რეპეტიტორები, ანუ რატომ არ დადიან მოსწავლეები სკოლაში?

by April 12, 2009
საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების უმეტესობა იმიტომ არ დადის სკოლაში, რომ ისინი ემზადებიან უმაღლესის მისაღები გამოცდებისთვის. ეს მოსწავლეები დადიან რეპეტიტორებთან, რაც გვიჩვენებს იმას, რომ ისინი და მათი მშობლები უკმაყოფილო არიან სასკოლო განათლებით, რაც მათ აფიქრებინებს ალტერნატიული განათლების მიღებაზე. ხშირად გაიგებთ, რომ სკოლა არ აძლევს ბავშვს მაღალი ხარისხის განათლებას და შესაბამისად რეპეტიტორთან ნაკლის შევსება ხდება.
შევეცდები განვმარტო, თუ რა არის ამ შეხედულებაში სწორი და რა გულუბრყვილო და ზედაპირული ანალიზის პროდუქტი. აქვე თავიდანვე ვიტყვი, რომ რეპეტიტორების ორი ჯგუფი არსებობს, რომლებიც დაბალი კლასებიდანვე მუშაობენ ბავშვებთან და რომლებიც ბოლო კლასებში არიან აქტიურად ჩართული აბიტურიენტების მომზადებაში. ეს სტატია მხოლოდ მეორე ჯგუფს ეხება.

პირველი რაზეც შეიძლება დავფიქრდეთ ზედა დებულებებიდან გამომდინარე არის ის, თუ რამდენად დადის ან არ დადის ზედა კლასის მოსწავლეების უმეტესობა სკოლაში? ამ კითხვაზე პასუხისას შეიძლება დავფიქრდეთ იმაზე, რომ მე-11 და მე-12 კლასებში საქართველოში თითოეულ კლასში 60,000-მდე მოსწავლე სწავლობს. თუ დავუშვებთ, რომ მათი უმეტესობა არ დადის სკოლაში იმის გამო, რომ მისაღები გამოცდებისთვის ემზადება ეს უნდა ნიშნავდეს იმას, რომ 60,000-ი მოსწავლის უმეტესობა, აბიტურიენტია. გადავხედოთ სტატისტიკას.

თუ დავაკვირდებით, დავინახავთ ორ საინტერესო რამეს. პირველი: რომ სულაც არ არის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების უმეტესობა აბიტურიენტი. უმაღლესში მოხვედრას პირველივე წელს სკოლის დამთავრების შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდებით ამ წლებში (და ეს წლები ყველაზე რეპრეზენტატულია ალბათ)ცდილობს მოსწავლეების დაახლოებით ნახევარი.
მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რასაც ეს ცხრილი გვაწვდის არის ის, რომ სკოლის მოსწავლეთა დამამთავრებელი კლასის მხოლოდ 20-25% ხვდება უმაღლესში პირველივე წელს. ანუ ყოველ 60 მოსწავლეში, მხოლოდ 30-მდეა აბიტურიენტი, ხოლო აქედან საშუალოდ მხოლოდ 15 აგრძელებს უმაღლესში სწავლას. ჩაბარებულების რაოდენობის მნიშვნელობაზე ქვევით ვისაუბრებ. მანამდე კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუ საქართველოს მოსწავლეთა უმრავლესობა დამამთავრებელ კლასში სკოლაში არ დადის, ეს იმის გამო არ არის, რომ უმრავლესობა აბიტურიენტია. როდესაც ასეთ რამეს აღმოაჩენ, შეიძლება ეჭვიც კი გაუჩნდეს ადამიანს, აცდენს კი უმრავლესობა სკოლას ბოლო კლასებში, მიუხედავად იმის არის ის აბიტურიენტი თუ არა? ხომ შეიძლება ისეთებიც აცდენდნენ სკოლას, რომლებიც არ ემზადებიან უმაღლესისთვის. ხომ შეიძლება, რომ ესეთები არა რეპეტიტორებთან არამედ ინტერნეტ კაფეებში დადიან (მაგ. დუშეთის სკოლის მოსწავლეებმა როგორც მითხრეს), ეხმარებიან ოჯახებს, ან უბრალოდ არ დადიან სკოლაში იმიტომ, რომ მათთის ეს უინტერესოა ან ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული? სამწუხაროდ ამის შესახებ რაიმე სერიოზული კვლევა საქართველოში არ ჩატარებულა და პასუხიც ამის შესახებ უცნობია. რაც კი ნამდვილად ცნობილია არის შთაბეჭდილება, რომ არავინ არ დადის სკოლაში ბოლო კლასებში.
იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი შთაბეჭდილება არსებობს, შესაძლოა დავუშვათ, რომ პრობლემა მართლაც არსებობს. ანუ არსებობს მოსწავლეთა დიდი ჯგუფი (შეიძლება ეს არ იყოს უმრავლესობა), რომელიც სკოლის ნაცვლად ხშირად რეპეტიტორებთან დადის იმისთვის, რომ უკეთესი განათლება მიიღოს. ჩემი აზრით, ჩვეულებრივი საშუალო სტატისტიკური სკოლა გაცილებით უკეთესი განათლების მიღების საშუალებას იძლევა ვიდრე ჩვეულებრივ საშუალო სტატისტიკური რეპეტიტორთან. ამის დასაბუთება მარტივია და განპირობებულია ასევე საკმაოდ მარტივი მიზეზებით:
ა) რეპეტიტორის ფუნქცია (სახელიდან გამომდინარეც რომ ჩანს) არ არის განათლება არამედ გამეორებაა - ანუ ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში გამოცდებისთვის მომზადება. გამოცდა კი ჩვენს ქვეყანაში ქაღალდითა და კალმით ტარდება. ამ ინსტრუმენტებით კი პრაქტიკულად შეუძლებელია ისეთი საბაზისო უნარების შემოწმება, როგორიცაა მაგ. მეტყველება, ლიდერობა, ინტერპერსონალური კომუნიკაცია და სხვ.
ბ) რეპეტიტორების უმეტესობა მათი მუშაობის სპეციფიკიდან ვერ იყენებს განათლების იმ მეთოდებს, რომლებიც უკეთეს შედეგს იძლევა სწავლაში - მაგ. სოციალურ დასწავლას, კეთებით სწავლებასა და სხვ.
გ) რეპეტიტორებთან სწავლის მიზანი არ არის დამოკიდებულებების გამომუშავება და სოციალიზაცია.
დ) რეპეტიტორებს არ გააჩნიათ პასუხისმგებლობა რაიმე ინსტიტუციის მიმართ და რეალურად არც მათი მუშაობის შეფასება ხდება. ერთი შეხედვით ბაზარი არეგულირებს ამას, მაგრამ სინამდვილეში ქვეყნის მაშტაბით მხოლოდ რამოდენიმე ცნობილი რეპეტიტორი არსებობს, აბსოლუტური უმეტესობა კი სარგებლობს "მრევლის" კონტრაქტით მიუხედავად მისი წინა წლების წარმატების ნაკლებობისა. რეალურად მშობლებმა არ იციან, მაგ. რამდენმა წინა წლის აბიტურიენტმა ჩააბარა უმაღლესში წარმატებულად ამ რეპეტიტორთან სიარულის შედეგად.
სკოლა, როგორც ინსტიტუცია დღეს ზემოთაღწერილ პრობლემებს უკეთ აგვარებს ვიდრე რეპეტიტორი. მაშინ ჩნდება კითხვა, მაშინ რატომ გარბის მოსწავლეების ნაწილი რეპეტიტორებთან?
პასუხი ამ კითხვაზე ერთი წინადადებით შეიძლება გაეცეს შემდეგნაირად: დღეს ძალიან მაღალია რისკი, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ აბიტურიენტი, რომელსაც უმაღლესში უნდა მოხვედრა ამ ადგილს ვერ მოიპოვებს, ან ვერ მოხვდება მისთვის ყველაზე სასურველ ფაკულტეტზე.
იმას, რომ რისკი ძალიან მაღალია განაპირობებს შემდეგი ფაქტორები:
უმაღლესებში ადგილების რაოდენობის სიმცირე. როგორც ზემოთ ვნახეთ, უმაღლესების ადგილების რაოდენობა მკვეთრად ჩამორჩება მსურველების, ან პოტენციური მსურველების რაოდენობას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მაგ. არსებული ადგილების ნახევარზე ნაკლებია ისეთი, სადაც მაღალია კონკურსი (მაგ. 3-ზე მეტი აბიტურიენტს სურს თითო ადგილის დაკავება) გამოჩნდება, რომ რეალურად ადგილების რაოდენობა, რომელზეც აბიტურიენტების უმრავლესობას სურს მოხვედრა კიდევ უფრო დაბალია.
