NAEC გამოსაშვები გამოცდების გამჭვირვალებას ამცირებს

გამოცდებისა და შეფასების ცენტრის (NAEC)დირექტორის ინტერვიუთი დღეს შევიტყვეთ, რომ სკოლების გამოსაშვები გამოცდების ფორმატი იცვლება. თუ აქამდე მოსწავლე გამოცდის დასრულებისას იგებდა ქულას და შესაბამისად იმას, გადალახა თუ არა მინიმალური ზღვარი, აწი ის მხოლოდ გაიგებს, გადალახა თუ არა მან ზღვარი და აღარ ეცოდინება გამოცდის ქულა. 

რა შედეგს მივიღებთ ამ ცვლილებით?

1. ეს ცვლილება შეამცირებს გამოსაშვები გამოცდების გამჭვირვალებას. გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრს აქამდეც ჰქონდა პრობლემა ამ მიმართულებით. ჟურნალისტებსა და მკვლევარებს ის გამოცდების შესახებ მონაცემებს მხოლოდ იმ ფორმით აწვდიდა, რომლითაც თავად გადაწყვეტდა, რომ მათ აწყობთ. ვიცნობ ჟურნალისტებსა და მკვლევრებს, რომლებსაც უარი უთხრეს მონაცემების მიწოდებაზე იმ მოტივით რომ მათ ამგვარი მონაცემები დამუშავებული არ ჰქონდათ. ამავდროულად ვიცნობ მკვლევრებს, რომლებსაც იგივე მონაცემები მიაწოდეს. ახალი გადაწყვეტილებით თავად მოსწავლეებსაც არ ექნებათ უფლება გაიგონ საკუთარი ქულა, რაც საგამოცდო სისტემის კიდევ უფრო ნაკლებ გამჭვირვალებას ნიშნავს. 

გამოცდების ქულებსა და სკოლის ნიშნებს შორის განსხვავება ამ ორი ინსტიტუტის სტანდარტებს შორის განსხვავებას აჩვენებდა. სკოლას აქვს საშუალება მრავალმხრივად შეაფასოს მოსწავლე. მასწავლებელი აფასებს არა მხოლოდ მოსწავლის ცოდნას, არამედ მის უნარებს, მის ძალისხმევას. ამავდროულად შეფასების სასკოლო პრინციპი გულისხმობს კოლექტიურ მუშაობაში მოსწავლეების ჩაბმასაც, განსხვავებით ტესტირების ინდივიდუალური ბუნების. გამოცდების ქულებისა და სკოლის ნიშნების აცდენა წარმოაჩენდა ამ გამოცდების გამოყენების შეზღუდულ და კონცეფტუალურად არასწორ პრინციპს - როდესაც თითოეული გამოცდა გამოიყენება მოსწავლის არა ერთ-ერთ შეფასებად, არამედ როგორც გადამწყვეტი საზომი იმისთვის, რომ დადგინდეს, იმსახურებს თუ არა მოსწავლე სასკოლო ატესტატს. გამოცდების ფორმატის შეცვლა ამცირებს გამოსაშვები გამოცდების კონცეფტუალური ხარვეზების გამოვლენის შესაძლებლობას, რაც ასევე უნდა განიხილებოდეს როგორც გამჭვირვალების შეზღუდვა.

ნაკლები გამჭვირვალება ნიშნავს საზოგადოების მხრიდან განათლების პოლიტიკის ამ ინსტრუმენტის ნაკლებ კონტროლს, რაც სისტემისთვის საზიანოა. 
რა სარგებელი შეიძლება მიიღოს საგამოცდო ცენტრმა ამ კონტროლის შემცირებით? ერთ-ერთი "სარგებელია" ის, რომ ნაკლებად ხდება შესაძლებელი ამ ცენტრის მიერ დაშვებული მეთოდოლოგიური თუ ტექნიკური შეცვდომების გამოვლენა. 

თუ გაგიმართლათ, მონაცემები მოიპოვეთ და გამოცდების ქულების ანალიზს გააკეთებთ, საკმაოდ საინტერესო სურათს დაინახავთ. ქვევით მოცემულ მაგალითზე ხედავთ, რომ ზოგიერთ წლებში (2011-2013-ში მეტად და შემდეგ ნაკლებად) გამოსაშვები გამოცდების ქულების კონცენტრაცია ხდება მაქსიმალურ ქულასთან (10) ახლოს. ასევე, ჩანს ისიც, რომ 2016 წელს ჩაჭრის პირას (5.5-ზე სულ მცირედ ნაკლები ქულა ასევე დიდ რაოდენობის გამოცდაზე გასულს ჰქონდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსწავლეების უცნაურად დიდ რაოდენობას დააკლდა სულ მცირე, იმისთვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადაელახა. მანამდე კი, 2012-2013 წლებში უცნაურად დიდ რაოდენობას ჰქონდა მაქსიმალური ქულა. 


გამოსაშვები გამოცდების ყველა საგნის აგრეგირებული ქულების სიხშირული განაწილება წლების მიხედვით. მონაცემების წყარო, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი. 

ამავე მონაცემების ანალიზი გვაჩვენებს, რომ გამოცდაზე მეორეჯერ გასულთა 50% წარმატებით ძლევს იმავე გამოცდას. 

2. ქულების დაფარვის გადაწყვეტილება საზიანოა თავად გამოცდაზე გასულებისთვისაც. განსაკუთრებით პრობლემურია ეს მათთვის ვინც მინიმალურ ზღვარს ვერ გადალახავს. მას არ ეცოდინება, თუ რამდენად შორს იყო მისი შედეგი ამ ზღვრისგან. შესაბამისად ეს შედარებით გაართულებს გამოცდებისთვის ხელახალი მომზადების პროცესს. მაგალითად, თუ მოსწავლემ იცის, რომ მას მხოლოდ ერთი მეათედი ქულა დააკლდა ზღვარის გადასალახად, მას ნაკლები ძალისხმევა ჭირდება ხელახალი მომზადებისთვის, ვიდრე მაშინ, როდესაც მას ქულის ასაღებად მნიშვნელოვნად მეტი დააკლდა. 



No comments

Simon Janashia. Powered by Blogger.