ჯონ დიუი: ჩემი პედაგოგიური მრწამსი


თარგმნა გიორგი მელიქაძემ
გამოქვეყნდა ჟურნალ მასწავლებელში (http://mastsavlebeli.ge/)

მუხლი პირველი: რა არის განათლება 

მე მჯერა, რომ ნებისმიერი სახის განათლება სათავეს ადამიანთა მოდგმის საზოგადოებრივ ცნობიერებაში ინდივიდის ჩართულობიდან იღებს. ეს პროცესი, გაუცნობიერებლად, თითქმის დაბადების მომენტიდან იწყება და თანდათანობით გამოკვეთს ინდივიდის ძალებს, ჟღინთავს მის ცნობიერებას, აყალიბებს ჩვევებს, ავარჯიშებს იდეებს და აღძრავს მასში გრძნობებსა და ემოციებს. ამ არაცნობიერი განათლების მეშვეობით ადამიანი, თანდათანობით, კაცობრიობის მიერ თანაცხოვრების განმავლობაში დაგროვებული ინტელექტუალური და მორალური რესურსის თანამოზიარე ხდება. მას მემკვიდრეობით ცივილიზაციის საუნჯე ერგება. მსოფლიოში ყველაზე ფორმალური და ტექნიკური ხასიათის განათლებაც კი, ამ ზოგად პროცესს უსაფრთხოდ ვერ გაემიჯნება; ასეთ განათლებას ამ პროცესის მხოლოდ ორგანიზება ან გარკვეული მიმართულებით წარმართვა შეუძლია.

მე მჯერა, რომ ჭეშმარიტი განათლება ბავშვის ძალების იმ სოციალურ ვითარებათა მოთხოვნების მიერ სტიმულირებისგან მოდის, რომლებშიც იგი არსებობს. ეს მოთხოვნები წარმართავენ ბავშვს მოქმედებდეს, როგორც ერთობის წევრი, თავისი ქცევისა და შეგრძნების თავდაპირველ შეზღუდულობას გასცდეს და საკუთარ თავს იმ ჯგუფის კეთილდღეობის გადმოსახედიდან განიხილავდეს, რომელსაც თავად მიეკუთვნება. თავის ქმედებებზე სხვისი პასუხების მიხედვით ბავშვი თითოეული ამ ქმედების მნიშვნელობას სოციალური საზომით იაზრებს. ქმედების ღირებულება ისევ ამ ქმედებაზე აირეკლება. მაგალითად, იმის მიხედვით, თუ რით პასუხობენ ბავშვის ინსტინქტურ ტიტინს, ის აცნობიერებს ამ ტიტინის მნიშვნელობას; ეს ბავშვური ხმები თანდათან ჩამოყალიბებულ ენად გარდაიქმნება და ბავშვიც მასში თავმოყრილი იდეებისა და ემოციების საუნჯეს ეზიარება.

მე მჯერა, რომ ამ საგანმანათლებლო პროცესს ორი მხარე აქვს - ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური; და არცერთი არ შეიძლება დაექვემდებაროს მეორეს ან უგულებეყოფილ იქნას თანამდევი ბოროტი შედეგების გარეშე. ამ ორი მხარიდან ფსიქოლოგიური საფუძველს წარმოადგენს. ბავშვის პირადი ინსტინქტები და შესაძლებლობები ძირითადი მასალაა, რომელიც მისი შემდგომი განათლებისთვის ნიადგს ამზადებს. თუ მასწავლებლის მიერ გაწეული ძალისხმევა არ უკავშირდება ბავშვის მიერ დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით განხორციელებულ აქტივობებს, განათლება გარეგან ზეწოლამდე დადის. ამ პროცესს მართლაც შეუძლია გარკვეული გარეგანი შედეგების მოცემა, თუმცა მას საგანმანათლებლოს ვერ ვუწოდებთ. მაშასადამე, ინდივიდის ფსიქოლოგიური თავისებურებების და ქცევის გააზრების გარეშე, საგანმანათლებლო პროცესი შემთხვევითი და თვითნებური იქნება. თუ ბედად ეს პროცესი ბავშვის აქტივობას დაემთხვევა, ამან შესაძლოა განვითარებისთვის საჭირო გარკვეული ბერკეტები მოგვცეს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვური ბუნების შინაგან უთანხმოებას, რღვევას ან განვითარების შეჩერებას მივიღებთ.

