გამოცდები, როგორც განათლების ხარისხის არასწორი ორიენტირი

by October 18, 2015
სასკოლო განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია გავიაზროთ, თუ რატომ არის მისაღები გამოცდები არასწორი ორიენტირი სასკოლო განათლების სისტემის ხარისხის გასაზომად. ასევე მნიშვნელოვანია გავიაზროთ სისტემის ალტერნატიული მიდგომები.

1. სანამ განათლების ხარისხის მთავარი საზომი მისაღები გამოცდების შედეგები იქნება, მანამდე სასკოლო განათლების სისტემა ვერ გახდება, თუნდაც ამ ვიწრო გაგებით, მაღალი ხარისხის განათლების მიმცემი.


როდესაც უმაღლესებში ადგილები და დაფინანსების გრანტების რაოდენობა შეზღუდულია, მაშინ მუდამ იარსებებს წარმატებული და წარუმატებელი აბიტურიენტი. თუ გამოცდაზე წარუმატებლობას სასკოლო განათლების ხარისხის მაჩვენებლად ჩავთვლით, მაშინ ლოგიკურად შეუძლებელი იქნება ეს ხარისხი სისტემის ფარგლებში როდისმე გამოსწორდეს. შეიძლება ერთმა სკოლამ გააუმჯობესოს შედეგი, მაგრამ ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ რომელიღაც სხვა სკოლის შედეგი გაუარესდება.

სკოლა ვერ აკონტროლებს იმას, თუ რას მიიღებს გამოცდაზე მისი სკოლადამთავრებული. ვერც აბიტურიენტი ვერ აკონტროლებს თავის შედეგს. თითოეულის შედეგი კონკურსის სხვა მონაწილის შედეგზეა დამოკიდებული. მისაღები გამოცდის ტესტები შედგენილია ისე, რომ გამოცდამ უზრუნველყოს შეჯიბრი. წელს რომ ყველა სკოლა პირობითად ათასჯერ უკეთ მომზადებულმა აბიტურიენტმა დაამთავროს, და სხვა სისტემაში არაფერი შეიცვალოს, ქულების მიხედვით შარშანდელ მისაღებ კონკურსთან არანაირი განსხვავება არ იქნება. წელსაც ისევ იმდენი "წარმატებული" და "წარუმატებელი" აბიტურიენტი გვეყოლება.

2. სანამ განათლების ხარისხის მთავარი საზომი მისაღები გამოცდების შედეგები იქნება, მანამდე სასკოლო განათლების სისტემა ვერ გახდება ვერც ფართო გაგებით მაღალი ხარისხის განათლების მიმცემი. 

თუ განათლებას განვიხილავთ, როგორც პროცესს, როდესაც ადამიანი პიროვნებად, საზოგადოების წევრად და მოქალაქედ ყალიბდება, მაშინ შეუძლებელია ამას მივაღწიოთ ისეთ სისტემაში, რომელშიც დროის დიდი ნაწილი ამის ნაცვლად ბიუროკრატიის ინტერესებზე იხარჯება. ეს ინტერესია დღეს, რომ მარტივად და "სამართლიანად" გაანაწილდეს ბიუროკრატიის მიერ ხელოვნური და არა არსებითი კრიტერიუმების მიხედვით შეზღუდული საუნივერსიტეტო ადგილები და  ხელოვნურად შეზღუდული დაფინანსების მოცულობა. 

ფართო გაგებით ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა შეუძლებელია ისეთ სისტემაში, სადაც სკოლის მასწავლებელი დაინტერესებული ხდება იმით, რომ გახდეს რეპეტიტორი იმისთვის, რომ ა) საკუთარი დაბალი შემოსავალი შეივსოს და ბ) საკუთარი რეპუტაცია დაიცვას, რადგან ის სწორედ გამოცდებისთვის მომზადებით დაფასდება და არა სწორად აღზრდისთვის ან ფართო უნარების განვითარებისთვის. 

ხარისხიანი განათლება გულისხმობს მრავალფეროვნებას და არა ყალიბში ადამიანების სულიერ ჩამოსხმას. თუ ყველას ერთსა და იმავე ტესტისთვის მოვამზადებთ, მაშინ ადგილი აღარ რჩება მოსწავლეების პიროვნული განვითარებისთვის, რაც პიროვნული არჩევანის გაკეთებას, ინტერესების გაღვივებას, შეცდომების დაშვებასა და ამ შეცდომებზე სწავლასაც გულისხმობს.

