რომელ სასკოლო თაობაზე იმოქმედა ე.წ. ტრიმესტრულმა სწავლებამ?

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი, ზოგიერთი მოსწავლე, ჟურნალისტი და სხვ. ხშირად აცხადებს, რომ ტრიმესტრულად საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების დანერგვამ არ გაამართლა და შედეგები გააუარესა, რაც ვიცით საერთაშორისო კვლევებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით. 2010-11 სასწავლო წელს ამ თემამ დამატებითი აქტუალობა შეიძინა საყოველთაო საატესტაციო გამოცდებთან დაკავშირებით. 

გთავაზობთ, თვალსაჩინოებას, სადაც ჩანს თუ რომელ წლებში და რომელ თაობებში ხდებოდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა. 



ამ სქემაში ჩანს შემდეგი:
  • თაობა, რომელიც 2011 წლის გაზაფხულზე ამთავრებს სკოლას, ტრიმესტრულად საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს (და სხვათა შორის ასევე საზოგადოებრივ მეცნიერებებსაც) სწავლობდა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც ისინი 10-ე კლასში იყვნენ. 1-9 კლასები, მათ ძველი სასწავლო გეგმით აქვთ ნასწავლი.
  • იგივე თაობაზე ჩატარდა საერთაშორისო შეფასების კვლევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ამ თაობას ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია, 6-ე, 7-ე და -8ე კლასებში ნასწავლი ჰქონდა ძველი სასწავლო გეგმით (სადაც სამივე ეს საგანი ერთდროულად, მთელი წლის განმავლობაში და არა-ტრიმესტრულად სწავლობენენ. ეს მოსწავლეები სწავლობენენ ასევე ძველი სახელმძღვანელოებით. შედეგები იყო კატასტროფული რითიც დასტურდება, რომ ტრიმესტრების შემოღებამდე სწავლება არაეფექტური იყო და საჭირო იყო ცვლილებები.
  • 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩამბარებელი თაობა იყო ის თაობა, რომელსაც მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა ნასწავლი საბუნებისმეტყველო საგნები ტრიმესტრულად 10-ე კლასში. 1-9 კლასები, მათ ძველი სასწავლო გეგმით ჰქონდათ ნასწავლი.

TIMMS-ის შედეგების წარმოჩენისას ქალბატონ მაია მიმინოშვილს არასოდეს არ უთქვამს, რომ ეს მოსწავლეები სწორედაც რომ ე.წ. ”არატრიმესტრული” სისტემით სწავლობენენ. სამაგიეროდ  გეგმაზომიერად ხდება იმ მოსაზრების კულტივირება, რომ საერთაშორისო შეფასებებზე ჩვენი დაბალი შედეგი სწორედაც რომ ახალი სისტემის ნაკლის ინდიკატორია. სამწუხაროა, რომ არა მხოლოდ პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გვაწვდიან დაუსაბუთებელ და მონაცემებით გამყარების გარეშე მოგონილ მოსაზრებებს, არამედ ისინიც, რომელთა სიტყვის სანდოობაზე მრავალი საგანმანათლებლო წარმატებაა დამოკიდებული.

სასარგებლო ბმულები:
1. ერთიან ეროვნულ გამოცდების შედეგების გაუარესებასთან დაკავშირებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში იხ. შემდეგ სტატიაში.

1 comment

salome said...

აბსოლუტურად მართალია ბატონო სიკო ყველაფერში.
მაია მიმინოშვილი საერთოდ სამარცხვინო მოვლენაა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, რადგან არა მარტო ისეთი ტესტების ავტორია (არა პირადად, მაგრამ მისი ცენტრი), რომლითაც (ტესტის დამწერთა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების და ეროვნული სასწავლო გეგმის უცოდინრობის გამო ან უარესი - მიზანმიმართულად) მოწმდება აბიტურიენტებში ის,რაც მათ არ უსწავლიათ (და არც იყო საჭირო რომ ესწავლათ, რადგან სწავლა-სწავლებაში მთავარი სულ სხვა რამეა, ვიდრე ოდენ ბევრი ინფორმაციის დაზეპირება); ასეთი გამოცდების ვერჩაბარების შიშით უწევთ აბიტურიენტებს რეპეტიტორებთან სიარული(და საცოდავ მშობლებს - იძულებით ფულის ფლანგვა). ის (მიმინოშვილი), ასევე, ავრცელებს ცრუ ინფორმაციას შეფასების შედეგებთან დაკავშირებით, იმ ნაწილში, რომ არ ამხელს მთავარს - რომელ მოსწავლეებს ჩაუტარდათ ეს ტესტირება (რომელი პროგრამით საგანგავლილებს და სწავლების როგორი ორგანიზების დროს).
ტრიმესტრულ სწავლებას არავინ არ მისტირის, არც მე, მაგრამ სირცხვილია, ეძებო დამნაშავე იქ, სადაც ის არაა, დანაშაული - სადაც ის არ მომხდარა, გაამართლო ან გაამტყუნო რამე/ვინმე ისე, რომ გონში არ იყო საკითხისა, მის გამომწვწვ მიზეზებზე, თემაზე ზოგადად. არ იყო, ან კიდევ უარესი - იყო და იტყუებოდე.

Simon Janashia. Powered by Blogger.