მე მჯერა, რომ თანამედროვე ცივილიზაციის მდგომარეობის, სოციალური გარემოებების ცოდნა აუცილებელია ბავშვის შესაძლებლობათა სათანადოდ გაგებისთვის. ბავშვს საკუთარი ინსტინქტები და მიდრეკილებები გააჩნია, მაგრამ ჩვენ არ გვესმის მათი მნიშვნელობა მანამ, სანამ მათ ტოლფას სოციალურ ღირებულებებად არ ვთარგმნით. ჩვენ ამ მიდრეკილებების სოციალურ წარსულში გადატანა და მათი, როგორც კაცობრიობის წარსული გამოცდილების გაგრძელებად დანახვა უნდა შეგვეძლოს. ჩვენ, ასევე, მათი მომავალში განჭვრეტის ძალა უნდა შეგვწევდეს, რათა თვალსაჩინო გავხადოთ მისი შედეგი და მიზანი. ახლახანს მოყვანილი მაგალითის ფარგლებში, სწორედ ბავშვის ტიტინში მისი მომავალი სოციალური ურთიერთობის პერსპექტივის, პოტენციისა და მეტყველების საფუძვლის დანახვა აძლევს ადამიანს ბავშვის ამ ინსტიქტებთან სათანადოდ ურთიერთობის საშუალებას.

მე მჯერა, რომ ეს ფსიქოლოგიური და სოციალური მხარეები ერთმანეთთან ორგანულ კავშირშია და განათლება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც მათ შორის კომპრომისი ანდა ერთის მეორეზე უპირატესობა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ განათლების ფსიქოლოგიური თვალსაზრისით განსაზღვრება ფორმალური და უნაყოფოა - რომ ის იდეებს გონებრივი შესაძლებლობების მხოლოდ განვითარების შესახებ გვაწვდის და მათი გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე არაფერს გვეუბნება. მეორეს მხრივ, ამტკიცებენ, რომ განათლების სოციალური განმარტება, როგორც ცივილიზაციასთან ადაპტირება, განათლებას ძალდატანების გარეგან პროცესად აყალიბებს, რისი შედეგიც ინდივიდის თავისუფლების წინასწარ განსაზღვრულ სოციალურ და პოლიტიკურ სტატუსზე დაქვემდებარებაა.

მე მჯერა, რომ თუ განკერძოებულად განვიხილავთ, ორივე შეხედულება ჭეშმარიტია. იმისათვის, რომ ძალის რეალური მნიშვნელობა გავიგოთ, აუცილებელია მისი მიზანი, გამოყენება თუ ფუნქცია ვიცოდეთ; ამას კი ჩვენ ვერ შევიმეცნებთ, თუ ინდივიდს სოციალურ ურთიერთობებში აქტიურ მონაწილედ არ განვიხილავთ. მაგრამ, მეორეს მხრივ, ერთადერთი შესაძლებელი გავლენა, რაც არსებულ გარემო პირობებში ბავშვზე შეგვიძლია ვიქონიოთ, ის არის, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ბავშვს საკუთარი ძალების სრულად დაუფლების პირობებს ვუქმნით. დემოკრატიისა და თანამედროვე ინდუსტრიის აღმოცენების პირობებში შეუძლებელია იწინასწარმეტყველო თუ რას შეიძლება წარმოადგენდეს საკუთრივ ცივილიზაცია ოცი წლის შემდეგ. შესაბამისად, შეუძლებელია ბავშვი წინასწარ, საგულდაგულოდ გათვლილი გარემოებებისთვის მოამზადო. მოამზადო მომავალი ცხოვრებისთვის, ნიშნავს საკუთარი თავის ბატონი გახადო; მოამზადო იგი ისე, რომ სრულად და აქტიურად ფლობდეს საკუთარ უნარებს; რომ მისი თვალი, ყური და ხელი განკარგვისთვის შემართული იარაღი იყოს, რომ მის განსჯას შესწევდეს ძალა იმ ვითარებათა გათავისებისა, რომლებშიც მას მუშაობა მოუწევს და რომ აღმასრულებელი ძალები ყაირათიანად და შედეგიანად მოქმედებისთვის იყოს მზად. შეუძლებელია ინდივიდს მსგავსი ადაპტაციის უნარი გამოუმუშავო თუ მუდმივად არ იზრუნე მის პირად შესაძლებლობებზე, გემოვნებასა და ინტერესებზე; ანუ ფსიქოლოგიური თვალსაწიერიდან განათლების მუდმივი გადააზრების გარეშე.

რომ შევაჯამოთ, მე მჯერა, რომ ადამიანი, რომელმაც განათლება უნდა მიიღოს, არის სოციალური ინდივიდი და საზოგადოება ინდივიდთა ორგანულ ერთობას წარმოადგენს. თუ ჩვენ ბავშვს სოციალურ ფაქტორს გამოვაკლებთ, ხელში მხოლოდ აბსტრაქციაღა შეგვრჩება; თუკი საზოგადოებისგან ინდივიდუალურ ფაქტორს გამოვრიცხავთ, ინერტულ და უსიცოცხლო მასას მივიღებთ. მაშასადამე, განათლება, ბავშვის შესაძლებლობების, ინტერესების და ჩვევების ფსიქოლოგიური საფუძვლების წვდომით უნდა დაიწყოს - განათლება, სწორედ ამ საკითხებთან მიმართებით ყოველ ნაბიჯზე უნდა კონტროლდებოდეს. მუდმივად უნდა ხდებოდეს ამ უნარების, ინტერესებისა და ჩვევების ინტერპრეტირება - აუცილებელია გვესმოდეს მათი მნიშვნელობა. ისინი მათი სოციალური ეკვივალენტების შესაბამისად უნდა განიმარტოს - იმ თვალსაზრისით, თუ როგორ წაადგება საზოგადოებას.