გამოცდების სისტემის დაუხვეწაობა. აქ რამოდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი:
გამოცდების პროგრამა: ერთი მხრივ ის არ ემთხვევა სასკოლო პროგრამას და სცილდება მას. მეორე მხრივ (და ეს პრობლემა ჩემი აზრით კიდევ უფრო თვალსაჩინოა) ის მეთორმეტე კლასის ბოლოს მოითხოვს მაგ. მე-7, მე-8 და შემდეგი კლასების პროგრამის ცოდნას, რაც აიძულებს აბიტურიენტს მეთორმეტე კლასში დაიწყოს გადამეორება წინა კლასების პროგრამის. მაგ. ქართულის საგამოცდო პროგრამაში ნათქვამია, რომ მოსწავლემ უნდა იცოდეს "ხმელი წიფელი"
გამოცდებში წარმატების კრიტერიუმია, არა რაღაცის ცოდნა, არამედ რაღაცის ცოდნა სხვაზე უკეთესად. აბიტურიენტები ერთმანეთს ეჯიბრებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ რაც არ უნდა კარგი მასწავლებელი მყავდეს მე, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ჩემს კონკურენტს უკეთესი მასწავლებელი არ ყავს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ აბიტურიენტი ვერანაირად ვერ აკონტროლებს თავის შედეგს, რადგან ის დამოკიდებულია სხვის შედეგებზე. შესაბამისად წინასწარ განჭვრეტა იმის, თუ რამდენად წარმატებული იქნები მისაღებ გამოცდებზე შეუძლებელია. ამასთან ერთად აბიტურიენტის წარმატებას განსაზღვრავს უამრავი სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი: მაგ. ფაკულტეტების არჩევის ტაქტიკა, ტესტის დროს კონცენტრირების უნარი, კულტურული ფაქტორები და სხვ.
ჩასაბარებელი გამოცდების სიმრავლე - რაც უფრო მეტია გამოცდა, მით მეტია იმის ალბათობა, რომ სოციალურად დაუცველი მის ჩაბარებას ვერ შეძლებს (გარდა იმის, რომ უმაღლესში სწავლა შესაძლოა ძვირია ბევრისთვის, ასევე დასაშვებია, რომ მომზადების სიძვირის გამოა სწორედ ის, რომ ნახევარი სკოლადამთავრებულების არც ცდილობს ჩაბარებას). ერთი შეხედვით გამოცდების სიმრავლე წინაპირობაა იმის, რომ უფრო განათლებული ადამიანები მიდიან უმაღლესში, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა. იხ. საინტერესო კვლევა იმის შესახებ, უწყობს თუ არა ხელს ტესტირება ცოდნის ამაღლებას High-Stakes Testing, Uncertainty, and Student Learning)
გამოცდების ინტენსივობა: ტარდება წელიწადში მხოლოდ ერთხელ, რაც ამცირებს შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას.
წარმოსახვითი წარმატების კრიტერიუმები: ის ადამიანები, რომლებსაც მშობელმა შესაძლოა რჩევით მიმართოს დაინტერესებულები არიან, რომ მათ წარმოსახვაში, გამოცდებზე მისაღწევი წარმატება დამოკიდებული იყოს რეპეტიტორთან სიარულში. რეპეტიტორების უმრავლესობა თავად სკოლის მასწავლებელია, რომელიც დაბალი შრომის ანაზღაურების გამო გაკვეთილების შემდეგ კერძოდ ამზადებს საკუთარ ან სხვა სკოლის მასწავლებლებს. შესაბამისად, მათ პირდაპირი ინტერესი აქვთ, რომ დაანახონ მშობლებს ის, თითქოს მათ გარეშე შეუძლებელი უმაღლესში ჩაბარება. ეს ის ჯგუფია, რომელსაც პრინციპში აწყობს, რომ უფროსკლასელები სკოლაში არ დადიან.
ამ რისკების მინიმალიზაციის გარეშე შეუძლებელი იქნება რეპეტიტორობის გავლენის შემცირება სკოლაზე და ამავდროულად სკოლის გავლენის გაძლიერება. მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი. ანუ მხოლოდ მასწავლებლის ხელფასის მომატება, უმაღლესებში ადგილების გაზრდა და გამოცდების სისტემის იმგვარად შეცვლა, რომ ერთმანეთთან შეჯიბრის ნაცვლად მოსწავლეები ძირითადად დაწესებულ სტანდარტს შეეჯიბრონ არ იქნება საკმარისი. საჭიროა ასევე სკოლის მიღწევების გათვალისწინება სკოლის შემდგომაც. ეს გულისხმობს არა მხოლოდ სკოლის ნიშნების გათვალისწინებას, არამედ მოსწავლის აქტიურობასაც სხვადასხვა სოციალურ თუ აკადემიურ სფეროებში (კლუბები, კონკურსები, თვითმართველობა და სხვ.) თუმცა ამის მისაღწევად საჭიროა, რომ ამუშავდეს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, სკოლების აკრედიტაცია. მანამდე ამ სისტემის ამუშავება გამოიწვევს სკოლებში კორუფციის აფეთქებას.

Simon Janashia. Powered by Blogger.