3. იმისთვის რომ სკოლამ შეძლოს განათლების უკეთესი ხარისხის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია შეიცვალოს ხარისხის ორიენტირები. 
მოსწავლეს უნდა დაუფასდეს, მათ შორის უმაღლესში მოსახვედრადაც, ფართო ერუდიცია, ყოველდღიური და მრავალწლიანი მუშაობა, ფართო გამოცდილება, ნებისყოფა, პიროვნულ რისკებზე წასვლა, შეცდომების დაშვება, საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა. 

განათლების პოლიტიკა ამ მიმართულებით უნდა დაემყაროს შემდეგ პრინციპებს:

ა) გამოცდების როლის შემცირება 

გამოცდა უნდა იყოს ერთ-ერთი და არა ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი უმაღლესებში მიღების დროს. დანარჩენი შეიძლება იყოს უნივერსიტეტების მიერ დაწესებული კრიტერიუმები, სკოლებში მიღებული შედეგები, სკოლის გარეთ მიღებული გამოცდილება და მიღწევები.

ბ) სკოლების საქმიანობის მრავალფეროვნების წახალისება
სკოლების დირექცია და მასწავლებლები უნდა დაფასდნენ სიმბოლურად, ფინანსურად და მატერიალურადაც, როდესაც მოსწავლეებს ფართო გაგებით ხარისხიან განათლებას აძლევენ. ის სკოლა, რომელიც განსაკუთრებულად ზრუნავს სოციალურად დაუცველებზე არანაკლებ უნდა დაფასდეს მედიის, სახელმწიფოს, საზოგადოების მეშვეობით, ვიდრე ის სკოლა, სადაც ბუნებისმეტყველება განსაკუთრებულად გაძლიერებულად ისწავლება.

იმის ნაცვლად, რომ ტესტების შექმნასა და ადმინისტრირებაზე ყოველწლიურად ათ მილიონ ლარზე მეტი იხარჯებოდეს, ეს ფული უნდა გადანაწილდეს სკოლების განვითარებაზე. ამ ფულით შესაძლებელია მაგალითად ყოველწლიურად საჯარო სკოლებისთვის საშუალოდ 5 000 ლარის მიცემა. ეს ფული შეიძლება დახარჯულიყო სკოლებში ინოვაციური სასწავლო პროცესის, სწავლების მეთოდების, დამატებითი საგნების შემოღების, მოსწავლეების პროექტების დაფინანსების და მრავალი განმავითარებელი იდეის დასაფინანსებლად.

გ) მშობლების წახალისება, რომ ის ფულადი სახსრები, რასაც რეპეტიტორობაში ხარჯავენ მოსწავლეების ფართო განათლებაზე დახარჯონ

 2011 წლის კვლევის თანახმად მშობლები რეპეტიტორობაში იხდიდნენ დაახლოებით 120 მილიონ ლარს. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს თუ შევადარებთ, ეს თანხა არის იმაზე მეტი, რაც საშუალოდ სამი დამატებითი კლასის დაფინანსებისთვის იქნებოდა საჭირო.

მშობლებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ თავისი რესურსი დახარჯონ თავიანთი შვილების სასკოლო პროექტების, იდეების განხორციელების, სამოგზაურო და საწარმოო პრაქტიკის, ბიბლიოთეკების, დამატებით კლუბებში ჩართვის და სხვა განმავითარებელი აქტივობებისთვის. ეს მოხდება მაშინ, როდესაც სკოლები არ დაისჯებიან მშობლების თანხების მოზიდვისთვის; როდესაც იქნება ფართო საზოგადოებრივი კონტროლი სკოლებზე ვიწრო ბიუროკრატიული კონტროლის ნაცვლად; როდესაც იარსებებს სახელმწიფო თანადაფინანსება მოსწავლეების ინტერესების განმავითარებელი კლუბებისთვის, ბიბლიოთკეებისთვის, სამოგზაურო ბანაკებისთვის, სასკოლო გამოგონებებისთვის და სხვ.
Simon Janashia. Powered by Blogger.