მუხლი მეორე: რა არის სკოლა

მე მჯერა, რომ სკოლა, უპირველეს ყოვლისა, სოციალური ინსტიტუტია. იმდენად, რამდენადაც განათლება სოციალურ პროცესს წარმოადგენს, სკოლა უბრალოდ საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმაა, რომელშიც ყველა ის საშუალება იყრის თავს, ბავშვს რომ კაცობრიობის მიერ დანატოვარი რესურსის გაზიარების საშუალებას ყველაზე ეფექტური გზებით შეაძლებინებს და საკუთარი ძალების საზოგადო მიზნებისთვის გამოყენების საშუალებას მისცემს.

მე მჯერა, რომ განათლება თავად ცხოვრების პროცესია და არა მომავალი ცხოვრებისთვის მზადება.

მე მჯერა, რომ სკოლა მიმდინარე ცხოვრების რეპრეზენტაციას უნდა წარმოადგენდეს - იმდენად რეალურს და ცოცხალს ბავშვისთვის, რამდენადაც რეალურია მისი შინ, სამეზობლოსა თუ სათამაშო მოედანზე ცხოვრება.

მე მჯერა, რომ ყოველთვის განათლება, რომელიც სათავეს არ იღებს ცხოვრების იმ ფორმებიდან, რომელთა განცდაც თავისთავად ღირებულია, უტყუარი სინამდვილის უხეირო შემცვლელია და შეზღუდვისა და ჩახშობისკენაა მიდრეკილი.

მე მჯერა, რომ სკოლა, როგორც ინსტიტუტი, არსებულ საზოგადოებრივ ყოფას უნდა ამარტივებდეს - მის ჩანასახობრივ ფორმამდე უნდა დაჰყავდეს იგი. არსებული რეალობა იმდენად რთულია, რომ შეუძლებელია ბავშვი მას დაბნეულობისა თუ შფოთვის გარეშე შეეხოს; ის ან მიმდინარე მოვლენათა მრავალრიცხოვნებით ისე გადაიტვირთება, რომ თავად დაკარგავს თანმიმდევრული უკუქმედების უნარს, ან იმდენად აღეგზნება ამ მრავალფეროვნებით, რომ თავისი უმწიფარი ძალებით დროზე ადრე ჩაებმება ამ თამაშში და გაუმართლებლად სპეციალიზირდება, ან უმიზნოდ ფანტავს საკუთარ შესაძლებლობებს.

მე მჯერა, რომ როგორც გამარტივებული საზოგადოებრივი ყოფა, სასკოლო ცხოვრება ეტაპობრივად, ოჯახური ცხოვრებიდან თანდათან უნდა გამომდინარეობდეს; მან უნდა მოიცვას და გააგრძელოს ის აქტივობები, რომელთაც ბავშვი შინიდანვე იცნობს.

მე მჯერა, რომ სკოლამ ეს აქტივობები ისე უნდა აღადგინოს და ბავშვს ისე უნდა წარმოუდგინოს, რომ მან მათი მნიშვნელობა ნაბიჯ-ნაბიჯ გაიაზროს და ამ აქტივობებში მონაწილეობა თავადვე შეეძლოს.

მე მჯერა, რომ ეს ფსიქოლოგიურ აუცილებლობაა, რამდენადაც იგი ბავშვის თანმიმდევრული ზრდის უზრუნველყოფის ერთადერთ გზას წარმოადგენს და სკოლაში წარმოდგენილი ახალი იდეებისთვის წარსული გამოცდილების წასამძღვარებლად ერთადერთი საშუალებაა.

მე მჯერა, რომ ეს აგრეთვე სოციალური აუცილებლობაცაა, რამდენადაც ოჯახი საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმაა, რომლის ფარგლებშიც ბავშვი იზრდება და რომელთან კავშირშიდაც ზნეობრივად იწვრთნება. სკოლის ამოცანას წარმოადგენს გააღრმავოს და განავრცოს იმ ღირებულებათა გაგება, რომელთაც ბავშვი ოჯახში ეზიარება.

მე მჯერა, რომ თანამედროვე განათლების დიდი ნაწილის წარუმატებლობის მიზეზი სწორედ ამ ფუნდამენტური პრინციპის უგულებელყოფაა - განიხილავდეს სკოლას, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმას. არსებული გაგებით, სკოლა არის ადგილი, სადაც მოსწავლეს განსაზღვრული ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს, სადაც კონკრეტული გაკვეთილები უნდა ისწავლებოდეს ან სადაც გარკვეული ჩვევები უნდა ყალიბდებოდეს. მათი ღირებულება, ამ მოსაზრებით, შორეულ მომავალში გამოჩნდება; ბავშვმა ეს ყველაფერი უნდა აკეთოს იმიტომ, რომ მომავალში კიდევ რაღაც გააკეთოს - ეს უბრალოდ სამზადისია. შედეგად, ყოველივე ამას არ შესწევს უნარი ბავშვის ცხოვრებისეულ გამოცდილებად იქცეს, ამდენად იგი ჭეშმარიტად საგანმანათლებლო ხასიათს მოკლებულია.

