირადი შთაბეჭდილებების გავრცელებას რეალობაზე არასწორ დასკვნებამდე მივყავართ. რეალურად გადასვლის მაშტაბი ქართულენოვანი სკოლებიდან არაქართულენოვან სკოლაში 10%-ს არ გასცდენია.

სახელმწიფო მე-12 კლასის შემოღებით პასუხისმგებლობას იღებს უფრო მეტი განათლების დაფინანსებაზე საქართველოში. დაახლოებით 50 000 მოსწავლე გადადის მეთორმეტე კლასში, რაც ნიშნავს ამავე რაოდენობის ვაუჩერების შესაბამისი დაფინანსების შესვლას სკოლებში, რაც თავისთავად სერიოზული დაფინანსების ზრდაა ჩვენი ზოგადი განათლების სისტემისთვის. გარდა პირდაპირი დაფინანსების, სახელმწიფოს ამ ერთი კლასის დამატება სხვა მხრივაც უჯდება საკმაო ოდენობის თანხა. დამატებით 50 000 მოსწავლეს ჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა: ჭირდება სასკოლო ინვენტარი, შენობა-ნაგებობები, კომპიუტერული ტექნიკა და სხვ.

მეთორმეტე კლასის დამატებით და შესაბამისად სასწავლო გეგმების ცვლილებით ჩვენი მოსწავლეების უმეტესობა მიიღებს უფრო ხარისხიან, უფრო საჭირო, უფრო მეტ და უფრო თანამედროვე განათლებას. ამ კლასის სრულფასოვანი დანერგვისთვის რა თქმა უნდა დაგვჭირდება რამოდენიმე წელი. ამ წლებში დაიხვეწება სასწავლო გეგმები, მასწავლებლებისთვის ეს სასწავლო გეგმები უფრო ახლობელი და რუტინული გახდება. მოსწავლეების უმეტესობაც შეეჩვევა იმ აზრს, რომ მეტი სწავლა უფრო მნიშვნელოვანია მათი მომავლისთვის. იმედია შემდეგ წლებში დაიხვეწება ასევე გამოცდების სისტემა და ასევე გაუმჯობესდება სასკოლო ინფრასტრუქტურაც. ასეთ შემთხვევაში ჩვენი სისტემა იქნება უფრო თანამედროვე ვიდრე ეს აქამდე იყო.

4 comments

demokrati said...

rom itkvian "scavla, scavla, da scavlao"...

demokrati said...

metormete klasic sachiroa da tu garemoebam moitxova mecamete klasis shemojebac ar iqneboda urigo...

MZIURI said...

ბატონო სიკო, მოგესალმებით ამირან მეტრეველი.
ძალიან გამიხარდა, როცა თქვენი ბლოგი ვნახე. ძალიან ცოტაა განათლების სფეროში სახელმწიფო თანამდებობებზე მომუშავე იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც შეუძლიათ, რომ საკუთარი აზრი გამოთქვან სახალხოდ.
თუ ვცდები, კარგი იქნება, თუ რომელიმე სხვა ბლოგსაც მიმითითებთ.
მე თქვენს ბლოგზე ერთი ძალიან კარგი ბლოგიდან მოვხვდი:
http://jemalisblogi.blogspot.com/

პატივისცემით,

ამირან მეტრეველი

Rusudan said...

მეც შემთხვევით მოვხვდი ამ ბლოგზე. საერთოდ ამ ბოლო პერიოდში დავიწყე ქართული ბლოგების თვალიერება და არ მეგონა ამდენი კარგი ბლოგი თუ არსებობდა. როგორმე უნდა გაპიარდეს. :)

Simon Janashia. Powered by Blogger.