მე მჯერა, რომ ზნეობრივი აღზრდა-განათლება სკოლის, როგორც სოციალური ცხოვრების ფორმის ამ გაგებაზე კონცენტრირდება; რომ საუკეთესო და ყველაზე საფუძვლიანი მორალური წვრთნა არის სწორედ ის, რომელსაც სხვებთან განსჯისა თუ საქმიანობის პროცესში გაერთიანებით მიღებული მჭიდრო ურთიერთობით ვიღებთ. თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემები, იმდენად, რამდენადაც სპობენ თუ უგულებელყოფენ ამ ერთიანობას, ნამდვილ, რეგულარულ მორალურ აღზრდას ართულებენ ან შეუძლებელს ხდიან.

მე მჯერა, რომ ბავშვის საქმიანობის სტიმულირება და კონტროლი თავად საზოგადოების ყოფით უნდა ხორციელდებოდეს.

მე მჯერა, რომ არსებულ პირობებში სტიმული და კონტროლი მასწავლებლიდან ზედმეტად მომდინარეობს, რისი მიზეზიც სწორედ სკოლის, როგორც სოციალური ცხოვრების ფორმისიდეის უგულებელყოფაა.

მე მჯერა, რომ სკოლაში მასწავლებლის ადგილის და საქმიანობის განსაზღვრაც სწორედ ამ საფუძვლებიდან უნდა ხდებოდეს. მასწავლებელი არ არის სკოლაში იმისთვის, რომ ბავშვს გარკვეული იდეები მოახვიოს თავს ან ესა თუ ის ჩვევა ჩამოუყალიბოს; არამედ საზოგადოების წევრია, ვინც ის გავლენები უნდა გამოყოს, რომლებიც ბავშვზე ზემოქმედებენ და მიეხმაროს მას ჯეროვნად უპასუხოს ამ გავლენებს.

მე მჯერა, რომ სკოლაში დისციპლინა სასკოლო ცხოვრების მთლიანობიდან უნდა მომდინარეობდეს და არა უშუალოდ კონკრეტული მასწავლებლისგან.

მე მჯერა, რომ მასწავლებლის საქმეა მხოლოდ უპირატეს გამოცდილებასა და ზრდასრულ სიბრძნეზე დაყრდნობით განსაზღვროს, თუ როგორ უნდა ეზიაროს ბავშვი ცხოვრებისეულ დისციპლინას.

მე მჯერა, რომ ბავშვის შეფასებასა და [საფეხურეობრივ] დაწინაურებასთან დაკავშირებული ყველა საკითხიც იმავე სტანდარტის შესაბამისად უნდა წყდებოდეს. გამოცდები საჭიროა მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ბავშვის საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მზაობის ხარისხს ადგენს და ცხოვრებაში მის იმ ადგილს გამოავლენს, სადაც ის ყველაზე მეტად სასარგებლო იქნება და სადაც ის ყველაზე მეტად შეძლებს დახმარების მიღებას.

მუხლი მესამე: განათლების შინაარსი

მე მჯერა, რომ ბავშვის საზოგადოებრივი ცხოვრება მის წვრთნასა დაზრდაში კონცენტრაციისა თუ მიმართებების მთავარი საფუძველია. სოციალური ცხოვრება არაცნობიერ დონეზე აერთიანებს და განაპირობებს მის ძალისხმევასა და მიღწევებს.

მე მჯერა, რომ სასკოლო კურიკულუმის შინაარსი სოციალური ცხოვრების პრიმიტიული არაცნობიერი ერთიანობიდან საფეხურეობრივ გამოცალკევებას უნდა ასახავდეს.

მე მჯერა, რომ ჩვენ ვარღვევთ ბავშვის შინაგან ბუნებას და ეთიკის კუთხით საუკეთესო შედეგების მიღწევას ვართულებთ იმით, რომ ზედმეტად მეყსეულად ვაწვდით მას სპეციალიზირებული საგნების მთელ რიგს, კითხვას, წერას, გეოგრაფიას და ა.შ., ისე, რომ ამას კავშირი არ აქვს მის სოციალურ ცხოვრებასთან.

მე მჯერა, რომ სასკოლო საგნებს შორის ურთიერთმიმართების ნამდვილი ცენტრი არა ბუნებისმეტყველება, ლიტერატურა, ისტორია ან გეოგრაფია, არამედ თავად ბავშვის სოციალური საქმიანობებია.

მე მჯერა, რომ არ შეიძლება განათლება მხოლოდ ბუნების შემსწავლელი მეცნიერებების სწავლებაში ან ე.წ. ბუნებისმეტყველებაში გაერთიანდეს, რადგან ადამიანის საქმიანობის გამოკლებით, ბუნება თავისთავად არ არის სრული; ბუნება, თავისი არსით, სივრცესა და დროში არსებულ მრავალ განსხვავებულ საგანს წარმოადგენს და თუ შევეცდებით იმას, რომ ის ცენტრალურ სამუშაო საგნად ვაქციოთ, სინამდვილეში კონცენტრირების ნაცვლად, გაფანტვის პრინციპს დავამკვიდრებთ.

მე მჯერა, რომ ლიტერატურა არის სოციალური გამოცდილების ანარეკლი და ინტერპრეტაცია; ამიტომაც, ის ამ გამოცდილების თანმდევი უნდა იყოს, ნაცვლად იმისა, რომ წინ უსწრებდეს მას. მაშასადამე, ის ვერ იქნება საფუძველი, თუმცა შეიძლება საფუძვლების მოკლე აღწერილობად მოგვევლინოს.

მე მჯერა, აგრეთვე, რომ ისტორია საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელია იმდენად, რამდენადაც ის სოციალური ცხოვრების და განვითარების ფაზებს აღწერს. ის სოციალურ ყოფასთან თანხვედრის კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. თუ მას ავიღებთ, როგორც უბრალოდ ისტორიას, მას შორეულ წარსულში გადავისვრით, რის გამოც უსიცოცხლო და ინერტული გახდება. ხოლო, თუ მას განვიხილავთ, როგორც ადამიანის სოციალური ყოფისა და განვითარების ამსახველ ჩანაწერს, ის უკვე მნიშვნელობით ივსება. მიუხედავად ამისა, ისტორიის ამგვარად გამოყენება არ მიმაჩნია მართებულად თუ მისი საშუალებით ბავშვი სოციალურ ცხოვრებას პირდაპირი გზით არ ეზიარება.

მე მჯერა, რომ განათლების ძირითადი საფუძველი ბავშვის იმ შესაძლებლობებშია, რომლებიც მიყვება იმავე შემოქმედებით გზებს, რომლებმაც ცივილიზაციის განვითარება გამოიწვია.

მე მჯერა, რომ ერთადერთი გზა იმისათვის, რომ მიეხმარო ბავშვს საკუთარი სოციალური მემკვიდრეობა გააცნობიეროს, მისთვის ქცევის იმ ფუნდამენტური ტიპების აღსრულებისთვის საჭირო საშუალების მიცემაა, რომლებიც ქმნიან ცივილიზაციას ისეთად, როგორიც ის არის.

მე მჯერა, მაშასადამე, გამომხატველობითი და შემოქმედებითი აქტივობების მნიშვნელობისა, რომლისკენაც ყურადღება უნდა იყოს მიმართული.

მე მჯერა, რომ ამგვარი მიდგომა განსაზღვრავს საზომს რომლის მიხედვითაც, მზარეულობისთვის, კერვისთვის, ხელსაქმისთვის, ა.შ. მოიძებნება ადგილი სკოლაში.

მე მჯერა, რომ ეს არ არის ის სპეციალური საგნები, რომლებსაც მოსწავლეები უამრავი სხვა საგნებზე დამატებით უნდა ეცნობოდნენ, როგორც განტვირთვისა და დასვენების ან დამატებითი ცოდნის მიღების საშუალებებს. მე მჯერა, რომ, როგორც ტიპები, ისინი საზოგადოებრივი ცხოვრების ფუნდამენტური ფორმებია; მჯერა, რომ შესაძლებელი და სასურველია ბავშვი კურიკულუმის სხვა უფრო ფორმალურ საგნებს ამ აქტივობათა გაშუალებით გაეცნოს.

მე მჯერა, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერების შესწავლა საგანმანათლებლო ხასიათისაა იმდენად, რამდენადაც იგი იძლევა ცოდნას იმ საშუალებებისა და პროცესების შესახებ, რომლებიც საზოგადოებრივ ცხოვრებას განაპირობებენ ისეთად, როგორიც ის არის.

მე მჯერა, რომ მეცნიერების თანამედროვე სწავლების ერთერთი უდიდესი დაბრკოლება მასალის წმინდა წყლის ობიექტური ფორმით წარმოდგენა ან სრულიად ახალი და განსაკუთრებული სახის გამოცდილებად მიჩნევაა, რომელიც ბავშვმა მის უკვე არსებულ გამოცდილებას უნდა დაუმატოს.რეალურად, მეცნიერება ფასობს იმით, რომ უკვე არსებული გამოცდილების ინტერპრეტირებისა და წარმართვის საშუალებას იძლევა. მას უნდა ეცნობოდნენ არა როგორც სრულიად ახალ შინაარსს, არამედ როგორც წინარე გამოცდილებაში არსებული ფაქტორების გამოაშკარავების და ამ გამოცდილების უფრო იოლი და ეფექტური რეგულირების საშუალებას.

მე მჯერა, რომ ჩვენ ლიტერატურისა და ენის შესწავლის კუთხით სწორედ სოციალური ელემენტის უგულებელყოფით ბევრ ღირებულს ვკარგავთ. ენას პედაგოგიურ სახელმძღვანელოებში თითქმის ყოველთვის მხოლოდ აზრის გამოხატვის საშუალებად განიხილავენ. მართალია, რომ ენა ლოგიკის საშუალებაა, მაგრამ იგი ძირითადად და პირველ რიგში სოციალური ინსტრუმენტია. ენა ურთიერთობის, საკუთარი აზრებისა და გრძნობების გაზიარების საშუალებაა. როდესაც ენას მხოლოდ კერძო ინფორმაციის მიღების ან ცოდნით თავის მოწონების საშუალებად განვიხილავთ, ის თავის სოციალურ მოტივს და მიზანს კარგავს.

მე მჯერა, რომ იდეალურ სასწავლო პროგრამაში სასწავლო საგნების არანაირი საფეხურეობრივი თანმიმდევრულობა არ არსებობს. თუ განათლება ცხოვრებაა, მთელ ცხოვრებას მეცნიერული, ხელოვნების, კულტურული და საკომუნიკაციო თვალსაზრისები დასაბამიდანვე აქვს; გამომდინარე აქედან, არ შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს აზრი, რომ ერთ საფეხურზე შესწავლისთვის შესაფერის საგნებად უბრალო წერა-კითხვა მოიაზრებოდეს და მხოლოდ შემდგომ დონეზე შემოდიოდეს ლიტერატურა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. პროგრესის პირობას წარმოადგენს არა საგნების თანმიმდევრულობა, არამედ გამოცდილების ფარგლებში ახალი დამოკიდებულებებისა და ახალი ინტერესების განვითარება.

და ბოლოს, მე მჯერა, რომ განათლება გამოცდილების უწყვეტი რეკონსტრუქციის პროცესს უნდა გულისხმობდეს; რომ განათლების პროცესი და მიზანი ერთი და იგივეა.

მე მჯერა, რომ რაიმე მიზნის განათლების გარეთ დასახვა, როგორც მისი ძირითადი ორიენტირისა და სტანდარტისა, განათლების პროცესისთვის მნიშვნელობის წართმევის ტოლფასია და ეს განგვაწყობს, რომ ბავშვთან ურთიერთობისას ყალბ და გარეგან სტიმულებს დავეყრდნოთ.

მუხლი მეოთხე. მეთოდის ბუნება

მე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში, მეთოდური საკითხი ბავშვის ინტერესებისა და შესაძლებლობების განვითარების საკითხამდე დაიყვანება. მასალასთან მოპყრობის და მისი წარმოდგენის წესი თავად ბავშვის ბუნების ნაწილია. სწორედ ამიტომ, მე მჯერა, რომ წინამდებარე დებულებები უდიდესი მნიშვნელობის და იმ სულისკვეთების მატარებელია, რომლითაც განათლება წინ მიიწევს:

1.მე მჯერა, რომ ბავშვის ბუნების ჩამოყალიბების პროცესში აქტიური მხარე ჯაბნის პასიურს, გამოხატვა წინ უსწრებს ცნობიერ აღქმას, კუნთების განვითარება უსწრებს სენსორულ განვითარებას, ცნობიერ შეგრძნებებს წინ უძღვის მოძრაობები. მჯერა, რომ გაცნობიერება არსებითად მოტორული ან იმპულსურია და რომ ცნობიერი მდგომარეობები ასახვას მოქმედებაში ჰპოვებენ.

მე მჯერა, რომ ამ პრინციპის უგულებელყოფა სასკოლო საქმიანობაში მეტწილად დროისა და ძალების ფლანგვის მიზეზია. ბავშვის მდგომარეობა პასიურ ათვისებასა და მიმღებლობას ემყარება. შეუსაბამო პირობები მას საშუალებას არ აძლევს მიჰყვეს საკუთარი ბუნების წესს; შედეგი არის წინააღმდეგობა და ამაო ხარჯვა.

მე მჯერა, რომ იდეები (ინტელექტუალური და რაციონალური პროცესები) მოქმედების საფუძველზე ქცევის უკეთესი მართვის მიზნით ყალიბდება. ის, რასაც ჩვენ გონებას ვუწოდებთ, პირველ რიგში ქცევის თანმიმდევრულად და ეფექტურად წარმართვის წესია. ორგანიზების გარეშე განსჯისა და გონებრივი უნარებისა განვითარების მცდელობა ჩვენი ამჟამინდელი მიდგომების ძირეული შეცდომაა. შედეგად, ჩვენ ბავშვს პირობითად შერჩეული სიმბოლოებით ვამარაგებთ. გონებრივი განვითარებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს სიმბოლოები, მაგრამ მათ, როგორც ძალისხმევის დაზოგვის საშუალებებს, თავიანთი ადგილი აქვთ. მიმართების გარეშე ისინი უშინაარსო და უსაფუძვლო იდეების მასას წარმოადგენენ, რომლებიც გარედან ძალით არიან თავს მოხვეული.

2.მე მჯერა, რომ სურათ-ხატი სწავლების საუცხოო ინსტრუმენტია. ის, რასაც ბავშვი მისთვის შეთავაზებული თითოეული საგნიდან იღებს, არის უბრალოდ ხატები, რომლებსაც ის ამ საგანებთან მიმართებაში თავისთვის აყალიბებს.

მე მჯერა, რომ იმ ენერგიის ცხრა მეათედი, რომელიც ბავშვისთვის კონკრეტული საგნის სწავლებისკენაა მიმართული, ბავშვის მიერ სათანადო ხატების ფორმირებაზე რომ დახარჯულიყო, სწავლების კუთხით სამუშაო გაცილებით შემსუბუქდებოდა.

მე მჯერა, რომ იმ დროის უდიდესი ნაწილი, რომელიც გაკვეთილების მომზადებასა და წარმოდგენას ეთმობა, შეიძლებოდა უფრო გონივრულად და სასარგებლოდ მიმართულიყო ბავშვის წარმოსახვის ვარჯიშსა და იმ საგნების ზუსტი, ცოცხალი და განვითარებადი ხატების შემუშავებაზე, რომლებთანაც ბავშვს გამოცდილების მიღებისას აქვს შეხება.

3.მე მჯერა, რომ ინტერესები შესაძლებლობების ზრდის ნიშნები და სიმპტომებია. მჯერა, რომ ისინი უნარების განვითარების საფუძველია. შესაბამისად, ინტერესებზე მუდმივ და გულმოდგინე დაკვირვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლისთვის.

მე მჯერა, რომ ამ ინტერესებს უნდა განიხილავდნენ, როგორც ბავშვის მიერ განვითარების მიღწეული დონის მაჩვენებლებს.

მე მჯერა, რომ ზრდასრულ ადამიანს მხოლოდ ბავშვების ინტერესებზე მუდმივი დაკვირვებით შეუძლია შეაღწიოს ბავშვის სამყაროში და დაინახოს, რისთვის არის ის მზად და რა მასალასთან იმუშავებს ის უფრო ნაყოფიერად და მეტი მზაობით.

მე მჯერა, რომ არ შეიძლება ამ ინტერესთა არც მიშვება და არც შეზღუდვა. ინტერესის შეზღუდვა ნიშნავს, ბავშვის ზრდასრულად აღქმას და ამგვარად მისი ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობის დაჩლუნგებას, მისი სიმხნევის ჩაახშობას, ინიციატივისა და ინტერესების ჩაკვლას. ინტერესის მიშვება ნიშნავს მუდმივის გარდამავალით ჩანაცვლებას. ინტერესი ყოველთვის მისი რაღაც მიღმიერი შესაძლებლობის ნიშანია; ძალიან მნიშვნელოვანია ამ შესაძლებლობის აღმოჩენა. ინტერესთა მიშვება მის ზედაპირულ გააზრებას ნიშნავს, რისი უეჭველი შედეგიც ჭეშმარიტი ინტერესის კაპრიზითა და ახირებით ჩანაცვლებაა.

4.მე მჯერა, რომ განცდები ქცევათა ანარეკლია.

მე მჯერა, რომ განცდების მათი შესაბამისი აქტივობებისგან განყენებულად აღძვრის მცდელობა არაჯანსაღი და ავადმყოფური გონებრივი მდგომარეობის წახალისებაა.

მე მჯერა, რომ თუკი ჩვენ ყოველივე დადებითთან, ჭეშმარიტთან და მშვენიერთან კავშირში, ქცევისა და აზროვნების ჩვევების გამომუშავებას შევძლებთ, ემოციები საკუთარ თავს თავად მიხედავენ.

მე მჯერა, რომ სიყრუესა და სიჩლუნგესთან, ფორმალიზმსა და რუტინასთან ერთად, ჩვენი განათლება სენტიმენტალიზმის არანაკლები ბოროტებითაა შეპყრობილი.

მე მჯერა, რომ ეს სენტიმენტალიზმი მოქმედებისა და გრძნობის ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობის აუცილებელი შედეგია.

მუხლი მეხუთე: სკოლა და სოციალური პროგრესი

მე მჯერა, რომ განათლება სოციალური პროგრესისა და გარდაქმნის ფუნდამენტური მეთოდია.

მე მჯერა, რომ ყველა რეფორმა, რომელიც მხოლოდ კანონთა ამოქმედებას, სასჯელის მუქარას ან მექანიკურ თუ გარეგან ღონისძიებებს ეფუძნება, წარმავალი და ამაოა.

მე მჯერა, რომ განათლება საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჩართვის პროცესს ემსახურება. და ამ საზოგადოებრივ ცნობიერებაზე დაყრდნობით ინდივიდუალური აქტივობის მოწესრიგება სოციალური რეკონსტრუქციის ერთადერთი სანდო გზაა.

მე მჯერა, რომ ეს კონცეფცია პატივს მიაგებს როგორც ინდივიდუალისტურ, ასევე სოციალისტურ იდეალებს. ის, როგორც მართებული ცხოვრების წესის ერთადერთიჭეშმარიტი საფუძველი,ჯეროვნად ინდივიდუალურია, რადგან კონკრეტული ხასიათის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ის სოციალისტურია, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ეს ხასიათი არამარტო ინდივიდუალური აღქმის, მაგალითისა და მოწოდების საფუძველზე, არამედ უპირატესად ინდივიდზე გარკვეული ინსტიტუციური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმის გავლენით უნდა ყალიბდებოდეს და რომ სოციალური ორგანიზმი სკოლის, როგორც მისი ორგანოს საშუალებით, ეთიკის მიზნებს უნდა ადგენდეს.

მე მჯერა, რომ იდეალურ სკოლაში ინდივიდუალისტური და ინსტიტუციონალური იდეალები ერთმანეთთან თანხმობაშია.

მე მჯერა, რომ განათლების გზით საზოგადოებას შეუძლია საკუთარი მიზნების ფორმულირება, სხვადასხვა საშუალებებისა და რესურსების თავმოყრა და ამგვარად საკუთარი თავის ზუსტად და გონივრულად იმ მიმართულებით გამოკვეთა, რა მიმართულებითაც სურს მოძრაობა.

მე მჯერა, რომ როგორც კი საზოგადოება ამ მიმართულების განვითარების შესაძლებლობებს გააცნობიერებს და მის ვალდებულებებს აღიარებს, განათლების სპეციალისტის განკარგულებაში უამრავი დრო, ყურადღება და ფინანსური რესურსები აღმოჩნდება.

მე მჯერა, რომ განათლებით დაინტერესებული ყველა პირის საქმე სკოლის, როგორც სოციალური პროგრესისა და რეფორმატორის, უმთავრეს და ყველაზე ეფექტურ საშუალებად აღიარების დაჟინებული მოთხოვნაა. მისი მიზანია, საზოგადოებამ გამოიღვიძოს და გაიაზროს, თუ რისთვის არსებობს სკოლა და გააცნობიეროს, რომ მასწავლებელი თავისი მოვალეობის სათანადოდ შესრულებისთვის საკმარისი რესურსებით უნდა აღჭურვოს.

მე მჯერა, რომ ამგვარად გაგებული განათლება მეცნიერებისა და ხელოვნების ყველაზე სრულყოფილ და უშუალო ერთობას ქმნის, რომლის წარმოსახვაც შესაძლებელია მხოლოდსაკაცობრიო გამოცდილებით.

მე მჯერა, რომ ამგვარად, ადამიანის შესაძლებლობათა გამოკვეთა და მათი საზოგადოების სამსახურში ჩაყენება უზენაესი ხელოვნებაა; იგი თავის სამსახურში საუკეთესო ხელოვანებსუხმობს; ამგვარ საქმეში არანაირი ალღო, სიმპათია, ტაქტი, შესრულების უნარი არ არის გადაჭარბებული.

მე მჯერა, რომ ფსიქოლოგიური მეცნიერების საშუალებით, რომელიც ინდივიდის სტრუქტურისა და განვითარების კანონების წვდომის საშუალებას იძლევა, სოციალური მეცნიერების განვითარებას ითვალისწინებს, ინდივიდთა სწორი ორგანიზების შესახებ ჩვენს ცოდნას ამდიდრებს, შესაძლებელია საგანმანათლებლო მიზნების ყველა სახის სამეცნიერო რესურსის ამუშავება.

მე მჯერა, რომ როდესაც მეცნიერება და ხელოვნება საერთო ძალით ერთიანდება, მიიღწევა წარმმართველი ადამიანური ქცევა, მოქმედების ნამდვილი სათავეების გაცოცხლება და უდიდესი ძალისხმევა, რაც ადამიანურ ბუნებას ძალუძს გაწიოს.

მე მჯერა, რომ მასწავლებელი არა მხოლოდ ინდივიდთა წვრთნითაა დაკავებული, არამედ ის მონაწილეობას იღებს საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმირებაში.

მე მჯერა, რომ თითოეულმა მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი მოწოდების კეთილშობილება; რომ ის საზოგადოების მსახურია, რომელიცსათანადო წესრიგის შენარჩუნებისა და საზოგადოების ჭეშმარიტი გზით განვითარების უზრუნველსაყოფად განაწესეს.

მე მჯერა, რომ ამ გაგებით, მასწავლებელი მუდამ ჭეშმარიტი ღმერთის წინასწარმეტყველი და წინამძღოლია ღვთის ჭეშმარიტი სასუფეველისკენ.

No comments

Simon Janashia. Powered by Blogger.